შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პარფიუმერულ-კოსმეტიკური პრეპარატების უძველესი სამყარო

სწავლების პროცესში მეტად მნიშნელოვანია საგანთა შორის კავშირები. ქიმიისა და ისტორიის  საკითხები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. მოდით ვიმოგზაუროთ პარფიუმერულ-კოსმეტიკური პრეპარატების უძველეს სამყაროში და გავეცნოთ მათ ისტორიასა და წარმოების ტექნოლოგიას.

სუნამოს ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ძნელი წარმოსადგენია, ამ ხნის მანძილზე რამდენი აღზევება და დაცემა განიცადა სუნამომ – მას ხოტბას ასხამდნენ და ძვირფასეულობას უტოლებდნენ, მას კრძალავდნენ და „ფუჭ ზედმეტობად“ მიიჩნევდნენ. იყო დრო, როცა სუნამო ყველა დაავადების მკურნალად ითვლებოდა, იყო ფუფუნებისა და ცთუნების  საგანი. მოკლედ, ხან აღტაცების საგანი იყო და ხანაც სრულიად უარყოფილი. ღმერთების საუფლოს მკვიდრადაც მოიაზრებოდა, რადგან პირველი არომატული ნივთიერებები, სწორედ წმინდა სალოცავებში გაჩნდნენ.

დროში მოგზაურობა დავიწყოთ იქიდან, სადაც პირველი არომატები იღებენ დასაბამს.

უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები დიდ პატივს მიაგებდნენ არომატებს, იყენებდნენ რა რელიგიურ რიტუალებში საკმევლებად.

სუნამოს სამშობლო ჯერ კიდევ დაუდგენელია, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა – ერთნი მიიჩნევენ, რომ სუნამოს შექმნის ხელოვნება მესოპოტამიაში გაჩნდა, მეორენი ამ პატივს არაბეთს მიაგებენ. მიუხედავად ამ ვარაუდებისა, ყველა მეცნიერი თანხმდება, რომ სუნამოს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ეგვიპტეს.

ძველ ეგვიპტეში, არომატების მაგიური სუბსტანციები საკულტო ტაძრებში იქმნებოდა, სადაც მსხვერპლშეწირვის რიტუალები იმართებოდა, რათა გადაფარულიყო სისხლისა და დამწვარი ხორცის სუნი და ლოცვისათვის შესაფერისი ატმოსფერო შექმნილიყო. ამიტომაცაა, რომ ლათინურიდან „per fumum” ნიშნავს -„კვამლით“. ნელსურნელებისათვის წვავდნენ არომატულ ფისებსა და ხის ნაფოტებს. საკმევლად ყველაზე ხშირად კედრის, საკმევლისა და მირას ფისებს იყენებდნენ. ეგვიპტეში არომატები, ქურუმების მიერ, სტანდარტული რეცეპტურით მზადდებოდა. აქვე მზადდებოდა არომატული ზეთები და ნელსაცხებლები. პარფიუმერიის ისტორია დედოფალ კლეოპატრას სახელსაც უკავშირდება, რომელიც თავისი გემის აფრებს არომატული ნივთიერებებით ნამავდა, რათა მისი მობრძანება შორიდანვე ეგრძნოთ. ეგვიპტის სახელოვანი დედოფალი რამდენიმე პარფიუმის ავტორიცაა. საკუთარი სხეულის სურნელისადმი უყურაღებო დამოკიდებულება, ეგვიპტეში ბარბაროსობად და უხეშობად ითვლებოდა. ტაძრების ასაგებად სურნელოვანი ხის ჯიშებს იყენებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ სურნელება ღმერთების წყალობის საწინდარი იყო.

სუნამოს ისტორიაში, დიდი წვლილი მიუძღვით ბერძნებს. სწორედ მათი დამსახურებაა სუნამოების პირველი კლასიფიკაცია. ბერძნულ მითოლოგიაში, ლეგენდარულმა მებორნე ფაონმა, სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტასგან საჩუქრად მიიღო პატარა ჯადოსნური ბოთლი არომატული სითხით. სურნელოვანმა ჯადოსნურმა წყალმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება – ის ყველაზე ბედნიერი კაცი გახდა. სწორედ ამ სითხის მეშვეობით მოხიბლა მშვენიერი საფო! რა მოხდა კუნძულ ლესბოსზე? ფაონი საოცრად მახინჯი იყო და არცერთი ლამაზმანი ახლოსაც არ იკარებდა. საცოდავი მებორნე, სიყვარულზე არც კი ოცნებობდა. და უცებ ყველაფერი შეიცვალა – როგორც კი სახე დაიზილა აფროდიტას ნაბოძები სურნელოვანი სითხით, ის იმდენად შეიცვალა, რომ უმშვენიერესმა საფომ, რომელიც მთელ საბერძნეთში პოეზიით იყო განთქმული, უგონოდ შეიყვარა ფაონი. ეს მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ სიმბოლურად ის სუნამოს ისტორიის ახალ ეტაპს ასახავს. არომატული ნივთიერებები კვლავაც მონაწილეობდნენ ყველა რელიგიურ რიტუალში. ამასთან ის აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიგიენისა და ფუფუნების საგანი. ბუნებრივ მცენარეულ ფისებსა და ბალზამებს უმატებდნენ სურნელოვან ზეთებს, რომლებსაც ათლეტები შეჯიბრის წინ ტანზე ისვამდნენ. მშვენიერი ათენელი ქალბატონები კი მას სიამოვნებისა და მომხიბლველობისთვის იყენებდნენ. ბერძნებმა, პირველებმა დაიწყეს სუნამოს შემადგენლობაში სანელებლების დამატება. ამჟამად კი არცერთი აღმოსავლური ჯგუფის არომატი არ იქმნება სანელებლების გარეშე. ძველ საბერძნეთში გამოჩნდნენ პირველი პარფიუმერები – „მენელსაცხებლენი“, რომლებიც სურნელოვან კომპოზიციებს ზამბახის, შროშანის, ანისის, დარიჩინის, შალფეის და სხვათა ზეთებიდან ქმნიდნენ. ეს უძველესი არომატული  კომპოზიციები, დღესაც გამოიყენება პარფიუმერულ წარმოებაში ოდეკოლონებისა და სუნამოების შექმნისას.

საბერძნეთიდან პარფიუმერულმა საქმემ რომში გადაინაცვლა. რომის აბანოები თავს იწონებდნენ, ნებისმიერი გემოვნების კლიენტისათვის დამაკმაყოფილებელი სურნელოვანი ზეთებით. მათი სუნამო, არომატული ზეთისა და ფხვნილის ნაზავს წარმოადგენდა. წყლის აბაზანაზე გამთბარ ზეთებს, ზედიზედ რამდენჯერმე უმატებდნენ ცოცხალ ყვავილებს – ეს მაცერაციის პროცესი იყო. არომატული ნივთიერებების ზეთში მოთავსებით მიიღებოდა სურნელოვანი ზეთი, მისი არომატის გასამძაფრებლად კი, სხვადასხვა ნივთიერებებს იყენებდნენ.

პარფიუმერული ვაჭრობა ბიბლიური პერიოდიდან ვითარდებოდა და ყვაოდა. სურნელები ძვირად ფასობდა, მაგალითად ამბრის ფასი ოქროსა და მონის ფასს უტოლდებოდა. ქრისტეშობამდე  X საუკუნეში  სავსკაია დედოფალმა, იუდეველთა მეფე სოლომონს მიართვა ძვირფასი სურნელებით სავსე ზარდახშა. მაკედონელს ასეთი ზარდახშა საომარ ალაფში  მას შემდეგ ერგო, რაც მეფე დარიოსი დაამარცხა. ნელსაცხებლების დამზადების რეცეპტურას ვხვდებით თალმუდსა და ძველ აღთქმაში. პარფიუმის შექმნის ისტორია, მჭიდრო კავშირშია ცივილიზაციის პროცესთან. პარფიუმერიის ხელოვნება, პირველ რიგში, კულტივირებული იყო იმ ხალხებში, რომლებიც ერთმანეთს გადასცემდნენ ცივილიზაციის ესტაფეტას. ასე გადადიოდა პარფიუმერიის ხელოვნება ეგვიპტიდან იუდეაში, ასირიაში, საბერძნეთში, რომსა და არაბეთში.

ევროპაში არომატების გამოყენება, ბარბაროსთა შემოსევებისას შეჩერდა, ამიტომ პარფიუმერიის ისტორიის გაგრძელებამ,  ისლამურ სახელმწიფოებში გადაინაცვლა. ჩვენი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეში არომათერაპიის პოპულარობამ პიკს მიაღწია. ეს პროცესი დისტილაციით, ავიცენას შექმნილი სახდელი კუბის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ამ დიდმა მეცნიერმა ვარდებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით ვარდის წყალი შექმნა, რომელიც არაბეთში ოქროზე ძვირად ფასობდა. ხსნარები, რომლებიც პარფიუმერიად გამოიყენებოდა, დაქუცმაცებული ბალახების, ყვავილის ფურცლებისა და ზეთების ნაზავს წარმოადგენდა. მათ მძაფრი სუნი ჰქონდათ და ამ მეთოდის წყალობით, სუნამოს სურნელი უფრო მდგრადი გახდა.

ევროპაში სუნამოს გამოყენება ჯვაროსნული ომების შემდეგ გაიშალა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, დიდი გავლენა იქონია პარფიუმერიის ისტორიაზე. რაინდები თავიანთ ვალდებულებად თვლიდნენ ლაშქრობებიდან აღმოსავლური სუნამოებისა და ვარდის წყლის ჩამოტანას. 12-ე საუკუნეში არომატების ხელოვნების გავრცელებამ ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. მალე, პარფიუმერიის დედაქალაქად, ვენეცია გვევლინება. პარფიუმერ-ხელოსნის პროფესია ყოფითი ხდება.

პარფიუმერიის ისტორიაში გარდატეხა მოახდინა, ეთერზეთებისა და სპირტის ბაზაზე შექმნილმა სუნამომ – არომატულმა წყალმა. ისტორიაში პირველი სუნამო, რომლის დასახელებამაც ჩვენამდე მოაღწია, 1367 წელს შეიქმნა – „EAU DE HONGARIE”, რაც ითარგმნება, როგორც „უნგრეთის დედოფლის წყალი“. ლეგენდის თანახმად, დედოფალმა სუნამოს დამზადების რეცეპტი განდეგილი ბერისგან მოიპოვა. იმ დროისთვის პარფიუმერული ხელოვნება ნაწილობრივ შავ მაგიად ითვლებოდა. არომატულ წყლებს ჯერ სამკურნალოდ იყენებდნენ, დროთა განმავლობაში სუნამოს გამოყენება ისე გავრცელდა, რომ მას არა მარტო სხეულზე, არამედ საცვლებსა და თეთრეულზე საპკურებლადაც იყენებდნენ. ყველაზე გავრცელებული იყო ვარდის, იის, ლავანდისა და ჟასმინის არომატები. არომატული წყლით დაუბანელი სხეულის უსიამოვნო სუნს ფარავდნენ. ჯავზის, ქაფურისა და სანდალოზის არომატული ლოსიონებით სახესა და სხეულს იზელდნენ, ტანსაცმელს, ხელთათმანებსა და ბალიშებს აპკურებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ კათოლიკური ეკლესია გარყვნილების პრევენციის მიზნით, რომელიც ძველ რომაულ აბანოებში ხდებოდა, წყლის პროცედურებს კრძალავდა. ასეა თუ ისე, შუასაუკუნეების ევროპაში, აბანოს დიდად არ სწყალობდნენ. ამან კი პარფიუმერიის განვითარებას შეუწყო ხელი.

1608  ფლორენციაში, სანტა-მარია-ნობელლას მონასტერში, პირველი პარფიუმერული ფაბრიკა დაარსდა. მას ჰერცოგები, თავადები და თვით რომის პაპი მფარველობდნენ.

სუნამოს შექმნის ისტორიაში მნიშვნელოვანია 1709 წელი, როცა ჟან-მარი ფარინმა, გასაყიდად გამოიტანა“ კიოლნის წყალი“. ევროპაში ის ფრანგული დასახელებით – „ოდეკოლონი“ გავრცელდა. პირველი ოდეკოლონის შემადგენლობაში იყო ღვინის სპირტი, ბერგამოტი, ლავანდის, როზმარინის, ლიმონისა და ნეროლის ზეთები. ითვლებოდა, რომ ეს არომატული საშუალება, კურნავდა სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის შავ ჭირსა და ოსპას.

პარფიუმერიის ჭეშმარიტი იმ სახით განვითარება, რაც თანამედროვე წარმოდგენას შეესაბამება, 19-ე საუკუნეში დაიწყო. 1828 წელს პიერ ფრანსუა პასკალ გერლენმა საკუთარი პარფიუმერული ხაზი და ფირმა დააარსა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირადღირებულ ბრენდად ითვლება.

მოდით გადავხედოთ, რა ვითარება იყო წარსულში საქართველოში. აქ  უძველესი დროიდან ვითარდებოდა პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმი. ისტორიულად, კოსმეტიკური პრეპარატები აქ 3 ჯგუფად იყოფოდა: პირის ღრუს, თმისა და კანის მოვლის საშუალებები. ამ კულტურის საქართველოში განვითარების უძველეს ისტორიაზე არქეოლოგიური კვლევები მეტყველებენ. ის წერილობითი და ლიტერატურული წყაროებითაც მტკიცდება. მაგ. იოანე საბანისძის „წამებაი აბო თბილელისა“-ში (მე-8-ე ს.) ნახსენებია მენელსაცხებლე, ანუ პარფიუმერი, რომელიც ქართლის მეფის კარზე მსახურობდა. 11-12-ე საუკუნის ქართულ სამედიცინო წყაროებში უხვადაა მოცემული პარფიუმერულ-კოსმეტიკურ საშუალებების რეცეპტურა.

ამ მხრივ საინტერესოა ვახტანგ VI მეფის მიერ შედგენილი – „ქიმიური გარდაქმნებისა და ხსნარების მომზადების წიგნი“, სადაც სხვა ბევრ საინტერესო სამეცნიერო საკითხებთან ერთად ვხვდებით მასალას, იმ დროისთვის არსებულ პარფიუმერული ნივთიერებებისა და მათი დამზადების რეცეპტურის შესახებ.

იმ ეპოქაში, ყველაზე გავრცელებულ პარფიუმერულ ნაწარმად, ითვლებოდა მშრალი სუნამო  (სურნელოვან ნივთიერებათა მყარი კონსისტენციის ნაზავი), სურნელოვანი წყლები  (არომატულ ნივთიერებათა წყალხსნარები), ანტიკური ზეთები, სურნელოვანი ტუჩსაცხები  (სურნელით გაჯერებული ცხიმები), საკმევი ნელსურნელებანი და სხვა.

ვახტანგ მეფის ნაშრომში, ძირითადად განხილულია პარფიუმერული საშუალებების დამზადების წესები, რომლებიც ტექნო-ქიმიურ პროცესებს ემყარება. ეს კი, ამ საკითხისადმი ავტორის ქიმიურ-მეცნიერულ მიდგომეზე მეტყველებს. აქ მოტანილია სურნელოვანი ზეთების დამზადების რეცეპტები და ყველა შემთხვევაში, გამხსნელად გამოიყენება ნუშის ზეთი. სურნელოვანი ზეთების დამზადება სხვადასხვა სურნელოვანი ნივთიერებებით მიხაკის მაგალითზეა განხილული, რომელიც როდინში დანაყვის შემდეგ ვარდის წყლით ინამება. ნარევს ემატება გასუფთავებული და თხლად დაჭრილი ნუში. დასველებული ნუში ამოაქვთ ნარევიდან, შრება მზეზე და კვლავ ლბება. ეს პროცედურა 4-5 ჯერ მეორდება. ბოლოს ნუშის მასა ამოაქვთ, კარგად იწურება სიმძიმეებს შორის მანამ, სანამ ზეთი არ გამოუვა. ეს მეთოდი იმითაა საინტერესო, რომ სავარაუდოდ უძველესია და აქ გამხსნელად გამოყენებულია არა ნუშის ზეთი, არამედ თვით ნუში, რომელიც ზეთს შეიცავს. არსი კი, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ მიხაკის  დალბობისას, მასში შემავალი ეთერზეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იხსნება წყალში. დიფუზური პროცესები უზრუნველყოფს მის თანდათანობით სითხის მთელ მოცულობაში გავრცელებას. ამავე დროს, დაჭრილი ნუშის ნაწილაკების ზედაპირი, რომელიც ნუშის ზეთს შეიცავს, შეიწოვს ხსნარში გახსნილ სურნელოვან ნივთიერებას. ნუშის პერიოდული მზეზე შრობა ხელს უწყობს ეთერზეთით ნუშის მასის სიღრმისეულ გაჯერებას. პროცესი იმ მომენტისთვის სრულდება, როცა გამოფიტული მიხაკი ნაკლებად გამოყოფს ეთერზეთს. ნუშის მასა კი, იმდენად გაჯერებულია, რომ უკვე ნაკლებად შეიწოვს მას. ასე გაჯერებული მასის დამუშავებისას პრესში მართლაც შეიძლება ნუშის ზეთის მიღება, რომელშიც გახსნილია მიხაკის ან სხვა არომატული ნივთიერების, მაგალითად, მუსკუსის, საკმევლის ხის, ჯავზის, ქარვის, დარიჩინის, ყვავილების და სხვა ეთერზეთები. ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი ღირსებები, საკმევლის ხის ზეთს ჰქონდა. მისი დამზადებისას მშთანთქმელად ნუში კი არა, არამედ მისი ზეთი გამოიყენებოდა. წვრილად დაჭრილ საკმეველს, ვარდის წყალსა და ნუშის ზეთს ათავსებდნენ თიხის ჭურჭელში, ჰერმეტულად ხურავდნენ და 3 საათის მანძილზე ათბობდნენ ნელი ცეცხლის პირობებში. მიღებულ პროდუქტს, კონსერვანტის სახით, მცირე დოზით ჭვავის საფუარი ემატებოდა, რათა უკეთ შენახულიყო. ნუშის ზეთის სურნელოვან ნივთიერებებთან უშუალო კონტაქტით მნიშვნელოვნად იზრდებოდა შთანთქმის ეფექტი. ამავე მიზნით წიგნში მოტანილია მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარე მაცერაციის მაგალითი, რომლის შედეგადაც, ოსმოსისა და დიფუზიის პროცესები მნიშვნელოვნად ჩქარდება და უფრო სრულყოფილად მიმდინარეობს.

ვახტანგ მეფის წიგნში აღწერილია სხვა პარფიუმერული ნაწარმის – ამბრის კონცენტრატის, სუნამოს, არომატული ცვილისა და სურნელოვანი წყლის – რეცეპტები.

ამბრი გახლავთ ვეშაპის ნაწლავიდან გამოყოფილი ნივთიერება, რომელიც მოიპოვება ზღვაში და ან სანაპიროზე. იგი სრულად იხსნება, როგორც სპირტებსა და ეთერებში, ასევე ცხიმოვან და ეთეროვან ზეთებში. ამბრი ფართოდ გამოიყენებოდა და გამოიყენება პარფიუმერიაში, როგორც ფიქსატორი და სურნელოვანი ნივთიერება. მას სპირტის წარმოებაშიც იყენებენ. მისი ფხვნილის („პოროშოკი“) დასამზადებლად, ამბრას ნაყავდნენ და სრესდნენ მუსკუსსა და შაქართან ერთად ვარდის წყლის თანდათანობითი დამატების პირობებში. ფხვნილის შენახვა ჰერმეტულ ჭურჭელშია რეკომენდებული. როგორც ავტორი ამბობს, ამ ფხვნილის ღვინოსთან ერთად მიღება მატებს ენერგიას, ახალისებს გუნებას და სხვა. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ამბრის ხსნარი ვარდის ზეთში, რომელიც ამბრისა და მუსკუსის ნარევის, ვარდის ზეთზე დაყენებით მიიღება და სამი დღე-ღამე თბილ ადგილზე უნდა იდოს.

სუნამოს ფუნქციას იმ დროს სურნელოვანი (სანელებლიანი) წყლებიც ასრულებდნენ, რომლებსაც სანელებლებზე წყლის დაყენებით იღებდნენ. წიგნში მოტანილია ასეთი რეცეპტიც – „სანელებლიანი წყალი“. კერძოდ, ვარდის კოკრების წყალზე 15 დღის განმავლობაში აყენებენ დარიჩინის, მიხაკის, კარდამონის, მუსკუსის, ქარვის, სურნელოვანი სანდალოზის საკმევის, ფორთოხლის ქერქისა და ბეჯვინის ნარევს. რეცეპტში ნახსენები ბეჯვინი, სავარაუდოდ, სურნელოვანი ნივთიერებაა, მაგრამ მისი სახეობის დადგენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. შემდეგ წყლის აბაზანაზე ნაყენის გადმოდენა ხდება და მიღებული დისტილატი მჭიდროდ დახუფული შუშის ჭურჭლით მზეზე იდგმება.

საგულისხმოა რეცეპტი, რომელსაც ავტორმა ასე უწოდა: “მომზადება პოლოტიკს ბალსამისა, რომელიც არს სანელებელი, მსგავსი ფრანციული საკმლისა“, სადაც ის აღწერს სურნელოვანი ცვილის დამზადებას, რომელიც დაწმენდილი თეთრი ცვილისა და ეთერზეთების ნარევს წარმოადგენს.

 ოთახების არომატიზაციისთვის სხვადასხვა არომატულ საკმევლებს იყენებდნენ. სხვა პარფიუმერული ნივთიერებებისგან განსხვავებით, ისინი სუნს მეტ-ნაკლებად მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფდნენ. ის ორი სახისა იყო – ერთნი, რომელიც დაწვისას გამოყოფდნენ სურნელს, და მეორენი, რომლებიც შეთბობას საჭიროებდნენ. ნაშრომში ვხვდებით ასეთი დასახელების პარაგრაფს – „ყვავილნი მზარდი საკმელისა“. აქვე ვხვდებით კოსმეტიკურ რეცეპტებს: „წყალი სხეულის მათეთრებელი“ – კანის მოვლისთვის, „წამალი კბილებისა და ღრძილებისა“ – პირის ღრუს მოვლისთვის, „თმის ღებვა შავად“, „სიმელოტისგან“ – თმის მოვლისთვის და ბევრ სხვას.

საყურადღებოა პირის ღრუს მოვლის ნივთიერებათა რეცეპტები. ერთ შემთხვევაში, ნივთიერება მიიღებოდა საკმელის, მკვარის, ნივრისა და მძაფრი ძმრის ნარევის დახურულ ჭურჭელში ხარშვით. ყველა დასახელებული კომპონენტი ქართული წარმოშობისაა და, შესაბამისად, რეცეპტიც სუფთად ქართულია, ამასთან მეტად ეფექტურიც, რადგან მის შემადგენლობაში ძლიერი ანტისეპტიკები და სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტებია.

„თმის ღებვა შავად“ – აღწერს თმის შავი საღებავის დამზადებას, რომელიც მელნის თხილის, სპილენძის ჟანგისა (მას იღებდნენ ფერფლის სახით გავარვარებული სპილენძისგან) და მიხაკის ნარევს წარმოადგენდა. როგორც ავტორი გვირჩევს, გამოყენებამდე უმჯობესია ეს ნარევი ფქვილის კონსისტენციამდე გავქნათ როდინში, წყლით ოდნავ გავაზავოთ. ჭაღარა მომენტალურად გაქრება.

მეორე საღებავს – „გუნდა – ლახოსტაკს“ – საქართველოში ფართოდ იყენებდნენ. ვახტანგს ეს რეცეპტი შესაძლოა კანანელის (11-ე ს.) “კარაბადინში“ მოეძია. აქ სპილენძის ფერფლის ნაცვლად, ლახოსტაკი (CuS) გამოიყენებოდა. მელნის თხილისა და მიხაკის გარდა, ემატებოდა მარილი და საფუარი. ასევე საყურადღებოა სიმელოტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ცომისებური მასაა. ის გამომშრალი შინდის დაფქვილი კურკებისა და ძმრის ნარევს წარმოადგენს.

ვახტანგ მეფის ნაშრომი, ისევე როგორც მისი მოღვაწეობა, მეტად საინტერესოა. ის ჩვენს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს და მეცნიერული თვალსაზრისითაც საყურადღებოა. გვაცნობს ქართველთა უძველეს კულტურას ჰიგიენურ და პარფიუმერულ ნივთიერებათა წარმოება-გამოყენების კუთხით. ასევე საქართველოში ქიმიის მეცნიერების და ქიმიური ტექნოლოგიების არსებობა მეტყველებს განვითარების უძველესი ტრადიციების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი