აპრილის თვე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის. პირადად მე, დედაენის დღისთვის მზადებას მინიმუმ ერთი კვირით ადრე ვიწყებ და 14 აპრილის კვირას ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებულ საკითხებს ვუთმობ, რადგან ვფიქრობ, რომ 1978 წელს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობას სათანადოდ ვერ გაიაზრებ, თუ ანბანის შექმნის ისტორია არ იცი. ამ წერილში გაგიზიარებთ ზემოაღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ რამდენიმე იდეას, რომელიც დაწყებით საფეხურზე განვახორციელე.
დავიწყე სულ თავიდან – გამოქვაბულის მხატვრობიდან და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი ქართული დამწერლობის შექმნის ისტორიამდე. ჯერ მაგურას მღვიმეში (ბულგარეთი) „ვიმოგზაურეთ“ და რელიგიური რიტუალებისა და ნადირობის სცენების ამსახველი პირველყოფილი მხატვრობის ნიმუშები დავათვალიერეთ. შემდეგ ე.წ. ხელების გამოქვაბულს (არგენტინა) ვეწვიეთ. არც ელ კასტილოს უძველესი (40 000 წ.) ნახატები დაგვვიწყებია. მოსწავლეებს ასევე ვაჩვენე ლასკოს მღვიმისა და შოვეს გამოქვაბულის (საფრანგეთი) მხატვრობის ამსახველი ფოტომასალა და მათ შესახებ ბევრი საინტერესო რამ (ლეგენდები, ისტორიული ფაქტები და სხვ.) მოვუყევი. ყველაზე დიდი აღფრთოვანება ალტამირას გამოქვაბულის ხარების დარბაზმა გამოიწვია. ბავშვები გაფაციცებით ათვალიერებდნენ უძველესი ტექნიკით მოხატული გამოქვაბულის კედლების ფოტოებს, მარსელინო საუტოლას ისტორიითაც მოიხიბლნენ და იმ მეცნიერებზეც კარგა გვარიანად გაბრაზდნენ, არქეოლოგიის მხურვალე გულშემატკივარს ასე უდიერად რომ მოექცნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ბოლოსთვის მოვიტოვე. ჯერ თრიალეთის პეტროგლითების აღმოჩენის ისტორიას მოვყევი, შემდეგ კი ბავშვებს თემატური ფოტომასალა ვაჩვენე. მდინარე ავდრისხევის (ყოფილი პატარა ხრამი) ხეობის მარჯვენა ნაპირზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პატარა ხრამის კლდის ხელოვნება მოიცავს ძვ. წ. IX-VII და V-II ათასწლეულებს, ანუ მეზოლითურ და ენეოლით-ბრინჯაოს ხანებს, რაც საქართველოს გამოქვაბულის მხატვრობის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.
გამოქვაბულებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ, დამწერლობის უძველესი სახეობების (პიქტოგრაფიის) გაცნობის დროც დადგა. ჯერ ნახატებით ჩაწერის ხელოვნების პირველ ოსტატებზე – შუმერებზე ვისაუბრეთ და ლურსმული დამწერლობის ნიმუშები დავათვალიერეთ, შემდეგ კი ეგვიპტური იეროგლიფების სამყაროში შევაბიჯეთ. მოსწავლეები ძველი საწერი მასალითაც დაინტერესდნენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივ საღებავებზე, თიხის ფირფიტებსა და ლერწმის კალმებზე, პაპირუსის ქაღალდისა და ეტრატის დამზადების ტექნიკაზეც ვისაუბრეთ. ასევე გავამახვილე ყურადღება წერის განსხვავებულ მიმართულებებზე და მოსწავლეებს არაბულად, ჩინურად, იაპონურად წერის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა ვაჩვენე. ბოლოს კი ჩინელების მიერ ქაღალდის შექმნის ისტორია გავაცანი. ასე მოვედით ქართული ანბანის შექმნის სათავეებთან.
ქართული ანბანის შექმნის ისტორიასთან დაკავშირებული ფოტო-ვიდეო მასალის გაცნობის შემდეგ, სახალისო აქტივობების დროც დადგა. მოსწავლეებმა ჯერ ასომთავრული ანბანით ჩაწერილი სიტყვები გაშიფრეს, შემდეგ კი ასომთავრულით საკუთარი სახელების ჩაწერა სცადეს. ბოლოს ისე გათამამდნენ, ნაცნობის ანდაზების/ბრძნული გამონათქვამების ასომთავრული ჩანაწერებიც გააკეთეს.
ბოლოს კალიგრაფიის მნიშვნელობაზე საუბრის დროც დადგა, მოსწავლეებს ხელნაწერი წიგნების რამდენიმე ნიმუში ვაჩვენე და კალიგრაფთა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს შესახებ ვესაუბრე. ასევე დავაკვირდით წიგნის შიგთავსისა თუ ყდის გაფორმების ხელოვნებას და ყურადღება საზედაო ასოებზე შევაჩერეთ. რამდენიმე ნიმუშის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებმა თავადაც სცადეს შესწავლილი ანდაზების პირველი ასოების კალიგრაფიული ნიმუშების მსგავსად გაფორმება. ასე გავიარეთ გზა გამოქვაბულის მხატვრობიდან თანამედროვე დამწერლობამდე.
დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საკითხის შესწავლისას სასწავლო საფეხურის შესაბამისი ლექსიკა და თემატური თვალსაჩინოება (მულტიმედიური რესურსი) გამოიყენო, რათა მოსწავლეებს ახალი სასწავლო მასალის გაგება-გააზრების პროცესი გაუადვილდეთ. ზემოაღნიშნული ინფორმაცია მეც მაქსიმალურად გამარტივებული ენით და ფოტო-ვიდეო რესურსის დახმარებით მივიტანე ჩემს მოსწავლეებამდე. სტატიის დასასრულს რამდენიმე სასარგებლო ლინკს გაგიზიარებთ:
- დოკუმენტური ფილმი ალტამირას გამოქვაბულის შესახებ: https://www.youtube.com/watch?v=rCEIoSqHvpw
- სხვადასხვა ანბანით წერის მიმართულების ამსახველი ვიდეომასალა:
ა. არაბული დამწერლობა https://www.youtube.com/shorts/9RWupxv8ro0
ბ. იაპონური დამწერლობა https://www.youtube.com/shorts/d6lrVHqEvJA
გ. ჩინური დამწერლობა https://www.youtube.com/shorts/qZ_21UZbqio
- მოკლე ვიდეოები ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ:
ა. https://www.youtube.com/watch?v=c5dPS2fYK8c
ბ. https://www.youtube.com/watch?v=ipWGmHEpUyU
- ქართული ანბანის განვითარების ეტაპები:
ა. ასომთავრული ანბანი
https://www.youtube.com/watch?v=3QmPWu8Xm-c
ბ. ნუსხა-ხუცური ანბანი
https://www.youtube.com/watch?v=KjSzZl4P0Vw
- ქართული კალიგრაფია
ა. კალიგრაფიული ნიმუშების კოლაჟი https://www.youtube.com/watch?v=AoQwslTS5vM
ბ. ფრაზის კალიგრაფიული ნიმუში https://www.youtube.com/watch?v=u8bvCf1FL60
გ. საზედაო ასოს შექმნის მაგალითი
https://www.youtube.com/watch?v=l-NopcVDUdM