ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

 ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – მოკალი მამა!!!

ამჯერად ჩემი მოსწავლის, ნანუკა გოგუაძის, დაკვირვებებს გთავაზობთ.

დღეს წიგნის შერჩევისას დიდ როლს ასრულებს დიზაინი და ხშირად პროვოკაციული სათაურიც. ამ მარკეტინგული ხრიკის წყალობით, ხშირად უინტერესო წიგნი ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე –  არაეფექტურად გაფორმებული. წინა საუკუნეებში მკითხველის ყურადღების მისაქცევად დიდი როლი ეკისრებოდა ისევ სათაურს და მასთან ერთად ეპიგრაფს ან შესავალს. ამ სამიდან, ეფექტის შესაქმნელად, ყველაზე იშვიათად ეპიგრაფი გამოიყენებოდა. როგორც წესი, ის არ ეკუთვნოდა თავად ავტორს. ეპიგრაფი წინა პლანზე წამოსწევს ნაწარმოების სათქმელს. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მკითხველი, თუკი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ეპიგრაფს, მის თვალწინ საბოლოოდ უნდა გაიხსნას მწერლის გამოცანა, ეს კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ავტორის ჩანაფიქრი გამართლდა, მან შეარჩია ისეთი ეპიგრაფი, რომელსაც რამდენჯერაც მიუბრუნდება მკითხველი, იმდენჯერ გაახსენდება ნაწარმოები და იმდენჯერ დაფიქრდება ნაწარმოების დედააზრზე. ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, რომელშიც ეპიგრაფი დიდ როლს ასრულებს, ოთარ ჭილაძის „გოდორია“. ნაწარმოებს წინ უძღვის ამონარიდი მათეს სახარებიდან (10:20): „და აღდგნენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდნენ მათ.“ ეს სიტყვები ზუსტად ასახავს რომანში წამოწეულ პრობლემას, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, აღნიშნული ეპიგრაფი სხვა დატვირთვასაც ატარებს, რომელიც ავტორმა მკითხველს ამოსაცნობად დაუტოვა. ამიტომაც საინტერესოა, პასუხი გაეცეს შეკითხვას, რა როლს ასრულებს ეპიგრაფი ოთარ ჭილაძის რომანის „გოდორის“ გაგებაში?

ვინ კლავს მამას?

ადამიანისთვის ძნელია მეხსიერებიდან, ძვალრბილში გამჯდარი, შესისხლხორცებული რწმენიდან ამოშალოს ის, რისიც მრავალი წლის განმავლობაში სჯეროდა. ხშირ შემთხვევაში ადამიანს სხვისი განსჯა უფრო უადვილდება, ვიდრე- საკუთარი თავის, რადგან იგი სხვათა შესწავლას და განქიქებას იმაზე უფრო მეტ დროს ანდომებს, ვიდრე საკუთარი შეცდომების გაანალიზებას. რომან “გოდორში” ოთარ ჭილაძე მკითხველს ანტონ მეორეს სახით წამოუჩენს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეძლო და მრავალწლიანი “პატიმობის” შემდეგ საკუთარ თავში მოკლა მამა-ავტორიტეტი. მამაზე დამოკიდებული ანტონი ნაწარმოებში მამის მკვლელობის სცენამდე ნაკლებად იპყრობს მკითხველის ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად მას ეხება რომანში განვითარებული მოვლენები: ლიზიკოს ცოლად მოყვანა და ლიზიკოს ღალატი მამამისთან. ესეც ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ მკვლელობამდე ანტონს მწერალი, როგორც ცალკე აღებულ ინდივიდს, ისე კი არ განიხილავს, არამედ როგორც კაშელების მოდგმის ერთ-ერთ ნაწილს. ანტონისთვის მამის სიტყვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საკუთარი აზრი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. სწორედ ამიტომ, როცა ლიზიკოს ქორწილის შემდეგ სურვილი უჩნდება, გაემგზავროს საზღვარგარეთ, ანტონის მაგივრად რაჟდენი წყვეტს, შეუსრულოს თუ არა რძალს ეს სურვილი.  რაჟდენი ოჯახის ლიდერია, მაშასადამე, ოჯახის ყველა წევრისთვის მისი სიტყვა კანონის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი ანტონის გარშემომყოფების რეაქცია ანტონის ნებისმიერ საქციელზე, უნიათო და უსუსურ პერსონაჟს თითქოს ყველაფერი ეპატიება კიდეც, რადგან გულის სიღრმეში ყველა უთანაგრძნობს მას და უნდათ კიდეც, მამის ავტორიტარიზმთან ერთად პერსონაჟმა დაამარცხოს ეს უსუსურება. მკითხველს უცნაურად კი ეჩვენება, მაგრამ მაინც არ უკვირს, როცა პოლიციის ოფიცერი ანტონს არ აპატიმრებს, პირიქით, ამბის გაგების შემდეგ, სუფრასთანაც მიიპატიჟებს.  ფეფე (ანტონის დედა და რაჟდენის ცოლი) და ლიზიკო რაჟდენის გვამის მოსაშორებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. ის ადამიანები, რომლებმაც, წესით და რიგით, ანტონი უნდა განსაჯონ მამის მკვლელობის გამო, ხელგაშლილი ეგებებიან პეპლადქცეულ მატლს. რაჟდენის დიქატატურას ამარცხებს შვილი. მკითხველისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება და, ერთი შეხედვით, გაუგებარიც, როდესაც ნაწარმოების მომდევნო სიუჟეტებში აღმოაჩენს, რომ რაჟდენი ცოცხალია. ძნელად აღსაქმელია ის ფაქტი, რომ ანტონი მამას არა ფიზიკურად, არამედ წარმოსახვაში კლავს: “მამის არსებიდან საკუთარი წარმომავლობა, ფესვი ამოძირკვა და ჩვენში რომ ვთქვათ, ეს არის მისი პირდაპირი დანიშნულებაც, ამისთვისაა საერთოდ მოვლენილი ქვეყანაზე.”  მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოცდასამი წლის “პატიმრობის” განმავლობაში ანტონი მამის წნეხის ქვეშაა, მამას მხოლოდ მაშინ კლავს, როდესაც საკუთარი თვალით ხედავს მის ღალატს. მანამდე ანტონი თავს იტყუებდა, არ უნდოდა მამის ნამდვილი სახის დანახვა. შესაძლოა, პატარაც იყო რადიკალური ნაბიჯისთვის. რაჟდენის შვილისადმი დამოკიდებულებით აიხსნება მისი უმოქმედობა, როცა ანტონს სამზარეულოში ცულით ხელში დაინახავს. იგი არ აჩერებს შვილს, რადგან ეჭვი ეპარება მის გამბედაობაში. ანტონი ყოველთვის მამაზე იყო დამოკიდებული, მამის მითითებებს ასრულებდა. რაჟდენისთვის ძნელი დასაჯერებელია ანტონის მკვეთრი გარდასახვა და მისი საბოლოო ნაბიჯი-განაჩენი. აქვე უნდა აღინიშნოს ანტონის გაოცებაც მამის დუმილზე: ” რადგან მამის ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი ტონით ნათქვამი, უმალ ცულს დააგდებინებდა, ვიდრე ნავთს დაუსხამდა ცეცხლზე…” ანტონის გარდასახვა ზუსტად ამ მონაკვეთში იკვეთება. ჯერ კიდევ ცულით ხელში მდგომს შეეძლო გადაეფიქრებნა, რომ არა მამამის დუმილი, რაც ანტონმა:” ცოლთან ღლაბუცზე მეტად, სწორედ ეს დუმილი ვერ აპატია მამას…” მამის დუმილმა გადაადგმევინა ანტონს ეს ნაბიჯი. მამამ “ცულშემართულიც არაფად ჩააგდო”. სწორედ ესაა ბოლო წვეთი – მატლი ხოხვას თავს ანებებს და პეპლადქცეული ფრენისთვის მზადებას იწყებს. ჩემი აზრით, ანტონი ჩვენი უახლესი დროის საქართველოა და დიახ, ეს უახლესი საქართველო უარს აცხადებს წარსულზე და ახალ გზაზე შედგომას ცდილობს. ძველს – საბჭოთა საქართველოს ვერ წარმოუდგენია, რომ მის გარეშე დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ნაშიერი რამეს გახდება, „მათი“ დამოკიდებულება ხომ მამა-შვილი კაშელების დამოკიდებულების მსგავსი იყო. ქართველ ხალხშიც ისევე იგრძნობოდა შიში – ჯერ რეჟიმის მიმართ, შემდეგ ცვლილების, ბოლოს კი – დამოუკიდებელი მომავლის წინაშე. ქართველმა ერმა ისეთივე არჩევანი უნდა გააკეთოს, როგორც ანტონმა: ” მამა და ცოლს შორის კი არა, არამედ მამის ჩრდილში მატლივით ღოღვასა და გაფრენის იმ წამიერ შეგრძნებას შორის, ცულის დაქნევისთანავე რომ დაეუფლა…” სწორედ იმ “წამიერი შეგრძნებით” იწყება ანტონის მეტამორფოზი. “ჩრდილში მატლივით ღოღვიდან” ანტონი გარდაიქმნება პეპლად. საქართველომაც უნდა ჩაკლას საბჭოთა წარსული, რადგან სხვა შემთხვევაში მას თავად გაანადგურებს ეს წარსული.

ნაწარმოების კითხვისას მკითხველს, შესაძლოა, დაებადოს შემდეგი კითხვა: ხომ არ იყო ანტონის საქციელი მხოლოდ იმპულსური ქმედება, პასუხი მამისა და ცოლის ღალატის დანახვის გამო  თუ ეს იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ანტონს დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა? მაგრამ ეს კითხვა არასწორია, რადგან პასუხი მასზე მთლიანობაში განხილული ტექსტია: ანტონისთვის ლიზიკო მხოლოდ საბაბი გახდა იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს მოეკლა მამა, გათავისუფლებულიყო დიქტატორისგან. თანაც, თუ მისი საქციელი იმპულსური იყო, მაშინ ნაწარმოებში ერთხელ მაინც უნდა გაისმას ანტონის სინანულშეპარული ხმა. ამის ნაცვლად კი ავტორი გვეუბნება: ” რადგან იქაც, სიკვდილის საუფლოშიც, ისევე მოექცევა მამას, როგორც აქ მოექცა, სამზარეულოში – თავს გაუპობს ცულით… თავს გაუპობს ცულით ერთადერთ ადამიანს, რომლისაც სწამდა, რომელიც ეიმედებოდა და რომელსაც სიმბოლოდ თვლიდა საერთოდ ადამიანობისა, ვიდრე იმან ბრანწი არ დაანახა…” გამოდის, რომ ანტონს კიდევ ერთხელ რომ მიეცეს შანსი, ისევ იმავეს ჩაიდენს. რომანის შინაარსი ცხადყოფს ჭილაძის ხედვას: საბჭოთა საქართველო უარს ამბობს მომავალზე, იგი ისეთი შეხედულებებით ზრდის თაობებს, რომ ისინი გამოსავალს მხოლოდ შემგუებლობაში ხედავდნენ. ეს ნამდვილი კატასტროფაა და ამიტომაც მომავლის უარმყოფელი მამა შვილის ხელით სიკვდილით დაისჯება.

სად არის დედა?

ოთარ ჭილაძის რომანის „გოდორის“ კვლევამ წარმოაჩინა, რომ არა ტექსტის წინ წამძღვარებული ეპიგრაფი – ამონარიდი მათეს სახარებიდან – მკითხველს ნაწარმოები შეიძლება არასწორადაც გაეგო. ამ შემთხვევაში ეპიგრაფი ის ერთადერთი გასაღებია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ისე გავიაზროთ ავტორის გზავნილი, როგორც ეს თავად მას უნდა. ეპიგრაფის სიტყვები შვილების მიერ ამბოხს და მის უკიდურეს შედეგს, მშობლების მკვლელობას გულისხმობს. ციტატაში ორივე მშობელი ერთნაირად იგულისხმება. ოთარ ჭილაძის რომანში კი ძირითადი აქცენტი მამის მკვლელობაზე კეთდება. მამა მორალურად ძალადობს შვილზე, მორალურად ანადგურებს შვილს, ფაქტობრივად ეს მომავლის მკვლელობაა. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ძალადობით გადაღლილი დათრგუნული შვილი ადეკვატურ პასუხს სცემს მოძალადეს. დამხობილი მამა ვეღარ უნდა გაიმართოს წელში, მისმა თესლმა, მოდგმამ და ჯილაგმა არსებობა უნდა შეწყვიტოს. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით, თორემ ის შთამომავალი, რომელიც არტახებიდან გათავისუფლებას მოახერხებს, წელშიც გაიმართება და მანამდე ხოხვას შეჩვეული მატლი პეპელასავით მომავლისკენ გასაფრენად მოემზადება. პეპლის მომავალი გაურკვეველია, ბინდითაა მოსილი, მაგრამ მაინც ასეთი ბურუსიანი მომავალი ჯობს ნათლად გამოკვეთილ მონურ მდგომარეობას, შემგუებლურ, უნუგეშო მომავალს. მაგრამ სად არის ამ დროს დედა? მამა, რომელიც რომანის მთავარი აქტორია, თავისი ქმედებებით იმდენად ჩრდილავს დედას, რომ მკითხველს აზრი ეკარგება, ავიწყდება, რომ დედის კისერზეც არანაკლები, თუ მეტი არა, დანაშაულია. რომანში „პირველი დედა“ რაჟდენის მშობელია, მაგრამ, ვაჟიშვილის ღირსებაზე ზრუნვის ნაცვლად, გოდრის ჭუჭრუტანიდან გარყვნილების საამურად მაცქერალ ბავშვს ტოვებს დედამიწაზე, „მეორე დედა“, რაჟდენ პირველის ცოლი და ანტონ პირველის დედა, კაზაკია და მან ეროვნებასთან ერთად თავმოყვარეობის განცდაც დაუკარგა ანტონ პირველს. ანტონ პირველი კაშელი აროსტოკრატ ქეთუსიაზე ქორწინდება, მაგრამ ამ ქალბატონს იმდენად გაუთელა მანამდე ყველანაირი გრძნობა მამისა და პირველი ქმრის მოკვლით, რომ ქეთუსიამ, იმის ნაცვლად, რომ შურისმაძიებელი შვილი აღზარდოს, სრულიად დეგრადირებულ რაჟდენ მეორეს შობს. ეს რაჟდენი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე მისი წინაპრები იყვნენ, რადგან, თუკი პატრიარქი რაჟდენი და ანტონი პირდაპირ კლავდნენ, პირდაპირ აწამებდნენ და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდნენ, ქეთუსიას ვაჟიშვილი ბალახში ჩაბუდებული გველი არის. და ბოლოს ფეფე, პეპლადქცეული ანტონის დედა, რიგით მესამე დედა რომანში. მას არავინ არაფერს ეკითხება, ეს მისი დამსახურება კი არ არის, რომ შვილმა-მატლმა მატლობას თავი დააღწია, არამედ მის გამოცაა, რომ ანტონი მამას აუმხედრდა. ანტონი მამის მკვლელობით უსახურ ფეფესაც კლავს, ოღონდ არა ფიზიკურად, არამედ გადატანითი მნიშვნელობით და მას სამარადისო სასჯელად მოკლული ქმრის აყროლებული სისხლის წმენდას მიუსჯის.

ამდენად, რომანის კვლევამ ცხადყო, რომ მიუხედავად რომანში განვითარებული მოქმედებისა, მიუხედავად მამის მკვლელობისა, მიუხედავად იმ აქცენტებისა, რომლებიც მთავარ დამნაშავედ კაშელების მამრ წარმომადგენლებს წარმოაჩენს, ოთარ ჭილაძის მიერ რომანის ეპიგრაფად შერჩეულმა სახარებისეულმა პასაჟმა უნდა დაგვაბრუნოს ტექსტთან და სხვაგვარად ავხსნათ მანამდე გაგებული გზავნილები, აქცენტები ახლებურად დავსვათ და რომანიც განსხვავებული პერსპექტივიდან წავიკითხოთ. ამგვარი წაკითხვით დედაც მამაზე არანაკლები დამნაშავეა. შესაბამისად:

1.მამის „მკვლელობა“ (ცხადია, სიმბოლური აქტი) აუცილებელია, რადგან მამა მოძალადეა და საფრთხეს უქმნის შვილის ღირსეულ მომავალს;

  1. დედის „მკვლელობა“ აუცილებელია, რადგან დედა, თავისი მოქმედებითაც და უმოქმედობითაც, განაპირობებს შვილის ზნეობრივ/უზნეო ადამიანად ჩამოყალიბებას.

როგორც ვნახეთ, რომანში თამაშდება მამის წარმოსახვითი მკვლელობა, საერთოდ არაფერია ნათქვამი დედის მკვლელობაზე და, რომ არა რომანის ეპიგრაფი, მკითხველს დედის ფაქტორი სრულებით გამორჩებოდა და მწერლის გზავნილს სათანადოდ ვერც გაიაზრებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი