მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსფერულ სწავლებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ერთდროულ განვითარებას.
ისტორიისა და ხელოვნების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალებაა ინტეგრირებული სწავლებისთვის. როგორია ამ გაერთიანების კონკრეტული საფუძველი?
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტი საშუალო საფეხურზე გულისხმობს პროექტულ სწავლებას. პროექტების ტიპებს შორის არის საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაციაც, რომელიც:
- შინაარსისა და ფორმის მიხედვით მოიაზრებს ხელოვნების ნიმუშების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლასაც (არის თუ არა შენარჩუნებული);
- დავალება ფორმის მიხედვით შეიძლება წარმოდგენილი იყოს კვლევის შედეგების პრეზენტაციის ან მოხსენების ფორმით; ბუკლეტის, ვებგვერდის, ფლაერების სახით, ან შესაძლებელია გამოფენის მოწყობაც;
- ინტეგრაციის კუთხით მოსახერხებელია საზოგადოებრივ მეცნიერებებთან (ისტორია) ინტეგრირება, რაშიც იგულისხმება:
- ხელოვნების ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ ფაქტებთან და მოვლენებთან, მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებსა და მოვლენებზე საკუთარი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით.
2. საგნობრივი სტანდარტით, თემატურ ბლოკში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ერთ-ერთი მიმართულებაა „საზოგადოება და ხელოვნება“, რომელიც მოიაზრებს მოსწავლეების მიერ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, რომელიც ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილისთვის საუკეთესო მოცემულობას წარმოადგენს.
ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირება ერთიანი სასწავლო აქტივობით აერთიანებს როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე მის ვიზუალურ გააზრებას. ეს კი მოსწავლეებში ემოციური კავშირის ფორმირებასაც უწყობს ხელს და პროექტში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასაც უზრუნველყოფს.
მაგალითი:
ინტეგრირებული პროექტი-გაკვეთილი ისტორიასა და ხელოვნებაში: „შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“
საფეხური – საშუალო
კლასი – X
ინტეგრირებული პროექტი-გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა განივითარონ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, შეისწავლონ ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – პარხლის ტაძარი და ხელოვნების საშუალებით გააცოცხლონ ისტორიული წარსული
საგნობრივი შედეგები: ხელოვნება: ს.გ.საშ.1.; ისტორია: ისტ.საშ.5.6.
პროექტი-გაკვეთილის ეტაპები:
- ისტორიის მასწავლებლის მინი-ლექცია/ინფორმაციული ბლოკი: პარხლის ტაძრის ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა: ისტორია, ვინ ააშენა, რომელ ეპოქას მიეკუთვნება, რას მიგვანიშნებს არქიტექტურული სტილი, როგორია ძეგლის თავგადასავალი. ამ ეტაპზე აქტიურად გამოიყენება ნარატიული და ვიზუალური მასალები, მათ შორის ვიდეომასალები ტაო-კლარჯეთზე;
- ხელოვნების მასწავლებლის პრეზენტაცია/ვიზუალური ანალიზი: ტაძრის ფოტოების, ესკიზებისა და გეგმარების განხილვა, არქიტექტურული დეტალების იდენტიფიცირება. პრეზენტაციაში ჩაშენებულია არქიტექტურული რუკები, ფართო ვიდეო-მასალები;
- მოსწავლეთა საქმიანობა გაკვეთილზე/შემოქმედებითი პრაქტიკა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და ქმნიან პარხლის ტაძრის მაკეტს ხელმისაწვდომი მასალებით (ქაღალდი, მუყაო, თიხა და სხვ.) და აკეთებენ გამოფენას/ მათ შორის ფოტოგამოფენას;
- რეფლექსია და პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის მაკეტს, შემოქმედებით პროდუქტს და აღწერს კიდეც შესრულებულ სამუშაოს.
აღნიშნული ტიპის პროექტი-გაკვეთილი წარმოადგენს ინტეგრირებულ სწავლებას, რომელიც შეიცავს დიფერენცირებული ინსტრუქციებს და ამ კუთხითაც ერთობ პროდუქტიულია შედეგის თვალსაზრისით.
მიღებული შედეგი: მოსწავლეთა პრაქტიკული შემოქმედებითი სამუშაოს შედეგად:
- შეიქმნა პარხლის ტაძრის მაკეტი
https://drive.google.com/file/d/18uJASvVi-nlE7ZHsNeuCQjbqGSZupVPL/view?usp=sharing;
- მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის ფოტოგამფენაც;
- მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და გააკეთეს თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც.
ზოგადი შედეგების მიხედვით, აღნიშნულმა პროექტ-გაკვეთილმა აჩვენა, რომ ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრაცია ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამყარებს კულტურულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იდენტობას და ავითარებს როგორც შემეცნებით, ისე პრაქტიკულ უნარებს. ტაძრის მაკეტის შექმნის პროცესში გაძლიერდა ჯგუფური მუშაობის, სივრცობრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის უნარი.
პარხლის ტაძრის მაკეტის შექმნა გახდა არა მხოლოდ ვიზუალური პროდუქტი, არამედ ღირებული საკლასო გამოცდილება, რომელმაც გააერთიანა ცოდნა, ემოციები და შემოქმედებითი შესაძლებლობები.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ინტეგრირებული სწავლების სტრატეგიებმა, გააერთიანა რა ისტორიული მასალა და ხელოვნება, ხელი შეუწყო კომპლექსური და ღირებულებაზე ორიენტირებული ცოდნის ფორმირებას, მოსწავლეთა მოტივაციას და აკადემიური შედეგების გაზრდას.