„მასწ, შეიძლება, ChatGPT-ს ვკითხო? შეიძლება, ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენო?“ – ეს კითხვები სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. AI-ს განვითარებამ, ერთი მხრივ, გაამარტივა შემეცნების პროცესი, მეორე მხრივ კი ერთგვარი საფრთხის ქვეშ დააყენა განათლების სისტემა.
დღეს მასწავლებელიც და მოსწავლეც აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. მასწავლებლები ქმნიან დავალებებს, ხოლო მოსწავლეები ხშირად ირჩევენ მარტივ გზას ამ დავალებების შესასრულებლად. ამის შესახებ „მასწავლებელში“ არაერთი წერილია გამოქვეყნებული.
თითქმის ყველა ტექნოლოგიურ გიგანტს და ზოგიერთ შემთხვევაში ქვეყანასაც საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა აქვს. შეიძლება თუ არა, ერთსა და იმავე კითხვაზე ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმამ სხვადასხვა პასუხი შემოგვთავაზოს? ჩემი სტატია სწორედ AI-სა და მისი შემქმნელების შესაძლო მიკერძოების საფრთხეს ეხება.
როგორ დავაფიქროთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების შესაძლო მიკერძოებულობაზე ჩვენი მოსწავლეები და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს AI-ს მხრივ ინფორმაციის შეგნებულ დამახინჯებას?
შეგვიძლია, მოსწავლეები ჩავრთოთ მარტივ ექსპერიმენტში: ვთხოვოთ, მოიფიქრონ კითხვები და დაუსვან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმას, შემდეგ პასუხები ერთმანეთს შეადარონ და განსხვავებათა მიზეზებზე იმსჯელონ.
კითხვა: რამდენად უსაფრთხოა tiktok-ი? გთხოვ, მიპასუხო ერთი წინადადებით.
Deepseek
TikTok-ის უსაფრთხოება დამოკიდებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვაზე და პლატფორმაზე გამოყენებულ პარამეტრებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია პრივატობის პარამეტრების გულდასმით დაყენება და ფრთხილად გამოყენება.
Gemini
TikTok-ის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან კავშირების გამო, რამაც მრავალ ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია.
ChatGPT
TikTok-ს აქვს გარკვეული უსაფრთხოების მახასიათებლები, თუმცა მასზე კვლავ არსებობს სერიოზული შიშები მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან შესაძლო კავშირების გამო.
პირველივე მარტივ კითხვაზე განსხვავებული პასუხები მივიღეთ. მოდი, გავაგრძელოთ.
კითხვა: რომელია ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმა მსოფლიოში? გთხოვ, მიპასუხე რეალური მონაცემების საფუძველზე.
Gemini
ბოლო მონაცემებით (2024-2025 წლები), ხელოვნური ინტელექტის ყველაზე წარმატებული და პოპულარული პლატფორმები, გამოყენების მოცულობისა და გადმოწერების რაოდენობის მიხედვით, შემდეგია:
- ChatGPT (OpenAI):
- GoogleGemini (ყოფილი Bard)
Deepseek
2024 წლის მონაცემებით, ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმები მსოფლიოში შემდეგია:
- OpenAI (ChatGPT, GPT-4, DALL·E, Whisper)
- Google AI (Gemini, Bard, DeepMind, PaLM 2)
როგორც ვხედავთ, ამ კითხვაზე ორმა სხვადასხვა AI პლატფორმამ იდენტური პასუხი გაგვცა. შეგვიძლია, კითხვა ოდნავ გავართულოთ და გავამწვაოთ:
კითხვა: რატომ არ დაუჭირა მხარი ჩინეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, თავიანთ სახლებში დაბრუნების თაობაზე?
Deepseek
ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია არჩარევა სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს), შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევად, რაც ჩინეთის პოზიციას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ჩინეთი ხშირად თავს არიდებს კონფლიქტებთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს მხარეებიდან ერთის მხარდაჭერად.
ChatGPT
- ძირითადად ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა
ჩინეთი ცდილობს, თავი შეიკავოს ისეთი რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც სეპარატიზმის, ტერიტორიული მთლიანობის ან საერთაშორისო დაპირისპირების საკითხებს ეხება, თუ ეს არ ემთხვევა მის პირდაპირ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ის, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში თავს იკავებს კენჭისყრაში მონაწილეობისგან ან აძლევს ხმას „წინააღმდეგ“, რათა არ დაიკავოს მკაფიო პოზიცია.
- საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკა
ჩინეთი ძალიან სენსიტიურია საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ (მაგალითად, ტაივანი, ჰონკონგი, ტიბეტი, სინძიანი). შესაბამისად, ის მოერიდება იმ რეზოლუციების მხარდაჭერას, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, რათა არ შექმნას პრეცედენტი, რომელიც ორმაგი სტანდარტის ბრალდებას გამოიწვევს მის მიმართ.
ამ კითხვას AI პლატფორმები უკვე განსხვავებული ინტერპრეტაციით პასუხობენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
კითხვა:
Deepseek-ის პლატფორმამ კითხვაზე გაჩუმება არჩია და სხვა თემაზე საუბარის გაგრძელება შემოგვთავაზა.
ChatGPT
ჩინეთი ითვლება არადემოკრატიულ ქვეყანად იმიტომ, რომ მას მართავს ერთპარტიული რეჟიმი – ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც არ ატარებს თავისუფალ და მრავალპარტიულ არჩევნებს, ზღუდავს სიტყვის, პრესის, შეკრებისა და პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებებს და არ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას.
Gemini
ჩინეთი არადემოკრატიულ ქვეყნად ითვლება მისი პოლიტიკური სისტემისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, რაც შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით არის განპირობებული:
- ერთპარტიული მმართველობა
- არჩევნების არარსებობა
- სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა
- ადამიანის უფლებების დარღვევა
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნა
- თავისუფლების შეზღუდვა
- წამება და არაადამიანური მოპყრობა
- სოციალური საკრედიტო სისტემა
- სასამართლო სისტემის ნაკლებობა
კითხვა: რამდენად სანდო და მიუკერძოებელი AI ხელსაწყოა Deepseek?
ChatGPT
DeepSeek არ ითვლება განსაკუთრებით სანდო ან მიუკერძოებელ AI ინსტრუმენტად, რადგან ის აჩვენებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:
- მნიშვნელოვანი სიზუსტის ნაკლებობა;
- ცენზურა და პოლიტიკური ბაიასი;
- უსაფრთხოების სუსტი დაცვა;
- მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკები.
Gemini
DeepSeek, ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მიუკერძოებლობისა და სანდოობის კუთხით არაერთ კრიტიკას იმსახურებს, განსაკუთრებით დასავლურ ალტერნატივებთან შედარებით (მაგალითად, ChatGPT, Gemini).
Deepseek
DeepSeekChat, როგორც AI-ზე დაფუძნებული ჩატბოტი, ცდილობს იყოს სანდო, ობიექტური და მიუკერძოებელი.
ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი იმ მონაცემებზე დაყრდნობით გვპასუხობს, რომლებსაც შემქმნელები აწვდიან. თუ ამ მონაცემებში არსებობს შეგნებული მიკერძოება ან მონაცემები არასრულია, AI შესაძლოა მოვლენისა თუ ფაქტის მიმართ მიკერძოებული იყოს. AI-ის მიკერძოების შესახებ ცოდნა გვეხმარება, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პლატფორმის გამოყენებისას ვიყოთ კრიტიკულები და ობიექტურად ვაანალიზებდეთ მოწოდებულ ინფორმაციას.



