სასაწავლო დაწესებულებებში თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უკვე თვალშისაცემია სკოლამდელი ან სკოლის ასაკის ბავშვების ენობრივი მდგომარეობა ან ქცევა, რომელიც ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, ამა თუ იმ ენობრივ მდგომარეობაზე მიმანიშნებელია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ენობრივი განვითარების დარღვევა (Developmental Language Disorder, DLD, ეგდ), რომლის სიხშირე აუტიზმს შვიდჯერ აღემატება, თუმცა მისი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის.
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ყოველი 14 ბავშვიდან ერთს ენობრივი განვითარების დარღვევა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ კლასში ერთი ან ორი ასეთი მოსწავლეა. ეგდ-ს უხილავ მდგომარეობასაც უწოდებენ – უმეტესად ვერავინ ამჩნევს, რომ ბავშვს ენის გაგება ან აზრის გამოხატვა უჭირს და პრობლემა უყურადღებოდ რჩება.
ენობრივი განვითარების დარღვევა (ეგდ) 4-5 წლის ბავშვების დაახლოებით 10-13%-თან გვხვდება. ის ზოგჯერ თან ახლავს სხვა დარღვევას, ზოგჯერ დამოუკიდებლად, იზოლირებულად არსებობს. იზოლირებული დარღვევის სიხშირე 7-8%-ია და არ უკავშირდება ჩვენთვის ცნობილ რომელიმე მიზეზს ან მდგომარეობას (მაგალითად, აუტიზმს, დაუნის სინდრომს).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის განვითარების მეცნიერების, ნეიროგანვითარების დარღვევებისა და სპეციალური განათლების პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ოსფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი, თამარ კალანდაძე აცხადებს, რომ ინგლისურენოვან, გერმანულენოვან და სკანდინავიის ქვეყნებში შედარებით მაღალია ეგდ-ს ცნობადობაც და ცოდნის დონეც. საქართველოში მისი მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. უდიდესწილად ამის შედეგია, რომ ქართველი მშობლების უმეტესობა, ნორვეგიელი მშობლებისგან განსხვავებით, ეგდ-ს პრობლემად არ აღიქვამს ან არ აღიარებს. ამას კიდევ მრავალი მიზეზი აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი, ალბათ, საზოგადოებაში არსებული სტიგმაა. გარდა ამისა, საქართველოში არ გვაქვს შეფასების ადეკვატური ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი აფერხებს, როგორც ეგდ-ს იდენტიფიცირებას, ასევე – ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას მის შესახებ. უმეტესად, სწორედ სხვა მდგომარეობებისგან დამოუკიდებელი ეგდ რჩება შეუმჩნეველი და ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები სათანადო დახმარებას ვერ იღებენ.
მოუწესრიგებელია ტერმინოლოგიაც. ენობრივი განვითარების დარღვევას წინათ 130 სხვადასხვა ტერმინით აღწერდნენ ინგლისურ ენაზე. ყველაზე ხშირად მას ენობრივი განვითარების სპეციფიკურ დარღვევას (Spesific Language Impairment) უწოდებდნენ. ტერმინზე შეუთანხმებლობა ხელს უშლიდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე პრაქტიკას. თამარ კალანდაძის თქმით, დღესდღეობით ინგლისურ, გერმანულ და ნორვეგიულ ენებში მიღწეულია კონსენსუსი, ამ მდგომარეობას ეწოდოს Developmental Language Disorder (DLD), რომელიც ენობრივი განვითარების დარღვევად ითარგმნება. თუმცა ქართული ტერმინის თაობაზე ფორმალური შეთანხმება არ არსებობს და ამ საკითხზე ჯერ კიდევ სამუშაოა.
ენა და მეტყველება
ენის მკვლევართაგან თითქმის ყველა თანხმდება, რომ ენა ინდივიდუალურ და სოციალურ სფეროებს მოიცავს და იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომ ენა მრავალფეროვან და მრავალსახოვან, აუცილებელ პირობითობათა ერთობლიობაა, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს ფიზიკურ, ფიზიოლოგიურსა და ფსიქიკურ სფეროებში.
ფრანგმა ფიზიოლოგმა, ქირურქმა და ანთროპოლოგმა, პოლ ბროკამ (Paul Broca)[1] 1861 წელს აღმოაჩინა, რომ მეტყველების უნარი ლოკალიზებულია დიდი ტვინის მარცხენა ჰემისფეროს მარჯვენა ხვეულში. მან ეს არე პირველმა აღწერა და დაასკვნა, რომ თავის ტვინის ეს უბანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მეტყველების არტიკულაციაში. მის მიერ აღწერილ ტვინის აღნიშნულ არეს „ბროკას არეს“ უწოდებენ. ბროკას არეს დარღვევამ შესაძლოა, გამოიწვიოს ენის პროდუქციის დარღვევა, რაც ნაწილობრივ ენის გაგების სირთულეს განაპირობებს.
ცნობილია, რომ ეს არე მოიცავს ყველაფერს, წერის ჩათვლით, რაც მეტყველებას განეკუთვნება. ასეთი მდგენების (კონსტატაციების) კავშირი ლოკალიზაციის ცენტრებთან აფაზიის სხვადასხვა ფორმასთან ერთად აჩვენებს: 1. რომ ზეპირი მეტყველების სხვადასხვა ხასიათის დარღვევა მჭიდროდ უკავშირდება წერილობით მეტყველებას. 2. აფაზიისა თუ აგრაფიის ნებისმიერ შემთხვევაში, ცნობიერებაში სამეტყველო ქმედების მოწესრიგებული ნიშნების გამოწვევის უნარი უფრო ირღვევა, ვიდრე ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმისა და გამოსახვის უნარი.
ენათმეცნიერები ამიტომაც ფიქრობენ, რომ სხვადასხვა ორგანოების ფუნქციობის გარდა, არსებობს უფრო ზოგადი უნარი, რომელიც განაგებს ნიშნებს; რომელიც უმთავრესად, ენობრივ უნარს წარმოადგენს; რომ სწორედ ენა განაპირობებს მეტყველების ერთიანობას, რომ ენა არის კომპლექსური სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული (ბგერათა სისტემა, სიტყვათა მარაგი, ანუ, ლექსიკა, სიტყვათა კავშირი წინადადებაში, წინადადების წყობა) და ფუნქციური (ენის გამოყენება და გაგება სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში) ასპექტებისგან. ენა გვესმის და ენას ვიყენებთ, როგორც ზეპირი (მოსმენა და საუბარი) და წერილობითი (კითხვა და წერა), ისე კომუნიკაციურ სიმბოლოთა სისტემის ფორმით (მაგალითად, ქართული ჟესტური ენა). ზეპირი და წერილობითი ენა შედგება რეცეპტული (მოსმენა და კითხვა) და ექსპრესიული (მეტყველება და წერა) კომპონენტებისგან. ენის ათვისება გულისხმობს ამ კომპლექსური სისტემის დაუფლებას, დასწავლას.
ენისა და მეტყველების გამიჯვნა აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გააზრებისას, როგორიცაა ენობრივი განვითარების დარღვევა. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს ან ენის ათვისება, ან მეტყველება, ან — ორივე ერთად. ენა გულისხმობს სიტყვათა მარაგის ფლობას და გრამატიკის წესების ცოდნას, მეტყველება – სიტყვების წარმოთქმას, არტიკულირებას (სამეტყველო ბგერების სწორად გამოცემას პირის, ტუჩებისა და ენის გამოყენებით), ხმის ტემბრს, მეტყველების რიტმს. თუმცა შეიძლება სიტყვის ჟესტური ენით გადმოცემაც. თამარ კალანდაძის თქმით, ენა არის მენტალური ფენომენი, ხოლო მეტყველება – მისი გამოხატვის ერთ–ერთი ფორმა.
ენისა და მეტყველების გამიჯვნასთან დაკავშირებით ლინგვისტიკაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. განვითარების დარღვევების გასაგებად, მათ საკვლევად და კლინიკური საქმიანობისთვის ენისა და მეტყველების მსგავსი გაგება და მათი გამიჯვნა კვლევას და პრაქტიკას შესაძლებელს ხდის.
ენის განვითარების დარღვევა
მიჩნეულია, რომ ენის განვითარების დარღვევა ნეიროგანვითარების მდგომარეობა ან ნეირომრავალფეროვნების ერთ-ერთი ფორმაა, ისევე როგორც აუტიზმი, დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ეგდ-ს მქონე ადამიანის ტვინი ეგდ-ს არმქონე ბავშვის ტვინისგან განსხვავებულად ვითარდება. ის სხვანაირად გადაამუშავებს ინფორმაციას. ენის განვითარების დარღვევა სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ამ დარღვევის მქონე ადამიანს, შესაძლოა, გამოკვეთილად უჭირდეს ენის გაგება (რეცეპტული სირთულეები), გადმოცემა, გამოხატვა (ექსპრესიული სირთულეები) ან — ორივე ერთად; შესაძლოა, ჰქონდეს არტიკულაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეგდ არის სპექტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური განსხვავებების დიაპაზონი ძალიან ფართოა. მისი პირველი ნიშანი დაგვიანებული მეტყველებაა. ეგდ-ს მქონე ბავშვების თითქმის 100%-ს მეტყველების დაგვიანება აღენიშნება. დაგვიანებული მეტყველება შესაძლოა ეგდ-ს ნიშანი იყოს, თუმცა დაგვიანებული მეტყველების მქონე ბავშვების მხოლოდ 25%-ს აქვს ეგდ. მაშასადამე, დაგვიანებული მეტყველება ყოველთვის ეგდ-ს არ ნიშნავს.
ენის განვითარების დარღვევა გვხვდება:
- დისლექსიის მქონე პირებთან —
საყურადღებოა, რომ თუ ბავშვის ოჯახის რომელიმე წევრს, მაგალითად, დისლექსია აქვს, მეტი შანსია, ენობრივი განვითარების სირთულე თვითონ ბავშვსაც ჰქონდეს.
- ნორმალური არტიკულაციის შემთხვევაშიც —
ხშირად აზრად არავის მოსდის, რომ შესაძლოა, ბავშვს ენის გაგება ან აზრის გადმოცემა უჭირდეს.
- ქცევის დარღვევის მქონე პირებთან;
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მდგომარეობის პირებთან;
- კითხვის დეფიციტის მქონე პირებთან —
რამდენადაც ენის განვითარების დარღვევა გავლენას ახდენს კითხვის უნარის განვითარებაზეც. ხშირია შერმთხვევა, რომ თუ ბავშვს კითხვა უჭირს, ხშირად დისლექსიის დიაგნოზს უსვამენ, რომელიც ეგდ-ზე მეტად არის ცნობილი.
- ბავშვებთან, რომლებსაც არ უჭირთ სიტყვების ამოკითხვა —
ეგდ–ს მქონე ბავშვთა დაახლოებით ნახევარს არ უჭირს სიტყვების ამოკითხვა და ხშირად სწორედ ეს ბავშვები რჩებიან შეუმჩნეველნი.
- გრამატიკულად გაუმართავი, მარტივი წყობის წინადადებებით მოსაუბრე პირებთან;
- ენის სოციალურ კონტექსტებში გამოყენების სირთულის მქონე პირებთან;
ამ დარღვევის მქონე ბავშვებს ხშირად არ ესმით ხუმრობა, ირონია, იუმორი, ბუნებრივია, აწყდებიან კომუნიკაციის პრობლემებს – ხშირად სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობენ, მეგობრებიც იშვიათად ჰყავთ. ეგდ-ს მქონე ბავშვი ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი.
- მუშა მეხსირების პრობლემების მქონე პირებთან —
ბავშვმა, შესაძლოა, ნათქვამის შინაარსი გაიგოს, მაგრამ მალევე დაავიწყდეს, მასწავლებელს კი ეგონოს, რომ არ უსმენს ან არ ითვალისწინებს მის ნათქვამს. ამის გამო ეგდ-ს მქონე ბავშვებს ადვილად აწებებენ ზარმაცებისა და უყურადღებოების იარლიყს.
- მათემატიკაში პრობლემების მქონე ბავშვებთან —
ამიტომ, როცა მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვს სწავლა უჭირს, უნდა დაფიქრდეს, ენის პრობლემასთან ხომ არ აქვს საქმე.
ეგდ-ს მქონე ადამიანები ხშირად ნიღბავენ სირთულეებს, მაგალითად, არ იმჩნევენ, რომ ნათქვამი ვერ გაიგეს, გაურბიან სიტუაციებს, რომლებშიც ენის გამოყენებაა საჭირო, საურთიერთობოდ ირჩევენ უმცროსი ასაკის ბავშვებს ან ზრდასრულებს, საუბრის შესაწყვეტად იმიზეზებენ დაღლილობას ან სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეს. ასაკით რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო დიდია ალბათობა, ენობრივი სირთულეები ეგდ-ზე მიანიშნებდეს. თუ 4 წლის ბავშვს ასეთი სირთულეები აქვს, დიდი შანსია, ის სკოლაში შესვლის დროსაც ჰქონდეს; თუ 5 წლის ასაკშიც მსგავსი სურათია, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენობრივი განვითარების დარღვევასთან გვაქვს საქმე.
ენის განვითარების დარღვევა არის სწავლის უნარის დაქვეითების რისკფაქტორი (მაგალითად, უარყოფით გავლენას ახდენს მათემატიკურ და წერა-კითხვის უნარებზე), ამცირებს დასაქმების შანსს ზრდასრულ ასაკში და ასოცირდება სოციალურ, ემოციურ და ქცევის პრობლემებთან; უშუალოდ უკავშირდება მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებს. საერთაშორისო კვლევების მინაცემებით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ, ასევე – სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოხვედრილ მოზარდთა მნიშვნელოვან ნაწილს ენობრივი განვითარების დარღვევა აქვს. აქედან გამომდინარე, ეგდ-ს უყურადღებოდ დატოვებას ძალზე უარყოფითი შედეგები მოაქვს, როგორც თავად ეგდ-ს მქონე პირისა და მისი ოჯახისთვის, ისე —საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვისაც. ადეკვატური დახმარების პირობებში ეგდ-ს მქონე პირების ცხოვრების ხარისხი მაღალია.
ენის განვითარების დარღვევა არსად ქრება, ის მთელი სიცოცხლე აქვს ადამიანს, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად, მისი გამოვლინებები იცვლება. პროგნოზი მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურ დახმარებას იღებს ადამიანი.
ხშირად დასმულ კითხვას, იწვევს თუ არა ორენოვნება ეგდ–ს, თამარ კალანდაძე ერთმნიშვნელოვნად, უარყოფითად პასუხობს. თუმცა, თავისთავად, ეგდ შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთ-, ისე ორენოვან ბავშვსაც. მსგავს შემთხვევებში, დარღვევა ვლინდება ყველა იმ ენაზე, რომელსაც ბავშვი იყენებს.
ეგდ-ს მქონე პირს სჭირდება კომპეტენტური მხარდაჭერა და დახმარება საბავშვო ბაღში, სკოლაში, მერე კი უკვე დამსაქმებლის მხრიდან. მხარდაჭერის მეთოდები ინდივიდუალურია და ირჩევა იმის მიხედვით, ენის რა ასპექტში აქვს პრობლემა ადამიანს.
ერთი რამ, რაც ალბათ ყველა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება, არის ემოციების გამომხატველ სიტყვებზე მუშაობა, რადგან ეგდ-ს მქონე ბავშვებს ხშირად სწორედ ასეთი სიტყვების დასწავლა უჭირთ. ეს მათ ემოციების რეგულირებასა და ამით გამოწვეული სხვა (მაგალითად, მენტალური) პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია დარღვევის დონეც და ისიც, რა ასაკში დაისმება დიაგნოზი – ადრეული ჩარევა, რა თქმა უნდა, უკეთესია. მაგრამ მუშაობის დაწყება არასოდეს არის გვიან. მთავარია სათანადო დახმარების გაწევა და ამ მდგომარეობის მქონე პირების საგანმანათლებლო თუ სხვა პროცესებში სრულფასოვნად ჩართვა.
[1] https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Broca