შაბათი, ივლისი 26, 2025
26 ივლისი, შაბათი, 2025

ტესტის ვალიდობა (ნაწილი პირველი)

როგორც სტატიების წინა ციკლში აღვნიშნეთ, ტესტი ცოდნის შეჯამების მექანიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა განათლებაში. როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შეფასების მექანიზმად ხშირად ტესტი გვევლინება.

სოციალურ მეცნიერებებში ტესტის აგების, მისი მიზნობირობისა და ვალიდობის საკითხებზე უამრავი ლიტერატურა იძებნება. ამ ინსტრუმენტის გამოყენება არცთუ მარტივია და დიდ რისკსაც შეიცავს – არასწორად დაგეგმილმა პროცესმა, ტესტის არარელევანტურად შერჩეულმა დებულებებმა და ფორმამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს შედეგის სანდოობა. სტატიების ამ ციკლში მიმოვიხილავთ ტესტის აგებისა და ვალიდობის ზოგად პრინციპებს. იმედი გვაქვს, ის დაეხმარება მასწავლებლებს (და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), უკეთ წარმართონ ტესტის აგებისა და გამოყენების პროცესი.

ლიტერატურის ანალიზის დროს შევნიშნავთ, რომ ტესტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის კვლევის შედეგები უმთავრესად თავმოყრილია სახელმძღვანელოებში, რაც მათი ფართოდ განხილვის შესაძლებლობას იძლევა. განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკული საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე – ადგილი, სადაც ფორმალიზებული სახელმწიფო შეფასებები ხშირია და შეფასების ინსტრუმენტების გამართვასთან დაკავშირებითაც მრავალი კვლევაა ჩატარებული.

თუ მასწავლებელი გადაწყვეტს, შემაჯამებელი დავალების ერთ-ერთ სახედ ტესტი გამოიყენოს, პროცესის მომზადება დაგეგმვის ეტაპით უნდა დაიწყოს. მკვლევრები გვირჩევენ, ამ ეტაპზე:

  • განვსაზღვროთ ტესტის მიზანი – მაგალითად, კონკრეტული ცოდნისა და უნარების შემოწმება;
  • განვსაზღვროთ ტესტის სპეფიციკა;
  • შევარჩიოთ ტესტის შინაარსი;
  • კოლეგებთან განვიხილოთ ტესტის ფორმა;
  • დავწეროთ ტესტის დებულებები;
  • დებულებები ავაწყოთ ტესტის შერჩეული სტრუქტურის შესაბამისად – მაგალითად, შესავალი ნაწილის კითხვები, ძირითადი ნაწილის დავალებები და შეჯამების ტიპის დავალებები;
  • განვსაზღვროთ ტესტის წერისთვის საჭირო დრო;
  • დავგეგმოთ ტესტის შეფასების ნაწილი – რუბრიკა / რუბრიკის განხილვა მოსწავლეებთან.

რაც შეეხება ტესტის ვალიდობას, ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ვალიდობა ტესტთან მიმართებით დამოკიდებულია ტესტის გამოყენების თავისებურებებზე. ტესტის სხვადასხვანაირმა გამოყენებამ შესაძლოა სხვადასხვანაირი შედეგები წარმოაჩინოს.

სანამ ვალიდობის საკითხს უფრო სიღრმისეულად შევეხებით, უნდა ითქვას, რომ განათლებაში და კონკრეტულად სტატიების ამ ციკლში ტესტებთან მიმართებით ჩვენ ვფოკუსირდებით კონსტრუქტის ვალიდობაზე. სოციოლოგიურ მეცნიერებებში კონსტრუქტის ვალიდობა აღნიშნავს თეორიულ ცნებას, რომელიც გამოიყენება ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების და/ან ფსიქოლოგიური თვისებების აღსაწერად (კოჰენი და მორისონი, 2018). იმისთვის, რომ ტესტი ვალიდური იყოს, ოთხი ძირითადი ასპექტი უნდა დააკმაყოფილოს. ესენია:

  • შინაარსობრივი ვალიდობა – გულისხმობს იმას, რომ ტესტის დებულებები უნდა მოიცავდეს ყველა მთავარ თემას, რომელსაც მასწავლებელი სწავლების პროცესში განიხილავდა. ტესტში დაბალანსებული უნდა იყოს სხვადასხვა სირთულის ამოცანები და ის არ უნდა მოიცავდეს კითხვებს, რომლებიც არ შეესაბამება განვლილ მასალას;
  • კონვერგენტული ვალიდობა – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს აქვს ცოდნა კონკრეტული თემის შესახებ და ტესტში აჩვენებს X შედეგს, მისი შედეგი ამავე ტიპის სხვა ტესტშიც მსგავსი უნდა იყოს. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სკოლებისათვის, სადაც მოსწავლის წლიური ქულები რადიკალურად განსხვავდება მათი დიაგნოსტიკური შეფასების შედგებისგან. ამ ნაწილში ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტესტი ისე უნდა იყოს აგებული, ერთი უნარის შესაფასებლად სხვადასხვა ტიპის დავალებები დამოიყენებოდეს.
  • დისკრიმინანტული ვალიდობა – ტესტი უნდა ზომავდეს მხოლოდ იმას, რისი შეფასებაც არის მისი მიზანი. მაგალითად, ისტორიის ტესტი არ შეიძლება აფასებდეს მოსწავლის წერის უნარებს, თუ ეს მისი მიზანი არ არის. ტესტის დებულებები უნდა იყოს გამართული და თავიდან მაქსიმალურად იქნეს არიდებული ბუნდოვანი/ორაზროვანი კითხვები.
  • კონკურენტული ვალიდობა – გულისხმობს იმას, რომ კარგი ტესტის შედეგები უნდა კორელირებდეს სხვა შეფასების შედეგებთან და მოსწავლეთა შეფასების შედეგები მომავალ სასწავლო ეტაპზეც უნდა ასახავდეს მათ ცოდნას (მაგალითად, მაღალი შედეგების მქონე მოსწავლემ სწავლების მომდევნო საფეხურზეც მსგავსი შედეგი უნდა აჩვენოს).

ვალიდობასთან დაკავშირებული საფრთხეები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მოითხოვს პედაგოგების ან სკოლაში მოქმედი ხარისხის ჯგუფის საფუძვლიან მომზადებას შეფასების პროცესის გამართვისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად. სტატიების ამ ფორმატში ყველა მათგანის სიღრმისეულად განხილვა რთულია, მაგრამ შევეცდებით, შემოგთავაზოთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა საჭიროება ყველაზე ხშირად იჩენს თავს.

იმისთვის, რომ ტესტის ვალიდობასთან დაკავშირებული საფრთხეები მეტ-ნაკლებად თავიდან იქნეს აცილებული, ტესტის შემუშავებამდე მნიშვნელოვანია მისი მიზნის განსაზღვრა და სწავლების მიზანთან დაკავშირება. კონკრეტული ცოდნის შესაფასებლად მრავალფეროვანი დავალებების შერჩევა ტესტის ვალიდობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი გზაა. მკვლევრები ასევე რეკომენდაციას უწევენ თანამშრომლობით გამოცდილებას – მასწავლებლების ჯგუფის მიერ ერთობლივად შექმნილი ტესტები და/ან უკვე შემქნილი ტესტის კოლეგებთან განხილვა ინსტრუმენტის დახვეწის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაბოლოს, თუ მასწავლებელს სურს, დანერგვამდე გამოსცადოს ინსტრუმენტი მცირე ჯგუფზე, პილოტირება და შედეგების ანალიზი ასევე კარგი მეთოდია ვალიდობის უზრუნველსაყოფად.

ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ტესტთან მიმართებით ყველაზე ხშირი და გავრცელებული შეცდომა ტესტის დებულებებს უკავშირდება – ბევრს დღემდე წარმოუდგენია, რომ ტესტი მხოლოდ არჩევითბოლოიანი დებულებებისგან (ე.წ. შემოსახაზი დავალებები) შეიძლება შედგებოდეს და მაქსიმუმ ორ ღია კითხვას მოიცავდეს. კოჰენისა და მორისონის აზრით, ტესტი შეიძლება იყოს ზეპირი, წერილობითი, პრაქტიკული, ინტერაქციული, კომპიუტერული, დრამატული, დიაგრამული, იყენებდეს აუდიოვიზუალურ მასალას, ჰქონდეს პრეზენტაციის, როლური და სიმულაციური აქტივობის სახე. მაგალითად, ზეპირი ტესტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლევარს მიაჩნია, რომ წერილობითი ტესტი ხელს უშლის რეალური მიზნის მიღწევას. ავტორები აქვე აღწერენ ტესტში შემავალი დებულებების (ე.წ. კითხვების) სახეებს:

  • დებულებები დახურული (მრავალჯერადი არჩევითი) ბოლოთი – სწრაფი შეფასებისთვის;
  • ღია კითხვები – ანალიზისა და სააზროვნო უნარების გამოსავლენად;
  • დებულებები შესავსები ადგილებით – კონკრეტული ცოდნის შესამოწმებლად;
  • შედარებითი ან შესაბამისობის დავალებები – სხვადასხვა ცნების დასაკავშირებლად;
  • პრაქტიკული ამოცანები – თეორიის პრაქტიკაში გადასატანად.

რაც შეეხება დებულებების ტიპებს, ტესტი შეიძლება მოიცავდეს:

  • თავისუფალ თემას;
  • ესეს (სხვადასხვა ტიპისას);
  • კითხვებს მოკლე პასუხებით;
  • შემოქმედებით, სააზროვნო დებულებებს;
  • დასასრულებელ დებულებებს;
  • კითხვებს მრავალი არჩევითი პასუხით;
  • შესაბამისობის დებულებებს;
  • დასასრულებელ წინადადებებს და/ან დასასათაურებელ დიაგრამებს;
  • გამოტოვებული სიტყვების ჩასმას;
  • ჭეშმარტია/მცდარიას ტიპის დებულებებს;
  • ღია კითხვებს, სადაც მოსწავლეს მიეთითება პასუხის მოცულობა.

სტატიის მომდევნო ნაწილში შემოგთავაზებთ რამდენიმე კონკრეტული ტიპის ტესტის დებულებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ნეტავი რადმე მაქცია…

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“