ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

„ალგორითმული ლევიათანი“, ანუ როცა ალგორითმი გაკონტროლებს

0

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სადაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინპლატფორმებზე მიმდინარეობს, სულ უფრო ხშირად ვაწყდებით უხილავ, მაგრამ ყოვლისშემძლე ძალას – ალგორითმს. რა ხდება, როდესაც ეს ავტომატიზებული სისტემა, კონტექსტის გააზრების გარეშე, ჩვენს მსაჯულად, ცენზორად და ზოგჯერ დამსჯელადაც გვევლინება? და საერთოდ, საით მივყავართ ალგორითმების ასეთ „ქცევას“?

 

ალგორითმების „შავი ყუთი“

 

ალბათ ყველას გქონიათ გამოცდილება, როდესაც რომელიმე პლატფორმა „გსჯით“ იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაგიდენიათ და მიგანიშნებთ რაღაცა ტიპის დარღვევაზე, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვთ. მაგალითად, მახსოვს ერთხელ რაღაც ტესტი დავდე ფეისბუკზე, სურათზე გამოსახული იყო: ძროხა, ქათამი და ბალახი და მომხმარებლებს ვთხოვდი, დაეჯგუფებინათ. ვინც კი სიტყვა „ქათამი“ დაწერა კომენტარში, ფეისბუკის ალგორითმმა ყველას კომენტარი წაშალა და გაფრთხილება მისცა, მათ შორის, მეც. ვერაფრით მივხვდი და დავიწყე გამოკვლევა, რა მოხდა და რატომ დავისაჯეთ. აღმოჩნდა, რომ სიტყვა „ქათამი“ რაღაც კოდური სიტყვაა, რომელიც ფეისბუკის „შავ სიაშია“ შეტანილი. „შავი სია“ ნიშნავს იმ აკრძალულ სიტყვებს, რომელთა გამოყენებაზეც მომხმარებლებს ბანი ედებათ. ჩვენ არ ვიცით ყველა სიტყვა, რომლის გამოყენებაც „ისჯება“ და ზოგს მაშინ ვიგებთ, როცა შეტყობინება მოგვდის.

 

ცოტა ხნის წინ კი Open AI-ის ალგორითმმა მოულოდნელად მთელი 2 წლის ანგარიში წამიშალა (თავისი ჩატებით, თასქებით, ჯიპიტებით, ასობით ჩატით, სტატიით, სამუშაო საქაღალდეებით და ასე შემდეგ). მეილზე მომწერა, რომ ჩემს კონტენტში აღმოაჩინეს ძალადობის შემცველი სიტყვები. რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და პასუხად მივიღე, რომ განიხილეს და ძალაში ტოვებენ გადაწყვეტილებას ანგარიშის წაშლის შესახებ და რომ აპელაცია აღარ განიხილება. მხოლოდ ამ მოკლე აბსტრაქტული განცხადებით შემოიფარგლნენ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (განვიხილე ეს თემა სხვა ჩატბოტებთან), იმ დასკვნამდე მივედი, რომ ChatGPT-ის ალგორითმმა დამსაჯა საბავშვო წიგნისთვის ილუსტრაციების შექმნის გამო. კერძოდ, პრომპტში გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა: „ბავშვი ნაძვის ხეს ჩაეხუტა“, „გოგონა დაწვა საწოლში და ბებომ ზღაპარი წაუკითხა“, „ლეკვმა ბიჭუნა ალოკა“… რაც არ უნდა ვიმეორო, რომ ალგორითმი უსამართლოდ მომექცა, არაფერს არ ცვლის ეს აღშფოთება. ალგორითმისთვის არ არსებობს სამართლიანი/უსამართლო ქცევა, მისთვის არსებობს აკრძალული ლექსიკის „შავი ყუთი“, რომლის შესახებაც მომხმარებელს უმეტესად წარმოდგენა არა აქვს. ამ დიდი „კაპიტალის“ დაკარგვის შემდეგ (2 წლის ჩატები), გადავწყვიტე, უფრო დეტალურად შემესწავლა ეს თემები და საზოგადოებისთვისაც ინფორმაცია მიმეწოდებინა, რადგან სხვაგვარად თავდაცვა უბრალოდ არ არსებობს. ალგორითმს არ აინტერესებს შენი ქცევები, ის რეაგირებს შენს ლექსიკაზე, რომლის კონტექსტში აღქმაც კი არ შეუძლია, თორემ ნახავდა, რომ როცა ვწერდი პრომპტში: „ბავშვი თამაშობს“, მართლა ბავშვის თამაში მქონდა მხედველობაში. ეს რომ ერთეული და მხოლოდ ჩემი შემთხვევა ყოფილიყო, განხილვად არ ეღირებოდა, მაგრამ ასე ხდება მასობრივად.

 

ალგორითმული მმართველობა

 

ამ საკითხის კვლევისას მივადექი ახალ თემას: ეს არის ალგორითმული მმართველობა. ალგორითმი გაიძულებს, გაითვალისწინო მისი შეზღუდვები, ის გიწესებს სოციალურ პლატფორმაზე თავისი თამაშის წესებს და თან ისე, რომ ბოლომდე და ღიად ამის შესახებ ინფორმაციას არ გაწვდის.

 

ეს ყველაფერი უფრო შორსაც მიდის, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს უკვე „ალგორითმული პოლიცია“, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს დანაშაულის ჩადენამდე.

 

პრობლემას ამძიმებს ის, რომ ციფრული ინდექსები ხშირად ცდომილებითაა სავსე. სტატისტიკურად, ალგორითმული ფილტრები მნიშვნელოვანი რაოდენობით ცრუ დადებით სიგნალებს (false positives) გამოიმუშავებენ. მაგალითად, predictive policing-ის სისტემაში 94,000-დან მხოლოდ 277 შემთხვევა დადასტურდა სწორ პროგნოზად[1].

 

ზემოთ განხილული პრევენციული და სემიოტიკური მექანიზმების შერწყმით წარმოიშობა პარადოქსული რეალობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „ლინგვისტური დანაშაული“. ეს არის სიტუაცია, როდესაც საწყისი „დანაშაული“ მხოლოდ ენაში/ლექსიკაში არსებობს: მომხმარებლის მიერ დაწერილ სიტყვებში, ან ალგორითმის მიერ მათთვის მინიჭებულ ინტერპრეტაციაში და არა ობიექტურ რეალობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენობრივი გამოხატულება იქცევა „დანაშაულად“, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ უკანონობას ადგილი არ ჰქონია.

 

ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და თავად სამართლიანობის პრინციპებს ციფრულ სივრცეში. როცა ალგორითმი ხდება მოსამართლე, ჩნდება ე.წ. „ალგორითმული ლევიათანი“, რომელიც უსამართლოდ უზღუდავს მომხმარებლებს უფლებებს. კვლევები ადასტურებენ (Algorithmic Arbitrariness in Content Moderation Juan Felipe Gomez , Caio Vieira Machado, Lucas Monteiro Paes, Flavio P. Calmon)[2], რომ მასშტაბური ავტომატური მოდერაცია ქმნის ისეთი გარემოს, სადაც ალგორითმი დომინანტურად აკონტროლებს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის თავისუფალ კომუნიკაციას. მაგალითად, დიდ პლატფორმებზე არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ავტომატურმა ფილტრმა უაპელაციოდ დაბლოკა ლეგიტიმური კონტენტი ან განარიდა დისკუსიიდან მომხმარებელი პროცედურული გამჭვირვალობის გარეშე. ასეთი შემთხვევა განმარტებულია, როგორც „ალგორითმული თვითნებობა“, სადაც კოდით დაწესებული ენა/ალგორითმი სჯის ცოცხალ ადამიანს სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობის გარეშე.

 

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, კარენ იეუნგი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტერმინი „ალგორითმული ლევიათანი“ აკადემიურ დისკურსში დაამკვიდრა (Karen Yeung – “‘Hypernudge’ and the ‘Algorithmic Leviathan’”). ნაშრომში ის აანალიზებს, თუ როგორ იყენებენ ალგორითმული სისტემები „ჰიპერ-ბიძგის“ (Hypernudge) ტექნიკას ადამიანების ქცევის სამართავად ფაქტობრივად უხილავად და ავტომატიზებულად. ის პირდაპირ უკავშირებს ამ ახალ მარეგულირებელ ძალას ჰობსის ლევიათანის განახლებულ, უფრო ყოვლისმომცველ და ნაკლებად ანგარიშვალდებულ ფორმას.

 

„ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიმღები სისტემები, რომლებიც დიდ სექტორზე უნიფიცირებულ შეფასებებს აკეთებენ და რომლებსაც მოკლედ შეგვიძლია ვუწოდოთ „ალგორითმული ლევიათანები“ – მორალურად შემაშფოთებელი გზებით ზღუდავენ ადამიანების შესაძლებლობებს“[3].

 

„შესაძლებლობების მონოპოლია“ არის ძალიან მძლავრი მეტაფორა, რომელსაც იყენებს Karen Yeung და რომელიც აღწერს სისტემას, სადაც ინდივიდს აღარ აქვს ალტერნატივა და მისი ცხოვრების ტრაექტორია ერთიანი, უხილავი ძალაუფლების მიერ კონტროლდება.

 

Antoinette Rouvroy & Thomas Berns – “Algorithmic Governmentality and the End of the World”ავტორები ამ ნაშრომში ფუკოს „მმართველობის“ (Governmentality) იდეას ავითარებენ და თანამედროვე ციფრულ სამყაროს არგებენ. ისინი აღწერენ „ალგორითმულ მმართველობას“, როგორც მართვის ახალ რეჟიმს, რომელიც უგულებელყოფს სოციალურ ნორმებს, კანონებსა და რეფლექსიას და მათ ნაცვლად ეყრდნობა მონაცემთა კორელაციებსა და ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს[4].

 

რუვრუა და ბერნსი აანალიზებენ მმართველობის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას, რომელიც ფუკოს მიერ აღწერილ დისციპლინარულ და ბიოპოლიტიკურ საზოგადოებებს ცვლის. მათი მთავარი არგუმენტებია:

 

გადასვლა ნორმებიდან სიგნალებზე: ტრადიციული მმართველობა ეფუძნებოდა კანონებს, წესებსა და ნორმებს (ანუ იმას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი). „ალგორითმული მმართველობა“ კი ამას გვერდს უვლის და პირდაპირ მონაცემთა უწყვეტ ნაკადზე – „სიგნალებზე“ – ოპერირებს. ის არ გეუბნება, რა არის სწორი, არამედ პროგნოზირებს, თუ რას გააკეთებ სავარაუდოდ მომავალში.

 

არანორმატიული კონტროლი: ეს მმართველობა არ არის მორალური ან იდეოლოგიური. მისი მიზანი არ არის ინდივიდის გამოსწორება ან დასჯა, არამედ სისტემის ოპტიმიზაცია და პოტენციური რისკების წინასწარ მართვა. ის არ კრძალავს, არამედ „პროფილაქტიკურად“ ზღუდავს არასასურველ ქცევას, სანამ ის მოხდება.

 

კრიტიკისა და სუბიექტის დასასრული: რადგან ეს სისტემა არ ეფუძნება გასაგებ წესებს (არამედ გაუგებარ კორელაციებს „შავ ყუთში“), ინდივიდს არა აქვს კრიტიკის შესაძლებლობა. შენ ვერ შეეწინააღმდეგები იმას, რის ლოგიკაც არ გესმის. ეს იწვევს ტრადიციული, რაციონალური სუბიექტის გაქრობას. სწორედ ეს არის სათაურში ნახსენები „სამყაროს დასასრული“ – იმ სამყაროსი, რომელიც საერთო მნიშვნელობებსა და კრიტიკულ აზროვნებაზე იდგა.

 

ალგორითმული ლევიათანის ონტოლოგია

 

ალგორითმული ლევიათანი უბრალოდ ხელისუფლების ახალი ფორმა კი არ არის, არამედ რადიკალურად განსხვავებული ონტოლოგიური ფენომენია, რომელსაც რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი აქვს:

 

  • უსხეულობა (Incorporeality): ალგორითმულ ლევიათანს არ გააჩნია მატერიალური სხეული, ფიზიკური ფორმა. ეს მის წინააღმდეგ წინააღმდეგობას უკიდურესად ართულებს – როგორ ვებრძოლოთ იმას, რასაც სხეული არ გააჩნია?
  • ყველგანმყოფობა (Omnipresence): ის ყველგანაა, სადაც კი ციფრული ტექნოლოგია არსებობს. ის არ მოძრაობს სივრცეში; თავად არის სივრცე – ციფრული სივრცე.
  • კვაზი-ყოვლისმცოდნეობა (Quasi-omniscience): მისი „ცოდნა“ მონაცემთა მასივების ანალიზს ემყარება. ის მომხმარებლის ქცევას ხშირად თავად მომხმარებელზე უკეთ „იცნობს“.

 

ძალაუფლების ახალი არქიტექტურა

 

ალგორითმული ლევიათანი ძალაუფლების სრულიად ახალ არქიტექტურას ქმნის: ის არ აყალიბებს ძალაუფლების კლასიკურ ვერტიკალს. მის ნაცვლად, ის ქმნის ქსელურ, რიზომულ (rhizomatic) სტრუქტურას, სადაც კონტროლი ყველგანაა და, ამავდროულად, არსად. მიშელ ფუკოს ტერმინოლოგიით, ალგორითმული ლევიათანი მიკროძალაუფლების ლოგიკით მოქმედებს: იგი არა მხოლოდ კრძალავს, არამედ აწარმოებს და მიმართულებას აძლევს სურვილებსა და ქცევებს. ეს არის პანოპტიკონი 2.0: – ბენთამის პანოპტიკონის იდეის ციფრული ევოლუცია, სადაც მეთვალყურეობის მექანიზმი დეცენტრალიზებული და ინტერნალიზებულია — სუბიექტი თავად ხდება საკუთარი თავის მაკონტროლებელი.

 

დასკვნის მაგიერ:

 

აი, ასეთ მოცემულობაში ვართ ციფრული ეპოქის კონტექსტში, სადაც უხილავი კოდი ჩვენი სოციალური ქსოვილის არბიტრად იქცევა. კრიტიკული აზროვნება და სიფხიზლე აუცილებელია, რათა ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ტექნოლოგიურმა გიგანტმა წყალში არ ჩაგვიყაროს წლების ნაშრომი და ჩვენს ციფრულ იდენტობას არ დაეწეროს –  ERROR.

 

ამ მოცემულობიდან შეგვიძლია დავასკვნათ:

 

  1. ტექნიკური იმპერატივი: ციფრული ავტონომია. ყველაზე პირდაპირი და პრაგმატული გაკვეთილი მონაცემთა სუვერენიტეტის აუცილებლობაა. ყოველთვის ჩამოტვირთეთ, დააარქივეთ და შეინახეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ლოკალურ ან პირად ღრუბლოვან საცავში. ინსტრუმენტებზე დამოკიდებულება სტრატეგიული სისუსტეა. ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება არ უნდა იყოს ერთი კომპანიის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
  2.  დაკარგული კონტექსტის კრიზისი. „ალგორითმული ლევიათანი“ ქმნის სემანტიკურ ვაკუუმს, სადაც სიტყვები მოწყვეტილია თავის კონტექსტს, განზრახვასა და კულტურულ ნიუანსებს. ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის. ეს ნიშნავს ახალი „ციფრული წიგნიერების“ სტანდარტების შემუშავებას, რომელიც მომხმარებელსაც და დეველოპერსაც კონტექსტის კრიტიკულ მნიშვნელობას ასწავლის.
  3. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნა. ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა და ციფრულმა მოქალაქეებმა, უნდა მოვითხოვოთ ალგორითმული პროცესების გამჭვირვალობა. „შავი ყუთი“ უნდა გაიხსნას. აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები და ადამიანური ჩართულობით მოქმედი სააპელაციო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მანქანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს საბოლოო და უპირობო განაჩენი.
  4. ცნობიერების ბრძოლა ავტომატიზაციის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა სცილდება ტექნოლოგიურ და სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არის ბრძოლა ადამიანური ნების, კრიტიკული აზრისა და ცნობიერი გადაწყვეტილების დასაცავად მზარდი ავტომატიზაციის საპირისპიროდ. „ალგორითმული ლევიათანი“ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს მონაცემებს, არამედ ჩვენს უნარს, ვიყოთ რაციონალური, მორალური და თავისუფალი სუბიექტები. ამიტომ, ამ უხილავ ძალასთან დაპირისპირება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეგზისტენციალური ამოცანაა.

 

 გაგრძელება იქნება…

 

 

[1] https://algorithmwatch.org/en/algorithmic-policing-explained/#:~:text=Some%20findings%20on%20the%20rate,3%20per%20cent

[2]https://ar5iv.labs.arxiv.org/html/2402.16979v1#:~:text=model%20multiplicity%20compares%20to%20unambiguous,discussed%20and%20passed%20in%20many

[3] Karen Yeung – “‘Hypernudge’ and the ‘Algorithmic Leviathan’” – https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3786377

[4] https://shs.cairn.info/revue-reseaux-2013-1-page-163?lang=fr

ინტეგრირებული აქტივობა – „დროის მანქანა“

0

ტექნოლოგიურად სწრაფად ცვალებად გარემოში, ტრადიციული, ერთფეროვანი სწავლება მოსწავლისათვის აღარაა მიმზიდველი. ერთფეროვანი დავალებები და ერთსა და იმავე მეთოდებზე დაფუძნებული გაკვეთილები ვეღარ აღძრავს  ინტერესსა და მოტივაციას. შედეგად, ახალგაზრდებში მცირდება შემოქმედებითი ენერგია, თანამშრომლობის უნარები და  ცოდნის გამოყენების პრაქტიკა.

სწორედ ამიტომ, განათლების სფეროში მწვავედ იგრძნობა ინოვაციური მიდგომების საჭიროება, რაც აუცილებელია ინტეგრირებულ სწავლებაში, პრაქტიკულ პროექტებსა და ინტერაქტიურ აქტივობებში. ამ გზით მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ პრობლემების გადაჭრას, გუნდურ მუშაობას და საკუთარი იდეების რეალიზებას.

გაგაცნობთ ინოვაციურ აქტივობას „ცოცხალი დიალოგები და დროის მანქანა“, რომელიც ერთგვარი ინტეგრირებული  ხიდია მოსწავლის ყოველდღიურ გამოცდილებასა და სასკოლო სასწავლო მიზნებს შორის. ეს კავშირი სჭირდება  დღეს განათლებას – სწავლის პროცესის გარდაქმნა შთამაგონებელ თავგადასავალად.

 აქტივობის იდეა – მოსწავლეები „დროის მოგზაურებად“ იქცევიან: თითოეულ საგანს შეუძლია, „დაუკავშიროს“ თავისი თემა კონკრეტულ ეპოქას. კლასში „იქმნება“ „დროის მანქანა“, რომლის მეშვეობითაც ბავშვები სხვადასხვა ეპოქაში გადაინაცვლებენ და თითოეულ საგანში დაგროვილ ცოდნას  გამოიყენებენ.

სამუშაო ფურცლები

სამუშაო ფურცელი №1 – ისტორიკოსის მისია

ამოცანა: მოიფიქრე, რომელ ეპოქაში იმოგზაურებ. აირჩიე ერთ-ერთი :

  • ანტიკური საბერძნეთი;
  • შუა საუკუნეები;
  • საქართველოს ოქროს ხანა;
  • მე-20 საუკუნე.

ჩამოწერე:

  • რომელ ისტორიული პიროვნებას შეხვდები?
  • რას კითხავ ამ ისტორიულ პიროვნებას წარსულზე და აწმყოზე?
  • რა პასუხები ექნება მას შენს შეკითხვებზე?
  • რომელი ისტორიული წყარო გამოიყენე დავალების შესასრულებლად?

სამუშაო ფურცელი №2 – მათემატიკოსის გამოწვევა

ამოცანა: წარმოიდგინე ამ ქალაქში ადრე დიდი ციხესიმაგრე იყო. მცველს ყოველდღე უწევდა 180 კიბის საფეხურის ავლა-ჩამოვლა 2-ჯერ. დღეს ქალაქში ცათამბჯენებია. შენ მუშაობ მეცხრე სართულზე. თითო სართული მოიცავს 28 საფეხურს, მაგრამ შენ ლიფტით მოძრაობ. წარმოიდგინე, რომ ლიფტი არ არის და ყოველდღე კიბეებით ადიხარ და ჩამოდიხარ.

კითხვა: ვის უფრო მეტი საფეხურის ავლა-ჩამოვლა მოუწევს — ძველი ციხის მცველს თუ შენ?

სამუშაო ფურცელი №3 – მწერლის დავალება

ამოცანა: დაწერე პატარა წერილი იმ დროის ადამიანის სახელით (მაგ. გლეხი, ხელოსანი, მეფე, ბერი, მწერალი, შენი თანატოლი).

  • ვის სწერს(აურჩიე ადრესატი)?
  • რა პრობლემაზე საუბრობს?
  • რა სათქმელი ექნება მომავლისთვის?

სამუშაო ფურცელი №4 – მეცნიერის ლაბორატორია

ამოცანა: აირჩიე წარსულის რომელიმე  გამოგონება (მაგ. წყლის წისქვილი, ზარის მექანიზმი, პირველი ტელეგრაფი, ეტლი, რკინიგზა და ა.შ.) და აღწერე, როგორ შეცვალა მან ადამიანების ცხოვრება.
შექმენი მარტივი სქემა ამ გამოგონების როლის წარმოსაჩენად!

სამუშაო ფურცელი №5 – ხელოვანის პერსპექტივა

ამოცანა: შეარჩიე ეპოქა, შექმენი ამ  ეპოქის „ფრესკა“,  „აფიშა“, „ხალიჩის ესკიზი“ და ა.შ.

  • გამოიყენე ეპოქისთვის დამახასიათებელი  სიმბოლოები (ფერი, ფორმა, პერსონაჟი) და შექმენი ექსპოზიცია.
  • მოიფიქრე სლოგანი, რომელიც ასახავს იმ დროის სულს და შენი შექმნილი „ექსპოზიცია“  გამოსაფენად შესთავაზე  თანამედროვე მუზეუმს და დაუსაბუთე  მუზეუმის ხელმძღვანელობას რატომაა მნიშვნელოვანი მისი გამოფენა ამ მუზეუმში.

საერთო  საკლასო პროდუქტები (ჯგუფური)

  • „დროის დღიური“ – თითოეული მოსწავლე ავსებს თავისი დღიურის ფურცელს, საბოლოოდ კი იქმნება ერთიანი ქრონიკა.
  • ინტერაქტიური გამოფენა – კლასში მოწყობილია „დროის კუთხეები“, სადაც მოსწავლეთა  ნამუშევრებია  თავმოყრილი.
  • დროის დებატები – მოსწავლეები სხვადასხვა ეპოქის „მოქალაქეებად“ იქცევიან და მსჯელობენ,- „რომელი ეპოქა იყო ადამიანისთვის საუკეთესო?“

ასეთი აქტივობები ინტერაქტიურია – ბავშვები თავად ქმნიან სცენარებს, სწავლობენ საგნების ერთმანეთთან დაკავშირებას, ივითარებენ სხვადასხვა უნარს და  „დროის მანქანით“ ერთად მოგზაურობენ სხვადასხვა ეპოქაში.

„მისასალმებელი“ აქტივობები: როგორ გავატარე ზაფხული

0

„როგორ გავატარე ზაფხული“ – ეს არის თემა, რომელსაც სკოლის პირველ დღეს გვერდს ვერ აუვლი. ამიტომაც, ყოველ წელს ვფიქრობ, როგორ გავხადო უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გაკვეთილი, რომელიც ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარებას დაეთმობა.

მოსწავლეების დიდ ნაწილს, როგორც წესი, უძნელდება აზრების თავმოყრა, მნიშვნელოვან თემებზე შეჩერება, თანმიმდევრული თხრობა, დროის ლიმიტის გათვალისწინება და ა.შ. არასაკმარის გამოცდილებას ემოციური ფაქტორიც ერთვის თან და შედეგად ვიღებთ მეორეხარისხოვანი საკითხებით გაჯერებულ, არათანმიმდევრულ და დაუსრულებელ თხრობას. ამიტომაც, მასწავლებელი, როგორც მოდერატორი, უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მთავარ საკითხზე კონცენტრირებასა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის შერჩევაში, რაც მოსწავლეებს ამბის სრულად და თანმიმდევრულად გადმოცემას გაუადვილებს.

პირადად მე ახალი სასწავლო წლისთვის მზადებას ზაფხულის დავალებიდან ვიწყებ. მოსწავლეებს ვაწვდი საორიენტაციო საკითხებსა და მკაფიო ინსტრუქციებს, რომელთა დახმარებითაც, სკოლაში დაბრუნებულები თავიანთი საზაფხულო გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. რა თქმა უნდა, სეზონური თავგადასავლების ჩაწერა მრავალნაირად შეიძლება. თუმცა ამჯერად ზაფხულის ხმების, სურნელის, ფერებისა და გემოების სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით.

მოუსმინეთ ზაფხულს

ზაფხულის ხმების ჩაწერა ერთ დიდ თავგადასავლად შეიძლება აქციო. დღეს ყველა სმარტფონს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია. დავალების მთავარი მიზანია, მოსწავლემ შეაგროვოს რაიმეთი გამორჩეული, მნიშვნელოვანი ხმები თავისი საზაფხულო თავგადასავლიდან. შეიძლება ეს იყოს თვითმფრინავის გუგუნი, სამოგზაურო ჩემოდნის გორგოლაჭების რაკრაკი, ახალი ქალაქის ხმაური, მოლას ძახილი მინარეთიდან ან ორგანის ხმა რომელიმე ისტორიული ტაძრიდან, თოლიების ყვირილი თუ ჩიტების სტვენა ქალაქის პარკებში, ადგილობრივი გამყიდველების ომახიანი შეძახილები ქუჩის ბაზრობიდან და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამ. პატარებს ხმების შეგროვებაში უფროსები დაეხმარებიან, თუმცა არჩევანი ბავშვებზეა – თავად უნდა გადაწყვიტონ, რას ჩაიწერენ.

ეს აქტივობა თავის თავში მოიცავს მუსიკასთან ინტეგრირების შესაძლებლობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დავალება ინტეგრირებულ პროექტადაც შეგვიძლია განვიხილოთ. აქვე ტელესკოლის არქივიდან გაგიზიარებთ მუსიკის ერთ-ერთ გაკვეთილს, რომელიც ზემოაღნიშნულ თემას საინტერესო პერსპექტივიდან დაგვანახებს.

https://1tv.ge/video/musika-iii-iv-klasi-sporti-da-musika-teleskola/

გადაიღეთ ზაფხული

მოსწავლეებმა ეს დავალება ზაფხულის ხმების შეგროვების პარალელურად უნდა შეასრულონ, ანუ უნდა იპოვონ ის ობიექტი, რომლის ხმამაც დააინტერესა და მისი გამოსახულება კადრზე აღბეჭდონ. ეს ჩვენ, უფროსებს გვიძნელდება, თორემ ბავშვები, თავიანთი გასაოცარი ტექნიკური უნარების წყალობით, ფოტო და აუდიო მასალას ერთგვარ ვიდეორგოლებად გარდაქმნიან ან პრეზენტაციის სახით გვიზიარებენ თავიანთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

ხატვის მოყვარულ მოსწავლეებს ერთგვარი ზაფხულის ესკიზების გაკეთებასაც ვურჩევ. ასე ექსპრომტად ჩახატული ადგილები, შესაბამის კადრებთან ერთად, ზაფხულს მათი პირადი აღქმის ობიექტივიდანაც დაგვანახებს.

არ დაგავიწყდეთ, დაასათაუროთ თქვენი ესკიზები, ფოტოები თუ აუდიომასალა, რათა წლების შემდეგ, როცა ძველ მოგონებებს ახალი ამბები გადაფარავს, შეძლოთ მათი გახსენება და სახელდება. როცა ამგვარ „მოგონებების სკივრს“ გახსნით, თქვენს მზერასა და ყურის ნიჟარებში ის ზაფხულები აშრიალდებიან, რომლებიც ოდესღაც ასე სათუთად შეინახეთ.

დააგემოვნეთ ზაფხული

კულინარია გიზიდავთ?! მაშინ მოემზადეთ ახალი რეცეპტების შესაგროვებლად. ახალ ადგილებში მოგზაურობა განსხვავებული გემოების აღმოჩენასაც უწყობს ხელს. სადაც არ უნდა იმოგზაუროთ, საქართველოს კუთხეებსა თუ მის საზღვრებს მიღმა, ყველგან იპოვით თქვენთვის საინტერესო გემოსა და კერძს, რომლის რეცეპტის ჩაწერა და თან წამოღებაც მოგინდებათ. აღმოჩენილ კერძებს ფოტოებიც შეგიძლიათ გადაუღოთ და თქვენს ხელნაწერ კულინარიულ წიგნში ჩააკრათ. გირჩევთ, თითოეულ რეცეპტს ერთგვარი თვითრეფლექსიაც დაურთოთ, სადაც რამდენიმე წინადადებით აღწერთ თქვენს პირველ შთაბეჭდილებას (სად დააგემოვნეთ პირველად ეს კერძი, როგორი მოლოდინი გქონდათ, გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი, სად მოიძიეთ ამ კერძის რეცეპტი, სცადეთ თუ არა მისი სახლის პირობებში მომზადება და ა.შ.).

შეინახეთ ზაფხულის ფერი და სურნელი

ყველა ზაფხულს თავისი განუმეორებელი სურნელი ახლავს, ზოგიერთ მათგანს ზღვის სუნი ასდის, ზოგს – მინდვრის ყვავილების. შესაძლოა, თქვენი ზაფხული ნაწვიმარი მიწის სურნელით იყოს გაჟღენთილი, ანდა – ახლად მოთიბული ბალახის არომატით… გაზაფხულს ზაფხული არც სიფერადით ჩამოუვარდება. აქედან გამომდინარე, ამ სეზონის სუნითა და ფერით დამახსოვრებაც საინტერესო გამოცდილება მგონია.

ქვემოთ მოცემული აქტივობები ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებასთან ინტეგრირებას გულისხმობს, რაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, დავალების თემა მრავალმხრივი პერსპექტივიდან გაიაზრონ და ისე შეასრულონ:

„ერთი ქილა ზაფხული“

ამ პროექტის შესასრულებლად დაგჭირდებათ შემდეგი რესურსები: სასურველი ზომის გამჭვირვალე ქილა, თქვენ მიერ მოკრეფილი ყვავილები, მცირეოდენი ბამბა და ზეითუნის ზეთი, წებო, ფერადი ფურცლები და კალამი.

დავალების შესასრულებლად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

  • შეაგროვეთ სასიამოვნო სურნელის მქონე ყვავილები;
  • ქილაში ჩააფინეთ მცირეოდენი ბამბა;
  • ზედ მოათავსეთ მცენარეები;
  • ქილას მჭიდროდ მოუჭირეთ თავსახური;
  • გამოჭერით ფერადი ფურცლებისგან იმ ყვავილების/მცენარეების ფორმები, რომლებიც ქილაში შეინახეთ;
  • ფურცლებზე დაწერეთ, ვის გახსენებს ამ ფორმის შესაბამისი ყვავილის სურნელი (მაგალითად, ვარდის სურნელი შეიძლება რომელიმე მეგობარს გახსენებდეთ, ღიღილოსი – დედას, ლავანდის – ბებოს და ა.შ.). გამზადებული ჩანაწერები კი ქილას გარედან დააკარით;
  • თუ გინდათ, ყვავილების სურნელი ქილაში დიდხანს შენარჩუნდეს, ბამბას დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. დასველებული ბამბა უკეთ შეიწოვს ყვავილების არომატს და ქილის გახსნისას ზაფხული უფრო მძაფრად ამოიფრქვევა მისგან.

„ზაფხულის პალიტრა“

(ფერების დამზადება ბუნებრივი მასალებით)

ზაფხულის ფერების შესანახად დაგჭირდებათ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი: კენკროვანი ხილი (მაყვალი, ჟოლო ან მოცვი), ფერადი ყვავილები (ლავანდა, გვირილა, გულყვითელა და ა.შ.), მწვანე ფოთლები ან ბალახი, წყალი, კოვზი, პატარა ზომის ქილები და ჯამები, ფუნჯი, თეთრი ქაღალდი და საქაღალდე.

მიჰყევით ზაფხულის პალიტრის დამზადების ინსტრუქციას:

  • მინდორსა თუ ტყეში სეირნობისას, თავადვე შეაგროვეთ საჭირო მასალები;
  • თითოეული პროდუქტი მოათავსეთ სხვადასხვა ჯამში (ან გააკეთეთ რიგრიგობით), დაასხით ცოტაოდენი წყალი, კოვზით კარგად გასრისეთ და მოურიეთ იქამდე, სანამ წყალი მცენარის ფერს არ მიიღებს;
  • ფერშეცვლილი სითხე ჩაასხით წინასწარ გამზადებულ ქილებში;
  • ახლა შეგიძლიათ ბუნებრივი საღებავით დახატვაც სცადოთ;
  • ნახატები კარგად გააშრეთ და მოათავსეთ საქაღალდეში;
  • საქაღალდეს აუცილებლად დააწერეთ თარიღი, რათა წლების შემდეგ გაიხსენოთ, რომელი ზაფხულის ფერები შეინახეთ მასში.

ჩემი ზაფხულის ჰერბარიუმი

მგონი ერთხელ მაინც ყველას ჩაგიდიათ წიგნში ყვავილი გასახმობად. შესაძლოა, გამხმარი ყვავილებისგან ლამაზი აპლიკაციებიც დაგიმზადებიათ. თუ ასეა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჰერბარიუმის დამზადება საკმაოდ საინტერესო პროცესია და თან მცირე რესურსს/ძალისხმევას მოითხოვს. მაშ ასე, შეაგროვეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ყვავილები/მცენარეები (სასურველია, მკვეთრ ფერებზე გააკეთოთ აქცენტი), თაროდან გადმოიღეთ ყველაზე სქელი და მძიმე წიგნი, გაამზადეთ თაბახის ფურცლები, წებოვანი ლენტი და კალამი, გამხმარი ყვავილების შესანახად კი შეარჩიეთ ალბომი.

შეგროვებული ყვავილები/მცენარეები მოათავსეთ თეთრ ფურცლებზე, თავზეც ფურცლები დააფარეთ და დასაპრესად მოათავსეთ სქელ წიგნში. მცენარის გამოშრობას ერთი კვირა მაინც დასჭირდება. თუმცა ყოველდღე შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ როგორ იცვლის ფერსა თუ ფორმას და ინფორმაცია სპეციალურ ცხრილში ჩაინიშნოთ. გამხმარი მცენარეებისგან კი „ჰერბარიუმის ალბომის“ შექმნას შეძლებთ.

დაზიანების რისკის შესამცირებლად, გირჩევთ, მცენარეები ფურცლის მხოლოდ ერთ, პირველ გვერდზე ჩააკრათ. ამას გარდა, თითოეულ გვერდს აუცილებლად დაურთეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ მიერ შეგროვებული ყვავილების შესახებ (სახელწოდება, ძირითადი მახასიათებლები, საიდან/როდის ჩამოიტანეთ და ა.შ.). ამგვარი ალბომები „შენახულ“ ზაფხულს ყოველთვის სასიამოვნოდ გაგახსენებენ.

წაიკითხეთ ზაფხული

საზაფხულო თავგადასავლებით სავსე წიგნებს რა დალევს?! მეც დაუზარლად ვუზიარებ საკითხავ ლიტერატურას ჩემს მოსწავლეებს. ზემოაღნიშნულ დავალებებს ალბათ იდეალურად შეასრულებდნენ ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები წიგნიდან „ჩვენც სალტროკელები ვართ“. მელკერსონების ოჯახის საზაფხულო თავგადასავალი დღემდე ისევე აღაფრთოვანებს ახალბედა მკითხველს, როგორც – ჩემს ბავშვობაში. ისეთი ზაფხულიც შეიძლება დადგეს, მშობლიურ ქალაქში ჩარჩე და მოგზაურობის ერთადერთ საშუალებად საკუთარი ფანტაზია გეგულებოდეს. არ იდარდო, მთავარია მოგზაურობის სურვილი, სანდო მეგობარი და თქვენი თავგადასავალი არცერთი ნამდვილი მოგზაურის ისტორიას ტოლს არ დაუდებს. ჩემი არ გჯერათ? მაშინ წაიკითხეთ მარიანე კაურინის „ჩვენი სამხრეთი“ და თავადვე დარწმუნდებით. იქნებ სულაც არ გხიბლავთ მოგზაურობა და ახალი ადგილების/ადამიანების გაცნობა გაშინებთ?! მაშინ იბენ აკერლის თხზულების „ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“ წაკითხვას გირჩევთ. იქნებ, ნორას მსგავსად, წინ თქვენც ისეთივე ზაფხული გელოდებათ, რომელიც დაუვიწყარ ბედნიერებას მოგანიჭებთ… სასურველია, კითხვის პროცესში აწარმოოთ „მკითხველის დღიური“ (აღნიშნული რესურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სტატიაში „წიგნის თარო: მკითხველის დღიური“), რათა, ზემოთ მოცემული აქტივობების მსგავსად, წიგნის კითხვით მოგვრილი საზაფხულო შთაბეჭდილებების შენახვა და გაზიარება გაგიადვილდეთ.

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და მეც ერთი სული მაქვს, სანამ მოსწავლეების მიერ შეგროვებულ ზაფხულებს დავაგემოვნებ და ჩემს აღმოჩენებსაც გავუზიარებ. აი ასეთია წლის ჩემეული მისალმების ტრადიცია და თქვენ როგორ ესალმებით თქვენს მოსწავლეებს?!

 

აქტივობები სკოლის პირველი კვირისთვის

0

ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვებისთვის გარკვეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. პირველკლასელები სასკოლო გარემოში პირველად შედიან. მოსწავლეები, რომლებიც საფეხურის იცვლიან – ახალი მასწავლებლების, თანაკლასელების, სახელმძღვანელოების გაცნობის მოლოდინში არიან…

სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეებში, პირველადმა შთაბეჭდილებამ, გამოწვეულმა ემოციამ და ჩვენ მიერ შექმნილმა დასამახსოვრებელმა მომენტებმა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გავლენა იქონიოს კლასის განწყობასა და მოლოდინებზე.

როგორი უნდა იყოს ჩვენი პირველი გაკვეთილები?

სასკოლო გარემოში არსებული თავისუფლება და მასწავლებლის ავტონომია გვეხმარება ისე დავგეგმოთ ჩვენი გაკვეთილები, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, დავეხმაროთ მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობაში, გავალღოთ ყინული, შევახსენოთ მოსწავლეებს განვლილი სემესტრის საკვანძო ცნებები, საკითხები თუ თემები და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასწავლო წლის დაწყების წინ ვცდილობ, მოვიფიქრო და მოვიძიო აქტივობები, რომლებიც სკოლის დაწყების პირველი დღეებისა თუ კვირების განმავლობაში, საკლასო ოთახებსა თუ მის მიღმა გამოვიყენებ. ამ მიზნით გასულ წლებში რამდენიმე სტატია უკვე გამოვაქვეყნე ჩვენი ჟურნალის საშუალებით. 2025-2026 სასწავლო წლის დაწყების წინაც გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად ვაპირებ გამოვიყენო სწავლის დაწყების პირველ კვირებში.

 

შეკითხვების/დებულებების კალათა

ინსტრუქცია

ამობეჭდეთ ან ფურცლებზე დაწერეთ ქვემოთ მოცემული კითხვები (შეგიძლიათ ახალი შეკითხვები თქვენ თვითონ მოიფიქროთ და დაამატოთ). კითხვები ჩამოაყალიბეთ ისე, რომ გარკვეული მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ. თუ თქვენ პირველად შედიხართ ამ კონკრეტულ კლასში, ისე დაგეგმეთ, რომ შეკითხვებმა მოგცეთ კლასის გაცნობისა და მოსწავლეებზე საინტერესო ამბების გაგების საშუალება. ასევე, შეგიძლიათ კითხვები მიმართოთ მათი წინარე ცოდნის გააქტიურებისკენ, განვლილი სასწავლო წლის შეჯამებისკენ და ა.შ.

როდესაც მოსწავლეებს არ იცნობთ, ეს აქტივობა მათი გაცნობის კარგი საშუალებაა. შემთხვევითი პრინციპით მოსწავლეებს დაურიგეთ კითხვები. სთხოვეთ, რომ ჯერ გაგეცნონ და ბოლოს კითხვას უპასუხონ.

 

მოსწავლეებში დადებითი განწყობის შექმნასა და კლასის გაცნობაზე ორიენტირებული კითხვების/დებულებების ჩამონათვალი:

  • რა არის ის ერთი რამ, რის გაკეთებაც ყველაზე მეტად გიყვარს?
  • სუპერძალა რომ გქონოდა რაში/რისთვის გამოიყენებდი?
  • რაიმე თუ გაგიჭირდა, ვის მიმართავ დასახმარებლად?
  • როგორი იქნებოდა შენთვის იდეალური დღე?
  • ჩემი გზავნილი მსოფლიოს…
  • 100 ლარი რომ ვიპოვო…
  • ჩემზე ფილმს რომ იღებდნენ მთავარ როლში ვათამაშებდი…
  • ახლა სკოლაში რომ არ ვიყო…
  • ყველაზე მეტად მეშინია…
  • განვიცდი, როცა…
  • რომელია შენი საყვარელი ფილმი/წიგნი?
  • ჩემს თანაკლასელებს ვეტყოდი, რომ…
  • მიხარია, როდესაც…
  • როგორ გამოიყურება შენთვის საინტერესო გაკვეთილი?
  • ხშირად ვფიქრობ…
  • განსაკუთრებით მიხარია, როცა…
  • ეს აქტივობა… (სასურველია ეს დებულება მოსწავლემ ბოლოს დაასახელოს. ამიტომ მიუწერეთ რომ დაელოდოს თანაკლასელებს).

 

 

ბინგო – მოძებნე ვინმე/ვისაც/ვინც

ინსტრუქცია

ბინგო გავრცელებული თამაშია. მას ხშირად ჯგუფის ურთიერთგაცნობის მიზნით იყენებენ. ამ აქტივობის გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება. (იხილეთ ჩემი სტატია აქტივობები დასუფთავების აქციების გამხიარულებისთვის)

ამობეჭდეთ შემოთავაზებული სამუშაო ფურცლები და დაურიგეთ მოსწავლეებს. სთხოვეთ, რომ მუსიკის (ან ხმოვანი შეტყობინების) შემდეგ დაიწყონ მოძრაობა საკლასო ოთახში და ჩაწერონ იმ თანაკლასელის სახელები, რომლებიც კონკრეტულ დებულებებს აკმაყოფილებენ, ისე, რომ არ განმეორდეს (კლასში ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით, შეგიძლიათ მისცეთ ერთი მოსწავლის ორჯერ გამეორების საშუალება). სურვილისებრ თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ თამაშში.

შემოთავაზებული ვერსია

ამ ზაფხულს იყო სოფელში უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე არდადეგებზე წაიკითხა ორი წიგნი მთელი ზაფხული უყურებდა ანიმეს ამ თვეში აქვს დაბადების დღე
ნამყოფია საზღვარგარეთ მინიმუმ ორჯერ ძალიან გაუხარდა სკოლის დაწყება უყვარს საგანი მოქალაქეობა ძალიან ენატრება ვიღაც ხშირად გეხმარება, მხარს გიჭერს
ებრძვის უსამართლობას გაწყენინათ და აპატიეთ შეუძლია კლასის გამხიარულება ხშირად იჩენს ინიციატივებს ახსოვს რა ისწავლა გასულ წელს
საუბრობს სამ ენაზე აქვს რაიმე კოლექცია უყვარს ფოტოების გადაღება იყო რაიმე კონკურსის მონაწილე ან გამარჯვებული ზაფხულში მუშაობდა რაიმე საქმეზე (მაგალითად, ეხმარებოდა ბებიას და ბაბუას)
აქვს საყვარელი პოდკასტი ან YouTube არხი, რომელსაც ხშირად უსმენს/უყურებს შეუძლია გემრიელი საჭმლის მომზადება უყვარს სათავგადასავლო აქტივობები (ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა, ბანაკი) წერს ჩანახატებს, ლექსებს… მოეწონა ეს აქტივობა

 

მას, შემდეგ რაც პირველი მონაწილე შეასრულებს დაუწიეთ მუსიკას და კიდევ დაელოდეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, დაიკავონ ადგილები და დაიწყეთ შევსებული ბინგოს ფურცლების წარდგენა კლასის წინაშე.

 

სამი რამ

ინსტრუქცია

მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებიდან განსხვავებული ემოციებით, განწყობებითა და ისტორიებით ბრუნდებიან. ეს აქტივობა, მათი დასვენების პერიოდის ერთგვარი შეჯამებისა და ახალი სასწავლო წლისთვის მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას წარმოადგენს. მისი შესრულება შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

ჩამოწერეთ მოცემული სამი დებულება დაფაზე. მიეცით დრო ფიქრისთვის. შემდეგ სთხოვეთ, რიგითობით გააზიარონ მოგონებები და მიზნები.

  • ერთი არასასიამოვნო მომენტი/მოგონება გასული ზაფხულიდან;
  • ერთი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მომენტი/მოგონება ზაფხულის არდადეგებიდან;
  • ერთი კარგი რამ, რაც წინ არის, რასაც ელოდებით სასწავლო წლის განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

„სასწავლო დუელი“, ცოდნის ტრანსფერი და რეპროდუქტიული ცოდნის გააქტიურება

0

სწავლების თანამედროვე მიდგომები ითხოვს ისეთი  მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ფაქტობრივი მასალა უბრალოდ კი არ დაიზეპირონ, არამედ გაიაზრონ და კრიტიკულად იაზროვნონ. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს  მიდგომები, რომელიც ფუნქციურ, დინამიურ და ტრანსფერულ ცოდნას ერთ აქტივობაში გააერთიანებს და ამით მოსწავლის სწრაფად წინსვლას შეუწყობს ხელს. ასეთი მიდგომა ფაქტობრივად გულისხმობს აქტიურ სწავლებას, რომელიც დაფუძნებულია თამაშის ტექნოლოგიაზე, ცოდნის ტრანსფერსა და ცოდნის რეპროდუქციაზე. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სამივე ცნება  ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია:

  • თამაშის ტექნოლოგიის გამოყენება გაკვეთილზე ქმნის აქტიურ, მოსწავლისთვის მამოტივირებელ, შემოქმედებით გარემოს. მოსწავლე მიდის ახალი ცოდნის აგებისკენ, რადგანაც ამ პროცესში  ხდება მოსწავლეთა  ანალიზის, შეფასებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, რაც ახალი ცოდნის მიღების  საფუძველია;
  • ცოდნის ტრანსფერი (Knowledge Transfer) უკვე არსებული ცოდნის გადატანაა ახალ სიტუაციაში და მოსწავლის წინსვლის ახალი პირობაა (მაგალითად, თუ მოსწავლემ თამაშში ისწავლა გუნდური მუშაობა ან მათემატიკური ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, ის ამ ცოდნას კლასგარეშე სივრცეში,  რეალურ ცხოვრებაშიც გამოიყენებს);
  • ცოდნის რეპროდუქცია (ფრანგ.: reproduction) მასწავლებლისგან უკვე მიღებული ცოდნისა და ქმედებების განმეორებითი რეპროდუქციას გულისხმობს (მაგალითად, მასწავლებელი აძლევს კონკრეტულ დავალებას, მოსწავლე კი მას გარკვეული მოდელის მიხედვით ასრულებს).

სწავლების თანამედროვე მოდელი  სამივე ეტაპს ერთიან პროცესად აერთიანებს, როგორც საფეხურებს საბოლოო პროდუქტის მიღების გზაზე:

  • რეპროდუქტიული ცოდნის აქტივაცია – ხაზს უსვამს, რომ უკვე მიღებული ცოდნა ხელახლა ამოქმედდება/გამოიცდება;
  • ცოდნის ტრანსფერი – მიანიშნებს ახალ კონტექსტში გადატანაზე;
  • თამაში – ზუსტად მიუთითებს მიღწევის სტრატეგიასა და მიდგომაზე.

სქემატურად ეს შეიძლება ასე გამოისახოს:

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ რეპროდუქტიული ხასიათის დავალებებზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით უმნიშვნელოვანესია ცოდნის აგების გზაზე. ის ხელს უწყობს:

  • ბაზისური ინფორმაციის დამკვიდრებას – მოსწავლეები იმახსოვრებენ ძირითად  ფაქტებს, ტერმინებსა და მოვლენებს, რომლებიც  რეპროდუქტიული ხასიათის დავალებებია (მაგალითად, კითხვებზე პირდაპირი პასუხი, თარიღების გახსენება ან ცნებების განმარტება), რაც ეხმარება   საწყისი ცოდნის მყარად ჩამოყალიბებას);
  • ცოდნის სტრუქტურირებასა და სისტემატიზაციას – რეპროდუქციული აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს, დაყონ ინფორმაცია ცალკეულ ნაწილებად  და მოახდინონ მისი ორგანიზება (მაგ., დაალოგონ ქრონოლოგიურად, გამოპყონ მიზეზ–შედეგობრივი კავშირები);
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა  – როცა მოსწავლეს ახალი მასალა  ჯერ კიდევ მყარად არ აუთვისებია ( არ არის დარწმუნებული), რეპროდუქციული ტიპის დავალებები ნაკლებ სტრესს იწვევს, რადგან მარტივი, ზუსტი პასუხის გაცემის საშუალება მათში ქმნის წარმატების განცდას და ამაღლებს მოტივაციას;
  • მომზადებას შემდეგი ეტაპისთვის / სწავლის პროცესის დიაგნოსტიკაBloom-ის ტაქსონომიის მიხედვით, „ცოდნა“ ,  „გაგება“, „გამოყენება“ (განმეორებითობა) წინ უსწრებს  უფრო მაღალ საფეხურებს – ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას. ფაქტობრივი ცოდნის გარეშე შეუძლებელია კრიტიკული მსჯელობა, პრობლემის გადაჭრა ან ახალი იდეების შექმნა. რეპროდუქტიული დავალებებით  მასწავლებელი   სწრაფად  ამოწმებს, რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი მასალა, სად არის ხარვეზები და რა მიმართულებით უნდა გააგრძელონ მუშაობა.

 

რა  ურთიერთმიმართება არსებობს კონკრეტულად   თამაშსა და რეპროდუქტიული ხასიათის სავარჯიშოს შორის?   

  • სასწავლო პროცესში თამაში და რეპროდუქტიული სავარჯიშო ერთი შეხედვით განსხვავებული, თუმცა შიდა ლოგიკით მჭიდროდ დაკავშირებული კომპონენტებია. თამაში, როგორც აქტიური და ემოციურად დატვირთული სწავლების სტრატეგია, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, შემოქმედებით ჩართულობასა და ინტერესის სტიმულირებას. რეპროდუქტიული დავალება კი მიმართულია უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ინფორმაციის აღდგენასა და გამყარებაზე, რაც კოგნიტური განვითარების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
  • ამ ორ ელემენტს შორის ურთიერთმიმართება განისაზღვრება მათი ფუნქციური დანიშნულებით: თამაში რეპროდუქტიულ სავარჯიშოს ანიჭებს დინამიკურ, კონკურენტულ და ინტერაქტიულ ხასიათს, რითაც ამცირებს მოსწავლეთა დატვირთვის განცდას და ამაღლებს კოგნიტიურ აქტიურობას;
  • თამაში არ ცვლის რეპროდუქტიული სავარჯიშოს არსს, არამედ მისი ეფექტიანობის განმაძლიერებელ საშუალებად გვევლინება. იგი რეპროდუქციის პროცესს აქცევს მოტივაციურ აქტივობად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის აგებისთვის და ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებისთვის.

როგორ შეიძლება აღნიშნულის მიღწევა  ერთი რომელიმე სასწავლო სტრატეგიის გამოყენებით? ამ კუთხით ფართოდ გამოიყენება ინტერაქტიული თამაშის ტექნოლოგია „სასწავლო დუელი“. ის ინტერაქტიული თამაშია,  რომელიც განკუთვნილია როგორც ახალი მასალის შესასწავლად, ისე ცოდნის შესაჯამებლად. მისი მიზანია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, სწრაფი აზროვნება და  თანამშრომლობის განვითარება;  ასწავლის სწრაფი რეაგირების უნარს, ამყარებს საგნობრივ ცოდნას;  ხელს უწყობს გუნდურ მუშაობასა და ჯანსაღ  კონკურენციას, ანუ მიზნის მისაღწევად იყენებს ცოდნის რეპროდუქციასაც და ცოდნის ტრანსფერსაც.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

  • კლასი – VII
  • თემა – ბრინჯაოს ხანა და ძველი აღმოსავლეთი
  • გამოყენებული მეთოდური მიდგომა: ისტორიული მასალის ინტეგრირებული სწავლება „სასწავლო დუელის“ გამოყენებით;

სასწავლო პროცესის ორგანიზების სქემა:  

  • ახალი მასალის ახნა/განმეორება/შეჯამება (რეკომენდებულია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს თამაშის მიზნები – ახალი მასალის გადაცემა ხდება, განმეორება თუ შეჯამება -შეფასება).
  • მასწავლებელი ქმნის მოსწავლეთა ჯგუფებს  (3–4 წევრი თითოეულში);
  • დავალებების მომზადება (მასწავლებელი წინასწარ ამზადებს თანაბარი სირთულის და ერთნაირი რაოდენობის შეკითხვებს);
  • თამაშის მიმდინარეობა: ჯგუფებს რიგრიგობით ეძლევათ კითხვები. თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემის დრო მონიშნულია (დაახლოებით 1 წუთი). იმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც გამოყოფილ დროში ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს;
  • რეფლექსია – მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებზეც მოსწავლეებს გაუჭირდათ

მოცემული თემის ნებისმიერ ეტაპზე მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ

  • ბრინჯაოს ხანა წარმოადგენს ეპოქას, როდესაც ლითონის დამუშავების ტექნოლოგიამ საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარდაქმნებს; ტექნოლოგიური კუთხით, ლითონის დამუშავებამ შესაძლებელი გახადა უფრო მტკიცე იარაღისა და სამუშაო იარაღის წარმოება, რამაც გაზარდა შრომის პროდუქტიულობა; მაგრამ წარმოების ზრდამ და რესურსების არათანაბარმა განაწილებამ გამოიწვია   ქონებრივი /სოციალური დიფერენციაცია. გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობაც  (მაგალითად, ყორღანები არა მხოლოდ სამარხი ნაგებობებია, არამედ სოციალური იერარქიის და წინაპართა პატივისცემის სიმბოლოცაა); ყალიბდება პირველი  ცივილიზაციები და  პირველი სახელმწიფოები  [მდინარეთა ხეობებში (ნილოსი, ტიგროსი, ევფრატი..) სარწყავი სისტემების, ნოყიერი ნიადაგისა და სავაჭრო გზების ხელშეწყობით, რასაც მოჰყვა   სახელმწიფო სტურქტურების ჩამოყალიბებაც (სახელმწიფოს მართვა და სამართალი)]; ყალიბდება  კონტაქტები რეგიონებს შორის (მაგალითად, წინარე ქართველური ტომების  – დიაოხისა და კოლხის ურთიერთობები მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან წარმოადგენს რეგიონის ისტორიული კავშირების ნათელი მაგალითია); ფართოვდება ადამიანთა თვალსაწიერი და ადამიანს უყალიბდება გარკვეული დამოკიდებულებები და ღირებულებები გარმომცველი სამყაროს შესახებ;

თემასთან დაკავშირებით სასწავლო დუელისნიმუშის კითხვებია:

  1. რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?
  2. როგორ შეცვალა ლითონის დამუშავებამ ადამიანთა შრომა და წარმოება?
  3. რატომ გაჩნდა ქონებრივი უთანასწორობა პირველყოფილ თემებში?
  4. რა ფუნქცია ჰქონდა ყორღანებს და რას გამოხატავდნენ ისინი?
  5. რატომ წარმოიშვა პირველი სახელმწიფოები მდინარეთა ხეობებში?
  6. რა ნიშნით იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?
  7. რა კავშირები ჰქონდა დიაოხს მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან?
  8. რა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა კოლხას სხვა რეგიონებთან?
  9. რატომ მოიხსენიებენ აქემენიანთა სპარსეთს როგორც პირველ სახმელეთო იმპერიას?
  10. რა გზით აღმოჩნდნენ ქართველური ტომები აქემენიანთა სპარსეთის შემადგენლობაში?
  11. რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვე ისტორიული ცნობიერებისთვის?
  12. და ა.შ.

როგორც ვხედავთ, „სასწავლო დუელის“ დროს მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ კითხვებს, რომლებიც ეფუძნება უკვე ნასწავლ ან ახლად შესწავლილ თემას. კითხვები, როგორც წესი, მოითხოვს:

  • კონკრეტული ფაქტის, თარიღის ან ტერმინის გახსენებას;
  • მიზეზ–შედეგობრივი კავშირის მოკლე აღნიშვნას;
  • ცნებების განმარტებას ზუსტი ფორმულირებით.

ეს ყველაფერი მიმართულია ცოდნის რეპროდუქციაზე, ანუ იმაზე, რომ მოსწავლემ არსებული ინფორმაცია შეინახოს მეხსიერებაში და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გამოიძახოს.

რეპროდუქციული დავალების მნიშვნელობა „სასწავლო დუელში“ ორ დონეზე ვლინდება:

  • დამყარება – ახალი მასალის მყარი დამახსოვრება განმეორებით და სწრაფი გახსენებით.
  • სტრუქტურირება – თემის შიდა ლოგიკის ჩამოყალიბება, რადგან სწრაფი პასუხის გაცემისას მოსწავლე იძულებულია გააცნობიეროს, რომელი ინფორმაციაა მთავარი.

ბრინჯაოს ხანისა და ძველი აღმოსავლეთის თემებზე „სასწავლო დუელის“ გამოყენებამ ეფექტიანად გაერთიანა საგნობრივი ცოდნა  და პრაქტიკული უნარები. თამაშის დინამიკამ გაზრდა მოტივაცია, გააძლიერა ინფორმაციის დამახსოვრება  და ამავდროულად განავითარა კრიტიკული აზროვნება.

თამაში „სასწავლო დუელი“ თავისი სტრუქტურითა და მიზნებით რეპროდუქციული ხასიათის დავალების კლასიკურ  მაგალითს წარმოადგენს, სადაც სწრაფი გახსენება აქტიურად ამაგრებს მოსწავლეთა მიერ უკვე მიღებულ ინფორმაციას. რეპროდუქციული აქტივობის ტრადიციული მიზანი – ფაქტობრივი ცოდნის გამყარება – „დუელში“ იძენს  დინამიკურ და კონკურენტულ ხასიათს, რაც ზრდის როგორც სწავლების შედეგიანობას, ისე მოსწავლეთა ჩართულობას.

რაც შეეხება მოტივაციას,   რეპროდუქციული დავალება ხშირად აღიქმება მოსაწყენად, თუმცა „დუელი“ ამ ხასიათს თამაშად გარდაქმნის. შეჯიბრის ელემენტი ზრდის ინტერესს, ამაღლებს ემოციურ ჩართულობას და ამით აძლიერებს მეხსიერებაში მასალის შენახვას.

„სასწავლო დუელის“ მეთოდის გამოყენება წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს შინაარსობრივ სიღრმესა და თამაშით მოტივაციას. ეს მეთოდი არა მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციას, არამედ ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც თანამედროვე ისტორიის სწავლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

რაც არ გვავიწყდება

0

(ჩანაწერებიდან)

რომ ვუფიქრდები, ჩემგან ადამიანს იმ პატარ-პატარა (თუ – არც ისე პატარა) სიკეთეების არდავიწყება და ამ სიკეთეების გამო მადლიერება ქმნის, რაც ჩემთვის ოდესმე გაუკეთებიათ, შეიძლება, სიკეთის გამკეთებელს გაკეთებული სიკეთე ყოველთვის არ გაახსენო, მაგრამ გულში სულ უნდა გახსოვდეს. უმადურობა ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რომელიც ადამიანს ცხოველთან ათანაბრებს, უფრო სწორედ, ზოგიერთ ცხოველსაც კი აქვს მადლიერების მძაფრი განცდა…

იქნებოდა, ასე, ორიათას ცხრა წელი. ერთი ახლო ძმაკაცი მყავდა მაშინ, ლექსებსაც წერდა (არცთუ ურიგოს, სხვათა შორის) და, თან, ფრანსუა ვიიონივით, ათას მაიმუნობაში იყო გახლართული. ამ მაიმუნობების ერთ კომპონენტში – ვიღაცებთან არცთუ იშვიათ ჩხუბებს ვგულისხმობ – მეც ვეხვეოდი ხოლმე ძალაუნებურად, ძმაკაცური ვალიდან გამომდინარე.

ამ ჩემს ძმაკაცს ერთი ეფექტური ხერხი ჰქონდა დამუღამებული, ქეიფის მოწადინე, თუმცა უფულო კაცთათვის გამოსაყენებელი: როცა დალევა გვინდოდა, მაგრამ არ გვქონდა ფული, შევიდოდით სადმე, სახინკლეში, იმაზე ერთით მეტ ადამიანზე გავაშლევინებდით სუფრას, ვიდრე ვიყავით (თითქოს კიდევ ველოდით ვიღაცას), მოვილხენდით და ბოლოს ვეტყოდით მასპინძლებს: ჩვენ კაპიკი არ გვაქვს, ძმაკაცს ველოდით და ვერ მოვიდა, იმას უნდა გადაეხადა ფული, ამიტომ, აგერ, ჩემს პირადობას დაგიტოვებთ და ამ დღეებში მოგაწვდით გასამრჯელოსო. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ, თანხმდებოდნენ. რამდენიმე დღეში მიგვქონდა ხოლმე ფული იძულებითი ნისიის დასაფარად და პირადობის გამოსახსნელად.

ხოდა, ერთი მშვენიერი საღამოა შაბათისა, მე და ეს ჩემი ძმაკაცი უხმოდ მივუყვებით პეკინის გამზირს, გაგარინზე მაშინ მდებარე კაზინო “ოლიმპიაში” დავტოვეთ უკანასკნელი ფული და ვერა ვართ გუნებაზე, სასმლით დარდის განქარვება გვაქვს ორივეს გუმანში იმ ჩვენი ნაჩვევი ხერხით, ხოდა, უახლოეს სახინკლე-რესტორანს ვეძებთ… ქუჩის მეორე მხარეს გამოკრთა ნანატრი აბრა, ჯიქურ გადავჭერით გზა და შევედით სახინკლე-რესტორანში. წესის მიხედვით, სამ კაცზე გავაშლევინეთ სუფრა. ორი ჭიქა არყის და კათხა ლუდის მერე გუნებაც გამოგვიკეთდა და ახლაღა შევამჩნიეთ გვერდზე მაგიდასთან მჯდომი სამი, შუახნის, კულტურული კაცი. შევამჩნიეთ და ისევ ჩვენს სუფრას დავუბრუნდით, ლექსის თქმა მოგვინდა და თითო ლექსიც კი ვუთხარით ერთურთს. ეტყობა, ამ ლექსებმა გვერდითა სუფრის წევრების ყურადღება მიიპყრო და ჩვენი მწირი პურ-მარილიდან თავიანთ უხვ სუფრაზე გადაგვიპატიჟეს. ლექსის პატივისმცემელი ხალხი აღმოჩნდა ჩვენი ახალი მეინახენი და გაუხარდათ, რომ ვუთხარით, ახალგაზრდა პოეტები ვართო… მოკლედ, კარგა გემოზე დავლიეთ, ისინი ჩვენზე ბევრად ადრე იყვნენ მისულები და, ცხადია, ჩვენზე ადრე წავიდნენ გულითადი დამშვიდობების შემდეგ… ჩვენ ისევ ჩვენს სუფრას დავუბრუნდით და უკვე ვემზადებით, რომ ჩვენი სპექტაკლი გავითამაშოთ (ჩემი მორიდებულობის გადამკიდე, მთვრალიც კი ერთ სიკვდილს ვათავებდი, როცა ამას ვაკეთებდით, მაგრამ დალევის სურვილი უფრო მძაფრი იყო ხოლმე, როგორც ჩანს), მივედით დახლთან და ის-ისაა, ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, რომ დახლიდარი გვეუბნება: თქვენი გადახდილია, იმ ბატონებმა გადაიხადესო. ეგენი ჩვენი მუდმივი კლიენტები არიანო, ერთ-ერთი მათგანი ამა და ამ მინისტრის მოადგილეაო, ხოდა, მაგან გადაიხადაო… კიდევ თქვა იმ ქალმა რაღაცები და ბოლოს იმით დაამთავრა, რომ: სამჯერ მომსახურების ფულიც გადაიხადა თქვენთვის წინასწარ, როცა გინდათ, სამჯერ, შეგიძლიათ, სამი-ოთხი ადამიანი მოხვიდეთ და უფასოდ მოგემსახურებითო…

იმ მოადგილისთვის მანამდეც მომეკრა თვალი ტელევიზორში (პირველი შეხედვისთანავე მეცნო საიდანღაც), თუმცა სახელ-გვარი არ ვიცოდი, რადგან არცთუ ხეირიანად ვერკვეოდი აღმასრულებელი ხელისუფლების ჩინოსნებში და, მით უმეტეს – მეორეხარისხოვან ჩინოსნებში (რა დასამალია და, ვერც ახლა ვერკვევი)… კი გვითხრა დახლის ქალმა მისი გვარი, მაგრამ დამავიწყდა, სამაგიეროდ, მთელი ამ წლების მანძილზე, სახე არ დამვიწყებია მისი. ამას წინათ რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი ძმებ კარბელაშვილებზე და ერთ-ერთ რესპონდენტში ის კაცი შევიცანი, იმ კარბელაშვილების მოგვარე-შთამომავალი ყოფილა. მივგუგლ-მოვგუგლე და, დიახ, სწორედ მაშინ უმსახურია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.

შეიძლება, ვინმემ, ამის წამკითხავმა, “ნაცობაც” დამაბრალოს, ოღონდ მწარედ შეცდება, იმათი, წინების, მეხოტბე და მოყვარული საერთოდ არ გახლავართ, მაგრამ კაი კაცი შეიძლება, ყველგან იყოს. თექვსმეტი წელი გავიდა მას მერე და ეს ამბავი არ მავიწყდება და არც არასოდეს დამავიწყდება, რადგან, ვიიონ-წერედიანისა არ იყოს (ზემოთ ტყუილად კი არ მიხსენებია ფრასნუა):

“ვინც იცის, იცის, არ მიყვარს ლიქნა,
მაგრამ, კაცს ღმერთი თუ არ გიწყრება
და ვინმემ მართლა სიკეთე გიქნა,
ხამს სიკეთისა არ დავიწყება.”

ბელა წვერაძის ყოფნის წიგნი

0

,,ყველას აქვს ისეთი ადგილი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ  იქ ჰაერს ახსოვს შენი ბედნიერი სუნთქვა’’ – თქვა ერთხელ რემარკმა. სწორადაც თქვა – მართალია ჰერ ერიხ მარია რემარკი. მაგრამ ვფიქრობ, რომ  ადგილი არა – ასაკია უფრო და ბავშვობა ჰქვია. ეგ ასაკი ნიშნავს ტერიტორიას, რომელზეც შენი ბედნიერებაა დასახლებული. უმიზეზო სიხარულების და ასხლეტილი ტკივილების დრო. მერე ეს ადგილი მოსგდევს და არ გტოვებს. და კი – სულ ერთია, როგორია ეს ადგილი. ანუ საკუთარი ბავშვობა. აბა, ,,ბაბაჯანას ქოშები’’ სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღარიბი ბედნიერების გამოდევნება? აი, ის ,,ბაბაჯანას ქოშები’’, ახლანდელ ბავშვებს ცოტა რომ აშინებს. მაგრამ ეს სხვა ლაპარაკის კუთხეა.

ბელა წვერაძე კი წერს საკუთარ ჰაერზე. ეს ჰაერი იმ ქალაქს ეკუთვნის, რომელზეც ცოტა რამ გვსმენია, მაგრამ ბევრს იმსახურებს. ძალიან ბევრს. ეგრე გამოვიდა, რომ მე პატარა ბინა მაქვს დუშეთის მახლობლად და მაქაურობის მაგიას კარგად ვიცნობ. თუ ოდესმე გაზაფხულზე იქაურ მინდვრებზე მოხვედრილხარ, ჯერ გვირილების გადარბენას ნახავ, მერე ეს მინდვრები ყაყაჩოების წითელას დაიმართებს. უცნაურად ლამაზია დუშეთი ზაფხულობით. კი,  ჯერ ფერფრთხილ მწვანეზე გვირილა მოთოვს, მერე ყაყაჩო, ღიღილო და ძირწითელა დაკენკავს გვირილების მიმდნარ თოვლს. ორი კვირა უნდა ჩაუსაფრდე და ნახო ეს ფერისცვალებები. და ცაცხვის ყვავილის სუნი კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია, რადგან ზოგი სუნი შეიძლება მოყვე კიდეც. ოღონდ ეგ რომ მოყვე, ბაზრის ქუჩას უნდა დაუყვე ივნისის მიწურულს, სანამ მაყვალს და ლურსმნებს ყიდიან, მანდ უნდა გაჩერდე  – ჭიშკრამდე მეორე ხესთან, მიეყრდნო, მაღლა ახედო და ჩაისუნთქო. და თუ დუშეთის ცა არ იცით, მაშინ ცა საერთოდ არ გცოდნიათ, რადგან ამ ცასაც, იმ მინდვრებივით, დილაობით ბარემ ხუთგვარად შეუძლია ფერისცვალება – მოწმენდელია და ქუხილის ხმა ისმის. აი, საიდან, კაცი ვერ გაიგებს, მაგრამ გეფიცებით, ისმის და ხან შეიძლება უღრუბლოდაც დაგეცეს წვეთი. ისეთი ცაა, რომ წესია ასეთიზურგზე უნდა იწვე და უყურო. ასეთია დუშური ზაფხულები – აგერ ზამთარშიც კი მაგაზე მეფიქრება და ვწერ.

მაგრამ სხვა რამეა მისული კაცის ფიქრი, მხოლოდ თვალისგან ნაკარნახევი და სხვა რამეა ფიქრი შიგნიდან, როცა მთელი დუშეთი გამოგივლია, მეორე მსოფლიო ომის ეპილოგიდან ვიდრე დღემდე.

 

,,დრო, დრო აღნიშნე!’’  –  რადგანაც გალაკტიონი მოგვიწოდებს და მე გალაკტიონის მჯერა, მწერლობის ერთი მთავარი ძალა, სწორედ საკუთარი დროის სხვა დროებისთვის განდობა მგონია. ბელას წიგნი დუშური დღიურია. დუშეთურს დავწერდი, მაგრამ იქაურები მიმიხვდებიან, რატომაც. ეს დღიური ნაბიჯ-ნაბიჯ მოყვება ქალის და ქალაქის ცხოვრებას.

ყველა ქუჩა, შესახვევი, ადამიანი, რომელიც მეხსიერებამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, ბელამ საკუთარი ამბის ნაწილად აქცია. თანაც წერა ისე იხერხება, რომ იმთავითე გრძნობ, რამე ზერელე დოკუმენტურ საარქივო იძულებას კი არა, მაღალმხატვრულ ლიტერატურას კითხულობ. აგერ მაგალითად:  ,,ნატო ბებომ შელოცვა იცოდა, ტკბილად მახსენდება მისი ჩიფჩიფი. სიცხიანი ვწევარ და გაურკვეველი სიტყვები ნანასავით ჩამესმის… ნეტავ რას ამბობს? ნახშირიანი დანა უჭირავს… მერე მეძინება.’’   ეს მაგიური სცენა საკუთარი გამოტოვებით, გიბიძგებთ გაიხსენოთ ყველა ლოცვა და შელოცვა, რაც რომ გსმენიათ და წაგიკითხავთ. ეს იძულებაა ლიტერატურის ძალა.

 

ყველა თავი ერთ დიდი მასალას აგროვებს რომანისთვის. ისეთიც კი, თითქოს რუტინულ შრომას და რედაქციას რომ ეძღვნება. აგერ ვაჟა-ფშაველას სტუმრობები რად ღირს მწერლის წინაპრების სახლში და მამიდის მოგონება: „პატარა ვარ და ვხედავ, რომ ჩემი ნინო ძალოს ტახტზე, რომელზეც აძრომა და თამაში მიყვარდა, უცხო კაცი წევს და ჩურჩხელას შეექცევა. ალბათ უფრო ჩურჩხელას მივაცქერდი, კაცმა კი ყურადღება არ მომაქცია და არც ჩურჩხელა შემომთავაზა. ნაწყენი გამოვტრიალდი. დედაჩემმაც მკლავში წამავლო ხელი და დამიტია: „ნუ აწუხებ“. ამ დროს კაცმა დაიძახა: „არ მაწუხებს, მაშო. პატარა ქალო, მოდი ჩემთან“. მეც ხელმეორედ მივედი. მკითხა, რა გქვიაო. ნინა- მეთქი ვუპასუხე. „ნინა თუ ნინო?“, გამიმეორა. დამფრთხალი ვიდექი. მერე მითხრა: „ნინო, რატომ არ მეტყვი, შენ ეგ მეორე თვალიც უნდა გამოგეთხაროს, ჩურჩხელას რომ არ მაჭმევო’’. ჩურჩხელით ხელში ისევ დედასთან გავტრიალდი. რა ვიცოდი მაშინ, ვინ იყო ვაჟა ფშაველა…“

 

ეს სცენები აუცილებლად გამოაგდება იმ ხალხს, ვინც ადამიანის ყოფის ნიუანსებით ინტერესდება, მათ შორის სიბერის და სიკვდილთან შეგებების რიტუალით: ,¸დღესაც ვერ ამიხსნია რას ნიშნავს სიბერე; ვერ ამიხსნია რატომ რჩება ადამიანი მუდმივად ბავშვობისა და ახალგაზრდობის განცდების სასიამოვნო ტყვეობაში და რატომ ვერ არქმევს ახალგაზრდულ შინაგან მდგომარეობას სიბერეს. მამიდაჩემი ლიზა წვერაძე 87 წლისა

გარდაიცვალა და ერთი წუთითაც არ უღალატია თავისი სიყრმისა და ახალგაზრდობის ჩვევებისა და მოთხოვნილებებისთვის. მკაცრი, პედანტურად წესრიგის მოყვარული მამიდა გარდაცვალების წინ ანდერძად მიტოვებს: „აი, ეს ვარდისფერი კოფთა ჩამაცვით და საფლავის ქვაზე, აი, ეს ფოტო დახატეთ“.

 

ნაზი შამანაურისთვის მიძღვნილი თავი ამ წიგნის კი არა, მსოფლიო ისტორიის ცალკე თავი უნდა იყოს. ამ ქალის ისტორია ბევრ რამეს იტევს და იოლად ირგებს თითქოს უკვე გამცვდარ სახელს – გმირი. საბჭოთა კავშირის ბოროტება,  ამ გმირობის ჩადენა პერსონალური ფობიების გადალახვის ფასად უჯდებოდა:

,,ერთხელ ვცადე ნაზი შამანაური დამეყოლიებინა და აკაკი ბაქრაძის ლექციების მოსმენა ვურჩიე. გამიღიმა და მშვიდად მიპასუხა: „იცი, ბელა, თქვენ ყველანი, ვინც იქ დადიხართ, აღრიცხვაზე ხართ აყვანილი’’.

ვხედავდი, ვიგრძენი, რომ ნაზი, რომელიც სამართლიანობის დასაცავად ურჩხულს შეერკინებოდა და არაფრის წინაშე უკან არ დაიხევდა, უშიშროების დევნის შიშს შეეპყრო. თუმცა კვლავ თავგამოდებით და შეუპოვრად ებრძოდა ყველას, ვინც დაუცველი ადამიანების –

მოხუცების, საწყლების, ობლების, ღარიბების უფლებებს ლახავდა, სხვისი შრომის

ექსპლუატაციით ჯიბეს ისქელებდა, სახელმწიფოსა და ხალხის ქონებას ითვისებდა, საბავშვო ბაღებსა თუ უპატრონოთა სახლებში ბავშვებს ლუკმას აკლებდა; იბრძოდა ღიად, უკომპრომისოდ და ზოგჯერ აგრესიულადაც, მხოლოდ საკუთარი ნერვებისა და ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე; იბრძოდა მხოლოდ ჟურნალისტის კალმით.’’

 

წერის სტილი მონაცვლეობს, მაგრამ ფრაგმენტულს არ ხდის ნაწარმოებს, პირიქით, თითქოს ფაზლებით იგება ერთი მთლიანობა, პატარა ქალაქის დიდი ტილო. ეს ტილო ფერადია და არა ჭრელი. სხვადასხვა ეპოქას მოიცავს, სხვადასხვაგვარ განწყობებს და წინააღმდეგობებს. საბოლოოდ, კი სიცოცლისაა ეს წიგნი. საკუთარი თავის ამ ყოფაზე დამჩნევის და დანარჩუნების.

ამიტომაც ჰქვია ასე – რაც იყო, იყო და არა იყო და არა იყო რა.

რას ვაკეთებთ, როცა არაფერს ვაკეთებთ

0

დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მოსამზადებელი ფაციფუცისა და ბიუროკრატიული აურზაურის მიუხედავად, ყველას გვიხარია სკოლაში დაბრუნება, რადგან დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან (კოლეგები, მოსწავლეები, მეგობრები…) შეხვედრის საშუალება გვეძლევა. თუმცა, სასკოლო რუტინისგან თავისუფალი თვეების შემდეგ, სამუშაო პროცესთან შეგუება პატარებს კი არა, უფროსებსაც ძალიან გვიჭირს.

ამ თემაზე არსებული წიგნებიდან, რომელთა წაკითხვასაც საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვურჩევ, ერთ-ერთი არის მეგან მაკდონალდსის „ჯუდი მუდი ცუდ გუნებაზეა“ (პირველი წიგნი). ჯუდიც ისევე ვერ ელევა ზაფხულს, როგორც ჩემი მოსწავლეების დიდი ნაწილი. მას თმის დავარცხნაც კი ეზარება, რომ არაფერი ვთქვათ სკოლაში ახალი სიტყვების დაზეპირებასა თუ წებოჭამია თანაკლასელის გვერდით ჯდომაზე. მას არც ახალი ნივთები ახარებს და არც – მამის მომზადებული საუზმე, განსაკუთრებით კი ის ადარდებს, რომ არაფერი აქვს თანაკლასელებისთვის მოსაყოლი, რადგან მისი აზრით, ზაფხულში გამორჩეული არაფერი უკეთებია…

და მაინც, რას ნიშნავს არაფრის კეთება? ნუთუ შეუძლია ადამიანს, მართლა არ გააკეთოს არაფერი თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში? მოდი, ერთად ვიფიქროთ ამაზე.

ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დასვენება და არაფრის კეთება ერთი და იგივე რამაა. იმისათვის, რომ გავიაზროთ, რას ნიშნავს „სწორად“ დასვენება, სჯობს, ქვემოთ მოცემულ ლინკს მივყვეთ:

https://www.youtube.com/watch?v=8ZW9EYByNDE

ამ ვიდეოზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანის გადაღლას (ფიზიკურ თუ გონებრივ გადაწვას) „სწორად დაღლის/დასვენების“ ტექნიკების არცოდნა განაპირობებს. ამას გარდა, დასვენება სულაც არ ნიშნავს არაფრის კეთებას და ამ უნარსაც ისევე სჭირდება გამომუშავება, როგორც სხვა ნებისმიერ უნარს.

როცა არაფერს ვაკეთებთ, სინამდვილეში ბევრი საინტერესო რამ ხდება: ენერგიის აღდგენა/შევსება (როგორც ფიზიკური, ასევე – გონებრივი და ემოციური), ფიქრი/საკუთარ თავში ჩაღრმავება (სწორედ ამ დროს ხდება შეუმჩნეველი პრობლემების დანახვა, იდეების გენერირება და სხვ.), მეხსიერებისა და ემოციების „გავარჯიშება“ (მოგონებებში გადაშვება, ემოციების გამოწვევა, სტრესის მართვა და სხვ.), დღე-ღამის ბიორიტმისა და მოქნილობის სტიმულირება (ზომიერი შეჩერება/რუტინული რიტმიდან ამოვარდნა ხელს უწყობს გონებრივ მრავალფეროვნებას, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას) და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა, არაფრის კეთება სასარგებლო საქმიანობად იქცეს?! ფოკუსირებული სუნთქვაც კი საკმარისია იმის მაგალითად, რომ ამ შეკითხვას დადებითი პასუხი გაეცეს. ამას გარდა, არსებობს არაერთი საინტერესო სავარჯიშო, რომელიც რუტინით დაღლილი მოსწავლეების თუ საკუთარი თავის  „გადასატვირთად“ გამოგადგებათ. აი, მაგალითად:

დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ გაიგონოთ 5 ხმა, 4 შეგრძნება, 3 სურნელი და ა.შ. (სენსორული სავარჯიშო)

როცა ეს ვარჯიში პირველად გავაკეთე კლასში, შედეგმა გამაოცა. მოსწავლეებმა არამარტო კლასში არსებული ხმები „დაიჭირეს“, არც სკოლის ეზოს ხმების გარჩევა გასჭირვებიათ და არც არსებული გარემოს შეგრძნებების ენაზე აღწერა. ფანჯრიდან შემოჭრილი ტყის სურნელი კი ინსპირაციის წყაროდ აქციეს… ჩემი აზრით, დამღლელი სასწავლო დღის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ამგვარი პაუზების გაკეთება სასარგებლოცაა და სასიამოვნოც.

ასევე სასარგებლო შესვენებად ითვლება ემოციური გადატვირთვისას მცირე პაუზის აღება. მაგალითად, როცა რაღაცის კეთება არ გამოგდის და ბრაზიც იმატებს, სჯობს, ცოტა ხნით გვერდზე გადადო ის შენი საკეთებელი და გონება „გადართო“. ამ მეთოდს უფროსები ხშირად მივმართავთ, მაგრამ პატარებს დამოუკიდებლად უჭირთ სწორი მომენტის შერჩევა შესასვენებლად, ბრაზის კონტროლი და ა.შ. მათ სჭირდებათ მითითება, თუ როგორ მიუდგნენ წარუმატებლობას სწავლის პროცესში, რას ნიშნავს შეცდომებზე სწავლა, როგორ არ დავნებდეთ განმეორებადი მარცხის შემთხვევაში, როგორ გავიხაროთ პირადი პროგრესით და ა.შ. ასეთ დროს ფრაზა „ცოტა ხნით არაფერი აკეთო“ შეიძლება მოსწავლეს ერთგვარ მაშველ რგოლად მოევლინოს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურ ჩვევად ვაქციოთ თუნდაც 10-15 წუთიანი სეირნობა ყურსასმენებისა და საქმიანი ფიქრების გარეშე. დავაკვირდეთ ნაცნობ გარემოს – სახლებს, ხეებს, ხმებს… მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს, შევიგრძნოთ მისი ბუნებრივი ტემპი, არ ავაჩქაროთ საკუთარი თავი, არ დავუსახოთ კონკრეტული მიზანი (კალორიების დაწვა თუ გადაადგილების აუცილებლობა), უბრალოდ, ვასეირნოთ. კარგი იქნება, თუ აღნიშნულ პრაქტიკას ყოველდღიურობაში დავნერგავთ და ყოველგვარი მუსიკალური ფონისა თუ ნაცნობებთან საუბრის გარეშე, ცოტა ხნით მაინც მოვუსმენთ საკუთარ სხეულსა და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.

21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ე.წ. ელექტრონული ხმაურის გარეშე. საჭმელს, უმეტესად, რომელიმე სატელევიზიო გადაცემის ან ფილმის ყურების პროცესში მივირთმევთ, ჩაისაც კი სმარტფონში სქროლვის თანხლებით ვსვამთ, რაც ხელს გვიშლის საკუთარი ორგანიზმის მოსმენასა (ნაყროვანების განცდა) და თავად სმის პროცესით ტკბობაში. ამიტომ, თქვენთან ერთად საკუთარ თავსაც ვურჩევ, დღეში ერთხელ მაინც დავისხათ ჩაი ან ყავა, დავსხდეთ განმარტოებით/სიჩუმეში და აუჩქარებლად, ნება-ნება დავლიოთ საყვარელი სასმელი, დავაკვირდეთ მის გემოს, არომატს, შეგრძნებებს, რომლებიც მისი სმის პროცესში გვეუფლება… იქნებ ასე მაინც მივაგნოთ პასუხს შეკითხვაზე, რატომ გვიყვარს ეს სასმელი ასე ძალიან, ან იქნებ სულაც არ გვიყვარს და უბრალოდ, „არაფრის კეთების“ პროცესში კარგი კომპანიონია?!

მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე მარტივი სავარჯიშო, რომელიც არაფრის კეთებას სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობად აქცევს:

ფანჯრიდან დანახული სამყარო

ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან საოცარი ხედი იშლება, ამიტომაც ხშირად ვთხოვ გადაღლილ მოსწავლეებს, გაიხედონ ფანჯრიდან და 1-2 წუთის განმავლობაში უყურონ ცას, ღრუბლებს, ფანჯრის წინ ასვეტილ მთას, მოშრიალე ხეებზე მოხტუნავე ციყვებს… არ ეცადონ ფიქრების გაჩერება-გაკონტროლებას, უბრალოდ მიყვნენ მათ. ზოგ შემთხვევაში ამ შეგრძნებებს ამინდის შესაბამისი მუსიკით ვამძაფრებ, უფროს კლასებში კი ერთგვარ „შეგრძნებების დღიურში“ ჩანაწერებსაც ვაკეთებინებ მოსწავლეებს.

სუნთქვითი ვარჯიში განტვირთვისთვის

ხშირად განტვირთვისთვის საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვებაც საკმარისია. სჯობს, თვალები დახუჭოთ და საკუთარ სუნთქვას ისე დაუგდოთ ყური. ჩაისუნთქეთ, რამდენიმე წამით შეჩერდით, შემდეგ კი ამოისუნთქეთ… 1-2 წუთიც კი საკმარისია ტვინის „განიავებისთვის“. უფროსკლასელებისთვის სუნთქვის მარტივი ვარჯიშების შეთავაზებაც შეიძლება.

აზრებისგან დაცლა

მოსწავლეებს ხშირად ახასიათებთ აზრების მოჭარბება, თუნდაც „არაფრის კეთების“ პროცესში. მე მათ ამ დროს მოკლე ჩანაწერების კეთებას ვურჩევ, რადგან ერთი შეხედვით არასაჭირო იდეა შესაძლოა სხვა დროს გამოგადგეთ, თან მოჭარბებული ფიქრებისგან ტვინსაც განტვირთავენ. ფიქოლოგების თქმით, ამგვარი პატარა პაუზები ამცირებს სტრესს, ზრდის კონცენტრაციას, ააქტიურებს ფანტაზიას და მოაქვს სიმშვიდის შეგრძნება.

სწორად დასვენების  დღიური

მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ მარტივი გეგმა, თუ როგორ აქციონ ყოველდღიურ რუტინაში არაფრის კეთება სასარგებლო პროცესად და გააანალიზონ შედეგები. აქვე გაგიზიარებთ დღიურის ერთგვარ ნიმუშს.

დღე N1 – გაიხედე ფანჯრიდან (5 წუთი)

დაჯექი ფანჯარასთან, დააკვირდი გარემოს, მიეცი ფიქრებს უფლება, თავისით მოვიდნენ და წავიდნენ. შეეცადე, შეაჩერო საქმიანი ფიქრები/აზრები.

დღე N2 – დალიე სიჩუმე (5 წუთი)

დაისხი საყვარელი სასმელი. გამორთე ან გადადე ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა, შეეცადე დალიო ჩაი ან სხვა სასმელი მარტომ/სიჩუმეში. დააკვირდი მის სუნს, გემოს და ტემპერატურას, იმ შეგრძნებებს, რასაც ეს სასმელი შენში იწვევს. ისიამოვნე მხოლოდ ერთი რამის კეთებით.

დღე N3 – ისეირნე სეირნობისთვის (5-10 წუთი)

გადი ეზოში ან სახლთან ახლოს მდებარე სკვერში/ქუჩაში. არ ჩართო მუსიკა, სასურველია, არც არავის გაესაუბრო. დააკვირდი საკუთარ ნაბიჯებს, შეიგრძენი სხეულის რიტმი, დააკვირდი ნაცნობ გარემოს, აი ნახავ, რამდენ უცნობ დეტალს აღმოაჩენ.

დღე N4 – დააკვირდი სუნთქვას (2-3 წუთი)

დაჯექი ან დაწექი კომფორტულად და კონცენტრირდი სუნთქვის პროცესზე. ჩაისუნთქე, რამდენიმე წამით შეჩერდი და ამოისუნთქეთ. შეგიძლია ეს სავარჯიშო გააკეთო პირით (ხმამაღალი სუნთქვა), ცხვირით ან შერეულად (ჩავისუნთქავთ პირით და ამოვისუნთავთ ცხვირით ან პირიქით). შეეცადე, არაფერზე იფიქრო და მთლიანად სუნთქვის პროცესზე კონცენტრირდე.

დღე N5 – დაიცალე აზრებისგან (5-7 წუთი)

აიღე ფურცელი და კალამი. ჩაიწერე ყველაფერი, რაც თავში მოგივა (ფიქრები, იდეები, ემოციები…). არ დაალაგო, უბრალოდ გადმოყარე ფურცელზე ყველაფერი, რაც გონებას ტვირთავს. შემდეგ კი ფურცელი გვერდზე გადადე და შეწყვეტილ საქმიანობას მიუბრუნდი. აუცილებლად იგრძნობ, თუ რა ეფექტურად მუშაობს ზედმეტი ფიქრებისგან დაცლილი გონება.

დღე N6 – გაავარჯიშე სენსორული მეხსიერება (3-5 წუთი)

დახუჭე თვალები და შეეცადე, ქუჩიდან შემომავალი ხმები ერთმანეთისგან განაცალკევო და წარმოიდგინო, თუ რომელი ობიექტები გამოსცემენ  ამ ხმებს, ან პირიქით – გაიკეთე ყურის საცობები, გაიხედე ფანჯრიდან და შეეცადე „გაიგონო“, თუ როგორ ხმას გამოსცემს ესა თუ ის ობიექტი. ამგვარადვე შეგიძლია გაიქტიურო  ყნოსვისა და გემოს რეცეპტორები. შეეცადე გამოიცნო, თუ რომელ საჭმელს ამზადებენ მეზობლები, რომელ ტკბილეულს აცხობენ მახლობელ საფუნთუშეში და სხვ. კერძის გამოცნობის შემდეგ, ვფიქრობ, მისი გემოს გახსენება სულაც არ გაგიჭირდება.

დღე N7 – მიეცი შენს თავს სწორად დასვენების უფლება

სასურველია, ეს აქტივობა კვირადღეს ან ისეთ დღეს დაამთხვიო, როცა აუცილებლად გასაკეთებელი საქმე არ გაქვს. პირველ რიგში, გააჩუმე საკუთარ თავში კრიტიკოსი. იძინე იქამდე, სადამდეც გსურს, ნუ გაუბრაზდები საკუთარ თავს „უსაქმურობის“ გამო, ჰკითხე მას, რისი კეთება სურს? იქნებ ემოციური ენერგიის შესავსებად სპექტაკლის ან ფილმის სანახავად წაიყვანო, ან ბუნებას მონატრებული, შემოდგომის ტყეში გაასეირნო…

გირჩევთ, ერთხელ მაინც სცადოთ სწორად დასვენების ამგვარი თუ არა, თქვენეული გეგმის შემუშავება და ნახეთ, იქნებ არაფრის კეთებამ თქვენც მოგიტანოთ სარგებელი.

რატომ არის წითელა უფრო საშიში, ვიდრე წარმოგიდგენია

0

ეს სტატია მოგვითხრობს ალისას, ექვსი წლის გოგოს ისტორიას, რომელიც წითელათი დაავადდა. ტექსტი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს დაანახოს, რომ წითელა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე უბრალო გამონაყარი ან სიცხე. ის ხსნის სამეცნიერო კონცეფციას, რომელსაც „იმუნური ამნეზია“ ეწოდება და მარტივი ენით აღწერს, თუ როგორ ასუსტებს წითელას ვირუსი იმუნურ სისტემას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მოცემული მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც იმუნური სისტემის მუშაობის, ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობის განხილვისას. კითხვები შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ ტექსტი, ამოიცნონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და გაიაზრონ, თუ რატომ არის ვაქცინაცია არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი. ეს ისტორია ემოციურად დატვირთულია, რაც თემას უფრო ახლოს მოუტანს მათ და გაუადვილებს ინფორმაციის დამახსოვრებას.

მოცემული სტატია ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და Our World in Data-ს მონაცემებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ეხება წითელას და მისი ვაქცინაციის მნიშვნელობას.

საკითხავი მასალა

,,ალისა ექვსი წლის, სიცოცხლით სავსე, ენერგიული გოგო იყო, რომელსაც უყვარდა ხეებზე სიარული, დასდევდა პეპლებს, ოთახის კედლებზე ხატავდა ცისარტყელებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, არასდროს გაუცდენია სკოლა. მის მშობლებს   გაციება და სურდო ძალიან მსუბუქ მდგომარეობად მიაჩნდათ.

თუმცა, ერთ ზაფხულს ალისას დაეწყო მაღალი სიცხეები, გახშირებული ხველა, თვალები დაუწითლდა, დაღლილობის შეგრძნება არ შორდებოდა. კანზე წითელი გამონაყარი გაუჩნდა და სახიდან მთელ სხეულზე გადავიდა. ექიმმა ერთი შეხედვით, თქვა: ეს წითელაა.

მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან არ გაუკეთეს ვაქცინაციის კალენდრით გათვალისწინებული წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა. მათ ინტერნეტში წაიკითხეს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო სასარგებლო იყო ორგანიზმისთვის. ისინი არ ელოდნენ გართულებას, წითელა ხომ იშვიათი დაავადებააო, ფიქრობდნენ.

 

იმუნური პასუხი

თანდათან სიცხემ იმატა, გამონაყარი მთელ ტანზე გავრცელდა. იმუნური სისტემაც მოქმედებაში მოვიდა. ლეიკოციტები გააქტიურდნენ, დაიწყო ციტოკინების გამომუშავება. ციტოკინებმა კი ვირუსის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავების სიგნალი ჩართეს.  ისინი განგაშის ზარივით მოქმედებდნენ. ციტოკინები ცილებია, რომლებიც ანტისხეულებს ,,მიუთითებენ“ სად წავიდნენ. მაგრამ წითელა არ არის ჩვეულებრივი ვირუსი, განსხვავებული საიდუმლო იარაღი აქვს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ წითელას ვირუსი პირდაპირ იმუნურ უჯრედებს უტევს. აინფიცირებს და ანადგურებს T და B ლიმფოციტებს, მეხსიერების უჯრედებს, რომლებსაც ,,დამახსოვრებული“ აქვთ ის პათოგენები, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილა. უკვე იციან როგორ ებრძოლონ იმ დაავადების გამომწვევებს, რომელიც ალისას უკვე გადატანილი ჰქონდა. მის იმუნურ უჯრედებს დამახსოვრებული ჰქონდათ გაციების, გრიპის, სტრეპტოკოკული ინფექციის გამომწვევები, თუმცა ყველაფერი თანდათან მეხსიერებიდან იშლებოდა. ასეთ მდგომარეობას ექიმები და მეცნიერები იმუნურ ამნეზიას უწოდებენ. წითელას ვირუსი ,,აჭერს“ გადატვირთვის ღილაკს, შლის წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და ასუსტებს იმუნურ სისტემას. კვლევებით დადასტურებულია, რომ წოთელას ვირუსს შეუძლია წაშალოს იმუნური მეხსიერების 20%-დან 70%-მდე. მის აღდგენას კი თვეები და შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს.

 

ალისას ჰოსპიტალიზაცია ენცეფალიტის გამო

მაშინ, როცა გამონაყარი შემცირდა და ტემპერატურამაც კლება დაიწყო, ალისას მშობლებმა საგანგაშო სიმპტომები შენიშნეს. გოგო ვეღარ დადიოდა, ფეხები ეკვეთებოდა, მეტყველებაც უჭირდა, თვალების მოძრაობას ვეღარ აკონტროლებდა. სასწრაფოდ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა უსწრაფესად დასვეს დიაგნოზი. ალისას წითელასთან ასოცირებული ენცეფალიტი განუვითარდა. წითელას ვირუსმა ტვინის ანთება გამოიწვია. ყოველ 1000 დაავადებულზე ეს მხოლოდ ერთ პაციენტს უვითარდება. ენცეფალიტს შეუძლია გამოიწვიოს გულყრა, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი. ალისამ რამდენიმე დღე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაატარა. ტვინის შეშუპების შესამცირებლად გადასხმებს უკეთებდნენ. 24 საათი მუდმივი კონტროლის ქვეშ გაატარა. მშობლებს აღარ ეგონათ რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა.

 

გრძელვადიანი ეფექტი

ალისა გადარჩა, თუმცა დაავადებამ კვალი დატოვა როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მდგომარეობაზე. გოგოს რამდენიმე კვირა სიტყვების დამახსოვრებისა და ყურადღების კონცენტრირების პრობლემა ჰქონდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ნერვოლოგიური პრობლემები შეიძლება კვირებისა და თვეების განმავლობაში დარჩენილიყო, ან დროთა განმავლობაში თავიდან გამოვლენილიყო.

ალისას დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე სტრეპტოკოკული ინფექცია, ანგინა ორჯერ დაემართა, ასევე გაურთულდა ყურის ინფექცია, რასაც დროებით სმენის დაქვეითება მოჰყვა. ორგანიზმი იმ დაავადებების გამომწვევებსაც ვეღარ უმკლავდებოდა, რომლების დამარცხებასაც წითელამდე ძალიან მარტივად ახერხებდა. ალისა შეწუხდა გამუდმებით ექიმებთან სიარულით. სკოლაც ხშირად უცდებოდა და სწავლასაც ჩამორჩა. სრული ორი წელი დასჭირდა იმუნური სისტემის საბოლოოდ განახლებას.

 

პრევენცია და ვაქცინაცია

ალისას ამბავი შესაძლება სრულიად სხვანაირად განვითარებულიყო, აცრილი რომ ყოფილიყო. ვაქცინა სამკომპონენტიანია, ის იმუნიტეტს აყალიბებს წითელას, წითურასა და ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ. ვაქცინა გამოცდილია და 95%-ით ეფექტური. რაც მთავარია ის თავიდან გვაცილებს როგორც წითელას მწვავე სიმპტომებს, ასევე მის იმუნური სისტემის ხანგრძლივ დაზიანებას.

წითელა ძალიან გადამდებია. ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია სხვები დააინფიციროს სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღით ადრე და ასევე ოთხი დღის შემდეგ. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ჰაერსა და ზედაპირებზე რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება.

რადგან დაავადება ასე სწრაფად ვრცელდება, ვაქცინაციის მაჩვენებლის მცირე ვარდნასაც კი ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია. რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვილებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.

ალისა აცრილი რომ ყოფილიყო, არც ასე მწვავედ გამოუვლინდებოდა სიმპტომები და არც იმუნური ანამნეზი ჩამოუყალიბდებოდა. ამის შემდეგ ალისას მშობლები ყველგან ვაქცინის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ცდილობდნენ ადამიანები დაერწმუნებინათ, აეცრათ შვილები რომ მათ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილიყვნენ. მიაჩნდათ, რომ მათ ისტორიას სხვა ბავშვების გადარჩენა შეეძლო.

ალისას ამბიდან შეიძლება დავასკვნათ: ,,ერთ ჩხვლეტას ჩვენი გადარჩენა შეუძლია“.

კითხვები:

  1. ჩამოთვალე ალისას პირველი სიმპტომები;
  2. რამ გამოიწვია მშობლების განსაკუთრებული შეშფოთება?
  3. როგორ პასუხობს იმუნური სისტემა წითელას ვირუსს?
  4. რა როლს ასრულებენ ორგანიზმში T და B ლიმფოციტები? მეხსიერების უჯრედები?
  5. რას ნიშნავს იმუნური ამნეზია?
  6. რატომ არის წითელა გაცილებით საშიში, ვიდრე ზედაპირულად ჩანს?
  7. ალისას რომელი სიმპტომები მიანიშნედა მდგომარეობის სირთულეზე?
  8. რა არის ენცეფალიტი?
  9. რა შეიძლება გამოიწვიოს წითელას ვირუსმა?
  10. რა კავშირია წითელას ვირუსსა და ალისას გახშირებულ ინფექციებს შორის?
  11. რომელი დაავადებების წინააღმდეგ მოქმედებს ზემოთ ნახსენები სამკომპონენტიანი ვაქცინა? რამდენად ეფექტურია ის?
  12. გარდა წითელას განვითარების პრევენციისა, რა მნიშვნელობა აქვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას?
  13. რატომ საუბრობდნენ ალისას მშობლები ვაქცინის მნიშვნელობაზე?

 

ქვემოთ მოცემული დიაგრამის მიხედვით უპასუხე კითხვებს:

ა) რას უდრის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1919 წელს?

ბ) რამ გამოიწვია სიკვდილიანობის შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინა ხელმისაწვდომი?

გ) რომელ წელს გახდა ვაქცინა ხელმისაწვდომი?

დ) რა გავლენას ახდენს კვება დაავადების განვითარებაზე?

 

ავალება

  • აღწერე დაავადების საწყისი სიმპტომები და მათი განვითარება;
  • ახსენი როგორ პასუხობს იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს;
  • განმარტე ,,იმუნური ამნეზია“ და იმსჯელე, რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • შეაფასე ვაქვინის მნიშვნელობა დაავადების პრევენციისა და გართულებების კუთხით;
  • დაფიქრდი, რას გვასწავლის ალისას ისტორია საზოგადოებრივი ჯამრთელობის მიმართულებით.

 

დავალების შეფასების რუბრიკა – რუბრიკა ძალიან ზოგადია, კლასის საჭიროებების შესაბამისად შეიძლება მოდიფიცირება.

კრიტერიუმი 4 ქულა (სრულად აკმაყოფილებს) 3 ქულა (უმეტესად აკმაყოფილებს 2 ქულა (ნაწილობრივ აკმაყოფილებს) 1 ქულა (არ აკმაყოფილებს
შინაარსის სიზუსტე და სისრულე პასუხები არის ზუსტი, ამომწურავი და მოიცავს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. მოსწავლეს სრულად აქვს გააზრებული ტექსტის ძირითადი ცნებები (იმუნური ამნეზია, ვაქცინის მნიშვნელობა) პასუხები ძირითადად ზუსტია, მაგრამ შეიძლება აკლდეს დეტალები ან იყოს არასრულყოფილი. მოსწავლეს გააზრებული აქვს ძირითადი ცნებების უმეტესობა პასუხები შეიცავს უზუსტობებს ან არის ზედაპირული. მოსწავლეს უჭირს ძირითადი ცნებების გაგება. პასუხები არაზუსტია ან საერთოდ არ შეესაბამება მოცემულ თემას. მოსწავლეს არ ესმის ძირითადი ცნებები.
ანალიტიკური აზროვნება მოსწავლეს შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სრულად იდენტიფიცირება. მოცემული დიაგრამის ანალიზის საფუძველზე შეუძლია დასკვნების ჩამოყალიბება და კავშირების დანახვა სხვადასხვა მონაცემებს შორის მოსწავლეს შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირება, მაგრამ უჭირს მათი სრულყოფილი დასაბუთება. დიაგრამის ანალიზი ზედაპირულია მოსწავლეს უჭირს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. დიაგრამის ანალიზი მწირია ან შეიცავს შეცდომებს მოსწავლეს არ შეუძლია რაიმე სახის ანალიზის განხორციელება
პასუხების ჩამოყალიბება პასუხები არის მკაფიოდ, ლაკონურად და სწორად ჩამოყალიბებული. წინადადებები აგებულია გამართულად და არ შეიცავს შეცდომებს. პასუხები ძირითადად გასაგებია, თუმცა შეიძლება მოიცავდეს სტილისტურ ხარვეზებს ან უმნიშვნელო შეცდომებს. პასუხები დაწერილია მარტივი ენით, თუმცა ბუნდოვანია. პასუხები გაუგებარია, არალოგიკური და შეცდომებს მოიცავს.
პასუხების რაოდენობა და სიზუსტე ყველა შეკითხვაზე გაცემულია ზუსტი და სრული პასუხი, რომელიც მოითხოვს ტექსტისა და დიაგრამის საფუძვლიან გააზრებას. პასუხები გაცემულია შეკითხვების უმეტესობაზე, მაგრამ შეიძლება აკლდეს სიზუსტე ან სისრულე ერთ ან ორ კითხვაზე პასუხები გაცემულია შეკითხვების ნახევარზე, ან პასუხები არ არის სრული. გაცემულია პასუხები კითხვების მცირე ნაწილზე

 

 

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/06/28/case-study-measles-immunity-and-vaccines/

კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები

0

თანამედროვე მოსწავლეებისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ინტერდისციპლინური მიდგომები, რომლებიც მათ ეხმარება სხვადასხვა საგნის ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებაში. მოცემული რესურსი წარმოადგენს სწორედ ასეთ შესაძლებლობას, ბიოლოგიისა და კრიმინალისტიკის სინთეზის საფუძველზე.

წინამდებარე საგანმანათლებლო მასალა, რომელიც სტატიას „კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები“ ეფუძნება, მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გაუღრმაოს ცოდნა ცოცხალი ორგანიზმების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ. ამავდროულად, იგი აძლევს საშუალებას, ეს ცოდნა რეალურ, პრაქტიკულ კონტექსტში განიხილონ, გაიაზრონ და იმსჯელონ მასთან დაკავშირებულ ეთიკურ და მორალურ საკითხებზე.

რესურსი მოიცავს ტექსტს, ანალიზურ კითხვებს და ინოვაციურ აქტივობებს, როგორიცაა:

  • კრიტიკული აზროვნების სადისკუსიო სესია,
  • შემოქმედებითი პროექტი,
  • დებატები ეთიკურ საკითხებზე,
  • როლური თამაშები.

ეს მეთოდები ხელს უწყობს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის ათვისებას, არამედ მოსწავლეებში კვლევის, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას.

ვიმედოვნებთ, ეს მასალა დაგეხმარებათ, თქვენი გაკვეთილები გახადოთ უფრო საინტერესო და მოსწავლეებისთვის დამაკავშირებელი ხიდი ააგოთ თეორიასა და პრაქტიკას შორის.

კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები

სასამართლო ექსპერტიზის კომპლექსურსა და ძალიან ფაქიზ სამყაროში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ლეშის (გვამის) მაძიებელი ძაღლი, რომელსაც ასევე ,,კადავერის ძაღლს“ უწოდებენ. ,,კადავერ“ – მომდინარეობს ნივთიერება კადავერინის სახელწოდებიდან, თუმცა ქართულ ლიტერატურაში აღნიშნული ტერმინი დამკვიდრებული არ არის. გვამის მაძიებელი ძაღლები დიდ დახმარებას უწევენ კრიმინალისტებს და ადამიანებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს.

 რას ნიშნავს კადავერის ძაღლი? კადავერ ძაღლები, ანუ ადამიანის გვამის აღმომჩენი ძაღლები სპეციალურად გაწვთლინები არიან, მათ უნდა ამოიცნონ ლეშის სუნი. ისინი განსხვავდებიან მაშველი ძაღლებისგან, რომლებიც ტალახში, ან სხვა მასაში ჩაფლულ, ტყეში დაკარგულ ცოცხალ ადამიანებს პოულობენ.

გარდაცვლილი ადამიანის სუნს განაპირობებს ორი ნივთიერება: პუტრესცინი და კადავერინი. ე.წ. კადავერ ძაღლები სწორედ ამ ნივთიერების სუნზე არიან დაგეშილი.

ძაღლების გამძაფრებული ყნოსვა მნიშვნელოვანია წყალში დამხრჩვალი, მიწაში ჩაფლული ან სხვა გარემოში არსებული გვამის საპოვნელად. ისინი ასევე კარგად არჩევენ ადამიანის ლეშის სუნს ცხოველის ლეშის სუნისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კრიმინალისტიკაში.

 მომზადება უნიკალური დავალებისთვის

კადავერ ძაღლების მომზადება მათი შერჩევით იწყება, მას უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ნადირობის ინსტიქტი და ყნოსვის შეგრძნება. გვამის მაძიებელი ძაღლები ძირითადად შეირჩევა გერმანულ ნაგაზს, ლაბრადორ რეტრივერსა და ბელგიურ მალენოიზს შორის. თუმცა შეიძლება ნებისმიერი ჯიშის ძაღლმა შეასრულოს იგივე მოვალეობა, თუ მას აქვს შესაბამისი ტემპერამენტი და ფიზიკური გამძლეობა.

წვრთნის პროცესში ძაღლს აჩვევენ მკვდარი ადამიანის სუნს, ამ მიზნით გამოიყენება ან სინთეზური ლეშის სუნი, ან ადამიანის გვამი, რომელიც მეცნიერული მიზნებისთვის კანონით შეიძლება იქნას გამოყენებული. დავალების წარმატებით შესრულებისას ძაღლს აჯილდოვებენ, რათა მომდევნო საქმე უფრო კარგად შეასრულოს.

 

პრაქტიკაში გამოყენება –  კადავერ ძაღლები ეხმარებიან სამართალდამცავ ორგანოებს, სამძებრო-სამაშველო და კატასტროფებზე მორეაგირე სამსახურებს. მათი შესაძლებლობები საოცარია, მნიშვნელობა კი შეუფასებელი.

  • მკვლელობის აღმოჩენა – სხეული მდებარეობს დაუსახლებელ, მივარდნილ ადგილას;
  • ბუნებრივი კატასტროფების დროს დაღუპულების აღმოჩენა – მიწისძვრის, ცუნამის ან სხვა სტიქიური მოვლენის დროს გვამების მდებარეობის განსაზღვრა;
  • ძველი, გაუხსნელი საქმეებისთვის: ისეთი გვამის აღმოჩენა, რომლის გარდაცვალებიდან მრავალი წელია უკვე გასული, ან ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა.
  • მასობრივი მსხვერპლის პოვნა: გვამების აღმოჩენა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ან ტერაქტის ადგილას.

მაგალითად, 2017 წელს პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქში ოთხი მამაკაცის გაუჩინარების საქმეში უნიშვნელოვანესი როლი კადავერ ძაღლებმა შეასრულეს. ძაღლებმა ჯერ აღმოაჩინეს ფერმაში ჩამარხული 19 წლის ახალგაზრდის გვამი, შემდეგ მიაგნეს დარჩენილი სამი ახალგაზრდის სამარხს, ბოლოს კი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ბიოლოგია კრიმინალისტიკის განვითარებისთვის

კადავერ-ძაღლების მიერ ლეშის აღმოჩენის უნარი ყნოსვის სისტემითაა განპირობებული. ის გაცილებით მგრძნობიარეა ვიდრე ადამიანისა. ძაღლებს ცხვირში 300 მილიონამდე ყნოსვის რეცეპტორი აქვთ, ადამიანს კი ხუთი მილიონი. ამიტომ ისინი ადამიანის ორგანიზმის გახრწნისას გამოყოფილი ნივთიერებების სუნსაც კი აღმოაჩენენ. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ძაღლს შეუძლია მიწის ღრმა ფენებში ჩამარხული, მდინარის ფსკერზე არსებული და უფრო რთულ ადგილებში არსებული ლეში მოიძიონ.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის აქტივობები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, ასევე გაუკეთოს მოდიფიცირება საკუთარი საჭიროების შესაბამისად.

სავარაუდო შეკითხვები

  1. რა განსხვავებაა კადავერ ძაღლსა და მაშველ ძაღლს შორის?
  2. რომელი ქიმიური ნივთიერებები გამოთავისუფლდება ადამიანის სხეულის გახრწნისას?
  3. რა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ძაღლს გვამისა და ცოცხალი ადამიანის გარჩევა შეეძლოს ყნოსვის საშუალებით?
  4. რომელი ჯიშის ძაღლები გამოიყენება გვამის ან ცოცხალი ადამიანის საპოვნელად?
  5. როგორ წვრთნიან ძაღლს?
  6. როგორ იყენებენ კადავერ ძაღლებს ბუნებრივი კატასტროფების დროს?
  7. როდის ითვლება გამოძიება დასრულებულად?
  8. რას ნიშნავს ,,მასობრივი მსხვერპლი“?
  9. სად აღმოაჩინეს 19 წლის ახალგაზრდის გვამი?
  10. ე.წ. კადავერ ძაღლის რომელი ანატომიური სისტემა გამოიყენება მის მიერ გვამის აღმოსაჩენად?
  11. ყნოსვის რამდენი რეცეპტორი აქვს ძაღლს?
  12. ჩამოაყალიბე სტატიის მთავარი აზრი.
  13. შეადარე სურათზე გამოსახული ორგანიზმების ყნოსვის ეპითელიუმი. რა ძირითად განსხვავებას ხედავ მათ შორის?
  14. ძაღლების ამ მიზნით გამოყენებისას რა ეთიკური საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული?

* ეთიკური  ნიშნავს იფიქრო რა სწორია და რა არა.

 

წყარო:https://www.researchgate.net/figure/Schematic-structure-of-the-olfactory-system-in-dogs-and-humans_fig2_354018031

წყარო:  https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2004/7441-the-nobel-prize-in-physiology-or-medicine-2004-2004-6/

 

დისკუსია კრიმინალისტიკაზე

აქტივობა – სთხოვეთ მოსწავლეებს წარმოიდგინონ რომ კრიმინალისტები არიან. დაუსვით კითხვები:

  • რა პრობლემებს ვხვდებით დაკარგული ადამიანის ძებნისას?
  • როგორ დაგეხმარებათ ,,კადავერ ძაღლი“?
  • რა უპირატესობა აქვს მის დახმარებას სხვა მეთოდებთან შედარებით?

შემოქმედებითი პროექტი – ,,ძაღლის ყნოსვის სისტემა:

აქტივობა: დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ შექმნან პრეზენტაცია ან პოსტერი, რომელიც ასახავს ძაღლის ყნოსვივ სისტემის აგებულებას. ყველა ჯგუფმა უნდა ახსნას რატომ არის ძაღლის ყნოსვა ასე გამძაფრებული და როგორ ეხმარება ის სამძებრო სამუშაოებში.

სადისკუსიო კლუბი – ,,ეთიკური საკითხები“

აქტივობა: მოაწყვეთ დებატები, სადაც განიხილავთ ძაღლების სამძებრო სამუშაოებში გამოყენების ეთიკურ მხარე.

  • დაყავით მოსწავლეები ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი იმსჯელებს ძაღლის უფლებებსა და კეთილდღეობაზე, მეორე კი კრიმინალისტიკაში მათი გამოყენების აუცილებლობაზე.
  • დებატების დასრულებისას შეაჯამეთ განხილული საკითხები და გამოიტენეთ საერთო დასკვნა.

აქტივობა – ვიდეოს ჩვენება- მოძებნეთ მოკლე დოკუმენტური ვიდეოები ან ნაწყვეტები ფილმებიდან, სადაც ნაჩვენები იქნება სამძებრო ძაღლების წვრთნის და მუშაობის კადრები. ვიზუალური მასალა დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიაზრომ როგორ გამოიყენება ძაღლები რეალურ სიტუაციაში (ვიდეო).

როლური თამაში – ძებნის ოპერაცია

  • დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ შეიმუშაონ ძებნის ოპერაციის გეგმა;
  • თითოეულმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს როგორ მოამზადოს კადავერ ძაღლი კონკრეტული დავალებისთვის;
  • რა სახის აღჭურვილობა და დასვენების რეჟიმი დასჭირდებათ მათ;
  • როგორ გაუმკლავდნენ ძაღლები რთულ პირობებს, წვიმიან ამინდებსა და გრძელ მანძილზე სირბილს;

შეხვედრა სპეციალისტთან –  თუ შესაძლებელია დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ან სამძებრო-სამაშველო სამსახურს და სთხოვეთ გესტუმროთ ძაღლის მწვრთნელი ან კინოლოგი. ისინი უპასუხებენ მოსწავლეებისთვის საინტერესო შეკითხვებს.

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/02/01/cadaver-dogs-unsung-heroes-in-forensics/

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...