სტატიების წინა ციკლში ვისაუბრეთ შეფასების სანდოობის ძირითად პრინციპებსა და ტესტის ვალიდობის საბაზისო პირობებზე. ამჯერად შევჩერდებით ტესტის დებულებების, ე.წ. შეკითხვების ჩამოყალიბების შესახებ ყველაზე გავრცელებულ რეკომენდაციებზე, რომლებსაც მორისონი და კოლეგები (2018) გვთავაზობენ სხვადასხვა კვლევის შეჯამების შედეგად.
გრონლუნდი და ლინი (1990) მიიჩნევენ, რომ დებულებების ანალიზის დროს უნდა განვიხილოთ:
- თითოეული დებულების ფორმატის შესაბამისობა (სწავლის) მიზნებთან;
- რამდენად აძლევს დებულება მოსწავლეს (სწავლის) მიზნის ჩვენების შესაძლებლობას (რელევანტურობა);
- თითოეული დებულების ამოცანის სიცხადე;
- ამოცანის სწორხაზოვნება – სიმარტივე;
- თითოეული დებულების შედეგის ერთმნიშვნელოვნება და შედეგზე შეთანხმება;
- თითოეული დებულების კულტურული თვალსაზრისით გამართლებულობა;
- თითოეული დებულების დამოუკიდებლობა (როდესაც ტესტის სხვა დებულებების გავლენა მინიმალურია და ერთი დებულების წარმატებით შესრულება არ არის დამოკიდებული მეორის წარმატებით შესრულებაზე).
ქვემოთ მოვიყვანთ ძირითად რეკომენდაციებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე მეტად გავრცელებული ტესტის დებულებების ჩამოყალიბების შესახებ.
რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ტესტი მოიცავს დახურულბოლოიან (მრავალი არჩევითი პასუხის მქონე, ე.წ. შემოსახაზ) დავალებებს?
- დებულებები უნდა მიუთითებდეს მნიშვნელოვან ცოდნასა და ნასწავლ მასალაზე და არა უბრალოდ ფაქტების გახსენებაზე;
- საკითხის არსი დებულების ძირითად ტექსტში უნდა იყოს ჩამოყალიბებული და მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ძირითად ტექსტს თავისთავად აქვს აზრი;
- დებულების პირობაში ზედმეტი სიტყვების გარეშე, მრავლისმომცველი ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული;
- უნდა მოვერიდოთ უარყოფითად ფორმულირებულ დებულებებს;
- დებულება უნდა იყოს დაწერილი მარტივი და გასაგები ენით;
- დებულების წერისას უნდა დავიცვათ სიზუსტე და ერთმნიშვნელოვნება;
- უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მოსაზრება იმდენად დამაჯერებელია, შეუძლებელია სწორი ვარიანტის გამოცნობა;
- მოსწავლეებს არ უნდა მიეცეთ მცდარი მსჯელობის საფუძველზე სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა;
- დარწმუნდით, რომ მხოლოდ ერთი პასუხია სწორი (თუ ერთი პასუხის არჩევაა საჭირო) და რომ სწორი პასუხი ორაზროვანი არ არის;
- ერიდეთ სინტაქსურ და გრამატიკულ მინიშნებებს, ეცადეთ სავარაუდო პასუხები სინტაქსურად და გრამატიკურად პარალელური გქონდეთ და ამით თავი აარიდოთ პირობისა და პასუხების ერთნაირად ფორმულირებას;
- ერიდეთ დებულების პირობისა და სწორი პასუხის შემცველი მანიშნებლების ჩართვას;
- ალტერნატიული პასუხები თანაბარი სიგრძისა უნდა იყოს (მაგალითად, არ დაწეროთ სხვებისგან გამორჩეული ერთი გრძელი პასუხი);
- ალტერნატიული პასუხები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, არ ჩართოთ ერთმანეთის მომცველი პასუხები;
- განათავსეთ სწორი პასუხი სხვადასხვა დებულებაში სხვადასხვა ადგილას (მაგალითად, სწორი პასუხი არ უნდა იყოს ყოველთვის მეორე ვარიანტი).
- ერიდეთ ერთი დებულების პასუხების მეორეში მანიშნებლად გამოყენებას – დებულებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.
რეკომენდაციები ჭეშმარიტია/მცდარია ტიპის დავალებებისათვის:
- ზოგი დებულება არ უნდა იყოს ნაწილობრივ ჭეშმარიტი ან ნაწილობრივ მცდარი;
- შედარების დებულებები არ უნდა იყოს არც ძალიან მარტივი, არც ძალიან რთული;
- დებულებათა უმეტესობა არ უნდა იყოს გარკვეულ პირობებში სწორი ან მცდარი;
- მოსწავლემ შესაძლოა ვერ გაარკვიოს, ფაქტებზე ხდება ფოკუსირება თუ მოსაზრებებზე;
- დებულებები დაუბალანსებელი სწორი და დაუბალანსებელი მცდარი არ უნდა იყოს;
- არ შეიძლება, დებულება იძლეოდეს მნიშვნელოვან მინიშნებას, მაგალითად, „ყოველთვის“, „არასოდეს“, „ყველა“, „არცერთი“. ერიდეთ განზოგადებულ დებულებებს (ვინაიდან ისინი, ჩვეულებრივ, მცდარია);
- სასურველია, დებულებებში თავი ავარიდოთ უარყოფას და ორმაგ უარყოფას;
- დებულებებში არ უნდა გამოვიყენოთ ძალიან გრძელი და ძალიან რთული ქვეწყობილი წინადადებები;
- დარწმუნდით, რომ დებულებები ნამდვილად სწორია ან ნამდვილად მცდარი;
- დაწერეთ დებულებები ყოფითი, ყოველდღიური სამეტყველო ენით;
- გადაწყვიტეთ, სად არის მართებული „სიხშირის“ მაჩვენებლების („საზოგადოდ“, „ჩვეულებრივ“, „ხშირად“) გამოყენება, ვინაიდან შესაძლებელია მათი ინტერპრეტაცია;
- დარწმუნდით, რომ თითო დებულება თითო აზრს გადმოსცემს;
- დარწმუნდით, რომ ჭეშმარიტი და მცდარი დებულებები თანაბარი რაოდენობით არის წარმოდგენილი და თანაბარი სიგრძისაა.
რეკომენდაციები შესაბამისობის ტიპის დავალებებისთვის:
- შესაწყვილებელი დებულებები უნდა იყოს ჰომოგენური, ანუ მთელ ტესტში მსგავსი (რათა გამოცნობა გართულდეს);
- ერიდეთ ისეთ შესაწყვილებელ დებულებებს, რომლებზე პასუხის გაცემაც გამორცხვით იქნება შესაძლებელი;
- შესაწყვილებელი ვარიანტები ლოგიკური და ადვილად გასაგები უნდა იყოს (თანმიმდევრობით დაალაგეთ, მაგალითად, რაოდენობის ან ქრონოლოგიის მიხედვით);
- ერიდეთ გრძელ სვეტებს და ისინი ერთ გვერდზე მოათავსეთ;
- ასარჩევი ვარიანტების სვეტებში შეძლებისდაგვარად მოკლე დებულებები ჩართეთ;
- თავი არიდეთ ორაზროვნებას, იქონიეთ ნათლად შესატყვისი ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა ალტერნატივებისგან;
- გასაგებად გადმოეცით, რა მიმართება უნდა იყოს დებულებასა და ალტერნატიულ ვარიანტებს შორის (როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს);
- დანომრეთ დებულებები და ასოებით აღნიშნეთ პასუხები.
რეკომენდაციები ესეს ტიპის დავალებებისთვის (ან ღია კითხვისთვის):
- ესეს ტიპის კითხვა ძალიან მკაფიოდ უნდა მიუთითებდეს სფეროსა და ამოცანებზე (მაგალითად, „დაასაბუთეთ“, „შეადარეთ“, „გააკრიტიკეთ“, „შეაჯამეთ“, „გააანალიზეთ“, „დააზუსტეთ“, „გაარჩიეთ“, „გამოიყენეთ“, „შეაფასეთ“, „გააერთიანეთ“, „დაუპირისპირეთ“, „ახსენით“ „მოიყვანეთ მაგალითი“);
- სასურველია, თავი არიდოთ ვარიანტებს, მაგრამ მათი შეთავაზების შემთხვევაში მიაწოდეთ სათაურების ჩამონათვალი, საიდანაც შეძლებენ არჩევას. ამასთან, შეთავაზებული სათაურები თანაბარი სირთულისა უნდა იყოს და მოსწავლეს ერთნაირად აძლევდეს მიღწევის, გაგების და ა. შ. დემონსტრირების საშუალებას;
- წინასწარ განსაზღვრეთ და ახსენით კრიტერიუმები, მიუთითეთ, რა უნდა იყოს მოცემული პასუხებში, რამდენ ქულას მიანიჭებთ თითოეულ პუნქტზე და რამდენი ქულა უნდა მოაგროვონ მოსწავლეებმა მოცემული კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად;
- შეათანხმეთ, როგორ შეაფასებთ ფაქტობრივ უზუსტობებს და აზრობრივ თუ გრამატიკულ/მართლწერის შეცდომებს;
- კარგი პრაქტიკაა ნაშრომის ორჯერ ბრმად გასწორება (როდესაც ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს და არ იციან, რომ სხვაც ასწორებს იმავე ნაწერს), საუკეთესო შემთხვევაში – ესეს ავტორის ვინაობის ცოდნის გარეშე.