ადამიანის თვითგამოხატვის ფორმებს შორის პოეზია საუკეთესო საშუალებაა ინტერნალური ამბოხისთვის და პროტესტისთვის, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში იჩენს ხოლმე თავს, ამ დროს ჩნდება ერთგვარი უმოტივაციო პროტესტი არსებული წესრიგისადმი და, ამ შემთხვევაში, ლიტერატურული წესრიგისადმი. რაღაც ამდაგვარი მეც მჭირდა ახალგაზრდულ ასაკში და მაშინდელ ლექსებშიც პროეცირდა ეს ყოველივე, თუმცა ეს, სხვებივით, არასოდეს გადამსვლია ოიკოფობიაში და ჩვენი დიდი ლიტერატურული წარსულის ლანძღვა-გინებაში.
ამ თითქმის ოცი წლის მანძილზე, რაც ლიტერატურულ პროცესებში (როგორც წესი, დისტანციის დაცვით) ჩართული ვარ, უამრავი ამბოხებული ახალგაზრდა პოეტი მინახავს, რომლებსაც ძალიან რადიკალური მიზანი – ქართული პოეტური ესთეტიკის და წესრიგის დეკონსტრუქცია ჰქონდათ დასახული. მრავალწლიანი, წინასწარვე განწირული, კოლიზიების მერე ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დაანება წერას თავი და კაცმა არ იცის, ახლა სადაა, ზოგიერთი კი დანებდა და მიჰყვა ლიტერატურულ დინებას.
ღრმა არქაულ საწყისებში ფესვგადგმულ ჩვენს ფოლკლორულ პოეზიას რომ თავი დავანებოთ, ქართველი მეცნიერების საფუძვლიანი მტკიცებით, ქართული საერო პოეზია წინარექრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს, ქრისტიანობამდე ჩვენში უკვე არსებობდა საერო პოეზია და მკაცრად ჩამოყალიბებული ვერსიფიკაციულ-მეტრული სისტემა (თუმცა ქრისტიანობის შემოღებასთან ერთად, რომელიც ყველაფერი წარმართულის მოსპობას გულისხმობდა, ეს პოეზია განადგურდა). ამისი დასტურია, მეოთხე-მეხუთე საუკუნეებიდან მოყოლებული, თარგმნილ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ჩართული საერო ლექსითი ციტატები, რომლებშიც, სასულიერო პოეზიისგან განსხვავებით, მეტრი მყარად არის ორგანიზებული, ანუ უკვე არსებობდა სალექსო სისტემა და ამ ციტატების სახით ამ სისტემის ცალკეული ერთეულების რეციდივებთან გვაქვს საქმე. იმის თქმა მინდა, რომ მინიმუმ ოცსაუკუნოვანი ქართული საერო პოეზიის – ამხელა მონსტრის, რომელიც ასეულობით მეტრულ ერთეულს და რიტმული მოდულაციის ფართო პოტენციალს შეიცავს – დეკონსტრუქცია როცა გაქვს განზრახული, ეს გრანდიოზული პოეტური გამოცდილება ათვისებული და დაძლეული უნდა გქონდეს, რომ რამე ახალი შექმნა. როცა მხოლოდ ორი ყბადაღებული ფორმა – უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული რიტმით (რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს) დაწერილი ვერლიბრი და, უარეს შემთხვევაში, სრულიად ურიტმოდ დაწერილი ვერლიბრი – გაქვს მომარჯვებული, ცხადია, კომიკურად უთანასწორო ამ დაპირისპირების შედეგი წინასწარვეა განსაზღვრული.
ყველა ავანგარდული თუ მოავანგარდულო პოეტური თაობა არსებული პოეტური წესრიგის დეკონსტრუქციის აგრესიული იდეით მოდის, თუმცა ღრმა თეორიული ცოდნის გარეშე ეს ამბავი წარმოუდგენელია. მაგალითად, ოციანი წლების ქართული ავანგარდული გამოცდილება ფონეტიკურ და გრაფიკულ ძიებებს ვერ გასცდა, ეს გამოცდილება თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ იგი თავის დროშივე კონსერვირდა და ინკუბაციის უნარი ნაკლებად აღმოაჩნდა, ამას, ცხადია, ოცწლიანმა კომუნისტურმა წნეხმაც შეუწყო ხელი, რომელიც ყოველგვარ ფორმობრივ ძიებას კაპიტალისტური დასავლეთის კულტურულ დივერსიად განიხულავდა და კრძალავდა, თუმცა ეს უამისოდაც ასე იქნებოდა, რადგან არ გახლდათ ქართული ლექსის შინაგანი, თვისობრივი გადახალისება, როგორიც გააკეთა გალაქტიონმა – მიუბრუნდა რა ვერსიფიკაციულად უკიდურესად საინტერესო და, ფაქტობრივად, აუთვისებელი ქართული კლასიცისტური პოეზიის გამოცდილებას და, ამ გამოცდილების რეცეფცია-რეგენერაციით და საკუთარი ახალი საზომების შემოტანით, რეალურად შეძლო ესთეტიკურ ჩიხში შესული ქართული პოეტური წესრიგის დეკონსტრუირება.
პ. ს. დღესაც მრავლად შეხვდებით ფშუტე პოეტურ ამბიციურობას, რომლის უკან არანაირი თეორიული ცოდნა და შესაძლებლობები არ დგას, და უმწეობით გაავებულ ამ ამბიციურობას ერთადერთი გზა დარჩენია – დიდი ქართული პოეტური გამოცდილების (თვით – რუსთაველისა და გურამიშვილისაც კი) “დაკნინება”, თუმცა ეს უსუსური მცდელობანი, ცხადია, თვითონ ფშუტე ამბიციურობასვე აყენებს კომიკურ მდგომარეობაში. სწორედ ამან დამაწერინა ეს ბლოგი.