პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მე რეპეტიტორი ვარ

მე რეპეტიტორი ვარ!

რომ გითხრათ, ამ ფრაზას სიამაყით ვამბობ-მეთქი, მოგატყუებთ. გაცილებით უკეთესი იყო, როცა მასწავლებელი ვიყავი. არა, მასწავლებელი ახლაც ვარ, ოღონდ უნივერსიტეტში და არა სკოლაში. კიდევ სხვა ათასგვარი საქმიანობით ვარ დაკავებული, მაგრამ რეპეტიტორობა ჩემი ფინანსური შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ავსებს. თან, სიმართლე რომ გითხრათ, მიყვარს კიდევაც.

ხანდახან ვფიქრობ, ფინანსური საჭიროება რომც არ იყოს, რამდენიმე ბავშვს მაინც ყოველ წელს ავიყვან-მეთქი.

რატომ მომინდა ახლა ეს აღსარება?!

უამრავი იწერება სწავლების მეთოდიკებზე, ტარდება კონფერენციები, ტრენინგები, პედაგოგები საჯაროდ გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რეპეტიტორების ხმა კი საერთოდ არ ისმის, იმიტომ, რომ რეპეტიტორობა ქართული სასწავლო სისტემის მახინჯი ნაწილია. მახინჯია, რადგან სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და მხოლოდ იმ ბავშვების წარმატებას უზრუნველყოფს, რომელთა მშობლებსაც გადახდა შეუძლიათ.

ამიტომ მეტსაც გეტყვით, მე მრცხვენია, რომ რეპეტიტორი ვარ, მრცხვენია, მაგრამ თან მიყვარს, თან მგონია კარგად გამომდის და კიდევ, მენანება ეს გამოცდილება, რომელიც რეპეტიტორებს უგროვდებათ, არასდროს რომ არ გახდება პედაგოგიკური კვლევის საგანი.

სირცხვილით კი მართლაც მრცხვენია. მართალია, ყოველ წელს ვახერხებ რამდენიმე ისეთი ბავშვის უანგაროდ დახმარებას, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, იმ ქურდს ხომ არ ვგავარ,  მოპარული ფულის ნაწილს ეკლესიას რომ სწირავს.

ერთი ძალიან მაგარი სტუდენტი მყავს. ძალიან ღრმად, სწორად, საინტერესოდ შეუძლია აზროვნება. სკოლა მედალზე აქვს დამთავრებული, მაგრამ თანაკურსელებთან შედარებით უფროსია. გავარკვიე, რომ ჯერ რაღაც კოლეჯში უსწავლია, მოუმზადებლად გრანტს ვერ ავიღებდი, ფულს ვერ გადავიხდიდი და რა აზრი ჰქონდა ჩაბარებას, როცა უფასო ფაკულტეტები გაიხსნა, მაშინ ჩავაბარეო.

კიდევ ერთხელ მწარედ შემრცხვა, რომ მე ჩემი სისტემიანად ასეთი გოგოების წარმატებას ვაფერხებ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეპეტიტორის გარეშე გასვლა ძალიან ძნელია. საუკეთესო მოსწავლეები საშუალო შედეგს აჩვენებენ, საშუალოები – დაბალს, იმათ კი, ვინც სკოლაში იზარმაცა, საერთოდ აღარ აქვთ სწავლის შესაძლებლობა.

წელს სკოლის გამოცდების დამთავრების შემდეგ ერთი ძალიან კარგი გოგო მომიყვანეს სამეცადინოდ. თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ფასიანი სკოლა მედალზე ჰქონდა დამთავრებული. აზროვნებდა, წერდა, თითქოს ეროვნულ ტესტებზეც იყო ნამუშევარი, იმდენი და ისეთი წიგნები ჰქონდა ნაკითხი და გააზრებული, ყველა მშობელი რომ ვინატრებთ. ეროვნული გამოცდებისთვის მაინც არ იყო მზად. რომ მოვიდა, სადღაც ოთხმოცდახუთ პროცენტზე წერდა ტესტს, მაშინ, როცა მისი მონაცემებისა და ცოდნის პატრონს თითქმის ასზე უნდა დაეწერა.

ვიმეცადინეთ ის ერთი თვე. ერთ თვეში რისი გაკეთება შეიძლება? მის ცოდნას მოვუყარეთ თავი, ტესტის სპეციფიკაში უკეთ გავარკვიე და  სასურველ შედეგამდე მივიდა. მაგრამ ამ გოგონამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ  ჩვენი საგამოცდო სისტემა სერიოზული წარმატებისათვის უპირობოდ ითხოვს რეპეტიტორს.

თუმცა ეს ისედაც ცხადია. ამ სტატიას კი უფრო იმიტომ ვწერ, რომ ოდესმე, როცა ქართული სკოლა სერიოზულ რეფორმას დაიწყებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რეპეტიტორთა გამოცდილება, რადგან რამდენად წარმატებულნი არიან, სხვა საქმეა, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები რომ დიდ წილად მათი მომსახურებითაა განპირობებული, ცხადია.

შევეცდები საკუთარი გამოცდილებიდან რამდენიმე ასპექტი გაგიზიაროთ.

ზემოთაც აღვნიშნე, რეპეტიტორობა მიყვარს კიდევაც-მეთქი. ერთია, რომ მართლა მაინტერესებს ბავშვები, მოზარდები და მათთან ურთიერთობა, მაგრამ ძირითადად ის მხიბლავს, რომ ამ ერთ წელიწადში ძალიან დიდი შედეგის მიღებას ვახერხებ. მოდიან ბავშვები შემოდგომაზე და თითოეული ის უნარი, რომელიც ლიტერატურის ანალიზსა და წერას სჭირდება, თითქმის არა აქვთ. მიდიან ივნისის ბოლოს და უკვე სრულიად სხვა სურათია. ხანდახან მენტალურადაც სერიოზულად იცვლებიან.

სკოლაში რომ ვმუშაობდი, რაღა თქმა უნდა, ასე სწრაფად ვერ ვღებულობდი შედეგს. სკოლაში, წლების განმავლობაში თითქოს წვრილ-წვრილ მოზაიკად ალაგებ ბავშვის ცოდნასა და უნარებს, სახლში, 17-18 წლის მოზარდთან ყველაფერი მომწიფებულია უფრო სწრაფი, ხელშესახები შედეგისათვის.

მაინც მინდა შეძლებისდაგვარად, ჩემი გადასახედიდან ვუპასუხო კითხვას, რატომ ახერხებს მეტ-ნაკლებად რეპეტიტორი ერთ წელიწადში იმას, რისი გაკეთებაც სკოლამ თორმეტი წლის განმავლობაში ვერ შეძლო?

უპირველესი, ვფიქრობ, არის მოტივაცია.

საშუალო კლასებიდანვე ყველა ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ ბოლოს რეპეტიტორთან ისწავლის და გახდება სტუდენტი, ანუ წარმატებული (რამდენად ნიშნავს სტუდენტობა წარმატებას, ეს სხვა საკითხია).

მოსწავლემ იცის, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა და ქულები ამ, ეგრეთ წოდებული, საბოლოო მიზნის მისაღწევად ნაკლებად მნიშვნელოვანია, სამაგიეროდ, რეპეტიტორთან  მზადაა გაცილებით მეტი იშრომოს.

ალბათ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანხაც. მოზარდმა იცის, რომ მშობლები ამაში იხდიან, თუნდაც არ იხდიდნენ და რეპეტიტორი რაიმე მიზეზით უფასოდ ამზადებდეს, მან მაინც იცის, რომ ეს მომსახურეობა რაღაც ღირს, სკოლისგან განსხვავებით. სასკოლო განათლებაც ღირს რაღაც თანხა, მაგრამ ამას სახელწიფო იხდის, მართალია მათივე მშობლების დაბეგრილი შემოსავლებიდან, მაგრამ სამოქალაქო ცნობიერება ჩვენში იმ დონეზე არაა, ამას მოზარდი იაზრებდეს.

აქედან გამომდინარე, რეპეტიტორთან მოტივაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე – სკოლაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოტივაცია მეტი აქვს რეპეტიტორსაც. ჯერ ერთი, ის იღებს პასუხისმგებლობას რაღაც კონკრეტულ შედეგზე, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე ქულებით უნდა დამტკიცდეს. ასეთი კონკრეტული ამოცანა მასწავლებელს არ აქვს. მეორე, მისი მატერიალური დაინტერესება გაცილებით მაღალია, ვიდრე – სკოლის პედაგოგისა. მესამე, რეპეტიტორს მეტად ეხება კონკურენცია, თუ არ ექნა კარგი შედეგები, შემდეგი წლისთვის მოსწავლეებს ვერ იშოვის.

რეპეტიტორების წარმატებულობის საწინდარი სკოლასთან შედარებით ასაკიცაა. თავისთავად ცხადია, ვთქვათ, ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა 17-18 წლის ასაკში უფრო მეტადაა შესაძლებელი, ვიდრე 3-4 წლით ადრე. აბიტურიენტი ასაკობრივადაც გაცილებით მეტისთვისაა მზად.

არის კიდევ ერთი, ვფიქრობ, სკოლისთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ასპექტი. რეპეტიტორი, რაღა თქმა უნდა, თავადაც გვარიანად შრომობს, მაგრამ თან სწორედ სკოლის მასწავლებლების შრომის ნაყოფსაც იმკის.

მშვენივრად ვიცი, რომ არა ჩემი აბიტურიენტების ქართულის მასწავლებლების მიერ მომზადებული ნიადაგი, ჩემი შრომა ფუჭი იქნებოდა.

საიდუმლო არაა, სკოლაში მასწავლებელი ყველანაირი შეიძლება იყოს, ძალიან კარგიდან დაწყებული, ძალიან ცუდით დამთავრებული, მაგრამ სულ რომ არ ვარგოდეს, რაღაც ნიადაგს მაინც უქმნის ბავშვს სამომავლოდ. სულ მცირე, საპროგრამო ტექსტები გაგონილი მაინც აქვს ბავშვს და გაცილებით იოლი ხდება რაღაც ცოდნაზე ახლის დაშენება, ვიდრე საერთოდ ნულიდან დაწყება.

რა გამოდის?

სკოლის მასწავლებლები ქმნიან საფუძველს, შრომობენ წლების განმავლობაში, მაგრამ ამ შრომის თავმოყრა, ისე, როგორც ეს მოსწავლეს გამოცდებისთვის სჭირდება, მათ არ შეუძლიათ არსებული სისტემის ფარგლებში. მათი შრომის ნაყოფს რეპეტიტორი იმკის. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვს ძალიან ცუდი მასწავლებელი ჰყავდა, მაინც დავალებული ვარ მათგან, რადგან სულ მცირე უნარები მაინც მოჰყვებათ სკოლიდან, თორემ ერთ წელიწადში სასწაულის მოხდენა არც ბავშვს შეუძლია, არც რეპეტიტორს.

არადა, ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ბავშვებს სკოლიდან მოჰყვებათ, იმდენად თხოულობს სისტემატიზაციას და მთელი წლის განმავლობაში ნელ-ნელა იჩენს თავს, რომ რეპეტიტორი ძალიან ბუნებრივად მთელ შედეგს საკუთარ შრომას მიაწერს. ესეც რეპეტიტორობის, როგორც ინსტიტუტის, უსამართლობის ერთ-ერთი ასპექტია.

საბოლოოდ, გამოდის რომ ქართველი მასწავლებლების უდიდესი ნაწილი მახინჯი და უსამართლო სისტემის მსახურები ვართ.

თითქოს საბჭოთა ინერციით ვცხოვრობთ: ქართული საგანმანათლებლო სისტემის განუყრელი ნაწილი ვართ, მაგრამ საერთოდ არა გვაქვს ხმის უფლება. ჩაბმულნი ვართ მახინჯ სტრუქტურაში და თუკი სინდისი გვაწუხებს, ადვილად ვამართლებთ სისტემის აუცილებლობით. თანაც ეს დანაშაულის შეგრძნება და მუდმივი კომპრომისი საკუთარ თავთან, არა მგონია, სასიკეთოდ მოქმედებდეს ჩვენს პიროვნულ ბედსა თუ განვითარებაზე.

აქამდე მხოლოდ იმაზე ვწერდი, როგორ უნდა დააღწიოს თავი ქართულმა საზოგადოებამ რეპეტიტორობის ინსტიტუტს, ქართულის სწავლების რა ასპექტები ქმნის მის აუცილებლობას. დღეს გავბედე და ჩემს გამოცდილებაზე მოგიყევით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს რასაც ვაკეთებ, თან განვიცდი და მგონია, მომავალი რეფორმა სწორედ ამ არაფორმალური ინსტიტუტის კვლევით უნდა დაიწყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი