კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

ზვიად გამსახურდია

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო. იგი იმ ისტორიულ პერსონათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შესახებ აზრი სიცოცხლეშივე ორად იყოფა – ან ფანატიზმამდე უყვართ, ან უმძაფრესი სიძულვილით სძულთ. მისადმი ფანატიკური სიყვარული დღემდე არავითარ რევიზიას არ დაქვემდებარებია, ხოლო, სიძულვილს რაც შეეხება, ალბათ, ისევ სძულთ, სამაგიეროდ ამ სიძულვილს საჯაროდ უკვე იშვიათად გამოხატავენ და თუ გამოხატავენ – მსუბუქად და კორექტულად, რადგან, როგორც მართალ და ბედის უკუღმართობით ლაფში ამოსვრილ ისტორიულ პერსონებთან მიმართებაში ხდება ხოლმე, დრო მასზე მუშაობს: გარდაუვალია აბსოლუტური ეროვნული კონსენსუსის მიღწევა გამსახურდიას დამსახურებასთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ბავშვობაში, სამეგრელოში, ზვიადის მოძულე მე არავინ შემხვედრია (ალბათ, იყვნენ, თუმცა მე არ მინახავს), მაგრამ, როცა თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ასეთი ხალხი საკმაოდ ბევრი შემხვდა, ორიათასიანი წლების დასაწყისი გახლდათ და ყოფილი მხედრიონელ-პუტჩისტები და მათი ჭკუარეზისტენტული ადეპტები ჯერ კიდევ ყინჩად გრძნობდნენ თავს. მათ რიტორიკაში ყოველთვის დომინირებდა ჩვენს, კვაზი-ღირებულებებზე დაშენებულ, რეალობაში გაყიდვადი დისკურსი, რომელიც გამსახურდიას კაცურ-მასკულინურ მხარეზე შეტევაში მდგომარეობდა, ხშირად იმეორებდნენ, რომ ის იყო “ქალაჩუნა”, “ქალოია”, “ცოლის ჭკუაზე მოსიარულე” და ა. შ. , ერთი სიტყვით, მისი პერსონის დისკრედიტაციისთვის “სუკის” მიერ შემუშავებულ და გავრცელებულ სისაძაგლეებს შორის ეს ხაზი აშკარად დაწინაურებული გახლდათ (აქვე ვიტყვი, რომ დღემდე ვიტალურია “სუკის” შემოგდებული კიდევ ერთი მითი – თითქოს კოსტავა გამსახურდიამ მოკლა), ამ ნარატივს ხშირად იმეორებდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგე ე. წ. კულტურული ელიტის წარმომადგენლები, ზოგი პირდაპირ ამბობდა, ზოგთან კი ირიბად ისხამდა ხორცს ეს ყოველივე: საკუთარი მხატვრული ნაწარმოებების პროტაგონისტების აზროვნება-მეტყველებაში პროეცირდებოდა ხსენებული ნარატივი. არადა, რეალურად, გამსახურდიას ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, შეუძლებელია ქალაჩუნა ყოფილიყო კაცი, რომელიც, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, სამკვდრო-სასიცოცხლო კოლიზიაში იყო შესული საბჭოეთის მონსტრთან და სისხლის გამშრობი დისიდენტი გახლდათ მაშინ, როცა სხვები ან სოროებში ისხდნენ, ან საკუთარ სამზარეულოებში ჩურჩულით ლანძღავდნენ სისტემას. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ზოგიერთ ასპექტზე შეიძლება, კონტროვერსიული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ მის პერსონასთან დაკავშირებით – არამც და არამც!

ზვიად გამსახურდია მრავალმხრივი, უკიდურესად ერუდირებული კაცი იყო: პოეტი, მეიგავე, მთარგმნელი, კრიტიკოს-ესეისტი, მეცნიერ-მკვლევარი… ამ ჰიპოსტასების უნიტარულობა ქმნის მისი პერსონის გრანდიოზულობას, ამიტომ არ ვიცი, მისი მრავალმხრივობის პარციალური განხილვა რამდენად იქნება სწორი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გამსახურდიას პოეტური მემკვიდრეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, განსხვავებით მისი სამეცნიერო, ესეისტური და მთარგმნელობითი მემკვიდრეობისგან. ამ ქრონოსული დისტანციიდან ქართულ მთარგმნელობით სივრცეში, რომლის ინტერესთა არეალი ლინგვისტურ-გეოგრაფიულად მკვეთრად იყო შემოსაზღვრული, ამერიკელი პოეტების თარგმნა აბსოლუტური გარღვევა გახლდათ. ამ თარგმანებში ბევრი ტექნიკური წუნია, სამაგიეროდ ეს თარგმანები ცოცხალია, ისინი სუნთქავენ (რისი მიღწევაც ასე ძნელია მთარგმნელობით ხელობაში), სწორედ ამიტომაა დღემდე კითხვადი. ამ თარგმანებმა საფუძველი მოუმზადა ოთხმოცდაათიანი წლების ქართულ პოეტურ ავანგარდს. ეს თარგმანები რიტმული თვალსაზრისითაც არის საინტერესო – ზოგადად ჩვენს მთარგმნელობით კონიუნქტურაში (რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება) მიღებული წესის თანახმად, ორიგინალში ნებისმიერი რიტმული მოდულაციით კონსტრუირებული ვერლიბრი ითარგმნება ერთადერთი ყბადაღებული რიტმული სქემით, რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს. გამსახურდია კი ზოგიერთ თარგმანში ამ სქემის რევიზიას და თავისუფალი ლექსის საინტერესო რიტმულ ორგანიზებას გვთავაზობს… თარგმანებთან ერთად, მრავალმხრივად საინტერესოა მისი წერილები ამერიკელ (და – არა მარტო) პოეტებზე, ეს წერილები დღესაც დიდი ინტერესით იკითხება და წარმოვიდგინოთ, რა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მაშინდელ ჰერმეტულ ლიტერატურულ გარემოში.

*

ჩემი გამოქვეყნებული რომანის (“გველები მაზუთის გუბეებში”) პირველი ნაწილი არის კაცზე, რომელიც გამსახურდიას გულმხურვალე მხარდამჭერია, მისი დამხობის შემდეგ კი სოფლის მოსაცდელში შესახლდება, იწყებს შიმშილობას და ასე, ათწლეულების განმავლობაში გრძელდება მისი ეს ტრაგი-კომიკური დევიაცია. უკითხავთ, თუ ჰყავს ამ პერსონაჟს პროტოტიპი. პასუხი ცალსახაა: არა! ესაა კრებითი სახე გამსახურდიას მხარდამჭერი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც გამსახურდია დღემდე ცოცხალი ჰგონიათ, მისი მოკვდავობის იდეის მიღება, უბრალოდ, მათ ძალებს აღემატება… და ამხელა ფანატიკური სიყვარულის ფონზე სრულიად გამაოგნებელია გამსახურდიას მხარდამჭერების ნაწილის ტრფიალი რუსეთისადმი, თან ზვიადის სახელს იფიცებენ და თან რუსეთი უყვართ. ეტრფიან სახელმწიფოს, რომელმაც მათი საყვარელი პოლიტიკური ლიდერი უკეთეს შემთხვევაში დაამხო, უარეს შემთხვევაში კი მოკლა. ამ ერთი მაგალითითაც თვალსაჩინოა, რომ ზღვარგადასული ფანატიზმი ადამიანს, უბრალოდ, აზროვნების უნარს აკარგვინებს.

პ. ს. ბავშვობაში, სოფელში, გაგანია “მხედრიონელობის” დროს, ტანსაცმლის კარადის ყველაზე მიუვალ ადგილას ერთი ჟურნალი (სახელს ვერ ვიხსენებ) ჰქონდათ შენახული ჩემს მშობლებს, ჟურნალის მთელ ყდაზე ზვიად გამსახურდიას ფერადი პორტრეტი იყო გამოტანილი, ხოლო, ასე საგულდაგულოდ იმიტომ გახლდათ შენახული, რომ “მხედრიონელები” თუ შემოიჭრებოდნენ და სახლს გადააქოთებდნენ, არ ენახათ, რადგან ნახვის შემთხვევაში უპრობლემოდ შეეძლოთ, ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც მიეხვრიტათ იქვე, სახლის კედელზე (უფრო მსუბუქი რაღაცების გამოც მიუხვრეტიათ ხალხი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“