დასრულდა 2024-2025 სასწავლო წელი. მასწავლებლები ყოველი სასწავლო წლის დასასრულს განსხვავებული მიდგომით ვაჯამებთ განვლილ პერიოდს, თავს ვუყრით შექმნილ რესურსებს, მოსწავლეთა მიღწევებს, საკუთარ შეცდომებს, ვფიქრობთ მათი გამოსწორების გზებზე და ა.შ.
რაც სკოლაში მუშაობა დავიწყე, ასეთი რთული და კრიზისული სასწავლო წელი არ მქონია. ამ წერილზე მუშაობაც კი ძალიან მიჭირს. ვეძებ სიტყვებს, რათა წინადადებები ავაწყო და მკითხველამდე მივიტანო ჩემი სათქმელი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, მოტივაციაზე, განცდებზე… შეუძლებელია, უყურებდე დამდგარ რეალობას და არ გეუფლებოდეს გაურკვევლობის, შიშისა თუ ბუნდოვანების განცდა.
კანონი დაირღვა და…
ადამიანების (მათ შორის – განათლების სფეროში დასაქმებულთა) ნაწილი დაკავებულებს დამნაშავეებად, კანონის დამრღვევებად მოიხსენიებს და მათთვის თავისუფლების აღკვეთას ამართლებს.
მიხეილ ჯავახიშვილმა დაარღვია კანონი. მან საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის 58.8 და 58.11 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები „ჩაიდინა“. ის დახვრიტეს. სანდრო ახმეტელმაც, კლასიკური გაგებით, დანაშაული ჩაიდინა. მას „ტროიკამ“ „დაუმტკიცა ბრალი“.
დღეს რეპრესირებულ ადამიანებზე ვამბობთ, რომ ისინი სისტემის, უსამართლობის, ჩაგვრის, რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ. მაშასადამე, ვაღიარებთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლოა, ძალაუფლების მპყრობელმა წმინდა ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით დასაჯოს მოქალაქე, მაგრამ ისე, რომ მას არ ჰქონდეს დანაშაული. შესაძლოა, მიხეილ ჯავახიშვილი მართლა ხვდებოდა პოლონეთის ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს, მაგრამ ამით ის კონტრრევოლუციურ საქმიანობას არ ეწეოდა…
„ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“
კითხვა თენგიზ აბულაძის შედევრიდან „მონანიება“ ყველაზე უკეთ შეესაბამება დღევანდელ ქართულ რეალობას. ჩვენ, ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანებმა, ყველაზე ხშირად უნდა დავსვათ კრიტიკული კითხვები იმ პლატფორმიდან, საიდან საუბარი თუ აზრების გავრცელებაც ჯერ კიდევ შეგვიძლია. მე ხშირად ვეკითხები გარშემო მყოფებს: „ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით? ასეთი საზოგადოების მშენებლობისთვის ვიხარჯებით? ეს არის ის ბედნიერი ქვეყანა, სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, მოსწავლეებმა, მთელმა საზოგადოებამ? ეს არის ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს?“ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვს მინიმალურ დაკვირვებას, დაფიქრებას, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სამართლის ცოდნას.
უსასრულო წყვდიადში სინათლე განათლებას შემოაქვს. სწორედ განათლებას შეუძლია, გაარღვიოს მოჯადოებული წრე, აგვიხილოს თვალი, მოგვცეს შესაძლებლობები ინდივიდებსა თუ ქვეყანას. განათლებისადმი მიძღვნილ წერილში ილია ამბობს: „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“.
იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ანუ ავანთოთ სანთელი წყვდიადში, უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, მოვლენებს მიუკერძოებლად შევხედოთ, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავძლიოთ შიში.
რა არის შიში?
ჩვენ გვაქვს გამონათქვამი „შიში ოხერია“.
მაგალითად, მიდიხართ ქუჩაში, ხედავთ თავახდილ ჭას ან დაზიანებულ გზას, გინდათ, ფოტო გადაუღოთ, სოციალურ ქსელში ატვირთოთ, მონიშნოთ შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ასე აცნობოთ პრობლემის შესახებ, მაგრამ ამას არ აკეთებთ, რადგან გეშინიათ, რომ ინტრიგანობას დაგდებენ ბრალად.
გავიხსენოთ ედმუნდ ბრეიკის სიტყვები: „კარგი ადამიანების უმოქმედობა საკმარისია ბოროტების გასამარჯვებლად“.
მაგალითად, ხართ მასწავლებელი და არ მოგწონთ სასწავლო პროგრამა ან სახელფასო პოლიტიკა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობთ. რატომ? გეშინიათ, ვინმემ ცუდად არ გაიგოს თქვენი უკმაყოფილება და არასასურველი იარლიყი არ მოგაწებოთ.
ან მშობელი ხართ და არ მოგწონთ თქვენი შვილის სკოლაში არსებული სიტუაციით, მაგრამ ვერაფერს აკეთებთ, რადგან შესაძლოა, თქვენი შვილი აითვალწუნონ, გარიყონ, საჯაროდ გაკიცხონ.
შიში მუდმივად მუშაობს.
შიშის გამო ვერ ვბედავთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ კოლეგა მასწავლებელს, რომელსაც 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შიშია ისიც, რომ ასეთ წერილებს კითხულობთ, გულის სიღრმეში ეთანხმებით ავტორს, მაგრამ ვერ აზიარებთ…
ვოლტერს უთქვამს: „ვინც შენს აზროვნებას აკონტროლებს, ის აკონტროლებს შენს ქმედებებსო“, – და მართალიც ყოფილა. ის, ვინც შიში ჩაგვინერგა, თამამად აკონტროლებს ჩვენს ქმედებებს. „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია“, – ამბობს რუზველტი.
საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ჩემი დანიელი მეგობრები ბოლო ხანს გამუდმებით მკითხულობენ და ემოციურ მხარდაჭერას მიცხადებენ. ის, რაც აქ ხდება, მათ ვერაფრით წარმოუდგენიათ. რატომ? იქ ადამიანი, პიროვნება უმაღლესი ფასეულობაა. დანია საქართველოზე პატარა ქვეყანაა საქართველოზე ნაკლები პოტენციალით, მაგრამ განათლებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით შეძლო, სამაგალითო სახელმწიფოდ ქცეულიყო. დანიაში ვერასოდეს გაიგონებთ ასეთ ფრაზებს:
– სამსახური რომ დავკარგო, რა მეშველება?
– უმუშევარია და რა ქნას, წამალი როგორ იყიდოს?
– ექიმთან როგორ წავიდეს, საჭმელზეც არ ჰყოფნის ფული.
– 24 საათი მუშაობს და მაინც უჭირს.
– სწავლა უნდა, მაგრამ ოჯახს საშუალება არ აქვს.
– პენსია წამლებზე არ ჰყოფნის, საჭმელი რით იყიდოს?
– მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო…
აი, ამ პრობლემებზე და ბევრ სხვაზეც ფიქრობს სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანი თანაბრად მნიშვნელოვანია და კანონი – მართლა უზენაესი.
დღეს მთელ ქვეყანას, მთელ საზოგადოებას უდგას ეგზისტენციალური საფრთხე – საფრთხე საკუთარი სახის დაკარგვისა, ღირებულებებზე უარის თქმისა, ემპათიის უნარისგან სრულიად გაძარცვისა. ჩვენი უმოქმედობით უფრო და უფრო ვშორდებით შოთას, ილიას, ვაჟას… ვშორდებით იმ გმირებსა და მათ სულისკვეთებას, რომლებიც იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, მეგობრობისთვის, სამშობლოსთვის, სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის…
სტატიას ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დავასრულებ: „თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოვლინდება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია“.


