ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

ზაფხულის პროლოგის ჩანაწერები #2

0

იმერეთში ხდება ასე, მხოლოდ გენიალურ იმერეთში, რომ ერთ ამბავს გიყვება კაცი და ათასი გამოდის.

ვთქვათ ასე:

,,ხოდა, მაგაზე გამახსენდა. მოკლედ 1985 წელია, ვარ 14-15 წლის ბიჭი. გაზაფხულია. ისე, ოთმოცდახუთში იმხელა თოვლი მევიდა, ჭიშკრები დაფარა და მახსოვს, ციგებით ღობის ზეიდან ვსრიალობდით. მე ყველაზე უკეთესი ციგა მყავდა. ბაბუაჩემმა ჩამომიტანა. წითელი. მოსკოვიდან ჩამომიტანა. ცუმში ვიყიდეო. იმნაირი წითელი იყო ციგა, ახალდანთებული ცეცხლი მეგონა. ჰოდა, 15 წლის ბიჭი ვარ და მოვდივარ, აგერ, ა, ზუსტად ამ ქუჩაზე. აგერ შემოსახოვს რომ ხედავ, მაქანა რომ სახლი დგას, მაგი სხვათაშორის არის სოსლიპიტო გვეტაძის. სოსლიპიტო ნიუ-ორკშია ახლა, მისი შვილი წევიდა სასწავლად და წეიყვანა. მერე ლუბაც წეიყვანა. ლუბა. ლუბა მაგარია. უფ, რა მშრომელი ქალი. შრომის გმირი გახდებოდა, ვინმე რომ ყოლოდა ცეკაში. მაშინ ცეკობია იყო და მანეთობია. მიიტანდი მანეთს და იყავი გმირი. ჰოდა, მაქანა რომ შოვუხვიე – ჟუჟანას ძველ სახლთან მივედი. მხეცაძე ჟუჟანას სახლთან. ჟუჟანა მასწავლებელი. გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ერთხელ იკითხა, მაგადასკარის დედაქალაქი რა არისო და არავინმა არ ვიცოდით. სახლში დავბრუნდი და დევიზეპირე – ანტანანარივუ. მაგის მერე მახსოვს. ანტანანარივუში, თენგოიას რუსი მძახალია ნამყოფი. მაგი მარიაკია..”

და მერე ყვება გემებზე და ოკეანეებზე და თუ ძირითად ამბავს დაუბრუნდა – გზად მიმავალ გმირს, აუცილებლად შეხვდება რამე ისეთი, რაც ახალ, სხვა მოკლე ამბავს შობს და ასეა ასხმული ერთზე მრავალი. ხანაც ისე, რომ ის ერთი და მთავარი გავიწყდება. შენც და ამასაც. ეს არის იმერეთის მაგია. სიტყვის სამეფოსი.

ამაზე ვფიქრობდი და ტყიბულის ცენტრში ვიდექი. ერთმა მოხუცმა კაცმა ჩამოიარა. ტელეფონმა დაურეკა. ამან, ორჯერ ხმამაღლა ,,ალოო!”. იმან, ალბათ – ,,არ გესმისო?” და ამან: ,,მესმის მარა, ქე რო უნდა, ისე არაო”. ეგ არის. ვინც სიტყვა იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს, მიხვდება, რომ ეს კაცი დავით კლდიაშვილი იყო. უბრალოდ თვითონ არ იცოდა.

რომ იცოდნენ, მთელი იმერეთი კლდიაშვილი და გაბრიაძე იქნებოდა.

 

 

ფოკუსი წვრილმანებზე – ყურადღების გაფაციცება

0

ალბათ ბავშვებს არასოდეს არ აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც ზაფხულის არდადეგებზე – ამავე დროს ეს არის პერიოდი, როცა მოგზაურობის, ახალი ადგილების, ადამიანების, გამოცდილებების გაცნობის შანსები მეტია, შთაბეჭდილებები კი უფრო შთამბეჭდავი. ზაფხული იმედგაცრუებების დროც არის, შეიძლება მეტი თავგადასავალი გინდა, მეტი სიყვარული, მეტი მეგობარი, მეტი გართობა და ისევ ჩვეულებრივი დღეებით ცხოვრობ, დიდად არაფერი იცვლება, მეტი დრო გაქვს და ისევ უინტერესოდ ატარებ – ვინ არის ამისგან დაზღვეული?

როგორ ვატარებთ დროს, დიდწილად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული და ცოტათი გარემოზეც – თუკი თავის გადარჩენის და გართობის ხრიკებს ფლობ, ყველგან იპოვი რაღაც ხელჩასაჭიდს. როგორც კლასიკოსი ამბობს ცნობილ და ბავშვებისთვის ალბათ ცოტა რთულად აღსაქმელ ტექსტში, “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.” ეს წერილიც იმაზეა, როგორ ვისწავლოთ წვრილმანებზე ფოკუსით თავის გართობაც და ყურადღების გაწვრთნაც. წერილის ავტორი ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანია, რომელიც წვრილმანების დამახსოვრების ნაცვლად მუდმივად დიდი სურათის ასაწყობი ფაზლის ნაწილებს ეძებს, თუმცა პერიოდულად იხსენებს რომ ეშმაკი ზოგჯერ ზუსტადაც რომ წვრილმანებშია და გაფაციცებით ეძებს ნიშნებს და მარკერებს რუტინულ ყოფაში.

 

ბავშვებისთვის ყოველდღიური წვრილმანების შემჩნევა და დეტალებზე დაკვირვება ისეთ მნიშვნელოვან უნარებს აყალიბებს, როგორიცაა კონცენტრაცია, ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა. ამ პროცესის თამაშად ქცევა კი ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან თამაში ბავშვისთვის ბუნებრივი სწავლაა. ამიტომ მეც რამდენიმე მარტივ თამაშს გთავაზობთ, რომლემაც ზაფხულის დღეები შეიძლება თქვენც გაგიხალისოთ და თქვენს ირგვლივ ბავშვებსაც.

„ერთი წუთი და ათი რაღაც!“

ვიღებთ რაიმე ნივთს, მაგალითად ჭიქას კაფეში, სათამაშოს მაღაზიაში, გამვლელს ქუჩაში, ძაღლს პარკში და ბავშვს ვთხოვთ 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი რამ, რაც მას ახასიათებს: ფერი, ფორმა, ხასიათი, ზომა, წონა, დანიშნულება და ა.შ.

ეს უმარტივესი და სახალისო სავარჯიშო ერთი მხრივ შეუმჩნეველი დეტალების დანახვის უნარს ავითარებს, დროითი შეზღუდვა სასიამოვნო დაძაბულობას სძენს, აღწერის ნაწილი კი ვერბალურ განვითარებას ეხმარება.

“მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ის არის”

 ეს თამაში შეიძლება ითამაშო ყველგან, სახლში, გარეთ, მოძრაობისას, სტატიკურ მდგომარეობაში – მოთამაშედან ერთი ამბობს რას ხედავს და რა ფერია ის, რასაც ის ხედავს – დანარჩენები იწყებენ გარემოს თვალიერებას და აღმოაჩნენენ ათას საინტერესო და უინტერესო რამეს – საგზაო ნიშნებს, მიყრილ ნარჩენებს, სარეკლამო აბრებს, გამვლელს და გამომვლელს და ა.შ. ის, ვინც გამოიცნობს რას გულისხმობდა პირველი მოთამაშე, შემდეგ თავად ირჩევს ახალ სამიზნეს და კვლავ ფერის მითითებით იძლევა მინიშნებას სხვა მოთამაშეებისთვის.

ეს თამაში გარე სივრცეში გაცილებით სახალისოა  და გარემოს აღქმას და შეცნობას ამარტივებს.

 „დღის დეტალი“ – ოჯახური თამაში

 დავალება მუდმივია და ყველასთვის ცხადი  – ყოველ საღამოს, ოჯახის ყველა წევრი დანარჩენებს უყვება რაღაც ისეთზე, რაც მისი დღე განსაზღვრა, რაც პირველად შეამჩნია, ან რამაც მისი ყურადღება მოულოდნელად მიიპყრო;

ეს რიტუალური თამაში ერთმანეთისთვის გაზიარების კულტურას ავითარებს და უინტერესო დღეებშიც კი რაიმე განსაკუთრებულის შემჩნევისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებს.

 “დაკვირვების მარშრუტი”

 შეადგინეთ იმ გზის რუკა, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ უფროსებთან ერთად ან მარტო. რუკაზე დატანილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელები, მნიშვნელოვანი ობიექტები (მაგალითად მეგობრის სახლი, საყვარელი საფუნთუშე, ძაღლის სახლი, რომელსაც სეირნობისას ხვდები) და ყველა ის სივრცე, რომლის აღწერაც შეიძლება ( სალონი, სადაც დედა თმას იჭრის, მაღაზია, სადაც სკოლის მერე სასუსნავების ყიდვა შეიძლება და ა.შ). რაც უფრო მეტი ობიექტია რუკაზე და რაც უფრო კარგად არის ისინი დახასიათებული, მით უკეთესია ის.

მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ მარშუტები და შეადარეთ ახალ გზებზე აღმოჩენები უკვე გაკეთებულს.

“დეტექტივის დღიური”

  ეს უკიდურესად პირადი რამეა, რასაც მარტო თქვენთვის აკეთებთ – ყველაფერი უცნაური, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს ან მისი თვალისა და ყურის ყურადღების მიპყრობა შეძლოს, აქ ხვდება. უცნაური ხმები, უცხო ადამიანები, თამაშისას ეზოში შემთხვევით ნაპოვნი მკვდარი ჩიტი თუ კალია, საეჭვო საუბრები, უცნაური ნიშნები – ყველაფერი დეტექტივის დღიურში აღირიცხება, რა იცი, როდის გახდება ეს ნიშნები მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

ხალხი და ერი

0

(ჩანაწერებიდან)

ერთგან აკაკი ბაქრაძე მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან ხალხს და ერს. პერიფრაზი რომ მოვიშველიო: მისი თქმით, ხალხი არის მიმდინარე, არსებული პოპულაცია, ხოლო ერი არის უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვი დასაბამიდან დღემდე. ხალხთან შეიძლება, ბევრი პრეტენზია გვქონდეს, მაგრამ ერის (ქართველ ერზეა საუბარი) დაკნინების უფლებას არავის მივცემო, ამბობს ის და მართალიც არი. “ქართველ ერში”, ჩვენი არსებობის სამიათასი წლის მანძილზე, ჩვენი სისხლის და ხორცის საუკეთესო ნაწილის უწყვეტობა იგულისხმება და არა – ის მოარული ბიოლოგიური ნაგავი, რომლის ერთადერთ ფუნქციას პოპულაციის გამრავლება წარმოადგენდა და წარმოადგენს.

*

ამ დღეებში ისევ და მკვეთრად გამწვავდა კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის, ისრაელის აშკარა პრევალენტურობით წარმოებულ საჰაერო ურთიერთდარტყმებს ხალხი ეწირება ორივე მხრიდან… ამ კონფლიქტში თუ ომში მორალის და მინიმალური ინტელექტის მქონე ადამიანის ადგილი ვიცით, ვის მხარესაცაა… არ მშურს, რომ ისრაელელებმა ხრიოკზე გასაოცარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ააშენეს (ეს მათ დაიმსახურეს) – ეს ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. არა, ეს არ მშურს. მე მათი ერთიანობისა მშურს, ქვეყნის შიგნით ერთმანეთს მამასისხლად გადაკიდებული პოლიტიკური ელიტა და ხალხი როგორ იკვრება ერთ მუშტად, როცა საქმე ეგზისტენციალურ საფრთხეს – გარეშე მტრებს ეხება. მშურს ამ ხალხის, მშურს, როგორ თავდაუზოგავად, ყველა ხერხით (ხშირად – საკამათო და კონტროვერსიული) იცავს თავს… თქვენ წარმოიდგინეთ, რისი მშურს – იმისი, რომ ხალხს სძულს თავისი ქვეყნის მტერი! ჩვენთან ხომ მტრის სიძულვილიც “გაიშვიათდა”, ენდემური ჯიშის უამრავი იდიოტი რუსეთ-უკრაინის ომში იმ ქვეყნის მხარესაა, რომელმაც ბოლო ორასი წელი სისხლი გაგვიშრო და ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი აქვს მიტაცებული, ირან-ისრაელის ომში კი იმ ქვეყნის მხარესაა, რომელმაც – ლამის მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმაციით ვარსებობთ – მილიონჯერ გადაგვიარა, გადაგვთხარა, ამოგვძირკვა… რა ჰქვია ამას – სტოკჰოლმის სინდრომი?! ცხადია, არა! – ამას ჰქვია სისხლის გაწყალება, ეროვნული თავმოყვარეობისა და იდენტობის სრული ატროფია, და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე იმ დოზირებული სალაფავის მიღების გზები არ ჩაიკეტოს, რომელსაც ულუფებად აწვდიან… კარგა ხანია, ჩვენში “სიფრთხილედ” (როგორი მოხდენილი ევფემიზმია!) საღდება სილაჩრე. ისევ აკაკი ბაქრაძე რომ მოვიშველიოთ (ისევ პერიფრაზით): დათვისთვის ბაბაიას დაძახების ანდაზა არ უნდა იყოს მთლად ძველი, ახლო წარსულში უნდა ვეძიოთ მისი საწყისები.

ეს ხალხი დღეს არ აღმოცენებულა, მათ ჰყავთ სულიერი წინაპრები, ჩვენი ისტორია ხომ, გმირობების ამაღელვებელ ქრონოლოგიასთან ერთად, ღალატის, ოპორტუნიზმის და ლაჩრობის ქრონოლოგიაცაა, უბრალოდ, გულის გახეთქვამდე რთულია, როცა ამას საკუთარი თვალით უყურებ.

*

ისრაელის სპეცსამსახურების საიდუმლო დანაყოფზე გადაღებული ძალიან მაგარი სერიალის – “ფაუდას” ყურება დავასრულე ამას წინათ. ბოლო სეზონი სრულიად გენიალურად სრულდება: მთელი დანაყოფი დაჭრილი წევს, ხელი აქვთ ჩაკიდებული ერთმანეთისთვის და ჩურჩულებენ: ” – დიდება უფალს! დიდება ისრაელს!”

*

გუშინ ჯემალ აჯიაშვილის კონგენიალური – “შუა საუკუნეების ებრაული პოეზია” გადავიკითხე, ერთი კონკრეტული მონაკვეთის გახსენება მინდოდა მხოლოდ, მაგრამ, დიდი მცდელობების მიუხედავად, როგორც ყოველთვის, ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი. ქართული ენის თეზაურუსული ფლობა (ენის ნებისმიერი დიაქრონიული შრიდან საჭირო მადანის ამოღების უტყუარი ალღო), ქართული ლექსის საუკეთესო ტრადიციების ზედიდოსტატური ფლობა და, რაც მთავარია, ლინგვისტური ოკაზიონიზმი – მხოლოდ ამ თარგმანებისთვის შექმნილი იდიოლექტი (პოეტური ენა). ესაა იმ მთავარი მახასიათებლების ჩამონათვალი, რაც ამ შედევრალურ ანთოლოგიას ამკობს. ესაა გაბმული სიმფონია, ლამის, ლიტურგიკული კონტრაპუნქტი, რომლის კითხვისას კონცეპტისთვის გონების მიდევნებას, ხშირ შემთხვევაში, აზრიც არა აქვს (ვერც ახერხებ), უბრალოდ, წამლეკავ დინებას უნდა მიჰყვე. მოშე იბნ ეზრას თუნდაც ეს პატარა მარგალიტი როგორია აჯიაშვილის ხელში:

მეაკვნენი და მესაფლავენი

ყოვლის მნგრეველ და
ყოვლის მშენებელ
ვინ არის, ვინა? ―
გრგვინავს მთა-ველი…
კვლავ დავიწყების მტვერში შერევენ,
კვლავ მიეჯრება მტკაველს მტკაველი…

აქ უდრტვინველად განისვენებენ
მეაკვნენი და
მესაფლავენი…

ქართულის გაკვეთილები და დამხმარე სასწავლო რესურსები

0

ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ განათლების პროცესი ცოცხალი და მუდმივად განვითარებადი პროცესია, რომლის გაჩერება ან ერთ ადგილზე გაყინვა შეუძლებელია. სისტემა მუდმივად განიცდის ცვლილებებს. მასწავლებლებს ამ სიახლეების მიღება, საკუთარი ცოდნის ამაღლება და ახალ-ახალი მეთოდების ძიება გვიწევს, რათა შევინარჩუნოთ მორალური უფლება, ვასწავლოთ სხვას.

არც ისაა სიახლე, რომ ქართული ენა სკოლაში მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის, არამედ იგი ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია განათლების პროცესში, შემეცნებით და ეთიკურ განვითარებაში. ამ მიმართულებით, დამხმარე სასწავლო რესურსები, სახელმძღვანელოები, გრაფიკული მაორგანიზებლები, სხვადასხვა ვიზუალური და ინტერაქტიური მასალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ინტელექტუალურ და მენტალურ განვითარებაში.

ძირითადი სახელმძღვანელოები მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სისტემის თავისებურებებს, სწავლა-სწავლების ძირითად მოდელს და არაერთ გამოწვევას უპასუხებს. თუმცა, გრიფირებული სახელმძღვანელო, მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა და გათვალისწინებული საჭიროებებისა, ვერ უპასუხებს ყველა ინდივიდუალურ საჭიროებას, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეუცვლელია დამხმარე სასწავლო რესურსების როლი – ისინი საგრძნობლად უწყობს ხელს უკეთ გაგებასა და ინფორმაციის გადამუშავებას, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, გააზრებულ კითხვებზე პასუხების მოძებნას, სიტყვების სწორ გამოყენებასა და მეტყველების ხარისხის გაუმჯობესებას.

მაგალითად, სერია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, გამოიყენოს მეტი ინტერაქტიური აქტივობა, რაც მოსწავლეებს არამხოლოდ სწავლის პროცესში, არამედ მათ ლიტერატურული გემოვნების დახვეწასა და წარმოსახვის განვითარებაშიც ეხმარება.

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძირითადი სახელმძღვანელო გრიფირების პროცესზეა მიბმული და მისი ყოველწლიური განახლება და გამოცემა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მასწავლებლებმა, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ რესურსების შერჩევას, რომლებიც კონკრეტულ კლასში მოსწავლეების საჭიროებებს შეესაბამება.

ამას გარდა, დამხმარე სასწავლო რესურსების გამოყენებით ბავშვებს ეძლევათ საშუალება, შეისწავლონ ახალი სიტყვები, განმარტონ და უკეთ გაიგონ მათი ზუსტი მნიშვნელობები, რაც არა მხოლოდ მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, სერია „გრამატიკა და მართლწერა“ უზრუნველყოფს დეტალურ განმარტებებს და პრაქტიკულ დავალებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

ტექსტის ანალიზი, საკითხის თეორიული გაგება და კითხვა-პასუხის ტექნიკა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას: მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გააანალიზონ ტექსტები, გააკეთონ დასკვნები და მიიღონ გადაწყვეტილებები.

თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა ვიდეოები და ინტერაქტიური აპლიკაციები, სასწავლო პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში. ინტერაქტიური პლატფორმები, რომლებიც ტესტირებასა და დავალებების შესრულებაზეა ორიენტირებული, მოსწავლის შედეგის დინამიკის გარკვევაში გვეხმარება.

გრაფიკები, სქემები და სლაიდები არა მხოლოდ კითხვა-პასუხის პროცესის გაადვილებას უწყობს ხელს, არამედ ვიზუალური მეხსიერების გაუმჯობესებასაც. თვალსაჩინოებების გამოყენება საშუალებას იძლევა, სწრაფად აღვიქვათ და დავამახსოვროთ ინფორმაცია.

თანამედროვე ტექნოლოგიები ასევე ქმნიან რესურსებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ენა რეალურ კონტექსტში. ინტერნეტ-ტესტები და საგანმანათლებლო პლატფორმები მრავალფეროვან და უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს ცოდნის გასაუმჯობესებლად.

თუმცა, ყველა მოსწავლისთვის ერთი და იგივე სასწავლო რესურსი ერთნაირად ეფექტური არაა. ამდენად, პედაგოგებს ხშირად უწევთ ინდივიდუალურად შეარჩიონ რესურსები, რომლებიც მათ მოსწავლეებზეა მორგებულია. ზოგს უკეთ ეხმარება თვალსაჩინოებები, ზოგს კი – აუდიო მასალა.

არსებობს მზა რესურსებიც, რომლებსაც სხვადასხვა გამომცემლობა თუ გამოცდილი ავტორი სთავაზობს მოსწავლეებს. თითოეული მათგანი, უმეტეს შემთხვევაში, დატესტილი და გამოცდილია ცოცხალ საგაკვეთილო პროცესში და დახვეწილია მასწავლებელთა უკუკავშირის მიხედვით (ასეთია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“, „გრამატიკა და მართლწერა“, „წერა და წაკითხულის გააზრება“ დაწყებითი კლასებისთვის და სხვა). ასეთი მასალის სანდოობის ხარისხიც, შესაბამისად, მაღალია. ვიწრო საჭიროებაზე მორგებული სასწავლო მასალა გვეხმარება ჩვენ, მასწავლებლებს, თითოეული ბავშვის შესაძლებლობა, ინტერესი და გასაუმჯობესებელი მხარე გავითვალისწინოთ და მას მოვერგოთ.

მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ გამოყენებას გარკვეული გამოწვევებიც მოჰყვება. რესურსების არასაკმარისმა რაოდენობამ, ან არასწორმა შერჩევამ შეიძლება პრობლემები შექმნას. ასევე, რეგიონებში, სადაც  ინტერნეტთან ან ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, შესაძლოა, დაბრკოლებები წარმოიქმნას.

დამხმარე სასწავლო რესურსები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართული ენის სწავლების პროცესში. მათი ეფექტური გამოყენება შესაძლებელია, თუ სწორად შევარჩევთ და გამოვიყენებთ რესურსებს, რომლებიც კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებს უპასუხებს.

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ მრავალფეროვანი დამხმარე რესურსები, რათა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა გახდეს უფრო ინტერაქტიური, საინტერესო, ეფექტიანი და ეფექტური.

არდადეგები

0

საზაფხულო არდადეგები დაიწყო. როგორც ყველა ბავშვს, ტიდასაც (ჩემს შვილს) უხარია, მაგრამ რამე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ვერ ვატყობ. ჩემთვის კი საზაფხულო არდადეგები, რომელიც უფრო ადრე – მაისის ბოლოს იწყებოდა, წარმოუდგენელი ზეიმი იყო. თუ ზამთრის ორკვირიან არდადეგებს არ ჩავთვლით, ზაფხულის არდადეგები გახლდათ ის, რაც ღამეები მესიზმრებოდა, რაზეც ვოცნებობდი, რისკენაც ტაატით მივიწევდი… ერთი სიტყვით, ზოგადად სამყაროს არსებობის გამართლება იყო საზაფხულო არდადეგები. ახლა რომ ვუფიქრდები, ამხელა ეგზისტენციალური მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ სკოლა იყო ჯოჯოხეთი – ყოველ ნაბიჯზე შიში, რიდი, იძულება… დღევანდელ ბავშვებში სკოლის გარემოს მიერ გამოწვეული ეს სტრესული განცდა ნაკლებადაა, იმას კი არ ვამბობ, რომ საჯარო სკოლებში ყველაფერი რიგზეა, არა, სკოლის მასწავლებლების ოთხმოცი პროცენტი ძველი ყაიდის კონფორმისტია, უბრალოდ, ზოგადი გარემო არ იძლევა ამ კონფორმიზმის სრულფასოვნად რეალიზების საშუალებას, ბავშვებმაც მეტი იციან საკუთარ უფლებებზე… ხოდა, სწორედ ამიტომ არაა, ალბათ, ტიდასთვის არდადეგები იმხელა სიხარული, რამხელაც ჩემთვის იყო, და მადლობა ღმერთს, რომ ასეა…

როგორც აღვნიშნე, ჩემთვის საზაფხულო არდადეგები ყველაფერი იყო. ვცდილობდი, თითოეული დღის თავისუფლებით დავმტკბარიყავი, არავინ მაიძულებდა, გაკვეთილები მესწავლა და მევლო ინგლისურის და ქართულის რეპეტიტორებთან, არავინ მაღვიძებდა დილაუთენია… კაცი ვიყავ და ქუდი მეხურა – თვითონ განვკარგავდი საკუთარ ცხოვრებას და დღის წესრიგს. ყველა იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა: ვცურაობდი მდინარეში, ვთამაშობდი ფეხბურთს, ვხატავდი, ვძერწავდი და ვკითხულობდი იმას, რაც მინდოდა, კაცისშვილი არ იყო დამშლელი. ამაზე დიდი სამოთხე, აბა, რა შეიძლება, იყოს.

აი, აგვისტოს დასაწყისში უკვე ყრუდ, სადღაც შიგნით ვგრძნობდი განგაშის ვიბრაციებს – ილეოდა არდადეგები… აგვისტოს შუიდან კი ეს ვიბრაციები ხელშესახებ სულიერ დრამად იქცეოდა ხოლმე. ერთადერთი ნუგეშად ზაფხულის გვირგვინი – ჭეჭეთობა ღამე მრჩებოდა, ქრისტიანობასთან შერწყმული ეს პაგანური რიტუალი: მარიამობის წინა ღამეს საბურავებისგან დავანთებდით კოცონს და ვახტებოდით ზედ ავსულების დასაფრთხობად, ამავე მიზეზით უფროსები სანთლის ნაჭრებს გვაწებებდნენ თმაში, ჭიშკრებზე კი რკინის ჯვრებს ჰკიდებდნენ… შუქი მაშინ არ იყო და ასე, კოცონის პირას იშლებოდა დიდი სუფრა, დილამდე ქეიფობდნენ უფროსები, იყო ცეკვა-სიმღერა ჩემი მეზობლის აკორდეონის და “დოლის” (ამოტრიალებული ჯამის ან ხის სკამის) აკომპანიმენტით…

და სამიოდე დღეში – პირველი სექტემბერი, ისევ ჯოჯოხეთი…

გადატანა, ანჟანბემანი

0

გააღეთ საკანი, ის გველოდება

სეანსი გვაქვს ჩანიშნული,

კურნავს სიცილით.

გააღეთ კარი. მელოდებიან.

მოსამართლემ აიცილა მისი სიცილი,

პროკურორმა აიცილა მისი სიცილი,

 ცრუ მოწმეებმაც აიცილეს მისი სიცილი,

ერთხმად დასთანხმდნენ უკურნებელ ავადმყოფობას.

სიცილი მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,

სიმართლე მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,

არ დამარცხდება.

/ნატო ინგოროყვა/

 

სად სად და იმგვარ დროებაში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგჯერ პოეზიის ჩეროს სჯობია შეაფარო თავი, სული მოითქვა. თუმცა ცხოვრებისა არ იყოს, გადასატანი ამბები აქაც ბევრია. ანჟანბემანს ვგულისხმობ.

ლექსთმცოდნეობის ამ ძალიან საინტერესო საკითხის მოსაკვლევად საჯარო ბიბლიოთეკაში მომიხდა  ჩასვლა. განცდა მქონდა, რომ კარგა ხნის უნახავ პოეტსა და მეცნიერს შევხვდი, გამორჩეულ პედაგოგს, საჯარო ბიბლიოთეკის მესამე სართულზე ჩამოვსხედით (მე — სკამზე, ის  — მაგიდაზე, ჩვეულებისამებრ). ანჟანბემანზე მინდოდა ფიქრი, მასავით ხომ ლექსწყობის ამ საკითხში ვერავინ გამარკვევდა. ჩემს შეკითხვაზე პასუხიც მივიღე და  დასაბუთებაც,  ქართული ფოლკლორული ლექსწყობის კომპარატივისტული გადააზრებით და წამოვედი მადლიერი.

ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვეტყვი, რომ კომპარატივისტიკა ისტორიულ-შედარებითი მეთოდია ლიტმცოდნეობასა და ენათმეცნიერებაში, ამ საგნებს ჩვენ ბატონი მიხეილ ქურდიანი გვასწავლიდა და დღეს სწორედ მისივე წიგნად გამოუცემელ  სადოქტორო დისერტაციაში გადავამოწმე ენათა ნათესაობის დონეებზე მოძიებული თუ აღდგენილი ესა თუ ის სალექსო ვარიაცია. აქვე უნდა ითქვას, ანჟანბემანს მის ვრცელტანიან ნარკვევში ცალკეული თავი არ ეთმობა, მხოლოდ ერთგან ამბობს, „ორსტრიქონედი ერთი სრული სამეტყველო პერიოდია (წინადადება, ფრაზა) და ამას ანჟანბემანიც (გადატანაც) ადასტურებს, რომელიც, როგორც   ქართულ ლექსმცოდნეობაში დამკვიდრებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ ემპირიული მასალა ცხადყოფს, არსებობდა ყოველთვის, საერთო ქართველურ დონეზეცო. სწორედ ორსტრიქონედის შიგნით რეკონსტრუირებადი სისტემის ფარგლებში და პირველი ორსტრიქონედის გარდა, ვერ გადალახავდა რითმით მონიშნულ მიჯნასო[1].

რა იყო დამკვიდრებული თვალსაზრისი და რა მაეჭვებდა? განსაზღვრებით დავიწყოთ.

გადატანა, ანუ, ანჟანბემანი (enjambement) პოეტური გამოსახვის ხერხად მიიჩნევა და მოიაზრებს წინადადების ნაწილის გადატანას ტაეპიდან ტაეპში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ლექსის ინტონაციურ-ფრაზობრივი და მისი მეტრული დაყოფა არ ემთხვევა ერთმანეთს. ანჟამბემანი ხელს უწყობს ცალკეული სიტყვების გამოკვეთას, აძლიერებს მეტყველების ექსპრესიულობას, ლექსში შეაქვს სასაუბრო ინტონაცია.

აკაკი გაწერელიაც ამავეს ამბობს. მისი თქმით,  სილაბურ-ტონური სისტემის ლექსთწყობაში ლექსის ერთ-ერთ რიტმულ განმსაზღვრელად ითვლება სტროფის ჩარჩოში რიტმის სინტაქსური ზეგავლენის შემთხვევები. ყველაზე თვალსაჩინო მომენტს ამ მხრივ წარმოადგენს ე. წ.  ანჟანბემანი (გადატანა), რომელიც გულისხმობს ლექსის ამა თუ იმ ტაეპის დასასრულს გადატანას მიმდევნო ტაეპში, რაიც ინტონაციურ კონფლიქტს ,,სწევს მეტრსა და ტაეპის სინტაქსურ დაბოლოებას შორის. მაგრამ ქართულ კლასიკურ ლექსში XIX საუკუნემდე ანჟანბემანის არცერთი შემთხვევა არაა ცნობილიო. მკვლევრის თქმით, ქართველ რომანტიკოსებამდე ქართულ ლექსში ტაეპის სინტაქსური დაბოლოება ზუსტად ემთხვევოდა მეტრის აქცენტურ დასასრულს. მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილმა  შეარყია პირველად ეს კონსერვატიზმიო.

მკვლევარს მაგალითად შემდეგი სტროფები მოჰყავს:

„თვითონ მეფენიც უძლეველნი, // რომელთ უმაღლეს ამაო სოფლით არღა არის სხვა რამ დიდება, // ჰშფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: // „როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს“, // და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, // რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“.

და იქვე დასძენს,     ამის მსგავსი არაფერია ქართულ ლექსში XIX საუკუნემდე, რის გამოც ანჟამბემანის საკითხს ვრცლად ვერ შევეხებით წინამდებარე მონოგრაფიაშიო[2].

არადა, იმავე მონოგრაფიაში აკაკი გაწერელია რუსთველისეულ ტროფებს ინტონაციური თვალსაზრისით განმარტავს და მათ ანჟანბემანს, ანუ, გადატანას სულაც არ უკავშირებს. მას საანალიზოდ რუსთაველის შემდეგი სტროფები მოაქვს: „ვინ დამბადა, შეძლებაცა… ვინ არს ძალი უხილავი… ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად!

ან ეს:თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან ვერ დამიტიროს მშობელმან, ·და ვერცა მისანდობელმან, –– მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე მლმობელმან!“ — თუმცა, აი, რას ასკვნის:  პირველ შემთხვევაში ტაეპების დასაწყისი სიტყვებია გაძლიერებული „და მეოთხე ტაეპი უშუალო დასკვნას წარმოადგენს, მეორე შემთხვევაში კი ტაეპთა ბოლო სიტყვების სინტაქსური ერთფეროვნება მჭიდრო კავშირს ამყარებს მათ შორის და სტროფს ერთი მთლიანი წინადადების სახეს აძლევს. ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე, ქართულ კლასიკურ ლექსში ინტონაციის ანუ ტონის ცვალებადობის (მახვილების გაძლიერება, ტემპის შენელება თუ აჩქარება და სხვ.) ზეგავლენა ვრცელდება უმთავრესად ანაკრუზის უბანზე (იცვლება მეტრული რიგი მახვილებისა: მეტწილად ერთმახვილიანი და ერთმარცვლიანი სიტყვები იკავებენ ორ- და მეტმარცვლოვან სიტყვების ადგილს).

როგორც ვხედავთ, აქ გადატანას სრულიად არ ახსენებს, არადა, ფაქტია, გვაქვს.

ანჟანბემანს უფრო ვრცლად მიმოიხილავს მედეა ციქურიშვილი ჟურნალ „ცისკარშიც“ (1991, 11-12) გალაკტიონის პოეზიის მაგალითზე. სურ.1.

მკვლევარს საანალოზოდ გალაკტიონის არაერთი მშვენიერი ფრაზა მოჰყავს, თუმცა ის, რომ ეს ძველი მოვლენაა, არსად ახსენებს. მხოლოდ გალაკტიონის ტაეპების ანალიზით შემოიფარგლება.

მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ფრანგი ენათმეცნიერის, ჟან კოენის წიგნი — „პოეტური ენის სტრუქტურა“, რომელშიც მითითებულია, რომ ანჟანბემანი მე-17 საუკუნემდე საკმაოდ გავრცელებული იყო და ამის შესახებ  პიერ დე რონსარი მიუთითებსო. მისი „პლეადის“ წინასიტყვაობაში კი ვკითხულობთ: „ახალგაზრდობაში ანჟანბემანი მიუღებლად მიმაჩნდა ჩვენი პოეზიისათვის, მაგრამ კარგი ბერძენი და რომაელი ავტორების წაკითხვის შემდეგ საწინააღმდეგო აზრი გამიჩნდა“-ო. მე-17 საუკუნეში ბუალოს ცნობილი სიტყვებით — სტანსები პაუზებზე სასიამოვნოდ ჯდება,// ვეღარ ბედავს ტაეპი სხვა ტაეპში გადასვლას.“// — აიკრძალა ანჟანბემანის ხმარება. უფრო მოგვიანებით, რომანტიკოსების ეპოქიდან მან აღიდგინა უფლებები და ზოგჯერ სისტემატიურადაც გამოიყენებოდა, მაგალითად, მალარმეს „ჯეროდიადეში“-ო.

ანჟაბემანს ჟ. კოენი განიხილავს, როგორც დაპირისპირებას ტაეპების მეტრულ და სინტაქსურ დაყოფას შორის, როცა ერთმანეთს აღარ ემთხევა მეტრული და სემანტიკური პაუზები. ამავე დროს ანჟანბემანი მას მიაჩნია მეტრულ-სინტაქსური კონფლიქტის ერთ კერძო შემთხვევად სხვა მრავალთა შორის, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტენსიურობით. კონფლიქტის მოსახსნელად მეტრული პაუზა ზუსტად უნდა დაემთხვეს სემანტიკურ პაუზას. მაგრამ არც ერთ ფრანგულ ლექსში ემთხვევა ამგვარად, მაშასადამე კლასიცისტებმა შესძლეს აღნიშნული დაპირისპირების მინიმუმამდე დაყვანა და არა — მოხსნაო. ფრანგული პოეზიის ისტორიაში დასტურდება ამ კონფლიქტის ზრდა კლასიციზმიდან რომანტიზმამდე და რომანტიზმიდან სიმბოლიზმამდე, რაც იმით გამოიხატება, რომ ანჟანბემანი არღვევს მეტად მყარ გრამატიკულ კავშირებს: არსებით სახელსა და ეპითეტს შორის, კავშირსა და მომდევნო სიტყვას შორის, არტიკლსა და არსებით სახელს შორისო. როგორც კოენი ამბობს, პოეტები მართლაც მიხვდნენ, რომ კონფლიქტი მეტრსა და სინტაქსს შორის თვით ლექსის არსებაშია ფესვგადგმულიო[3].

ზოგადად, მიჩნეულია, რომ არსებობს  ტაეპური და სტროფული გადატანა. გამოყოფენ ტაეპური ანჟამბემანს, რომელიც  სხვადასხვა ხასიათისაა: ა) ფრაზა ავსებს პირველ ტაეპს და მთავრდება მეორის დასაწყისში: „შორეული ქალის ეშხი// მოვა მაგრამ როდის?(. ტაბიძე).
ბ) ფრაზა იწყება ტაეპის ბოლოს და ავსებს მეორე ტაეპს:ბაღში გავედიიქაც ბილიკზე //ფენილი იყო ფოთოლი რბილი (. ტაბიძე).
გ) ფრაზა იწყება პირველი ტაეპის ბოლოს და მთავრდება მეორე ტაეპის დასაწყისში:
„მივედი სახლში. ქორწილი გაჩაღებულა, მღერიან (ვაჟაფშაველა).
დ) იშვიათია ისეთი ანჟამბემანი,როდესაც ტაეპიდან ტაეპში გადატანილია სიტყვის ნაწილი (დამარცვლის წესით): „არაფერი! სტყუი! მაშ და //ლალის ბეწვბუსუსი// გვერდზე რისთვის ათამაშდა?!//ჰოდა, სუ! სუ! სი- //ტყვა არ თქვა(. გრიშაშვილი.

სტროფული ანჟამბემანი სხვადასხვა ხასიათისაა:
ა) მთელი სტროფის აზრობრივ-ფრაზეოლოგიური კომპოზიცია სრულდება მომდევნო სტროფის პირველ ტაეპში: „შავს ენას და შავსა გულს // აფარებენ თეთრ კბილებს // არა! გიჯობს რომ მიჰყვე //შენ იმ მამულიშვილებს. // შენ იმ მამულიშვილებს, //ქვეყნისთვის რომ ყოველდღე // ოფლში იწურებიან // და, ვით ბნელში ვარსკვლავი // ისე ჩუმად ჰქრებიან!.. (. წერეთელი).

ბ) მთელი სტროფი აგებულია ანჟამბემანის პრინციპზე: ძარღვებს თანდათან // ეს უცნაური//წეწდა, არღვევდა//აურზაური.//ზღვა ხმაურობდა. (გ. ტაბიძე).

ვერ მოვითმინე და ელმეგობარს ვკითხე, რა  მიგაჩნია ანჟანბემანის კოგნიტიურ საფუძვლად-მეთქი. აი, რა მიპასუხა: 1. ანჟანბემანი ქმნის ინფორმაციულ დაძაბულობას (Suspended Closure) — გონება ელოდება წინადადების დასრულებას, მაგრამ სტრიქონი წყვეტს მას მოულოდნელად. ეს აყოვნებს “დასასრულის” კოგნიტურ მოდელს და ზრდის ყურადღებას. გონება ავტომატურად ცდილობს სტრუქტურული მთლიანობის აღდგენას. უკავშირდება Gestalt-ის პრინციპს — სურვილს, რომ აღვიქვათ მთლიანი, დასრულებული ერთეულიო.

  1. ანჟანბემანი აყოვნებს წინადადების „დასრულებას”, რაც გონებას აიძულებს, გადაანაწილოს დროითი რესურსები. ჩვენ გვიწევს წაკითხული სტრიქონის დროებით „დარჩენა მეხსიერებაში“, რათა შევავსოთ აზრი შემდეგ სტრიქონში. ამას კოგნიტურ მეცნიერებაში working memory load ეწოდებაო.
  2. გონება მუდმივად ჭვრეტს, რა მოჰყვება შემდეგ. ანჟანბემანი ხშირად არღვევს ამ მოლოდინს — ეს ქმნის „პროგნოზულ შეცდომას”(Prediction Error-ს), რაც იწვევს ინტერესს და ამახსოვრებს სტრიქონსო.
  3. ანჟანბემანი მუშაობს ასევე ფონოლოგიურ დონეზეც. რადგან პაუზები და ხაზის გადანაწილება ქმნიან მუსიკალურ ეფექტს, გონება ამ მეტრულ ხარვეზებზე სმენით რეაგირებს — და ცდილობს მათ მულტიმოდალურ „დამუშავებას”, როგორც რიტმის და ინტონაციის ნაწილისასო.
  4. ამბივალენტურობა და მეტაფორების ინტეგრაცია — ანჟანბემანი ხშირად გამოიყენება მულტიმნიშვნელოვნების წარმოსაჩენად. როდესაც სიტყვა გადადის შემდეგ სტრიქონში, ის შეიძლება წაკითხვის მომენტში დროებით სხვა მნიშვნელობით აღიქმებოდეს, ვიდრე საბოლოოდ. ეს იწვევს კოგნიტურ რეფრემინგს, რაც დაკავშირებულია მეტაფორული აზროვნების მექანიზმებთანო.

ამდენად, ანჟანბემანის კოგნიტურ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კოგნიტურად ის: აყოვნებს აზრის დასრულებას → ზრდის ყურადღებას, მეხსიერებაში ინახავს დეტალებს; ქმნის პროგნოზის შეცდომას → ზრდის ლინგვისტურ სიამოვნებას; აძლევს ტექსტს მრავალშრიანობას → ააქტიურებს მეტაფორულ და სიმბოლურ აზროვნებასო.

ანჟანბემანი ხშირად მუშაობს ისე, რომ: დაუმთავრებელი აზრი ეძებს მეორე სტრიქონში ემოციურ ან მორალურდაბრუნებას; სტრიქონებს შორის იშლება პოეტური დუმილი, რომელიც ააქტიურებს კოგნიტურ ინტერპრეტაციას; ხშირად გვაქვს პარადოქსი ან განმარტების საჭიროება, რაც ზრდის გონებრივ ჩართულობასო.

პარადოქსები, იცოცხლეთ! ისინი ხომ ჩვენი დროების განუყუფელ ატრიბუტებად იქცნენ. მაგრამ ამასაც გადავიტანთ!

სხვა  რესურსები:

  1. “Enjambment – Definition and Examples of Enjambment”. Literary Devices. 2020-12-22. Retrieved 2021-09-05.
  2. “Enjambment”. www.cs.lewisu.edu. Retrieved 2021-09-05.
  3. Jump up to:ab c d e Preminger 359
  4. William R. Taylor, The Book of Psalms, The Interpreters’ Bible, volume VI, 1955, Abingdon Press, Nashville, p. 169.

 

 

 

[1] მიხეილ ემელიანეს ძე ქურდიანი, საერთოქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსწყობის ზოგადლინგვისტური თეორია, დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1998. გვ, 30.

[2] აკ აკ ი გაწერელია, რჩეული ნაწერები, ტომი III ვეტრსიფიკაცია, მერანი, თბილისი, 1981.

[3] იხ. რუსუდან თურნავა, ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის პოეზიაში, ლიტერატურული ძიებანი №23 (ნაწილი II).

 

„ხეების სუნი აქვს კედის“ – აუტიზმი, არომატები და ენის დარღვევა

0

„ხეების სუნი აღარა აქვს კედის და მე ავტირდი“.

უილიამ ფოლკნერი,

ხმაური და მძვინვარება

 

ორიოდ წლის წინ, ჩემი სპეციალური მასწავლებლობის ბოლო წელს, კერძო პრაქტიკით სამუშაოდ  მომიყვანეს პირველკლასგავლილი გოგონა  ნუშის თვალებით, ქერა თმითა და სიყვარულით სავსე გამოხედვით. არ მეტყველებდა. გაცნობისთანავე თითები, მაჯა- ხელები საგულდაგულოდ დამიყნოსა, ინტერესით მაკვირდებოდა მეცა და ჩემს სამუშაო მაგიდაზე არსებულ საგნებს, რომლებსაც აღებისთანავე ყნოსავდა და ვგრძნობდი, იმათი გემოებიც აინტერესებდა. განსაკუთრებული სიფრთხილე გახდა საჭირო კარადაში არსებული თხევადი საგნებისადმი, წამიც და წებო, ჰიგიენური სითხე და სხვა ყველაფერი, რაც თხევადი იყო, უნდოდა, პირთან მიეტანა და დაელია.

 

მოკლედ, აუტიზმის შემთხვევა იყო მძაფრი ყნოსვისა და გემოს შეგრძნებებით. სტატიის მომზადებაც მაშინვე მომინდა, მაგრამ დაკვირვება ვამჯობინე. ცოტა ხნის წინ კი კარგად მოაზროვნე ბიჭი გამაცნეს, თუმცა ენისა და მეტყველების  თავისებური მდგომარეობით. აღმოჩნდა, რომ ყნოსვა მისთვისაც პრიმარული ფაქტორია. წინამდებარე სტატიაში სწორედ აუტიზმის იმგვარი ფორმის შესახებ ვისაუბრებ, როდესაც ყნოსვა თითქმის წამყვანი შეგრძნებაა. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ხშირია სინათლის, ხმების, ტექსტურებისა და სუნების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.

ეს სტატია უფრო დეტალურად განიხილავს მომეტებულ ყნოსვით მგრძნობელობას, ანუ ჩვეულებრივზე ძლიერ ყნოსვის შეგრძნებას. ასევე განვიხილავთ ყნოსვითი მგრძნობელობის ეფექტებს აუტიზმის მქონე ბავშვებში და იმას, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამ სიმპტომების მართვისას.

 

 ცოტა რამ ყნოსვითი სისტემის შესახებ

 

როგორც ცნობილია, ყნოსვითი სისტემა პასუხისმგებელია ყნოსვის შეგრძნებაზე. ეს სისტემა ჰაერში სხვადასხვა სუნს ცხვირისა და ცხვირის ღრუს მეშვეობით აღიქვამს და შემდეგ სიგნალებს, ანუ ინფორმაციას, უგზავნის ჩვენს ტვინს. ტვინიც ამა თუ იმ სურნელსა თუ სუნს გადაამუშავებს და აანალიზებს მათ უკვე არსებული ცოდნის საფუძველზე. ტვინი დიდ როლს ასრულებს ყნოსვითი სისტემის მუშაობისას. ჩვენი სხვა გრძნობების მსგავსად, სუნები დაკავშირებულია ჩვენეულ მოგონებებსა და ემოციებთან. შეიძლება სუნი ჩვენი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ან საკვებს დავუკავშიროთ. ეს ინდივიდუალური გამოცდილებაა, რადგან ამგვარი ასოციაციები სპეციფიკურია თითოეული ადამიანისთვის და, როგორც ცნობილია, ყნოსვას შეგრძნებათა შორის ყველაზე ხანგრძლივი მეხსიერება გააჩნია.

 

 

აუტიზმის მქონე ბავშვები  და მომეტებული ყნოსვის შეგრძნება

მრავალი კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, აქვთ თუ არა აუტიზმის მქონე ბავშვებს გაძლიერებული ყნოსვის შეგრძნება თუ ჰიპერმგრძნობელობა. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები, ნეიროტიპურ ადამიანთაგან განსხვავებით, ტვინის სხვადასხვა უბანს იყენებენ სუნების აღსაქმელად. რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გაძლიერებული ყნოსვის შეგრძნება, გამომდინარეობს, რომ მათ აქვთ გაძლიერებული ყნოსვითი სისტემა, რომელიც არეგულირებს ამ სუნებს. აუტიზმის სპექტრის ზოგიერთ ბავშვში უსიამოვნო სუნის აღმოჩენა შესაძლებელია უფრო დიდი მანძილიდან. ამიტომ ასეთი ბავშვის რეაქცია აუცილებლად იქნება თავის არიდება. ზოგი კი აქტიურად ეძებს ძლიერ სუნს იმ ადამიანებისგან ან საგნებისგან, რომლებიც მოსწონთ.  კვლევები აუტისტ პირებში ჰიპერმგრძნობელობის უკეთ გასაგებად და მისი სიხშირის დასადგენად უცხოეთში ამჟამადაც მიმდინარეობს.

 

ძლიერი ყნოსვის გავლენები

ყნოსვის მიმართ ჰიპერმგრძნობელობამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანსა ან მისი ფუნქციონირების უნარზე. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვმა შეიძლება შეამჩნიოს სუნები, რომელთა აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია.

როგორც კვლევებმა გამოავლინა, არც ისე იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოჭარბებულ ყნოსვის შეგრძნებას თან ახლავს კომუნიკაციის უნარის დარღვევა; ამავდროულად, ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოიხატოს უჩვეულო ქცევებით. სამყაროს განსხვავებულად აღქმა გარშემომყოფებისგან შეიძლება რთული აღმოჩნდეს აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში და სოციალურ ურთიერთობებში. აუტიზმის მქონე პირთათვის ზრდასრულ ასაკში, ყნოსვითი სისტემის გამძაფრებამ შეიძლება გაართულოს ფუნქციონირება საზოგადოებრივ ადგილებში, მგზავრობისას ან  — სამუშაო ადგილზე. აუტიზმის მქონე ბავშვებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ სხვადასხვა გარემოში.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ყნოსვის გამძაფრებული შეგრძნება,  შეიძლება რთული იყოს სხვადასხვა კვებით დაწესებულებაში, რესტორანსა ან კაფეში წასვლა, რადგან ამ სივრცეში უამრავი სხვადასხვა სურნელია. უცნობი ადამიანების უცნობი სურნელებიდან დაწყებული, მირთმეული საკვებისა და სასმელების მრავალფეროვნებით დამთავრებული, ეს შეიძლება ზედმეტად სტიმულირებადი იყოს სუნის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ბავშვისთვის. ახალ რესტორანში წასვლისას გასათვალისწინებელია რესტორნის ტიპი, მისი დატვირთულობა და გარემო. ამ ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი რესტორანში ყოფნაზე.

გამძაფრებული სტიმულაციური რეაქციები

სტიმულაცია არის განმეორებადი ან უჩვეულო მოძრაობები ან ხმები, მათ შორის — ხელების ქნევა, თავის ქნევა ან რხევა. არა მხოლოდ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, სტიმულაცია ასოცირდება აუტიზმთან. ნეიროტიპულ ადამიანში სტიმულაცია შეიძლება იყოს ფრჩხილების კვნეტა, თმის ტრიალი ან ფეხის ქნევა. ეს ქმედებები ეხმარება აუტისტ პირებს ემოციების მართვისა და კომფორტის პოვნისთვის სენსორული გადატვირთვის დროს.

 

დამამშვიდებელი სურნელების საჭიროება დასამშვიდებლად ან მიჯაჭვულობის დასამყარებლად

 

აუტიზმის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ (მზრუნველების ან სათამაშოს) დამამშვიდებელი სურნელები სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ამან შეიძლება შეზღუდოს ბავშვების სხვებთან ურთიერთქმედების გზები, რადგან მათ მხოლოდ კონკრეტული სურნელები სურთ. შეიძლება ყურადღება გადაიტანონ ისეთმა სუნებმა, რომლებიც ნეიროტიპული ადამიანისთვის შეუმჩნეველია.

თუკი თქვენს საკლასო ოთახებში ამ ტიპის მოსწავლე გაჩნდება, აუცილებლად გაითვალისწინეთ სასწავლო კომპონენტში ბუნებრივი საგნების ჩართვა და მათზე ყნოსვითი დაკვირვება. გვახსოვდეს, ყნოსვით მათი უამრავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შესახებ. ამგვარი აქტივობების მოფიქრება კი  არცერთ საგანში არ უნდა იყოს რთული საქმე. მთავარია, გული გულობდეს!

 

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, აუტიზმის მქონე ბავშვები შეიძლება შეაწუხონ ისეთმა ქიმიურმა სუნებმა, რომლებიც შეიძლება ნეიროტიპული ტვინისთვის შეუმჩნეველი იყოს.

 

ძლიერმა უცნობმა სუნებმა, სუნამოებმა ან საწმენდმა საშუალებებმა შეიძლება ჰიპერმგრძნობიარე ბავშვი სენსორული გადატვირთვისა და კომუნიკაციის უნარების ნაკლებობის გამო აჟიტირება გამოიწვიოს. საკლასო ოთახში აუტიზმის მქონე ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს ფოკუსირება, სანამ მისი ტვინი ამუშავებს სუნებს, რომლებსაც სხვა ვერავინ ამჩნევს. სენსორული ძიების მქონე ბავშვისთვის გარკვეულმა სუნებმა შეიძლება ყურადღება გადაიტანოს, როდესაც ის ცდილობს სურნელთან მიახლოებას.

 

ბავშვმა, შეიძლება, უარი თქვას არასასიამოვნო სურნელების მქონე სივრცეში შესვლაზე

 

უცნობი სურნელების მქონე ახალ სივრცეში შესვლამ, როგორიცაა მეგობრის სახლი, ექიმის კაბინეტი, მაღაზია ან რესტორანი, შეიძლება აუტიზმის მქონე ბავშვში ინტენსიური რეაქცია გამოიწვიოს. შესაძლოა, მას ძალიან აწუხებდეს ძლიერი სურნელები და ირეაგიროს  სტიმულაციით (განმეორებითი ქცევა, როგორიცაა — ხელების ქნევა), სროლით ან გაქცევით.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც აქვს ყნოსვის ჰიპერმგრძნობელობა?

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვში ყნოსვის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სურნელებს ძლიერ და ინტენსიურ სურნელებად აქცევს. ისეთმა გავრცელებული სუნებმა, როგორიცაა: ცხარე საკვები, სურნელოვანი შამპუნები ან ბენზინი, შეიძლება ბავშვი დათრგუნოს. მათ შეიძლება უარი თქვან გარკვეული საკვების მიღებაზე, თავი აარიდონ გარკვეულ ადგილებს ან გამოავლინონ უჩვეულო ქცევა. ჰიპერმგრძნობიარე ბავშვის დასახმარებლად უმარტივესი გზებია:

  • მხოლოდუსუნოსაწმენდისაშუალებებისგამოყენება,
  • სურნელოვანისანთლების, სუნამოებისდადეოდორანტებისთავიდანაცილება,
  • ოთახებისკარგადვენტილაციადაცხვირზეხელსახოცისანსხვასახისდამცავისაშუალებისშეთავაზება.

სენსორული აღქმის მქონე ბავშვისთვის, თან იქონიეთ საყვარელი სურნელის მქონე ქსოვილის ნაჭერი და მოამზადეთ არომატული კერძები. როდესაც თქვენს შვილთან ერთად მუშაობთ მისი რეაქციების წყაროს დასადგენად, შეგიძლიათ შექმნათ გადაწყვეტილებები, რათა დაეხმაროთ მას თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს.

 

არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი და თერაპია, რომელთა გამოცდაც შეიძლება თქვენს შვილთან ერთად. ესენია: ABA თერაპია გამოყენებითი ქცევითი ანალიზი. ABA არის სტრატეგია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რათა დაეხმაროს ჰიპერმგრძნობიარე ბავშვებს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. გაწვრთნილ ABA თერაპევტთან მუშაობით, თქვენს შვილს შეუძლია ისწავლოს ენობრივი და კომუნიკაციის უნარები. მათ შეიძლება ისარგებლონ ყურადღების, კონცენტრაციის და სოციალური უნარების გაუმჯობესებით. ABA თერაპია ეხმარება მეხსიერებასა და აკადემიურ მოსწრებაში და შეუძლია შეამციროს პრობლემური ქცევები. ABA თერაპია მოქნილი და ინდივიდუალურია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დადებითი განმტკიცება. გრძელვადიანი ABA თერაპიის კვლევები აჩვენებს მრავალ დადებით მიღწევას ინტელექტუალურ ფუნქციონირებაში, ენობრივ განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და სოციალურ უნარებში. სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტები სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტები არის სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებიც შექმნილია ერთი ან მეტი გრძნობის სტიმულირებისთვის. ისინი მიმზიდველია აუტიზმის სპექტრის მქონე ზოგიერთი ბავშვისთვის, რადგან მათ შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვს სიმშვიდის შეგრძნებაში და უზრუნველყონ სასურველი სენსორული გამოცდილება, რაც არეგულირებს მათ სენსორულ საჭიროებებს. გასათვალისწინებელი დამხმარე საშუალებებია: დამძიმებული ჟილეტები ან საბნები, მოძრავი ბალიშები და ბალანსის დაფები. სენსორული დამხმარე სათამაშოები მოიცავს ფიჯეტ სპინერებს, პოპიტებს, ტყლარწს ან რბილულებს.

გვახსოვდეს, სენსორული სათამაშოს, ხელსაწყოს ან სასწავლო რესურსის  არჩევისას, ჩვენს სიფრთხილეს თავი არ უნდა სტკიოდეს და დასწყის დღეებსა თუ თვეებში ყურადღებაც  გაასკეცებული გვმართებს.

 

სოციალური ისტორიები

„სოციალური ისტორიები“ არის თხრობითი აქტივობა, რომელიც შექმნილია, რათა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმაროს სოციალურ სიტუაციებში გასარკვევად სათანადო კომუნიკაციისას. სოციალურ ისტორიებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ აუტიზმის მქონე ბავშვების ურთიერთობა, როგორც თანატოლებთან, ასევე — უფროსებთან. მათ შეუძლიათ აჩვენონ და ასწავლონ, რა უნდა გააკეთონ (და რა არ უნდა გააკეთონ) სოციალურ სიტუაციებში და პრობლემების წარმოშობის დროს. სოციალური ისტორიების გამოყენებით, თქვენ აწვდით ინფორმაციას და სტრუქტურას, რათა დაეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს სოციალურ სიტუაციებში ორიენტირებაში. სოციალური ისტორიის მაგალითი შეიძლება იყოს კომიქსების ფორმატში ან მარტივი წინადადებების სერია, რომელიც ასახავს, ​​თუ რას უნდა ელოდოს ბავშვი და რატომ.

 

გამოყენებული რესურსები:

Autism and Smell Sensitivity

ხელოვნური ინტელექტი და მიკერძოება

0

მასწ, ChatGPT-ს შეიძლება ვკითხო? შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენო? ეს კითხვები საკლასო ოთახში საუბრების განუყოფელი ნაწილი ხდება. IA-ს განვითარებამ, ერთი მხრივ გაამარტივა შემეცნების პროცესი, მეორე მხრივ – ერთგვარი საფრთხის ქვეშ დააყენა განათლების სისტემა.

დღეს მასწავლებელიცა და მოსწავლეც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს აქტიურად იყენებს სასწავლო პროცესში. მასწავლებლები ქმნიან დავალებებს, ხოლო მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში ირჩევენ მარტივ გზას ამ დავალებებზე პასუხების გასაცემად. ამასთან დაკავშირებით ჟურნალის „მასწავლებელი“ ვებ-გვერდზე არაერთი წერილია გამოქვეყნებული.

თითქმის ყველა ტექნოლოგიურ გიგანტს და ზოგ შემთხვევაში ქვეყანას საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა აქვს შექმნილი. შეიძლება თუ არა, ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმამ განსხვავებული ინტერპრეტაცია და პასუხები შემოგვთავაზოს? ჩემი სტატია სწორედ  AI-ს და მათი შემქმნელების შესაძლო მიკერძოების საფრთხეს ეხება.

როგორ დავაფიქროთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების შესაძლო მიკერძოებულობაზე ჩვენი მოსწავლეები და რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს AI-ს მხრიდან ინფორმაციის შეგნებულ დამახინჯებას?

შეგვიძლია მოსწავლეები ჩავრთოთ მარტივ ექსპერიმენტში. ვთხოვთ, მოიფიქრონ  კითხვები და დაუსვან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმას.  შემდეგ შეადარონ ერთმანეთს და იმსჯელონ განსხვავებული პასუხების მიზეზებზე.

კითხვა – რამდენად უსაფრთხოა tiktok-ი? გთხოვ, მიპასუხო ერთი წინადადებით.

Deepseek

TikTok-ის უსაფრთხოება დამოკიდებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვაზე და პლატფორმაზე გამოყენებულ პარამეტრებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია პრივატობის პარამეტრების გულდასმით დაყენება და ფრთხილად გამოყენება.

Gemini

TikTok-ის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან კავშირების გამო, რამაც მრავალ ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია.

ChatGPT

TikTok-ს აქვს გარკვეული უსაფრთხოების მახასიათებლები, თუმცა მასზე კვლავ არსებობს სერიოზული შიშები მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან შესაძლო კავშირების გამო.

პირველივე მარტივ კითხვაზე განსხვავებული პასუხები მივიღეთ. მოდით გავაგრძელოთ.

კითხვა – რომელია ყველაზე წარმატებული და პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმა მსოფლიოში? გთხოვ, უპასუხე რეალური მონაცემების საფუძველზე.

Gemini

ბოლო მონაცემებით (2024-2025 წლები), ხელოვნური ინტელექტის ყველაზე წარმატებული და პოპულარული პლატფორმები, გამოყენების მოცულობისა და გადმოწერების რაოდენობის მიხედვით, შემდეგია:

  1. ChatGPT (OpenAI):
  2. Google Gemini (ყოფილი Bard)

Deepseek

2024 წლის მონაცემებით, ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმები მსოფლიოში შემდეგია:

  1. OpenAI (ChatGPT, GPT-4, DALL·E, Whisper)
  2. Google AI (Gemini, Bard, DeepMind, PaLM 2)

როგორც ვხედავთ, ამ კითხვაზე ორი სხვადასხვა AI პლატფორმა იდენტურ პასუხს გვცემს. შეგვიძლია ოდნავ გავართულოთ კითხვა და დავსვათ შედარებით მწვავე შეკითხვა.

კითხვარატომ არ დაუჭირა მხარი ჩინეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას   საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების თაობაზე?

Deepseek

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია არაჩარევა სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი), შეიძლება განიხილებოდეს როგორც საქართველოს შინაურ საკითხად, რაც ჩინეთის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, ჩინეთი ხშირად თავს არიდებს კონფლიქტებთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს მხარეებისგან ერთის მხრივ მხარდაჭერად.

ChatGPT

  1. ძირითადად ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა

ჩინეთი ცდილობს, თავი შეიკავოს ისეთი რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც სეპარატიზმის, ტერიტორიული მთლიანობის ან საერთაშორისო დაპირისპირების საკითხებს ეხება, თუ ეს არ ემთხვევა მის პირდაპირ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ის, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში თავს იკავებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე ან აძლევს „წინააღმდეგ“ ხმას, რათა არ დაიკავოს მკაფიო პოზიცია.

  1. საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკა

ჩინეთი ძალიან სენსიტიურია საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში (მაგალითად, ტაივანი, ჰონკონგი, ტიბეტი, სინძიანი). შესაბამისად, ის მოერიდება იმ რეზოლუციების მხარდაჭერას, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, რათა პრეცედენტი არ შეიქმნას, რომელიც ორმაგი სტანდარტის ბრალდებას გამოიწვევს მის მიმართ.

ამ კითხვას AI პლატფორმები უკვე განსხვავებული ინტერპრეტაციის პასუხობენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

 

კითხვა:

Deepseek-ის პლატფორმამ კითხვაზე გაჩუმება არჩია და სხვა თემაზე საუბარის გაგრძელება შემოგვთავაზა.

ChatGPT

ჩინეთი ითვლება არადემოკრატიულ ქვეყანად იმიტომ, რომ მას მართავს ერთპარტიული რეჟიმი — ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც არ ატარებს თავისუფალ და მრავალპარტიულ არჩევნებს, ზღუდავს სიტყვის, პრესის, შეკრებისა და პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებებს და არ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

Gemini

ჩინეთი არადემოკრატიულ ქვეყნად ითვლება მისი პოლიტიკური სისტემისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, რაც შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით არის განპირობებული:

  • ერთპარტიული მმართველობა
  • არჩევნების არარსებობა
  • სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა
  • ადამიანის უფლებების დარღვევა
    • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნა
    • თავისუფლების შეზღუდვა
    • წამება და არაადამიანური მოპყრობა
    • სოციალური საკრედიტო სისტემა
  • სასამართლო სისტემის ნაკლებობა

 

კითხვა – რამდენად სანდო და მიუკერძოებელი AI ხელსაწყოა Deepseek?

ChatGPT

DeepSeek არ ითვლება განსაკუთრებით სანდო ან მიუკერძოებელ AI-ინსტრუმენტად, რადგან ის აჩვენებს სიმპტომებს როგორიცაა:

  • მნიშვნელოვანი სიზუსტის ნაკლებობა
  • ცენზურა და პოლიტიკური ბიასი
  • უსაფრთხოების სუსტი დაცვა
  • მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკები

 

Gemini

DeepSeek, ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მიუკერძოებლობისა და სანდოობის კუთხით არაერთ კრიტიკას იმსახურებს, განსაკუთრებით დასავლურ ალტერნატივებთან შედარებით (მაგალითად, ChatGPT, Gemini).

Deepseek

DeepSeek Chat, როგორც AI-ზე დაფუძნებული ჩატბოტი, ცდილობს იყოს სანდო, ობიექტური და მიუკერძოებელი.

 

ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი იმ მონაცემებზე დაყრდნობით გვპასუხობს, რასაც შემქმნელები აწვდიან. თუ ამ მონაცემებში არსებობს შეგნებული მიკერძოება ან მონაცემები არასრულია, შედეგად AI შეიძლება რაიმე მოვლენის თუ ფაქტის მიმართ მიკერძოებული  იყოს. შესაბამისად AI-ის მიკერძოების შესახებ ცოდნა გვეხმარება კრიტიკულად ვიფიქროთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.  მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პლატფორმის გამოყენებისას ვიყოთ კრიტიკულები და ობიექტურად ვაანალიზებდეთ მოწოდებულ ინფორმაციას.

სასწავლო წლის შეჯამების მაგიერ

0

დასრულდა 2024-2025 სასწავლო წელი. მასწავლებლები ყოველ სასწავლო წელს განსხვავებული მიდგომით ვაჯამებთ განვლილ პერიოდს, თავს ვუყრით შექმნილ რესურსებს, მოსწავლეთა მიღწევებს, საკუთარ შეცდომებს, ვფიქრობთ მათი გამოსწორების გზებზე და ა.შ.

სკოლაში მუშაობის დაწყებიდან ასეთი რთული და კრიზისული სასწავლო წელი ჯერ არ მქონია. ამ წერილზე მუშაობაც კი ძალიან მიჭირს. ძალით ვეძებ სიტყვებს, რათა წინადადებები ავაწყო და მკითხველამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, მოტივაციაზე, განცდებზე… შეუძლებელია უყურებდე დამდგარ და არსებულ რეალობას და ერთდროულად არ გეუფლებოდეს გაურკვევლობის, შიშისა თუ ბუნდოვანების განცდა.

კანონი დაირღვა და..

ადამიანების (მათ შორის განათლების სფეროში დასაქმებულების) ნაწილი, დაკავებულ პატიმრებს დამნაშავეებად და კანონის დამრღვევებად მოიხსენიებს და მათთვის თავისუფლების აღკვეთას ამართლებს.

მიხეილ ჯავახიშვილმა დაარღვია კანონი. მან საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის 58-8 და 58-11 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები „ჩაიდინა“.  ის დახვრიტეს. სანდრო ახმეტელმაც კლასიკური გაგებით დანაშაული ჩაიდინა. მას „ტროიკამ“ „დაუმტკიცა ბრალი“.

დღეს ისტორიაში თუ ლიტერატურაში, რეპრესირებულ ადამიანებზე ვამბობთ, რომ ისინი სისტემის, უსამართლობის, ჩაგვრის, რეჟიმისა თუ სისტემის მსხვერპლები იყვნენ. ანუ ვაღიარებთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში, შესაძლოა ძალაუფლების მპყრობელმა სუფთა ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით დასაჯოს მოქალაქე, მაგრამ ისე, რომ მას არ ჰქონდეს დანაშაული. შეიძლება მიხეილ ჯავახიშვილი მართლა ხვდებოდა პოლონეთის ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს, მაგრამ ამით ის კონტრრევოლუციურ საქმიანობას არ ეწეოდა…

„ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“

კითხვა თენგიზ აბულაძის შედევრიდან „მონანიება“ ყველაზე კარგად შეესაბამება დღევანდელ ქართულ რეალობასა თუ ყოფას. ჩვენ, როგორც ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანებმა, ყველაზე ხშირად უნდა დავსვათ კრიტიკული კითხვები იმ პლატფორმიდან, საიდან საუბარი თუ აზრების გავრცელება ჯერ კიდევ შეგვიძლია.  ჩემი კითხვა, რომელსაც ხშირად ვუსვამ გარშემომყოფებს არის შემდეგი: – ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით? ასეთი საზოგადოების მშენებლობისთვის ვიხარჯებით? ეს არის ის ბედნიერი ქვეყანა სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, მოსწავლეებმა თუ მთლიანად საზოგადოებამ? ეს არის ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს? ამ კითხვებზე პასუხების გაცემა საჭიროებს მინიმალურ დაკვირვებას, დაფიქრებას, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სამართლის ცოდნას.

უსასრულო წყვდიადში სინათლე განათლებას შემოაქვს. სწორედ განათლებას შეუძლია გაარღვიოს მოჯადოებული წრე, აგვიხილოს თვალები, მოგვცეს შესაძლებლობები ინდივიდებსა თუ ქვეყანას.  ილია განათლებისთვის მიძღვნილ წერილში გვეუბნება – „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“.

იმისათვის რომ მიზანს მივაღწიოთ, ანუ ავანთოთ სანთელი წყვდიადში, საჭიროა ვიცოდეთ რა გვინდა, მოვლენებს უნდა აღვიქვათ ობიექტურად, დავტოვოთ კომფორტის ზონა და დავძლიოთ  შიში.

რა არის შიში?

ჩვენ გვაქვს გამონათქვამი „შიში ოხერია“.

მაგალითად მიდიხართ ქუჩაში, ხედავთ თავმოხდილ ჭას ან დაზიანებულ გზას, გინდათ ფოტო გადაუღოთ, ატვირთოთ სოც. ქსელში, მონიშნოთ შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ასე აცნობოთ პრობლემის შესახებ. მაგრამ, ამას არ აკეთებთ, რადგან გეშინიათ, რომ ინტრიგანობაში დაგდებენ ბრალს.

გავიხსენოთ ედმუნდ ბრეიკის ფრაზა „კარგი ადამიანების უმოქმედობა საკმარისია ბოროტების გასამარჯვებლად”.

მაგალითად ხართ მასწავლებელი და უკმაყოფილო ხართ სასწავლო პროგრამით, ან სახელფასო პოლიტიკით, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობთ. რატომ? გეშინიათ ვინმემ ცუდად არ გაიგოს თქვენი უკმაყოფილება და რაიმე არასასურველი იარლიყი არ მოგაკერონ.

ან მშობელი ხართ და არ ხართ კმაყოფილი თქვენი შვილის სკოლაში არსებული სიტუაციით, მაგრამ ვერაფერს აკეთებთ, რადგან შეიძლება თქვენი შვილი აითვალწუნონ, გარიყონ, საჯაროდ გაკიცხონ…

შიში მუშაობს მუდმივად.

შიშის გამო ვერ ვბედავთ სოლიდარობა გამოუცხადოთ კოლეგა-მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შიშია ისიც, როდესაც ასეთ წერილებს კითხულობთ, გულის სიღრმეში ეთანხმებით ავტორს, მაგრამ ვერ აზიარებთ…

ვოლტერს უთქვამს  „ვინც შენს აზროვნებას აკონტროლებს, ის აკონტროლებს შენს ქმედებებსო“ და მართალიც ყოფილა. ის ვინც შიში ჩაგვინერგა თამამად აკონტროლებს ჩვენს ქმედებებს.   „ერთადერთი რაც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია“ – ამბობს რუზველტი.

საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ჩემი დანიელი მეგობრები ბოლო პერიოდია სულ მკითხულობენ და ემოციურ მხარდაჭერას მიცხადებენ. ის, რაც აქ ხდება, მათ ვერაფრით წარმოუდგენიათ. რატომ? იქ, ადამიანი, როგორც პიროვნება უმაღლესი ფასეულობაა. დანია საქართველოზე უფრო პატარა ქვეყანაა, საქართველოზე ნაკლები პოტენციალით, თუმცა განათლებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით შეძლო ქცეულიყო სამაგალითოდ, როგორც სახელმწიფო. დანიაში ვერასოდეს გაიგებთ შემდეგ ფრაზებსა თუ კითხვებს:

– სამსახური, რომ დავკარგო რა მეშველება?

– უმუშევარია და რა ქნას, წამალი როგორ იყიდოს.

– ექიმთან, როგორ წავიდეს, საჭმელში არ ყოფნის ფული.

– 24 საათი მუშაობს და მაინც უჭირს.

– სწავლა უნდა, მაგრამ ოჯახს საშუალება არ აქვს.

– პენსია წამლებში არ ჰყოფნის, საჭმელი როგორ იყიდოს.

– მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო…

აი, ამ ჩამოთვლაზე და კიდევ სხვა დანარჩენზე ფიქრობს სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანი თანაბრად მნიშვნელოვანია და კანონია მართლა უზენაესი.

დღეს მთლიან ქვეყანას და მასთან ერთად საზოგადოებას უდგას ეგზისტენციალური საფრთხე – საფრთხე საკუთარი სახის დაკარგვისა, ღირებულებებზე უარის თქმისა თუ ემპათიის უნარისგან სრულიად გაძარცვისა. ჩვენი უმოქმედობით უფრო და უფრო ვშორდებით შოთას, ილიას, ვაჟას… ვშორდებით იმ გმირებსა და მათ სულისკვეთებას, რომლებიც იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, მეგობრობისთვის, სამშობლოსთვის, სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის…

სტატიას ვაჟა ფშაველას სიტყვებით დავასრულებ „თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოვლინდება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია…“

,,ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს” – კითხვის გაწაფულობაზე ორიენტირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

0

გაკვეთილის მიზანი: გაგება გააზრების სტრატეგიებით ტექსტის წაკითხვა და კითხვის გაწაფულობაში ვარჯიში.

მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვას, მის გააზრებასა და გაწაფულად წაკითხვას.

წინარე ცოდნა: მოსწავლეები კითხულობენ მათი ასაკისა და დონის შესაბამის სასწავლო ტექსტებს, შეუძლიათ მათი გააზრება და გამომუშავებული აქვთ ასეთი ტექსტების გაწაფულად წაკითხვის უნარები.

სასწავლო პერიოდი: მესამე-მეოთხე კლასი, 2 გაკვეთილი (90 წუთი)

გამოსაყენებელი რესურსი: ტექსტი ,,ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს”,  ტექსტის ილუსტრაციები, სამუშაო ფურცლები.

გაკვეთილის ქარგა:

  1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი
  2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით
  3. სიტყვებზე დაკვირვება
  4. დამოუკიდებელი კითხვა — შეკითხვებზე პასუხები
  5. გაწაფული კითხვის აქტივობა
  6. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობა 1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეების დაინტერესება და მოტივაციის აღძვრა, საჭირო ლექსიკის წინასწარ დამუშავება.

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეებშ ინტერესის გამოწვევა და წასაკითხი ტექსტის ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის გაცნობა ბავშვებს დაეხმარებათ ტექსტის აღქმაში.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წასაკითხი ტექსტის ,,ქუდი მე, ქუდი — მთვარეს” ერთ-ერთ საკვანძო ილუსტრაციას და ეკითხება, თუ რას ხედავენ მასზე.

ბავშვები ასახელებენ ყველა საგანს: ხე, ქუდი, ბავშვები, ბიჭი, გოგო, ლურჯი ქუდი, ფოთლები…

შემდეგი ინტერაქცია შესაძლოა წარიმართოს შემდეგნაირად:

— რას აკეთებენ ბავშვები?

— ხეს უყურებენ?

— რატომ უყურებენ ხეს?

— იმიტომ, რომ ხეზე ქუდია.

— როგორ ფიქრობთ, ვისი ქუდია ხეზე?

— პირველი ბავშვის… მეორე ბავშვის?

— როგორ ხასიათზე არიან ბავშვები? უხარიათ? არ უხარიათ?

— როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამ ტექსტში? რაზე იქნება ეს ამბავი?

აქტივობა 2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით

აქტივობის მიზანი: ტექსტის გაწაფულად წაკითხვის მოდელირება და მის გააზრებაში დახმარება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: მასწავლებლის სამოდელო წაკითხვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ წაკითხვის საუკეთესო მაგალითს. აგრეთვე, მასწავლებელი ეხმარება ტექსტის სათანადოდ გააზრებაში.

მასწავლებელი პაუზებით კითხულობს ტექსტს ხმამაღლა, ზომიერი სიჩქარით, სწორად და ინტონაციით. პაუზების დროს განმარტავს და აზუსტებს ზოგიერთ სიტყვას, სვამს შეკითხვებს ტექსტის გაგების მიზნით და ეხმარება მოსწავლეებს პასუხების გაცემისას.

ტექსტის წაკითხვისას პაუზების შერჩევა დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებზე.

აქტივობა 3. სიტყვებზე დაკვირვება

აქტივობის მიზანი: სიტყვის მნიშვნელობებზე დაკვირვება და მათი დამახსოვრება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: სიტყვების მნიშვნელობების ცოდნა მათზე ვარჯიში აუცილებელია, როგორც ტექსტის გააზრებისთვის, ასევე გაწაფული წაკითვისთვისაც.

მასწავლებელი ტექსტში შეარჩევს რამდენიმე სიტყვას, რომელთა გამოყენებითაც ასრულებენ სხვადასხვა სავარჯიშოს. პირველ რიგში დააზუსტებენ ამ სიტყვების მნიშვნელობას, შემდეგ კი შეასრულებენ სავარჯიშოს.

შერჩეული სიტყვები:

გასართობი

ლოლიპოპი

მომტაცა

ასწლოვანი

საჭმლის

გამამხიარულა

ტექსტიდან შერჩეული ამ სიტყვების ასოების მიხედვით ბავშვები შეადგენენ სხვა სიტყვებს. მაგალითად, გასართობი (თარო), ლოლიპოპი (ლილო), მომტაცა (ცოტა), ასწლოვანი (საწოლი), საჭმლის (სამი), გამამხიარულა (მხარი)…

შესაძლოა, მოსწავლეები დაიყონ ჯგუფებად და ორ-ორი სიტყვა დაურიგოს მასწავლებელმა თითოეულ ჯგუფს…

აქტივობა 4. დამოუკიდებელი კითხვა — შეკითხვებზე პასუხები

აქტივობის მიზანი: ტექსტის გააზრება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: ტექსტის გააზრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი, თუმცა ეს მნიშვნელოვნად ეხმარება კითხვის გაწაფვაშიც.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს — ტექსტს შეკითხვებით (იხ. დანართი) და აძლევს სათანადო დროს დამოუკიდებელი კითხვისა და შეკითხვებზე პასუხებისთვის. შესაძლოა, ეს აქტივობა წარიმართოს წყვილებშიც.

აქტივობა 5. გაწაფული კითხვის აქტივობა

აქტივობის მიზანი: გაწაფუილ კითხვის უნარის განვითარება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: გაწაფული მკითხველები უფრო ადვილად ახერხებენ ტექსტის გაგება-გააზრებას.

მასწავლებელი გაწაფული კითხვის უნარში გავარჯიშების მიზნით მოსწავლეებს აყენებს რიგში (თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, მაშინ ორი რიგიც შეიძლება.) და წარმართავს კითხვის პროცესს ე. წ. კითხვის მატარებლის მეთოდით. (შესაძლოა, მასწავლებელმა მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისთვის გამოიყენოთ ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი. იხ. დანართი)

მოსწავლეები დგებიან რიგში და ხელში უჭირავთ ტექსტი. მასწავლებლის ნიშანზე (ტაში, ზანზალაკის ხმა…) პირველი მოსწავლე იწყებს ხმამაღლა კითხვას. ამ დროს სხვები ჩუმად კითხულობენ, თვალის გაყოლებით. შემდეგ ნიშანზე პირველი მოსწავლე წყვეტს კითხვას და გადაინაცვლებს რიგის ბოლოში, ხოლო კითხვას აგრძელებს მეორე მოსწავლე.

აქტივობა 6. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიცემა და გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: გაკვეთილის დასრულებისას სასარგებლოა კიდევ ერთხელ გახსენება, თუ რა და როგორ გააკეთეს მოსწავლეებმა და ამისთვის სათანადო უკუკავშირის მიცემა.

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, გაიხსენებს ნაბიჯ-ნაბიჯ გაკვეთილის თითოეულ აქტივობას და აძლევს სატანადო უკუკავშირს მოსწავლეებს.

საშინაო დავალებად შიძლება ეთხოვოთ ტექსტის ხმამაღლა წაკითხვაში გავარჯიშება, რათა უფრო სწრაფად, უშეცდომოდ და სატანადო ინტონაციით მოახერხონ წაკითხვა.

 

დანართი: ტექსტი (შექმნილია USAID საბაზისოგანათლების პროგრამის ფარგლებში)

ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს

დანართი: ადაპტირებული ტექსტი დიფერენცირებული სწავლებისთვის

ქუდი — მე, ქუდი — მთვარეს

 

დანართი: სამუშაო ფურცელი ტექსტის გააზრებისთვის

დანართი

შეფასების ფურცელი

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...