სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

გენერლის წიგნი

თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ თუ სამხედრო ფიგურებს, სოციალურად აქტიურ პირებს წერა არ უყვართ. ჩვენი საუკუნის მემუარული ლიტერატურა მაინცდამაინც მდიდარი არ არის. ბევრი სიზარმაცის გამო არ აქვეყნებს თავის მოგონებებს, ბევრი უბრალოდ გულწრფელი არ არის, არაერთ ამბავს საგულდაგულოდ მალავს და შედეგიც არასახარბიელო გამოდის. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ჩართულ კამერასთან მრავალსაათიან საუბარს შეუძლია კარგად ჩამოყალიბებული ტექსტის ჩანაცვლება.

თუმცა, მთლად უიმედოდაც არ არის საქმე. ხანდახან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ტიტანურ შრომას გასწევენ ხოლმე და საზოგადოებას გამონაკლისის სახით შესთავაზებენ თავიანთ ნაშრომს.

რამდენიმე კვირის წინ მაღაზიის დახლზე აღმოვაჩინე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ გია ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული თხზულება „სამშობლოს ამარა“, რომელიც 1989-1992 წლებში განვითარებულ მოვლენებს აღწერს. ცხადია, გულგრილად ვერ ჩავუარე ახალ გამოცემას და რამდენიმე სასიამოვნო საღამოსთვის მოვემზადე. რა სტილშიც არ უნდა ყოფილიყო დაწერილი წიგნი, მრავალი საინტერესო ამბის აღმოჩენის იმედს მაინც არ ვკარგავდი.

წიგნის წაკითხვის შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩემი ამგვარი დამოკიდებულება სამმა ფაქტორმა განაპირობა:

გია ყარყარაშვილი დეტალურად აღწერს საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნებასთან დაკავშირებულ არაერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომლის მნიშვნელობა და შინაარსი ჩემს თაობას გააზრებული და გათვითცნობიერებული არ აქვს. მაგალითად, გენერალი უშუალო მონაწილის პერსპექტივიდან გვაცნობს საქართველოს სამხედრო-შეიარაღებული ძალების შექმნის ურთულეს, სევდიანი ღიმილის მომგვრელი ამბებით დახუნძლულ პროცესს.

როგორი იყო ქართული არმიის პირველი ნაბიჯები?

საბჭოთა არმიაში ქართველი ჯარისკაცები იშვიათად მსახურობდნენ ელიტურ ქვედანაყოფებში. ჩვენი თანამემამულეები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ სერიოზული სამხედრო სტრუქტურებისთვის, ნაკლებად ზრუნავდნენ მწყობრი და ხანგრძლივი სამხედრო კარიერისთვის. ბევრი ახალგაზრდა მაღალი რანგის ბატალიონებში სამსახურის ნაცვლად სამშენებლო რაზმებში აღმოჩენას ესწრაფოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამორჩეულ ბატალიონში ჩარიცხვის შემთხვევაშიც კი „ქართველს საბრძოლო ნაწილში მსახურება დიდად არასდროს ეპიტნავებოდა.  იმ დროს, როდესაც სსრკ-ის სხვადასხვა კუთხიდან გაწვეული ჯარისკაცები სამხედრო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იმტკიცებდნენ, „ხლებარეზკასა“ და „კაპტიორკაში“ (პურის საჭრელი და საწყობი სათავსოები) მოკალათებულ ქართველებს იოლი შრომით გაჰყავდათ „მისჯილი“ მოსაწყენი ორი წელი“. მაშასადამე, დაბადების მომენტში ქართული არმია გვერდს ვერ აუვლიდა პროფესიონალური კადრების დეფიციტს.

მომავალი ქართული არმიის პირველი სამხედრო მოსამსახურეები ძალიან გაბედული და თავგანწირული ადამიანები იყვნენ. გენერალი ყარყარაშვილი დაწვრილებით აღწერს ეროვნული მოძრაობის ზეობის ხანაში წარმოქმნილ კონფლიქტებს ქართველ ჯარისკაცთა და მათ მეთაურთა შორის. მეთაურებთან კონფლიქტის გამო ისინი საბჭოთა კანონების დარღვევით ტოვებდნენ გარნიზონებს, ცდილობდნენ ერთმანეთის მოძებნას და საქართველოს მხედრობის პირველი უჯრედების ჩამოყალიბებას. მათ თავზე მუდმივად ეკიდა დამოკლეს მახვილი, საბჭოთა მთავრობა შენაერთებიდან წამოსულ ჯარისკაცებს დეზერტირობაში სდებდა ბრალს და ნებისმიერ დროს შეეძლო მათი დაკავება.

გაფიცულ ჯარისკაცების დაბინავებას, მათთვის ახალი სივრცის შექმნას ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ. მაგალითად, გია ყარყარაშვილი, რომელიც ახალციხეში ჯარისკაცთა გაფიცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო და სამხედრო ბანაკში რუსი მაღალჩინოსნის მიერ ქართველი მოსამსახურის სასტიკად ცემას აპროტესტებდა, საჩხერის რაიონის სოფელ კვერეთში მიიწვია თემურ ქორიძემ, „მრგვალი მაგიდის“ მთავარმა მესიტყვემ. კვერეთში ჩასული ჯარისკაცები პიონერთა ბანაკში დაბინავდნენ და იქ დაიწყეს ქართული ჯარის ჩანასახის განვითარება. ერთი სიტყვით, პიონერთა ბანაკები და საფეხბურთო ბაზები მთავარ ასპარეზს წარმოადგენდნენ საქართველოს მომავალი სამხედრო-შეიარაღებული ძალებისთვის.

ქართული ჯარის საფუძველს სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ შეკოწიწებული დაჯგუფებები ქმნიდნენ. ჩემმა სტუდენტებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა პარტიას თავისი პარამილიტარისტული ჯგუფი ჰყავდა („მრგვალ მაგიდას“ ექვემდებარებოდა „თეთრი გიორგი“, „ფარი“, „ავღანელთა კავშირი“, „შევარდენი“, „კოსტავას საზოგადოების რაზმი“; „სახალხო ფრონტს“ სამხედრო ფორმირება „იმედი“, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის შეიარაღებული მომხრეებისგან შეიქმნა „შავი ავაზა“ და ა.შ.).

ზოგიერთ რაზმს კომიკური ისტორიაც კი ჰქონდა. მაგალითად, გენერალი ყარყარაშვილი მოგვითხრობს 1980-იანი წლების მიწურულს საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ჩამოყალიბებულ  „ფლორისა და ფაუნის დაცვის საზოგადოებაზე“, რომლის წევრებიც დასაკეცკონდახიანი კალაშნიკოვებით იყვნენ შეიარაღებულნი და „ქართული ჯარის“ სტრუქტურაში თავისი ადგილის მოპოვებას ცდილობდნენ. თურმე აღნიშნულ რაზმს ხუმრობით „ჩიტი-გვრიტოსაც“ კი უწოდებდნენ. ბუნებრივია, ამ არაჩვეულებრივ პალიტრაში თავიანთი მკვეთრი ტონალობა შეჰქონდათ „მხედრიონელებს“.

რითი იყვნენ შეიარაღებულნი მაშინდელი ქართველი ჯარისკაცები? ცხადია, თბილისში განლაგებული ამიერკავკასიის საბჭოთა ბატალიონები, მათი გაერთიანებული შტაბი წარმატებით ვაჭრობდა ათასი რჯულის ფორმირებასთან და სხვასხვა ტიპის მოგების სანაცვლოდ ადვილად ყიდდა არც თუ ისე ახალ ტექნიკას, მაგრამ საბჭოთა ჯარების შტაბბინის „წყალობა“ საკმარისი მაინც არ იყო. მომავალი გენერლები თბილისის სკოლებში დადიოდნენ, სამხედრო კაბინეტებიდან სათითაოდ კრეფდნენ ლულაგახვრეტილ, სასწავლო ავტომატებს, შემდეგ კი არემონტებდნენ მათ და ასე ამარაგებდნენ თანამებრძოლებს.

ჩემს თანატოლებს შორის არავინ იცის, თუ რას ნიშნავს „დოსააფი“? შემოკლება ამგვარად განიმარტება: Добровольное обшество содействия армии, авиации и флоту – არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობი მოხალისეობრივი საზოგადოება. „დოსააფი“ საბჭოთა კავშირში სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სტრუქტურა გახლდათ, რომელიც ერთგვარი რეზერვის ფუნქციასაც ითავსებდა. საზოგადოება აორგანიზებდა ლაშქრობებს, სპორტულ შეჯიბრებებს, „სანახაობებს სამხედრო-გამოყენებით სახეობებში“. მათ კარგი შენობები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზები ჰქონდათ, განვითარების მორიგ ეტაპზე პირველი ქართული რაზმები პიონერთა ბანაკებიდან „დოსააფის“ სივრცეებში ინაცვლებდნენ.

გია ყარყარაშვილის ცოცხალი თხრობის გარე ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა აბსურდთან დაპირისპირებული იდეალიზმი, რომელმაც ქართულ ჯარის კონტურების გამოკვეთაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

გენერლის წიგნში საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მთავარ ქარტეხილს გადააწყდებით. ავტორი პირუთვნელად განიხილავს აფხაზეთსა და ცხინვალში განვითარებულ ამბებს, სამოქალაქო ომის სხვადასხვა ეტაპებს, გვაცნობს ყველა მნიშვნელოვან ფიგურას – გამსახურდიას, შევარდნაძეს, იოსელიანს, კიტოვანს…

მსჯელობის დროს ყარყარაშვილი ერთ უიშვიათეს თვისებას ავლენს, თვისებას, რომლის აღმოჩენა თანამედროვე ავტორებს შორის ძალიან ძნელია. გენერალი უკიდურესად თვითკრიტიკულია და გულწრფელად, პირდაპირ გვიყვება საკუთარი სისუსტეებისა თუ ნაკლოვანებების შესახებ.

მაგალითად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხშირად მიგვანიშნებს, რომ სამხედრო მეთაურობის პერიოდში ძალიან ახალგაზრდა, სულ რაღაც 25 წლის იყო; არ ჰქონდა კარგი პოლიტიკური განათლება, ძნელად უსხლტებოდა პოლიტიკოსთა მიერ დაგებულ მახეებსა და მათ მიერ ორგანიზებულ ინტრიგებს. ყარყარაშვილი შეულამაზებლად გვიზიარებს ცნობებს გადამწყვეტ მომენტებში თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მე იშვიათად მინახავს ქართველი ავტორი, რომელიც აღიარებს, რომ მერყეობდა, შეეშალა, ვერ გათვალა. მაგალითად, გია ყარყარაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ არ იცოდა სამოქალაქო ომის დაწყებამდე რომელ მხარეს დამდგარიყო. შეეძლო თბილისის ზღვაზეც გახიზნულიყო, შემდეგ კი ცხინვალში სამთავრობო ძალებთან ერთად ებრძოლა. მას გადაწყვეტილების მიღება თბილისის ომის დაწყების დროსაც უჭირდა, გვიან გაერკვა, თუ რომელ მხარეს უნდა ებრძოლა და თან მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ყოფილა თავისი არჩევანით.

გენერალი ბევრ რამეს ნანობს, მათ შორის აფხაზეთში ჩატარებული ოპერაციის მიწურულს, მდინარე ფსოუს ნაპირზე წყლის დალევას და იქ წარმოთქმულ სიტყვას.

ყარაყარაშვილი არავის განიკითხავს, არავის ესხმის თავს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც წიგნის ფურცლებზე ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდის მიზანმიმართულ გაყალბებაში ადანაშაულებს „მხედრიონის“ ლიდერია.

წიგნის კიდევ ერთი ღირსება ის გახლავთ, რომ ახალი ადამიანების აღმოჩენაში გვეხმარება. სამწუხაროდ, ზოგიერთ თავდადებულ ფიგურას მხოლოდ მისი ახლობლები იცნობენ ან მათი სახელი მხოლოდ ერთი რაიონის მასშტაბით არის ცნობილი. გია ყარყარაშვილი ყველა დიდი თავგადასავლის მონაწილეს პირადად გვაცნობს, მათი პიროვნული თვისებებისა თუ განცდების შესახებ გვიყვება, წარმოაჩენს მათ განწყობებს, მათ გმირობას. ღირსეული ადამიანების წვლილის წარმოჩენით ავტორი პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას და გმირთა სახელებს უნახავს მომავალ თაობებს.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებდი წიგნიდან. თენგიზ კიტოვანი კანცელარიაში, თავის კაბინეტში ატარებს თათბირს, სამხედრო მეთაურებთან ერთად განიხილავს აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შესვლის პერსპექტივას, ეცნობა პირადი შემადგენლობის მდგომარეობას. „თითქოს სამეფო ნადირობაზე ეპატიჟებოდნენ, სამხედრო მეთაურებმა მინისტრის განკარგულება ჩვეულებრივად, შეუწინააღმდეგებლად მიიღეს … გაოგნებული ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი: უახლოესი წარსულის მწარე გამოცდილება, დაღვრილი სისხლი დავიწყებოდათ და ვერ აცნობიერებდნენ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ გადაწყვეტილებას“.

კიტოვანის გადაწყვეტილებას უამრავი სამხედრო ლიდერიდან მხოლოდ სამი მეთაური შეეწინააღმდეგა – თავად გია ყარყარაშვილი, ტარიელ შარიფაშვილი და ჯემალ ჭუმბურიძე.

წიგნის თითქმის ყველა ფურცელზე აღმოაჩენთ ახალ-ახალ პერსონაჟებს, რომლებიც სხვების დუმილისა თუ შიშის ფონზე მყარად იდგენენ ფეხზე და უკან არ იხევდნენ.

***

წიგნს სხვა უამრავი ღირსება აქვს. იშვიათად მინახავს ქართული გამოცემა ასეთი გამართული სქოლიოებითა და კარგად გააზრებული, ზუსტი სტრუქტურით. ერთი სიტყვით, უახლესი ისტორიის გააზრებისთვის ჩვენს მასწავლებლებს კიდევ ერთი წყარო შეემატათ. თან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ „სამშობლოს ამარა“ ყარყარაშვილის მემუარების პირველი ნაწილია, წინ კიდევ ორი ტომი გველის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“