კითხვის გაწაფულობაზე ორიენტირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში
გაკვეთილის მიზანი: გაგება-გააზრების სტრატეგიებით ტექსტის წაკითხვა და კითხვის გაწაფულობაში ვარჯიში (მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვას, მის გააზრებას და გაწაფულად წაკითხვას)
წინარე ცოდნა: მოსწავლეები კითხულობენ მათი ასაკისა და ცოდნის შესაბამის სასწავლო ტექსტებს, შეუძლიათ მათი გააზრება და გამომუშავებული აქვთ ასეთი ტექსტების გაწაფულად წაკითხვის უნარები.
სასწავლო პერიოდი: მესამე-მეოთხე კლასი, 2 გაკვეთილი (90 წუთი)
გამოსაყენებელი რესურსი: ტექსტი „ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“, ტექსტის ილუსტრაციები, სამუშაო ფურცლები.
გაკვეთილის ქარგა:
- ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი
- სამოდელო წაკითხვა პაუზებით
- სიტყვებზე დაკვირვება
- დამოუკიდებელი კითხვა, კითხვებზე პასუხი
- გაწაფული წაკითხვის აქტივობა
- გაკვეთილის შეჯამება
აქტივობა 1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების დაინტერესება და მოტივაციის აღძვრა, საჭირო ლექსიკის წინასწარ დამუშავება
აქტივობის საჭიროების დასაბუთება: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევა და წასაკითხი ტექსტის ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის გაცნობა ბავშვებს ტექსტის აღქმაში დაეხმარება.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წასაკითხი ტექსტის „ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“ ერთ-ერთ საკვანძო ილუსტრაციას და ეკითხება, რას ხედავენ მასზე.
ბავშვები ასახელებენ ყველა საგანს: ხე, ქუდი, ბიჭი, გოგო, ფოთლები…
შემდეგი ინტერაქცია შესაძლოა წარიმართოს შემდეგნაირად:
– რას აკეთებენ ბავშვები?
– ხეს უყურებენ?
– რატომ უყურებენ ხეს?
– იმიტომ, რომ ხეზე ქუდია.
– როგორ ფიქრობთ, ვისი ქუდია ხეზე?
– პირველი ბავშვის… მეორე ბავშვის?
– როგორ ხასიათზე არიან ბავშვები? უხარიათ? არ უხარიათ?
– როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამ ტექსტში? რაზე იქნება ეს ამბავი?
აქტივობა 2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით
აქტივობის მიზანი: ტექსტის გაწაფულად წაკითხვის მოდელირება და მის გააზრებაში დახმარება
აქტივობის საჭიროების დასაბუთება: მასწავლებლის მიერ სამოდელო წაკითხვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ წაკითხვის საუკეთესო მაგალითს. ამასთან ერთად, მასწავლებელი ეხმარება მათ ტექსტის სათანადოდ გააზრებაში.
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს პაუზებით, ხმამაღლა, ზომიერი სიჩქარით, სწორად, ინტონაციით, პაუზების დროს განმარტავს და აზუსტებს ზოგიერთ სიტყვას, სვამს კითხვებს ტექსტის უკეთ გაგების მიზნით და ეხმარება მოსწავლეებს პასუხების გაცემაში.
ტექსტის კითხვის დროს პაუზების შერჩევა დამოკიდებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე.
აქტივობა 3. სიტყვებზე დაკვირვება
აქტივობის მიზანი: სიტყვების მნიშვნელობაზე დაკვირვება და მათი დამახსოვრება



