შაბათი, ივლისი 26, 2025
26 ივლისი, შაბათი, 2025

აღდგომა გაუთენდა – სააღდგომოდ ერთი ამაღელვებელი იდიომა გავიხსენოთ.

ადამიანები, როგორც სჩვევიათ, იმ საკითხზეც დავობენ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქრისტიანული იგავები, ქრისტიანული ისტორიები სკოლებში, უნდა იყოს თუ არა სკოლა ქრისტიანული. ამ აზრის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად სხვა კონფენსიის ბავშვები მოჰყავთ, ასევე ფიქრობენ, რომ რელიგია ბავშვებს თავისუფლებასა და კრიტიკულ აზროვნებას შეუზღუდავს, შესაძლოა, იყოს წნეხი და იძულებაც, მომხრეები კი ფიქრობენ, რომ ქრისტიანული მორალი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, სწორი ღირებულებების ჩანერგვისთვის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კულტურას, მწერლობას ქრისტიანული საფუძველი აქვს, შესაბამისად, გვინდა თუ არა, რელიგიის ზოგიერთ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით. გარდა ამისა, ჩვენი ყოველდღიური მეტყველება, ფრაზები და იდიომები ხშირად უკავშირდება ქრისტიანულ ამბებს.

გთავაზობთ, დაგეგმოთ გაკვეთილი ჩემთვის ძალიან საყვარელი ერთი იდიომის შესახებ. ამბავი კი ასეთია:

ადამიანები თავიანთ გრძნობებსა და ემოციებს ხშირად ისეთი ფრაზებით გამოახატავენ, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი გამონათქვამია „აღდგომა გაუთენდა“, რომელიც დიდ სიხარულს, უზარმაზარ ბედნიერებას აღნიშნავს.

ფრაზა სახარებიდან იღებს სათავეს და იესოს მკვდრეთით აღდგომას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ქრისტე ჯვარს აცვეს და სამარხში დაასვენეს, მის მოწაფეებს ანგელოზი გამოეცხადა და მოძღვრის მკვდრეთით აღდგომა ახარა.

სამარხთან მისულ მარიამ მაგდალელს, მენელსაცხებლეს, იესოს ერთ-ერთ მიმდევარს, სამარხის ქვაკარი გადაგორებული დახვდა, იქ მყოფმა ორმა ანგელოზმა კი უთხრა: „რად ეძებ ცოცხალს მკდრებს შორის? ის აქ არ არის, აღდგა და წადი, მის მოწაფეებს გააგებინეო“.

იესოს აღდგომამ უზარმაზარი სიხარული და იმედი მოუტანა კაცობრიობას, ამიტომ ქრისტიანებისთვის აღდგომა დიდი დღესასწაულია, ხოლო ყველაზე დიდი სიხარული ქრისტეს აღდგომის სიხარულთან, აღდგომის გათენებასთან ასოცირდება.

 

ლექსიკონი

მენელსაცხებლე – სურნელოვანი კოსმეტიკური ნივთიერებების დამამზადებელი. ეს ერთ-ერთი უძველესი ხელობა იყო როგორც ქრისტიანთა, ასევე მუსულმანთა შორის.

ქვაკარი – უზარმაზარი ლოდი კარის ფუნქციით.

 

შენ როგორ, რა ფრაზებით გამოხატავ სიხარულსა და ბედნიერებას? ჩამოწერე:

 

 

შენს ცხოვრებაში თუ ყოფილა ისეთი მომენტები, რომლებზეც იტყოდი, აღდგომა გამითენდაო? შეგიძლია, ამ დღის ილუსტრაციაც შექმნა.

 

მიმობნეულ სიტყვებს ერთმანეთი აპოვნინე. მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები ერთმანეთთან მწვანე ხაზით დააკავშირე, საწინააღმდეგო მნიშვნელობისა კი წითელი ხაზით.

 

სიხარული, მწუხარება, უბედურება, ბედნიერება, პატივისცემა, შეურაცხყოფა, უზარმაზარი, პაწაწინა, დიდი, პატარა, ზეიმი, გლოვა, ვაგლახი, კაეშანი.

 

მისწერე მეგობარს ან ოჯახის წევრს წერილი. წერილში ადრესატს შენი ერთ-ერთი ბედნიერი დღის შესახებ მოუყევი. აუცილებლად გამოიყენე ფრაზა: „აღდგომა გამითენდა“. წერილი დაიწყე მიმართვით: „ძვირფასო… ჩემო მეგობარო… გამარჯობა…“ – და სხვა.

 

აღდგომის თემაზე საბავშვო ლექსებიც გვაქვს, შეგვიძლია, ბავშვებს წავუკითხოთ, ლამაზი კალიგრაფიით ამოვაწერინოთ სტრიქონები, გავაფორმებინოთ, ვასაუბროთ იმაზე, რა ეცნოთ და რა იყო მათთვის ძალიან ახლობელი. წავაკითხოთ მხატვრულად, დავახატვინოთ ილსუტრაციებიც.

აქ ნახავთ ლექსებს აღდგომაზე:

https://kids.ge/poesy-verse?id=2586

https://www.etaloni.ge/geo/main/index/69880

 

აღდგომა უზარმაზარი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი დღესასწაულია. გთავაზობთ სხვადასხვა სამუშაო ფურცელს აღდგომის თემაზე. ბავშვები იხალისებენ, იმხიარულებენ, იმუშავებენ და თან დაეუფლებათ ის საოცარი სიხარული, მხოლოდ აღდგომას რომ მოაქვს.

https://www.pinterest.com/krb1172/easter-worksheets/

https://www.canva.com/worksheets/templates/easter/

https://www.twinkl.com/resources/festivals-and-cultural-celebrations/easter/easter-activities

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ნეტავი რადმე მაქცია…

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“