საზაფხულო არდადეგები დაიწყო. როგორც ყველა ბავშვს, ტიდასაც (ჩემს შვილს) უხარია, მაგრამ განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ვერ ვატყობ. ჩემთვის კი საზაფხულო არდადეგები, რომლებიც უფრო ადრე, მაისის ბოლოს იწყებოდა, წარმოუდგენელი ზეიმი იყო. თუ ზამთრის ორკვირიან არდადეგებს არ ჩავთვლით, ზაფხულის არდადეგები გახლდათ ის, რაც ღამეები მესიზმრებოდა, რაზეც ვოცნებობდი, რისკენაც ტაატით მივიწევდი… ერთი სიტყვით, ზოგადად სამყაროს არსებობის გამართლება იყო საზაფხულო არდადეგები. ახლა რომ ვუფიქრდები, ამხელა ეგზისტენციალური მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ სკოლა იყო ჯოჯოხეთი – ყოველ ნაბიჯზე შიში, რიდი, იძულება… დღევანდელ ბავშვებში სკოლის გარემოთი გამოწვეული ეს სტრესული განცდა ნაკლებადაა. იმას კი არ ვამბობ, რომ საჯარო სკოლებში ყველაფერი რიგზეა, – არა, სკოლის მასწავლებლების ოთხმოცი პროცენტი ძველი ყაიდის კონფორმისტია, – უბრალოდ, ზოგადი გარემო არ იძლევა ამ კონფორმიზმის სრულფასოვნად რეალიზების საშუალებას, ბავშვებმაც მეტი იციან საკუთარ უფლებებზე… ჰოდა, ამიტომაც არ არის ალბათ ტიდასთვის არდადეგები იმხელა სიხარული, რამხელაც ჩემთვის იყო და მადლობა ღმერთს, რომ ასეა.
როგორც აღვნიშნე, ჩემთვის საზაფხულო არდადეგები ყველაფერი იყო. ვცდილობდი, თითოეული დღის თავისუფლებით დავმტკბარიყავი. არავინ მაიძულებდა, გაკვეთილები მესწავლა და მევლო ინგლისურისა და ქართულის რეპეტიტორებთან, არავინ მაღვიძებდა დილაუთენია… კაცი ვიყავ და ქუდი მეხურა – თვითონ განვკარგავდი საკუთარ ცხოვრებას და დღის წესრიგს. ყველა იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა: ვცურავდი მდინარეში, ვთამაშობდი ფეხბურთს, ვხატავდი, ვძერწავდი და ვკითხულობდი იმას, რაც მინდოდა, კაციშვილი არ იყო დამშლელი. ამაზე დიდი სამოთხე, აბა, რა შეიძლება, იყოს.
აი, აგვისტოს დასაწყისში უკვე ყრუდ, სადღაც შიგნით ვგრძნობდი განგაშის ვიბრაციებს – ილეოდა არდადეგები… აგვისტოს შუიდან კი ეს ვიბრაციები ხელშესახებ სულიერ დრამად იქცეოდა ხოლმე. ერთადერთ ნუგეშად ზაფხულის გვირგვინი – ჭეჭეთობა ღამე მრჩებოდა, ქრისტიანობასთან შერწყმული ეს წარმართული რიტუალი: მარიამობის წინა ღამეს საბურავებისგან კოცონს დავანთებდით და ვახტებოდით ზედ ავსულების დასაფრთხობად. ამავე მიზეზით უფროსები სანთლის ნაჭრებს გვაწებებდნენ თმაში, ჭიშკრებზე კი რკინის ჯვრებს ჰკიდებდნენ. შუქი მაშინ არ იყო და ასე, კოცონის პირას იშლებოდა დიდი სუფრა. დილამდე ქეიფობდნენ უფროსები, იყო ცეკვა-სიმღერა ჩემი მეზობლის აკორდეონის და „დოლის“ (ამოტრიალებული ჯამის ან ხის სკამის) აკომპანიმენტით.
და სამიოდე დღეში – პირველი სექტემბერი, ისევ ჯოჯოხეთი…


