სპექტაკლი ყველაზე დიდებული რამ არის, რაც შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეებს, საკუთარ თავს, სკოლას, მშობლებს აჩუქოს. ამაში ჩემი პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში მრავალჯერ დავრწმუნდი. სპექტაკლი თავს უყრის უნარებს, ემოციებს, ამთლიანებს ცოდნას და ეს ყოველივე შემდეგ ფოერვერკივით ამოიფრქვევა მაყურებლის წინაშე. ის, რასაც მთელი გულით ცდილობდი, ჩრდილოეთის ციალივით ჩნდება სკოლის კედლებს შორის და ამ ნათების მშვენიერება მაყურებელსაც გადაეცემა. მეხსიერებას ფორმალური საგაკვეთილო პროცესიდან ალაგ-ალაგ თუ შემორჩება მნიშვნელოვანი მოვლენები, აი, სპექტაკლი კი დროს აჩერებს, ქმნის სივრცეს, რომელსაც ნებისმიერ დროს უბრუნდები.
სცენარი
ამ სტატიაში კი უნიკალურ გამოცდილებაზე გიამბობთ, რომლის შესახებ სათაურიც მიგვანიშნებს. რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, დილა Mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიების კითხვით დაიწყო. ინა იმედაშვილი სტატიაში გვიზიარებდა სცენარს, რომელიც ქართული მითოლოგიის შესახებ დაეწერა. წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად დავდგამდი ინას სცენარის მიხედვით სპექტაკლს. მანამდე კი რთული გზა მქონდა გასავლელი – ერთმანეთის გარეშე გატარებული სამი სემესტრი გვაშორებდა მე და ჩემს მეექვსეკლასელებს, კლასში 28 მოსწავლე, სკოლის ჩქარი რიტმი, რომელიც არაფორმალური გარემოსთვის საჭირო აქტივობებისთვის დროს თითქმის არ გვიტოვებს და ამ ყოველივესთან ერთად ჩემი რთული ოჯახური პირობები – ერთი წლის ბიჭი, რომელიც ძიძას უნდა შეჰგუებოდა.
მიუხედავად ჩამოთვლილი სირთულეებისა, ზურგს ინას სცენარი მიმაგრებდა. სცენარის დაწერას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება, ფაქტობრივად, კვლევაა, რომელიც რამდენიმე გვერდზე დაწურული სახით არის ასახული. ვიცი, რომ ჩემი მკოლეგა, ინა იმედაშვილი, ქართულ ხალხურ ზეპირმეტყველებას ძალიან კარგად იცნობს, რაც მის სცენარსაც ეტყობა, ამასთანავე, კლასს, რომელთანაც სპექტკლის დადგმა გადავწყვიტე, პირველი კლასიდან ვასწავლი და ხშირად ვუკითხავდი ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და ქართულ მითოლოგიას, სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცოდი, რომ წინარე ცოდნის გააქტიურებას სცენარი ხელს შეუწყობდა და ახალ ცოდნასაც დავაგროვებდით.
როლების განაწილება
ისე დაემთხვა, რომ სკოლაში დაბრუნებისას მეექვსეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო თითქმის დასრულებული ჰქონდათ. რადგან გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს სკოლაში დარჩენა სხვადასხვა მიზეზით (წრეები, შიმშილი, დაღლილობა) უჭირთ, გადავწყვიტე, საგაკვეთილო პროცესი დამეთმო სპექტაკლისთვის მოსამზადებლად. სამი კვირა დაგვჭირდა სპექტაკლის დასადგმელად.
როლების განაწილება შემთხვევითობის პრინციპით გადავწყვიტე. ფურცელზე ჩამოვწერე ბავშვების სახელები და მითური პერსონაჟები სცენარიდან. ვფიქრობდი, რომ ამგვარად თავიდან ავირიდებდი რომელიმე მოსწავლის გამორჩევას და სამართლიან გარემოს შევქმნიდით, თუმცა, პირველივე როლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
სპექტაკლის დადგმისას უზარმაზარი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო და მასწავლებლისგან მოითხოვს მყისიერ ჩართულობას, სიფხიზლეს, პრობლემების გადაჭრას, ნდობის გამოვლენას. როგორც დაიწყებ, ისე დაასრულებ – ამაში მტკიცედ დავრწმუნდი. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბავშვებს ვუთხარი, რომ თუკი როლი არ მოეწონებოდათ, შეცვლას, ახალი როლის მოფიქრებას აუცილებლად შევძლებდი. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა რაოდენობის გამო როლები არ აღმოჩნდა საკმარისი. ინას მივწერე და მანაც გამომიგზავნა რამდენიმე მოსწავლისთვის განკუთვნილი როლი, მეც მომიწია 4 როლის მოფიქრება და შესაბამისი სიტყვის დაწერა.
რაც შეეხება პირველ როლს, ეს იყო ღვთისშვილი კოპალა, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ. მითური გმირების შესახებ ქართველ ხალხს ჯადოსნური ზღაპრებიც შეუქმნია. ერთ-ერთი ასეთი ზღაპარია კოპალას შესახებ, რომელიც მესამე კლასში ხმამაღლა წავუკითხე ბავშვებს და მას შემდეგ ძალიან უყვართ. კოპალას როლის მსურველი რამდენიმე ბიჭი აღმოჩნდა, როლი კი მხოლოდ ერთ მათგანს ერგო. ერთ-ერთმა ბიჭმა ძალიან განიცადა, იმ გაკვეთილზევე მასთან მივიდა კლასელი, რომელსაც კოპალას როლი ხვდა წილად და უთხრა, რომ როლს დაუთმობდა. ასე ემოციურად, ცრემლებით, მოულოდნელად და მტკივნეულად დაიწყო სპექტაკლზე მუშაობა. წამოჭრილი პრობლემა თავად ბავშვებმა მოაგვარეს.
ერთი კვირის შემდეგ კითხვა დავსვი, რომელიმე ხომ არ გრძნობდა თავს ცუდად თავის როლში და შეცვლა ხომ არ სურდა. მხოლოდ ერთმა ბავშვმა გამოთქვა როლის შეცვლის სურვილი და იმ დღესვე მოვუძებნე სხვა როლი.
ბოლო კვირას კი ოთხი მოსწავლე გამოგვაკლდა, წინა დღეს – სამი. ესეც თავიდანვე უნდა დავუშვათ და თუკი ამგვარი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, სათადარიგო გეგმა მზად უნდა გვქონდეს. მოსწავლეები თავიდანვე გავაფრთხილე, რომ რეპეტიციების დროს ერთმანეთისთვის ყურადღებით მოესმინათ, რომ თუკი რომელიმე ვერ შეძლებდა სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, სცენარის ცოდნა სხვებს დაეხმარებოდათ და სხვის როლსაც ადვილად გაართმევდნენ თავს. თვითონ სცენარიც იძლეოდა როლების დამატების, გადათამაშების, შეცვლის საშუალებას. ამას მარტივად მოვაგვარებთ, თუმცა, ახლაც, ამ სტატიის წერისას, ჩრდილი ადგება ჩემს გულს იმ ბავშვების გამო, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს კლასთან ერთად ყოფნა.
რეპეტიციები
როლების განაწილების შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე კუთვნილი სიტყვები და ერთი გაკვეთილი დავუთმე ქართული მითოლოგიის შესახებ არსებული ცოდნის გახსენებასა და ახალი ინფორმაციის მიწოდებას. შემდეგ გაკვეთილებზე კი საკლასო ოთახის უკან გადავინაცვლეთ, სკამები რკალად დავაწყვეთ და დაიწყო რეპეტიციების დაუვიწყარი პროცესი. როგორც ზემოთ ვახსენე, შვიდი მოსწავლე გამოგვაკლდა და ამას ძალიან განვიცდი, თუმცა, გულს იმით ვიმშვიდებ, რომ თითოეულმა მონაწილეობა მიიღო რეპეტიციებში და ვფიქრობ, ყოველი გაკვეთილი თუ რეპეტიციისთვის დათქმული შეხვედრა, არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე თავად სპექტაკლის წარმოდგენის დღე.
მასწავლებლის ფსიქო-ემოციური ფონი
სპექტაკლი უზარმაზარი გამოცდაა მასწავლებლის მენტალური მდგომარეობისთვის. ჩემი პრაქტიკული საქმიანობისას დიდ მიღწევად მიმაჩნია ემოციების მართვა, დადებითი განწყობის შენარჩუნება და სკოლაში დაბრუნების ორი თვეც ასევე მშვიდად ჩაივლიდა, რომ არა სპექტაკლი. სამწუხაროდ, კიდევ ერთ ჩრდილი, რომელიც სპექტაკლის გახსენებისას გულში ჩამოწვება ხოლმე, მოსწავლეებთან გამოვლენილი თავშეუკავებლობაა. ხშირად ვსაუბრობ მასწავლებლობის სირთულეებზე. ჩვენს უკან დგას ოჯახი და უამრავი პასუხისმგებლობა. სკოლაში, ერთ სივრცეში, თავმოყრილ ადამიანებს – მოზარდებსა თუ ზრდასრულებს – მუდმივად გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ერთმანეთთან მოსვლამდე ყველას ჩვენი წილი განწყობა, დარდი, სიხარული თუ პრობლემა მოგვაქვს. ასე იყო ერთ დილასაც, როდესაც ჩემი ერთი წლის ბიჭი გამომეტირა და საკლასო ოთახში შესვლისას ჯერ კიდევ მეტყობოდა პერანგზე დაცემული მისი ბუთქუნა ცრემლები. ამას დამატებული სხვა გაკვეთილების ჩატარება, დაღლილობა, ზოგჯერ არასაკმარისი ძილი და მოსწავლეებთან ხმამაღლა ავყვირდი. ვერ ვიტან, საკუთარ თავს რომ ვკარგავ. ხმის აწევის გარეშე კი ქაოსად ქცეული პროცესი კალაპოტს ვერ დავუბრუნე. მოსწავლეებს ბოდიში მოვუხადე და ვესაუბრე, რატომ გამიჭირდა ემოცების მართვა, ბრაზის ვერშეკავება. მთელი სამი კვირის განმავლობაში არასდროს გავღიზიანებულვარ რომელიმე მოსწავლის შეუსაბამო ქცევის გამო და არასდროს მიემართებოდა ერთ მოსწავლეს ჩემი ბრაზი.
სპექტაკლის დადგმიდან მესამე დღეს გაკვეთილზე ბავშვებს გამოხმაურების ბარათები დავაწერინე. ბოლო პუნქტი ამგვარი იყო: რა ეტყოდი ლელა მასწავლებელს?
„იმას, რომ კიდევ დაგვადგმევინოს სპექტაკლი და ყვირილი არაფერია. ყველას აქვს ემოციები და ნებისმიერ დროს შეიძლება, გაბრაზდეს ადამიანი“. – მწერდა 12 წლის ანასტასია და გული გამითბა, ასე რომ მამშვიდებდა.
მუსიკა
სცენარის დაწერა და როლების განაწილების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი მუსიკის შერჩევაა. Souncloud-ზე, სადაც სხვადასხვა ჟანრისა და ქვეყნის მუსიკაა თავმოყრილი, ცალკე მაქვს სიმღერათა ნუსხები, რომლებსაც სპექტაკლების სახელები ჰქვიათ. შეიძლება ითქვას, მუსიკის მოსმენისას პარალელურად ჩემი გონება ახარისხებს საჭირო მოტივებს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც მუსიკას მოუტანია სპეტქაკლის დადგმის განწყობა. ამჯერად შევარჩიე გოგი ძოძუაშვილის, ჯანსუღ კახიძის, ნიაზ დიასამიძის, ქართული ჯგუფის „Ambavi” მუსიკა და რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებიც.
გოგი ძოძუაშვილის კომპოზიცია სახელად „ქართული“ პირველი ღვთისშვილის, ბერი ბუქნაი ბაადურის, გამოჩენისას გაისმა დარბაზში და ვფიქრობ, წარსულიდან გამოხმობილ ღმერთქალებსა და ღვთისშვილებს ზუსტად მოერგო:
https://www.youtube.com/watch?v=eoR25riPhcM
რეკვიზიტები
სცენარში ასახულია, როგორ მოდიან დროის პორტალიდან ქალღმერთები და ღვთისშვილები თანამედროვე ოჯახში, სადაც კერასთან სხედან პაპა, ბებო და მათი ორი შვილიშვილი – ხვთისო და მზექალა. ბავშვებს წარსულიდან გადმოსული გმირები უტოვებენ ჯადოსნურ თილისმებს, რომელთა გამოყენება ბოროტების დასამარცხებლად შეუძლიათ.
ბავშვებმა როლები რომ მოირგეს და კუთვნილი სიტყვა ისწავლეს, მალევე დავიწყეთ რეკვიზიტებისთვის მზადება. დაფაზე ჩამოვწერეთ საჭირო ნუსხა: ნატვრისთვალი, ირმის, მგლისა და ცხენის ფორმა, სარკე, ბროლის ქვა, ვარსკვლავი, ლახტი, დოქი, სანთელი, შემდეგ ჯგუფებად დაყოფილმა კლასმა დაიწყო ხატვა, გამოჭრა. დაგვჭირდა: საღებავები, „პენოპლასტი“, სქელი ფერადი ქაღალდები, ფუნჯები, ნაჭრები.
რაც შეეხება მონაწილეთა ფორმებს, ასეთი რამ მოვიფიქრე: თითოეული პერსონაჟისთვის ვიყიდე ატლასისა და ტიულის სხვადასხვა ფერის ნაჭერი, სქელი თოკი წელზე შემოსარტყმელად და თავსამკაულად. თავის გამოსაყოფი ადგილი იქვე ამოვჭერი, წელზე თოკი შემოვავლე და ბავშვები წარსულიდან გადმოსულ მითურ გმირებს დაემსგავსნენ. მხოლოდ ერთი ჩოხა მოვიძიეთ კოპალასთვის და ოჩოპინტრესთვის. დევებს კი სხვებისგან განსხვავებით, მწერების დამჭერი ბადე შემოვახვიე და ნამდვილი დევებივით უჭირდათ მოძრაობა.
პორტალზე ფიქრმა გადაგვიყოლა. თავიდან მუყაოსგან დამზადებას ვაპირებდით, მაგრამ სცენაზე დამაგრება გაგვიჭირდებოდა. ბოლოს სკოლაში ვიპოვე ფეხბურთის მოძველებული კარი, ამოვიტანე სცენაზე და დაბადების დღის ფერადი „ფარდები“ დავამაგრე. სკოლაში წავიღე ჩემი დიდი ბებიის, კატოს, მოქსოვილი ფარდაგი და სკამებს გადავაფარეთ.
ნაჭრის პოსტერები
ჩვენ სცენას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოხატულმა ნაჭრის პოსტერებმა. კლასისთვის შეძენილი ფარდებიდან მორჩენილი ყვითელ ნაჭერზე მინდია დავხატე და გავაფერადე, “ბიაზის” ნაჭერზე მერვეკლასელმა გოგოებმა – მარიმ და ნინიმ – გამომცემლობა „არტანუჯის“ წიგნის „ქართული მითური გმირები“ ყდა გადახატეს, არშიები კი გააფორმეს თენგიზ მირზაშვილის მინიმალისტური ორნამენტებით, რომლებიც ქართული ხალხური ზღაპრების წიგნიდან გადმოვიტანეთ.
აქვე უნდა აღვნიშნო უფროსკლასელების ჩართულობისა და მხარდაჭერის როლი. რამდენიმე დღე ჩვენთან ერთად იყვნენ მერვეკლასელი მარიამი და ნინი. ჩვენი რეპეტიციების ფონზე სააქტო დარბაზის უკანა ნაწილში ძირს გაშალეს ნაჭერი და უდიდესი გულისხმიერებით დაიწყეს ხატვა. მათ ფუსფუსს მეექვსეკლასელები უყურებდნენ, პირადი მაგალითის ძალის შედეგად, რამდენიმე დღეში უმცროსკლასელებმა გააგრძელეს ნინის და მარის დაწყებული საქმე და დამოუკიდებლად გააფერადეს.
მუსიკის შერჩევის, გადმოწერის და საჭირო დროს ჩართვა-გამორთვა კი მეათეკლასელმა თეკლამ ითავა, კიდევ ერთმა მეათეკლასელმა ნინიმ კი გვაჩუქა რეპეტიციებისა თუ სპექტაკლის ამსახველი ულამაზესი ფოტო-ვიდეომასალა.
მშობელთა ჩართულობა
სცენის გაფორმებისას აქტიურად ჩაერთო რამდენიმე მშობელი. ლიზის დედამ, თამარმა, თავად შეიძინა განათება სცენისთვის, დაამზადა ძალიან ბევრი ქაღალდის ვარსკვლავი და მზე – ყოველივე ეს მეუღლესთან ერთად სპექტაკლის წინასაღამოს ჭერზე ჩამოკიდა; ანასტასიას დედამ, თეონამ, გოგონებისთვის ყვავილების თაიგულების შეძენის იდეა მოგვაწოდა, გადაიღო სპეტქკლი და სრული ჩანაწერი გვისახსოვრა; საბას დედამ, მარიმ, თავის დეიდასთან ერთად ფარდები ჩამოგვიკიდა; თამარის დედა, შორენა და დათოს დედა, ლამზირა, სპექტაკლის დაწყებამდე მეხმარებოდნენ; კიდევ ერთი საბას დედამ, ნუცამ, კი ხმის გამაძლიერებელი მოგვიტანა; ცოტნეს დედამ ოჩოპინტრეს ფორმით გაალამაზა სასცენო ჩაცმულობა; რეპეტიციების დროს ანის, სალომეს და ნუცას დედები ტკბილეულით გვანებივრებდნენ… ამ ჩამონათვალში აუცილებლად გამომრჩებოდა ვინმე და იქნება ისეთი მშობელიც, რომლის ფუსფუსი, ჩართულობა ვერ შევნიშნე, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ იმ მშობლების გულისხმიერება, რომლებმაც დრო გამოძებნეს და დაგვეხმარნენ.
მსგავსი ღონისძიებების გამართვისას საკუთარ თავს დავუწესე, რომ გულშიც კი არ გავივლო საყვედური იმ მშობლებისადმი, რომლებმაც დრო ვერ გამოძებნეს ან, შესაძლოა, ვერც გაბედეს აქტიურობა. მრავალი მიზეზი არსებობს. მე კი არასდროს დამავიწყდება მშობლების ცრემლიანი თვალები და გაცისკროვნებული სახეები, სპექტაკლის მიმდინარეობისას ბავშვების ზურგს უკან მდგომი რომ ვხედავდი. არც ის დამავიწყდება, ტყუპების, დათოს და თაკოს დედა, სპექტაკლის დასრულებისას რომ შემოგვესწრო, რადგან სამსახურის გამო მოსვლა დააგვიანდა. მგონია, რომ შემდეგი სპექტაკლის დადგმისას კიდევ უფრო მეტი მშობელი ჩაერთვება და ბავშვებისთვის დღესასწაულის მოწყობის პროცესში ერთმანეთს შეენაცვლებიან.
ერთი კვირა გავიდა სპექტაკლის დადგმიდან და ახლა ეპიზოდურად მახსენდება, სცენასთან მიდგმული ყვავილებიანი კალათები, მაშხალებიანი ტორტი, სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვების დასაპურებლად მოტანილი ცხელ-ცხელი ლობიანები და ხაჭაპურები, რომელთა შესაძენად მონაწილეობა მიუღიათ იმ ბავშვების მშობლებსაც, რომლებიც სპექტაკლს გამოაკლდნენ. თითოეულ მშობელს, ვისი შრომაც დამეხმარა, ვისი თანადგომაც ვერ შევნიშნე, მაგრამ ჩვენს სპექტაკლზე აისახა და ვისაც სურდა, მაგრამ ჩართულობა ვერ შეძლო, ვუგზავნი უთვალავ მადლობას. სპექტაკლის მზადების პროცესში გამუდმებით მშობლებზე ვფიქრობდი. ეს დღე ბავშვებთან ერთად მათ ეძღვნებოდათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მამების ჩართულობა – ლიზის და გაბრიელის მამებმა სააქტო დარბაზი სპექტაკლის წინადღეს ღამის 23:00 საათზე დატოვეს და მეორე დილას დაგვახვედრეს ულამაზესად გაფორმებული სცენა.
როგორ ავიყოლიოთ ბავშვები?
მუსიკა, რეკვიზიტები, ფორმები, მშობლების თანადგომა აზრს დაკარგავდა, ბავშვების აყოლიება რომ ვერ მომეხერხებინა. ეს მათი პირველი სპექტაკლი იყო სააქტო დარბაზში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე.
ბავშვები დავარწმუნე, რომ სიამოვნება მიეღოთ პროცესისგან და არ ეფიქრათ მოსალოდნელ შეფასებაზე. თუკი თავად გაიხარებდნენ თამაშისას, ამას სხვაც იგრძნობდა. სამი კვირის განმავლობაში თითოეულს ინდივიდუალურად მივეცი უამრავი რჩევა, შევაქე, წინ გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი არ გამომპარვია, მივეცი თავისუფლება, არ ვთრგუნავდი შენიშვნებით; ვთხოვდი, რომ თუ შეძლებდა უფრო ხმამაღლა ეთქვა თავისი სიტყვა, დაეცვა პაუზები და არ ეჩქარა, ხოლო თუ ვერ შეძლებდა ხმის აწევას, ისე ეთქვა, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. გამუდმებით ვახსენებდი, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მათთან ერთად ვცეკვავდი, ვიცინოდი, გულდასმით ვუსმენდი. ამგვარმა მიდგომამ უზარმაზარი შედეგი გამოიღო – სპექტაკლის დღეს ბრწყინვალედ გაართვეს თავი ყველაფერს.
არასდროს დამავიწყდება, რეპეტიციების დროს სიტყვის წარმოთქმისას გაფაციცებული მზერით რომ ეძებდნენ ჩემს სახეზე კმაყოფილებას. ამან მასწავლებლის სახის გამომეტყველების, როგორც განმავითარებელი შეფასების, როლზე დამაფიქრა.
მნიშვნელოვანია კლასის საერთო განწყობაზე მიზანმიმართული მუშაობა, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება: რომ ერთმანეთს უგულშემატკივრონ, თანაუგრძნონ, მოუსმინონს, დაეხმარონ; რომ განასხვავონ დაცინვა და სიცილი ერთმანეთისგან და სიფრთხილით გამოხატონ ემოციები; რომ თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები გამორჩეულია და სპექტაკლი არ არის უპირატესობის მტკიცების საშუალება; რომ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით და ძალისხმევას უფრო უკეთესი მიზნებისკენ მივმართავთ.
ყველა ბავშვის აყოლიება შევძელი. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ თქვა უარი მონაწილეობის მიღებაზე წინა დღეს, პირადმა საუბარმაც არ გაჭრა, დროც აღარ იყო მეტი ქმედებისთვის. ამ ბავშვზე ფიქრი კიდევ ერთი ჩრდილია, რომელიც ჩემს გულს მიადგა და ყველაზე ბევრს სწორედ მასზე ვდარდობ.
სპექტაკლის დღე
როგორც იქნა გათენდა 11 ივნისი, ჩვენი სპექტაკლის დღე. იმდენად ვნერვიულობდი, სკოლამდე გზა ძლივს გავიარე. სააქტო დარბაზში ბავშვების დანახვამ დაღლილობა და ნერვიულობა დამავიწყა. დავიწყეთ რეპეტიცია და შეიძლება ითქვას, ბევრი დეტალი იქვე დავაზუსტეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ თავს შესანიშნავად გაართმევდნენ ბავშვები. მართალია, მეც მათთან ერთად ვიდგებოდი სცენის უკან, მაგრამ ვთხოვე, რომ ტექსტის დავიწყებისას მე არ დამყრდნობოდნენ, უმჯობესი იქნებოდა, თავად შეეცვალათ წინადადება, გამოეტოვებინათ ან ერთმანეთისთვის შეეხსენებინათ. მართლაც ასე მოხდა.
სპექტაკლის დაწყებამდე შევიკრიბეთ გამოსაცვლელ ოთახში, ხელები ერთმანეთს დავადეთ და ხმამაღალი შეძახილით განწყობა შევიქმენით. ხმის გამაძლიერებლის გამო დათქმულ დროს გადავაცილეთ, დარბაზში ცხელოდა, ვიფიქრე, ეზოში ჩავიყვან ბავშვებს, სუფთა ჰაერზე გამოცოცხლდებინ-მეთქი. დავიძარი ღვთისშვილებისა და ქალღმერთების ფორმებში გამოწყობილ ბავშვებთან ერთად გასასვლელისკენ, დარბაზი თითქმის შევსებული იყო და ვიღაცამ გვკითხა, სად მიდიხართო.
თუკი რეპეტიციებისთვის რამდენიმე საათი გვჭირდებოდა, ზუსტად ვიცოდი, სპექტაკლი აუდიტორიის წინაშე მალე ჩაივლიდა. ყველა მომენტი მიყვარს. ბავშვები კულისებში ღელავდნენ. ერთმანეთს ამხნევებდნენ. ჩვენთან ერთად იყვნენ მერვეკლასელი მარი და ნინი და ბავშვებს ეხმარებოდნენ ფორმების მორგებასა და გამოცვლაში. სცენის უკან დაკიდებული ფარდის მიღმა დარბოდნენ აღელვებული ბავშვები, ზუსტად იცოდნენ, ვინ როდის გამოდიოდა და ისმოდა, როგორ უხმობდნენ ერთმანეთს: „ანგელოზების დროა! აბა, ქაჯები მოემზადეთ! დევებო, მზად ხართ?“ თითოეული მონაწილე ჩვენი უცნაური პორტალიდან გადიოდა სცენაზე. ვამშვიდებდი, ფორმას ვუსწორებდი და ისე ვუშვებდი, ზოგჯერ დარბაზს მოვავლებდი თვალს და მშობლების განათებული სახეების დანახვისას ვხარობდი.
სპექტაკლი სულ 37 წუთი გაგრძელდა, ბოლოს ვდარდობდი, რომ მალე დამთავრებოდა. დევების როლში ჩემი შვილი იყო. ვიფიქრე, მეც ჩავალ დარბაზში და სხვა მშობლების მსგავსად რამდენიმე წუთი ვუყურებ-მეთქი. ჩამოვედი და დავჯექი. გამოვიდა ერთი დევი, შემდეგ – მეორე და მესამემ ფეხბურთის კარს, ე.წ. პორტალს, გამოკრა ფეხი. ხმაურით წამოვიდა იატაკისკენ ფეხბურთის კარი. კიდევ კარგი, ბავშვს ასცდა. ისევ ავბრუნდი სცენაზე და ჩემს თავს შევახსენე, რომ მასწავლებელს მშობლის როლის შინ დატოვება გვიწევს. ისე მოხდა, რომ სცენარის მიხედვით პირველი დევი ამბობდა, ადამიანებო, ხომ არ შეგაშინეთო. პორტალის „გადმონგრევაც“ თითქოს სცენარის მიხედვით იყო გათვალისწინებული.
სტუმრები
მშობლების, კოლეგების, ოჯახის წევრების გარდა სპექტაკლზე დასაწრებად საგანგებოდ გვესტუმრნენ ჩემი რაჭველი მოსწავლეები – თამუნა და მარი, რომელთა შესახებ ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები; ეზოში ჩასვლისას გოგოებიც თან გამოგვყვნენ და ჩემი თხოვნით, ბავშვები გაამხსენევს: პროცესით მიიღეთ სიამოვნება და იცოდეთ, რომ ეს დღე არასდროს დაგავიწყდებათო, თქვეს მარიმ და თამუნამ;
კავკასიის უნივერსიტეტის განთლების სკოლის დეკანი, ბატონი ალუდა გოგლიჩიძე, გვესტუმრა და ძალიან გამიხარდა, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად დროის გამოძებნა რომ შეძლო. ბატონი ალუდა ჩემი ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტში და მისი ზრუნვა სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალი მასწავლებლები არიან, მის ირგვლივ მყოფთათვისაც გადამდებია.
სკოლიდან, რომელიც მე დავამთავრე, გვესტუმრნენ რუსუდან ტატიშვილი და შორენა მელაძე -დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. მათი საქმიანობა, პროფესიისადმი დამოკიდებულება და თანადგომა ჩემთვის დიდი სტიმულია.
გიორგი კივილაძე „მთიელი წიგნების“ გუნდის წევრია. რამდენიმე წელია, სოფელ-სოფელ მეგობრებთან ერთად დადის და ამასობაში თითქმის მთელი საქართველო მოიარა, ოცი ათასი წიგნი დაარიგა ჩვენი ქვეყნის სოფლებში მცხოვრებ ბავშვთან. ბავშვებისა და წიგნების გულშემატკივარი გიორგის სტუმრობა ბავშვებს ძალიან გაუხარდათ. ბოლოს დარბაზი ყველამ რომ დატოვა, ჩვენ რეკვიზიტებს ვაგროვებდით, გიორგიმ დაიარა და სათითაოდ გაასწორა დარბაზში ყველა სკამი.
დარბაზში იყვნენ ჩემი მოსწავლეები, მათი მშობლები და იქ იყო საბინა, 9 წლის აზერბაიჯანელი გოგო, ჩემი პატარა მეგობარი, რომელიც საგანგებოდ მოვიწვიე და ისიც სიხარულით მოქროლდა;
კიდევ ერთი განსაკუთრებული სიხარულად მექცა ჩემი ბავშვობის მეგობრის, მაიკოსა და ჩემი ნათლულის, მართას, სტუმრობა.
ზუსტად ვიცი, თითოეული სტუმარი ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. ძალიან დასაფასებელია, როდესაც დროს გითმობენ და შენს სიხარულს იზიარებენ.
სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ჩამოვწერე სპეტქაკლის დადებითი მახასიათებლები:
- თანამშრომლობითი უნარების განვითარება – კლასის გუნდად ყალიბდება;
- შემოქმედებითობა – იდეები შენ თვალწინ იბადება, თითქოს ხელს ჰკიდებ და ამიწებ, თვალსაჩინოს ხდი და ამას ეჩვევიან ბავშვებიც, რომლებიც მარტივად ისრუტავენ ყველაფერს;
- პრობლემების გადაჭრის გზების მყისიერი პოვნა და ერთმანეთის დაყენება ამ გზებზე;
- ცოდნის შეძენა – სცენარი სიახლეებს სთავაზობს გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც შემდეგ აუდიტორიას გადასცემს ცოდნას;
- ეფექტური მოსმენა – უსმენ სხვებს, ამის გარეშე შენ როლს ვერ მოირგებ, ვერ ითამაშებ;
- კინესთეტიკურ შესაძლებლობების გამოვლენა – მოძრაობა და ქორეოგრაფიული სცენები სხეულს აფხიზლებს, ენდროფინები ჭარბად გამოიყოფა;
- იმპროვიზაცია – მუდმივად მზად ხარ ცვლილებებისთვის და ხშირად გუნდის თითოეული წევრი თავად მთავაზობდა უკეთეს იდეას;
- საკუთარი თავის რწმენა გიღვივდება;
- სხვის ნდობას სწავლობ;
- ლიტერატურა, მუსიკა, ცეკვა, ხატვა გემოვნებას ხვეწს და ბავშვებს კულტურას აზიარებს;
- ფანტაზია ვითარდება;
- ფორმების შექმნა სივცულ აზროვნებას აფართოებს, კეთების, შექმნის პროცესი დადებითი ენერგეტიკით მუხტავს გარემოს;
- მეტყველება უმჯობესდება – ხვდებიან ინტონაციის, პაუზის როლს;
- სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში სიხარული შეგაქვს;
- დაფარული შესაძლებლობების გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ – ამას თავად ბავშვებიც ხვდებიან და აღნიშნავენ;
- ერთმანეთის აღიარებას ეჩვევიან;
- თითოეული მოსწავლის როლის გააქტიურება – სასკოლო საზოგადოებას ბავშვებს აჩვენებ სხვა პერსპექტივით;
- მშობლებისთვის სკოლის როლისა და სასკოლო ღონისძიების მნიშნელოვნობის წარმოჩენა;
- მყისიერი გადაწყვეტილებების ქარბორბალაში ტრიალი – ეს კი სწორედ ის არის, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, ვგულისხმობ, სწავლის უმთავრეს მიზანს – ბავშვის ცხოვრებისთვის მომზადებას;
- სიხარულის ჩუქება ერთმანეთისთვის;
- ღირებულებებითი სწავლება – ჩვენი სპექტაკლის სცენარის მთავარი გზავნილი წარსულის ცოდნასთან ერთად ის იყო, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ამის ჩვენს წინაპრებს სწამდათ.
სპექტაკლის ბოლოს ქაჯები თავს დაესხმიან ღვთისშვილებს. პაპა და ბებო ბავშვებს სთხოვენ იდეის მოფიქრებას. ხვთისო და მზექალა ამბობენ, ქალღმერთებისა და ღვთისშვილების მიერ ნაჩუქარი ჯადოსნური ნივთები გამოვიყენოთო. ბოლოს ბერი ბუქნაი ბაადურის მიერ ნაჩუქარ ნატვრისთვალს ჰაერში აისვრიან და იტყვიან, ნატვრისთვალო, ნატვრით გინატრებ და ნატვრა შეგვისრულე, ადამიანების გულები სიკეთით აავსეო. ჩვენს ქვეყანას და შემდეგ მთელ დედამიწას, როგორც ეს ნიაზ დიასამიძის სიმღერაშია, ვუსურვებ სიკეთით ავსებას.
გამოხმაურების ბარათები
ამ ვრცელი სტატიის ბოლოს კი გთავაზობთ ამონარიდებს გამოხმაურების ბარათებიდან, რომლებიც სპექტაკლიდან მესამე დღეს შეავსეს.
- მომიყევი ისეთი რამ, რაც მე ვერ ევნიშნე და გსურს, რომ ვიცოდე:
„მე ჩემი სიტყვის დროს უნდა მეთქვა: „თუ მონადირეები პატივს მცემენ, ფრთებიც მაქვს“ და ფრთების მაგივრად რქები ვთქვი“. – ანასტასია
„მე და დაჩი როდესაც „ვჩხუბობდით“, ხელებს რომ ვიქნევდით ცეკვის დროს, ხელების ქნევა ერთად დავიწყეთ და ორივემ ხელი სახეში გავირტყით“. – თედო
„დევის როლიდან პაპაზე რომ გადავდიოდი, წინდები არასწორად ჩავიცვი და ფეხსაცმელებიც“. – გაბრიელი
„ქაჯები რომ ვითომ მოვკვდით და რომ დავწექით, ნუცა დარჩა და ვეძახოდით ყველა, მოკვდითო“. – სალომე
„როდესაც ჩემი გამოსვლა იყო, ლამის მთლიანი სცენარი ვთქვი და არა – შემოკლებული“. საბა
„ანდრიამ ჩუმად რომ ხმალი აიღო წრეზე ტრიალის დროს“. – ცოტნე
„საბამ ჩემი ხმალი ჩუმად კულისებში შემომაწოდა“. – დაჩი
„სცენაზე რომ ვიყავი, შემთხვევით ცეკვის დროს ჩუსტი გამძვრა, მაგრამ არავის შეუმჩნევია“. თამარი
„ტექსტში, რომელიც უნდა მესწავლა, მანდ ჯადოსნურის ნაცვლად ჯადონური ეწერა“. – ლუკა
„სანამ დაიწყებოდა სპექტაკლი, ბავშვები ფარდებიდან იხედებოდნენ, მე კი ხელით ვეუბნებოდი, რომ უკან შეეყოთ თავები“.- ლიზი
„ის, რომ ქაჯების დროს მე არ დავწექი და ამ დროს სალომე მეჩურჩულებოდა, მოკვდი, ქალო, მოკვდიო“. – ნუცა