იმერეთში ხდება ასე, მხოლოდ გენიალურ იმერეთში, რომ ერთ ამბავს გიყვება კაცი და ათასი გამოდის.
ვთქვათ ასე:
,,ხოდა, მაგაზე გამახსენდა. მოკლედ 1985 წელია, ვარ 14-15 წლის ბიჭი. გაზაფხულია. ისე, ოთმოცდახუთში იმხელა თოვლი მევიდა, ჭიშკრები დაფარა და მახსოვს, ციგებით ღობის ზეიდან ვსრიალობდით. მე ყველაზე უკეთესი ციგა მყავდა. ბაბუაჩემმა ჩამომიტანა. წითელი. მოსკოვიდან ჩამომიტანა. ცუმში ვიყიდეო. იმნაირი წითელი იყო ციგა, ახალდანთებული ცეცხლი მეგონა. ჰოდა, 15 წლის ბიჭი ვარ და მოვდივარ, აგერ, ა, ზუსტად ამ ქუჩაზე. აგერ შემოსახოვს რომ ხედავ, მაქანა რომ სახლი დგას, მაგი სხვათაშორის არის სოსლიპიტო გვეტაძის. სოსლიპიტო ნიუ-ორკშია ახლა, მისი შვილი წევიდა სასწავლად და წეიყვანა. მერე ლუბაც წეიყვანა. ლუბა. ლუბა მაგარია. უფ, რა მშრომელი ქალი. შრომის გმირი გახდებოდა, ვინმე რომ ყოლოდა ცეკაში. მაშინ ცეკობია იყო და მანეთობია. მიიტანდი მანეთს და იყავი გმირი. ჰოდა, მაქანა რომ შოვუხვიე – ჟუჟანას ძველ სახლთან მივედი. მხეცაძე ჟუჟანას სახლთან. ჟუჟანა მასწავლებელი. გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ერთხელ იკითხა, მაგადასკარის დედაქალაქი რა არისო და არავინმა არ ვიცოდით. სახლში დავბრუნდი და დევიზეპირე – ანტანანარივუ. მაგის მერე მახსოვს. ანტანანარივუში, თენგოიას რუსი მძახალია ნამყოფი. მაგი მარიაკია..”
და მერე ყვება გემებზე და ოკეანეებზე და თუ ძირითად ამბავს დაუბრუნდა – გზად მიმავალ გმირს, აუცილებლად შეხვდება რამე ისეთი, რაც ახალ, სხვა მოკლე ამბავს შობს და ასეა ასხმული ერთზე მრავალი. ხანაც ისე, რომ ის ერთი და მთავარი გავიწყდება. შენც და ამასაც. ეს არის იმერეთის მაგია. სიტყვის სამეფოსი.
ამაზე ვფიქრობდი და ტყიბულის ცენტრში ვიდექი. ერთმა მოხუცმა კაცმა ჩამოიარა. ტელეფონმა დაურეკა. ამან, ორჯერ ხმამაღლა ,,ალოო!”. იმან, ალბათ – ,,არ გესმისო?” და ამან: ,,მესმის მარა, ქე რო უნდა, ისე არაო”. ეგ არის. ვინც სიტყვა იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს, მიხვდება, რომ ეს კაცი დავით კლდიაშვილი იყო. უბრალოდ თვითონ არ იცოდა.
რომ იცოდნენ, მთელი იმერეთი კლდიაშვილი და გაბრიაძე იქნებოდა.