(ჩანაწერებიდან)
ერთგან აკაკი ბაქრაძე მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან ხალხს და ერს. მისი თქმით, ხალხი არის მიმდინარე, არსებული პოპულაცია, ხოლო ერი – უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვი დასაბამიდან დღემდე. ხალხთან შეიძლება ბევრი პრეტენზია გვქონდეს, მაგრამ ერის დაკნინების უფლებას არავის მივცემო, ამბობს ის და მართალიც არის. „ქართველი ერი“ მისი არსებობის სამი ათასი წლის განმავლობაში ჩვენი სისხლისა და ხორცის საუკეთესო ნაწილის უწყვეტობას გულისხმობს და არა იმ ბიოლოგიურ ნაგავს, რომლის ერთადერთი ფუნქცია პოპულაციის გამრავლება იყო და არის.
*
ამ დღეებში ისევ გამწვავდა კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის. ისრაელის აშკარა პრევალენტურობით წარმოებულ საჰაერო ურთიერთდარტყმებს ხალხი ეწირება ორივე მხრიდან… ამ კონფლიქტში მორალისა და მინიმალური ინტელექტის მქონე ადამიანის ადგილი, ვიცით, ვის მხარესაცაა… არ მშურს, რომ ისრაელელებმა ხრიოკზე გასაოცარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ააშენეს (ეს მათ დაიმსახურეს) – ეს ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. არა, ეს არ მშურს. მე მათი ერთიანობისა მშურს, ქვეყნის შიგნით ერთმანეთს მამასისხლად გადაკიდებული პოლიტიკური ელიტა და ხალხი როგორ იკვრება ერთ მუშტად, როცა საქმე ეგზისტენციალურ საფრთხეს – გარეშე მტრებს ეხება. მშურს ამ ხალხის, მშურს, როგორ თავდაუზოგავად, ყველა (ხშირად – საკამათო და კონტროვერსიული) გზით იცავს თავს… წარმოგიდგენიათ, რისი მშურს? – იმისი, რომ ხალხს სძულს თავისი ქვეყნის მტერი! ჩვენთან ხომ მტრის სიძულვილიც გაიშვიათდა, ენდემური ჯიშის უამრავი იდიოტი რუსეთ-უკრაინის ომში იმ ქვეყნის მხარესაა, რომელმაც ბოლო ორასი წელია სისხლი გაგვიშრო და ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი აქვს მიტაცებული, ირან-ისრაელის ომში კი იმ ქვეყნის მხარეს, რომელმაც – ლამის მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმაციით ვარსებობთ – მილიონჯერ გადაგვიარა, გადაგვთხარა, ამოგვძირკვა… რა ჰქვია ამას, სტოკჰოლმის სინდრომი?! ცხადია, არა! – ამას ჰქვია სისხლის გაწყალება, ეროვნული თავმოყვარეობისა და იდენტობის სრული ატროფია, და ეს – მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე იმ სალაფავის მიღების გზები არ ჩაიკეტოს, რომელსაც დოზირებულად, ულუფებად აწვდიან. კარგა ხანია, ჩვენში „სიფრთხილედ“ (რა მოხდენილი ევფემიზმია!) საღდება სილაჩრე. ისევ აკაკი ბაქრაძე რომ მოვიშველიოთ, დათვისთვის ბაბაიას დაძახების შესახებ ანდაზა არ უნდა იყოს მთლად ძველი, ახლო წარსულში უნდა ვეძიოთ მისი ფესვები.
ეს ხალხი დღეს არ აღმოცენებულა, მას ჰყავს სულიერი წინაპარი, ჩვენი ისტორია ხომ, გმირობათა ამაღელვებელ ქრონოლოგიასთან ერთად, ღალატის, ოპორტუნიზმისა და ლაჩრობის ქრონოლოგიაცაა, უბრალოდ, გულის გახეთქვამდე მძიმეა, როცა ამას საკუთარი თვალით ხედავ.
*
ახლახან ისრაელის სპეცსამსახურების საიდუმლო დანაყოფზე გადაღებული ძალიან მაგარი სერიალის – „ფაუდას“ – ყურება დავასრულე. ბოლო სეზონი სულისშემძვრელი ეპიზოდით მთავრდება: მთელი დანაყოფი დაჭრილი წევს, ხელი აქვთ ჩაკიდებული ერთმანეთისთვის და ჩურჩულებენ: „დიდება უფალს! დიდება ისრაელს!“
*
გუშინ ჯემალ აჯიაშვილის კონგენიალური „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“ გადავიკითხე, ერთი კონკრეტული ფრაგმენტის გახსენება მინდოდა მხოლოდ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი. ქართული ენის თეზაურუსული ფლობა (ენის ნებისმიერი დიაქრონიული შრიდან საჭირო მადნის ამოღების უტყუარი ალღო), ქართული ლექსის საუკეთესო ტრადიციების ზედიდოსტატური ფლობა და, რაც მთავარია, ლინგვისტური ოკაზიონალიზმი, მხოლოდ ამ თარგმანებისთვის შექმნილი იდიოლექტი (პოეტური ენა) – ასეთია ჩამონათვალი მთავარი მახასიათებლებისა, რომლებიც ამ შედევრალურ ანთოლოგიას ამკობს. ეს არის გაბმული სიმფონია, ლამის ლიტურგიული კონტრაპუნქტი, რომლის კითხვისას კონცეპტისთვის გონების მიდევნებას ხშირად აზრიც არა აქვს (ვერც ახერხებ), უბრალოდ, წამლეკავ დინებას უნდა მიჰყვე. მოშე იბნ ეზრას თუნდაც ეს პატარა მარგალიტი როგორია აჯიაშვილის ხელში:
მეაკვნენი და მესაფლავენი
ყოვლის მნგრეველ და ყოვლის მშენებელ
ვინ არის, ვინა? – გრგვინავს მთა-ველი…
კვლავ დავიწყების მტვერში შერევენ,
კვლავ მიეჯრება მტკაველს მტკაველი…
აქ უდრტვინველად განისვენებენ
მეაკვნენი და მესაფლავენი…


