შაბათი, მაისი 30, 2026
30 მაისი, შაბათი, 2026

AI და ავტორობის საკითხი: ვინ წერს ტექსტს?

0

„რამდენად ირონიულია, რომ იქ, სადაც ბარტმა 1967 წელს გამოაცხადა „ავტორის სიკვდილი“, 2020-იან წლებში გამოჩნდა ახალი არსება — ავტორის ალგორითმული სილუეტი, რომელიც არც მკვდარია და არც ცოცხალი:

ეს არის ჩატბოტი“.

CatGPT

 „ავტორი” ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ფრანგი ფილოსოფოსისა და ლიტერატურის თეორეტიკოსის, როლან ბარტის მიერ წამოყენებულმა რევოლუციურმა იდეამ „ავტორის სიკვდილის“ შესახებ, სამუდამოდ შეცვალა ტექსტისა და მისი ინტერპრეტაციის აღქმა.

მოდი, გავიხსენოთ, როგორი იყო ბარტის ძირითადი იდეები ამ თემაზე. ბარტი ამტკიცებს, რომ „ავტორის“ ფიგურა, როგორც ტექსტის ერთადერთი და საბოლოო მნიშვნელობის მფლობელისა, ისტორიულად ჩამოყალიბდა და განმტკიცდა კაპიტალიზმის, ინდივიდუალიზმისა და საკუთრების იდეასთან ერთად. ავტორის სახელი იქცა ბრენდად, რომელიც ტექსტს გარკვეულ ღირებულებასა და „სწორ“ ინტერპრეტაციას ანიჭებს.

ბარტისთვის ტექსტი არ არის ავტორის გენიის უნიკალური პროდუქტი. ის არის „მრავალგანზომილებიანი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმის და ეჯახება სხვადასხვა კულტურული კოდი და ციტატა“. ავტორი კი არ „ქმნის“ რაღაც ახალს, არამედ არის „სკრიპტორი“, რომელიც უბრალოდ ერთმანეთს უკავშირებს უკვე არსებულ კულტურულ მასალას. ნიშანდობლივი და დასაფიქრებელია, რომ ბარტი იმ დროს ისე წერდა ავტორზე, როგორც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ AI-ზე და მის მიერ შექმნილ ტექსტებზე.

ბარტის ცნობილი ფრაზის თანახმად, მკითხველის დაბადება ავტორის სიკვდილის ფასად უნდა მოხდეს. ბარტი ამტკიცებდა, რომ ტექსტის მნიშვნელობა მკითხველის აღქმაში იბადება და არა ავტორის განზრახვაში. დღეს, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ეპოქაში, ეს კონცეფცია სრულიად ახლებურად გაიაზრება. თუკი ტექსტს მანქანა ქმნის, ვინ არის მისი ავტორი და როგორ იცვლება „ავტორის სიკვდილის“ თეორია ახალ ციფრულ რეალობაში?

„ავტორის სიკვდილიდან“ „ავტორის გაქრობამდე“ – ბარტი და AI

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები, დაწყებული მარტივი ახალი ამბებიდან, დასრულებული რთული პოეტური და ფილოსოფიური ნაშრომებით, სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს ტექნოლოგიური ნახტომი ძირეულად არყევს ავტორობის ტრადიციულ გაგებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცნობიერებასთან, გამოცდილებასა და შემოქმედებით უნართან იყო გაიგივებული.

როლან ბარტისთვის „ავტორის სიკვდილი“ მეტაფორა იყო, ციფრულ ეპოქაში კი ეს მეტაფორა იქცა რეალობად.

ბარტისთვის ავტორი იყო ძალაუფლების სიმბოლური ფიგურა, რომელსაც დასავლურმა კულტურამ ღმერთის ფუნქცია მიანიჭა ლიტერატურაში.
ეს ავტორი ქმნის ტექსტს როგორც კაპიტალს და ფლობს მას, ანუ იქმნება კავშირი:
წერა ↔ საკუთრება ↔ ძალაუფლება.

ბარტი ავტორობის იდეას ახალი დროის კუთვნილებად მიიჩნევს: „ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაა; როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ იგი მაშინ ჩამოაყალიბა, როცა შუა საუკუნეების დასასრულ, თავისთვის აღმოაჩინა ინდივიდის ღირსება, ან უფრო მაღალი სტილით რომ ვთქვათ, „ადამიანის პიროვნება“. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიტერატურის სფეროში ავტორის „პიროვნება“ ყველაზე დიდი აღიარებით პოზიტივიზმში სარგებლობდა, რომელმაც შეაჯამა და ბოლომდე მიიყვანა კაპიტალიზმის იდეოლოგია“[1].

ახლა დავაკავშიროთ ეს იდეები AI ჩატბოტების „ავტორობასთან“. ერთი შეხედვით, AI არის ბარტის თეორიის ყველაზე სრულყოფილი ილუსტრაცია: AI ჩატბოტს არ გააჩნია ბიოგრაფია, ფსიქოლოგია, განზრახვები ან პირადი გამოცდილება. ის ბარტისეული „სკრიპტორის“ იდეალური განსახიერებაა. ის არ „გამოხატავს საკუთარ თავს“, არამედ მექანიკურად აერთიანებს, ურევს და წარმოქმნის ტექსტს იმ უზარმაზარ მონაცემთა ბაზიდან, რომელზეც გაწვრთნეს; AI-ს მიერ შექმნილი ტექსტი სიტყვასიტყვით არის „ციტატების ქსოვილი“. ის შედგება მილიონობით წიგნის, სტატიის, ვებსაიტისა და საუბრის ფრაგმენტებისგან. როდესაც ჩატბოტი „წერს“, ის ახალს კი არ ქმნის, არამედ ალგორითმულად აწყობს იმას, რაც კაცობრიობას უკვე შეუქმნია. (დაახლოებით ამას ამბობს ბარტი ავტორზეც, რომელიც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ)[2].

ამ პერსპექტივიდან, AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი არის ტექსტი „ავტორის“ გარეშე, მისი კლასიკური გაგებით. ის გვათავისუფლებს ავტორის ბიოგრაფიისა და განზრახვების ძიებისგან და გვაიძულებს, მთელი ყურადღება თავად ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე გადავიტანოთ.

თუმცა, აქ ჩნდება ახალი, გადამწყვეტი კითხვა: თუკი AI არის „სკრიპტორი“, ვინ არის ის, ვინც მას ამუშავებს?

აქ კი ავტორის როლზე პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე სუბიექტი:

მომხმარებელი (The User): ის, ვინც სვამს კითხვას, აძლევს დავალებას (prompt). მომხმარებელი განსაზღვრავს თემას, სტილს, სტრუქტურას. ის დირიჟორია, რომელიც მართავს AI ორკესტრს. მისი კრეატიული იმპულსის გარეშე ტექსტი არ შეიქმნებოდა.

AI მოდელის შემქმნელები (The Developers): ინჟინრები და მკვლევრები, რომლებმაც შექმნეს მოდელის არქიტექტურა, ალგორითმები და ტრენინგის მეთოდოლოგია. მათ ჩადეს სისტემაში „აზროვნების“ წესები.

მონაცემთა ბაზა (The Dataset): კაცობრიობის კოლექტიური ცოდნა და კულტურა, რომელზეც AI გაწვრთნეს. ამ გაგებით, „ავტორი“ არის კოლექტიური ცნობიერება, ყველა ის მწერალი, პოეტი, მეცნიერი და ბლოგერი, ვისი ნაშრომებიც მონაცემთა ბაზაში მოხვდა.

თავად მკითხველი: ბარტის იდეას თუ ბოლომდე გავყვებით, ავტორის ძიება უშედეგოა. მნიშვნელობა იქმნება მაშინ, როცა მკითხველი ეცნობა ტექსტს და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ფილტრში ატარებს. ამ შემთხვევაში, AI უბრალოდ ინსტრუმენტია, რომელიც ტექსტუალურ მასალას აწვდის საბოლოო „ავტორს“ – მკითხველს.

 ავტორი = მკითხველს. და აქ თავს იჩენს ახალი იდეა: ავტორი-მკითხველი. მოდი, თანმიმდევრულად წარმოვიდგინოთ ეს ციკლი: თქვენ გაქვთ იდეა, შეკითხვა, ან საჭიროება. თქვენ წერთ პრომპტს. ამ მომენტში, თქვენ ხართ ინიციატორი, იდეის ავტორი. თქვენ განსაზღვრავთ მომავალი ტექსტის მიმართულებას. რას აკეთებს AI? AI იღებს თქვენს იმპულსს და თავისი უზარმაზარი „კულტურული მეხსიერებიდან“ ქმნის ტექსტურ პასუხს. ის მოქმედებს როგორც თქვენი იდეის გამაძლიერებელი და შემსრულებელი. შემდეგ თქვენ კითხულობთ გენერირებულ ტექსტს. მაგრამ თქვენ არ ხართ პასიური მკითხველი. თქვენ ამ ტექსტს უკვე არსებული კონტექსტით, ცოდნით და იმ თავდაპირველი იდეით კითხულობთ, რომელიც თქვენვე ჩადეთ მასში. თქვენ ავსებთ ცარიელ ადგილებს, აკავშირებთ აზრებს და ანიჭებთ ტექსტს საბოლოო მნიშვნელობას. ამ მომენტში თქვენ ხართ საბოლოო ავტორი, რადგან ტექსტის აზრი სრულდება სწორედ თქვენს ცნობიერებაში. ამ ციკლში ერთადაა ავტორი-მკითხველი, როგორც ალფა და ომეგა. ტექსტი იქმნება თქვენთვის, თქვენივე მონაწილეობით და სრულყოფილებას აღწევს თქვენივე ინტერპრეტაციით. ეს არის თანაშემოქმედების (co-creation) პროცესი, სადაც თქვენ და AI პარტნიორები ხართ, მაგრამ საბოლოო აზრის მფლობელი და, შესაბამისად, ბარტისეული „ავტორი“ (რომელიც მკითხველს მოიაზრებს) თავად რჩებით.

 ავტორის დემოკრატიზაცია და ახალი ავტორის დაბადება. გარკვეულწილად, დიახ, ეს ავტორის დემოკრატიზაციაა, რადგან AI აადვილებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის ტექსტის გენერაციას. ადამიანს, რომელსაც არ აქვს წერის გამორჩეული ნიჭი ან დრო, შეუძლია შექმნას სტატია, ლექსი, ესეი ან თუნდაც კოდი. ამ თვალსაზრისით, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც ანგრევს ელიტარულ ბარიერებს და „ავტორობა“ მასებში გააქვს, თუმცა… თავს იჩენს სხვა საფრთხე: ბარტი აკრიტიკებდა ავტორობას, როგორც კაპიტალისტურ კონსტრუქტს. დააკვირდით, ვინ ქმნის და აკონტროლებს დღეს ყველაზე მძლავრ AI-მოდელებს? უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები (Google, OpenAI/Microsoft, Meta). თუ ადრე ძალაუფლება ჰქონდა „ავტორ-გენიოსსა“ და გამომცემელს, ახლა ის კონცენტრირებულია იმ კომპანიების ხელში, რომლებიც ფლობენ „შემოქმედების საშუალებებს“ – თავად AI-მოდელებს. ინდივიდუალური ავტორი შეიძლება „მოკვდა“, მაგრამ მის ადგილს იკავებს უპიროვნო, მაგრამ გაცილებით მძლავრი კორპორაციული „ავტორი“. ეს სტრუქტურა არათუ არ არის დემოკრატიული, არამედ შეიძლება უფრო ცენტრალიზებული და მონოპოლიზებული აღმოჩნდეს. ჩვენ შეიძლება გავთავისუფლდეთ ერთი ავტორის დიქტატისგან, მაგრამ მოვექცეთ ალგორითმისა და მისი მფლობელის დიქტატის ქვეშ.

OpenAI, Anthropic, Google DeepMind, Meta და სხვები არ ფლობენ მხოლოდ პლატფორმას, ისინი ფლობენ თვითონ ტექსტის წარმოქმნის პირობებს. ეს ნიშნავს: მათ შეუძლიათ შეცვალონ სიტყვათა სემანტიკური დინამიკა (მაგ., როგორი იქნება პასუხი პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ლინგვისტურ საკითხებზე); შეუძლიათ შეზღუდონ ან გააფართოონ ენებზე წვდომა, რაც გავლენას მოახდენს კულტურულ წარმოებაზე; მათ უფლება აქვთ ტექნოლოგია ჩარიონ ალგორითმის ქცევაში. ეს უკვე არა მხოლოდ პლატფორმის, არამედ წერის გარემოს კონტროლიცაა.

ნამდვილი დემოკრატიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ჩატბოტზე წვდომას,
არამედ აგრეთვე – მოდელის ლოგიკაზე, მონაცემებზე და ალგორითმულ ეთიკაზე.

რა არის აქედან გამოსავალი? ალბათ უფრო მეტი ღიაობა. მომავალი უნდა იყოს Open Model-სამყარო, სადაც წერაც, აზროვნება და კოდირება უფრო ღია იქნება.

 

 

[1] როლან ბარტი, „ავტორის სიკვდილი“ – http://arilimag.ge

 

[2] იმ განსხვავებით, რომ ბარტის „ავტორი“ აცნობიერებს მთელ ამ პროცესს, ხოლო ჩატბოტები ამას აკეთებენ გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად, ალგორითმებით.

საერთაშორისო სასწავლო პროექტის მნიშვნელობა სასწავლო პროცესისთვის

0

პროექტებით სწავლება 21-ე საუკუნის დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ  მასწავლებლებმა, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ინტეგრაციაში. საერთაშორისო პროექტები კი უფრო მეტად ეხმარება მოსწავლის როგორც საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას, ისე მის ენობრივ და ინტერნეტკულტურულ წინსვლას.

საერთაშორისო პროექტები ძირითადად ინტერნეტსივრცეში ხორციელდება. ყოველივე ეს კიდევ აიოლებს კომუნიკაციას და ხელს უწყობს ისეთი საინტერესო თემების წინა პლანზე წამოწევას, რომლებიც სკოლისა და მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორი სკოლები წარმატებულად მიიჩნევენ იმ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა კარგად დაგეგმილი აქტივობების ბალანსითა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი პროექტები მიიჩნევა უცხო ენების სწავლების საუკეთესო საშუალებად. მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად საშუალება ეძლევათ, როგორც წერითი კომუნიკაციის, ისე სწავლა-სწავლებისათვის საჭირო ღირებული უნარ–ჩვევებისა და ინტერკულტურული თუ სოციოკულტურული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაში.

პროექტების თემა შეიძლება ორიენტირებული იყოს, როგორც საგნობრივ, ისე ინფორმაციულ–საკომუნიკაციო უნარების ინტეგრაციაზე. ასეთი პროექტები კი ემსახურება – ისტ– კომპეტენციების ამაღლებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას სხვა საგნობრივ ჭრილში და მის ყოველდღიურ გამოყენებას სასწავლო პროცესში.

საერთაშორისო ინტერნეტპროექტებში მონაწილეობას დიდი სარგებელი მოაქვს მოსწავლეებისათვის, რაც თავის მხრივ სწავლის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. პროექტით დაგეგმილ აქტივობებში შესაძლებელია მთელი კლასის ჩაბმა, მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრებისა. პროექტი ხომ თავის მხრივ გუნდურ ერთსულოვნებას მოითხოვს, სადაც ყველას ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრება თუ პოზიცია ჩამოაყალიბოს. ეს კი საერთო ჯამში სასწავლო პროცესს მრავალფეროვანს ხდის.

დღეს კი მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტის ქართული ვერსია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად საგნების – ისტორიის, მოქალაქეობის, გეოგრაფიის, უცხო ენებს და ისტ-ის ინტეგრირებით განხორციელდა.

 

 

 

პროექტის სათაური: ჩემი ქალაქის გმირები და მათი უცნობი ისტორიები

პროექტის მოკლე აღწერა

დღეს, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის საინტერესო სახით წარმოდგენა, ყველა ადამიანის უმთავრესი საფიქრალი უნდა იყოს, როგორ გააცნოს საკუთარი ადგილის, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები შეისწავლიან და გაიაზრებენ საკუთარი ქალაქის, ქვეყნის ისტორიულ წარსულს; იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც კონკრეტული კვალი დატოვეს ისტორიაში და შექმნეს მომავალი, რომელშიც ვცხოვრობთ. მოსწავლეები შეეცდებიან, ფართო მასშტაბით გააცნონ საკუთარი კუთხის გმირების ისტორია ყველა დაინტერესებულ ადამიანს; შეადარონ თავიანთი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა მეგობარი ქვეყნების კულტურას, მათ მიღწევებს, გამოკვეთონ საერთო მახასიათებლები და გააღრმაონ თანამშრომლობა. უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. ყველა მოსწავლისათვის განსაკუთრებით საინტერესოა საკუთარი ადგილის გმირების ისტორიების მოძიება და გაცნობა, ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლეში კვლევის, წიგნიერების, მოქალაქეობის კომპეტენციების განმტკიცებას; ქვეყნებს შორის დამეგობრების, კომუნიკაციისა და საგნობრივი კომპეტენციების გაცნობას.

პროექტი მიზნად ისახავს:

  • მოსწავლეს განუვითარდეს საკუთარი კუთხის ისტორიული ფასეულობების კვლევის, ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი;
  • მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი პოზიციის დაცვა კონკრეტული საკითხის მიმართ;
  • ისწავლონ საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა და მისი დაცვა;
  • შეძლონ სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ინტეგრირება კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში;
  • შეძენილი ცოდნა პრეზენტაციის სახით და სხვადასხვა ტექნიკური, თუ ბეჭდური საშუალების გამოყენებით გააცნონ ფართო საზოგადოებას;
  • შექმნან საჭირო რესურსები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
  • მოძებნონ საერთო ნიშნები საკუთარი ქვეყნის გმირებისა და მათი განვლილი გზის შესახებ;
  • განუვითარდეთ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები.

 

პროცესის აღწერა

მოსწავლეები ერთმანეთს შეენაცვლებიან თვეების მიხედვით. ყველა პარტნიორს ექნება შესასრულებელი ერთი დავალება. მოსწავლეები დაიყოფიან გუნდებად და მოიძიებენ ინფორმაციას, ბიბლიოთეკებში; აიღებენ ინტერვიუებს, სხვადასხვა რესპონდენტებთან მოიძიებენ ისტორიებით გამდიდრებულ ვიდეო- თუ ფოტომასალებს. შექმნიან პრეზენტაციებს და ერთმანეთს გაუზიარებენ. შეხვედრები გაიმართება ითვინინგის პლატფორმაზე, სადაც მოხდება ინფორმაციის გაცნობა, გაიმართება დისკუსიები. შეხვედრები გაიმართება თვეში ერთხელ, საჭიროების მიხედვით – თვეში ორჯერაც კი. მთელი თვე კი სამუშაო პროცესებს დაეთმობა. ყველა მონაწილე საკუთარი ქვეყნის გმირების უცნობ და საინტერესო მასალებს მოიძიებს. მასალიდან გამომდინარე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება საინტერესო რესურსები სხვადასხვა ენაზე. პროექტი განხორციელდება ოთხი თვის განმავლობაში, პარტნიორი სკოლები შექმნიან საერთო რესურსებსაც, რომლებსაც გააცნობენ ფართო საზოგადოებას.

ძირითადი აქტივობები:

  • თებერვალი: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ადგილობრივი ქალაქის გმირების შესახებ სხვადასხვა დამხმარე რესურსის გამოყენებით. მოიკვლევენ საინტერესო ისტორიებს. ჩაატარებენ გამოკითხვას, მასალას შეაჯამებენ მიღებული პასუხების საფუძველზე. აიღებენ ინტერვიუებს ამ გმირების შთამომავლებისგან. მასალას დაახარისხებენ და მოამზადებენ პრეზენტაციებს. შექმნიან პროექტის ლოგოს და შესაბამის პოსტერს.
  • მარტი: მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის ფონზე შექმნიან ვიდეოკოლაჟებს, სათაურით: „ჩვენი კუთხის გმირების საინტერესო ისტორიები“. მოიძიებენ ფოტომასალას ამ ადამიანების შესახებ. წინ წამოსწევენ უცნობ დეტალებს.
  • აპრილი: მოსწავლეები მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნიან ელექტრონულ წიგნებს. პოსტერებს, შეაფასებენ საკუთარი ხედვით. გააკეთებენ კომენტარებს.
  • მაისი: შეიქმნება საბოლოო რესურსი, მრავალენოვანი სახელმძღვანელოები დაინტერესებული ადამიანებისათვის, ორი პადლეტის დაფა პარტნიორი სკოლებისათვის, სადაც პროცესების პარალელურად განთავსებული იქნება სამუშაო მასალები. მომზადდება საინფორმაციო გაზეთები, ტექნოლოგიების გამოყენებით. გაიმართება პრეზენტაცია და მოხდება შედეგების შეფასება. მასალები აიტვირთება ბლოგზე.

მოსალოდნელი შედეგები

მოპოვებული მასალის საფუძველზე და ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვაენოვან წიგნებს, პოსტერებს, პადლეტის დაფებს, ვიდეორგოლებს, რომლებზეც განთავსებული იქნება უცნობი მასალები. მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც პარტნიორი სკოლები მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ. აგრეთვე მოძიებულ მასალას ყველა თავისი სიახლით განათავსებენ ინტერნეტსივრცეში. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნის მოსწავლეების დამეგობრებასა და მათში თანამშრომლური უნარების განვითარებას. ისინი დაინტერესდებიან თავიანთი კუთხის ადამიანების ისტორიით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და ისტორიის პოპულარიზაციისათვის. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ენობრივი თვალსაზრისითაც და გამოიმუშავებენ ოცდამეერთე საუკუნის საჭირო უნარ-ჩვევებს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მ. არახამია, „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“, ახალი განათლება, 25 ივნისი 2025;
  2. ნ. შუბითიძე, „პროექტული სწავლება ფორმალურ განათლებაში“, ჟურნ. მასწავლებელი, 30 იანვარი, 2024;
  3. „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების განვითარება და ხელშეწყობა“, 2020 წელი 21 ნოემბერი, ევროპის საბჭო;
  4. ქ. ნინიძე „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნ. მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა: 46–59;
  5. მ ბოჭორიშვილი, „როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი“ – გზამკვლევი მასწავლებლებს. https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/proeqti.pdf.

როცა საკუთარი შვილის მასწავლებელი ხარ

0

მასწავლებლობა უდიდეს პასუხისმგებლობაა. რაც, უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო იზრდება მასწავლებლის როლი და მით მეტი ძალისხმევა, მოთმინება, სიყვარული და თავდადება გვჭირდება მიზნის მისაღწევად: სწორად ჩამოვუყალიბოთ ფასეულობები ჩვენს მოზარდებს და ვასწავლოთ სამყაროს სწორი ხედვა.

თემა, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, ვფიქრობ, არაერთ ჩემს კოლეგას დააინტერესებს. საკითხი ეხება მასწავლებელი დედისა და შვილის ურთიერთობას სწავლა-სწავლების პროცესში.

შვილთან ურთიერთობა მასწავლებლისთვის არის საფუძვლიანი და მრავალმხრივი ექსპერიმენტი და კვლევა, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ შვილის სრულფასოვან, დახვეწილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. დედა-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს შვილთან, ან ქმნის საფუძველს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობის განმტკიცებას, ან კიდევ პირიქით, იმედგაცრუებისკენ და დაბალი თვითშეფასებისკენ უბიძგებს მას!

ჩემს პრაქტიკაში ხშირად შევხვედრივარ ორივე კატეგორიის მასწავლებელს: პირველი – პედაგოგი, რომელიც შვილს განსაკუთრებით მკაცრად ექცევა და ყოველთვის ყველაზე მეტს სთხოვს, არცერთ შეცდომას არ აპატიებს და ხშირად მიუთითებს, რომ მასწავლებლის შვილობა მას მეტად ავალდებულებს; და მეორე – პედაგოგი, რომელიც საკუთარ შვილს პრივილეგიას ანიჭებს, შეცდომებზეც წაუყრუებს და ნებსით თუ უნებლიეთ მის მიმართ მიკერძოებულობას იჩენს.

როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი და ჩემი შვილის მასწავლებლობა დამევალა, განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი საკითხის სიღრმე. იმ დღიდან მოყოლებული მუდმივ რესპონდენტად მყავდა საკუთარი მე – რომელსაც შვილთან კლასში ურთიერთობის დეტალებზე ვუსვამდი შეკითხვებს. მუდამ ეჭვის ჭია მღრღნიდა – არ მინდოდა რომელიმე მხარე უპირატესი ყოფილიყო – დედის ან მასწავლებლის.

„ჭეშმარიტი მასწავლებელი იცავს თავის მოსწავლეებს საკუთარი პირადი გავლენისგან“. დღემდე მაწუხებდა კითხვა, რამდენად დავიცავი ჩემი შვილი პირადი გავლენებისგან.

დღეს ერთ-ერთი სემესტრული ესეის წყალობით, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ამ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვე და თავი უბედნიერესად ჩავთვალე, როგორც დედამ და როგორც მასწავლებელმა. მომინდა, ეს გამოცდილება და ნოველად ჩამოყალიბებული შვილის ესეი კოლეგებისთვის გამეზიარებინა და მოკრძალებულად კიდევ ერთხელ მეთქვა: ნუ დავაკისრებთ ზედმეტ ტვირთს მოსწავლეს მასწავლებლის შვილობის გამო, ის ისეთივე ბავშვური და მიამიტია, როგორც სხვები; ნურც ზედმეტ პრივილეგიას მივანიჭებთ, რადგან მის თანატოლებს თვალი უნდა გავუსწოროთ და მათთან მართალი უნდა ვიყოთ, რათა ბოლომდე სჯეროდეთ ჩვენი!

დედის ხმა დაფასთან…

დაფასთან ვდგავარ. თეთრ ცარცს ხელში ვატრიალებ, გულში კი ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი კლასის წინაშე ორჯერ უნდა ვიპოვო საკუთარი თავი — როგორც მოსწავლემ და როგორც შვილმა. ზურგს უკან მესმის ხმა, რომელიც ჩვილობიდანვე მიზიდავს და მამშვიდებს, ახლა კი უცებ უცხო ტონს იღებს.

ეს ხმა დედაჩემისაა. ის ჩემი მასწავლებელია.

როცა დედა შენი მასწავლებელია, ეს არც უპირატესობაა და არც ტვირთი — ეს უბრალოდ სხვა სამყაროა, რომელშიც ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. თითქოს ერთი უბრალო გაკვეთილი ყოველთვის ოდნავ მეტია შენთვის. ხანდახან ვფიქრობ, გამართლებაა თუ არა, როცა დედა შენი მასწავლებელია, სამყაროს სხვა რაკურსით უყურებ – თითქოს ყველა ნაბიჯს ოდნავ მეტი ფერი აქვს, ყველა პასუხს ოდნავ მეტი მნიშვნელობა. ბავშვობაში ამას ვერც ვხვდებოდი ბოლომდე – უბრალოდ მქონდა მუდმივი სიფრთხილე.

 

დედაჩემის მოსწავლე ვიყავი. დედა არასდროს ყოფილა ისე მკაცრი, რომ გრძნობები დამეკარგა. ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემ უკან მდგარიყო – არა როგორც დედა, არამედ როგორც ფრთხილი დამკვირვებელი, რომელიც მელოდებოდა, როდის გადავდგამდი ნაბიჯს.

მაგრამ მაინც — ჩემი ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის დიდი იყო. პატარა ბავშვივით ვეღარ ვბრაზობდი, როცა რამე არ გამომდიოდა. იმიტომ, რომ კლასში დედაჩემი იყო. ყველა ჩემს ნაბიჯს ორმაგი ფასი ჰქონდა — მისი შვილის ნაბიჯიც იყო და მისი მოსწავლისაც. მე საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი. ჩემგან არავინ ელოდა, რომ უბრალოდ კარგი ვყოფილიყავი. თითქოს ის, რაც სხვას კარგ მოსწავლედ აქცევდა, ჩემთვის მხოლოდ მინიმუმი იყო. ალბათ იმიტომ, რომ მე მისი სახელის შემოქმედი ვიყავი, მისი პროფესიის გაგრძელება — სახელის, რომელსაც მაშინაც ვიცავდი, როცა თვითონ კლასში არ იყო. ხანდახან მინდოდა, კლასელებივით რაღაც დამეტოვებინა სახლში ან მეძინა მშვიდად. მაგრამ მე უნდა ვყოფილიყავი „მისი შვილი“ – ზუსტად ისეთი, როგორსაც ის არ მოითხოვდა, თუმცა მე მაინც ვგრძნობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი. თითქოს ერთ უბრალო შეცდომასაც შეეძლო, დედას პიროვნება შეელახა. ეს კი სინამდვილეში ჩემში გამჯდარი განცდა იყო, რომელსაც არავინ მახვევდა თავს – მე თვითონ ვფიქრობდი ასე. იმიტომ, რომ მისი შვილი ვიყავი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის მუდამ პასუხისმგებლობა იყო – არა სიმძიმე, არა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მაკვირდება — არამედ შინაგანი ვალდებულება, რომ დედას იმედები არ უნდა გამეცრუებინა. იმედები, რომელთა შესახებაც ხმამაღლა არასდროს არაფერი უთქვამს. უბრალოდ ჩუმად მიყურებდა და ჩემს გაზრდას ელოდებოდა.

საშინელი შიშიც მქონდა ხანდახან – რომ ჩემი საქციელის გამო ის იმედგაცრუებას იგრძნობდა. მაგრამ ეს არასდროს უთქვამს. ის ყოველთვის არჩევდა დუმილს, რომელიც მეხმარებოდა. არასდროს მახსენდება, რომ ხმამაღლა ეთქვას – „შენ უფრო მეტი უნდა იცოდე, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ხარ’’. მაგრამ მის თვალებში ეს თითქოს მუდმივად იკითხებოდა, და ეს არ იყო ზეწოლა – ეს იყო იმედი, რომ ის მასავით სუფთა ადამიანს გაზრდიდა.

დედა ზედმიწევნით იცავდა ბალანსს. არასდროს ყოფილა მასწავლებელი, რომელიც შვილს თვალს აარიდებდა ან პირიქით – გამორჩეულად მოექცეოდა. მე ვიყავი მისი ერთ-ერთი მოსწავლე – არც მეტი, არც ნაკლები. მისთვის მთავარი იყო სისუფთავე — სწავლებაშიც, ურთიერთობაშიც, და ეს სისუფთავე მის დამოკიდებულებაშიც იგრძნობოდა. ის არასდროს მაძლევდა პრივილეგიებს, არ მაცდუნებდა ამ გზით. დღეს, ზრდასრულობაში ვხედავ: სწორედ ეს ყოფილა მისი სიჩუმის ყველაზე დიდი გაკვეთილი — რომ წარმატებულ ცხოვრებას მხოლოდ სხვების მხარდაჭერით კი არა, საკუთარი შრომითაც შეიძლება მიაღწიო.

სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გააზრებული ბავშვობა – იქ, სადაც სხვებისთვის გაკვეთილი უბრალოდ დრო იყო, ჩემთვის ის იყო პატარა სარკე, რომელშიც დედას ამაყი თვალები უნდა დამენახა. ამ გამოცდილებამ მასწავლა ყველაზე მთავარი: სიყვარული მხოლოდ მოფერება არ არის. სიყვარული — ხშირად უკომპრომისო სიმკაცრეცაა. დედამ მასწავლა, რომ თავი უნდა დავიცვა, რომ პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნო და ვიყო სამართლიანი.

ის გაკვეთილები წარსულში დარჩა, მაგრამ ხმა არ გამქრალა. ის ჯერ კიდევ ჩამესმის – ხმა, რომელიც აღარ იმეორებს ჩემს სახელს, მაგრამ ჩემს ყოველდღიურობაზე მაინც ახდენს გავლენას. იმავე ხელით, რომელშიც ცარცი მეჭირა, ახლა კალამს ვატარებ, სხვის შვილებს ვასწავლი და ხანდახან, როცა რაიმეს ვიტყვი, ვგრძნობ — ის ხმაა. დედას ჰგავს. მკაცრი, მაგრამ სიყვარულით სავსე. და ხშირად ვფიქრობ – რას იზამდა დედა? როგორ გაიღიმებდა, როგორ გაივლიდა დაფის წინ, როგორ დადგებოდა ჩემს ადგილას. ვხვდები — მაშინ ვერც კი ვიაზრებდი, რა დიდი საქმე გააკეთა. რომ არ იყო ეს უბრალოდ შვილის აღზრდა, ეს იყო მისი ადამიანად ჩამოყალიბება.

ყველა მასწავლებელს სახელით ვიხსენებ. დედას კი, როცა ვიხსენებ, პირველ რიგში მისი ხმა ჩამესმის დაფასთან. და ეს საკმარისია, ვიცოდე – ყველა ჩემი შრომა, ყველა ჩემი ნაბიჯი, ყველა ის სიტყვა, რომელსაც გაკვეთილზე წარმოვთქვამ — სწორედ იმ ხმაში დაიბადა, იმ დღეს, როცა დაფასთან მისი თბილი ხმა პირველად გავიგონე.

დღეს მადლობელი ვარ იმ დაფის, იმ ზურგის, რომელსაც ჩავყურებდი. იმ ტონის, რომელიც მაშინ ზედმეტად მკაცრი მეჩვენებოდა, რადგან საბოლოოდ მან მასწავლა –სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული.

დედის ხმა დაფასთან – ჩემი ცხოვრების ხმა იყო. და მე მიხარია, რომ მე მყავდა დედა,

რომელმაც მასწავლა, როგორი უნდა იყოს ადამიანი — სამართლიანი, თავდაჭერილი და… ადამიანური.

ამ თემაზე ბევრს არ ვსაუბრობ, უბრალოდ ვიცი — მე დღეს მის ხმას ვატარებ.

და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.

დედის ხმა დაფასთან – ჩემი ცხოვრების ხმაა.

მაშინ მაბნევდა.

დღეს კი, როცა ყველაფერი გავიაზრე, მინდა ისევ ის ხმა გავიგონო.

არ ვიყავი საკმარისად მადლიერი.

 

 

წინადადების ძალა

0

მთავარია, მასწავლებლებმა მთელი გულით დავიჯეროთ, რომ წერილობით აზრის გამოთქმა ყველა მოსწავლეს შეუძლია. მასწავლებლის რწმენა ჯადოსნურად მოქმედებს ბავშვზე. ჯერ აზრის ჩამოყალიბებას იწყებს, შემდეგ გვენდობა და ენდობა ჩვენ მიერ შექმნილ გარემოს, ბედავს და ხმამაღლა კითხულობს. ელოდება ჩვენს უკუკავშირს, შთაბეჭდილებებს და ამ დროს ბეწვის ხიდზე ვიწყებთ სიარულს – მისი წინადადებები, რომლებიც გულში გამოვიტარეთ, სიტყვებად უნდა დავაბრუნოთ. გულწრფელობის გარეშე კი ნდობას მყისვე დავკარგავთ.

მოსწავლე წერის სწავლებისას ნაბიჯ-ნაბიჯ მიმყავს წერით ინსტრუქციამდე, თავად ვუკითხავ ჩემს ნაწერს, შემდეგ ველოდები, რომ დაწეროს და დგება ჩემი საყვარელი ეტაპი – როცა მთელი გულისყურით ვუსმენ. ერთხელაც ჩემი მოსწავლეების მოსმენისას დღიურში მათი წინადადებებისა და სიტყვების ჩაწერა დავიწყე, ჯერ სიტყვების, შემდეგ უკვე – წინადადებების. მერე სახალისო ვიქტორინა გამოვიგონე და ამგვარად დავარწმუნე ბავშვები, რა საინტერესოა გულისხმიერი მოსმენა. საშინაო დავალებების რვეულებზე მუშაობისას კი ვარსკვლავივით მბრწყინავი წინადადებები ამოვწერე და წყალგამძლე ფლომასტერებით პერანგზე დავაწერე. ამგვარად, როდესაც ჩემი მოსწავლეები წერით დავალებებს მიკითხავენ, მე საყვარელი წინადადებების მაძიებლად ვიქეცი და ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე დღიური შევავსე.

წლის ბოლოს ლიტერატურული კაფესთვის მზადებისას, გადავწყვიტე, შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებისთვის შემეკერა ბალიშები, რომლებსაც ერთ მხარეს წიგნების მიხედვით მოვხატავდი, მეორე მხარეს კი ჩემს დღიურში ჩაწერილი წინადადებებიდან შერჩეულ წინადადებას/წინადადებებს დავწერდი. მანამდე მთელი შვიდი თვე ვკერავდი საჯაროს სკოლის ერთი კლასისთვის ბალიშებს, რომელთა შესახებ შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებს ვუყვებოდი და ისინიც მგულშემატკივრობდნენ. სწორედ მათი სიყვარულით სავსე მზერა გახდა ჩემთვის ძალა, რომ სამ დღეში 25 ბალიში შემეკერა. ბალიშზე დაწერილი მათი წინადადებებით კი მადლიერების გამოხატვა მსურდა იმისთვის, რომ მენდობიან, წერენ, საკუთარი შესაძლებლობების სჯერათ და ხმამაღლა მიკითხავენ.

ბალიშებზე გადატანილმა წინადადებებმა სიხარულის ფეიერვერკი გვაჩუქა ყველას – ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებელსა და ყველას, ვინც კი ამ დღის შესახებ შეიტყო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბავშვებს საკუთარი წინადადებები უნდა გამოეცნოთ: ზოგი დაიბნა, ზოგმა მყისვე იცნო, ზოგმა ერთმანეთის წინადადებები უფრო სწრაფად ამოიცნო, ვიდრე – საკუთარი. ამგვარმა თამაშმა დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა და ვფიქრობ, თითოეული მათგანი საკუთარი ინდივიდუალიზმის, უნარების, შესაძლებლობების შესახებ დადებითი განწყობით დაიმუხტა.

ლიტერატურული კაფედან დაბრუნებულმა ილიას დედამ რომ წაიკითხა უფროსი შვილის წინადადება, მომწერა, რომ იტირა. ცრემლების გარეშე მეც ვერ ვკითხულობ ერთად თავმოყრილ წინადადებებს. მახსენდებიან ჩემი მოსწავლეები, მათი სახეები მიდგას თვალწინ და მათი ხმა ჩამესმის. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ზაფხულის საღამოა. ვფიქრობ, ნეტავ, სად დევს ფერადი და წიგნების მიხედვით მოხატული ბალიშები, იქნებ ვინმე უცხო ადამიანი კითხულობს ან ჩემი მოსწავლეების მეგობრები დაინტერესდნენ და ამბავი გამოჰკითხეს? იქნებ საუბრის თემა გახდა? დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალ ამბავს მოქსოვს 12-14 წლის გოგო-ბიჭების წინადადებები, რომლებიც ამასობაში თითქოს გასულიერდნენ. თქვენც გიზიარებთ ბალიშებზე წარწერილ წინადადებებს და გისურვებთ, ბავშვების გულიდან ამოსული წინადადებებით გახარებას:

 

  1. „ვწერ და ვწერ და ვფიქრობ, რა დავწერო და მახსენდება, რომ ჭრიჭინის ხმა აღარ მესმის“. – ანდრია
  2. „მე რომ ფრენა შემეძლოს, დაუფიქრებლად ნეიმარის სახლში გავფრინდებოდი“. – გიო
  3. „ვგრძნობ, რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ“. – კესო
  4. „ვფიქრობ, სად და როდის შევხვდებით ერთმანეთს?“ – მარიამი
  5. „ადრე მარიამი შემოვიდა „მინისოში“ დედასთან ერთად. მე თავს ვიწონებდი და ვიპრანჭებოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ პენალს ეძებდა“. – მარიამ
  6. „შიგნით დედა კიტას უღუტუნებს. მახსენდება, რომ მაცივარში „მედოკია“. – თაისია
  7. „ერთხელ რაჭაში ვიყავით მე და ნიტა და გადავწყვიტეთ მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ტყეში წასვლა, სოკოებზე“. – მართა
  8. „ოდესმე მიხსენებია, რომ მელიები ძალიან მიყვარს?“ – მარიამ
  9. „ვფიქრობ ჩემს საუკეთესო მეგობარზე, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს“. – ნუცა
  10. „ხანდახან ვფიქრობ, შენი ცუდი ნათქვამი ხალხს გონებაში არ რჩებოდეს და მაშინვე ქრებოდეს“. – ანასტასია
  11. „ლელა მასწავლებელო, განაგრძეთ ლიტერატურული კაფეს მოწყობა და არასდროს დანებდეთ“. – ნიკა
  12. „პატარა რომ ვიყავი, ვეძებდი განძს. ვეძებდი ქუჩაში, სახლში, სხვა სახლებში და კიდევ ბევრ ადგილას“. – ირაკლი
  13. „ასეთ დავალებას პირველად ვწერ. მინდა, ასეთი დავალება რომელიმე ჩემს მეგობარს გავუზიარო“. – მარიამ
  14. ერთხელ მე და ჩემი ოჯახი და დიდი ბებია მივდიოდით სიღნაღში. ზამთარი იყო და თოვდა“. – მარიამ
  15. „დედაჩემი სახლს პირველ მაისს რომ გააფორმებს, მთელი თვე ვერ ხსნის. მთელი ოჯახი ერთად ვართ“. – მაკრინე
  16. „გავიზარდე. გემოვნება შემეცვალა, სტილი, ინტერესები და მადა“. – მარიამი
  17. „არ მიყვარს, წიგნები რომ მთავრდება. ეს დედაჩემი არ ისვენებს, ახლა ტილო შემოიტანა და იატაკს წმენდს“. – ნია
  18. „მოდის საღამო და მაშინ მახსენდება, რა არის სახლი. რა საოცარია, არა, ბავშვობა?“ – ბაბო
  19. „18 დეკემბრის ღამეს, როცა ბავშვებმა დაიძინეს, მე და დედამ ნაძვის ხე დავდგით“. – ილია
  20. „მიყვარს წიგნები, რომლებშიც ერთი ადამიანი ჰყვება თავის ცხოვრებას“. – ნიტა
  21. მე და კესო ვცეკვავდით. დედაჩემი და მამაჩემი მეგობრებს ესაუბრებოდნენ. ჩემს პატარა დას სკამზე ეძინა“. – ნუცა
  22. „ჩემო საყვარელო, მერი ბებო. სკოლაში მასწავლიან ბევრ რაღაცებს, რასაც შენ მასწავლიდი და შენ მახსენდები“. – სესილი
  23. „კარგად, მარიამ. კიდევ ბევრი ასეთი წიგნი დაგვიწერე“. – გაბრიელი
  24. მე თომა ვარ. ახლა ჩემთან ხდება საგიჟეთი“. – თომა
  25. მეგობრებს ვეტყოდი, თითოეული წუთი, თქვენთან გატარებული, ბედნიერება იყო“. ერეკლე.

ზღვამ იცის…

0

იმ მკითხველმა, ვინც წლებია  ჩემს წერილებს ჟურნალ „მასწავლებლის“ ფურცლებზე თვალს ადევნებს, ჩემი და ზღვის ურთიერთობა უკვე იცის. საერთოდ არ ვცურავ. უფრო მეტიც,  სწავლის მცდელობაც არ მაქვს. კიდევ უფრო მეტს გეტყვით, ზღვის ნაპირზე მოხვედრილი, სადამდეც ზღვა უფლებას მაძლევს, ჩემთვის დავტყლაპუნობ (სავარაუდოდ, ამ დროს ჩემში „პატარა ქეთო“ იღვიძებს), რაღაც სასაცილო მოძრაობებს ვაკეთებ. იქვე ვჯდები/ვწვები ისე, რომ ტალღები ზედ მივლიდნენ და სივრცეს გავცქერი. არაფერზე ვფიქრობ ან პირიქით ყველაფერზე მეფიქრება.

(ფოტო-  თამარ ედიშერაშვილის)

„სადამდეც ზღვა უფლებას მაძლევს“-მეთქი, დავწერე, რაც ნიშნავს, რომ  ზღვაა, მაგრამ ფეხქვეშ მიწას ვგრძნობ. შარშან, მაგალითად, ქემერში ყოფნისას, რაღაც სხვა ადგილიდან მოვუარე და იმაზე ადრე და მოულოდნელად „მოვადინე ტყაპანი“ სიღრმეში, ვიდრე ველოდებოდი. ბუნებრივია, ავფართხალდი და ისე დავიწყე ხელ-ფეხის ტყაპუნი, რომ ნაპირისკენ კი არა, პირიქით, უფრო სიღრმისკენ წავედი. გამომაცუნცულეს (იქ ვინ დამტოვებდა), მითხრეს, თავი არ დაიკომპლექსო, თუ რამე, ისევ გამოგიყვანთო.

მეცხრამეტე საუკუნეში ასე რომ მოვქცეულიყავი, ზრდასრული ადამიანისთვის შეუფერებელი საქციელისთვის პასუხს მომთხოვდნენ. პოლიცია წამიყვანდა, შეიძლება ექიმებსაც ვენახე.

ზღვის ნაპირზე დასვენების კულტურა მეოცე საუკუნიდან იწყება. მანამდე, სანაპიროზე ნებივრობა და თამაში უბრალო ოჯახის პატარა ბიჭებისთვის შეიძლებოდა და არანაირად სხვებისთვის. „ტომ სოიერი“ ხომ გახსოვთ? არის ეპიზოდი, სადაც ტომი მეგობრებთან ერთად, ტივივით შეკრული რაღაც ფიცრებით  პატარა კუნძულისკენ გაცურავს, სადაც დედიშობილები, თიხით ითხუპნებიან და მთელი დღე ხან ცურავენ, ხან ინდიელობანას თამაშობენ.  სხვები? სხვებს შეეძლოთ ესეირნათ ზღვის ნაპირას, ესუნთქათ სუფთა იოდიანი ჰაერი, ესეირნათ იახტებით, მაგრამ ზრდასრული ადამიანები და ასევე ბავშვები შეძლებული ოჯახებიდან, არასდროს ირბენდნენ გახდილები ზღვის ნაპირას და მზეს არ მიეფიცხებოდნენ.

იმ შორეულ დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ცურვაც კი  ძალიან იშვიათად იცოდნენო (ჩანაწერებს ვეყრდნობი). მეზღვაურების უმეტესმა ნაწილმაც არ იცოდა ცურვაო… რა ვიცი…

მეოცე საუკუნის დასაწყისში მთელი რიგი გადატრიალებები მოხდა. პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება რუჯისადმი. მანამდე, რუჯი მზეზე მუშაობასთან ასოცირდებოდა. ამიტომ, დახვეწილი ქალბატონები ყველაფერს აკეთებდნენ, მზისგან თავი რომ  დაეცვათ. თაკარა მზეშიც კი გრძელი, დახურული კაბები ეცვათ, ეხურათ უზარმაზარი შლაპები და მზის ქოლგებს ეფარებოდნენ. უფრო მეტიც, კიდევ მეტად ფერმკრთალები რომ გამოჩენილიყვნენ, ზოგი  დაფხვნილ ვერცხლს სვამდა, ზოგიც ტყვიის კრიალას შემცველ ნელსაცხებლებს ისვამდა სახეზე.

მეცხრამეტე საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ქალაქის მცხოვრებლები  მაღალსართულიანი სახლების და ქარხანა-ფაბრიკების კედლებში გამოამწყვდია. სიფერმკრთალე უკვე აღარ იყო არისტოკრატიის ნიშანი. ეს იყო ნიშანი, რომ დილიდან-საღამომდე მუშაობდი და მზის შუქი გენატრებოდა. ვიტამინების შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ, თუმცა შემჩნეული იყო, რომ მზეზე რეგულარული სეირნობა, ბავშვებში რაქიტის განვითარებას თრგუნავდა. მზის შუქი ასევე სასარგებლო იყო  ფილტვებით დაავადებულებისთვის. 1903 წელს ნილს ფინსენმა ნობელის პრემია  მიიღო ფოტო თერაპიის მიგნებისთვის- კანის ტუბერკულოზის ულტრაიისფერი გამოსხივებით მკურნალობისთვის. ჰელიოთერაპია, იგივე მზის აბაზანები ფაქტობრივად პანაცეად გამოაცხადეს და სანატორიუმებმა სახურავებზე შეზლონგები განათავსეს. რუჯი სასარგებლო გახდა, მაგრამ მოდურად ის კოკო შანელმა აქცია, როცა რომელიღაც კრუიზიდან გარუჯული დაბრუნდა.

(სურათი აღებულია ინტერნეტიდან, ავტორი უცნობია).

 

ჰოდა, რუჯი მომენტალურად გაიგივდა უზრუნველ ცხოვრებასა და ბევრ ფულთან. როცა არაფერი განაღვლებს და ზღვის ნაპირზე წამოგორება შეგიძლია.  ასევე, ნამზეური კანი ასოცირდებოდა ფლამინგოსთან, კორიდასთან, გართობასთან და სილამაზესთან. სიფერმკრთალე მოდიდან გადადის და ნამზეური თავის პიკს მეოცე საუკუნის შუა პერიოდისთვის აღწევს.

საცურაო კოსტიუმებიც იცვლებოდა. 1900 წლისთვის ქალის საცურაო კოსტიუმი მუხლამდე კაბას წარმოადგენდა. კაბის ქვეშ კიდევ რაღაც სპეციალური თოკებისგან მოქსოვილი კორსეტი ეცვათ. ასეთი კოსტიუმით ბანაობა ძალიან მოუხერხებელი იყო, რადგან სველი ძალიან მძიმდებოდა. ჰო, თავზეც რაღაც ქუდი ეხურათ, თმები რომ არ დასველებოდათ. ეს ქალბატონები ზღვაში კი არ ცურავდნენ, არამედ, სანამ ფეხქვეშ მიწა იგრძნობოდა, უბრალოდ დადიოდნენ.  მთლად ჩემნაირად. სხვაობა ის არის, რომ მე ჩვეულებრივი საბანაო კოსტიუმებით ვსარგებლობ და კორსეტიანი კაბა არ მაქვს. თავზეც ზოგჯერ მახურავს, ზოგჯერ არა.

სანაპიროზე შემოტმასნილ საცურაო კოსტიუმში გამოჩენისთვის პოლიციამ 1907 წელს ადგილზე დააპატიმრა პროფესიონალი მოცურავე სპორტსმენი, ჩემპიონი, ავსტრალიელი ანეტ კილერმანი, რადგან შემოტმასნილ კოსტიუმში ცურვა შეიძლებოდა  შეჯიბრებაზე და არა უსირცხვილოდ სანაპიროზე.

ანნეტ კელერმანი (ფოტო აღებულია ვიკიპედიიდან)

 

რა საცუდსაქციელო კოსტიუმი ეს არის, მაგრამ მაშინდელი პოლიცია ასე არ ფიქრობდა.

20-იანი წლებიდან კომპანია Jantzen-მა ახალი ტიპის კოსტიუმები შექმნა. ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც,  ფაქტობრივად, ერთნაირი დახურული სტილი იყო შერჩეული და მასალად რაღაცნაირი მყარი რეზინი იყო გამოყენებული.  თუმცა, სანაპიროს პოლიცია კოსტიუმის სიგრძეს მაინც ზომავდა და თუ ვინმე დამოკლებას გაბედავდა, გადაჰყავდათ იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლიდნენ.

(ფოტო აღებულია ვიკიპედიიდან).

თანდათანობით ევროპაში ნუდისტური სანაპიროებიც გაჩნდა და აღარც ამერიკაში ზომავდნენ ძველებურად კოსტიუმის სიგრძეს. ხალხიც უფრო გათამამდა და გახშირდა ზღვა-ოკეანის სიღრმეში დაკარგვის შემთხვევებიც. ამიტომ, გამოჩნდნენ პირველი ქერქეჭელებიც, რომელთა იქეთ გაცურვა არ შეიძლებოდა. გახსოვთ ჩემი ქერქეჭელა „ემინე“ (https://mastsavlebeli.ge/?p=43728)? ოღონდ, ჩემი ქერქეჭელა „მეცნიერი გოგოა“ და ესენი უბრალოდ გზის მაჩვენებლები იყვნენ.

ეს ხუმრობით, სერიოზულად კი იმის თქმა შემიძლია, რომ სანაპიროზე თავისუფლად დასვენებამ D ვიტამინის მარაგის შევსების შესაძლებლობა მისცა ხალხს. თუმცა, მაშინ ჯერ რადიაციაზე არაფერი გაეგოთ, ამიტომ, ზოგიერთი დილიდან საღამომდე ეფიცხებოდა მზეს.  D ვიტამინზე და რუჯის ქიმიაზე, ჩემსავე სტატიებში,  აქ შეგიძლიათ დაწვრილებით წაიკითხოთ: https://mastsavlebeli.ge/?p=4055

https://mastsavlebeli.ge/?p=3801

ხოლო, თუ მზეს მიფიცხებულები ალკოჰოლის მიღებას გადაწყვეტთ, თან წრუპეთ და თან ამ წერილს გადაავლეთ თვალი: https://mastsavlebeli.ge/?p=4055

თუ გადაწყვეტთ, რომ წაკითხულის მიუხედავად, მეორე და მესამე ჭიქაც უნდა დალიოთ, გააგრძელეთ, ბოლოს და ბოლოს, სხეულიც და სიცოცხლეც მხოლოდ თქვენია.

მე კი ნაპირზე ჩამოვჯდები, ოღონდ ისე, რომ ტალღებმა ჩემზე ისეირნონ და მთლიანად  დამასველონ. წინ გადაშლილ უსაზღვრო სივრცეს შევხედავ და ზღვას უსიტყვოდ მოვუყვები ჩემს სიხარულს თუ საწუხარს.

ხმამაღლა მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ზღვამ ისედაც იცის!

 

 

 

 

პარალელური და მართობული წრფეების შესწავლა აქტიური კვლევით

0

პარალელური და მართობული წრფეების განტოლებების თემა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც ალგებრისა და გეომეტრიის გადაკვეთაზე დგას. ამ კონცეფციების გაგება აუცილებელია არა მხოლოდ მათემატიკაში შემდგომი წინსვლისთვის, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენების დანახვისთვისაც ინჟინერიაში, ფიზიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქვემოთ გაგიზიარებთ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე გამოყენებულ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს წრფეების დახრილობებს შორის არსებული ძირითადი პრინციპები, რამაც ხელი შეუწყო ცნებების უფრო ღრმა გაგება-გააზრებას.

თემა:

დამოკიდებულება, ფუნქცია, გრაფიკი; ანალიზური გეომეტრია; გარდაქმნები

საკითხთა კლასტერი:

  • ფუნქცია
  • წრფივი ფუნქცია (წრფივი ფუნქციის წარმოდგენა სტანდარტული და კუთხური კოეფიციენტის ფორმით)
  • გეომეტრიული გადაქმნები

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი: რეალური ვითარების (ქალაქის გეგმა) აღწერა მათემატიკური განტოლებებით; მათემატიკური შედეგების (დახრილობის მნიშვნელობები) გადმოტანა რეალურ კონტექსტში (პარალელურობა, მართობულობა)

კანონზომიერება: წრფეების დახრილობებს შორის არსებული კანონზომიერების (თანაბარი დახრილობა, ნამრავლი: -1) გამოვლენა; მიზეზშედეგობრივი კავშირების გაგება

ლოგიკა: დასკვნის გამოტანა და მისი დასაბუთება; ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნების ჩამოყალიბება; კრიტიკული აზროვნება

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტუაციის მოდელირება ვერბალურად მოცემული ამოცანის პირობის შესაბამისად და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 1, 2, 3, 5, 7, 9, 10);
  • ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად (მათ. საბ. 1, 2, 3, 8, 9, 10);
  • რეალურ ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე მოვლენების აღწერა გეომეტრიული ობიექტების მეშვეობით (მათ. საბ. 7);
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ნახაზის აგება და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 11).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კვლევის საფუძველზე თავად აღმოაჩინონ პარალელური და მართობული წრფეების კუთხურ კოეფიციენტებს (დახრილობებს) შორის არსებული ურთიერთკავშირი.

სასწავლო რესურსები:

  • კომპიუტერები/ ტაბლეტები ინტერნეტთან წვდომით
  • ონლაინ გრაფიკული კალკულატორი (მაგალითად, Desmos ან GeoGebra)
  • სამუშაო ფურცლები თითოეული ჯგუფისთვის
  • სახაზავი და ფანქრები (არასავალდებულო, მაგრამ გამოსადეგი)

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი დავიწყე მოკლე ინტერაქციული დისკუსიით, რათა მოსწავლეებმა გაიხსენონ უკვე ნასწავლი მასალა.

აქტივობა 1: წინარე ცოდნის გააქტიურება

  • მთელი კლასის დისკუსია. საბაზისო ცოდნის გასახსენებლად მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
    • რა არის წრფის კუთხური კოეფიციენტი/ დახრა? რას გვეუბნება ის წრფის შესახებ?
    • რა არის y=mx+b განტოლებაში m და b?
    • რა შემთხვევაშია წრფის კუთხური კოეფიციენტი განუსაზღვრელი?
    • როგორ შეიძლება გამოვთვალოთ დახრილობა, თუ წრფეზე ორი წერტილი გვაქვს?

აქტივობა 2: პარალელური წრფეების აღმოჩენა

კლასი დავყავი 3-4 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება Desmos-ში ან GeoGebra-ში სამუშაოდ, ასევე – სამუშაო ფურცელი, რომელზეც მოცემული იყო წრფეების რამდენიმე წყვილი. მათ უნდა შეესრულებინათ სამუშო, დაკვირვებოდნენ შედეგებს და დამოუკიდებლად გამოეტანათ დასკვნები.

დავალების ფურცელი (ერთი ჯგუფის მაგალითზე):

  1. მოცემულია წრფეთა წყვილები:
  • y=2x+1 და y=2x−3
  • y=−0.5x+4 და y=−0.5x+2
  • y=31​x−2 და y=31​x+5
  • y=4x+1 და y=−4x+1
  • y=x+2 და y=x−3
  1. კვლევის ეტაპები:
  • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
  • დააკვირდით, როგორ გამოიყურება წრფეები.
  • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: „კვეთენ თუ არა წრფეები ერთმანეთს?“ და „რა დახრილობები აქვთ მათ?“
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m1) დახრილობა (m1) იკვეთებიან თუ არა წრფეები? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+3 y=2x−1
წყვილი 2 y=−0,5x+4 y=−0,5x+2
წყვილი 3 y=31​x−2 y=31​x+5
წყვილი 4 y=4x+1 y=−4x+1
წყვილი 5 y=x+2 y=x−3
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გააანალიზეთ თქვენი პასუხები. რა ურთიერთდამოკიდებულებას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც არასდროს კვეთენ ერთმანეთს?

დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

  1. პრეზენტაციისთვის მომზადება

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინა კლასისთვის თავისი დაკვირვება. მე ფასილიტაცია გავუწიე დისკუსიას, მოსწავლეებმა კი თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ პარალელურ წრფეებს ერთნაირი კუთხური კოეფიციენტი/ დახრა აქვთ.

აქტივობა 3: მართობული წრფეების აღმოჩენა (15 წუთი)

მოსწავლეებმა ჩაატარეს ანალოგიური კვლევა, ოღონდ ამჯერად მართობული წრფეებისთვის.

ჯგუფური დავალება (დავალების ახალი ფურცელი წრფეების სხვა წყვილებით ერთი ჯგუფის მაგალითზე)

  1. მოცემულია წრფეთა წყვილები:
  • y=2x+1 და y=−21​x−3
  • y=43​x−2 და y=−34​x+5
  • y=−3x+4 და y=31​x−1
  1. კვლევის ეტაპები:
  • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
  • დააკვირდით, როგორ იკვეთებიან წრფეები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კუთხის საზომი ინსტრუმენტი (ხელმისაწვდომია Desmos-ში) კუთხის გასაზომად.
  • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: „რა კუთხით იკვეთებიან წრფეები?“ და „რა დახრილობები აქვთ მათ?“ ასევე გამოთვალეთ ამ დახრილობების ნამრავლი.
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m1) დახრილობა (m1) დახრილობების ნამრავლი (m1​⋅ m₂) იკვეთებიან თუ არა წრფეები მართი კუთხით? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+1 y=−0,5x−3
წყვილი 2 y=3/4​x−2 y=−4/3​x+5
წყვილი 3 y=−3x+4 y=1/3​x−1
წყვილი 4 y=x+2 y=−x−3
წყვილი 5 y=5x+3 y=−1/5​x+2
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გააანალიზეთ თქვენი პასუხები. რა ურთიერთდამოკიდებულებას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით კვეთენ? გამოიტანეთ დასკვნა.
  • დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

 

  1. პრეზენტაციისთვის მომზადება

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს მუშაობა, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინა კლასისთვის თავისი დაკვირვება. დისკუსიის ფასილიტაციით მოსწავლეებმა თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ მართობული წრფეების კუთხური კოეფიციენტების ნამრავლი ყოველთვის -1-ის ტოლია. ასევე დავეხმარე მათ, აღმოაჩინათ შებრუნებული და საპირისპირო ცნებები.

ეს სამუშაო ფურცლები მოსწავლეებს დაეხმარა, გაეაზრებინათ მთელი კვლევის პროცესი – მონაცემების შეგროვებიდან (დახაზვა და დაკვირვება) დასკვნების გამოტანამდე (კანონზომიერების აღმოჩენა და წესების ფორმირება).

აქტივობა 4: შეჯამება და პრობლემის გადაჭრა

  • მთელი კლასის აქტივობა: მოსწავლეებს დავუსვი კითხვები, მივეცი სავარჯიშოები, რომლებიც მოითხოვს ზემოთ „მიგნებული“ ცოდნის გამოყენებას.
    • მოცემულია წრფე, რომლის განტოლებაა y=5x+2. როგორი იქნება პარალელური წრფის დახრილობა?
    • მოცემულია წრფე, რომლის დახრილობაა 2/3​. როგორი იქნება მართობული წრფის დახრილობა?
  • პრაქტიკული ამოცანები სწრაფი წერისთვის: მივეცი მოსწავლეებს ინდივიდუალურად შესასრულებელი ამოცანების ბარათები:
    • იპოვეთ განტოლება წრფისთვის, რომელიც გაივლის წერტილზე (4,−1) და პარალელურია წრფისა y=3x+5.
    • არის თუ არა წრფეები y=2x+7 და y=−1/2​x−1 მართობული და რატომ?

აქტივობა 5: რეალური სამყაროს კავშირები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი კომპლექსური საშინაო დავალება, რომლის შესრულებასაც დასჭირდა 2-3 გაკვეთილი. ამ ხნის განმავლობაში მათთან ერთად ვიმუშავე მოცემულ თემაზე პროცედურული ცოდნის გასამდიდრებლად. იმავდროულად, ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს დავალებაზე მუშაობის ამა თუ იმ ეტაპზე. ამ კომპლექსური დავალების არსი ის არის, რომ მოსწავლეები ქმნიან პროდუქტს, რომელშიც თავიანთ ცოდნასა და უნარებს ასახავენ.

კომპლექსური დავალება: ქალაქის რუკის შექმნა

საკვანძო შეკითხვა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წრფეების განტოლებები ქუჩებს შორის ურთიერთობის აღსაწერად და ქალაქის გეგმის შესადგენად?

დავალების აღწერა:

თქვენი დავალებაა, შეადგინოთ თქვენი ოცნების ქალაქის გეგმა ან აიღოთ თქვენთვის საინტერესო ქალაქის რუკა და დაიტანოთ საკოორდინატო სიბრტყეზე. რუკის მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტში, მაგალითად, Google Maps-ის მეშვეობით.

ქალაქის გეგმა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ხუთ ქუჩას (წრფეს). თქვენ უნდა დაადგინოთ, რომელი ქუჩებია ერთმანეთის პარალელური და რომელი – მართობული.

თქვენი საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს:

  1. ქალაქის გეგმა ქუჩების ნახაზი საკოორდინატო სიბრტყეზე, შესრულებული ხელით ან გრაფიკული კალკულატორით (მაგალითად, Desmos-ით ან GeoGebra-თი).
  2. ანგარიში, რომელშიც აღწერთ თქვენს ნამუშევარს და უპასუხებთ საკვანძო შეკითხვებს. ანგარიში წარმოადგინეთ თქვენთვის მისაღები ფორმით

დავალების ეტაპები:

1. დაგეგმვა:

    • დაგეგმეთ ქალაქის განლაგება. მოიფიქრეთ, რომელი ქუჩები იქნება პარალელური და რომელი – მართობული.
    • შეურჩიეთ ქუჩებს სახელები (მაგალითად, „მზის ამოსვლის ქუჩა“, „მშვიდობის ქუჩა“, „გმირთა გამზირი“).
  1. ნახაზი: გამოიყენეთ გრაფიკული კალკულატორი (ან სახაზავი და ფანქარი) გეგმის დასახაზავად. დარწმუნდით, რომ ქუჩები შეესაბამება თქვენ მიერ დაგეგმილ პარალელურ და მართობულ ურთიერთობებს.
  2. გამოთვლები: დაწერეთ თითოეული ქუჩის განტოლება (y=mx+b ფორმით).
  3. ანგარიშის მომზადება: მოამზადეთ ანგარიში, რომელშიც ჩართავთ შემდეგ ინფორმაციას:
    • შესავალი: მოკლედ აღწერეთ თქვენი ქალაქის კონცეფცია.
    • პარალელური ქუჩები: იპოვეთ მინიმუმ ორი წყვილი პარალელური ქუჩა. ახსენით, როგორ დაადგინეთ, რომ ისინი პარალელურია? (მიუთითეთ მათი საკუთხო კოეფიციენტები)
    • მართობული ქუჩები: იპოვეთ მინიმუმ ორი წყვილი მართობული ქუჩა. როგორ დაადგინეთ, რომ ისინი მართობულია? (მიუთითეთ მათი დახრილობები და მათი ნამრავლი)
    • დასკვნა: შეაჯამეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი პარალელური და მართობული ხაზების გაგება ქალაქის დაგეგმარებისთვის ან სხვა რეალურ სიტუაციებში.

პროდუქტის შეფასება: თქვენი დავალება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ზუსტი გაგება: სწორად გაქვთ თუ არა გამოყენებული პარალელური და მართობული წრფეების თვისებები (კუთხური კოეფიციენტები).
  • მათემატიკური სიზუსტე: სწორად გაქვთ თუ არა განსაზღვრული წრფეების განტოლებები და გამოთვლილი დახრილობები.
  • არგუმენტირება: ნათლად და დასაბუთებულად გაქვთ თუ არა ახსნილი თქვენი არჩევანი და დასკვნები ანგარიშში.
  • ნამუშევრის წარმოდგენა: რამდენად მოწესრიგებულია და ვიზუალურად სასიამოვნოა თქვენი ნახაზი და ანგარიში.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. მათ მხოლოდ კი არ შეიძინეს პროცედურული ცოდნა, არამედ გაიგეს მისი არსი და ისწავლეს პრაქტიკული გამოყენებაც. იკვლიეს, გააანალიზეს, თავად მიაგნეს კანონზომიერებებს და დამოუკიდებლად გამოიტანეს დასკვნები. განუვითარდათ კვლევისა და ანალიზის, არგუმენტირებისა და დასაბუთების, ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/
  2. https://math.libretexts.org/Bookshelves/Applied_Mathematics/Developmental_Math_(NROC)/13%3A_Graphing/13.02%3A_Slope_and_Writing_the_Equation_of_a_Line/13.2.03%3A_Parallel_and_Perpendicular_Lines
  3. https://www.teacherspayteachers.com/Product/Parallel-and-Perpendicular-City-Activity-3514871

საზაფხულო საკითხავი – მატარებელი, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა

0

მეტროში ყოფილხარ? გიყვარს მეტროთი მგზავრობა? აი, მე ვგიჟდები. ჯერ რომ ესკალატორით დაეშვები, გვირაბიდან სიგრილე და ხმაური გაგრძნობინებს, რომ მატარებელი უკვე მოდის, მერე მატარებლის შუქსაც დაინახავ და ბოლოს და ბოლოს, კარიც გაიღება ხმაურით.

დიქტორის ხმა? „შემდეგი სადგური ესა და ის“, „ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

ჰოდა, ეს ამბავი მეტროს პაწია მატარებელზეა, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა.

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მატარებელი, ჩვეულებრივი მატარებელი რა, უხსოვარ დროს ბაბუაშენმა თუ იმისმა ბაბუამ ააწყო რომელიღაც ქარხანაში. დარიხინობდა და დარიხინობდა, მშვენივრად უმკლავდებოდა თავის ძალიან რთულ საქმეს.

გაჩერდებოდა რომელიმე სადგურზე, დაიცლებოდა ხალხისგან, შეივსებოდა ხალხით და ასე სულ, ყოველდღე, ვინ იცის, რამდენი წლის განმავლობაში.

ჩვეულებრივი მატარებელი იყო, ჩვეულებრივი მემანქანით, ჩვეულებრივად გაცვეთილი ჩვეულებრივი სკამებით.

მაგრამ იცი რა? არც მემანქანემ და არც არავინ დედამიწის ზურგზე არ იცოდა, რომ პატარა მატარებელს გვირაბებისა ეშინოდა.

რანაირადო, მკითხავთ? თბილისის მეტრო სულ გვირაბები არააო? ორი კინკილა სადგურია მიწის ზემოთ და იმასაც ორ წამში გაირბენს მატარებელი. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება მუშაობდე იქ, სადაც ასე ძალიან გეშინია?

არადა, ასე იყო, ყველა გვირაბში შესვლის წინ მაგრად დახუჭავდა მატარებელი თვალებს და სულ სხვა სამყაროში შექანდებოდა კივილითა და ფშუტუნით.

იქ, იმ სამყაროში მხოლოდ გვირილებიანი მინდვრები იყო, ლიანდაგებად კი, არც მეტი და არც ნაკლები, ცისვაზების წნულები. სწორედ ამ წნულებზე მისრიალებდა მსუბუქად ყელმოღერილი პატარა მატარებელი. თვალს რომ გაახელდა, ისევ მეტროს რომელიმე უსახურ სადგურში იყო, მაგრამ თვალებს დახუჭავდა და ისევ იმ სამყაროში აღმოჩნდებოდა. მხოლოდ ორ სადგურზე არ ხუჭავდა თვალებს, მიხვდები ალბათ, რომელზე. მიუხედავად იმისა, რომ გვირილებიანი მინდვრები არც იმ ორ მიწისზედა სადგურზე იყო, მატარებელი მაინც ფართოდ დაჭყეტდა თვალებს და ფეთიანივით უყურებდა უკვე ასე ნაცნობ ადგილებს, კორპუსებს, მიტოვებულ მატარებლებს, ჯართის გროვასა და ღრუბლებს, რა თქმა უნდა, ღრუბლებს.

გადიოდა წლები, დადიოდა მშიშარა და მეოცნებე მატარებელი თბილისის მეტროში, გადაჰყავდა ხალხი, მერე გადმოჰყავდა, ღამით კი ეძინა და ისევ თავის გვირილებიან მინდორს ხედავდა სიზმრად.

დაიღალა ძალიან და ერთ დღეს ინატრა, ნეტავ ძრავა გამიფუჭდებოდეს და ერთი-ორი კვირა დავისვენებდეო. აბა, როგორია, ყოველდღე გულისფეთება, მე არ დამითვლია, დღეში რამდენჯერ უწევს მატარებელს გვირაბში შესვლა, მაგრამ მას დათვლილი ჰქონდა, დამიჯერე.

ინატრა, ისე ინატრა, რომ ყველა ჭანჭიკი ცალ-ცალკე გასძვრა, ყველა ბორბალი მოერყა და ძრავამაც ჯერ ითუხთუხა, ითუხთუხა და გაჩერდა.

მშიშარა მატარებელმა დიდი, შავი გვირაბი დაინახა, შეეშინდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამ ერთხელ თვალი არ დაეხუჭა, პირიქით, ფართოდ გაეხილა და ბოლოს და ბოლოს, ენახა, რა არის გვირაბში ასეთი საშიში, ასეთი ცივი და ასეთი უცნაური.

გვირაბი იყო რა, ჩვეულებრივი, ნესტიანი, შავი, ზოგან განათებული, ზოგან ბნელი, ვირთხები დარბოდნენ, წყლის ხმა ისმოდა, ისეთი არაფერი, შესაშინებელი. სამაგიეროდ, როდესაც გვირაბიდან გავიდა, პატარა მატარებელმა თავისი ოცნების გვირილების მინდორი დაინახა. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც მის წარმოსახვაში, ცისვაზების წნულებზე მისრიალებდა და ბოლოს, მინდვრის შუაგულში გაჩერდა, პირველად იყო ამ სილამაზეში თვალებახელილი, პირველად ხედავდა ყველაფერს.

პეპლები ასხდებოდნენ ჭუჭყიან მინებზე, მერე ვაგონში შეფრინდებოდნენ და გაცრეცილ სკამებზე დაფარფატებდნენ. მერე ციცქნა ციყვი გადაძვრა და იმან დაიწყო ხტუნვა სახელურიდან სახელურზე. მემანქანის კაბინიდან დაბნეული თახვი გამობოდიალდა, რადგან კოდალამ არ მოასვენა, უკვე დაჭიანებულ სკამს უკაკუნებდა და უკაკუნებდა თავის ნისკარტს. შვებისგან ამოისუნთქა პატარა მატარებელმა და გაიღიმა, კარი ფართოდ გაიღო და დიქტორის ხმას ჩიტებიც აჰყვნენ:

„ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

მაგრამ გათავისუფლებას არავინ ჩქარობდა, პირიქით, კუდბუთქუნა კურდღლებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ თვალაუხელელი ბაჭიები ჰყავდათ, მატარებლის ერთი ვაგონი თავიანთ სახლად შეარჩიეს.

მეორე ვაგონში თახვები დასახლდნენ, მესამეში ბოლოქანქარამ გამართა ბუდე.

ასე დასრულდა პაწია მატარებლის ამბავი, რომლის ბოლო გაჩერებაზე სულ დიდი ჟივილ-ხივილი იყო, ზამთარშიც კი, როცა ყველა მატარებელში შეიყუჟებოდა და იქ ემალებოდა აბეზარ ყინვას.

 

გეოგრაფიული აზროვნება: უბრალო ფაქტებზე მეტი

0

გეოგრაფიული აზროვნება ყოველდღიური აზროვნება არ არის. ასე რომ არ ვფიქრობდე, აზრი არ ექნებოდა გეოგრაფიის გაკვეთილებს ან დისციპლინაში კარგად გარკვეული, სპეციალიზებული გეოგრაფიის მასწავლებლების არსებობას.

Ofsted-ის (გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო უწყება) კვლევით მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ფრაზა „იფიქრო გეოგრაფივით“ დიდი ხანია გამოიყენება. ეს მიდგომა ეფუძნება ინტერდისციპლინურობის კონცეფციას და ახალისებს მოსწავლეებს, დასვან ისეთი კითხვები, როგორიცაა: „სად მდებარეობს ეს ტერიტორია?“, „რატომ არის აქ და არა სხვაგან?“, „როგორია ეს ტერიტორია?“ და „როგორ ჩამოყალიბდა ასე?“

მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი კითხვები სწორედ გეოგრაფებისთვის არის დამახასიათებელი და პასუხის გაცემაც ყველაზე უკეთ მათ შეუძლიათ. სასწავლო გეგმამ მოსწავლეებს უნდა მისცეს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რათა მათ ჩვევად ექცეთ გეოგრაფიული კითხვების დასმა, რათა გაიგონ, როგორ მიდიან გეოგრაფები პასუხებამდე. შესაბამისად, მიდგომა გეოგრაფიულ კვლევას ემყარება. ამგვარად, სასწავლო გეგმა მოსწავლეებს აცნობს გეოგრაფიული აზროვნების გზებს და ამყარებს კავშირს მათსა და დისციპლინას შორის.

გეოგრაფიული კვლევა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მიერ კითხვებისა და პრობლემების აქტიურად შესწავლას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციისა და ცოდნის სხვადასხვა წყაროს შორის კავშირების დამყარებას და არა მხოლოდ მასალის მექანიკურ დამახსოვრებას. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას და ხელს უწყობს გეოგრაფიული აზროვნების განვითარებას.

გეოგრაფიის შესწავლა მოითხოვს, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ ადამიანების, საზოგადოების, გარემოსა და პლანეტის შესახებ არსებულ საკითხთა გააზრებასა და ანალიზში. ეს გულისხმობს სხვადასხვა სახის მონაცემების იდენტიფიცირებას, დამუშავებასა და გადაცემას, ასევე – შესაბამისი უნარების განვითარებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეს პროცესი ეფექტურად წარმართონ.

ამ პროცესში ხშირად გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები – რუკების, დიაგრამების, გრაფიკებისა და ვიზუალური მასალის ანალიზი და შექმნა. გარდა ამისა, გეოგრაფიის სწავლება მოიცავს სტრუქტურირებული საუბრის, დისკუსიისა და წერის უნარების განვითარებას, რაც მოსწავლეებს სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვაში ეხმარება.

გეოგრაფიული აზროვნება დისციპლინური ცოდნის ძირითადი ელემენტია. ის მოიცავს გეოგრაფიულ ცნებებს, გეოგრაფიულ პრაქტიკას და გეოგრაფიული ცოდნის გამოყენებას. ამ ტიპის აზროვნება მოითხოვს საგნის ჰოლისტურ გაგებას – არა მხოლოდ თემების ზედაპირულ შესწავლას, არამედ მათ შორის კავშირების გააზრებასაც.

გეოგრაფია მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთმანეთთან დაკავშირებული თემების სია, რომელთაგან ბევრის სწავლება ალტერნატიული საგნების სათაურებითაც შეიძლება. ეს ხაზს უსვამს გეოგრაფიის უნიკალურობას და მის ინტერდისციპლინურ ბუნებას.

გეოგრაფიული აზროვნების განვითარება მოითხოვს კავშირების შესწავლას სხვადასხვა დონეზე, მათ შორის – გლობალურზეც. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • საგნის სხვადასხვა ასპექტს შორის კავშირების იდენტიფიცირება;
  • ადგილების, ეკონომიკური აქტივობებისა და ბუნებრივი პროცესების თანმიმდევრული აღქმა;
  • იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და იყენებენ საკუთარ გარემოს.

გეოგრაფიის ეფექტური სწავლება გულისხმობს:

  • ფიზიკური გარემოს, ადამიანური კონტექსტებისა და აქტივობების დაბალანსებულ ინტეგრაციას;
  • გეოგრაფიული უნარების განვითარებას;
  • არა მხოლოდ „ერთი ისტორიის“ მოყოლას, არამედ რამდენიმე პერსპექტივის განხილვას, მაგალითად, ადგილის, ადამიანების ცხოვრების ან გარემოსდაცვითი პრობლემის შესახებ.

 

გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში

გეოგრაფიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს:

  • გაიგონ, როგორ შეიძლება გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება სამყაროს შესაცნობად;
  • განივითარონ უნარები, გამოიყენონ მზარდი გეოგრაფიული ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში;
  • განიხილონ გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან პლანეტა და ადამიანები და ამ გამოწვევათა შესაძლო გადაწყვეტა.

პროფესორი პიტერ ჯექსონი განმარტავს, როგორ შეიძლება გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება ისეთი კავშირების დასანახად, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს. მაგალითად, ტერიტორიები, რომლებიც ხშირად ცალკე აღიქმება (გლობალური ჩრდილოეთი და სამხრეთი, ურბანული და სოფლის ზონები), სინამდვილეში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ველით, რომ გეოგრაფიის გაკვეთილებზე მოსწავლეები ისწავლიან გეოგრაფიული ცოდნის გააზრებას და შეძლებენ ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულ გამოყენებას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://geography.org.uk/ite/initial-teacher-education/geography-support-for-trainees-and-ects/learning-to-teach-secondary-geography/geography-subject-teaching-and-curriculum/geography-knowledge-concepts-and-skills/subject-knowledge/thinking-geographically/

 

 

 

 

პირველი სქელტანიანი წიგნი

0

ჩემმა 6 წლის გოგომ წერა-კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. მის ცნობისმოყვარეობასა და ძალისხმევაზე დაკვირვება ძალიან მსიამოვნებს. მასწავლებლის შვილების ყოველდღიური გარემო სავსეა წიგნებით, კალმებით, დღიურებით, ფერადი ფანქრებით, ერთი სიტყვით, მრავალგვარი საწერი საშუალებებითა და ფურცლებით. ლილეს წერა-კითხვისადმი ინტერესის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი მისი ჩვევები და გარემოა, თუმცა არა – ერთადერთი. ხმამაღალი კითხვის ყოველდღიურ რუტინად ქცევა, წვრილი მოტორიკის განსავითარებლად ხატვა, ძერწვა, ცომთან ურთიერთობა, წიგნიერი გარემო – ყოველივე ეს ეხმარება ბავშვს, რომ წერისა და კითხვის საწყისი ეტაპი სასიამოვნო და აღმოჩენებით სავსე იყოს.

საჭიროდ მიმაჩნია პროფესიული თუ მშობლური გამოცდილების გაზიარება, რათა ბევრ მშობელს მიაწვდინოთ ხმა და დავარწმუნოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დროის ნაყოფიერად გატარება მათი შემდგომი აკადემიური წარმატებისთვის. ამ სტატიაში კი გიზიარებთ ერთ საინტერესო აქტივობას – ბავშვისთვის პირველი სქელტანიანი წიგნის შერჩევისა და კითხვის სტრატეგიების შესახებ.

პირველ რიგში დავიწყებ იმაზე ყურადღების გამახვილებით, რომ სკოლამდე საგანგებოდ წერა-კითხვის სწავლება არ მგონია გამართლებული. არსებობს საფრთხე, რომ შეიძლება, ბავშვმა ინტერესი დაკარგოს სკოლაში ანბანის შესწავლისას. თუკი ნაადრევი ასაკიდან ვიდრე სკოლის ასაკამდე (და შემდეგაც) სწორად წარვმართავთ ბავშვის განვითარებას, წერა-კითხვისადმი ინტერესი თავად გაუღვივდებათ. პროცესში თანამონაწილეობა – ამგვარი ჩართულობა დაუვიწყარი იქნება ბავშვისთვისაც და აღმზრდელისთვისაც.

ახლა ზაფხულია. ლილე სექტემბერში პირველ კლასში მიდის. როგორც უკვე აღვნიშნე, მან დამოუკიდებლად ისწავლა წერა-კითხვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაწაფულად კითხულობს და გამართულად წერს. საბავშვო ლექსების კრებულები, ხალხური ზღაპრები, მოთხრობები 6 წლამდე ლილეს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. როგორც კი დავინახე, თუ როგორ სურდა ანბანის სწავლა და დამოუკიდებლად კითხვასაც შეეჭიდა, მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის პირველი სქელტანიანი წიგნი შემერჩია და ხმამაღლა წამეკითხა.

ერთმა 12 წლის მოსწავლემ მითხრა, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ ჩემი პირველი წიგნია და ისე მომეწონა, დასრულება არ მინდოდაო. ნიკას გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩემი გოგოსთვისაც ასტრიდ ლინდგრენის რომანი შევარჩიე. 4 წლის ლოტას სახალისო ამბები, ოჯახში სამი დედმამიშვილი, პატარა გოგოს სიჯიუტე – საინტერესო აღმოჩნდა ლილესთვისაც.

წიგნი ლილეს მეგობარს დაბადების დღის საჩუქრად შევუძინე და წიგნის მაღაზიაში მომაფიქრდა, რომ მისთვისაც მეყიდა. ამ ფაქტმა, რომ მეგობარსაც იგივე წიგნი ექნებოდა, მას წაკითხვის სურვილი გაუღვიძა.

კითხვის დაწყებამდე ვთხოვე, დაჰკვირვებოდა ყდას და ვარაუდი გამოეთქვა, რის შესახებ შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნი. ასე დავიწყეთ პირველი სქელტანიანი საბავშვო წიგნის კითხვა.

მოიმარჯვეთ ფერადი კალამი ან ფანქარი

მარკირებული კითხვა გულისხმობს კითხვისას ფოკუსირებას მნიშვნელოვან დეტალებზე, ახალ სიტყვებზე. სწორედ ამიტომ ჩვევად ქცეული კითხვა ფანქრით ხელში ბავშვს ასწავლის მთავარი და არამთავარი საკითხების გარჩევას, პირადი დამოკიდებულების გამოხატვას, დაეხმარება ყურადღების კონცეტრაციის განვითარებასა და ლექსიკური მარაგის დაგროვებაში.

კითხვის რუტინა

ჩვენ დღეში ერთ თავს ვკითხულობთ. როგორც კი დროს ვიხელთებთ, ვსხდებით მყუდროდ და ხმამაღლა ვუკითხავ. დროდადრო ვჩერდები და გამოვხატავ ჩემს ემოციებს (მაგალითად, რა სასაცილო ეპიზოდია ან როგორი ლამაზი სიტყვაა და ა.შ.). ამგვარად ბავშვს ვუბიძგებ, რომ კითხვისას მანაც შეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება. ვცდილობ, კითხვისას თავადაც გავიხარო. ზოგჯერ როცა დაღლილი ვარ, თავად მატყობს და კითხვას ვწყვეტ. ხმამაღლა კითხვას დიდი ენერგია და ხალისიანი განწყობა სჭირდება. როცა თავად გსიამოვნებს ხმამაღალი კითხვა, ამას ბავშვიც გრძნობს და კითხვისადმი დადებითი განწყობა ეუფლება.

ხაზგასმული სიტყვები

თავდაპირველად მე ვარჩევდი სიტყვებს გასახაზად. შემდეგ თავადაც ამყვა და იმდენად გაიტაცა ამ პროცესმა, კითხვის ხშირი შეწყვეტაც კი მიწევდა მისი შერჩეული სიტყვების გასახაზად. უდიდესი სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან ურთიერთობისას. საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ ხშირად გაჩერება მომაბეზრებელი იყო ჩემთვის. ერთხელ ვუთხარი კიდეც, რომ ბოლოს გავხაზოთ ყველა მოწონებული სიტყვა-მეთქი. ჩემი დაკვირვებით, ბავშვს ბოლომდე უნდა აჰყვე თამაშში, ურთიერთობის სიხარული რომ არ გაფერმკრთალდეს და მუხტი რომ არ განელდეს. ამიტომ ახლა მეტი მოთმინებით ვჩერდები და ველოდები თავად როდის გახაზავს მოწონებულ სიტყვას, წინადადებას და ზოგჯერ მთელ აბზაცსაც კი.

ცივა-ცხელა

როგორც წესი, კითხვა შემოქმედებითი იდეების მთავარი წყაროა. ხაზგასმული სიტყვების მიხედვით „ცივა-ცხელას“ თამაშის იდეაც კითხვისას დამებადა. ერთი თავის წაკითხვის შემდეგ თაბახის პატარა ფურცლებზე ფერადი ფლომასტერებით ვწერ სიტყვებს, შემდეგ კი სასეირნოდ წასულები რიგრიგობით ვმალავთ ბარათს და მინიშნებებით ვეძებთ. თან გვყავს წლისა და სამი თვის ბიჭიც. თან მას ვაქცევთ ყურადღებას, თან ვთამაშობთ და დროს ძალიან სასიამოვნოდ ვატარებთ. სიტყვებს ვმალავთ ხეებზე, ბუჩქებში, ტოტებისა და ქვების ქვეშ – სკვერში, ტყეში, სახლში. იმდენად გატაცებით ვთამაშობთ, ხშირად ოჯახის წევრებიც აგვიყოლიებია.

დახატული სიტყვები

ბარათებზე დაწერილი სიტყვების მიხედვით ლილეს შევთავაზე ცალკე ბარათებზე ნახატების დახატვა. მან კი ინსტრუქცია შეცვალა: თაბახის ფურცელი ბარათების მიხედვით დაყო და თითოეულ გრაფაში ჩახატა თითო სიტყვა, შემდეგ კი კითხულობდა ბარათზე დაწერილ სიტყვას, მაგალითად, გემი. შემდეგ თავის ნახატებში ეძებდა დახატულ გემს და სიტყვიან ბარათს ზედ ადებდა. ეზოშიც ჰქონდა ჩატანილი ნახატები და მეგობრებთან ერთად თამაშობდა.

ამგვარად, ხმამაღალი კითხვა იქცა ერთად ყოფნის საშუალებად. ამ დროს ნაყოფიერად ვატარებთ, ვიცინით, ვაკვირდებით ილუსტრაციებს, ვხაზავთ სიტყვებს, რომლებსაც შემდეგ თამაშად ვაქცევთ და პირველ სქელტანიან წიგნთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს ვაგროვებთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ კითხვისას მოულოდნელად მან თავად გამოხატა დამოუკიდებლად წაკითხვის სურვილი და რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი წინადადება წაიკითხა. იქვე, არშიაზე, მივაწერე, რომ ეს წინადადება ლილემ დამოუკიდებლად წაიკითხა-მეთქი.

შვილთან ერთად ხმამაღალი კითხვისას მრავალი იდეა მაფიქრდება:

  • ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის გამართვა;
  • ახალი სიტყვების მიხედვით სახალისო წინადადებების მოფიქრება;
  • პერსონაჟების მიბაძვით, პიკნიკის მოწყობა;
  • საკუთარ და-ძმაზე ამბების მოყოლა (წიგნში მთხრობელი ლოტას და, მია-მაიაა);
  • სოფელში ლიტერატურულ კაფეს ვმართავთ ხოლმე და შეიძლება „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ აღმოჩნდეს ლილეს პირველი წიგნი, რომლის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებს.

ვფიქრობ, თამაშ-თამაშით წიგნის წაკითხვა ზაფხულის არდადეგებზე საუკეთესო საჩუქარია სკოლაში შემსვლელი ბავშვებისთვის. ამ სტატიის წერისას ვფიქრობ მომავალ მკითხველებზე – ნეტავ, რას უკითხავენ ბავშვებს ან რომელ წიგნს შეარჩევენ-მეთქი. ბავშვებთან ერთად გახაზული სიტყვებიც ძალიან მაინტერესებს.

 

ფუნქციური წიგნიერება მუსიკაში: თეორიული ასპექტები და პრატიკული საგაკვეთილო მაგალითები

0

თანამედროვე განათლების სისტემაში ფუნქციური წიგნიერების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად ითვლება. სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში მის განვითარებას. ტერმინი „ფუნქციური წიგნიერება“ იუნესკომ 1957 წელს შემოიღო და მას შემდეგ მისმა შინაარსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. აქცენტი ძირითადი პრაქტიკული კომპეტენციებიდან – კითხვის, წერის, დათვლის უნარიდან გადატანილია პიროვნულ, იდეოლოგიურ და სოციალურ-კულტურულ კომპეტენციებზე. იმ კომპეტენციებზე, რომელთა ჩამოყალიბება შეუძლებელია ზოგადი განათლების მხატვრული კომპონენტის გარეშე. სტანდარტი მოითხოვს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების ფუნქციური წიგნიერების განვითარების შესაძლებლობას, საგანმანათლებლო ამოცანების და ცხოვრებისეული პრობლემური სიტუაციების გადაჭრის უნარს.

ფუნქციური წიგნიერება არის მოსწავლეების მიერ საგნობრივი კომპეტენციების სისტემის დაუფლების შედეგი, რაც საშუალებას აძლევს მას წაიკითხოს, გაიაზროს და ეფექტურად გამოიყენონ შეძენილი ცოდნა ყოველდღიურ, პრაქტიკულ სიტუაციაში სოციალური ადაპტაციის პროცესში.

ფუნქციურად წიგნიერი ადამიანი ორიენტირებას ახერხებს სამყაროში და მოქმედებს სოციალური ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად. დღეს ადამიანის მთავარი ფუნქციური თვისებებია: ინიციატივა, შემოქმედებითად აზროვნებისა და არატრადიციული გადაწყვეტილებების პოვნის უნარი, პროფესიული გზის არჩევის უნარი და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის სურვილი. ყველა ეს ფუნქციური უნარი სკოლის გარემოში ყალიბდება.

მუსიკის საგნის სწავლება წლების განმავლობაში ძალიან შეიცვალა, ადრე სკოლაში იყო „სიმღერის“ გაკვეთილი, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებს მხოლოდ სიმღერებს ასწავლიდა. ახლა კი „მუსიკის“ გაკვეთილია. ასეთი გაკვეთილი მასწავლებლისგან დიდ კომპეტენციას მოითხოვს, რადგან მუსიკის გაკვეთილებზე ვაყალიბებთ ინდივიდის მუსიკალურ წიგნიერებას, ახალგაზრდა თაობის სულიერ სამყაროს. მუსიკის მასწავლებელმა ისეთი სტრუქტურა უნდა მისცეს გაკვეთილს, რომ მოსწავლეებისთვის ის საინტერესო და ინფორმაციული იყოს, არ მოიწყინოს, გაიფართოოს ჰორიზონტი და გაკვეთილზე მიღებული მუსიკალური ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს.

ხშირად, მოსწავლეები კლასში მსჯელობენ თემაზე: „რატომ გვჭირდება მუსიკა?“ და საბოლოოდ, დისკუსიების შემდეგ თანხმდებიან, რომ უფრო წიგნიერები გახდნენ, შეუძლიათ გაარჩიონ კონკრეტული მელოდია, რომელიც სატელევიზიო გადაცემაში ან ღონისძიებაზე მოისმინეს, გამოიყენონ თავიანთი ცოდნა ნაწარმოებების, კონკრეტული კომპოზიტორის სტილის იდენტიფიცირებისთვის.

  • რას მოიცავს ფუნქციური წიგნიერება?
  • რაში უნდა იყოს კომპეტენტური მუსიკის მასწავლებელი, რათა აღზარდოს წიგნიერი მოსწავლე?
  • როგორ განვავითაროთ ფუნქციური წიგნიერება მუსიკის გაკვეთილებზე?

მუსიკის გაკვეთილზე, ეს პროცესი იძენს განსხვავებულ ხასიათს, რადგან იგი ერთდროულად მოითხოვს ემოციური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების გააქტიურებას. მუსიკალურ განათლებაში ფუნქციური წიგნიერება გულისხმობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა:

  • მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის გააზრებული აღქმა;
  • აზრის გამოხატვა მუსიკის მეშვეობით;
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება;
  • კულტურულ კონტექსტში მუსიკის დანახვა.

მუსიკალური წიგნიერება, როგორც ფუნქციური კომპონენტი, გულისხმობს:

  • შემეცნებით დონეს – მუსიკის სტრუქტურის, ტონალობის, რიტმის გაგება;
  • ემოციურ დონეს – მუსიკის მეშვეობით გრძნობებისა და განწყობის გამოხატვა;
  • სოციალურ დონეს – თანამშრომლობა ჯგუფებში, მრავალფეროვანი რეპერტუარის ინტერპრეტაცია.

მუსიკალურ პრაქტიკაში ფუნქციური წიგნიერება ვლინდება, როდესაც მოსწავლე:

  • თავად ქმნის მუსიკას (იმპროვიზაცია/კომპოზიცია);
  • აფასებს მოსმენილს კონკრეტული კრიტერიუმებით;
  • უკავშირებს მუსიკას რეალურ მოვლენებს ან კულტურულ კონტექსტს;
  • იყენებს მუსიკალურ ცოდნას სხვა საგნებთან კავშირით (მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა).

მუსიკის გაკვეთილებზე მოსწავლეთა ფუნქციური წიგნიერების ფორმირების ძირითადი პირობები შეიძლება ეწოდოს შემდეგს:

  • სწავლების მეთოდების შეცვლა, გაკვეთილზე სხვადასხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო დავალებების ჩათვლით, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • კლასების ორგანიზების ფორმების ცვლილებები, ჯგუფური სწავლების მეთოდების გამოყენება, ერთობლივი მუსიკალური და შემოქმედებითი აქტივობების ორგანიზება;
  • მუსიკალური ნაწარმოებების აღქმის გააქტიურების სხვადასხვა საშუალების გამოყენება და მოსწავლეებში თვითგამოხატვისა და მათი საქმიანობის შესახებ რეფლექსიის საჭიროების ჩამოყალიბება;
  • მუსიკალური ნაწარმოებების განხილვა მსგავსებისა და კონტრასტის პრინციპის საფუძველზე;
  • გაკვეთილზე მოსწავლეთა მიერ დაგროვილი მუსიკალური გამოცდილების გამოყენება, პრობლემური სიტუაციების შექმნა;
  • მუსიკალური ნაწარმოების შესწავლისას, მხატვრული ასოციაციებისა და მხატვრული კონტექსტის გამოყენება;
  • არასტანდარტული გაკვეთილის ჩატარება;
  • სხვადასხვა დიდაქტიკური თამაშების გამოყენება. მაგალითად: „ბგერების სამყარო“, „რას მოგვითხრობს მუსიკა“, „მუსიკალური გამოხატვის საშუალებები“, „მოგზაურობა მუსიკალურ ქვეყნებში – ოპერა, ბალეტი, სიმფონია, კონცერტი“, „ინტონაცია“, „საქართველოს მუსიკალური კულტურა“.

 

შემოქმედებითი აზროვნება ფუნქციური წიგნიერების ერთ-ერთი კომპონენტია. ეს არის მოსწავლის უნარი, გამოიყენოს თავისი წარმოსახვა იდეების განვითარებისა და გაუმჯობესების, ახალი ცოდნის ჩამოყალიბებისა და ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც აქამდე არ შეხვედრია. შემოქმედებითი დავალებები ამრავალფეროვნებს გაკვეთილს, ზრდის საგნისადმი ინტერესს და შესაბამისად, ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების შედეგს. შემოქმედებითი დავალებების შესრულებისას აქტიურდება მოსწავლის შემოქმედებითობა, ჩართულია მეხსიერება და ასოციაციური აზროვნება, ყალიბდება და ფართოვდება შინაგანი ცნობიერება.

 

მუსიკის აღქმის სფეროში ფუნქციური წიგნიერების განვითარების პროცესი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, მის ზოგად და მუსიკალურ განვითარებაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ინტერესებზე, სოციალურ გარემოზე.

 

საგანმანათლებლო პროცესის დროს მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვის ინდივიდუალური,ინტელექტუალური რესურსების მობილიზება. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გააცნოს მიზნობრივი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს უახლოეს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებს. სწავლების საწყის ეტაპზე მთავარია თითოეული მოსწავლის აზროვნების უნარის განვითარება ისეთი ლოგიკური ტექნიკის გამოყენებით, როგორებიცაა – ანალიზი, სინთეზი, შედარება, განზოგადება, კლასიფიკაცია, დასკვნა, რაც ფუნქციური წიგნიერების საფუძვლების განვითარების დასაწყისია.

 

წარმოგიდგენთ, დაწყებით კლასებისთვის (I–IV) შემუშავებულ საგაკვეთილო მაგალითებს, რომლებიც ემყარება ფუნქციური წიგნიერების განვითარებას მუსიკაში. თითოეული მაგალითი ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს, თამაშით სწავლას, ემოციებთან მუშაობას და რეალურ ცხოვრებასთან კავშირს.

გაკვეთილი №1 – „რა ჟღერს ჩემ ირგვლივ?“

თემა: გარემოს ხმები და მუსიკა

კლასი: I
მიზანი: მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ყოველდღიური ხმები და გამოხატოს ისინი მუსიკალურად.

გონებრივი იერიში:

  1. „როცა დილით იღვიძებთ, როგორი ხმები გესმით?“

პასუხები: ჩიტების ჭიკჭიკი, წყლის ხმა, მანქანების ძრავის ხმა, მშობლების საუბარი, ტელევიზორის ხმა.

  1. „შეგიძლიათ მითხრათ – არის თუ არა ეს ხმები მუსიკა?“

პასუხები: არაააა, მაგრამ ჟღერს როგორც მუსიკა…

  1. „შეიძლება ჩვენც შევქმნათ მუსიკა, ხმების გარეშე?“

პასუხები: კიიიი! თითებით! ტაშით! ფეხის ბაკუნით!

  1. „ წვიმის ხმა რომ მუსიკა იყოს, როგორ გაშლიდით?“

პასუხები: წკაპ-წკაპ… პატარა წვეთები…

 

დავალება: მოსმენილი ბუნებრივი ხმების (წვიმა, ქარი, კარების ჭრიალი, ჩიტები) მიხედვით მოსწავლე ქმნის მუსიკალურ ნახატს – გამოსახავს ხმას გამღერებით, სხეულით ან ნივთით. მაგალითად:

  • წვიმა – თითების წკაპუნი;
  • ქარი – ხელის რბილი მოძრაობა და ზუზუნი;
  • მზე – გრძელი მელოდიური ხმა.

ფუნქციური უნარი: გარემოსთან კავშირი, სმენითი აღქმა, სიმბოლური აზროვნება, თვითგამოხატვა.

კომპეტენცია: გარემოს ხმების ამოცნობა და სიმბოლური გამოხატვა.

შეფასების რუბრიკა:

კომპეტენცია მდგომარეობა სიტყვიერი აღწერა
ამოიცნობს და ასახელებს გარემოს ხმებს განვითარებულია მოსწავლე თავისუფლად ასახელებს სამ სხვადასხვა ხმას და აკავშირებს მათ.
ქმნის ხმოვანი სიმბოლოს განვითარების პროცესშია ცდილობს, თუმცა სჭირდება მოდელზე დაყრდნობა.
ქმნის კავშირს მუსიკასა და რეალობას შორის გაუმჯობესებას საჭიროებს უჭირს ხმების დაკავშირება რეალურ მოვლენებთან.

 

გაკვეთილი №2 – „მუსიკალური ზღაპრის შექმნა“

თემა: ზღაპრის მუსიკალური გაფორმება

კლასი: II
მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შექმნან მოკლე ზღაპარი მუსიკალური გაფორმებით.

გონებრივი იერიში:

  1. „რა დატვირთვა აქვს ზღაპარში მუსიკას?“

პასუხები: მიგვანიშნებს, ვინ არის კეთილი ან ბოროტი გმირი… გვახალისებს… გვაშინებს.

  1. „თუ პეპელა დაფრინავს, როგორი იქნება მისი მუსიკა?“

პასუხები: რბილი… ჩუმი… მსუბუქი მელოდია.

  1. „შეიძლება ბოროტი მგელი ჟღერდეს ძალიან ნაზად?“

პასუხები: არააა… მგელი ყმუის! მაგრამ თუ მოინანიებს, მაშინ კი – შეიძლება.

  1. „თქვენ რომ იყოთ ზღაპრის გმირი – როგორ მუსიკას დაურთავდით თქვენს მოძრაობას?“
    პასუხები: თუ პრინცესა ვარ – ლამაზი მუსიკა, თუ რობოტი – ბუმ-ბუმ.

 

დავალება: მასწავლებელი კითხულობს მარტივ ზღაპარს („სამი გოჭი“), ხოლო მოსწავლეები თითო სცენას მუსიკალურად აფორმებენ:

  • სხეულით (ხტუნვა, ტაში);
  • ხმით გაჟღერებით;
  • მუსიკალური ინსტრუმენტებით (დაირა, მარაკასი, სამკუთხედი).

ფუნქციური უნარი: ინტერპრეტაცია, სიტყვიერისა და მუსიკალურის ინტეგრაცია, შემოქმედებითი აზროვნება, ჯგუფური მუშაობა.

კომპეტენცია: ინტერპრეტაცია და თანამშრომლობა.

შეფასების რუბრიკა:

კომპეტენცია მდგომარეობა სიტყვიერი აღწერა
ქმნის ზღაპრის მუსიკალურ ფორმას განვითარებულია დამოუკიდებლად აირჩია მუსიკა და შეუსაბამა სიუჟეტს
თანამშრომლობს ჯგუფთან განვითარების პროცესშია შედის დიალოგში, თუმცა იშვიათად იღებს ინიციატივას
ახსნის თავის შემოქმედებით არჩევანს გაუმჯობესებას საჭიროებს ახსნისას ეშლება სიუჟეტისა და მუსიკის კავშირი

 

გაკვეთილი №3 – „ჩემი პატარა სიმღერა – ჩემი ამბავი“

თემა: საკუთარი ისტორიების მუსიკალური გადმოცემა

კლასი: III
მიზანი: მოსწავლემ გადმოსცეს საკუთარი ემოციური გამოცდილება მუსიკალური ფრაზით.

გონებრივი იერიში:

  1. „დღეს როგორი განწყობით მოხვედით სკოლაში?“

პასუხები: ბედნიერი ვარ!… მეძინება… ოდნავ სევდიანი ვარ.

  1. „შეგიძლიათ თქვენი განწყობა მელოდიად გადააქციოთ?“

პასუხები: მგონი შემიძლია… წავიღიღინებ… შეიძლება რაღაც მელოდია მოვიფიქრო!

  1. „შეიძლება გრძნობებზე საუბარი მხოლოდ სიმღერით?“

პასუხები: კი, როცა ვმღერი, ვამბობ რასაც ვერ ვლაპარაკობ ხოლმე.

  1. „თქვენი სიმღერა ვინ უნდა მოისმინოს?“

პასუხები: დედამ… მეგობარმა… შეიძლება არავის – ეს ჩემი გრძნობაა.

დავალება: მასწავლებელი სვამს კითხვას: „დღეს როგორი დილა გქონდა?“. მოსწავლე ირჩევს ერთ სიტყვას (მაგ. ბედნიერი, მოწყენილი, აღელვებული) და ქმნის მცირე მელოდიას ამ სიტყვაზე. შეუძლია მელოდია იმღეროს ან დახატოს.

ფუნქციური უნარი: ემოციური ინტელექტი, თვითგამოხატვა, მუსიკალური ინტონაციის ფორმირება.

კომპეტენცია: თვითგამოხატვა და ემოციური აზროვნება.

შეფასების რუბრიკა:

კომპეტენცია მდგომარეობა სიტყვიერი აღწერა
ქმნის მელოდიას ემოციური განწყობის შესაბამისად განვითარებულია მარტივად გამოხატა ხასიათი მელოდიაში
იყენებს მუსიკალურ ელემენტებს ინდივიდუალურად განვითარების პროცესშია სჭირდება დახმარება ან იდეის მინიშნება
ახდენს ემოციის სიტყვიერ ინტერპრეტაციას გაუმჯობესებას საჭიროებს ჯერ ვერ აფასებს ან მხოლოდ ზოგად სიტყვებს იყენებს („სევდიანია“)

 

გაკვეთილი №4 – „მუსიკა სხეულში“

თემა: რიტმის შესრულება სხეულით

კლასი: IV
მიზანი: მოსწავლემ უნდა შექმნას რიტმული კომპოზიცია მხოლოდ სხეულის ნაწილების გამოყენებით.

გონებრივი იერიში:

  1. „სხეულიც შეიძლება იყოს ინსტრუმენტი?“

პასუხები: კიიიი, ხელით, ფეხით, ბაკუნით! ტაშითაც!

  1. „რომელი ხმებია უფრო მაღალხმიანი – ტაში თუ ფეხის ბაკუნი?“

პასუხები: ტაში! არა, ბაკუნი… გააჩნია, როგორ გავაკეთებ.

  1. „შეიძლება ყველამ ერთნაირად დააბაკუნოს?“

პასუხები: არა – ზოგი ხმადაბლა, ზოგი სწრაფად, ზოგი ძლიერად.

  1. „როგორ ჟღერს მეგობრობა რიტმში?“

პასუხები: ერთად! თანაბრად!

 

დავალება: ბავშვები ქმნიან მცირე ჯგუფებში „სხეულის ორკესტრს“ – ტაში, მუხლზე დაკაკუნება, თითების წკაპუნი, ფეხით ბაკუნი და ა.შ.

მასწავლებელი ამბობს ფრაზებს (მაგ. „მზე ამოვიდა“, „გახარებული ვარ“) და მოსწავლეები ქმნიან შესაბამის რიტმულ თანმიმდევრობას.

ფუნქციური უნარი: სხეულებრივი ინტელექტი, დროისა და რიტმის შეგრძნება, ერთობლივი პასუხისმგებლობა

კომპეტენცია: რიტმული გრძნობა და სხეულის გამოყენება

შეფასების რუბრიკა:

კომპეტენცია მდგომარეობა სიტყვიერი აღწერა
ქმნის რიტმულ მაგალითს სხეულით განვითარებულია საკუთარი იდეით და ენერგიულად ასრულებს
ასრულებს თანაბრად ჯგუფთან ერთად განვითარების პროცესშია ზოგჯერ აცდენილია რიტმს
ხსნის თავის რიტმულ არჩევანს გაუმჯობესებას საჭიროებს ვერ ახერხებს სიტყვიერ ახსნას, იმეორებს სხვის მაგალითს

 

გაკვეთილი №5 – „მუსიკალური ემოციები“

თემა: ემოციები მუსიკაში

კლასი: I–II

მიზანი: მოსწავლემ უნდა ამოიცნოს მუსიკიდან ემოცია და გამოხატოს იგი სახით, ნახატით ან მოძრაობით.

გონებრივი იერიში:

  1. „შეგიძლიათ მუსიკით იგრძნოთ სიხარული ან სევდა?“

პასუხები: კი, როცა მუსიკა სწრაფია – მიხარია, როცა ნელია – მგონია, რომ ვტირი.

  1. „რომელ ემოციას გამოარჩევთ ამ მუსიკაში?“

პასუხები: მგონია, რომ მარტო ვარ… ან – რაღაც კარგი მოხდება!

  1. „თუ ემოციას ექნებოდა ფერი, რას დახატავდი ამ მელოდიაზე?“

პასუხები: ცისფერს… წითელს… ყვითელს! ძალიან ბედნიერი მუსიკაა!

  1. „შეიძლება მუსიკა ემოციის გარეშე?“

პასუხები: არა… მაშინ რა აზრი აქვს! უნდა იყოს რაღაც გრძნობა.

დავალება: მოისმენენ მარტივ ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს (მაგ. გრიგის „დილა”, მოცარტის მენუეტი,) შემდეგ ბავშვები ირჩევენ შესაბამის ემოციას ან ხატავენ, თუ რა იგრძნეს. შემდეგ – იმეორებენ ემოციას მოძრაობით ან გამღერებით.

ფუნქციური უნარი: ემოციური და ვიზუალური აზროვნება, აზრის გამოხატვა არავერბალურად.

ფუნქციური კომპეტენცია: ემოციური ინტერპრეტაცია, შემოქმედებითი გადმოცემა.

შეფასების რუბრიკა:

კომპეტენცია მდგომარეობა სიტყვიერი აღწერა
ამოიცნობს ემოციას მუსიკიდან განვითარებულია ასახელებს ემოციას არგუმენტირებულად და აზროვნებს სიღრმისეულად
გამოხატავს ემოციას ნახატით/მოძრაობით განვითარების პროცესშია გამოხატავს იდეას, თუმცა ტექნიკურად შეზღუდულია
ამყარებს კავშირს ემოციასა და მუსიკას შორის გაუმჯობესებას საჭიროებს ჯერ არ ესმის მუსიკის ემოციური ფონი მკაფიოდ

 

გაკვეთილი №5 – „მუსიკა კადრს მიღმა“

კლასები: III–IV

მიზანი: მოსწავლე ავითარებს ფუნქციურ აზროვნებას — ასახავს და ადარებს საკუთარ მოლოდინს რეალურ მუსიკალურ გადაწყვეტასთან.

I ეტაპი -განწყობის შექმნა

  1. „თქვენ როგორ ფიქრობთ – რა შეუძლია მუსიკას, რა დატვირთვა აქვს სიუჟეტში?“
  2. „გინახავთ ფილმი ან მულტფილმი, სადაც მუსიკამ შეგაშინათ ან გაგახალისათ?“

მოსწავლეები აზრს წერენ პატარა სტიკერზე ან ამბობენ ხმამაღლა.

II ეტაპი – ვიდეოს ჩვენება ხმის გარეშე.

მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ, როგორი მუსიკა შეიძლება მოუხდეს. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ბარათებს, სადაც წერენ ან ხატავენ:

  • როგორი მუსიკა მოუხდება (მხიარული, სწრაფი, ნელი, საშიში…)?
  • რომელი ინსტრუმენტი მოუხდება?
  • რას გრძნობს პერსონაჟი?
  • როგორი ხასიათი აქვს პერსონაჟს?

III ეტაპი – კითხვა-პასუხი / გონებრივი იერიში

  1. „ვინ არის მთავარი გმირი და როგორ გგონია – როგორი ხმა აქვს მას?“
  2. „რომელი ნაწილი იყო ყველაზე დრამატული? როგორი მუსიკა წარმოიდგინე ?“
  3. „რა ჟანრის მუსიკა მოუხდებოდა?“ (მაგ: ჯაზი, კლასიკა, როკი, ხალხური)
  4. „თუ ეს გმირი სიმღერას დაწერდა, როგორი იქნებოდა?“

მოსწავლეები ჯგუფურად ან ინდივიდუალურად განიხილავენ.

 

IV ეტაპი – ვიდეოს ჩვენება მუსიკით.

ბავშვები ადარებენ ავტორისეულ მუსიკას თავიან ვარიანტებს.

V ეტაპი – შედარება და ანალიზი

მოსწავლეები ავსებენ პატარა ცხრილს:

კითხვები ჩემი მოლოდინი რეალური მუსიკა დაემთხვა თუ არა? რატომ?
ემოცია
ტემპი
ინსტრუმენტი

დასკვნითი შეკითხვები:

  • „შეიძლება ერთსა და იმავე სცენას ჰქონდეს სხვადასხვა მუსიკალური სახე?“
  • „რომელი უკეთ გამოხატავდა პერსონაჟის გრძნობას – თქვენი თუ ვიდეოს ვერსია?“
  • „თქვენ რომ კომპოზიტორი იყოთ, რას შეცვლიდით?“

შეფასების რუბრიკა:

კომპეტენცია შეფასება სიტყვიერი კომენტარი
გამოხატა საკუთარი მოსაზრება განვითარებულია / პროცესშია მნიშვნელოვანი დაკვირვება გამოიჩინა…
შეადარა და ახსნა განსხვავება განვითარებულია / პროცესშია საინტერესო იყო, რომ საკუთარი ინტერპრეტაცია არ დაემთხვა…
მუსიკის ემოციური შინაარსის გაგება განვითარებულია / პროცესშია სწორად შეამჩნია ემოციური ცვლილება…

 

მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს:

შეკითხვა №1

  • „როგორი მუსიკა წარმოიდგინე ამ ვიდეოსთვის და რატომ?“
  • „ვიფიქრე, რომ იყოს სწრაფი და მხიარული, რადგან პერსონაჟი დახტოდა და მოღიმარი სახე ჰქონდა“.
  • „მგონი მელოდიური და ნაზი მუსიკა მოუხდებოდა, რადგან მზე ამოდიოდა და მშვიდი იყო“.
  • „მე საშიში მუსიკა წარმომედგინა, იმიტომ რომ უცნაური არსება გამოჩნდა და არ ვიცოდი, კეთილი იყო თუ ბოროტი“.

შეკითხვა №2

  • „როგორ ფიქრობ, შეეფერება რეალური მუსიკა იმას, რაც შენ წარმოიდგინე?“
  • „კი! ზუსტად ისეთი იყო, ოღონდ კიდევ გიტარა დაემატა. მე ვერ მივხვდი, რა ინსტრუმენტი იყო“.
  • „ნაწილობრივ – ტემპი დაემთხვა, მაგრამ მე სხვანაირი ჟღერადობა მქონდა წარმოდგენილი, თითქოს უფრო ლამაზი მელოდია“.
  • „საერთოდ არ დაემთხვა – მეგონა, დრამატული იქნებოდა, მაგრამ ძალიან მხიარული მუსიკა ჰქონდათ. გამიკვირდა“.

 შეკითხვა №3

  • „რა ისწავლე ამ აქტივობიდან?“
  • „მუსიკა ყველაფერს ცვლის. შეიძლება სევდიანი იყო, მაგრამ მუსიკა გახალისებს“.
  • „მე ვისწავლე, რომ მუსიკა გმირს ხასიათს აძლევს. ჟღერადობით ვგრძნობ, რა ხდება“.
  • „მნიშვნელოვანია, როგორ მუსიკას დაურთავ – შეიძლება დაგაბნიოს ან გითხრას, რა უნდა იგრძნო“.
  • „მე მეგონა, მუსიკა უბრალოდ ლამაზად ჟღერს, მაგრამ თურმე ასე არაა – ის ისტორიას ჰყვება!“.

 შეკითხვა №4

  • „მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ვერსია გქონდა, შენი იდეა მაინც ღირებული იყო. რატომ?“
  • „კი,რადგან ეს ჩემი წარმოსახვა და ფანტაზიაა“.
  • „მე განსხვავებულად აღვიქვი და შეიძლება ჩემმა იდეამ სხვასაც რაღაც გაახსენოს“.
  • „მუსიკას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად გრძნობს — ჩემი მოსაზრებაც ასეთია“.

შემაჯამებელი წინადადება მოსწავლეების დასასრული ფრაზისთვის:

დღეს, მუსიკის გარეშე ვიდეომ მასწავლა, რომ…

  • ხმაც ისეთივე მთავარია, როგორც პერსონაჟი.
  • ჩემს თავში უკვე მუსიკა გაჟღერდა, სანამ ვიდეო დასრულდა.
  • ფანტაზია და რეალობა მუსიკაში ორივე საჭიროა.

თვითშეფასების კითხვარი ძალიან ღირებულია, რადგან ავითარებს:

  • კრიტიკულ აზროვნებას;
  • საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობას;
  • სწავლის პროცესზე ფიქრს (მეტაკოგნიციას);
  • ხელს უწყობს ემოციური წიგნიერების გაღრმავებას.

შეფასების რუბრიკა სოლო ტაქსონომიის მიხედვით:

სოლო საფეხური მოსწავლის უნარი და ქცევა მოსალოდნელი პასუხები და კითხვები
პრესტრუქტურული არ იცნობს მუსიკის ფუნქციას, არ აზროვნებს ვიდეოს კონტექსტზე – როგორი მუსიკა უნდა ჟღერდეს? -არ პასუხობს ან პასუხობს არაკონკრეტულად
უნისტრუქტურული აღიქვამს ერთ ელემენტს, ერთ მარტივ იდეას (მაგ: „მშვენიერი იყო მუსიკა“) – რომელი ინსტრუმენტი წარმოიდგინე?

– ერთ ინსტრუმენტს ასახელებს

მულტისტრუქტურული აღწერს რამდენიმე ელემენტს, თუმცა არ აკავშირებს მათ მთლიანობაში – როგორი მუსიკა წარმოიდგინე? -ასახელებს რამდენიმე ელემენტს, მაგალითად: „სწრაფი და მხიარული“
მიმართებითი აკავშირებს ელემენტებს, ახდენს ინტერპრეტაციას – რატომ თვლი, რომ ეს მუსიკა შეესაბამება სიუჟეტს?
გაფართოებული აბსტრაქტული გამოხატავს ახალ აზრებს, კრიტიკულ ანალიზს, შემოქმედებით ვარიანტებს – კომპოზიტორი რომ იყო, რას შეცვლიდი მუსიკაში და რატომ?

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი პრესტრუქტურული უნისტრუქტურული მულტისტრუქტურული მიმართებითი გაფართოებული აბსტრაქტული
ინფორმაციის აღქმა
დეტალების გამოვლენა
ინტერპრეტაცია
კრიტიკული შეფასება
შემოქმედებითი აზროვნება

 

ამ ტიპის დავალების შესრულებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის პიროვნულ დამოკიდებულებასა და ემოციებს. მიზნად ისახავს მოსწავლეების ინტერესების განვითარებას. ინტერესები, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვის გონებრივ, მორალურ, ემოციურ, ფიზიკურ, ესთეტიკურ განვითარებას. ინტერესის განსაკუთრებული ტიპი – კოგნიტიური, საგანმანათლებლო პროცესში ჩნდება.

თითოეული გაკვეთილის სტრუქტურირება შესაძლებელია განსხვავებულად, სხვადასხვა დიდაქტიკური მასალის გამოყენებით: ვიდეოგაკვეთილები, პრეზენტაციები, სასწავლო მოდულები, აუდიო-ვიდეო მასალები, წყვილებში, ჯგუფებში, გუნდებში მუშაობა; ზეპირი და წერილობითი გამოკითხვა, მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი და განხილვა.

მუსიკის მასწავლებლის საქმიანობაში მთავარია მოსწავლეებთან ერთად განვითარება, მუდმივი შემოქმედებითი ძიება, გემოვნების გათვალისწინებით, მოსწავლის სულიერი სამყაროს განვითარება. მოსწავლეთა უნარ-ჩვევები ვითარდება გაკვეთილში დამოუკიდებელი დავალებების ჩართვით (უცნაური ამოცანების პოვნა, ლოგიკური ჯაჭვები, მუსიკალური ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრა).

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუსიკის გაკვეთილები სულაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფუნქციური წიგნიერების ერთი ან ორი ტიპის განვითარებით. მუსიკის გაკვეთილი ეხმარება მოსწავლეებს სამყაროს გაგებაში, ავითარებს მხატვრულ გემოვნებას, შემოქმედებით წარმოსახვას, ბუნებისა და სამშობლოს სიყვარულს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...