მეცხრამეტე საუკუნის ქართულ გრამატიკოსებთან აქტუალური იყო ბრუნვათა რაოდენობისა და ფორმების გადაწყვეტის საკითხი. შეინიშნებოდა სიჭრელე და მრავალფეროვნება, რაც ქართული პრესის ფურცლებზე კამათის და სჯა-პაექრობის საგანიც კი გამხდარა. ამ პერიოდისთვის საბოლოოდ არ იყო დადგენილი ბრუნვათა რაოდენობა.
1886 წლის „ივერიის“ მე-17 და მე-18 ნომრებში გამოქვეყნებულია ქართველი განმანათლებლის, მიხეილ ნასიძის (1859-1935) წერილი „ორი საგრამატიკო საგანი“, რომელიც ძირითადად ბრუნვათა რაოდენობის საკითხს ეხება. ავტორი სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილავს ანტონ კათალიკოსის, სოლომონ დოდაშვილის, პლატონ იოსელიანის, დიმიტრი ჩუბინაშვილის გრამატიკებს და, დასასრულ, ჩერდება დიმიტრი ყიფიანის გრამატიკაზე, რომელშიც ბრუნვათა რაოდენობის საკითხი საგრძნობლად გამარტივებული სახითაა მოცემული.
მიხეილ ნასიძის შენიშვნით, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკაში[1] ბრუნვათა რაოდენობა ოთხამდეა დაყვანილი. წარმოდგენილია მხოლოდ სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი და მოთხრობითი ბრუნვები. მოქმედებითი, მიმართულებითი და წოდებითი თანდებულიან ბრუნვებად არის მიჩნეული და ბრუნვათა რიგში არ არის შეტანილი. ბრუნვათა შორის აღარ გვხვდება აგრეთვე ზოგიერთი ფორმა (შემასმენლობითი, დაწყებითი…), რომლებიც ზოგ ქართულ გრამატიკაში ბრუნვებად იყო გაფორმებული.
შემასმენლობითი ბრუნვის უარყოფისას მ. ნასიძე იზიარებს დ. ყიფიანის დასაბუთებას, რომ ეს ბრუნვა სახელობითს ჰგავს და იმავე კითხვაზე უპასუხებს, რომელზედაც სახელობითი; მაგრამ ეს საბუთი მ. ნასიძეს საკმარისად არ მიაჩნია შემასმენლობითის გასაუქმებლად. „იტალიურს ენაშიაც თურმე შემასმენლობითი ბრუნვა ყოველთვის ჰგავს სახელობითს, მაგრამ იმათ არ დაუნახავთ საჭიროდ, იგი გაეუქმებინათ“, – წერს ის. მ. ნასიძის მიხედვით, შემასმენლობითი დიდ სამსახურს ეწევა წინადადებათა სინტაქსურად განხილვის დროს, მაგრამ ჩვენი ენის თვისება ისეთია, რომ შემასმენლობითი აქაც უქმობს. რუსულში ქვემდებარე მარტო სახელობით ბრუნვაშია, ქართულში – სახელობითში, მიცემითსა და მოთხრობითში. მ. ნასიძის თქმით, შემასმენლობითი ბრუნვა აუცილებელია ზოგიერთ ენაში საქვემდებარო ბრუსნვისაგან გასარჩევად.
საკმაოდ ვრცელ წერილში „ახალი გზა-კვალი ქართული გრამმატიკის კვლევა-ძიებისა“ კ. დოდაშვილი შეეცადა, ახლებურად დაესვა ქართულში სახელთა ბრუნებისა და ზმნის უღვლილების საკითხები. ავტორმა წამოაყენა დებულება, რომ ქართულში სახელისა და ზმნის ფორმები ელემენტთა „ასხმა-აკინძვის საფუძველზეა აგებული. „აგგლომერაცია ელემენტებისა“ ანუ, ელემენტების „ასხმა-აკინძვა“, ავტორის აზრით, ქართული ენის უმთავრეს თვისებას შეადგენს.
კ. დოდაშვილი აღნიშნავს, რომ ბრუნვათა საკითხი სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი ქართველი გრამატიკოსების მიერ. იგი ასახელებს რვა ფორმას და გამოყოფს ბრუნვის ნიშნებს:
სახელობითი მამა (ი) კაც-ი ი
ნათესაობითი მამა-სი კაც-სი სი კაც-ის
მიცემითი მამა-სა კაცსა სა
მოთხრობითი მამა-მან კაც-მან მან
მოქმედებითი მამა-თი კაცთი თი კაც-ით
ცვალებადი მამა-(ა)დ კაცად ად
ხმობითი მამა-ო კაციო ო
შემასმენლობითი როგორც სახელობითი.
ამათგან, კ. დოდაშვილის აზრით, ბრუნვაა შვიდი. მაგრამ ავტორი შემასმენლობითს კი არ გამორიცხავს ბრუნვათა წყებიდან, არამედ მოთხრობითს.
მოთხრობითი ბრუნვა წარმოადგენს იმავე საბელობითს, ოღონდ მან ნაცვალსახელის დართვით. ავტორის თქმით, ეს ბრუნვა სინტაქსური საჭიროებითაა შემოღებული ქართულში და შემასმენლობითი ბრუნვით არის შეპირობებული: „ენას თავის განვითარების დროს საჭიროდ უცვნია სახელობით ბრუნვაში არსებითი სახელისათვის მოემატებინა ნაცვალ-სახელი „მან“ იმ შემთხვევაში, როდესაც წინადადებაში ზმნას მოსდევს შემასმენლობითი ბრუნვა… ეს არის სინტაქსური შემოღება და სრულიადაც არ შეადგენს ეს ფორმები ცალკე ბრუნვებსო[2].
კვლავ ბრუნვათა რიგში მოექცა „შემასმენლობითი“ თ. ჟორდანიას გრამატიკაში[3]. შემასმენლობითი გამორიცხულია ბრუნვათა შემადგენლობიდან ყველა ავტორის მიერ, მაგრამ მისი გამორიცხვა ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში სათანადოდ დასაბუთებული არ ყოფილა, არ ყოფილა გათვალისწინებული ქართული ენის თავისებურებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის შემასმენლობითის არსებობას ქართულში.
ნია აბესაძის[4] აზრით, ქართული ენის ბრუნვათა თავისებურებები კვლევის იმდროინდელ დონეზე ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ გამორკვეული: ყურადღებას არ ამახვილებდნენ ქართული ენის აგებულების იმ თავისებურებაზე, რომ მისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ბრუნვა – მოთხრობითი, ბრალდებითის (შემასმენლობითის) არსებობა კი შეუძლებელია.
მოდი, ეს საკითხი აქ უპასუხოდ დავტოვოთ.
[1]იხ. „ახალი ქართული გრამმატიკა“ დიმიტრი ყიფიანისა, 1882, სანკტ-პეტერბურღი. http://openlibrary.ge/bitstream/123456789/6769/1/Akhali%20Gramatika%20Kipiani-1882.pdf
[2] 1. კ. დოდაშვილი, ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევაძიებისა, „მოამბე“. 1894, # 4, გვ. 116.
[3] თ. ჟორდანია, ქართული გრამატიკა, ტფილისი, 1889,
[4]ნ. აბმსაძე, გრამატიკის საკითხები XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში. საქართვილოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომციმლობა“, თბილისი, 1960.