ეს მნიშვნელოვანი კითხვაა და მასზე პასუხის გასაცემად ცოტაოდენი თეორია დაგვჭირდება. ცნობილია, რომ ღირებულებების ფორმირება იწყება ადრეულ ასაკშივე, ოჯახური და სოციალური გავლენების შედეგად. პიროვნების მორალური განვითარების კანონზომიერებებზე მრავალი ცნობილი თეორია გვესაუბრება.
ჟან პიაჟეს კოგნიტიური განვითარების თეორია კარგად ცნობილი კონცეფციაა, რომელსაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება თანამედროვე პედაგოგიკა. შედარებით ნაკლებად ცნობილია მისი ნაშრომების ადრეული მიმართულება, რომელიც ბავშვის მორალურ განვითარებას ეხება (Jean Piaget, The Moral Judgment of the Child, 1932). ამ უკანასკნელის მიხედვით, მორალური განვითარება ეტაპობრივია და ეყრდნობა კოგნიტიურ განვითარებას. პიაჟემ ორი ეტაპი გამოყო: 5-დან 10 წლამდე პერიოდი, როდესაც ბავშვები წესებს აღიქვამენ უცვლელ, აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მოცემულობად და 10 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც წესები ხდება შეთანხმების საგანი და ექვემდებარება განსჯას.
ლოურენს კოლბერგის მორალური განვითარების თეორია Lawrence Kohlberg, Essays on Moral Development, 1981-1984) ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონცეფციაა, რომელიც განმარტავს, როგორ ყალიბდება ადამიანის მორალური აზროვნება და ღირებულებები დროთა განმავლობაში. კოლბერგი ამტკიცებდა, რომ მორალური განვითარება არა მხოლოდ სოციალური ნორმების ათვისებას, არამედ რაციონალური მსჯელობის ეტაპობრივ ფორმირებასაც გულისხმობს. მისი თეორიის მიხედვით, ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებისას პიროვნება ნაბიჯ-ნაბიჯ გადის მორალური განვითარების გზას პრეკონვენციურიდან კონვენციურ დონემდე.
კოლბერგის თეორიამ განვითარება პოვა ჯეიმს რესტთან (James Rest, Postconventional Moral Thinking, 1999), რომელმაც შეიმუშავა ე.წ. მორალური განსჯის ჩარჩო. რესტი ფოკუსირდება მორალური ქცევის წანამძღვრებზე, რომლებიც, მისი აზრით, ოთხი კომპონენტისგან შედგება: მგრძნობელობა, განსჯა, მოტივაცია, ქცევა. რესტის მიხედვით:
- მორალური მგრძნობელობა მნიშვნელოვანია შესაბამისი პრობლემის ამოცნობისთვის;
- განსჯა გულისხმობს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ მორალურ პრინციპებზე დაფიქრებას;
- მოტივაცია წარმოადგენს პრიორიტეტის მინიჭებას კონკრეტული მორალური გადაწყვეტილებისთვის და არა საკუთარი ინტერესისა და საზოგადოებაში მიღებული ნორმებისთვის;
- ქცევა მოიაზრებს განსჯის შედეგისა და მიღებული გადაწყვეტილების მოქმედებაში გამოხატვას.
ამ ოთხის ერთობლიობა ქმნის თანმიმდევრულ პროცესს, სადაც თითოეული კომპონენტი მომდევნო ეტაპის წინამორბედია. მორალური განსჯის ჩარჩო ხსნის, როგორ მიდის ადამიანი მორალურ და ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ქმედებებისკენ.
მიუხედავად ხანდაზმულობისა, განხილულ თეორიებს აქტუალობა არ დაუკარგავს. მათ აქვთ ის საერთო მახასიათებლები, რომლებსაც, პრაქტიკულად, ეყრდნობა კიდეც თანამედროვე პედაგოგიკა:
- ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ეტაპობრივი პროცესია, სადაც ყოველი ეტაპი აუცილებელი საფუძველია მომდევნოსთვის;
- მორალური განვითარება ეფუძნება კოგნიტიურ განვითარებასა და განათლებას, შესაბამისად, მათ გარეშე ის ძალიან მოიკოჭლებს;
- მორალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები – თამაში, დისკუსია, ნებისმიერი სახის ინტერაქცია მშობლებთან, თანატოლებთან, მასწავლებლებთან და ა.შ.;
- ღირებულებების გაცნობიერებული გათავისებისთვის მნიშვნელოვანია ანალიზი, მსჯელობა, არგუმენტაცია, პოზიციის ახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების მორალური განვითარება ადრეულ ბავშვობაში იწყება, ის განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება მოზარდობის პერიოდში, როდესაც აქტიურად ეძებს საკუთარ იდენტობას და ავითარებს საკუთარ მორალურ ხედვას (Tompson et al, 2025;. Daniel E et al, 2023, Ahn et al, 2022). მოზარდობის დიდ ნაწილს მოზარდი სკოლაში ატარებს, შესაბამისად, სასკოლო გარემოს, ადამიანებსა და კონკრეტულ სასწავლო საგნებს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ღირებულებების შეძენასა თუ განმტკიცებაში.
უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ყველა საგანს აქვს ეთიკური და სოციალური განზომილება, რომლითაც მჭიდროდ უკავშირდება რეალურ ცხოვრებასა და თანამედროვეობას. შესაბამისად, თითოეული საგანი იძენს აქტუალური სასწავლო კონტექსტის მნიშვნელობას, რითაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პიროვნების ღირებულებითი სისტემის ფორმირებაში.
რომელი ღირებულებებია ძირითადი?
როგორც სტატიის პირველ ნაწილში ითქვა, გადის რა ცნობიერების განვითარების ეტაპებს ადამიანში ყალიბდება:
- პრაგმატული ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია პირადი კომფორტისთვის/ეფექტიანობისთვის;
- ინსტრუმენტული ღირებულებები, რომლებიც პიროვნებას სოციალური/კარიერული სარგებლის მიღებაში ეხმარება;
- მორალური ღირებულებები, რომლებიც ექვემდებარება უნივერსალურ ეთიკას ნებისმიერ ვითარებაში.
ყველა ჩამოთვლილი განვითარების აუცილებელი ეტაპია. შესაბამისად, კითხვა ღირებულებათა პრიორიტეტულობის შესახებ იმთავითვე არასწორია, კონკრეტულ კონტექსტში ყველა ღირებულება მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ მორალური ღირებულებების გამომუშავება და მათი ცხოვრებაში გადატანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრაგმატული და ინსტრუმენტული ღირებულებებისა. საკუთარ თავსა და საზოგადოებასთან ჰარმონიაში ცხოვრება სწორედ მორალური რანგის ღირებულებების ფლობით არის შესაძლებელი, ისეთებისა, როგორიცაა პასუხისმგებლობა, პატივისცემა, მზრუნველობა, სამართლიანობა, გულწრფელობა, თანაგრძნობა, მშვიდობისკენ სწრაფვა და ა.შ.
მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში ეს ღირებულებები აღქმულ იქნეს არა „შესასწავლ მასალად“, არამედ კონტექსტად, რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, თავად მივიდეს ლოგიკურ დასკვნამდე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულებები მივაწოდოთ არა მტკიცებითი ფორმით (მაგალითად: „სამართლიანობა მნიშვნელოვანია ყველასათვის!“), არამედ მივცეთ ამ დასკვნის გამოტანის საშუალება კონკრეტული კონტექსტის განხილვის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში „ღირებულებათა სწავლების“ ნებისმიერი მცდელობა აღქმულ იქნება სხვისი მოსაზრებების თავს მოხვევად და შესაძლოა, საპირისპირო ეფექტიც გამოიღოს (Patry et al, 2007).
ღირებულებითი განათლების მეთოდოლოგია
ღირებულებითი განათლების პედაგოგიკა აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ისე სრულიად ახალ და კვლევაზე დაფუძნებულ მეთოდებს. არსებობს არაერთი სტრატეგია და თეორიული ჩარჩო, რომლებიც ამ მიზნით გამოიყენება.
ქვემოთ მოცემულია ღირებულებით განათლებაში გამოყენებული ძირითადი მეთოდებისა და მიდგომების ჩამონათვალი მოკლე განმარტებებთან ერთად:
- დისკუსიაზე დაფუძნებული მიდგომები – უპირველეს ყოვლისა, ეს არის კარგად ცნობილი სოკრატული დიალოგი ანუ მართული კითხვები დასკვნამდე მისასვლელად, ურთიერთსაპირისპირო ღირებულებების შემცველი რეალური ქეისების განხილვა და არგუმენტირება დილემების გადაჭრის მიზნით.
- თხრობითი, ლიტერატურაზე დაფუძნებული მიდგომები გულისხმობს მხატვრული და სამეცნიერო ტექსტების გამოყენებას ეთიკური ასპექტების განსახილველად, ადამიანური გამოცდილების გასაანალიზებლად, რაც კარგად ცნობილი და დამკვიდრებული გზაა. მოხერხებულია ამისთვის მოთხრობების, ბიოგრაფიების, იგავების გამოყენება და პერსონაჟების დახასიათება ღირებულებით კონტექსტში.
- მორალური განვითარების თეორიებზე დაფუძნებული მიდგომები ეყრდნობა კოლბერგისეული დილემების შეთავაზებას და მორალური აზროვნების განვითარებას. ამის მიზანია რესტის ოთხკომპონენტიანი მოდელის შესაბამისად მორალური მგრძნობელობის გაფაქიზება, ფასეულობებზე დაფიქრება, მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებისთვის პრიორიტეტის მინიჭება და მორალურად გამართლებული მოქმედების მნიშვნელობის დანახვა.
- რეფლექსიური დღიურის წარმოება მოიაზრებს ყოველდღიურ სიტუაციებზე, მოვლენებზე, ადამიანებს შორის ურთიერთობებზე დაკვირვების გზით მიღებულ ჩანაწერებს, რომლებიც ხდება საფუძველი პიროვნული ღირებულებების განხილვისთვის, თვითშემეცნებისა და თვითშეფასებისთვის.
- მოქმედებასა და ჩართულობაზე დაფუძნებული მიდგომები გულისხმობს მოხალისეობრივ ჩართულობას სათემო ღონისძიებებში, მონაწილეობას სოციალურ პროექტებში. აქვე მოიაზრება დემოკრატიული პრინციპების (მაგ., ხმის უფლება, სამართლიანობა, მონაწილეობა) განხილვა კლასის/სკოლის მმართველობის ფარგლებში.
- ინტეგრირებული, ინტერდისციპლინური, გლობალური მიდგომები მოიცავს უმთავრესად პროექტული სწავლების მაგალითებს, რომლებიც ფოკუსირებულია მშვიდობის სწავლებაზე, ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებზე, კულტურათშორისი გაგებისა და კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაზე, ემპათიის განვითარებაზე;
- Vake (Values and Knowledge Education) წარმოადგენს სპეციფიკურ პედაგოგიურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს საგნობრივი ცოდნისა და ღირებულებების ერთობლივ „გადაცემას“ შემსწავლელისთვის. ის იყენებს მორალური ხასიათის დილემებს, ერთი მხრივ, ღირებულებების განვითარების, მეორე მხრივ კი ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად. ეფუძნება კონსტრუქტივისტული სწავლის თეორიებსა და მორალური განათლების პრინციპებს.
როგორც ვხედავთ, მიდგომები და ინსტრუმენტები ღირებულებითი განათლების განსახორციელებლად საკმაოდ მრავალფეროვანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება ცოდნა თითოეული მათგანის სპეციფიკის შესახებ, არჩევანის გაკეთება, დაბოლოს, ეფექტიანი გამოყენება სხვადასხვა საგნის კონტექსტში დასანერგად.
ღირებულებითი განათლების თეორიული პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება
როგორც ვნახეთ, ღირებულებით განათლებას მყარი თეორიული საფუძვლები აქვს. ის დგას ცნობილი და პოპულარული თეორიების პრინციპებზე, იყენებს მრავალფეროვან პედაგოგიურ მიდგომებს. მაგრამ მაინც, როგორ გამოვიყენოთ ეს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში? როგორ ვასწავლოთ ღირებულებები გაკვეთილებზე? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ რამდენიმე საკვანძო პრინციპი, რადგან თუ სასწავლო პროცესს მათი დახმარებით ავაგებთ, მცირე წვლილს მაინც შევიტანთ ჩვენი მოსწავლეების ღირებულებით განათლებაში.
- თავს კი არ მოვახვიოთ ღირებულებები მზა და მტკიცებითი ფორმით, არამედ შევქმნათ სასწავლო კონტექსტი, მაგალითად, დილემების განხილვით, რომელშიც მოსწავლე აღმოჩნდება ღირებულებითი კონფლიქტის წინაშე და მოუწევს არჩევანის გაკეთება.
- ავირჩიოთ სწავლების ფორმად დისკუსია, როლური თამაშები, დილემების განხილვა. ვთხოვოთ მოსწავლეს პოზიციის არგუმენტირება. მას მოუწევს არჩევანის დასაბუთება და იმის აღიარება, რომ სხვისი არჩევანიც ლეგიტიმურია.
- ჩვენ, მასწავლებლები, ნუ მოვირგებთ მოსამართლის მანტიას და ნუ ჩავდგებით ყოვლისმცოდნის პოზაში. შევინარჩუნოთ ნეიტრალური პოზიცია და წავახალისოთ მსჯელობა. დაე, ჩვენს მოსწავლეებს ნუ ეცოდინებათ ის ერთადერთი და სასურველი პასუხი, რომლის გაგონებასაც მათგან მოელიან.
- ნუ შევაფასებთ პოზიციას, შევაფასოთ აზროვნება და მსჯელობის ის გზა, რომელიც მოსწავლის გადაწყვეტილებას უძღოდა წინ.
- ვეძებოთ ღირებულებები თითოეული საგნის შინაარსში, რადგან ისინი ორგანულად არიან დაკავშირებული ნებისმიერ სასწავლო დისციპლინასთან. მაგალითად, ლიტერატურაში ვიმსჯელებთ თანაგრძნობაზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე (და არამხოლოდ), ისტორიაში – სამართლიანობასა და ძალაუფლებაზე, მათემატიკაში – სიზუსტესა და პასუხისმგებლობაზე, საბუნებისმეტყველო საგნებში – გარემოზე ზრუნვასა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობაზე და ა.შ.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიდგომა წარმოადგენს წინაპირობას იმისთვის, რომ სკოლა იყოს ღირებულებების გააზრებული ფორმირების ადგილი, სადაც სასწავლო პროცესი მოსწავლის პიროვნულ და მოქალაქეობრივ განვითარებაზეა ფოკუსირებული.
გამოყენებული წყაროები:
- J. Piaget. The Moral Judgment of the Child. Semantic Scholar. 1932
- L. Kohlberg. Essays on moral development (Vols. 1-3). Harper & Row. 1981-1984
Essays on Moral Development (vol.1) – The Philosophy of Moral Development PDF
- J. Rest, D. Narvaez, M. Bebeau, S. Thoma. Postconventional moral thinking: A neo-Kohlbergian approach. Lawrence Erlbaum Associates. 1999
- S. E. Tompson, V. H. Schmidt, A. Bardi, J. A. Read. Children’s personal values and their behavior in the classroom in the early elementary school years: Mapping longitudinal trajectories. European Journal of Psychology of Education. Advance online publication. 2025
https://doi.org/10.1007/s10212-025-00966-2
- Daniel E., Döring A. K., Cieciuch J., (2023). Development of intraindividual value structures in middle childhood: A multicultural and longitudinal investigation. Journal of Personality. V 91. P 482–496. Development of intraindividual value structures in middle childhood: A multicultural and longitudinal investigation – PubMed
- J. S. Ahn, M. Busque-Carrier, S. Cho, G. Rivard. Value change across adolescent years: How do adolescents’ intrinsic and extrinsic values develop. Journal of Research in Personality. 2022. V. 99. 104263
- J.-L. Patry, A. Weinberger, S. Weyringer. Combining values and knowledge education (VaKE): An approach to teacher education for professional ethics. In A. Craft, H. Gardner, & G. Claxton (Eds.), Creativity, wisdom and trusteeship: Exploring the role of education (pp. 145–160). Trentham Books. 2007














