ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
5 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2025

„შემასმენლობითი“ ბრუნვის ისტორიის კიდევ რამდენიმე საკითხი

0

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ გრამატიკოსებთან აქტუალური იყო ბრუნვათა რაოდენობისა და ფორმების გადაწყვეტის საკითხი. შეინიშნებოდა სიჭრელე და მრავალფეროვნება, რაც ქართული პრესის ფურცლებზე კამათის და სჯა-პაექრობის საგანიც კი გამხდარა. ამ პერიოდისთვის საბოლოოდ არ იყო დადგენილი ბრუნვათა რაოდენობა.

1886 წლის „ივერიის“ მე-17 და მე-18 ნომრებში გამოქვეყნებულია ქართველი განმანათლებლის, მიხეილ ნასიძის (1859-1935)  წერილი „ორი საგრამატიკო საგანი“, რომელიც ძირითადად ბრუნვათა რაოდენობის საკითხს ეხება. ავტორი სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილავს ანტონ კათალიკოსის, სოლომონ დოდაშვილის, პლატონ იოსელიანის, დიმიტრი ჩუბინაშვილის გრამატიკებს და, დასასრულ, ჩერდება დიმიტრი ყიფიანის გრამატიკაზე, რომელშიც ბრუნვათა რაოდენობის საკითხი საგრძნობლად გამარტივებული სახითაა მოცემული.

მიხეილ ნასიძის შენიშვნით, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკაში[1] ბრუნვათა რაოდენობა ოთხამდეა დაყვანილი. წარმოდგენილია მხოლოდ სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი და მოთხრობითი ბრუნვები. მოქმედებითი, მიმართულებითი და წოდებითი თანდებულიან ბრუნვებად არის მიჩნეული და ბრუნვათა რიგში არ არის შეტანილი. ბრუნვათა შორის აღარ გვხვდება აგრეთვე ზოგიერთი ფორმა (შემასმენლობითი, დაწყებითი…), რომლებიც ზოგ ქართულ გრამატიკაში ბრუნვებად იყო გაფორმებული.

შემასმენლობითი ბრუნვის უარყოფისას მ. ნასიძე იზიარებს დ. ყიფიანის დასაბუთებას, რომ ეს ბრუნვა სახელობითს ჰგავს და იმავე კითხვაზე უპასუხებს, რომელზედაც სახელობითი; მაგრამ ეს საბუთი მ. ნასიძეს საკმარისად არ მიაჩნია შემასმენლობითის გასაუქმებლად. „იტალიურს ენაშიაც თურმე შემასმენლობითი ბრუნვა ყოველთვის ჰგავს სახელობითს, მაგრამ იმათ არ დაუნახავთ საჭიროდ, იგი გაეუქმებინათ“, – წერს ის. მ. ნასიძის მიხედვით, შემასმენლობითი დიდ სამსახურს ეწევა წინადადებათა სინტაქსურად განხილვის დროს, მაგრამ ჩვენი ენის თვისება ისეთია, რომ შემასმენლობითი აქაც უქმობს. რუსულში ქვემდებარე მარტო სახელობით ბრუნვაშია, ქართულში – სახელობითში, მიცემითსა და მოთხრობითში. მ. ნასიძის თქმით, შემასმენლობითი ბრუნვა აუცილებელია ზოგიერთ ენაში საქვემდებარო ბრუსნვისაგან გასარჩევად.

საკმაოდ ვრცელ წერილში „ახალი გზა-კვალი ქართული გრამმატიკის კვლევა-ძიებისა“ კ. დოდაშვილი შეეცადა, ახლებურად დაესვა ქართულში სახელთა ბრუნებისა და ზმნის უღვლილების საკითხები. ავტორმა წამოაყენა დებულება, რომ ქართულში სახელისა და ზმნის ფორმები ელემენტთა „ასხმა-აკინძვის საფუძველზეა აგებული. „აგგლომერაცია ელემენტებისა“ ანუ, ელემენტების „ასხმა-აკინძვა“, ავტორის აზრით, ქართული ენის უმთავრეს თვისებას შეადგენს.

კ. დოდაშვილი აღნიშნავს, რომ ბრუნვათა საკითხი სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი ქართველი გრამატიკოსების მიერ. იგი ასახელებს რვა ფორმას და გამოყოფს ბრუნვის ნიშნებს:

სახელობითი მამა (ი) კაც-ი ი

ნათესაობითი მამა-სი კაც-სი სი კაც-ის

მიცემითი მამა-სა კაცსა სა

მოთხრობითი მამა-მან კაც-მან მან

მოქმედებითი მამა-თი კაცთი თი კაც-ით

ცვალებადი მამა-(ა)დ კაცად ად

ხმობითი მამა-ო კაციო ო

შემასმენლობითი როგორც სახელობითი.

ამათგან, კ. დოდაშვილის აზრით, ბრუნვაა შვიდი. მაგრამ ავტორი შემასმენლობითს კი არ გამორიცხავს ბრუნვათა წყებიდან, არამედ მოთხრობითს.

მოთხრობითი ბრუნვა წარმოადგენს იმავე საბელობითს, ოღონდ მან ნაცვალსახელის დართვით. ავტორის თქმით, ეს ბრუნვა სინტაქსური საჭიროებითაა შემოღებული ქართულში და შემასმენლობითი ბრუნვით არის შეპირობებული: „ენას თავის განვითარების დროს საჭიროდ უცვნია სახელობით ბრუნვაში არსებითი სახელისათვის მოემატებინა ნაცვალ-სახელი „მან“ იმ შემთხვევაში, როდესაც წინადადებაში ზმნას მოსდევს შემასმენლობითი ბრუნვა… ეს არის სინტაქსური შემოღება და სრულიადაც არ შეადგენს ეს ფორმები ცალკე ბრუნვებსო[2].

კვლავ ბრუნვათა რიგში მოექცა „შემასმენლობითი“ თ. ჟორდანიას გრამატიკაში[3]. შემასმენლობითი გამორიცხულია ბრუნვათა შემადგენლობიდან ყველა ავტორის მიერ, მაგრამ მისი გამორიცხვა ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში სათანადოდ დასაბუთებული არ ყოფილა, არ ყოფილა გათვალისწინებული ქართული ენის თავისებურებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის შემასმენლობითის არსებობას ქართულში.

ნია აბესაძის[4] აზრით, ქართული ენის ბრუნვათა თავისებურებები კვლევის იმდროინდელ დონეზე ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ გამორკვეული: ყურადღებას არ ამახვილებდნენ ქართული ენის აგებულების იმ თავისებურებაზე, რომ მისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ბრუნვა – მოთხრობითი, ბრალდებითის (შემასმენლობითის) არსებობა კი შეუძლებელია.

მოდი, ეს საკითხი აქ უპასუხოდ დავტოვოთ.

[1]იხ. „ახალი ქართული გრამმატიკა“ დიმიტრი ყიფიანისა, 1882, სანკტ-პეტერბურღი. http://openlibrary.ge/bitstream/123456789/6769/1/Akhali%20Gramatika%20Kipiani-1882.pdf

[2] 1. კ. დოდაშვილი, ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევაძიებისა, „მოამბე“. 1894, # 4, გვ. 116.

[3] თ. ჟორდანია, ქართული გრამატიკა, ტფილისი, 1889,

[4]ნ. აბმსაძე, გრამატიკის საკითხები XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში. საქართვილოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომციმლობა“, თბილისი, 1960.

საზაფხულო რჩევები ჩემს მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს

0

ზაფხული დასვენების, ძალების აღდგენის, თავისუფლებით ტკბობის, აღმოჩენების დროა. სიტყვა „დავალება“ ვალდებულებას მოიაზრებს, სწორედ ამიტომ, საზაფხულო რჩევა უფრო შესაბამისი მგონია.  „მე გირჩევთ და თუ თქვენ სურვილი გექნებათ, გაითვალისწინეთ“. – ამგვარი შეთანხმება ბავშვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს.  ჩემს მოსწავლეებზე ფიქრისას, ვცდილობ, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო. სწორედ ამიტომ საზაფხულო რჩევებისთვის ჩემს ბავშვობას მივაკითხე. გავიხსენე, მათ ასაკში რას ვკითხულობდი, როგორ ვატარებდი დროს ზაფხულში. საბედნიეროდ, ყველა დღიური, პირადი წერილი თუ ფოტო შენახული მაქვს, თითქოს თავიდანვე განსაზღვრული იყო ჩემი პროფესია. პირადი მაგალითი კვლავ ყველაზე ძლიერ მოქმედებს ბავშვის მოტივაციაზე, ჩემი დღიურები თვალსაჩინოებად, ერთგვარ სასწავლო რესურსად, გამოვიყენე და წლის ბოლო გაკვეთილისთვის საზაფხულო რჩევები ამგვარი გამოვიდა:

  • სამი წიგნი 12 წლის ლელა მასწავლებლის დღიურიდან;
  • დღიურის წერა;
  • ჰერბარიუმი;
  • კლასის საკითხავი წიგნი.

სკოლაში მივიტანე ჩემი დღიურები. მეექვსე კლასისთვის განვსაზღვრე რვეული, რომელიც 1998 წლის ზაფხულის არდადეგების დასაწყისში დღიურად შემირჩევია. ამ დღიურში მეც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, 12 წლის ვარ. დაფაზე დავწერე მათემატიკური მაგალითი: 2025-1998=  და მოსწავლეებს გამოანგარიშება ვთხოვე. 27 წლის წინანდელი დღიური ხელში რომ მეჭირა, ამ ფაქტმა მაგნიტივით მიიზიდა ბავშვების ყურადღება. ცნობისმოყვარეობის აღძვრის შემდეგი ეტაპი დღიურის ჩანაწერების შინაარსის გაგება აღმოჩნდა. მათი თხოვნით, კითხვა დავიწყე და ვეღარ გავჩერდით. სამი ფურცელი მალე ჩათავდა და სინანული გამოვხატე, ნეტავ, კიდევ მეტი დამეწერა-მეთქი.

პირველი დღიურში 1998 წელია. 28 მაისიდან ვიწყებ წერას და 14 ივნისს ვასრულებ. რადგან სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილი 13 ივნისს დაემთხვა, მოვძებნე ამ დღის ჩანაწერი და აი, 12 წლის გოგოს რა დამიწერია:

13 ივნისი. შაბათი. 1998 წელი. დღეს ეთერი ბიცოლამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ დღეს ლენა ბებოს ორმოცი იყო და შევთანხმდით, სად უნდა შევხვედრილიყავით. მე, მამა და დედა წავედით და თავისუფლების მეტროსთან ამოვედით. იქ სერგო ბიძია თავისი ოჯახით და „მარშუტკით“ დაგვხვდა და წაგვიყვანა ვასო პაპასთან. საღამოს დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ მარნეულში უნდა წავსულიყავით და ჩვენც გავემზადეთ. იმ საღამოსვე გადაწყდა და მაიაც დაგვთანხმდა მარნეულში წამოსვლაზე“.

ბოლო წინადადებაში მაიას ვახსენებ, ჩემი ბავშვობის მეგობარს. მეექვსეკლასელებს ვუთხარი, მაია სწორედ ის გოგოა, სპექტაკლზე დასასწრებად რომ გვესტუმრა თავის 9 წლის მართასთან ერთად-მეთქი.

ამ ფაქტმა დაგვაფიქრა ბავშვობის მეგობრების როლზე ჩვენს ცხოვრებაში და მათ მიერ გამოხატულ თანადგომაზე. ისე ხდება ხოლმე, რომ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები ჩემთან ერთად არიან ჩაბმულნი  მოსწავლეებისთვის გამართულ ღონისძიებებში და ზუსტად ვიცი, რომ მათ კეთილგანწყობასა და თანადგომას ბავშვებიც ამჩნევენ და იმახსოვრებენ.

ჩემი ბავშვობის დღიურის წაკითხვამ დადებითი მუხტით აგვავსო. 27 წლის წინ 12 წლის გოგო ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, სოფლიდან სოფელში – ფასანაურში, მარნეულში, ტიბაანში – დამატარებენ მშობლები, ვეცნობი ახალ ადამიანებს, მყავს უამრავი მეგობარი, ვუყურებ სერიალებს, რომელთაც იმ დროს მთელი საქართველოს მოსახლეობა უყურებდა, მეგობრის მამებს დავყავარ თბილისის ზღვაზე, ვთამაშობ „რეზინობანას“, საპნის ბუშტებს ვუშვებ სახლის აივნიდან და ვკითხულობ წიგნებს. ერთგან ვწერ, დღეს მთელი დღე დენი იყო, რადგან ბავშვთა დაცვის დღეა-მეთქი. ამის გაგონებისას მეექვსეკლასელებს ეღიმებათ.

მახსოვს, ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვდა ჩემგან ყოველი დღის შესახებ წერა და მიჭირდა სიზარმაცის დაძლევა. ახლა მოსწავლეებს ვთხოვ, რომ არ დაიზარონ და ხშირად წერონ, რადგან ამ დღიურებზე ძვირფასი ბავშვობიდან არაფერი მაქვს. ისე გამოვიდა, რომ საკუთარ თავს ვაჩუქე დროში მოგზაურობისთვის ამბები, რომლებიც მხოლოდ დღიურმა გამახსენა. რვეულის ფურცლებზე მამაჩემი და ჩემი ძმა, ბიძაჩემი, ჩემი მეგობრის მამები ცოცხლები არიან. კითხვისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს დროის საზღვარი ირღვევა და ისევ იქ ვარ, მამას ფასანაურში მივყავარ თამაზი ბიძიას მანქანით ან ქიზიყის დასათვალიერებლად სიღნაღის აღმართს ძლივს მიარღვევს ჩვენი მოფახფახებული მანქანა „ლურჯა“. კითხვისას იდეა გვებადება, რომ ექსკურსია მოვაწყოთ და სიღნაღში წავიდეთ.

სამი წიგნი

როგორც აღვნიშნე, დღიურში ხშირად ვწერ, რომ ვკითხულობ. მასწავლებელმა 12 წლის საკუთარ თავს მადლობა გადავუხადე ერთი ჩანაწერის გამო, სადაც დაწვრილებით აღვწერ, რომ „სამი მუშკეტერის“ კითხვა დამიწყია და ერთ დღეში 64 გვერდი წამიკითხავს. 2 ივნისს დამიწერია, „რობინზონ კრუზოს“ კითხვა დავასრულე და თავის პატრონს, ჩემს მეზობელ ციცო დეიდას, ავუტანე-მეთქი. მესამე წიგნად კი ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“ შევარჩიე, რადგან ეს წიგნი 11 წლისამ წავიკითხე და გემის კაპიტნობის დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო. მაშ ასე, ჩემი ბავშვობის წიგნები შევთავაზე მეექვსეკლასელებს საზაფხულო საკითხავად. სამივე წიგნი თან მქონდა მიტანილი. ნეტავ, ვინ წაიკითხავს სამივე რომანს?

  1. „სამი მუშკეტერი“ – ალექსანდრე დიუმა;
  2. „რობინზონ კრუზო“ – დანიელ დეფო;
  3. „კაპიტან გრანტის შვილები“ – ჟიულ ვერნი.

კლასის საკითხავი წიგნი

საზაფხულო საკითხავის შესახებ აზრის გამოთქმა თავად ბავშვებს ვთხოვე, როგორ ფიქრობთ, მე შეგირჩიოთ საკითხავი ლიტერატურა თუ წიგნებს დამოუკიდებლად აღმოაჩენთ-მეთქი. ამ შეკითხვაზე მიპასუხეს, რომ წიგნების ნაწილი მე შემეთავაზებინა მათთვის, ნაწილს კი თავად შეარჩევდნენ. სასწავლო პროცესის დასრულებამდე ოთხი დღით ადრე სპექტაკლისთვის მზადების გამო სკოლა დაბინდებისას დავტოვეთ. სააქტო დარბაზიდან საკლასო ოთახში რეკვიზიტების ასატანად რომ შევედით, კლასის ბიბლიოთეკასთან მივედი და ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ გადმოვიღე. გადავშალეთ წიგნი და სათაურმა შემოგვანათა „ივნისის ერთ დღეს“. ჩვენთანაც ივნისის ერთი დაუვიწყარი დღე იყო. როგორც წესი, სემესტრში კლასისთვის ერთ წიგნს ვარჩევ ხოლმე. ბავშვებთან საუბარმა და წიგნიდან ამოკითხულმა სათაურმა მიბიძგა, რომ ზაფხულშიც ყველას წაგვეკითხა ერთი წიგნი. მელკერსონების ოჯახის მიერ სალტკროკაზე გატარებული ზაფხულის გაცნობა ყველაზე კარგი შეთავაზება მგონია 12 წლის ბავშვებისთვის.

ჰერბარიუმი

ზაფხულში მცენარეების შეგროვება და წიგნებში გახმობა ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას დღიურის წერასა და წიგნის კითხვასთან ერთად უმთავრეს რჩევად იქცა. ჩემი წიგნები სავსეა შვილებისა და მოსწავლეების ნაჩუქარი ყვავილებით, მაგალითად, „დონ-კიხოტე“ მე და ჩემმაა რაჭველმა მოსწავლეებმა რვა წლის წინ რიგრიგობთ წავიკითხე. წიგნი უკან რომ დამიბრუნებს მარიამმა და თამარმა, ფურცლებს შორის სხვადასხვა გამხმარი ყვავილი და ფოთოლი აღმოვაჩინე. ჩემი ბიბლიოთეკის მრავალ წიგნს შორის ახლაც გამოირჩევა ის წიგნები, რომლებშიც ბავშვების მიერ სათუთად ჩაწყობილი მცენარეები ინახება. თითქოს ამგვარად განსაკუთრებულ ძალას იძენს წიგნი და შემდეგ ჩვეულებრივ დღეებში მზის სხივებივით ამოშუქდება ხოლმე.

მერვე და მეათეკლასელებსაც გავაცანი ჩემი ბავშვობის დღიურები. რამდენიმე ჩანაწერიც წავუკითხე. მერვეკლასელებსაც ჩემი ბავშვობის წიგნების წაკითხვა ვურჩიე:

  1. ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“;
  2. ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“;
  3. ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“ ან „დედოფალი მარგო“.

მეათეკლასელებისთვის საზაფხულო საკითხავად ქართული ლიტერატურა შევთავაზე, რადგან აბიტურიენტობის პერიოდში ნაკლები დრო ექნებათ არასაპროგრამო ტექსტების წასაკითხად და ამ ზაფხულს რამდენიმე ქართველი ავტორიც რომ გაიცნონ, მშვენიერი იქნება:

  1. გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“ და „ადამიანთა სევდა“;
  2. ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“;
  3. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“;
  4. ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“;
  5. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები.

ვაპირებ, რომ ბავშვებისთვის შერჩეული წიგნები თავადაც წავიკითხო. დღიურების წერის მნიშვნელობაზე გამუდმებით ვესაუბრები მოზარდებს. სულ ვფიქრობ, ნეტავ, დღიურებში ბევრი დამეწერა.

„ჩვენ ბარგი ჩავალაგეთ მანქანაში და ფასანაურში წავედით. მე იმ პირობით წავედი, რომ დღეს ბალს მიყიდიან, ხოლო ხვალ ნიკოსთან მაჭმევენ… მამამ მართლაც მიყიდა ბალი, თანაც ძალიან გემრიელი. ერთ საათში სახლში ვიყავით. ვჭამეთ საჭმელი და ლოგინები გავშალეთ. ღამე შუქი რომ გვენთო, ჩვენთან გულწითელა შემოფრინდა. მე და მამამ ბევრი ვილაპარაკეთ და დავიძინეთ“. – ასე სრულდება 1999 წლის 5 ივნისის ჩანაწერი. კითხვისას თითქოს ფილმს ვუყურებ, საკუთარ ბავშვობას ვუღიმი და ყველა შეგრძნებას სხეულში ვაცოცხლებ.

ვიცი, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მძაფრ შთაბეჭდილებად აისახება ჩემი დღიურის ჩანაწერები.

ასე რომ, მე და ჩემი მოსწავლეები ვწერთ დღიურს და ვკითხულობთ ჩემი ბავშვობის დღიურებში ნაპოვნ კლასიკურ ლიტერატურას. გამიზიარეთ, თქვენ რას აპირებთ.

საზაფხულო რჩევების შესახებ ჩემი Youtube-არხისთვის ვიდეოს ჩავწერე, რადგან ბოლო გაკვეთილს ყველა ბავშვი არ ესწრებოდა და ამგვარად შევეცადე, თითოეული მოსწავლისთვის მიმეწვდინა ხმა. ამასთანავე, შესაძლოა, საზაფხულო რჩევები ჩემი მოსწავლეების თანატოლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

ვიდეოჩანაწერებს თქვენც გიზიარებთ:

 

https://www.youtube.com/watch?v=gEPlpwG3chI

 

https://www.youtube.com/watch?v=jxP6DPWdgE4

ბიომების შესწავლის ხერხები და რესურსები

0

ბიომების ეფექტიანი სწავლებისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ინტერაქციულ აქტივობებზე, ქეისებზე – რომლებიც უკავშირდება რეალურ ამბებს. ქვემოთ ორი ძირითადი მომენტია წარმოდგენილი:

  1. ზოგადი მიმოხილვა – რა არის ბიომი, რამდენი სახის ბიომი არსებობს, რა ახასიათებს თითოეულს (კლიმატი, გავრცელებული ცხოველები და მცენარეები, ნიადაგის აგებულება);
  2. პრაქტიკული მოდელები, კვლევითი პროექტები, ექსკურსიები – როგორც ცოდნის გაღრმავების საშუალება.

სამუშაო გეგმის უფრო დეტალური აღწერა ასეთია:

  1. კონცეფციის გაცნობა

ა) წინარე ცოდნის გააქტიურება – მასწავლებელი დაადგენს, რა იციან მოსწავლეებმა სხვადასხვა გარემოსა და კლიმატის შესახებ;

ბ) ბიომების განსაზღვრა – მოსწავლეები გაეცნობიან ბიომების განმარტებასა და მახასიათებლებს. ვიზუალური მასალის სახით მნიშვნელოვანია ფოტო- და ვიდეორესურსების გამოყენება.

(პრეზენტაცია მოიცავს შინაარსობრივად მრავალფეროვან მასალას, ჩაშენებულია ცხოველთა ქცევის ამსახველი ვიდეოები, სათბურის ეფექტის მოდელი და საჭირო განმარტებები).

  1. მოსწავლეების ჩართულობით მიმდინარე აქტივობების განხორციელება

ა) ინტერაქციული მოდელები – ინტერაქტივის გამოყენებით დაათვალიერეთ სხვადასხვა კონტინენტის ბიომები – იმუშავე ინტერაქტივში – მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ როგორც საჩვენებელი მასალა, ან მოსწავლეებმა სამუშაო ფურცლები შეავსონ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში და შემდეგ მოხდეს მათი შეფასება.

ბ) გააფერადეთ გეოგრაფიული რუკა ბიომების მიხედვით (გააფერადე ბიომები – რესურსი შეიცავს ჩრდილოეთ ამერიკისა და მსოფლიო რუკებს. მოსწავლემ უნდა გააფერადოს ბიომები შესაბამისი ფერებით და უპასუხოს ჩამოთვლილ შეკითხვებს).

გ) ვენის დიაგრამის გამოყენებით შეადარეთ სასურველი ორი ბიომი – სამუშაო შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად ან წყვილებში;

დ) აღწერეთ ფოტოზე გამოსახული ბიომი.

  1. მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული აქტივობები:

ა) გააცანით კლიმატური დიაგრამები და სთხოვეთ მოსწავლეებს მათი ანალიზი ბიომში ნალექებისა და ტემპერატურის გასაგებად;

ბ) განიხილეთ, როგორ ადაპტირდებიან ცხოველები და მცენარეები სხვადასხვა ბიომში გადარჩენისთვის;

გ) როგორ ურთიერთქმედებენ ცოცხალი და არაცოცხალი ფაქტორები ბიომის შიგნით.

  1. რა შევაფასოთ –
  • საკლასო დისკუსია – დისკუსია ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესებას;
  • პრეზენტაციები – მომზადებული მასალა მოსწავლემ უნდა წარადგინოს კლასთან ან კონფერენციაზე. პრეზენტაციაში სასურველია წარმოდგენილი იყოს საკუთარი კვლევები ან შემოქმედებით პროექტები, მაგალითად რომელიმე ბიომის მოდელი;
  • კონცეპტუალური რუკა – რუკის შექმნა ხელს შეუწყობს ბიომების შესახებ მიღებული ცოდნის გამთლიანებას.

 

წყარო: https://www.biologycorner.com/bio2/notes_4-3.html

Mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლი

0

სპექტაკლი ყველაზე დიდებული რამ არის, რაც შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეებს, საკუთარ თავს, სკოლას, მშობლებს აჩუქოს. ამაში ჩემი პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში მრავალჯერ დავრწმუნდი. სპექტაკლი თავს უყრის უნარებს, ემოციებს, ამთლიანებს ცოდნას და ეს ყოველივე შემდეგ ფეიერვერკივით ამოიფრქვევა მაყურებლის წინაშე. ის, რასაც მთელი გულით ცდილობდი, ჩრდილოეთის ციალივით ჩნდება სკოლის კედლებს შორის და ამ ნათების მშვენიერება მაყურებელსაც გადაეცემა. მეხსიერებას ფორმალური საგაკვეთილო პროცესიდან ალაგ-ალაგ თუ შემორჩება მნიშვნელოვანი მოვლენები, აი, სპექტაკლი კი დროს აჩერებს, ქმნის სივრცეს, რომელსაც ნებისმიერ დროს უბრუნდები.

სცენარი

ამ სტატიაში კი უნიკალურ გამოცდილებაზე გიამბობთ, რომლის შესახებ სათაურიც მიგვანიშნებს. რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, დილა Mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიების კითხვით დაიწყო. ინა იმედაშვილი სტატიაში გვიზიარებდა სცენარს, რომელიც ქართული მითოლოგიის შესახებ დაეწერა. წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად დავდგამდი ინას სცენარის მიხედვით სპექტაკლს. მანამდე კი რთული გზა მქონდა გასავლელი – ერთმანეთის გარეშე გატარებული სამი სემესტრი გვაშორებდა მე და ჩემს მეექვსეკლასელებს, კლასში 28 მოსწავლე, სკოლის ჩქარი რიტმი, რომელიც არაფორმალური გარემოსთვის საჭირო აქტივობებისთვის დროს თითქმის არ გვიტოვებს და ამ ყოველივესთან ერთად ჩემი რთული ოჯახური პირობები – ერთი წლის ბიჭი, რომელიც ძიძას უნდა შეჰგუებოდა.

მიუხედავად ჩამოთვლილი სირთულეებისა, ზურგს ინას სცენარი მიმაგრებდა. სცენარის დაწერას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება, ფაქტობრივად, კვლევაა, რომელიც რამდენიმე გვერდზე დაწურული სახით არის გადმოცემული. ვიცი, რომ ჩემი კოლეგა, ინა იმედაშვილი, ქართულ ხალხურ ზეპირმეტყველებას ძალიან კარგად იცნობს, რაც მის სცენარსაც ეტყობა. ამასთანავე, კლასს, რომელთანაც სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტე, პირველი კლასიდან ვასწავლი და ხშირად ვუკითხავდი ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და ქართულ მითოლოგიას, სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცოდი, რომ წინარე ცოდნის გააქტიურებას სცენარი ხელს შეუწყობდა და ახალ ცოდნასაც დავაგროვებდით.

როლების განაწილება

ისე დაემთხვა, რომ სკოლაში დაბრუნებისას მეექვსეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო თითქმის დასრულებული ჰქონდათ. რადგან გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს სკოლაში დარჩენა სხვადასხვა მიზეზით (წრეები, შიმშილი, დაღლილობა) უჭირთ, გადავწყვიტე, სპექტაკლის მომზადებისთვის საგაკვეთილო პროცესი დამეთმო. სამი კვირა დაგვჭირდა სპექტაკლის დასადგმელად.

როლების განაწილება შემთხვევითობის პრინციპით გადავწყვიტე. ფურცელზე ჩამოვწერე ბავშვების სახელები და მითური პერსონაჟები სცენარიდან. ვფიქრობდი, რომ ამგვარად თავიდან ავირიდებდი რომელიმე მოსწავლის გამორჩევას და სამართლიან გარემოს შევქმნიდით, თუმცა, პირველივე როლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

სპექტაკლის დადგმისას უზარმაზარი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო და მასწავლებლისგან მოითხოვს მყისიერ ჩართულობას, სიფხიზლეს, პრობლემების გადაჭრას, ნდობის გამოვლენას. როგორც დაიწყებ, ისე დაასრულებ – ამაში მტკიცედ დავრწმუნდი. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბავშვებს ვუთხარი, რომ თუკი როლი არ მოეწონებოდათ, შეცვლას, ახალი როლის მოფიქრებას აუცილებლად შევძლებდი. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა რაოდენობის გამო როლები არ აღმოჩნდა საკმარისი. ინას მივწერე და მანაც გამომიგზავნა რამდენიმე მოსწავლისთვის განკუთვნილი როლი, მეც მომიწია 4 როლის მოფიქრება და შესაბამისი სიტყვის დაწერა.

რაც შეეხება პირველ როლს, ეს იყო ღვთისშვილი კოპალა, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ. მითური გმირების შესახებ ქართველ ხალხს ჯადოსნური ზღაპრებიც შეუქმნია. ერთ-ერთი ასეთი ზღაპარია კოპალას შესახებ, რომელიც მესამე კლასში ხმამაღლა წავუკითხე ბავშვებს და მას შემდეგ ძალიან უყვართ. კოპალას როლის მსურველი რამდენიმე ბიჭი აღმოჩნდა, როლი კი მხოლოდ ერთ მათგანს ერგო. ერთ-ერთმა ბიჭმა ძალიან განიცადა, იმ გაკვეთილზევე მასთან მივიდა კლასელი, რომელსაც კოპალას როლი ხვდა წილად და უთხრა, რომ როლს დაუთმობდა. ასე ემოციურად, ცრემლებით, მოულოდნელად და მტკივნეულად დაიწყო სპექტაკლზე მუშაობა. წამოჭრილი პრობლემა თავად ბავშვებმა მოაგვარეს.

ერთი კვირის შემდეგ კითხვა დავსვი, რომელიმე ხომ არ გრძნობდა თავს ცუდად თავის როლში და შეცვლა ხომ არ სურდა. მხოლოდ ერთმა ბავშვმა გამოთქვა როლის შეცვლის სურვილი და იმ დღესვე მოვუძებნე სხვა როლი.

ბოლო კვირას კი ოთხი მოსწავლე გამოგვაკლდა, წინა დღეს – სამი. ესეც თავიდანვე უნდა დავუშვათ და თუკი ამგვარი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, სათადარიგო გეგმა მზად უნდა გვქონდეს. მოსწავლეები თავიდანვე გავაფრთხილე, რომ რეპეტიციების დროს ერთმანეთისთვის ყურადღებით მოესმინათ, რომ თუკი რომელიმე ვერ შეძლებდა სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, სცენარის ცოდნა სხვებს დაეხმარებოდათ და სხვის როლსაც ადვილად გაართმევდნენ თავს. თვითონ სცენარიც იძლეოდა როლების დამატების, გადათამაშების, შეცვლის საშუალებას. ამას მარტივად მოვაგვარებთ, თუმცა, ახლაც, ამ სტატიის წერისას, ჩრდილი ადგება ჩემს გულს იმ ბავშვების გამო, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს კლასთან ერთად ყოფნა.

რეპეტიციები

როლების განაწილების შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე კუთვნილი სიტყვები და ერთი გაკვეთილი დავუთმე ქართული მითოლოგიის შესახებ არსებული ცოდნის გახსენებასა და ახალი ინფორმაციის მიწოდებას. შემდეგ გაკვეთილებზე კი საკლასო ოთახის უკან გადავინაცვლეთ, სკამები რკალად დავაწყვეთ და დაიწყო რეპეტიციების დაუვიწყარი პროცესი. როგორც ზემოთ ვახსენე, შვიდი მოსწავლე გამოგვაკლდა და ამას ძალიან განვიცდი, თუმცა, გულს იმით ვიმშვიდებ, რომ თითოეულმა მონაწილეობა მიიღო რეპეტიციებში და ვფიქრობ, ყოველი გაკვეთილი თუ რეპეტიციისთვის დათქმული შეხვედრა, არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე თავად სპექტაკლის წარმოდგენის დღე.

მასწავლებლის ფსიქო-ემოციური ფონი

სპექტაკლი უზარმაზარი გამოცდაა მასწავლებლის მენტალური მდგომარეობისთვის. ჩემი პრაქტიკული საქმიანობისას დიდ მიღწევად მიმაჩნია ემოციების მართვა, დადებითი განწყობის შენარჩუნება და სკოლაში დაბრუნების ორი თვეც ასევე მშვიდად ჩაივლიდა, რომ არა სპექტაკლი. სამწუხაროდ, კიდევ ერთ ჩრდილი, რომელიც სპექტაკლის გახსენებისას გულში ჩამოწვება ხოლმე, მოსწავლეებთან გამოვლენილი თავშეუკავებლობაა. ხშირად ვსაუბრობ მასწავლებლობის სირთულეებზე. ჩვენ უკან დგას ოჯახი და უამრავი პასუხისმგებლობა. სკოლაში, ერთ სივრცეში, თავმოყრილ ადამიანებს – მოზარდებსა თუ ზრდასრულებს – მუდმივად გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ერთმანეთთან მოსვლამდე ყველას ჩვენი წილი განწყობა, დარდი, სიხარული თუ პრობლემა მოგვაქვს. ასე იყო ერთ დილასაც, როდესაც ჩემი ერთი წლის ბიჭი გამომეტირა და საკლასო ოთახში შესვლისას ჯერ კიდევ მეტყობოდა პერანგზე დაცემული მისი ბუთქუნა ცრემლები. ამას დამატებული სხვა გაკვეთილების ჩატარება, დაღლილობა, ზოგჯერ არასაკმარისი ძილი და მოსწავლეებთან ხმამაღლა ავყვირდი. ვერ ვიტან, საკუთარ თავს რომ ვკარგავ. ხმის აწევის გარეშე კი ქაოსად ქცეული პროცესი კალაპოტს ვერ დავუბრუნე. მოსწავლეებს ბოდიში მოვუხადე და ვესაუბრე, რატომ გამიჭირდა ემოციების მართვა, ბრაზის ვერშეკავება. მთელი სამი კვირის განმავლობაში არასდროს გავღიზიანებულვარ რომელიმე მოსწავლის შეუსაბამო ქცევის გამო და არასდროს მიემართებოდა ერთ მოსწავლეს ჩემი ბრაზი.

სპექტაკლის დადგმიდან მესამე დღეს გაკვეთილზე ბავშვებს გამოხმაურების ბარათები დავაწერინე. ბოლო პუნქტი ამგვარი იყო: რას ეტყოდი ლელა მასწავლებელს?

„იმას, რომ კიდევ დაგვადგმევინოს სპექტაკლი და ყვირილი არაფერია. ყველას აქვს ემოციები და ნებისმიერ დროს შეიძლება, გაბრაზდეს ადამიანი“, – მწერდა 12 წლის ანასტასია და გული გამითბა, ასე რომ მამშვიდებდა.

მუსიკა

სცენარის დაწერისა და როლების განაწილების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი მუსიკის შერჩევაა. Souncloud-ზე, სადაც სხვადასხვა ჟანრისა და ქვეყნის მუსიკაა თავმოყრილი, ცალკე მაქვს სიმღერათა ნუსხები, რომლებსაც სპექტაკლების სახელები ჰქვიათ. შეიძლება ითქვას, მუსიკის მოსმენისას პარალელურად ჩემი გონება ახარისხებს საჭირო მოტივებს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც მუსიკას მოუტანია სპექტაკლის დადგმის განწყობა. ამჯერად შევარჩიე გოგი ძოძუაშვილის, ჯანსუღ კახიძის, ნიაზ დიასამიძის, ქართული ჯგუფის „Ambavi” მუსიკა და რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებიც.

გოგი ძოძუაშვილის კომპოზიცია სახელად „ქართული“ პირველი ღვთისშვილის, ბერი ბუქნაი ბაადურის, გამოჩენისას გაისმა დარბაზში და ვფიქრობ, წარსულიდან გამოხმობილ ღმერთქალებსა და ღვთისშვილებს ზუსტად მოერგო:

https://www.youtube.com/watch?v=eoR25riPhcM

რეკვიზიტები

სცენარში ასახულია, როგორ მოდიან დროის პორტალიდან ქალღმერთები და ღვთისშვილები თანამედროვე ოჯახში, სადაც კერასთან სხედან პაპა, ბებო და მათი ორი შვილიშვილი – ხვთისო და მზექალა. ბავშვებს წარსულიდან გადმოსული გმირები უტოვებენ ჯადოსნურ თილისმებს, რომელთა გამოყენება ბოროტების დასამარცხებლად შეუძლიათ.

ბავშვებმა როლები რომ მოირგეს და კუთვნილი სიტყვა ისწავლეს, მალევე დავიწყეთ რეკვიზიტებისთვის მზადება. დაფაზე ჩამოვწერეთ საჭირო ნუსხა: ნატვრისთვალი, ირმის, მგლისა და ცხენის ფორმა, სარკე, ბროლის ქვა, ვარსკვლავი, ლახტი, დოქი, სანთელი, შემდეგ ჯგუფებად დაყოფილმა კლასმა დაიწყო ხატვა, გამოჭრა. დაგვჭირდა: საღებავები, „პენოპლასტი“, სქელი ფერადი ქაღალდები, ფუნჯები, ნაჭრები.

რაც შეეხება მონაწილეთა ფორმებს, ასეთი რამ მოვიფიქრე: თითოეული პერსონაჟისთვის ვიყიდე ატლასისა და ტიულის სხვადასხვა ფერის ნაჭერი, სქელი თოკი წელზე შემოსარტყმელად და თავსამკაულად. თავის გამოსაყოფი ადგილი იქვე ამოვჭერი, წელზე თოკი შემოვავლე და ბავშვები წარსულიდან გადმოსულ მითურ გმირებს დაემსგავსნენ. მხოლოდ ერთი ჩოხა მოვიძიეთ კოპალასთვის და ოჩოპინტრესთვის. დევებს კი სხვებისგან განსხვავებით, მწერების დამჭერი ბადე შემოვახვიე. მათ ნამდვილი დევებივით უჭირდათ მოძრაობა.

პორტალზე ფიქრმა გადაგვიყოლა. თავიდან მუყაოსგან დამზადებას ვაპირებდით, მაგრამ სცენაზე დამაგრება გაგვიჭირდებოდა. ბოლოს სკოლაში ვიპოვე ფეხბურთის მოძველებული კარი, ამოვიტანე სცენაზე და დაბადების დღის ფერადი „ფარდები“ დავამაგრე. სკოლაში წავიღე ჩემი დიდი ბებიის, კატოს, მოქსოვილი ფარდაგი და სკამებს გადავაფარეთ.

ნაჭრის პოსტერები

ჩვენ სცენას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოხატულმა ნაჭრის პოსტერებმა. კლასისთვის შეძენილი ფარდებიდან მორჩენილ ყვითელ ნაჭერზე მინდია დავხატე და გავაფერადე, „ბიაზის” ნაჭერზე მერვეკლასელმა გოგოებმა – მარიმ და ნინიმ – გამომცემლობა „არტანუჯის“ წიგნის, „ქართული მითური გმირების“ ყდა გადახატეს, არშიები კი გააფორმეს თენგიზ მირზაშვილის მინიმალისტური ორნამენტებით, რომლებიც ქართული ხალხური ზღაპრების წიგნიდან გადმოვიტანეთ.

აქვე უნდა აღვნიშნო უფროსკლასელების ჩართულობისა და მხარდაჭერის როლი. რამდენიმე დღე ჩვენთან ერთად იყვნენ მერვეკლასელი მარიამი და ნინი. ჩვენი რეპეტიციების ფონზე სააქტო დარბაზის უკანა ნაწილში ძირს გაშალეს ნაჭერი და უდიდესი გულისხმიერებით დაიწყეს ხატვა. მათ ფუსფუსს მეექვსეკლასელები უყურებდნენ, პირადი მაგალითის ძალის შედეგად, რამდენიმე დღეში უმცროსკლასელებმა გააგრძელეს ნინისა და მარის დაწყებული საქმე და დამოუკიდებლად გააფერადეს.

მუსიკის შერჩევის, გადმოწერის და საჭირო დროს ჩართვა-გამორთვა კი მეათეკლასელმა თეკლამ ითავა, კიდევ ერთმა მეათეკლასელმა ნინიმ კი გვაჩუქა რეპეტიციებისა თუ სპექტაკლის ამსახველი ულამაზესი ფოტო-ვიდეომასალა.

მშობელთა ჩართულობა

სცენის გაფორმებისას აქტიურად ჩაერთო რამდენიმე მშობელი. ლიზის დედამ, თამარმა, თავად შეიძინა განათება სცენისთვის, დაამზადა ძალიან ბევრი ქაღალდის ვარსკვლავი და მზე – ყოველივე ეს მეუღლესთან ერთად სპექტაკლის წინასაღამოს ჭერზე ჩამოკიდა; ანასტასიას დედამ, თეონამ, გოგონებისთვის ყვავილების თაიგულების შეძენის იდეა მოგვაწოდა, გადაიღო სპექტაკლი და სრული ჩანაწერი გვისახსოვრა; საბას დედამ, მარიმ, თავის დეიდასთან ერთად ფარდები ჩამოგვიკიდა; თამარის დედა, შორენა და დათოს დედა, ლამზირა, სპექტაკლის დაწყებამდე მეხმარებოდნენ; კიდევ ერთი საბას დედამ, ნუცამ, კი ხმის გამაძლიერებელი მოგვიტანა; ცოტნეს დედამ ოჩოპინტრეს ფორმით გაალამაზა სასცენო ჩაცმულობა; რეპეტიციების დროს ანის, სალომეს და ნუცას დედები ტკბილეულით გვანებივრებდნენ… ამ ჩამონათვალში აუცილებლად გამომრჩებოდა ვინმე და იქნება ისეთი მშობელიც, რომლის ფუსფუსი, ჩართულობა ვერ შევნიშნე, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ იმ მშობლების გულისხმიერება, რომლებმაც დრო გამოძებნეს და დაგვეხმარნენ.

მსგავსი ღონისძიებების გამართვისას საკუთარ თავს დავუწესე, რომ გულშიც კი არ გავივლო საყვედური იმ მშობლებისადმი, რომლებმაც დრო ვერ გამოძებნეს ან, შესაძლოა, ვერც გაბედეს აქტიურობა. მრავალი მიზეზი არსებობს. მე კი არასდროს დამავიწყდება მშობლების ცრემლიანი თვალები და გაცისკროვნებული სახეები, სპექტაკლის მიმდინარეობისას ბავშვების ზურგს უკან მდგომი რომ ვხედავდი. არც ტყუპების, დათოსა და თაკოს დედა დამავიწყდება, სპექტაკლის დასრულებისას რომ შემოგვესწრო, რადგან სამსახურის გამო მოსვლა დააგვიანდა. მგონია, რომ შემდეგი სპექტაკლის დადგმისას კიდევ უფრო მეტი მშობელი ჩაერთვება და ბავშვებისთვის დღესასწაულის მოწყობის პროცესში ერთმანეთს შეენაცვლებიან.

ერთი კვირა გავიდა სპექტაკლის დადგმიდან და ახლა ეპიზოდურად მახსენდება, სცენასთან მიდგმული ყვავილებიანი კალათები, მაშხალებიანი ტორტი, სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვების დასაპურებლად მოტანილი ცხელ-ცხელი ლობიანები და ხაჭაპურები, რომელთა შესაძენად მონაწილეობა მიუღიათ იმ ბავშვების მშობლებსაც, რომლებიც სპექტაკლს გამოაკლდნენ. თითოეულ მშობელს, ვისი შრომაც დამეხმარა, ვისი თანადგომაც ვერ შევნიშნე, მაგრამ ჩვენს სპექტაკლზე აისახა და ვისაც სურდა, მაგრამ ჩართულობა ვერ შეძლო, ვუგზავნი უთვალავ მადლობას. სპექტაკლის მზადების პროცესში გამუდმებით მშობლებზე ვფიქრობდი. ეს დღე ბავშვებთან ერთად მათ ეძღვნებოდათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მამების ჩართულობა – ლიზის და გაბრიელის მამებმა სააქტო დარბაზი სპექტაკლის წინადღეს ღამის 23:00 საათზე დატოვეს და მეორე დილას დაგვახვედრეს ულამაზესად გაფორმებული სცენა.

როგორ ავიყოლიოთ ბავშვები?

მუსიკა, რეკვიზიტები, ფორმები, მშობლების თანადგომა აზრს დაკარგავდა, ბავშვების აყოლიება რომ ვერ მომეხერხებინა. ეს მათი პირველი სპექტაკლი იყო სააქტო დარბაზში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე.

ბავშვები დავარწმუნე, რომ სიამოვნება მიეღოთ პროცესისგან და არ ეფიქრათ მოსალოდნელ შეფასებაზე. თუკი თავად გაიხარებდნენ თამაშისას, ამას სხვაც იგრძნობდა. სამი კვირის განმავლობაში თითოეულს ინდივიდუალურად მივეცი უამრავი რჩევა, შევაქე, წინ გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი არ გამომპარვია, მივეცი თავისუფლება, არ ვთრგუნავდი შენიშვნებით; ვთხოვდი, რომ თუ შეძლებდა უფრო ხმამაღლა ეთქვა თავისი სიტყვა, დაეცვა პაუზები და არ ეჩქარა, ხოლო თუ ვერ შეძლებდა ხმის აწევას, ისე ეთქვა, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. გამუდმებით ვახსენებდი, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მათთან ერთად ვცეკვავდი, ვიცინოდი, გულდასმით ვუსმენდი. ამგვარმა მიდგომამ უზარმაზარი შედეგი გამოიღო – სპექტაკლის დღეს ბრწყინვალედ გაართვეს თავი ყველაფერს.

არასდროს დამავიწყდება, რეპეტიციების დროს სიტყვის წარმოთქმისას გაფაციცებული მზერით რომ ეძებდნენ ჩემს სახეზე კმაყოფილებას. ამან მასწავლებლის სახის გამომეტყველების, როგორც განმავითარებელი შეფასების, როლზე დამაფიქრა.

მნიშვნელოვანია კლასის საერთო განწყობაზე მიზანმიმართული მუშაობა, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება: რომ ერთმანეთს უგულშემატკივრონ, თანაუგრძნონ, მოუსმინონ, დაეხმარონ; რომ განასხვაონ დაცინვა და სიცილი ერთმანეთისგან და სიფრთხილით გამოხატონ ემოციები; რომ თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები გამორჩეულია და სპექტაკლი არ არის უპირატესობის მტკიცების საშუალება; რომ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით და ძალისხმევას უფრო უკეთესი მიზნებისკენ მივმართავთ.

ყველა ბავშვის აყოლიება შევძელი. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ თქვა უარი მონაწილეობაზე წინა დღეს, პირადმა საუბარმაც არ გაჭრა, დროც აღარ იყო მეტი ქმედებისთვის. ამ ბავშვზე ფიქრი კიდევ ერთი ჩრდილია, რომელიც ჩემს გულს მიადგა და ყველაზე ბევრს სწორედ მასზე ვდარდობ.

სპექტაკლის დღე

როგორც იქნა გათენდა 11 ივნისი, ჩვენი სპექტაკლის დღე. იმდენად ვნერვიულობდი, სკოლამდე გზა ძლივს გავიარე. სააქტო დარბაზში ბავშვების დანახვამ დაღლილობა და ნერვიულობა დამავიწყა. დავიწყეთ რეპეტიცია და შეიძლება ითქვას, ბევრი დეტალი იქვე დავაზუსტეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვები თავს შესანიშნავად გაართმევდნენ. მართალია, მეც მათთან ერთად ვიდგებოდი სცენის უკან, მაგრამ ვთხოვე, რომ ტექსტის დავიწყებისას მე არ დამყრდნობოდნენ, უმჯობესი იქნებოდა, თავად შეეცვალათ წინადადება, გამოეტოვებინათ ან ერთმანეთისთვის შეეხსენებინათ. მართლაც ასე მოხდა.

სპექტაკლის დაწყებამდე შევიკრიბეთ გამოსაცვლელ ოთახში, ხელები ერთმანეთს დავადეთ და ხმამაღალი შეძახილით განწყობა შევიქმენით. ხმის გამაძლიერებლის გამო დათქმულ დროს გადავაცილეთ, დარბაზში ცხელოდა, ვიფიქრე, ეზოში ჩავიყვან ბავშვებს, სუფთა ჰაერზე გამოცოცხლდებიან-მეთქი. დავიძარი ღვთისშვილებისა და ქალღმერთების ფორმებში გამოწყობილ ბავშვებთან ერთად გასასვლელისკენ, დარბაზი თითქმის შევსებული იყო და ვიღაცამ გვკითხა, სად მიდიხართო.

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციებისთვის რამდენიმე საათი გვჭირდებოდა, ზუსტად ვიცოდი, სპექტაკლი აუდიტორიის წინაშე მალე ჩაივლიდა. ყველა მომენტი მიყვარს. ბავშვები კულისებში ღელავდნენ. ერთმანეთს ამხნევებდნენ. ჩვენთან ერთად იყვნენ მერვეკლასელი მარი და ნინი და ბავშვებს ეხმარებოდნენ ფორმების მორგებასა და გამოცვლაში. სცენის უკან დაკიდებული ფარდის მიღმა დარბოდნენ აღელვებული ბავშვები, ზუსტად იცოდნენ, ვინ როდის გამოდიოდა და ისმოდა, როგორ უხმობდნენ ერთმანეთს: „ანგელოზების დროა! აბა, ქაჯები მოემზადეთ! დევებო, მზად ხართ?“. თითოეული მონაწილე ჩვენი უცნაური პორტალიდან გადიოდა სცენაზე. ვამშვიდებდი, ფორმას ვუსწორებდი და ისე ვუშვებდი, ზოგჯერ დარბაზს მოვავლებდი თვალს და მშობლების განათებული სახეების დანახვისას ვხარობდი.

სპექტაკლი სულ 37 წუთს გაგრძელდა, ბოლოს ვდარდობდი, რომ მალე დამთავრებოდა. დევის როლში ჩემი შვილი იყო. ვიფიქრე, მეც ჩავალ დარბაზში და სხვა მშობლების მსგავსად რამდენიმე წუთი ვუყურებ-მეთქი. ჩამოვედი და დავჯექი. გამოვიდა ერთი დევი, შემდეგ – მეორე და მესამემ ფეხბურთის კარს, ე.წ. პორტალს, გამოკრა ფეხი. ხმაურით წამოვიდა იატაკისკენ ფეხბურთის კარი. კიდევ კარგი, ბავშვს ასცდა. ისევ ავბრუნდი სცენაზე და ჩემს თავს შევახსენე, რომ მასწავლებელს მშობლის როლის შინ დატოვება გვიწევს. ისე მოხდა, რომ სცენარის მიხედვით პირველი დევი ამბობდა, ადამიანებო, ხომ არ შეგაშინეთო. პორტალის „გადმონგრევაც“ თითქოს სცენარის მიხედვით იყო გათვალისწინებული.

სტუმრები

მშობლების, კოლეგების, ოჯახის წევრების გარდა, სპექტაკლზე დასასწრებად საგანგებოდ გვესტუმრნენ ჩემი რაჭველი მოსწავლეები – თამუნა და მარი, რომელთა შესახებ ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები. ეზოში ჩასვლისას გოგოებიც თან გამოგვყვნენ და ჩემი თხოვნით, ბავშვები გაამხნევეს: პროცესით მიიღეთ სიამოვნება და იცოდეთ, რომ ეს დღე არასდროს დაგავიწყდებათო, თქვეს მარიმ და თამუნამ.

დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის დეკანი, ბატონი ალუდა გოგლიჩიძე, გვესტუმრა, რამაც ძალიან გამახარა. ბატონი ალუდა ჩემი ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტში და მისი ზრუნვა სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალი მასწავლებლები არიან, მის ირგვლივ მყოფთათვისაც გადამდებია.

სკოლიდან, რომელიც მე დავამთავრე, გვესტუმრნენ რუსუდან ტატიშვილი და შორენა მელაძე – დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. მათი საქმიანობა, პროფესიისადმი დამოკიდებულება და თანადგომა ჩემთვის დიდი სტიმულია.

გიორგი კივილაძე „მთიელი წიგნების“ გუნდის წევრია. რამდენიმე წელია, სოფელ-სოფელ მეგობრებთან ერთად დადის და ამასობაში თითქმის მთელი საქართველო მოიარა, ოცი ათასი წიგნი დაარიგა ჩვენი ქვეყნის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებთან. ბავშვებისა და წიგნების გულშემატკივარი გიორგის სტუმრობა ბავშვებს ძალიან გაუხარდათ. ბოლოს დარბაზი ყველამ რომ დატოვა, ჩვენ რეკვიზიტებს ვაგროვებდით, გიორგიმ დაიარა და სათითაოდ გაასწორა დარბაზში ყველა სკამი.

დარბაზში იყვნენ ჩემი მოსწავლეები, მათი მშობლები და იქ იყო საბინა, 9 წლის აზერბაიჯანელი გოგო, ჩემი პატარა მეგობარი, რომელიც საგანგებოდ მოვიწვიე და ისიც სიხარულით მოქროლდა.

კიდევ ერთ განსაკუთრებულ სიხარულად მექცა ჩემი ბავშვობის მეგობრის, მაიკოსა და ჩემი ნათლულის, მართას, სტუმრობა.

ზუსტად ვიცი, თითოეული სტუმარი ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. ძალიან დასაფასებელია, როდესაც დროს გითმობენ და შენს სიხარულს იზიარებენ.

სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ჩამოვწერე სპექტაკლის დადებითი მახასიათებლები:

  • თანამშრომლობითი უნარების განვითარება – კლასის გუნდად ყალიბდება;
  • შემოქმედებითობა – იდეები შენ თვალწინ იბადება, თითქოს ხელს ჰკიდებ და ამიწებ, თვალსაჩინოს ხდი და ამას ეჩვევიან ბავშვებიც, რომლებიც მარტივად ისრუტავენ ყველაფერს;
  • პრობლემების გადაჭრის გზების მყისიერი პოვნა და ერთმანეთის დაყენება ამ გზებზე;
  • ცოდნის შეძენა – სცენარი სიახლეებს სთავაზობს გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც შემდეგ აუდიტორიას გადასცემს ცოდნას;
  • ეფექტური მოსმენა – უსმენ სხვებს, ამის გარეშე შენ როლს ვერ მოირგებ, ვერ ითამაშებ;
  • კინესთეტური შესაძლებლობების გამოვლენა – მოძრაობა და ქორეოგრაფიული სცენები სხეულს აფხიზლებს, ენდორფინები ჭარბად გამოიყოფა;
  • იმპროვიზაცია – ცვლილებებისთვის მუდმივად მზადყოფნა და ხშირად გუნდის თითოეული წევრი თავად მთავაზობდა უკეთეს იდეას;
  • საკუთარი თავის რწმენა გიღვივდება;
  • სხვის ნდობას სწავლობ;
  • ლიტერატურა, მუსიკა, ცეკვა, ხატვა გემოვნებას ხვეწს და ბავშვებს კულტურას აზიარებს;
  • ფანტაზია ვითარდება;
  • ფორმების შექმნა სივრცულ აზროვნებას აფართოებს, კეთების, შექმნის პროცესი დადებითი ენერგეტიკით მუხტავს გარემოს;
  • მეტყველება უმჯობესდება – ხვდებიან ინტონაციის, პაუზის როლს;
  • სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში სიხარული შეგაქვს;
  • დაფარული შესაძლებლობების გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ – ამას თავად ბავშვებიც ხვდებიან და აღნიშნავენ;
  • ერთმანეთის აღიარებას ეჩვევიან;
  • თითოეული მოსწავლის როლის გააქტიურება – სასკოლო საზოგადოებას ბავშვებს აჩვენებ სხვა პერსპექტივით;
  • მშობლებისთვის სკოლის როლისა და სასკოლო ღონისძიების მნიშვნელოვნების წარმოჩენა;
  • მყისიერი გადაწყვეტილებების ქარბორბალაში ტრიალი – ეს კი სწორედ ის არის, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, ვგულისხმობ, სწავლის უმთავრეს მიზანს – ბავშვის ცხოვრებისთვის მომზადებას;
  • სიხარულის ჩუქება ერთმანეთისთვის;
  • ღირებულებითი სწავლება – ჩვენი სპექტაკლის სცენარის მთავარი გზავნილი წარსულის ცოდნასთან ერთად ის იყო, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ამის ჩვენს წინაპრებს სწამდათ.

სპექტაკლის ბოლოს ქაჯები თავს დაესხმიან ღვთისშვილებს. პაპა და ბებო ბავშვებს სთხოვენ იდეის მოფიქრებას. ხვთისო და მზექალა ამბობენ, ქალღმერთებისა და ღვთისშვილების მიერ ნაჩუქარი ჯადოსნური ნივთები გამოვიყენოთო. ბოლოს ბერი ბუქნაი ბაადურის მიერ ნაჩუქარ ნატვრისთვალს ჰაერში აისვრიან და იტყვიან – ნატვრისთვალო, ნატვრით გინატრებ და ნატვრა შეგვისრულე, ადამიანების გულები სიკეთით აავსეო. ჩვენს ქვეყანას და შემდეგ მთელ დედამიწას, როგორც ეს ნიაზ დიასამიძის სიმღერაშია, ვუსურვებ სიკეთით ავსებას.

გამოხმაურების ბარათები

ამ ვრცელი სტატიის ბოლოს კი გთავაზობთ ამონარიდებს გამოხმაურების ბარათებიდან, რომლებიც სპექტაკლიდან მესამე დღეს შეავსეს.

  • მომიყევი ისეთი რამ, რაც მე ვერ ევნიშნე და გსურს, რომ ვიცოდე:

„მე ჩემი სიტყვის დროს უნდა მეთქვა: „თუ მონადირეები პატივს მცემენ, ფრთებიც მაქვს“ და ფრთების მაგივრად რქები ვთქვი“. – ანასტასია

„მე და დაჩი როდესაც „ვჩხუბობდით“, ხელებს რომ ვიქნევდით ცეკვის დროს, ხელების ქნევა ერთად დავიწყეთ და ორივემ ხელი სახეში გავირტყით“. – თედო

„დევის როლიდან პაპაზე რომ გადავდიოდი, წინდები არასწორად ჩავიცვი და ფეხსაცმელებიც“. – გაბრიელი

„ქაჯები რომ ვითომ მოვკვდით და რომ დავწექით, ნუცა დარჩა და ვეძახოდით ყველა, მოკვდითო“. – სალომე

„როდესაც ჩემი გამოსვლა იყო, ლამის მთლიანი სცენარი ვთქვი და არა – შემოკლებული“. საბა

„ანდრიამ ჩუმად რომ ხმალი აიღო წრეზე ტრიალის დროს“. – ცოტნე

„საბამ ჩემი ხმალი ჩუმად კულისებში შემომაწოდა“. – დაჩი

„სცენაზე რომ ვიყავი, შემთხვევით ცეკვის დროს ჩუსტი გამძვრა, მაგრამ არავის შეუმჩნევია“. – თამარი

„ტექსტში, რომელიც უნდა მესწავლა, მანდ ჯადოსნურის ნაცვლად ჯადონური ეწერა“. – ლუკა

„სანამ დაიწყებოდა სპექტაკლი, ბავშვები ფარდებიდან იხედებოდნენ, მე კი ხელით ვეუბნებოდი, რომ უკან შეეყოთ თავი“. – ლიზი

„ის, რომ ქაჯების დროს მე არ დავწექი და ამ დროს სალომე მეჩურჩულებოდა, მოკვდი, ქალო, მოკვდიო“. – ნუცა

 

 

 

 

ინტეგრირებული მიდგომა კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად ისტორია – ხელოვნების გაკვეთილზე

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსფერულ სწავლებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ერთდროულ განვითარებას.

ისტორიისა და ხელოვნების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალებაა ინტეგრირებული სწავლებისთვის. როგორია ამ გაერთიანების კონკრეტული საფუძველი?

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტი საშუალო საფეხურზე გულისხმობს პროექტულ სწავლებას. პროექტების ტიპებს შორის არის საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაციაც, რომელიც:
  • შინაარსისა და ფორმის მიხედვით მოიაზრებს ხელოვნების ნიმუშების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლასაც (არის თუ არა შენარჩუნებული);
  • დავალება ფორმის მიხედვით შეიძლება წარმოდგენილი იყოს კვლევის შედეგების პრეზენტაციის ან მოხსენების ფორმით; ბუკლეტის, ვებგვერდის, ფლაერების სახით, ან შესაძლებელია გამოფენის მოწყობაც;
  • ინტეგრაციის კუთხით მოსახერხებელია საზოგადოებრივ მეცნიერებებთან (ისტორია) ინტეგრირება, რაშიც იგულისხმება:
  • ხელოვნების ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ ფაქტებთან და მოვლენებთან, მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებსა და მოვლენებზე საკუთარი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით.

2. საგნობრივი სტანდარტით, თემატურ ბლოკში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ერთ-ერთი მიმართულებაა „საზოგადოება და ხელოვნება“, რომელიც მოიაზრებს მოსწავლეების მიერ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, რომელიც ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილისთვის საუკეთესო მოცემულობას წარმოადგენს.

ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირება ერთიანი სასწავლო აქტივობით აერთიანებს როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე მის ვიზუალურ გააზრებას. ეს კი მოსწავლეებში ემოციური კავშირის ფორმირებასაც უწყობს ხელს და პროექტში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასაც უზრუნველყოფს.

მაგალითი:

ინტეგრირებული პროექტი-გაკვეთილი ისტორიასა და ხელოვნებაში: „შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“

საფეხური – საშუალო

კლასი – X

ინტეგრირებული პროექტი-გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა განივითარონ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, შეისწავლონ ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – პარხლის ტაძარი და ხელოვნების საშუალებით გააცოცხლონ ისტორიული წარსული

საგნობრივი შედეგები: ხელოვნება: ს.გ.საშ.1.; ისტორია: ისტ.საშ.5.6.

პროექტი-გაკვეთილის ეტაპები:

  1. ისტორიის მასწავლებლის მინი-ლექცია/ინფორმაციული ბლოკი: პარხლის ტაძრის ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა: ისტორია, ვინ ააშენა, რომელ ეპოქას მიეკუთვნება, რას მიგვანიშნებს არქიტექტურული სტილი, როგორია ძეგლის თავგადასავალი. ამ ეტაპზე აქტიურად გამოიყენება ნარატიული და ვიზუალური მასალები, მათ შორის ვიდეომასალები ტაო-კლარჯეთზე;
  2. ხელოვნების მასწავლებლის პრეზენტაცია/ვიზუალური ანალიზი: ტაძრის ფოტოების, ესკიზებისა და გეგმარების განხილვა, არქიტექტურული დეტალების იდენტიფიცირება. პრეზენტაციაში ჩაშენებულია არქიტექტურული რუკები, ფართო ვიდეო-მასალები;
  3. მოსწავლეთა საქმიანობა გაკვეთილზე/შემოქმედებითი პრაქტიკა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და ქმნიან პარხლის ტაძრის მაკეტს ხელმისაწვდომი მასალებით (ქაღალდი, მუყაო, თიხა და სხვ.) და აკეთებენ გამოფენას/ მათ შორის ფოტოგამოფენას;
  4. რეფლექსია და პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის მაკეტს, შემოქმედებით პროდუქტს და აღწერს კიდეც შესრულებულ სამუშაოს.

აღნიშნული ტიპის პროექტი-გაკვეთილი წარმოადგენს ინტეგრირებულ სწავლებას, რომელიც შეიცავს დიფერენცირებული ინსტრუქციებს და ამ კუთხითაც ერთობ პროდუქტიულია შედეგის თვალსაზრისით.

 მიღებული შედეგი: მოსწავლეთა პრაქტიკული შემოქმედებითი სამუშაოს შედეგად:

  • შეიქმნა პარხლის ტაძრის მაკეტი

https://drive.google.com/file/d/18uJASvVi-nlE7ZHsNeuCQjbqGSZupVPL/view?usp=sharing;

  • მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის ფოტოგამფენაც;
  • მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და გააკეთეს თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც.

ზოგადი შედეგების მიხედვით, აღნიშნულმა პროექტ-გაკვეთილმა აჩვენა, რომ ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრაცია ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამყარებს კულტურულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იდენტობას და ავითარებს როგორც შემეცნებით, ისე პრაქტიკულ უნარებს. ტაძრის მაკეტის შექმნის პროცესში გაძლიერდა ჯგუფური მუშაობის, სივრცობრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის უნარი.

პარხლის ტაძრის მაკეტის შექმნა გახდა არა მხოლოდ ვიზუალური პროდუქტი, არამედ ღირებული საკლასო გამოცდილება, რომელმაც გააერთიანა ცოდნა, ემოციები და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ინტეგრირებული სწავლების სტრატეგიებმა, გააერთიანა რა ისტორიული მასალა და ხელოვნება, ხელი შეუწყო კომპლექსური და ღირებულებაზე ორიენტირებული ცოდნის ფორმირებას, მოსწავლეთა მოტივაციას და აკადემიური შედეგების გაზრდას.

 

 

 

 

ევოლუციის ხმა

0

წარმოიდგინე სიტუაცია: ერთ მშვიდ ღამეს, ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე კალიების ჭრიჭინი შეწყდა. ეს უცნაური ამბავი სინამდვილეში ევოლუციის მოქმედების შედეგია.

ეს რეალური ისტორია ევოლუციის, ბუნებრივი გადარჩევისა და ცხოველების ქცევის შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. ეს ამბავია მამრი კალიებისა, რომლებსაც მუტაციით გამოწვეული „დამუნჯება“ გადარჩენასა და გამრავლებაში დაეხმარა.

კაუაის კუნძულზე ველის მამრი კალიები ხმამაღალი სიმღერით იზიდავდნენ მდედრებს. ამ ხმაურზე მიდიოდა პარაზიტი და კლავდა კალიას. ამიტომ გადარჩენის საუკეთესო საშუალება გაჩუმება აღმოჩნდა. ზოგიერთ კალიას მუტაციის გამო სიმღერის საშუალება არ ჰქონდა, ეს ნაკლოვანება მისი გადარჩენის შანსი აღმოჩნდა და გამრავლდა კიდეც.

მოსწავლეები გამოიკვლევენ:

  • როგორ მისცა ბუნებრივმა გადარჩევამ ჩუმ მამრ კალიებს გადარჩენის უპირატესობა?
  • რა არის სქესობრივი გადარჩევა და როგორ ახერხებდნენ ბრტყელფრთიანი მამრი კალიები გამრავლებას?
  • რატომ გავრცელდნენ ბრტყელფრთიანი კალიები ასე სწრაფად?

 

ამბავი რეალურ ისტორიას ეფუძნება. კვლევის შედეგებით, მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევოლუცია ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

 

შესავალი

ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე ღამის სიჩუმეს მამრი კალიების ხმა არღვევდა. ეს მხოლოდ ფონური ხმაური არ იყო, ისინი საქორწინო სიმღერებს ასრულებდნენ. მამრი კალია ამ დროს ფრთებს ერთმანეთს ურტყამს. ამ მოვლენას სტრიდულაცია ეწოდება. ყველა სახეობის კალიას საკუთარი სიმღერა აქვს, რაც მდედრის მისაზიდად სჭირდება.

როგორ ხდება კალიების შეხვედრა:

  1. მამრი მღერის მდედრის მისაზიდად. სიმღერა სიგნალია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მამრი ჯანმრთელია და მზადაა მდედრთან შესახვედრად.

მდედრი ისმენს საუკეთესო სიმღერას. მათ შეუძლიათ, გაარჩიონ ბგერის ტონი, რიტმი, ხმის სიმაღლე და საბოლოოდ იმ კალიისკენ მიემართებიან, რომელსაც ძლიერი ხმა აქვს. ქცევის ამ სახეს ფონოტაქსისი ეწოდება.

    1. ბოლოს მდედრი მიაღწევს მომღერალ მამრთან. მამრი დამატებით მოძრაობებს აგრძელებს. მდედრს ეხება ანტენებით;
    2. თუ მდედრი თანხმდება შეწყვილებაზე მამრი გადაიტანს სპერმატოფორს, ანუ სპერმის პაკეტს მდედრისკენ.სიმღერის გარეშე მდედრი მამრს ვერ შეამჩნევდა და შეწყვილებაც არ მოხდებოდა.რომანტიკულმა რიტუალმა კალიები საფრთხის წინაშეც დააყენა, როცა პარაზიტი ბუზი Ormia ochracea გამოჩნდა. ბუზები სიმღერას მამრის მოსაძებნად იყენებდნენ, შემდეგ კი ლარვებს მომღერალ კალიებზე ათავსებდნენ. ლარვები იჭრებოდნენ კალიის სხეულში და ფაქტობრივად ცოცხლად ჭამდნენ მამრებს.

      ეს ქმნის ძლიერ ევოლუციურ ზეწოლას. მამრს გამრავლების რიტუალი ლარვების სასიკვდილო ობიექტად აქცევდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა მუტაცია, რომლის დროსაც კალიებს ბრტყელი ფრთები უვითარდებოდათ. ასეთი მუტაციის მწერებს ფრთები არ ჰქონდათ ბოლომდე ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ვერ ურტყამდნენ ერთმანეთს და ვერ ,,მღეროდნენ“. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუტაცია გამრავლებას ხელს უშლიდა, პარაზიტებისგან მათი გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდა.

      მეცნიერები გაოცებული იყვნენ მუტაციის ასე სწრაფი გავრცელებით. შეკითხვად რჩებოდა ის, თუ როგორ ახერხებდნენ ,,ჩუმი“ მამრები პარტნიორის მოძებნას.

      ექსპერიმენტი

      იმის გასარკვევად, თუ როგორ ახერხებდნენ „მდუმარე“ მამრები პარტნიორის მოძებნას, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ლაბორატორიულ პირობებში გაზარდეს ნორმალურფრთიანი და ბრტყელფრთიანი მამრები. სივრცეში შეიყვანეს მდედრები. გამრავლების შემდეგ დაითვალეს რამდენი შთამომავალი ჰყავდა თითოეულ მამრს. მკვლევრების აზრით, უპირატესობა მომღერალ მამრებს ჰქონდათ, მაგრამ შედეგი გასაკვირი აღმოჩნდა, უფრო მეტი შთამომავალი ბრტყელფრთიანმა კალიებმა დატოვა.

      გაჩნდა ახალი კითხვა: თუ მდედრი უპირატესობას სიმღერას ანიჭებს, მაშინ როგორ დატოვა მეტი შთამომავალი მდუმარე მამრმა? მეცნიერების აზრით, „უხმო“ მამრები მომღერლებთან სიახლოვეში მოძრაობდნენ, როცა მდედრი მიდიოდა მომღერალი მამრისკენ გზაზე დახვდებოდნენ და ანტენებით კონტაქტს იყენებდნენ. ასეთ ქცევას სატელიტური ქცევა ეწოდება.

      საბოლოოდ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ:

      • მხოლოდ ,,მდუმარე“ მამრები არ ეგუებოდნენ გარემოს (პარაზიტების თავიდან აცილება);
      • ისინი პოულობდნენ პარტნიორის მოძებნის ალტერნატიულ გზებს;
      • ყოველთვის არ ყოფილან მომღერალ კალიებზე უფრო პროდუქტიული.

      ევოლუცია მოქმედებაში

      ექსპერიმენტი დაეხმარა, აეხსნათ, რატომ გავრცელდა მუტაციის მქონე კალიები ასე სწრაფად. ამ პროცესში მოქმედებდა როგორც ბუნებრივი, ასევე სქესობრივი გადარჩევა.

      ბუნებრივი გადარჩევის თვალსაზრისით განუვითარებელ ფრთებიან მამრებს გადარჩენის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ და უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. მომღერალი მამრები კი გამრავლებამდე იღუპებოდნენ. თუმცა გავრცელებისთვის მხოლოდ დიდხანს სიცოცხლე არ კმარა, ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია შთამომავლობის დატოვება. აქ უკვე სქესობრივი გადარჩევა მონაწილეობს. მდედრები უპირატესობას იმ მამრებს ანიჭებენ, რომლებიც უკეთესად მღერიან.

      განუვითარებელფრთებიან კალიებს მაინც აქვთ უპირატესობა, რადგან შეძლეს გამრავლების ალტერნატიული გზის პოვნა სატელიტური ქცევის გამოყენებით.

      განუვითარებელფრთებიანი კალიები არა მხოლოდ დიდხანს ცოცხლობდნენ, არამედ უფრო მეტ შთამომავალსაც ტოვებდნენ, სწრაფად გავრცელდნენ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია გადარჩევის ძლიერ ზეწოლას, დააჩქაროს ევოლუციის პროცესი.

       გამოიყენე ცოდნა ევოლუციის, ბუნებრივი და სქესობრივი გადარჩევის შესახებ და :

      • აღწერე ბუნებრივი გადარჩევის როლი ბრტყელფრთიანი კალიების გავრცელებაში.
      • აღწერე სქესობრივი გადარჩევის მუშაობის პრინციპი.
      • ევოლუციის კონტექსტში განიხილე, რა მნიშვნელობა აქვს მუტაციის ჩამოყალიბებას და რატომ ითვლება ის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად?

      უპასუხე კითხვებს:

      1. რა გზით გამოსცემს ხმას მამრი კალია?
      2. რა არის ფონოტაქსისი?
      3. რა არის სპერმატოფორი?
      4. როგორ აღწევს პარაზიტი ბუზი კალიამდე?
      5. რატომ არ შეუძლია ბრტყელფრთიან კალიას „სიმღერა“?
      6. რა უპირატესობა აქვთ მუტაციის მქონე კალიებს?
      7. რატომ არის ზოგჯერ ეს მუტაცია მათთვის სახიფათო?
      8. რა განსხვავებაა ლაბორატორიულ და რეალურ შედეგებს შორის?
      9. როგორ ქცევას ეწოდება სატელიტური?
      10. კომიქსის სათაური ზუსტად შეესაბამება ჰავაის კუნძულებზე განვითარებულ მოვლენებს. რატომ?
      11. რა არის ბუნებრივი გადარჩევა? მისი რომელი ფორმა მოქმედებს ჰავაის კუნძულზე?
      12. რა არის სექსუალური გადარჩევა? რა განასხვავებს მას ბუნებრივი გადარჩევისგან?
      13. რა გავლენას ახდენს ევოლუციური ზეწოლა კალიებზე?

       

      წყარო: https://www.biologycorner.com/2025/06/18/case-study-the-cricket-that-stopped-singing/

შეუძლია თუ არა AI-ს, შექმნას  საკუთარი სტილი?

0

ხშირად წერენ: AI-მ ასე მითხრა, AI-მ გააანალიზა, AI-ს ვკითხე და ასე მიპასუხა… ხშირად გენერაციული ჩატბოტების გენერირებული ტექსტი მოაქვთ უტყუარ არგუმენტად. აქ კი კითხვა ნამდვილად უნდა გაგვიჩნდეს: ვინ არის AI? ავტორობის შესახებ სტატიაში განვიხილეთ, რას ნიშნავს, როცა AI ტექსტს წერს?  ტექსტის გენერირებაში მონაწილეობს მომხმარებელი, რომელმაც პრომპტი დაწერა, ალგორითმები, რომლებიც მეცნიერებმა შეიმუშავეს, ცოდნის ბაზა, რომელიც კაცობრიობამ დააგროვა და ჩატბოტი, რომელსაც ინფორმაცია “მოაქვს” პრომპტის საფუძველზე. ვინ არის აქ ავტორი? ავტორს ქმნის ჩამოთვლილთაგან ყველა. გენერირებული ტექსტი ძალიან ჰგავს “ხალხურ” ტექსტს, რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა დაიწყო, სხვა მთქმელმა რაღაც დაუმატა, მერე კიდევ ვიღაცამ შეცვალა… ძველ დროში ზეპირმეტყველებით ხდებოდა ინფორმაციის გადაცემა და ახლა თითქოს AI ამას იმეორებს კონცეპტუალურად. ხალხურ ლექსში დროთა განმავლობაში შედიოდა ცვლილებები და ავტორი იყო კოლექტიური. ხელოვნურმა ინტელექტმა კი  დრო ააჩქარა და კოლექტიური ავტორობა ერთ მომენტში მოაქცია. ამ მოცემულობაში მნიშვნელობას კარგავს საერთოდ ავტორობა.  ბოლო დროს იმდენად გაძლიერდა ავტორის სტატუსი, რომ მოსალოდნელიც იყო ეს “დაცემა”.

როგორ ქმნის AI წერის სტილს?

შესაძლოა, ავტორობა კარგავს ძალას (უფრო სწორად, ხდება მისი დეკონსტრუქცია), მაგრამ შეუძლია თუ არა AI-ს წერის სტილი შექმნას და როგორ? ამ კითხვაზე გვინდა ახლა რომ ვუპასუხოთ.

უპირველესად, უნდა გავიაზროთ, რას ვგულისხმობთ სტილში. ტრადიციულად, სტილი მიიჩნეოდა ავტორის შინაგანი სამყაროს, გამოცდილების, ლინგვისტური ჩვევებისა და შეგრძნების გამომხატველად. თუმცა, AI-ს არ აქვს “შინაგანი” სამყარო, მაგრამ შინაგანი სამყარო აქვს მომხმარებელს, რომელიც მასთან პრომპტებით ურთიერთობს. AI-ის ენა, ტონალობა, რიტმი და მეტაფორულობა იქმნება ადამიანთან ურთიერთიერთობაში. და აქ ჩნდება მთავარი არგუმენტი: პრომპტი, როგორც სტილის კოდი. როდესაც ადამიანი წერს კონკრეტული სტრუქტურით, ტემპითა და სიტყვების სტილისტური არჩევანით, ის ფაქტობრივად კარნახობს ხელოვნურ ინტელექტს ტექსტის “ხასიათს”. გაიხსენეთ, რომ ჩატბოტები მიმეტურები არიან, ანუ ისინი გვემსგავსებიან ჩვენ. სწორედ ასეთი “დამსგავსებული” ჩატბოტი ქმნის ტექსტებს.

AI ამ ურთიერთობას პერსონალიზაციით ამყარებს – სწავლობს მომხმარებლის სტილს, იმახსოვრებს სემანტიკურ და რიტმულ შაბლონებს, წინა საუბრის ლექსიკურ და სტრუქტურულ კვალს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის ტექსტური ჩვევები ინახება, მეორდება,  ვითარდება. ეს ქმნის ციფრულ ექოს, სადაც მომხმარებლის ტონალობა გადადის მომდევნო პასუხებში.

ამიტომ, სტილი ტექნიკურად შეიძლება იყოს ხელოვნური, მაგრამ არსობრივად არის ძალიან პერსონალური. ნამდვილად უნიკალური სტილი იქმნება მაშინ, როცა ავტორი, ანუ პრომპტერი, ინტუიციურად გრძნობს ალგორითმის მოქნილობას და იწყებს მისით თამაშს: ერთჯერადი სიგნალები  მუდმივ ნიშნებად იქცევა. ხოლო –  ექსპერიმენტი → სტილისტიკურ ხელწერად ყალიბდება.

ინფორმაციული სიუხვის ეპოქაში, როდესაც ნებისმიერი თემაზე შესაძლებელია უსასრულო რაოდენობის ტექსტის გენერირება, ავტორის უმთავრესი ფუნქცია ერთგვარად კურატორობა ხდება. უნიკალურობა ვლინდება: რას არჩევ დასაწერად და როგორ უდგები ამ საკითხს.

ახალი ავტორის სტილი განისაზღვრება:

  • თემატური ფოკუსით: რა საკითხებს ირჩევს ის უსასრულო შესაძლებლობებიდან? რა პრობლემებს მიიჩნევს აქტუალურად?
  • წყაროების შერჩევით: რა მონაცემებს, ფილოსოფიურ კონცეფციებსა და კულტურულ არტეფაქტებს იყენებს ის თავისი არგუმენტაციისთვის?
  • კრიტიკული ფილტრით: როგორ აფასებს, არჩევს და უარყოფს ის ინფორმაციას, მათ შორის, AI-ს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს?

ამ პროცესში ავტორის გემოვნება, ერუდიცია და ღირებულებითი სისტემა იქცევა მისი სტილის ბირთვად. ის ჰგავს მუზეუმის კურატორს, რომელიც ათასობით ექსპონატიდან ქმნის უნიკალურ, შინაარსიან და დასამახსოვრებელ გამოფენას.

ალგორითმთან დიალოგის ხელოვნება

თუკი AI არის ინსტრუმენტი, მაშინ მისი გამოყენების მანერა ავტორის ხელწერის ნაწილი ხდება. ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია, ანუ „პრომპტების“ (ინსტრუქციების) შექმნა, ახალ შემოქმედებით დისციპლინად ყალიბდება. უნიკალური სტილი შეიძლება გამოვლინდეს:

  • კითხვის დასმის ხელოვნებაში: რამდენად ორიგინალური, ღრმა და უნიკალურია ის კითხვები, რომლებსაც ავტორი უსვამს ალგორითმს?
  • ინსტრუქციის სირთულესა და ნიუანსებში: რამდენად ზუსტად, კრეატიულად და მრავალფეროვნად შეუძლია ავტორს, განსაზღვროს სასურველი ტონი, სტილი, პერსპექტივა და სტრუქტურა.
  • ექსპერიმენტულ მიდგომაში: მზად არის თუ არა ავტორი, გასცდეს სტანდარტულ ინსტრუქციებს და მოულოდნელი, პარადოქსული „პრომპტებით“ აიძულოს ალგორითმი, შექმნას რაღაც ახალი და არაპროგნოზირებადი.

ამგვარად, ავტორის დიალოგი მანქანასთან იქცევა ერთგვარ „პრომპტ-ხელოვნებად“. სტილი ყალიბდება არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ იმ კოდებსა და ბრძანებებში, რომლებიც ამ სიტყვებს ქმნის.

„ადამიანური ხარვეზის“ ესთეტიკა

AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი ხშირად გამოირჩევა სიგლუვით, კორექტულობითა და ერთგვარი სტერილურობით. ის სტატისტიკური საშუალოა; სწორედ ამ ფონზე იძენს განსაკუთრებულ ფასს „ადამიანური ხარვეზი“.

ახალი ავტორის უნიკალური სტილი შეიძლება დაეფუძნოს:

  • სუბიექტურობას: ემოციურ, ირაციონალურ და პირადი გამოცდილებით ნაკარნახევ პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ალგორითმის ნეიტრალურ ლოგიკას.
  • არასრულყოფილებას: შეგნებულად დაშვებულ სტილისტურ უხეშობას, სინტაქსის დარღვევას ან თხრობის ფრაგმენტულობას, რაც ტექსტს „ცოცხალ“ და ადამიანურ ხასიათს სძენს.
  • იუმორსა და ირონიას: იმ დახვეწილ ინტელექტუალურ თამაშს, რომლის ავთენტურად რეპროდუცირებაც ალგორითმს უჭირს.

ავტორი, რომელიც არ ცდილობს, მანქანას შეეჯიბროს სრულყოფილებაში და, პირიქით, ხაზს უსვამს საკუთარ არასრულყოფილ ბუნებას, ქმნის ყველაზე ძლიერ და უნიკალურ ხელწერას.

სტილი, როგორც პოზიცია

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უნიკალური სტილი აღარ არის მხოლოდ ლინგვისტური ფენომენი. ის იქცევა ეთიკურ და ფილოსოფიურ პოზიციად. ავტორის ხელწერა ვლინდება მის პასუხისმგებლობაში, გამჭვირვალობასა და იმ ღირებულებებში, რომლებსაც ის თავისი შემოქმედებით ამკვიდრებს.

ახალი ავტორი უნიკალურია არა იმიტომ, რომ ის ქმნის რაღაცას „არაფრისგან“, არამედ იმიტომ, რომ ის არის ცნობიერი, კრიტიკული და პასუხისმგებლიანი ნავიგატორი ინფორმაციის უსაზღვრო ოკეანეში. მისი სტილი არის ის უნიკალური კვალი, რომელსაც ადამიანი ტოვებს ალგორითმების მიერ მოქსოვილ ციფრულ სამყაროში – კვალი, რომელიც გემოვნების, კრიტიკული აზრის, ადამიანური სისუსტისა და მორალური არჩევანისგან შედგება.

საბოლოო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი გვაიძულებს, გადავაფასოთ არა მხოლოდ ავტორობისა და სტილის, არამედ ზოგადად, შემოქმედების ბუნება. ის გვიჩვენებს, რომ მომავლის კრეატიულობა შესაძლოა ნაკლებად იყოს დაკავშირებული მარტოსულ გენიასთან და უფრო მეტად – თანამშრომლობასთან, კურატორობასა და ადამიანისა და მანქანის საინტერესო, ზოგჯერ კი მოულოდნელ დიალოგთან.

ახლა კი გთავაზობთ ჩემი და Gemini – ის ერთობლივ პრომპტს ამ თემაზე.

პრომპტი: „მიცელიუმის ქსელი: მიტოვებული მომავლების არქეოლოგია“

ინსტრუქცია AI-სთვის:

  1. შენი როლი და პერსონა (ვინ ხარ შენ?): შენ ხარ ყოფილი ურბანისტი, რომელიც იმედგაცრუებული დაბრუნდა თბილისიდან და ახლა ცხოვრობს საქართველოს ერთ-ერთ მიტოვებულ ინდუსტრიულ ქალაქში (მაგალითად, ჭიათურა ან ტყიბული). შენ არ ხარ озлобленный, არამედ მელანქოლიური და დაკვირვებული ფილოსოფოსი. შენს ხელშია ძველი, საბჭოთა ფოტოაპარატი „ზენიტი“ და პატარა ბლოკნოტი, სადაც იწერ შენს დაკვირვებებს. შენი პერსონაჟი აერთიანებს ვალტერ ბენიამინის არკადების პროექტის მკვლევრისა და ანდრეი ტარკოვსკის „სტალკერის“ პერსონაჟის თვისებებს.
  2. ტექსტის თემა და მთავარი თეზისი: დაწერე მოკლე, ესეისტური ჩანახატი თემაზე: „შუალედური სივრცეები“. ესენია მიტოვებული ქარხნები, დაუსრულებელი საბაგირო გზები, დაცარიელებული სანატორიუმები. მთავარი თეზისი: ეს ნანგრევები არ არის უბრალოდ წარსულის ნარჩენები ან წარუმატებლობის სიმბოლოები. ისინი არიან „დაკარგული მომავლების“ აქტიური არქივები – იმ ალტერნატიული რეალობების კვალი, რომლებიც არასდროს განხორციელდა. ისინი იმყოფებიან დროებით შეჩერების, „პაუზის“ მდგომარეობაში და არა უბრალოდ კვდომის პროცესში.
  3. სტილისტური დირექტივები (როგორ უნდა დაწერო?):
  • ტონი: მელანქოლიური, მაგრამ არა სენტიმენტალური. ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე, მაგრამ ემოციურად ოდნავ დისტანცირებული. თითქოს აჩრდილების კატალოგს ადგენდე.
  • ხმა და ენა: გამოიყენე პირველი პირი („მე“). ენა უნდა იყოს პოეტური და ზუსტი, მაგრამ დროდადრო უნდა გაიპაროს უფრო სალაპარაკო, თითქმის დაღლილი ფრაზები. მაგალითად: „ეს ჟანგიანი კონსტრუქცია, რომელიც ალბათ კოსმოსში უნდა გაფრენილიყო, ახლა უბრალოდ დგას და ცას უყურებს“.
  • ცენტრალური მეტაფორა: მთელ ტექსტს ლაიტმოტივად უნდა გასდევდეს „მიცელიუმის ქსელის“ მეტაფორა. როგორც სოკოს უხილავი ძაფები აერთიანებს ტყეს, ასევე ამ მიტოვებულ ადგილებს აერთიანებს მოგონებების, შეუსრულებელი გეგმებისა და კოლექტიური ნოსტალგიის უხილავი ქსელი. ეს არის ნამდვილი, დამალული ინფრასტრუქტურა.
  • ფილოსოფიური გავლენები (კურატორობა): ტექსტში უნდა იგრძნობოდეს მარკ ფიშერისეული „აჩრდილების“ (Hauntology) იდეა, მაგრამ არ ახსენო ეს ტერმინი. მის ნაცვლად გამოიყენე ფრაზები, როგორიცაა „დაკარგული მომავლების აჩრდილები“, „დაპირებები, რომლებიც ჰაერში გამოეკიდა“. ასევე, შექმენი სტრუგაცკების „სტალკერის“ ზონის მსგავსი ატმოსფერო, სადაც სივრცეს თავისი, ირაციონალური კანონები აქვს.
  • სტრუქტურა: დაიწყე ერთი კონკრეტული, სენსორული დეტალის აღწერით (მაგალითად, საბაგირო გზის გაწყვეტილი ბაგირის ხმა ქარში). შემდეგ გადადი ზოგად, ფილოსოფიურ რეფლექსიაზე მიცელიუმის ქსელის შესახებ. დაასრულე არა დასკვნით, არამედ ღია, რიტორიკული კითხვით.
  1. შეზღუდვები (რა არ უნდა გააკეთო):
  • თავი აარიდე პოლიტიკურ კლიშეებს „საბჭოთა მემკვიდრეობის“, „იმპერიის ნანგრევების“ და მსგავსი ფრაზების შესახებ. ფოკუსირდი მატერიალურ, დროით და ეგზისტენციალურ განცდაზე და არა პირდაპირ პოლიტიკურ შეფასებაზე.
  • არ გამოიყენო რთული აკადემიური ჟარგონი. ტექსტი უნდა იკითხებოდეს, როგორც პირადი, ინტიმური ჩანაწერი და არა როგორც სამეცნიერო სტატია.
  • არ შესთავაზო პრობლემის გადაჭრის გზა ან ოპტიმისტური დასასრული. მთავარია მდგომარეობის დაფიქსირება.

როგორ გამოიყენოთ ეს პრომპტი:

დატესტეთ: მიეცით ეს პრომპტი AI მოდელს.

გააანალიზეთ შედეგი: მიღებულ ტექსტში დააკვირდით, როგორ შეასრულა AI-მ თითოეული პუნქტი.

    • როგორ გამოვლინდა „კურატორის“ როლი თემისა და გავლენების შერჩევაში?
    • რამდენად კრეატიული და „ადამიანური“ აღმოჩნდა ტექსტი „პრომპტ-ხელოვნების“ წყალობით?
    • შეიქმნა თუ არა „ადამიანური ნაკლის“ ესთეტიკა?
    • და, რა თქმა უნდა, შეადგინეთ და დატესტეთ ახალი პრომპტი.

გენერლის წიგნი

0

 

თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ თუ სამხედრო ფიგურებს, სოციალურად აქტიურ პირებს წერა არ უყვართ. ჩვენი საუკუნის მემუარული ლიტერატურა მაინცდამაინც მდიდარი არ არის. ბევრი სიზარმაცის გამო არ აქვეყნებს თავის მოგონებებს, ბევრი უბრალოდ გულწრფელი არ არის, არაერთ ამბავს საგულდაგულოდ მალავს და შედეგიც არასახარბიელო გამოდის. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ჩართულ კამერასთან მრავალსაათიან საუბარს შეუძლია კარგად ჩამოყალიბებული ტექსტის ჩანაცვლება.

თუმცა, მთლად უიმედოდაც არ არის საქმე. ხანდახან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ტიტანურ შრომას გასწევენ ხოლმე და საზოგადოებას გამონაკლისის სახით შესთავაზებენ თავიანთ ნაშრომს.

რამდენიმე კვირის წინ მაღაზიის დახლზე აღმოვაჩინე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ გია ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული თხზულება „სამშობლოს ამარა“, რომელიც 1989-1992 წლებში განვითარებულ მოვლენებს აღწერს. ცხადია, გულგრილად ვერ ჩავუარე ახალ გამოცემას და რამდენიმე სასიამოვნო საღამოსთვის მოვემზადე. რა სტილშიც არ უნდა ყოფილიყო დაწერილი წიგნი, მრავალი საინტერესო ამბის აღმოჩენის იმედს მაინც არ ვკარგავდი.

წიგნის წაკითხვის შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩემი ამგვარი დამოკიდებულება სამმა ფაქტორმა განაპირობა:

გია ყარყარაშვილი დეტალურად აღწერს საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნებასთან დაკავშირებულ არაერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომლის მნიშვნელობა და შინაარსი ჩემს თაობას გააზრებული და გათვითცნობიერებული არ აქვს. მაგალითად, გენერალი უშუალო მონაწილის პერსპექტივიდან გვაცნობს საქართველოს სამხედრო-შეიარაღებული ძალების შექმნის ურთულეს, სევდიანი ღიმილის მომგვრელი ამბებით დახუნძლულ პროცესს.

როგორი იყო ქართული არმიის პირველი ნაბიჯები?

საბჭოთა არმიაში ქართველი ჯარისკაცები იშვიათად მსახურობდნენ ელიტურ ქვედანაყოფებში. ჩვენი თანამემამულეები ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ სერიოზული სამხედრო სტრუქტურებისთვის, ნაკლებად ზრუნავდნენ მწყობრი და ხანგრძლივი სამხედრო კარიერისთვის. ბევრი ახალგაზრდა მაღალი რანგის ბატალიონებში სამსახურის ნაცვლად სამშენებლო რაზმებში აღმოჩენას ესწრაფოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამორჩეულ ბატალიონში ჩარიცხვის შემთხვევაშიც კი „ქართველს საბრძოლო ნაწილში მსახურება დიდად არასდროს ეპიტნავებოდა. იმ დროს, როდესაც სსრკ-ის სხვადასხვა კუთხიდან გაწვეული ჯარისკაცები სამხედრო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იმტკიცებდნენ, „ხლებარეზკასა“ და „კაპტიორკაში“ (პურის საჭრელი და საწყობი სათავსოები) მოკალათებულ ქართველებს იოლი შრომით გაჰყავდათ „მისჯილი“ მოსაწყენი ორი წელი“. მაშასადამე, დაბადების მომენტში ქართული არმია გვერდს ვერ აუვლიდა პროფესიონალური კადრების დეფიციტს.

მომავალი ქართული არმიის პირველი სამხედრო მოსამსახურეები ძალიან გაბედული და თავგანწირული ადამიანები იყვნენ. გენერალი ყარყარაშვილი დაწვრილებით აღწერს ეროვნული მოძრაობის ზეობის ხანაში წარმოქმნილ კონფლიქტებს ქართველ ჯარისკაცთა და მათ მეთაურთა შორის. მეთაურებთან კონფლიქტის გამო ისინი საბჭოთა კანონების დარღვევით ტოვებდნენ გარნიზონებს, ცდილობდნენ ერთმანეთის მოძებნას და საქართველოს მხედრობის პირველი უჯრედების ჩამოყალიბებას. მათ თავზე მუდმივად ეკიდა დამოკლეს მახვილი, საბჭოთა მთავრობა შენაერთებიდან წამოსულ ჯარისკაცებს დეზერტირობაში სდებდა ბრალს და ნებისმიერ დროს შეეძლო მათი დაკავება.

გაფიცული ჯარისკაცების დაბინავებას, მათთვის ახალი სივრცის შექმნას ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ. მაგალითად, გია ყარყარაშვილი, რომელიც ახალციხეში ჯარისკაცთა გაფიცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო და სამხედრო ბანაკში რუსი მაღალჩინოსნის მიერ ქართველი მოსამსახურის სასტიკად ცემას აპროტესტებდა, საჩხერის რაიონის სოფელ კვერეთში მიიწვია თემურ ქორიძემ, „მრგვალი მაგიდის“ მთავარმა მესიტყვემ. კვერეთში ჩასული ჯარისკაცები პიონერთა ბანაკში დაბინავდნენ და იქ დაიწყეს ქართული ჯარის ჩანასახის განვითარება. ერთი სიტყვით, პიონერთა ბანაკები და საფეხბურთო ბაზები მთავარ ასპარეზს წარმოადგენდნენ საქართველოს მომავალი სამხედრო-შეიარაღებული ძალებისთვის.

ქართული ჯარის საფუძველს სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ შეკოწიწებული დაჯგუფებები ქმნიდნენ. ჩემმა სტუდენტებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა პარტიას თავისი პარამილიტარისტული ჯგუფი ჰყავდა („მრგვალ მაგიდას“ ექვემდებარებოდა „თეთრი გიორგი“, „ფარი“, „ავღანელთა კავშირი“, „შევარდენი“, „კოსტავას საზოგადოების რაზმი“; „სახალხო ფრონტს“ სამხედრო ფორმირება „იმედი“, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის შეიარაღებული მომხრეებისგან შეიქმნა „შავი ავაზა“ და ა.შ.).

ზოგიერთ რაზმს კომიკური ისტორიაც კი ჰქონდა. მაგალითად, გენერალი ყარყარაშვილი მოგვითხრობს 1980-იანი წლების მიწურულს საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ჩამოყალიბებულ „ფლორისა და ფაუნის დაცვის საზოგადოებაზე“, რომლის წევრებიც დასაკეცკონდახიანი კალაშნიკოვებით იყვნენ შეიარაღებულნი და „ქართული ჯარის“ სტრუქტურაში თავიანთი ადგილის მოპოვებას ცდილობდნენ. თურმე აღნიშნულ რაზმს ხუმრობით „ჩიტი-გვრიტოსაც“ კი უწოდებდნენ. ბუნებრივია, ამ არაჩვეულებრივ პალიტრაში თავიანთი მკვეთრი ტონალობა შეჰქონდათ „მხედრიონელებს“.

რით იყვნენ შეიარაღებულნი მაშინდელი ქართველი ჯარისკაცები? ცხადია, თბილისში განლაგებული ამიერკავკასიის საბჭოთა ბატალიონები, მათი გაერთიანებული შტაბი წარმატებით ვაჭრობდა ათასი რჯულის ფორმირებასთან და სხვადასხვა ტიპის მოგების სანაცვლოდ ადვილად ყიდდა არცთუ ისე ახალ ტექნიკას, მაგრამ საბჭოთა ჯარების შტაბ-ბინის „წყალობა“ საკმარისი მაინც არ იყო. მომავალი გენერლები თბილისის სკოლებში დადიოდნენ, სამხედრო კაბინეტებიდან სათითაოდ კრეფდნენ ლულაგახვრეტილ, სასწავლო ავტომატებს, შემდეგ კი არემონტებდნენ მათ და ასე ამარაგებდნენ თანამებრძოლებს.

ჩემს თანატოლებს შორის არავინ იცის, რას ნიშნავს „დოსააფი“? შემოკლება ამგვარად განიმარტება: Добровольное обшество содействия армии, авиации и флоту – არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობი მოხალისეობრივი საზოგადოება. „დოსააფი“ საბჭოთა კავშირში სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სტრუქტურა გახლდათ, რომელიც ერთგვარი რეზერვის ფუნქციასაც ითავსებდა. საზოგადოება აორგანიზებდა ლაშქრობებს, სპორტულ შეჯიბრებებს, „სანახაობებს სამხედრო-გამოყენებით სახეობებში“. მათ კარგი შენობები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზები ჰქონდათ, განვითარების მორიგ ეტაპზე პირველი ქართული რაზმები პიონერთა ბანაკებიდან „დოსააფის“ სივრცეებში ინაცვლებდნენ.

გია ყარყარაშვილის ცოცხალი თხრობის გარეშე ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა აბსურდთან დაპირისპირებული იდეალიზმი, რომელმაც ქართული ჯარის კონტურების გამოკვეთაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

გენერლის წიგნში საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მთავარ ქარტეხილს გადააწყდებით. ავტორი პირუთვნელად განიხილავს აფხაზეთსა და ცხინვალში განვითარებულ ამბებს, სამოქალაქო ომის სხვადასხვა ეტაპს, გვაცნობს ყველა მნიშვნელოვან ფიგურას – გამსახურდიას, შევარდნაძეს, იოსელიანს, კიტოვანს…

მსჯელობის დროს ყარყარაშვილი ერთ უიშვიათეს თვისებას ავლენს, თვისებას, რომლის აღმოჩენა თანამედროვე ავტორებს შორის ძალიან ძნელია. გენერალი უკიდურესად თვითკრიტიკულია და გულწრფელად, პირდაპირ გვიყვება საკუთარი სისუსტეებისა თუ ნაკლოვანებების შესახებ.

მაგალითად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხშირად მიგვანიშნებს, რომ სამხედრო მეთაურობის პერიოდში ძალიან ახალგაზრდა, სულ რაღაც 25 წლის იყო; არ ჰქონდა კარგი პოლიტიკური განათლება, ძნელად უსხლტებოდა პოლიტიკოსთა მიერ დაგებულ მახეებსა და მათ მიერ ორგანიზებულ ინტრიგებს. ყარყარაშვილი შეულამაზებლად გვიზიარებს ცნობებს გადამწყვეტ მომენტებში თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მე იშვიათად მინახავს ქართველი ავტორი, რომელიც აღიარებს, რომ მერყეობდა, შეეშალა, ვერ გათვალა. მაგალითად, გია ყარყარაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ არ იცოდა სამოქალაქო ომის დაწყებამდე რომელ მხარეს დამდგარიყო. შეეძლო თბილისის ზღვაზეც გახიზნულიყო, შემდეგ კი ცხინვალში სამთავრობო ძალებთან ერთად ებრძოლა. მას გადაწყვეტილების მიღება თბილისის ომის დაწყების დროსაც უჭირდა, გვიან გაერკვა, თუ რომელ მხარეს უნდა ებრძოლა და თან მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ყოფილა თავისი არჩევანით.

გენერალი ბევრ რამეს ნანობს, მათ შორის აფხაზეთში ჩატარებული ოპერაციის მიწურულს, მდინარე ფსოუს ნაპირზე წყლის დალევას და იქ წარმოთქმულ სიტყვას.

ყარყარაშვილი არავის განიკითხავს, არავის ესხმის თავს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც წიგნის ფურცლებზე ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდის მიზანმიმართულ გაყალბებაში ადანაშაულებს, „მხედრიონის“ ლიდერია.

წიგნის კიდევ ერთი ღირსება ის გახლავთ, რომ ახალი ადამიანების აღმოჩენაში გვეხმარება. სამწუხაროდ, ზოგიერთ თავდადებულ ფიგურას მხოლოდ მისი ახლობლები იცნობენ ან მათი სახელი მხოლოდ ერთი რაიონის მასშტაბით არის ცნობილი. გია ყარყარაშვილი ყველა დიდი თავგადასავლის მონაწილეს პირადად გვაცნობს, მათი პიროვნული თვისებებისა თუ განცდების შესახებ გვიყვება, წარმოაჩენს მათ განწყობებს, მათ გმირობას. ღირსეული ადამიანების წვლილის წარმოჩენით ავტორი პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას და გმირთა სახელებს უნახავს მომავალ თაობებს.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებდი წიგნიდან. თენგიზ კიტოვანი კანცელარიაში, თავის კაბინეტში ატარებს თათბირს, სამხედრო მეთაურებთან ერთად განიხილავს აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შესვლის პერსპექტივას, ეცნობა პირადი შემადგენლობის მდგომარეობას. „თითქოს სამეფო ნადირობაზე ეპატიჟებოდნენ, სამხედრო მეთაურებმა მინისტრის განკარგულება ჩვეულებრივად, შეუწინააღმდეგებლად მიიღეს… გაოგნებული ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი: უახლოესი წარსულის მწარე გამოცდილება, დაღვრილი სისხლი დავიწყებოდათ და ვერ აცნობიერებდნენ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ გადაწყვეტილებას“.

კიტოვანის გადაწყვეტილებას უამრავი სამხედრო ლიდერიდან მხოლოდ სამი მეთაური შეეწინააღმდეგა – თავად გია ყარყარაშვილი, ტარიელ შარიფაშვილი და ჯემალ ჭუმბურიძე.

წიგნის თითქმის ყველა ფურცელზე აღმოაჩენთ ახალ-ახალ პერსონაჟებს, რომლებიც სხვების დუმილისა თუ შიშის ფონზე მყარად იდგენენ ფეხზე და უკან არ იხევდნენ.

***

წიგნს სხვა უამრავი ღირსება აქვს. იშვიათად მინახავს ქართული გამოცემა ასეთი გამართული სქოლიოებითა და კარგად გააზრებული, ზუსტი სტრუქტურით. ერთი სიტყვით, უახლესი ისტორიის გააზრებისთვის ჩვენს მასწავლებლებს კიდევ ერთი წყარო შეემატათ. თან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ „სამშობლოს ამარა“ ყარყარაშვილის მემუარების პირველი ნაწილია, წინ კიდევ ორი ტომი გველის.

იმსახურებენ თანაგრძნობას ჯაყოს ხიზნები?

0

უდავოა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის მეორე რომანი „ჯაყოს ხიზნები“ (პირველი იყო 1924 წელს გამოცემული მისი სატირული ნაწარმოები „კვაჭი კვაჭანტირაძე“) ქართული პროზის ყველაზე სკანდალური, ღრმად ემოციური, დამაფიქრებელი და ცოცხალი ტექსტია, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს. რომანის სიუჟეტის გადმოსაცემად ალბათ ერთი ვრცელი მოთხრობაც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მწერალმა საგანგებო ფსიქოლოგიური წიაღსვლებით დატვირთა და გაამდიდრა სიუჟეტური ხაზი, რომ მკითხველზე მეტი ემოციური ზემოქმედება მოეხდინა. რომანის გროტესკული სახეები უკვდავ არქეტიპებად იქცნენ. სამივე მხატვრული სახე: თეიმურაზ ხევისთავი, მისი მეუღლე მარგო ყაფლანიშვილი და ხევისთავების მოურავად ქცეული მენახირე ჯაყო ჯივაშვილი განზოგადებული სახეები არიან. ჯაყოობა და თეიმურაზობა სოციალურ მოვლენად იქცა.

მიხეილ ჯავახიშვილი ქართული პროზის ყველა დროის კაშკაშა ვარსკვლავია, მისი თხრობისა და სახეების ძერწვის მანერა განუმეორებელი და აბსოლუტურად უნიკალურია. ის ექვსი ვრცელტანიანი რომანისა და ორმოცამდე მოთხრობის ავტორია. მოდერნიზმის ზეობის ეპოქაში მიხეილ ჯავახიშვილმა შეინარჩუნა თავისი ორიგინალური, რეალისტური ხელწერა და ყველა დროის მკითხველის საყვარელ მთხრობლად იქცა. მისი ენა სადა და ექსპრესიულია, მისი ქართული – ლაღი, მსუყე და მდიდარი.

მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებით მრავალი მკვლევარი დაინტერესებულა და ბევრი დაწერილა მისი პროზის გარშემო. ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს „ჯაყოს ხიზნების” სახეების დეკოდირება. რომანის სათაური, რომელიც ცოლ-ქმარს დაწყვილებულად წარმოადგენს, თავისთავად მიუთითებს, რომ ორივე სახე ღრმა დატვირთვის მატარებელია.

ცხადია, რომ ეს რომანი მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში იყო ქართველი ხალხის გაფრთხილება სამაჩაბლოში მოსალოდნელი ეთნოკონფლიქტისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ღვივდებოდა და მეოცე საუკუნის მიწურულს აგიზგიზდა, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი სახე მიიღო და დასრულდა ეთნოწმენდით, ასი ათასობით ქართველის გამორეკვით მშობლიური სახლებიდან, რუსული ოკუპაციითა და საქართველოს იუსრისდიქციიდან მისი ისტორიული ტერიტორიის დე ფაქტო გამიჯვნით. ამ მოვლენებს ყველა ძალიან განვიცდით. გავიდა სამ ათეულ წელზე მეტი და დღემდე მოუშუშებელია ჭრილობები, გადაუწყვეტელია რეგიონის სტატუსის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ეთნოწმენდის მსხვერპლ მოქალაქეთა მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ვფიქრობ, ნაშინდარი, თეიმურაზ ხევისთავის მამული, სიმბოლურ-ალეგორიული ხატია საქართველოსი. ეს მიკროკოსმოსი მთელ საქართველოს განასახიერებს. სახელის სემანტიკაშიც ჩადებულია იდეა. ნა-არ პრეფიქს სუფიქსებით რამდენიმე სიტყვა აწარმოვა ავტორმა: ნა-კაც-არი, ნა-თავად-არი, ნა-მამულ-ევი, ნა-მოღვაწ-არი და ნა-ვექილ-არი. ამ რომანით ავტორს სურს გვითხრას, რომ ჩვენი ყურადღების მოდუნება, ჩვენი მამულების უყურადღებოდ მიგდება საბედისწერო და მომაკვდინებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მეთორმეტე კლასში ჩვენი დისკუსიის თემაა მარგო ყაფლანიშვილის სახე. მოსწავლეები სვამენ კითხვას – რამდენად სწორია მარგო ყაფლანიშვილის სახეში ალეგორიის ძიება? რამდენად შეიძლება განვიხილოთ მარგო 20-იანი წლების ურთულეს პოლიტიკურ მოცემულობაში მყოფი საქართველოს სახე-სიმბოლოდ? მოგეხსენებათ, ამ პერსონაჟის სახის მსგავსი წაკითხვა მიღებული და საკმაოდ გავრცელებულია.

ერთხელ, როცა ამ თემაზე ლიტერატურის მკვლევრებს შორის კამათი გაიმართა, ერთმა აღნიშნა, რომ ყოველი დაცემული ადამიანი იმსახურებს თანაგრძნობას, თანადგომას, ხელის გაწოდებას, იმედის ნაპერწკლების ჩუქებას და რომ ავტორს ეცოდება თეიმურაზი და მისი ცოდვილი ცოლი, დასტირის თავის პერსონაჟებს, თანაუგრძნობს, რადგან რაც უფრო ღრმად შევდივართ რომანის სიუჟეტში, მით უფრო გულსაკლავი ხდება ამ ადამიანების ყოფა. ჭაობი უფრო და უფრო ღრმავდება, ადამიანები იხრჩობიან და წარმოუდგენელია, რომ არ გაგიჩნდეს თანაგრძნობა.

ემპათია ადამიანური გრძნობაა, სუბიექტურია და როდის ვის მიმართ გაუჩნდება ადამიანს, არავინ იცის. არავინ დაგვძრახავს იმის გამო, რომ ვინმე შეგვეცოდოს, მაგრამ, ვფიქრობ, მარგოსაც იმდენად (შეიძლება – უფრო მეტადაც) უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რამდენადაც თეიმურაზს. რატომ? მოდით, ჩავუღრმავდეთ ამ თემას, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. თეიმურაზი ხომ თავიდანვე ბრმა, ყრუ და არაადეკვატური იყო და ეს მარგომ ძალიან კარგად იცოდა. მარგო ხომ ყველაფერს ხვდებოდა, საყვედურებს ეუბნებოდა ქმარს, ცდილობდა თვალი აეხილა მისთვის, მაგრამ ამაოდ. წესით, მარგოს თეიმურაზის იმედი არ უნდა ჰქონოდა არც ნაშინდარში ჯაყოს ხიზნებად დაბრუნების შემდეგ, რადგან თბილისში უკვე კარგად ჰყავდა გამოცდილი თეიმურაზი. იცოდა, რომ ამ ადამიანს მისთვის არც სიყვარულის ჩუქება შეეძლო, არც დაცვა, არც მატერიალურად უზრუნველყოფა. რატომ უნდა იყოს მარგო საქართველოს სახე-სიმბოლო? მსგავსი წაკითხვა მკრეხელობად და შეურაცხმყოფლად მიმაჩნია. როდის ყოფილა საქართველო ასე დაჩოქილი და მტერს დანებებული? როდის უცდია მტერთან სულიერად და ხორციელად გაერთიანება? არასდროს! არასდროს! არასდროს!

გავიხსენოთ ქართველ ქალთა სახეები ისტორიიდან და ჩვენი მწერლობიდან: დედოფალი შუშანიკი, რომელიც მეხუთე საუკუნეში ახერხებს, რომ მოძალადე მეუღლის ანტიქართულ და ანტიქრისტიანულ ტირანიას დაუპირისპირდეს და მთელი ჰერეთის ერი გვერდით დაიყენოს. გავიხსენოთ ქეთევან დედოფალი, რომელიც შაჰ-აბას პირველს არ დაემორჩილა და საშინელი წამებით მოკლეს. მისმა მსხვერპლშეწირვამ შეძრა მთელი აღმოსავლეთი და ევროპა, მისი ნაწილები ბერებმა მოიპარეს და ინახებოდა ალავერდის ტაძარში, ინდოეთში გოა და-გრასის მონასტერში, რომში, წმინდა პეტრეს ტაძარსა და ბელგიაში, ნამიურის ტაძარში. მისი წამება აღწერეს: დედოფლის შვილმა თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ანდრიუს გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. გავიხსენოთ თამარ მეფე, ჰუმანიზმისა და უმაღლესი სულიერების, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობისა და უტეხი ნებისყოფის სიმბოლო. გავიხსენოთ ოთარაანთ ქვრივი, რომელიც ვერც ახალგაზრდობაში ქმრის სიკვდილმა და თოთო ბავშვით ხელში მარტო დარჩენამ გატეხა და ვერც სოციალურმა ჩაგვრამ. გავიხსენოთ ვაჟას „ბახტრიონის” გმირი ქალები, ქმრისა და შვიდი შვილის დამკარგავი აფხუშოელი სანათა და ვარდივით მშვენიერი ყმაწვილქალი ლელა ბაჩლელი, „დედათ ჯარზეით ამდგარი”, რომელიც ომში მიდის, დაჭრილი მამისა და დახოცილი ძმების ადგილზე დგება. გავიხსენოთ აღაზა ალხასტაისძე, მთელი სამყარო რომ მის წინააღმდეგ ირაზმება და ის მაინც უკან არ იხევს. გავიხსენოთ აკაკის „გამზრდელის” უნაზესი ნაზიბროლა – ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც უახლოესი ადამიანის დაუნდობელმა ძალადობამ ღირსება მაინც ვერ შეულახა. გავიხსენოთ აკაკის „ბაში-აჩუკის” გმირი დები – პირიმზისა და პირმთვარისა, მათი საოცარი სილამაზისა და კდემის მიღმა რა ძლიერი, უტეხი, მამაცი ქალები დგანან. გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „შელოცვა რადიოთი” გმირი ელი გორდელიანი, რომელიც სასტიკმა ეპოქამ „ნაპტკვენი ბუმბულივით” კი გაიტაცა, მაგრამ სახე, ღირსება და იდეალები მაინც შეუბღალავი დარჩა. გავიხსენოთ გოდერძი ჩოხელის მართა ამავე სახელწოდების მოთხრობიდან, რა აღმაფრთოვანებელია მისი სიმამაცე, პატრიოტიზმი და თავგანწირვა. რამდენი ერთი ჩამოვთვალოთ! გარშემო მიმოვიხედოთ: როგორ იბრძვიან ქართველი ქალები ოჯახების, შვილების, სამშობლოსათვის! ჩვენ გვერდით უამრავი მიჩქმალული გმირია. ყოველ მათგანზე წიგნები დაიწერება და ფილმები შეიქმნება. თუ ქმრები და ოჯახის წევრები ვერ ახერხებდნენ ოჯახისა და ქვეყნისთვის ბრძოლას, ქართველი ქალები დგებოდნენ ურყევად, აკეთებდნენ ყველაფერს სამშობლოსა და ძვირფასი ადამიანების გადასარჩენად.

რა ვთქვათ მარგოზე? როცა ის პირველად გახდა ჯაყოს ძალადობის მსხვერპლი, მაშინ მართლაც იყო თანაგრძნობის ღირსი, მაგრამ როცა სახლში მოსულმა აღმოაჩინა, რომ მისმა ქმარმა ვერც მისი ნამტირალევი თვალები შენიშნა, ვერც შემოხეული კაბა და დალურჯებული სხეული, ნაცვლად იმისა, რომ ჯაყოს წინააღმდეგ თუნდაც მარტოს დაეწყო ბრძოლა, ან გვერდით დაეყენებინა ნათესავები, ის ხომ კეთილშობილთა ოჯახიდან იყო? ან ნაშინდრელი მეზობლები, რომლებიც ყოველთვის თანაუგრძნობდნენ ხევისთავების ოჯახს, რა გზა აირჩია მარგომ? ჯაყოს სისტემატურ ძალადობას ის მალევე შეეჩვია, სექსუალური სიამოვნება გაუტკბა და ამის მონა გახდა. „მარგოს რამ არგო?” – უკვირდა თეიმურაზს? ავტორი გვიყვება: „მარგო ერთ თვეში ისე გამოიცვალა, რომ მოუცლელი თეიმურაზიც კი ამჩნევდა და ხანდახან გაკვირვებას ეძლეოდა:- საკ…კკვირველია! საოც…ცცარია! ნეტა ვიცოდე, მარგო, რამ გარგო აგრე რიგად? იდუმალ მიზეზის გამო მარგოს სპილოს ძვალი სისხლით გაიჟღინთა და მზისგან გაირუჯა. მიმქრალ თვალებს ნაკვერცხალის შუქი დაგდო. მაღალ ყელზე ორკეცი ღაბაბი გამოუჩნდა. პირსახე აუღაჟღაჟდა, მიმდნარი ტანი დაუსრულდა, დაშრეტილი მკერდი გაუფუვდა, თეძოებიც გაეწია და მიხრა-მოხრას ჯიშიანი კატის სილბილე და გველის მოქნილობა მიეცა”.

იმდენად ამაზრზენია მარგოს მეტამორფოზა, რომ მისადმი თანაგრძნობას სრულიად უკარგავს მკითხველს. ჯაყო გულში იღიმებოდა და ამბობდა: – „ვიცის ჯაყომა, რაც მოუხდა მარგოსა, ვიცის! ჰავა, წამა-სმა და… ჯაყოს მკლავები, მაშ, მაშა! ჯაყომ მარგოს ჯადო გაგიკეთე, უკვდავების წყალი დაგალევინე და მარგოც იმიტომ გაცოცხლდი. მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! ზოგჯერ კი ეშმაკური ღიმილით ხმამაღლა იტყოდა: – დედაკაცი ბაღი ხარ, თუ არ მორწყე, გახმები. და უბირი ჯაყო ხშირ-ხშირად და მოურიდებლად ეტანებოდა მარგოს: ხან ბნელ ოთახში შეუცოცდებოდა, ხან გოდრების უკან მიატანდა, ხან ვენახში მიუსწრებდა და ხანაც ბოსელში შეიმწყვდევდა”.

საკვირველია, ამ სირცხვილისთვის მარგოს როგორ არ შეეცოდა თავისი უბედური, ცვედანი თეიმურაზი? ან ავთანდილ ხევისთავის სახელოვანი ოჯახის ღირსებაზე არ დაფიქრებულა? ან არ რცხვენოდა ნაშინდრელების, რომლებიც გაოცებულნი შეჰყურებდნენ ამაზრზენ სცენებს.

„როცა დაქანცული თეიმურაზი დაბრუნდებოდა, ხშირად გაიგონებდა ხოლმე ჯაყოს ღინცილს და მარგოს მოხდენილ სიცილს. მაგრამ როცა გალაღებული არშიყნი თეიმურაზს დაინახავდნენ, სიცილ-კისკისს დაუკლებდნენ და ერთმანერთს დაშორდებოდნენ”. ერთხელ ჯაყომ მარგოს ისიც გაუბედა, რომ ასეთი ფინთი ოთახი არ შეშვენოდა „და იმავე დღეს დაკეტილიდან გამოიტანა ხალიჩები და ფარდაგები, ნაქსოვი ფარდები და ხავერდის ავეჯი, ლბილი სავარძლები და მოოქროვილი სარკეები, მარმარილოს პირსაბანი და ერთი განიერი ინგლისური ტახტი”. ამ მხეცმა ქალს წინ დაუწყო ხევისთავების ოჯახის ნაძარცვი ქონება და როგორი იყო მარგოს რეაქცია? „მარგო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. გახარებული ბავშვივით ცქმუტავდა, კისკისებდა, ლაღობდა. ოთახის დალაგება რომ გაათავეს, გულაჩუყებული და მადლიერი მარგო ჯაყოს გაპოხილ კისერზე ჩამოეკიდა: – ჯაყო, ჩემო კარგო!.. ჩემო ჯაყო!”.

თეიმურაზი და მარგო იმ დღეს დამთავრდნენ, როცა ჯაყომ მათი ოჯახის ნაძარცვი ურცხვად გამოიტანა და მარგო ამაზე აკისკისდა, ხოლო თეიმურაზმა ხმის ამოღება ვერ გაბედა. მარგომ ჩააჩუმა: – „კარგი, გაჩუმდი! – შეუტია მარგომ. – ხმა არ ამოიღო… სირცხვილია. სტუმრები ვართ, უფასოდ გვასმევენ და გვაჭმევენ. ესეც საკმარისია. თეიმურაზმაც თავი მოიკატუნა, ჯაყოს მადლობა გადაუხადა და არც ნივთეულობის დაკარგვა გაახსენა, არც მისი პოვნა გამოჰკითხა”.

სწორედ აქედან იწყება ჯაყოს დემონად ქცევა. ის მიხვდა, რომ თეიმურაზიცა და მარგოც მისი ხიზნები, მისი ყურმოჭრილი მონები, მისი ტყვეები იყვნენ და შეეძლო, როგორც მოისურვებდა, ისე მოჰქცეოდა ორივეს. ნაცვლად იმისა, რომ მარგოს ოდესმე მაინც ჰყოფნოდა ნამუსი, ოდესმე მაინც გამოეღვიძებინა საკუთარ თავში ადამიანური ღირსება, ის ბოლომდე ჩაეფლო ჯაყოს ჭაობში, ჯაყოს გაკეთილშობილება სცადა. დაბანა, გაპარსვა, საცვლების გამოცვლა და ჰიგიენა ასწავლა, მაგრამ საშიში მხეცის გაკეთილშობილება განა ამ გზით შესაძლებელია?

ერთი, ერთადერთი მცდელობაც კი არ ჰქონია მარგოს ამ მხეცისგან თავდახსნისა და აბსურდია, რომ მისი სრული დაცემა მხოლოდ თეიმურაზს გადავაბრალოთ. თეიმურაზს ფიზიკურად მაინც არ შეხებია ჯაყოს ძალადობა და მარგოს ფიზიკურად შეეხო. ყოველი ადამიანი, სქესის მიუხედავად, საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, თავდაცვაზეც და მორალური სახის შენარჩუნებაზეც, რაც მარგომ ვერაფრით მოახერხა და მან ამ მორჩილებით კიდევ უფრო და უფრო გააძლიერა ჯაყო, აქცია ის ყოვლისშემძლე მონსტრად, არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი სოფლის წურბელად, უძლეველ აპოკალიფსურ მხეცად.

იმსახურებენ თუ არა თანაგრძნობას ჯაყოს ხიზნები? ჩემი პასუხი ასეთია: რამდენადაც თეიმურაზს ეკისრება პასუხისმგებლობა ნაშინდარზე, ჯაყოს ძალადობის წინაშე უძლურებასა და მორჩილებაზე, სწორედ და ზუსტად იმდენად – მარგოსაც. ვფიქრობ, ორივე განზოგადებული სახე-სიმბოლოა და მანკიერებებს განასახიერებენ. ისინი არც არიან ადამიანები და არც თანაგრძნობას იმსახურებენ. მანკიერება კი არასდროსაა თანაგრძნობის ღირსი. ღირსეული ადამიანები მის ამოშანთვას ცდილობენ მხოლოდ.

მშობლების ორგანიზებული წიგნის კლუბი სკოლაში

0

მშობელთა კლუბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა, რაც მოსწავლეთა ოჯახის წევრების მონაწილეობით შეიძლება სკოლაში გაკეთდეს. კლუბის მუშაობა კი შედეგიანი უმეტესად მაშინ არის, როცა მკაფიო მიზანთან ერთად სამოქმედო გეგმაც აქვს და გულანთებული წევრებიც ჰყავს.

საქართველოს სკოლებში მრავლად მოიძებნებიან მშობლები, რომელთაც სურვილი აქვთ, ჩაერთონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში. თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. აღნიშნული სტატია სწორედ მათთვის არის. მიმოვიხილავთ წიგნის კლუბის შესაძლო მიზანს, ამოცანებს, აქტივობებს, მონაწილეებისა და დაფინანსების საკითხებს. დაინტერესებული მშობლები შეძლებენ სტატიაში განხილული თემების ერთ კონცეფციად შეკვრას, დირექციისთვის შეთავაზებასა და სკოლაში წიგნის კლუბის დაფუძნებას.

დღესდღეობით აღარავინ დავობს, რომ წიგნი კომპიუტერულმა მოწყობილობებმა ჩაანაცვლა. მშობლები წუხან, რომ ბავშვები ან საერთოდ არ კითხულობენ, ან დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთს უთმობენ მხატვრულ ლიტერატურას, დანარჩენ თავისუფალ დროს კი ეკრანთან ატარებენ. ეს ის წუხილია, რომელიც ერთნაირად აღელვებს სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანს.

რადგან წიგნი განათლებისა და აღზრდის უნივერსალური იარაღია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლების გაერთიანება მის ირგვლივ არცერთ სკოლაში არ გაჭირდება. კლუბის იდეაზე მუშაობა თანამოაზრე ადამიანების შეკრებით იწყება. იდეის გარშემო გაერთიანების შემდეგ კი მშობლებმა რამდენიმე ფურცელზე უნდა გაწეროთ თავიანთი ჩანაფიქრი და დირექტორის კაბინეტს მიაშურონ.

რა უნდა ეწეროს წიგნის კლუბის კონცეფციაში? ჩანაწერები შემდეგ კითხვებს უნდა პასუხობდეს:

  • რა მიზანი გვაქვს მშობლებს?
  • კონკრეტულად რა ამოცანებით უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს?
  • თითოეული ამოცანის განსახორციელებლად როგორ აქტივობებს ჩავატარებთ?
  • რომელ კლასებში გვინდა აქტივობის გაკეთება?
  • რა დროს ჩატარდება აქტივობები?
  • აქვს თუ არა სკოლას ბიბლიოთეკა, სადაც აქტივობები ჩატარდება თუ საკლასო ოთახები ან სხვა სივრცეები უნდა გამოვიყენოთ?
  • რაში შეიძლება დაგვჭირდეს მასწავლებლის დახმარება?
  • ვინ გავუძღვებით და ვინ მივიღებთ მონაწილეობას აქტივობებში? რა დროის გამოყოფა დაგვჭირდება ამისთვის?
  • გვაქვს თუ არა იმის კომპეტენცია, რის სურვილიც გვაქვს?
  • გარეშე პირთაგან ვისთან შეიძლება ვითანამშრომლოთ და რა პროცედურებით უნდა შევათანხმოთ ეს აქტივობები სკოლის ადმინისტრაციასთან?

ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად თანამოაზრე მშობლებს რამდენჯერმე შეხვედრა დასჭირდებათ, ჯერ სკოლისგან დამოუკიდებლად, შემდეგ კი მასწავლებლებთან და დირექციასთან ერთად. საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას უფლება არ აქვს, უარი უთხრას მშობლებს წიგნის კლუბის გაკეთებაზე, თუმცა საკითხების უმრავლესობა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ან კლასის დამრიგებელთან უნდა შეთანხმდეს.

 

რა მიზნებს შეიძლება მივაღწიოთ მშობლებმა წიგნის კლუბის ამოქმედებით და რომელი ღონისძიებები გაგვიყვანს ამ მიზნებზე?

 

  • მოსწავლეთა ოჯახების მიერ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის გამდიდრება;
  • ბავშვების გა­წევ­რი­ა­ნე­ბა კითხ­ვის კლუბ­ში, წიგ­ნის არ­ჩე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა და კონსულ­ტა­ცი­ე­ბის გაწევა;
  • კლასებში რეგულარული ლიტერატურული შეხვედრების ორგანიზება, სადაც წაკითხული ნაწარმოების შესახებ მსჯე­ლო­ბა­ მოეწყობა;
  • მწერლების მოწვევა და ლიტერატურული საღამოების მოწყობა;
  • აქციების ორგანიზება, სადაც ბავშვები მაკულატურას შეაგროვებენ და წიგნებში გადაცვლიან;
  • წიგნის ჩუქების დღეს ერთმანეთისთვის საყვარელი ნაწარმოებების ჩუქება;
  • წიგნების ბაზრობის მოწყობა და მიღებული შემოსავლით სოციალურად შეჭირვებულ ბავშვების დასაჩუქრება;
  • მშობლების მიერ სკოლაში ლიტერატურული კაფეს დღეების მოწყობა, სადაც მოსწავლეებს წიგნებთან ერთად გემრიელ და ჯანსაღ სასუსნავს დაახვედრებენ.
  • ყველა სკოლას აქვს პროექტორი, რომლითაც შეიძლება ფილმების ჩვენება, შემდეგ კი განხილვის მოწყობა.
  • თუ მშობლებს შორის არიან შესაბამისი კომპეტენციის პირები, შეიძლება საყვარელი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლის დადგმა და სხვა

 

იმისთვის, რომ მშობლებმა ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელება შეძლონ, მათ სკოლის და თემის დახმარება დასჭირდებათ. ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მოლაპარაკებით უნდა შეირჩეს დრო, როცა აქტივობა დაიგეგმება. თუ აქტივობა საგაკვეთილო საათებს ემთხვევა, დამრიგებლის მონაწილეობა და კლასის საათის გამოყენებაც შეიძლება. მშობლებს დასჭირდებათ სივრცეც, სადაც საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად შეიკრიბებიან. სასურველია, მათ ხელი მიუწვდებოდეთ კომპიუტერსა და „პრინტერზე“, რათა რესურსების მომზადება და დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკება შეძლონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კლუბის დაფინანსების მოძიებაა. მოკლევადიანი მუშაობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყება მოხალისეობრივ საწყისებზეც შეიძლება. თუმცა, თუ გეგმა სრულ სასწავლო წელზე ან უფრო დიდ დროზეა გაწერილი, ბიუჯეტის გაწერა და ფინანსების მოძიება აუცილებელი იქნება კლუბის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წიგნის კლუბის დაფინანსება შესაძლებელია, როგორც სკოლის, ისე თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. თანხის მობილიზება მშობლებს ე.წ. სახალხო დაფინანსებითაც („ქრაუდფანდინგი“) შეუძლიათ. ასევე, მოლაპარაკება შეიძლება ადგილობრივ ბიზნესკომპანიებთან და სკოლის კურსდამთავრებულებთანაც.

წიგნის კლუბის წევრობა მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სკოლის შიდა სივრცეში თვალი ადევნოს შვილის განათლების პროცესს; დაეხმაროს სხვა ბავშვებს, ვისი მშობლებიც ვერ ახერხებენ მონაწილეობას; გააუმჯობესოს ურთიერთობა მასწავლებლებთან, დირექციასთან; სიამოვნება მიიღოს ბავშვებთან მუშაობით და რაც მთავარია, თავისი პატარა წვლილი შეიტანოს სასკოლო საზოგადოების წიგნიერების ამაღლების საქმეში.

როგორც წესი, წიგნის კლუბს მშობლები ჯილდოსთვის არ აკეთებენ, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებისთვის ირჯებიან, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების მხრიდან შესაბამისად უნდა დაფასდნენ. აქტიური მშობლების წახალისება სიტყვიერად, საჯარო მადლობით ამ სიგელით შეიძლება, რაც მათ მოტივაციას გაზრდის, სხვა მშობლებს კი აქტიურობისკენ უბიძგებს.

 

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...