პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კეთრი

 

ჩვენ შორის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების სტილითა და ყაიდით გარშემო მყოფთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. ხშირად მათდამი ინტერესი იმდენად ცხოველია, რომ თაობებს გაჰყვება ხოლმე ჭორ-მართლად. ყველა ჩვენგანი ერთ ასეთ ნაცნობს მაინც გაიხსენებს.

ათი თუ თხუთმეტი წლის წინ ცხოვრობდა ერთი ასეთი ადამიანი – დავითო. ომიანობის შემდეგ ფშავიდან შირაქში გადასახლებულიყო ფშაველ-ხევსურ-მთიულთა დიდი მიგრაციის დროს. ხატის ხელმკადრე გახლდათ, ამიტომ ათენგენობას ფშავში ბრუნდებოდა ხატისა და ხალხის სამსახურისთვის. პირველად რომ ვნახე, სამოცდაათს კარგა ხნის გადაცილებული იქნებოდა. დრო-ჟამს კვალი დაეჩნია მისთვის – სახე მთის ფერდობივით დაღარვოდა, დაკოჟრილი ხელები მიწიდან ამოჩრილ მუხის ფესვებს მიუგავდა, წელში გამართვაც უჭირდა და მუხლიც ღალატობდა. ერთადერთი, რისთვისაც წლებს ვერაფერი დაეკლო, ხმა და გამოხედვა იყო. ჩაწითლებული უპეებიდან თვალებს ისევ ძველებურად აბრიალებდა. ხმაც ძველებურად ომახიანი ჰქონდა. მისი ნათქვამი დიდება ავის გორიდან მაღლა უბისთავს სწვდებოდა. სიტყვა არ აეროდა. ფშავ-ხევსურეთისა და სრულიად საქართველოს წმინდანებს უკლებლივ ჩამოთვლიდა დალოცვისას. ბებერი ხარისა რქებიცა ხნავენო, მასზე იყო ნათქვამი. სწორები „ოქროს მგელს“ ეძახდნენ, ბალღები კი „მგელს“ ვერ ვკადრებდით და – ოქრო პაპას.

ერთხელ თბილისისკენ მომავლებს დაგვემგზავრა. უკანა ფშავიდან ჟინვალამდე გზა ვიწრო ხეობაში, არაგვის პირას მოიკლაკნება, სოფლები კი ხეობის ორივე მხარეს, ფერდობებზეა შეფენილი. სოფელ სწროფავს რომ გავუსწორდით, მანამდე მდუმარედ მჯდომმა ოქროს მგელმა ამოიგმინა და მსწრაფლ მიიბრუნა სახე. მისი ეს მოძრაობა უკანა ხედვის სარკეში დავიჭირე – ჩაწითლებული თვალები ცრემლს აევსო. ვერ მოვითმინე და მიზეზი ვკითხე. მოკლედ მოჰყვა: ახალგაზრდობაში იქ უცხოვრია, დაოჯახებულა კიდეც, შვილებიც შესძენია, მერე კი „ისპანკა“ გაჩენილა და ყველა წაურთმევია… უკანასკნელი შვილის ცხედარი მარტოს წაუთრევია მარხილით წელამდე თოვლში, მარტოს ამოუთხრია საფლავი და მარტოსვე დაუმარხავს… სოფელს ისე ეშინოდა, ახლოს ვერავინ გაჰკარებია…

ეპიდემია მხოლოდ ამ მიყრუებულ სოფლის მკვიდრთ როდი სცემდა თავზარს – დროდადრო მთელ ევროპას გადაუვლიდა ქარიშხალივით კეთრის, ქოლერის, ტიფისა თუ სხვა სახელით და მილიონობით სიცოცხლესთან ერთად გადარჩენისა და მშვიდად ცხოვრების იმედსაც ანადგურებდა…

დღეს ეპიდემიები ისე ვეღარ გვაშინებს. დაგვრჩა უკურნებელი სნეულებანი, მაგრამ, იმედი გვაქვს, კეთრისა თუ ისპანკის მსგავსად, მათაც მალე მოვუგრეხთ კისერს. ოღონდ ერთი ახალი უცნაური სნეულება შემოგვეჩვია – ქიმიის შიში. სწორედ იმ ქიმიისა, რომელმაც ზემოთ ჩამოთვლილი ეპიდემიებისგან გვიხსნა.

დღეს თუ პროდუქტი თვალში არ მოგვდის, ქიმიურია, თუ საიმედო გვეჩვენება – ბუნებრივი. სამწუხაროდ, ასეთი კლასიფიკაცია ჩემი კოლეგებისგანაც გამიგონია, რომელთაც ავიწყდებათ, რომ „ბუნებრივი“ მასალებიც „ქიმიური“ მოლეკულებისგან შედგება. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული წარმოდგენა, თითქოს ბუნებრივი უეჭველად უსაფრთხოს ნიშნავს. რიცინის – ბუნებრივი ტოქსინის – სადარი შხამი ადამიანის ხელს ჯერ არ შეუქმნია. და რიცინი ერთადერთი არ არის…

დროა, მასალების დაყოფისას უფრო „მეცნიერული“, კორექტული მიდგომები გამოვიყენოთ. ბუნებაში სულ სამი სახის მასალა არსებობს: ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეზური. პირველის შემოქმედი ბუნებაა. მეორეც ბუნებრივი პროდუქტია, ოღონდ ადამიანის ხელით შექმნილი თითქმის იმავე მეთოდებით. სინთეზური კი ეწოდება მასალას, რომელიც ადამიანის გონებისა და შრომის ნაყოფია. აპრიორულად არც ერთი მათგანი არ შეიძლება მივაკუთვნოთ მავნეთა ან უვნებელთა კატეგორიას.

ფიშტოც და ზარბაზანიც უგუნურთა ხელშია საშიში, თორემ ავტომატმომარჯვებული გონიერი ადამიანი ჩვენი სიმშვიდისა და ტკბილი ძილის გარანტია. ასეა ქიმიაც. და, ვაჟასი არ იყოს: „ნუ გეშინიათ, არ გავნებთ…“

PS. რამდენიმე დღეში საქართველოში ერთი უჩვეულო ამბავია მოსალოდნელი: ჩვენს ქვეყანას მთელი ათი დღით ესტუმრება 75 ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი. მიჭირს მონაწილე ქვეყანათა რიცხოვნობის თვალსაზრისით ასეთი მასშტაბის სხვა ღონისძიების გახსენება. ამან კი ფართო საზოგადოების ყურადღება ვერაფრით დაიმსახურა, მხოლოდ მასში უშუალოდ ჩართულთა მუსაიფის საგნად დარჩა. მიზეზი? – ეს ღონისძიება ქიმიას ეხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი