ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
5 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2025

ფსი­ქიკუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობლემები ახალგარდებში – როგორ დავეხმაროთ მათ?

0

გაეროს ბავშვთა ფონდის ახლახან გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ახალგაზრდების უნარებსა და საჭიროებებს იკვლევს, აჩვენა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, ფაქტისა და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გამიჯვნა, არგუმენტირებული მსჯელობა და, საზოგადოდ, განათლებისა და ცხოვრების ხარისხი, თუმცა 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აღელვებთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და ის, რომ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

ამ კვლევის მიხედვით:

 

  • ახალგაზრდები ინფორმირებული არიან ფსიქიკური პრობლემების რისკებზე, თუმცა საკითხის ცოდნა შეზღუდულია.
  • მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებათა შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით და სტიგმის გამო, რაც სერიოზული დაბრკოლებებია.
  • ახალგაზრდები გრძნობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მეტი განათლების საჭიროებას, განსაკუთრებით სკოლის დონეზე, რათა ცალკეულმა პირებმა შეძლონ სიმპტომების ამოცნობა და დახმარების მოძიება.
  • მათ მიაჩნიათ, რომ ბულინგი და ოჯახური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ხელშემწყობი ფართოდ გავრცელებული ფაქტორია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ძირითადად დეპრესიით, ქცევითი ან შფოთვითი აშლილობით იტანჯებიან. 15-19 წელი მაღალი რისკის მატარებელია სუიციდის თვალსაზრისითაც. ახალგაზრდების თითქმის 15%-ს, ანუ ყოველ მეშვიდეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ართულებს არადიაგნოსტირებული შემთხვევები – ახალგაზრდების ნახევარზე მეტთან მათ პრობლემებს დიაგნოზის ფორმა არ მიუღია. მოზარდობისას კეთილდღეობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ძალადობრივი გარემო, სიღარიბე, სტიგმა, გარიყულობა, ნივთიერებებზე, მათ შორის ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება, გარემოს მიმართ უნდობლობა და თვითგამორკვევის სირთულეები, ასევე მხარდამჭერი სერვისების მიღების სირთულეები.

თუ წავიკითხავთ პროფესიულ ლიტერატურას იმის შესახებ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ახალგაზრდებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, შემდეგ რჩევებს ვიპოვით:

 

  • მიმართეთ სპეციალისტს, რომელსაც ენდობით.
  • იზრუნეთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია.
  • ხარისხიანად გაატარეთ დრო მათთან ერთად როგორც საოჯახო, ისე საჯარო სივრცეში.
  • იყავით მისი უპირობო მხარდამჭერი, დაეხმარეთ ინტერესების, სასურველი აქტივობების პოვნაში, მოუსმინეთ და არ განსაჯოთ.

ქართველი ახალგაზრდებისთვის ამ რჩევების დიდი ნაწილი ძნელად შესასრულებელია – როგორც თავად ამბობენ, სკოლებში ცოდნა ნაკლებია, სერვისები – ხელმიუწვდომელი, საჯარო სივრცეები – მწირი, ზრდასრულებს მათ გარშემო ცოდნის დეფიციტი აქვთ და არც დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობაა მაინცდამაინც ხელმისაწვდომი ღარიბ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისთვის, ხარისხიანად დროის გატარების ფუფუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მაშ, როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც ხვდება, რომ დახმარება სჭირდება?

– შენი კითხვით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხე. აქ საქმე მარტო ერთ ადამიანს კი არა, მთელ სისტემას ეხება – სკოლას, ოჯახს, მედიას, ჯანდაცვას და მთლიანად საზოგადოებას. მაგრამ სანამ სისტემა იცვლება (რაც, სამწუხაროდ, ნელა ხდება), ძალიან მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, ისი გაკეთება შეიძლება უკვე ახლა, კონკრეტულად და რეალურად, მეუბნება ჩეტბოტი, რომელსაც პერიოდულად ველაპარაკები ხოლმე რთულ კითხვებზე პასუხების ძიებისას.

ახალგაზრდები დახმარების საჭიროებას რომ ხვდებიან, უკვე ძალიან დიდი ძალაა. მათი გონება და ემოციური ინტელექტი ცდილობს, გააგრძელოს ბრძოლა. ახლა ჩვენი ამოცანაა, არ დავტოვოთ ისინი მარტო, თუნდაც სისტემის იდეალურობას ვერ მივაღწიოთ, – აგრძელებს მსჯელობას ჩემი მოთვინიერებული ხელოვნური ინტელექტი და გვირჩევს:

. ვისაუბროთ ღიად;

. გავუზიაროთ ინფორმაცია;

. მოვუსმინოთ ყურადღებით;

. პროფესიონალებმა შექმნან და გაავრცელონ ადვილად გასაგები კონტენტი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსა და მათთან ბრძოლის გზებზე;

. ახალგაზრდები დავინახოთ არა მხოლოდ დახმარების მაძიებლებად, არამედ თანაშემოქმედებადაც უკეთესი სისტემის, გარემოს შექმნის გზაზე, ჩვენს დამხმარე ძალად.

თუ ერთ ზრდასრულს მაინც შეუძლია, ოჯახში, სკოლაში ან სამეზობლოში შეასრულოს ის როლი, რომელიც სისტემამ ვერ შეასრულა, უკვე დიდი ამბავია.

თუ მზად ხარ, მოუსმინო ახალგაზრდას, არ დასცინო, არ შეაფასო, არ უთხრა: „შეეჩვიე“, „გაგივლის“, „ნუ ჭირვეულობ“ ან „ხასიათის ამბავია“, – ეს უკვე დიდი მხარდაჭერაა.

ყველაზე დამაინტრიგებელი პერსონაჟი

0

ალბათ დამეთანხმებით, „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაში ყოველი ეპოქის მწერლებისთვის ურთულესი იყო მკითხველის მოხიბვლა და თავის დამკვიდრება სამწერლო ასპარეზზე. რუსთველმა ისე მაღლა ასწია თამასა, რა თემა უნდა მოიფიქრო და რანაირი ოსტატობით უნდა დაწერო, რომ ქართველი მკითხველის გული დაიპყრო? სამწერლო ჯადოქრობის ისეთი მასტერკლასი გაიშალა 1662 სტროფში, საუკუნეებია, ვერ ვწყდებით. ეს მაგია დაუსრულებლად მოქმედებს ჩვენზე. მთელი ექვსი საუკუნე „ვეფხისტყაოსნის“ ჩრდილში ისე გაატარა ქართულმა მწერლობამ, რომ ვერ შვა სახელი, რომელიც ისევ დაიქუხებდა. სულხან-საბა, ბესიკი და დავით გურამიშვილი – მეთვრამეტე საუკუნემ გაარღვია მოჯადოებული წრე და მომდევნო ორი ასწლეულიც უთუოდ არის ჩვენი მწერლობის დიდების ხანა. თუმცა ამ სამსაუკუნოვან მარათონში მრავალთა შორის ვაჟა-ფშაველა შემოგვყურებს როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, მხატვრულ და ფილოსოფიურ აზროვნებაში ახალი კოსმოსის შემოქმედი.

შევყურებ დღევანდელ ჩვენს რეალობას და იმედგაცრუებული, გულდაწყვეტილი ვფიქრობ, რომ მაინც ვერაფერი ვისწავლეთ ფშაველი ბიჭისგან. კი, მართალია, ალუდა, მინდია, გოგოთური, ჯოყოლა, აღაზა, ლუხუმი, ზეზვა, კვირია, ლელა და სანათა ანათებენ ჩვენს სულებში, გვასწავლიან ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის უნიკალურ გაკვეთილებს, მაგრამ ჩვენში დავანებული „ჯანღი რამ“, რომელიც „კურუმად, შავის ფერითა“ აწვება და აბნელებს ყველაფერს, გვაიძულებს, ერთმანეთს მოღალატეები, გონებაჩლუნგები, უზნეოები ვეძახოთ, ვაფურთხოთ, ვაგინოთ, შევეჯიბროთ ბილწი სიტყვების ხანჯლით გულების განგმირვაში.

მე კი ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ ეს ტექსტებია პანაცეა, ჯადოსნური მალამო, სულ ახლოს რომ უნდა ვიქონიოთ, ვიკითხოთ, ვესაუბროთ, ჩავუღრმავდეთ, სული გავიფაქიზოთ.

მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან, ვინ არის ჩემი საყვარელი მწერალი, რომელი ნაწარმოები ან გმირი მიყვარს განსაკუთრებით. ამ კითხვების პასუხებში გემოვნებასთან ერთად ალბათ ადამიანის ღირებულებები, ინტერესები და მორალიც იკითხება, თუმცა ფილოლოგისთვის, რომელიც ტექსტებში ცხოვრობს, ერთის ამორჩევა ძნელია.

ამასწინათ, როცა კიდევ ერთმა მოსწავლემ მკითხა, ვინ არისო ქართულ მწერლობაში თქვენთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი ქალი პერსონაჟი, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ვუპასუხე: შუშანიკის, ნესტან-დარეჯანისა და ოთარაანთ ქვრივის შემდეგ აღაზას, ჯოყოლა ალხასტაისძის ცოლს, დავასახელებდი-მეთქი.

რატომ აღაზას? მიუხედავად იმისა, რომ ვაჟას magnum opus-ად უმეტესობა „ალუდა ქეთელაურს“ მიიჩნევს, ჩემთვის „სტუმარ-მასპინძელია“ მისი ყველაზე ღრმა და ექსპრესიული ნაწარმოები. აღაზას სახეში კი იმხელა ინტრიგა ჩადო ვაჟამ, რომ აღარ სრულდება მისი დეკოდირებისას ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები. ვაჟამ თავისი საუკუნის მუსლიმური თემიდან გამოიყვანა საოცარი ქალი: ლამაზი, სექსუალური, ვნებიანი, ლაღი, თამამი, თავისუფალი, მამაცი, ჰუმანური, სამართლიანი, თემისა და ოჯახის ერთგული.

როგორია 21-ე საუკუნეშიც კი მუსლიმურ თემში ქალთა ყოფა, კარგად ვიცით. ჯოყოლა და აღაზა მენტალობით უსწრებენ ეპოქებს. აღაზა ქმრის გვარის ღირსებისა და სიმაღლის სიმბოლოა. ის ამაყად უნდა ატარებდეს ამ გვარს, რადგან მის ქმარს სამართლიანად მოსწონს თავი ცოლით: „ცოლს დაუძახა ჯოყოლამ: – გამოიხედე კარშია! – ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია. გამოჩნდა ქალი ლამაზი, შავის ტანსაცმლით მოსილი, როგორაც ალყა ტანადა, ვარსკვლავი ციდამ მოცლილი…“ ვაჟა განსაკუთრებული ფერებით ხატავს აღაზას სილამაზეს. ჯოყოლას ცოლი, მისი აღწერისას გამოყენებული ტროპული ხერხების წყალობით, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟ ქალებს მოგვაგონებს: სიმივით ასხლეტილია, ვარსკვლავივით მანათობელი; როცა ჯოყოლას დასტირის, „ცრემლს ასხურებდა ხშირადა, არჩვი ყელ-გადაგდებული, თმა-ხშირი, მთვარე პირადა, ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“.

ზვიადაურის შინ მიყვანის სცენიდანვე ბრწყინავს აღაზას სახე. ჯოყოლას მეუღლის იმედი აქვს და მას მიანდობს ღირსეულ მასპინძლობას:

„აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა,
როგორც დახვდები, დიაცო, ახლა ჰკიდია შენზედა“.

აღაზა არ არის XVIII-XIX საუკუნეების უფლებააყრილი ქალი, რომელსაც უცხოსთან საუბარიც კი ეკრძალებოდა. ის მთავარი აქტორია. თამამად ესალმება სტუმარს, მეომარ-მონადირის აღჭურვილობას ჩამოართმევს და ამაყად მიუძღვება სახლისკენ.

მომდევნო სცენა, სადაც აღაზა ჩნდება, უკვე სოფლის სასაფლაოა, სადაც ის ზვიადაურზე სისხლიანი ანგარიშსწორების მოწმე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაური მისი ოჯახისთვის ერთი ღამის სტუმარია, აღაზა, ისევე როგორც ჯოყოლა, მის ძმად მიღებას მოასწრებს და ამ არჩევანს არც მას შემდეგ ღალატობს, რაც გაირკვევა, რომ ზვიადაური ჯოყოლას ძმის მკვლელი და ქისტების დაუძინებელი მტერია. აღაზას ავიწყდება შინ დაგდებული, თანამოძმეთაგან გაკოჭილი ქმარი და ქისტების ხელში ჩავარდნილ, მარტო დარჩენილ ზვიადაურს ბოლომდე უერთგულებს.

რამხელა გამბედაობა იყო საჭირო, რომ სისხლს მოწყურებული ბრბოს საპირისპირო მხარეს დამდგარიყო მარტო-ქალი!

სიკვდილით დასჯისას გამოჩენილმა გაუტეხელობამ აღაზა ზვიადაურისადმი კიდევ უფრო მეტი პატივისცემით განაწყო. ეს სცენა ქართული მწერლობის ექსპრესიულ სცენებს შორის ყველაზე დამაინტრიგებელი მგონია:

„და ამ სურათის მნახველი ერთი დიაცი ბნდებოდა,

ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი, ხალხზე უკანა დგებოდა.

მიშველებასა ჰლამობდა: „ნუ ჰკლავთ!“ – ეძახის გულიო,

ფიქრობდა ბრაზმორეული: ნეტავი მომცა ცულიო,

ნეტავი ნებას მაძლევდეს დედაკაცობის რჯულიო,

რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას გავაფრთხობინო სულიო.

ნეტავი იმას, ვინაცა მაგის მკლავზედა წვებოდა,

ვისიცა მკერდი, აწ კრული, მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!

ნეტავი იმას ოდესმე ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!“

ეს სცენა მკითხველებში ურთიერთსაწინაააღმდეგო განცდებს აღძრავს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს უბრალო ადამიანური თანაგრძნობაა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ აღაზას ზვიადაურისადმი ადამიანურ თანაგრძნობაზე მეტი ამოძრავებს და გლოვობს მას არა როგორც ძმას, არამედ როგორც სატრფოს. სწორედ ეს ინტრიგაში ამხელს ვაჟას ოსტატობას. ტექსტი გვაძლევს საშუალებას, აღაზას განცდები კონტროვერსიულად განვიხილოთ.

არგუმენტები, რომლებიც ნათელყოფს, რომ შეუძლებელია, აღაზას ზვიადაურის მიმართ ვნებიანი ლტოლვა ჰქონდეს, რომ მისი ქცევა მხოლოდ ჰუმანიზმით არის განპირობებული: 1. აღაზა რომ ქმრის მოყვარული და ერთგულია, ნათლად ჩანს ტექსიდან; 2. აღაზასა და ჯოყოლას შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა; 3. ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ყოველთვის შეიძლება მოიხიბლოს უცხო ადამიანით და ეს ყოველთვის სექსუალურ ლტოლვას არ გულისხმობს; 4. ადამიანის სიკვდილით დასჯა ამაღელვებელი პროცესია, აღაზაზე ემოციურ გავლენას ახდენს საუკეთესო ვაჟკაცის მოკვლა და ის ამ დროს ღვთის გამორჩეულ ქმნილებას დასტირის; 5. ზვიადაურის წინაშე პასუხისმგებლობა და სირცხვილის გრძნობა აღაზას ემოციურად ანადგურებს. მისმა ოჯახმა ზვიადაურის დაცვისა და უსაფრთხოების ვალდებულება იკისრა და მისი ვერშესრულება დამამცირებელია; 6. აღაზას სული ბობოქრობს თანატომელთა აგრესიისა და მისი ოჯახის გაწირვის გამოც – მძიმეა განცდა იმისა, რომ თვისტომნი შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არჩევანს ფეხქვეშ თელავენ; 7. ვაჟა თავადვე მიგვანიშნებს ტექსტში: „სიკვდილსა გლოვა უხდება, მკვდარს ძმას – ტირილი დისაო“, ანუ აღაზას მხოლოდ ზვიადაურის სულიერ დად განიხილავს; 8. აღაზას პოზიციას იზიარებს ჯოყოლაც – მას ესმის ცოლისა და შეუქებს კიდევაც ზვიადაურისადმი თანაგრძნობას. ცოლ-ქმარს ჰუმანისტური ფასეულობები აერთიანებს; 9. ჯოყოლას არ დაუწყია ეჭვიანობა, თუმცაღა შეეძლო, ესაყვედურა აღაზასთვის, რომ გაკოჭილი ქმარი დაღამებამდე მარტო დატოვა სახლში და საეჭვოდ დაიგვიანა.

ასევე იძებნება არგუმენტები მეორე თვალსაზრისის სასარგებლოდ: 1. აღაზამ დაივიწყა გაკოჭილი ქმარი, შვილები და მთელი დღით მიატოვა ოჯახი; 2. ის უჩვეულოდ განიცდის სულ რამდენიმე საათის წინ გაცნობილი ადამიანის სიკვდილს; 3. სისხლის აღება იმ დროს იმდენად გავრცელებული და მიღებული იყო, რომ აღაზაზე ასეთი მძაფრი ზემოქმედება არ უნდა მოეხდინა; 4. აღაზამ გაიგო, რომ ზვიადაური ქისტების მოსისხლე მტერი და ჯოყოლას ძმის მკვლელი იყო და, წესით, მისდამი შურისძიების გრძნობა უნდა გასჩენოდა; 5. აღაზა შიშს სძლევს და სასაფლაოზე ღამით მარტო რჩება, ის თმას აჭრის ზვიადაურს სახსოვრად, როგორც უძვირფასეს, დაუვიწყარ ადამიანს; 6. ის ზვიადაურის ვაჟკაცობით უბრალოდ კი არ მოიხიბლა, არამედ შენატროდა მის სატრფოს, ფიქრობდა, რომ ასეთი კაცის სიყვარული ქალს არასოდეს გაუნელდებოდა; 7. აღაზა, მიუხედავად იმისა, რომ თემის თვალში ეს ძალზე სარისკო ქმედებაა, ჭირისუფლად უდგება ზვიადაურს და მეორე დღესაც მიდის მისი ცხედრის სადარაჯოდ, რომ ლეშიჭამია ფრინველებმა არ დაძიძგნონ; 8. ჯოყოლამაც კი შენიშნა, რომ აღაზას სახეზე ძლიერი გრძნობის ნაკვალევი ცხადად იკითხებოდა.

არგუმენტების მოყვანა კიდევ შეიძლება… თუნდაც დავუშვათ, რომ ამ ახალგაზრდა, ულამაზეს ქალს საოცარი ვაჟკაცის მიმართ გაურკვეველი, უცნაური გრძნობა აღეძრა – რა არის აქ არაადამიანური და გაუგებარი? წმინდანი და ასკეტი ხომ არ ყოფილა? ცოცხალი ადამიანი იყო, ადამიანის გული კი ვნებათა ბრძოლის ველია.

ყველაზე საინტერესოა აღაზას გაორება, მისი სულიერი ტანჯვა იმის გამო, რომ ზვიადაურთან სულიერმა კავშირმა ის თემს, ტრადიციებს, რწმენას დაუპირისპირა. ქალის არსებაში უმძაფრესი სულიერი ბრძოლა ბობოქრობს. სინდისი ქენჯნის ქმრის წინაშეც. პოემის მეშვიდე და მერვე თავები, სადაც აღაზას გრძნობათა ჭიდილია გადმოცემული, უბადლოა. მსოფლიო მწერლობაშიც კი იშვიათად თუ შევხვდებით ამგვარ ექსპრესიას. როცა ზვიადაურს თმას მოაჭრის და გულმდუღარედ დაიტირებს, აღაზას მთელი სამყარო და საკუთარი არსებაც კი აუჯანყდება. მთელი ქისტეთის მკვდრები თითქოს საფლავებიდან ამოდიან, საკუთარი ძმა ებარი გამწარებული მისდევს, მეორედ დამმარხე, ეს რა გააკეთეო?! „ხმა ესმის ისევ მკვდრებისა, მას ბანს აძლევენ მთანიცა, სამდურავს ეუბნებიან აღაზას გიშრის თმანიცა“.

აღაზას გზა სასაფლაოდან სახლამდე ჯოჯოხეთის ტანჯვაა. ქალი ზღურბლთან ჩაიკეცება და როცა გონს მოვა, ქმარს მოატყუებს, შენს ცხენს ვეძებდი ხევებში და დევი გამომეკიდა, ცოლობას მთხოვდაო. თანამედროვე ადამიანი არც კი დაუშვებს ამ მონათხრობის დამაჯერებლობას, მაგრამ მთის ხალხებში დევებისა და ქაჯების რწმენა ისე იყო ფესვგადგმული, რომ ჯოყოლას ეს არ გაჰკვირვებია. მაგრამ მოგვიანებით, როცა დაკვირვებულმა და მოსიყვარულე ქმარმა ცოლის სახეზე აღბეჭდილი ძლიერი გრძნობის ნაკვალევი შენიშნა, აღაზამ გულწრფელად აღიარა „შეცოდება“: „რა დაგიმალო, ჯოყოლავ, ან რად შემრისხავ თქმისადა? – ეტყოდა ცოლი და ნაზი თრთოლა მიეცა ხმისადა: – ცრემლები შემიწირია იმ შენის მეგობრისადა. ძლიერ შემბრალდა ბეჩავი, რომ უცხოეთში კვდებოდა, არც ნათესავი, არც მოძმე, რომ ვისმე შეჰბრალებოდა! მაგრამ, როს კლავდნენ ხანჯრითა, ოდნავაც არა ჰკრთებოდა. იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა, მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..“

აქ აღაზა გულწრფელი, გაბედული, ნათელი, მართალი, ზემგრძნობიარე ქალია, მისი შინაგანი სამყარო უბრალოდ აღაფრთოვანებს მკითხველს. ის ქმრის თანამებრძოლიც არის. როცა ხევსურები მოდიან ჯარეგის დასალაშქრად, ქმარს აღაზა უხმობს: „კარში გამოდი, ჯოყოლავ, წყნარად ნუ სწევხარ კერასა, რამდენი ხალხი მოერტყა ამ ჩვენის მთების წვერასა!.. წადი, უშველე თავისებს, მტრის დასახვედრად მირბიან, შენც ისე წადი, ჯოყოლავ, როგორაც სხვანი მიდიან!“

საკვირველია ამ ნაზი ქალის გაუტეხელობა. ის მზად არის ყოველგვარი განსაცდელისთვის. სოფელი ჯოყოლას ბოლომდე გაწირავს და სასაფლაოზე მისი დამარხვის უფლებასაც კი არ მისცემს აღაზას, მაგრამ ის მარტო გაუთხრის საფლავს ქმარს და იქვე დამარხავს, სადაც ჯოყოლა ხევსურებს შეაკვდა. აღაზას სიტყვებში გაუსაძლისი სულიერი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნობა, მაგრამ არა სასოწარკვეთა. ამაზე უარესი, შეუძლებელია, მომხდარიყო, მაგრამ აღაზა მზად იყო, თავის ზნეობრივ არჩევანს მიჰყოლოდა და ეს აუტანელი სიმწარე გულსა და გონებაში დაეტია. თითქოს სამყაროს შესჩივის მარტო დარჩენილი, ღვთისა და ადამიანებისგან გაწირული ქალი: „შენს მტერსა ისეთი ყოფნა, რო ჩემი ყოფნა მწარია! აღარვინ მივლის ახლოსა, არვინ მიჭირა მხარია…“

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას, ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული, თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“, –

ვფიქრობ, ამ მეტაფორებით დახატულ მხატვრულ სახეზე გამომსახველს, საოცარს და ამაღელვებელს ძნელად თუ იპოვით ქართულ ლიტერატურაში.

მორიგი სცენა აღაზას თვითმკვლელობისაა და ამ სცენის ექსპრესიულობის აღსაწერად სიტყვები არ მოიძებნება. უდრამატულესი კადრები კინოსავით ცოცხლდება ჩვენ თვალწინ, დაუვიწყარი, სულისშემძვრელი, გამაოგნებელი, თავისი უღრმესი ტრაგიზმით „ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს რომ ქმნის“ (რევაზ სირაძე). სტიქია მძვინვარებს და ლაშდაღრენილი შავი ხეობის თავზე თმაგაწეწილი ქალი დგას. დაბლა მდინარე საზარლად ხმაურობს. ყველა იმედი გადაწურულია, ხსნა მხოლოდ სიკვდილშია – თემმა სხვა გზა არ დაუტოვა. სიკვდილით თუ გადაარჩენს შვილებსაც. სიკვდილის წინ სინანული იპყრობს, აღსარებას ამბობს. შიში სადღაც გამქრალა. აქ სიკვდილი ხელახლა დაბადებას უდრის. „სხივმიხდილ ვარსკვლავს“ ყბები უთრთის. მძვინვარე ხეობა მის სულს ეხმიანება. იცის, რომ არავინ შეაჩერებს, არავინ ეტყვის, თავს ნუ იკლავო. როგორ უნდა შემობრუნდეს თემისკენ, როცა ასეთი ფიქრები უტრიალებს თავში: „რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?.. ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი არსად არია…“ გგონიათ, თემზე დაიბოღმა? გგონიათ, ვინმეს ადანაშაულებს თავის ტრაგედიაში? არა – როგორც ალუდას, ისე მის სულსაც არ მიჰკარებია სიძულვილი, პირიქით, გაუგო თემს, არ დაუძრახავს მისი გაუგონარი სისასტიკე: „მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, უცხოსთვის ცრემლი ვღვარია…“

ასე ქრება ეს ულამაზესი სიცოცხლე, მაგრამ აღაზა არ კვდება. მას ქისტები ყოველღამე ხედავენ ჯოყოლასა და ზვიადაურთან ერთად. აღაზა იმარჯვებს, ის ყველას ახსოვს. ის გვერდიდან არ მოუშორებიათ ჯოყოლასა და ზვიადაურს. ან კი როგორ მოიშორებდნენ? მათზე ნაკლები ხომ არ გადახდენია აღაზას, თუ მეტი არა? იქაც მასპინძლობს ზვიადაურს, ჯიხვის მწვადს უწვავს და ისეთი საოცარი სანახავია, ქისტები ვერაფრით ივიწყებენ. „როცა მათ ჰხედავს ერთადა, კაცი ვერ ძღება ცქერითა…“ ჯანღი, რომელიც დააწვება ხოლმე ამ სამეულს, გამოძახილია მუსას გაუნელებელი აგრესიისა ალხასტაისძეების ოჯახისა და ზვიადაურისადმი.

აღაზას ქცევის მოტივაცია ცხარე დებატების საგანი ხდება ხოლმე. ვაჟას უდიდესი ოსტატობა სწორედ ასეთი მგრძნობიარე ფსიქოპორტრეტების ხატვაში ცნაურდება. მეცხრამეტე საუკუნეში ავტორმა გააცოცხლა ორი საუკუნის შემდგომი მკითხველისთვისაც კი თანამედროვე, თამამი, მშვენიერი, მამაცი, ამაღლებული ღირებულებების მქონე, ადამიანურად მომაჯადოებელი ქალი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ნებისმიერ შთამბეჭდავ სახეს გაუწევს კონკურენციას.

ციფრული რესურსებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის პერსპექტივები „ჩვენი საქართველოს“ სწავლებაში

0
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო აშკარა ხდება მოსწავლის ჰოლისტური განვითარების საჭიროება – როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე ციფრული, სოციალური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების გაძლიერების კუთხით. განათლებისა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისტემურ გამოწვევებსა და მიღებულ შედეგებზე. თანამედროვე მოსწავლე  ხომ  სხვანაირად სწავლობს – ის აღარ სჯერდება მოსმენას ან წაკითხვას. მას სჭირდება გამოცდილება, მონაწილეობა, აღმოჩენის სიხარული და აზრის გამოხატვის საშუალება. ჰოლისტური და კონსტრუქტივისტული განათლების მოდელებიც ხაზს უსვამს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის პიროვნულ როლს (ჰოვარდ გარდნერი), შესაბამისად, პედაგოგებს გვმართებს სწავლების სტრატეგიების დიფერენცირება და მათი მორგება მოსწავლეთა აღქმის მოდალობებზე, მათ შემეცნების არხებზე. სწორედ ასეთი, მოსწავლისთვის ბუნებრივად მისაღები და შინაარსობრივად მდიდარი გამოცდილების უზრუნველსაყოფად მოხერხებულია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციაც.

    საგან „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას ამ გამოწვევას პასუხობს ინტერაქციული მეთოდებისა და ციფრული რესურსების მიზნობრივი ინტეგრაცია, რომელიც მიმართულია მოსწავლის ინტერესებს, აღქმის სტილსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს მორგებული  სწავლებისკენ.

    „ჩვენი სააქართველოს“ სწავლების მიმართულებით, სტუდენტური პრაქტიკის ფარგლებში, ჩემი ხელმძღვანელობით, დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც გამოკვეთდა  სასწავლო სივრცეებში აღნიშნული მიმართულებით არსებულ სირთულეებსა და პრაქტიკულ ასპექტებს. მიზანი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემით. ის მოიცავდა რამდენიმე ძირეულ ამოცანას:

    • მოსწავლეთა ანალიტიკური და შედარებითი აზროვნების სტიმულირება, რათა მათ შესძლებოდათ რეგიონების ერთმანეთთან შედარება ბუნებრივი და კულტურული ნიშნებით;
    • ინფორმაციის სინთეზისა და ინტეგრაციის უნარის განვითარება, რაც აუცილებელია ინტეგრირებული სწავლების კონტექსტში;
    • ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ელემენტების იდენტიფიკაცია და ახსნა, რაც აძლიერებს სოციალურ და სივრცით ინტელექტს;
    • ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარის წახალისება, რაც ხელს უწყობს კრიტიკულ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე ორიენტირებულ აზროვნებას.

    აქტივობის შინაარსი ორიენტირებული იყო საქართველოს ისტორიული წარსულის, ცალკეული მხარეების გეოგრაფიული, ბუნებრივი და კულტურულ-ეთნოგრაფიული თავისებურებების შესწავლასა და მათი შედარებითი ანალიზის უნარის განვითარებაზე.

    საგან „ჩვენი საქართველოს“ VI კლასში სწავლებისას განხორციელდა სამი განსხვავებული ინტერვენცია  მოსწავლეთა აღქმის სტილის გათვალისწინებით:

     

    I – ვიზუალურ აღქმაზე ორიენტირებული ინტერვენცია

    თემა – „კახეთი“

    აქტივობის შინაარსი:

    • ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა რეგიონის ლანდშაფტს, ეთნოგრაფიასა და კულტურას (კახელების ცხოვრების, ბუნებრივი გარემოსა და ეთნოგრაფიული ელემენტების ვიზუალური წარმოდგენა. ვიდეოს თან ახლდა ილუსტრაციული პორტრეტები, რომლებიც ასახავდა რეგიონის მოსახლეობას მათი კულტურული მახასიათებლებით);
    • გაკვეთილზე ჩატარდა გუნდური ციფრული თამაში jeopardy labs-ისა და wordwall-ის ტიპზე დაფუძნებით.

ნიმუში: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი კახელი ქალისა და მამაკაცის ილუსტრაციული პორტრეტები, რომლებიც ვიზუალურად წარმოაჩენს რეგიონებისთვის დამახასიათებელ გარეგნულ თავისებურებებსა და ეთნოგრაფიულ ელემენტებს

https://drive.google.com/file/d/1mULZWU1PsVJ27GgAilV0YEyqloKgEjB2/view

შედეგები: ვიზუალურ სტიმულზე დაფუძნებულმა მეთოდებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია; მოსწავლეებში გამოიკვეთა გაცნობიერებული თავდაჯერება და მონაწილეობის ხარისხი, გაკვეთილის ეფექტიანობა; გაძლიერდა მოსწავლეთა კონცენტრაცია და თემის გააზრება; ვიზუალური მასალა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის დამახსოვრებაში.

 

II – სმენით აღქმას მორგებული ინტერვენცია: სწავლა-სწავლების პროცესში გამოიკვეთა მოსწავლეთა ნაწილი, რომელიც უპირატესად სმენით აღიქვამდა საგნობრივ ინფორმაციას. ამ ტიპის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა აქტივობა  საქართველოს ისტორიულ წარსულთან  დაკავშირებით.

თემა – „საქართველოს სახელმწიფოს ისტორია“

აქტივობა ეფუძნებოდა ისტორიულ თემაზე მომზადებულ აუდიო-ვიდეორესურსებსა და განმასხვავებელ დისკუსიებს. მოსწავლეებმა მოისმინეს ტექსტები არმაზის კულტის მნიშვნელობაზე, ბრინჯაოს ხანის ყოფასა და მიწათმოქმედების როლზე. აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობები განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მანამდე არ ამჟღავნებდნენ ინტერესს სტანდარტულ გაკვეთილებზე.

მოსწავლეებმა იმუშავეს „საქართველოს წარსულის სურათების“ შექმნაზე. გაკვეთილზე გამოყენებული ციფრული რესურსი შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველი იყო ვიდეომასალა არმაზის კულტზე, მიწათმოქმედებასა და ბრინჯაოს ხანაზე (https://drive.google.com/file/d/111oSlwo-aOIRnxuz6g0MbKXV0fTN3kUa/view), მეორე კი მოიცავდა ციფრულ პლატფორმაზე შესრულებულ ტესტს  დახურული ტიპის კითხვებით. მას შემდეგ, რაც კითხვარები ინდივიდუალურად შეივსო,  მოსწავლეებმა ჯგუფურად განიხილეს პასუხები და თემის ძირითადი აქცენტები.https://wordwall.net/resource/91018128/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98

https://jeopardylabs.com/play/2024-11-29-121?fbclid=IwY2xjawG2edtleHRuA2FlbQIxMAABHaTHiAtkXLuZFJA6CLhbRLKgjsVc9Qn_evJRpECVe1kZQKHjURRNfwPZxQ_aem_-bHzewzrpbTbZy8JfUEvTQ

შედეგები: მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს კითხვებზე, მერე კი გუნდურად გააანალიზეს შედეგები და არგუმენტირებულად იმსჯელეს სწორი და არასწორი პასუხების შესახებ. სმენითი აღქმით ძლიერი მოსწავლეები აქტიურად რეაგირებდნენ მოსმენილის შინაარსზე, ერთვებოდნენ დისკუსიებში, გამოხატავდნენ აზრებს და მოჰყავდათ არგუმენტები მოსმენილზე დაყრდნობით. გაძლიერდა მათი არგუმენტაციის, ანალიზისა და შეფასების უნარები, ასევე ისტორიული პერსპექტივით მსჯელობის უნარი; გაჩნდა დამოუკიდებელი შეფასების მცდელობებიც. მოსწავლეებმა გამოხატეს მასალასთან ემოციური კავშირი. აქტივობა ხელს უწყობდა არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ მის გააზრებას, განხილვასა და დასკვნების გამოტანასაც. აუდიომასალამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ემოციურ ჩართულობასა და თემის ღრმად გააზრებას,  გაძიერდა ყურადღების კონცენტრაცია, რაც აღინიშნა რეფლექსიის ეტაპზეც.

 

III – ნოვაციური ინტერვენცია AI-ს გამოყენებით

აქტივობა: მოსწავლეებმა იმუშავეს, შექმნეს ტექსტური მონოლოგები ისტორიულ პირებზე, მერე კი ციფრულ ანიმაციებად გარდაქმნეს. მათ დამოუკიდებლად შეარჩიეს ანტიკური ხანის ისტორიული ფიგურები, დაწერეს ტექსტური ბიოგრაფიები და გამოიყენეს ციფრული პლატფორმები ანიმაციისთვის. შედეგად მიიღეს მოკლე ვიდეორგოლები, რომლებშიც პერსონაჟები „ლაპარაკობდნენ“ მათ მიერ შექმნილი ტექსტის საფუძველზე. აქტივობამ გააერთიანა კვლევა, ტექსტის შექმნა, ვიზუალური გამოსახულება და ციფრული პრეზენტაცია.

აქტივობისას მოსწავლეები სწავლობდნენ სახის ანიმაციის პროგრამების გამოყენებას, ხმის პარამეტრების მართვასა და ვიზუალური პრეზენტაციის სტრუქტურირებას. გარდა ტექნიკური კომპეტენციებისა, გაკვეთილი ხელს უწყობდა ტექსტის სწორად ფორმულირებას, ისტორიულ ლოგიკაზე დაფუძნებული არგუმენტაციის აგებას და შემოქმედებითი ხედვის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული აქტიურობით გამირჩეოდნენ ის მოსწავლეები,   რომლებსაც ჰქონდათ ტექნოლოგიური მიდრეკილება და კრეატიული აზროვნება.

https://drive.google.com/drive/u/0/folders/1jfX41vEHj7r3y6iJ975-D-FccA5w4ZhZ?fbclid=IwY2xjawLrD7tleHRuA2FlbQIxMABicmlkETFuTmU4bkFTTDl3WnR1Z1VzAR7rgG67ZJwW-mhEFyLcXzkqw6W2V4lOPbjGsrGvyHtf3LA5SkOyfvCELtqgKA_aem__VerO8jQuY1xODUykn5X9w

საბოლოოდ თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა ინდივიდუალური ვიდეოპროდუქტი, რაც გახდა არა მხოლოდ შეფასების, არამედ თანატოლური გაზიარებისა და საერთო სივრცეში რეფლექსიის საფუძველიც.

შედეგები: გაძლიერდა მოსწავლეთა ტექნიკური, ტექსტური, კვლევითი და შემოქმედებითი უნარები; მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს ისტორიული პერსპექტივის გათავისება; გაძლიერდა პასუხისმგებლობის განცდა და ჯგუფური თანამშრომლობა.  ამ პროცესში მოსწავლეები გრძნობდნენ პროცესის ავტორობას, რაც მოტივაციას ამაღლებდა; გაკვეთილი გახდა გაცილებით ეფექტიანი. გამოიკვეთა, რომ სწავლის ეფექტურობა იმატებს მაშინ, როდესაც ინფორმაცია მოსწავლეს მიეწოდება მისი აღქმისთვის მისაღები გზით, გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია და სტიმულირდება ინტერესსა და შემოქმედებით გამოხატვაზე დაფუძნებული სწავლა. ეს მიდგომა სავსებით ეხმიანება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს – მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, ინტეგრირებულ ცოდნას და განვითარების ინდივიდუალურ ტემპზე დაფუძნებულ პროცესს.

ნიმუში:  ვახტანგ გორგასლის ილუსტრაციული პორტრეტი, შექმნილი მოსწავლის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც გადმოსცემს მეფის ხასიათსა და იმდროინდელ გარეგნულ სტილს.

სამივე ნტერვენციამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, მოტივაცია და აკადემიური შედეგები პირდაპირ კავშირშია გაკვეთილის სტრუქტურასთან, შინაარსის მიწოდების ფორმასა და პიროვნული საჭიროებების გათვალისწინებასთან.

  • დაკვირვების ფურცლებზე დაფიქსირდა: მოსწავლეებმა უკეთ აითვისეს მასალა, გაუმჯობესდა ჯგუფური თანამშრომლობა, ამაღლდა თვითშეფასების ხარისხი;
  • ვერბალური უკუკავშირის შედეგად გამოვლინდა: მოსწავლეებს სიამოვნებდათ მონაწილეობა, მათთვის გაკვეთილი იყო საინტერესო, შინაარსიანი და ინსპირაციული.

სწავლებაში მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და აღქმაზე მორგებული მიდგომების დანერგვა არ არის მხოლოდ ჰუმანური მიზანი – ის წარმოადგენს სწავლების ხარისხის ამაღლების გარანტიას. ინტერაქციული მეთოდები და ციფრული რესურსები ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე ხდება ცოდნის აქტიური შემოქმედი.

საგან „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას ასეთი მიდგომები განსაკუთრებულად ეფექტიანი აღმოჩნდა სხვადასხვა აკადემიური დონისა და აღქმის ტიპის მქონე მოსწავლეებისთვის. რეალურად წარმოჩნდა თითოეული მოსწავლე თავისი შესაძლებლობებითა და უნარებით, ინტერესებითა და მიდრეკილებებით.

მასწავლებლებს რეალურად შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, გადადგან ნაბიჯი შემეცნების, პასუხისმგებლობისა და თვითგანვითარების გზაზე.

 

„მეამბოხეები“  — ნიცშე, ფროიდი, მარქსი, ფუკო

0

(თანამედროვე ჰერმენევტიკის სათავეებთან)

ჰერმენევტიკა ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული, უნივერსალური თეორიაა ტექსტის ინტერპრეტაციისა და გაგებისა. მისი ცოდნა მრავალმნიშვნელოვანი (ჰომეროსის, ბიბლიის და სხვ.) სიმბოლოების განმარტების საშუალებას გვაძლევს.

1864 წელს იტალიაში გაიმართა ფილოსოფიური კოლოქვიუმი. მასში, სხვებთან ერთად, მიშელ ფუკოც მონაწილეობდა. ის შეიძლება შევადაროთ ძვ. წ. IV საუკუნეში ანტიკურ საბერძნეთში, ათენში, გამართულ ფილოსოფიურ სიმპოზიუმებს, რომლებიც პლატონის დიალოგებშია აღწერილი. ფუკოს მოხსენება ამ უკანასკნელთა მსგავსი ხასიათის დრამაა, რომელშიც არიან ე.წ. კონცეპტ-პერსონაჟები, კერძოდ, ნიცშე, ფროიდი და მარქსი – „დიდი სამეული“.

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, რომ აზროვნება ყოფნის უმაღლესი ფორმაა, სიცოცხლის ზეიმი. ჰაიდეგერი გვირჩევს, თუ გვსურს, ვიაზროვნოთ, მოვემზადოთ ამ ზეიმისთვის, რადგან ამ ზეიმამდე რომც ვერ მივაღწიოთ, მისკენ მიმავალი გზაც მნიშვნელოვანია. ნიცშესთვის კითხვა „რა არის ჭეშმარიტება?“ ჟღერს ასე: „რა არის არსებული?“ ეს ყოფიერების ძიებაა; ყოფიერება კი არის დადგინება, ხდომილება, აქტუალობა, ქმედება; მათი საერთო სახელი კი „სიცოცხლეა“, რომელიც ნებელობითია. ეს ნება ძალაუფლების სურვილია, რაც ყველა ღირებულების გადაფასებას, ზეკაცის მოვლინებასა და მარად იგავში დაუსრულებელ კვლავადბრუნვას გულისხმობს.

ნიცშე 1844 წელს დაიბადა პროტესტანტი მღვდლის ოჯახში, სწავლობდა კლასიკურ ფილოლოგიას და სრულიად ახალგაზრდა გახდა პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. 1879 წელს მან თავი დაანება აკადემიურ მოღვაწეობას და მომდევნო ცხრა წელი დაძაბულ შემოქმედებით მედიტაციებში გაატარა. 1882-1885 წლებში შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი „ასე ამბობდა ზარატუსტრა“, რომელსაც თავისი ფილოსოფიის კარიბჭე უწოდა. ამას მოჰყვა „მორალის გენიალოგია“, „Ecce Homo“, „ანტიქრისტე“ და სხვ. 1889 წლიდან შეშლილობის მძიმე სენს უმკლავდებოდა, სიცოცხლის ბოლო წლები სტაციონარებში გაატარა და 1900 წელს გარადიცვალა.

ახლა – კარლ მარქსზე (1817-1885). მან უფრო ძლიერი გავლენა მოახდინა უახლესი პოლიტიკური ისტორიის მსვლელობაზე, ვიდრე რომელიმე სხვამ. მისი გავლენა განიცადა მრავალმა მოაზროვნემ ევროპასა და აღმოსავლეთში. სტუდენტობისას იგი გატაცებული იყო ჰეგელით. 1847 წელს ლონდონში ენგელსთან ერთად დაწერა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, ხოლო 70-იან წლებში შექმნა თავისი მთავარი ნაშრომი – „კაპიტალი“, რომელშიც ასეთი ანალიტიკური დასკვნაა: საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების შინაგანი ლოგიკა იქამდე მივა, რომ რევოლუციის საშუალებით საკაცობრიო განვითარებას „ბორკილები მოეხსნება“ და მსოფლიო ისტორია დაგვირგვინდება საყოველთაო და უსასრულო ჰუმანიზმით“.

ზიგმუნდ ფროიდმა შექმნა ფსიქოანალიზი, რომელსაც ახალ მეცნიერებას, მეტაფსიქოლოგიას უწოდებდა. სხვანაირად კი ის „სიღრმის ფსიქოლოგიის“ სახელით არის ცნობილი. „სიღრმისა“ იმიტომ, რომ ცნობიერების მიღმა, „ზურგს უკან“, ფროიდმა აღმოაჩინა არაცნობიერი ფსიქიკურის უსასრულო ოკეანე. ცნობიერება კი, მისივე თქმით, შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერს შევადაროთ, რომელიც ამ ოკეანის ზედაპირზე ჩანს. ფროიდმა ჩამოაყალიბა ადამიანის სულიერი წყობის ასეთი სქემა: „იგი“ – არაცნობიერი; „მე“ – ცნობიერი და „ზე-მე“ – საზოგადოებრივი იდეოლოგია. ხოლო არაცნობიერ ფსიქიკურში ფროიდმა კვლევებით დაადასტურა ოთხი სფეროს არსებობა: წინაცნობიერი, განდევნილი არაცნობიერი, არქაული მემკვიდრეობა და საკუთრივ არაცნობიერი, რომელთა შორის პირველადი საკუთრივ არაცნობიერია, დანარჩენები მეორეული, დერივაციული შრეებია. არაცნობიერ ლტოლვებს ცნობიერების სააშკარაოზე არ უშვებს „მე-ს“ ფოლადის ბადე. ამიტომაც ხდება სუბლიმაცია – სახეცვლილი „არაცნობიერი ლტოლვა“ გარდაიქმნება კულტურის ქმნილებად და ვლინდება რელიგიურ, ეთიკურ, ესთეტიკურ აქტებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში. სუბლიმაციის დაბრკოლების შემთხვევაში, ლტოლვამ შეიძლება გამოანგრიოს „მე-ს“ ფოლადის ბადე და პიროვნების მთლიანობაც დაარღვიოს. ეს იწვევს შეშლილობას, ფსიქიკურ სნეულებას. რაც შეეხება ფსიქოანალიზს, ის ადამიანის სულში მოქმედი „მე-ს“, „იგი-სა“ და „ზე-მეს“ შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენაა. ეს მეთოდი გასცდა პიროვნების ფსიქოთერაპიის ფარგლებს და კულტურისა და ისტორიის განმარტების საშუალებადაც იქცა.

რას ამბობს ფუკო? რომ ამ „დიდმა სამეულმა“ შეცვალა ევროპული აზროვნების გეზი. მათ შეცვალეს თვით ინტერპრეტაციის წესი. მისი თქმით, არ არსებობს „შემეცნების არქიმედეს წერტილი“, რომელზეც დეკარტე ლაპარაკობდა. არსებობს მხოლოდ უსასრულოდ მრავალი საინტერპრეტაციო ველი, თავისებური პარალელური სამყაროები, რომლებზეც 21-ე საუკუნის კოსმოლოგიაც ალაპარაკდა.

მიშელ ფუკო (1926-1984) თანამედროვე ევროპული ინტელექტუალური ცხოვრების შემოქმედია. 1970 წლიდან ის ხელმძღვანელობდა პარიზის College de France-ს აზროვნების სისტემათა ისტორიის კათედრას და სწორედ ეს სააზროვნო სისტემები, „დისკურსები“, „კონფიგურაციები“, როგორც თავად უწოდებდა, მათი ცვალებადობისა და ურთიერთმონაცვლეობის მექანიზმები, იყო მისი კვლევის მთავარი თემა. ფუკოს აზრით, დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის ყოველ ეპოქას ინტერპრეტაციის საკუთარი წესი და ტექნიკა აქვს, რომელთა კვლევის საკუთარ მეთოდოლოგიას მან უწოდა „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არქეოლოგია“, ხოლო მოგვიანებით ტერმინი „არქეოლოგია“ შეიცვალა „გენეალოგიით“. თავისი ძირითადი თეორიული ნაშრომები, „სიტყვები და საგნები“ (1966) და „ცოდნის არქეოლოგია“ (1969), მან მიუძღვნა დასავლური აზროვნების ეპისტემური ციკლის გამჟღავნებას. „არქეოლოგიის დაზვერვის“ სფეროშია მოქცეული უზარმაზარი მასალა ფილოსოფიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ენათმეცნიერების, ხელოვნების, ეკონომიკის, ეთნოლოგიის დარგებიდან. ფუკო გამოყოფს ეპისტემური სისტემის სამ ეპოქას: 1) აღორძინება (XVI საუკუნემდე); 2) კლასიკური განმანათლებლობა (XVIII საუკუნემდე); 3) მოდერნულობა (XIX საუკუნიდან).

ნიცშე, ფროიდი, მარქსი და თავად ფუკოც საკმაოდ სკანდალურ პერსონებად მიიჩნევიან. აკადემიური სფეროს შიგნით თუ გარეთ, მათ შესახებ, მრავალი ჭორი ვრცელდება.

დიდ ინტერესს იწვევს ნიცშეს მოძღვრების საეჭვო კავშირი ფაშისტურ იდეოლოგიასთან, მარქსის თეორიისა – კომუნიზმთან, ფროიდის „ოიდიპოსის კომპლექსის“ კავშირი ამორალურობასთან; დაბოლოს, თვით მიშელ ფუკოს „გენდერული გადახრები“, რომლებზეც, როგორც ამბობს ერთი თეოლოგი, ყველაზე წყალწაღებული ავაზაკიც კი გაწითლდებოდა სულ ასიოდე წლის წინ.

ასე რომ, ტყუილად როდი მიიჩნევენ ნიცშეს, ფროიდს და მარქსს „მეამბოხე, ანარქისტ“ მოაზროვნეებად. ისინი გავფრთხილებენ ადამიანის ურთულესი ბუნებისა და შესაძლო პათოლოგიების შესახებ. ნიცშე ქადაგებდა კაცობრიობის გამაჯანსაღებელზე, ზეკაცზე; მარქსი საუბრობდა „საქონლის ფეტიშიზმზე“; ხოლო ფროიდი ცდილობდა, აეხსნა, როგორ ჩაანაცვლა სიყვარული, იგივე ადამიანის, ტკბობის წყაროს, გაღმერთება, სხვისი ტანჯვით ტკბობამ (სადიზმი) ან თვითგვემის (მაზოხიზმი) დეპრესიამ.

ნიცშეს, ფროიდისა და მარქსის მოძღვრებებს ახასიათებს ხიბლი. თავისუფლება, შემეცნება რთული გზის გავლას ნიშნავს, თუმცა ადამიანს უჩნდება მიდრეკილება, საკუთარი თავისუფლება სხვას გადააბაროს, იპოვოს „ფიურერი“, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველა კითხვაზე აქვს მზა პასუხი. ასეთი, „მოძღვრის“ ხიბლში მყოფი, ადამიანები ფსიქოანალიზშიც მხსნელს ხედავდნენ, ფროიდს უყურებდნენ როგორც ახალი რელიგიის შემქმნელს. იგივე შეიძლება ითქვას ნიცშესა და მარქსზე. ნიცშეს XX საუკუნის წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ, რადგან მისი ზოგიერთი პროგნოზი გასაოცარი სიზუსტით ახდა. დღესაც ბევრია მოხიბლული იმ აზრით, რომ ბარბაროსების აფეთქება და „მსოფლიო წესრიგის“ კოლაფსი გარდაუვალია, რაც ასპარეზს გადაუშლის უფრო სრულყოფილ ადამიანს. მარქსიც პოპულარულია და ადამიანებს სჯერათ, რომ კაპიტალიზმი თვითგანადგურებისკენ, თვითმოსპობისკენ მიდის. ამის შედეგად გვაქვს ე.წ. ისლამური, კონფუციანური და აფრიკანული „მარქსიზმები“.

ფუკო უარს ამბობს, იმოძრაოს ბიბლიური ჰერმენევტიკის ველზე და არჩევს, განმარტოს ველასკესის ბრწყინვალე ქმნილება – „სეფექალები“, რომელზეც ადამიანური აზროვნების ბუნება სარკეების მეტაფორით არის გადმოცემული. პლატონის გამოქვაბულის მითიდან მოყოლებული, სარკეებისა და ანარეკლების მეტაფორა მარადგანმეორებადია ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინომატოგრაფიაში. არის ინტერტექსტუალობის გაგება. ეს გულისხმობს ტექსტების დამოკიდებულებას როგორც ერთმანეთთან, ისე, საზოგადოდ, ლიტერატურასთან. ინტერტექსტუალობა მხატვრული ტექსტის ინტერპრეტირების პარადიგმაა.

ფილოსოფიურ ესკიზში „ენიგმათა სარკე“ არგენტინელი მწერალი ხოსე ლუის ბორხესი გვთავაზობს რეტროსპექტულ მედიტაციას პავლე მოციქულის გამონათქვამზე: „აწ ვხედავთ ვითარცა სარკითა და სახითა“. ბორხესს ჰგონია, რომ ცათა წიაღში დაფარულია უფსკრულთა სიმრავლე, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეში ჩარჩენილი ანარეკლია. ადამიანი დროში ტოვებს კვალს და ეს ერთგვარ ძნელად შესაცნობ სურათად ყალიბდება. ღვთიური გონი კი, ბორხესის თქმით, მას ისევე მკაფიოდ აღიქვამს, როგორც, მაგალითად, ჩვენ – სამკუთხედის გეომეტრიას. და ყოველი ეს „სურათი“ შეასძლოა უნიკალური, განუმეორებელი როლითა თუ მისიით ჩაიწეროს სამყაროს განვითარებაში, ჰარმონიასა თუ დროის წრებრუნვაში.მაია იანტბელიძე

რატომ იხსენებენ ტირანებს?

0

ომი ბევრ რაიმეს ცვლის. სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისას ქვეყნებმა შესაძლოა თავიდან ბოლომდე გადაწერონ თავიანთი ისტორია. მტრისა და მსხვერპლის ყოველდღიური მონაწილეობა რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაში ყველაფერს თავდაყირა აყენებს, საჩუქრის კონცეფციაც კი შეიძლება სრულიად გადასხვაფერდეს.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის დედაქალაქში. თქვენი ქვეყანა ათას დანაშაულსა და უამრავი უდანაშაულოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ცხოვრობთ იზოლაციაში, ოლიგარქების წყალობით სიღარიბე მძლავრად გიჭერთ ხელს კისერზე და თქვენს დახრჩობას ცდილობს. რამდენიმეწამიანი ამოსუნთქვა შვებას მოგგვრიდათ, მცირედი ყურადღება და გულწრფელი მზრუნველობა სიცოცხლის იოტისოდენა ხალისს დაგიბრუნებდათ, გაგამხნევებდათ. რა შეიძლება აჩუქოს ასეთ ადამიანს მშობლიური ქალაქის მერიამ? პასუხი გაგაოგნებთ.

წელს მოსკოვის მეტრო 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსოფლიოს ყველაზე მდიდრულად მოპირკეთებული ქსელი საიუბილეო ღონისძიებების პომპეზურად წარმართვისთვის ძალას არ იშურებს. გასული წლის მიწურულს მეტროს მესვეურებმა პირობა დადეს, რომ მოსახლეობას სიურპრიზებით გაანებივრებდნენ. ჩინოვნიკებს სიტყვა არ გაუტეხიათ. ტაგანსკის სადგურზე ადმინისტრაციამ სტალინის უზარმაზარი მონუმენტი და მისი ბარელიეფი აღადგინა. სოციალურ ქსელებში ინტენსიურად ვრცელდება კადრები, სადაც მოსკოველები ყვავილებით ამკობენ დიქტატორის მიწისქვეშა ძეგლს. უამრავი ადამიანი სელფის გადასაღებად ჩერდება საჩუქრად მოხსენიებულ კედელთან. ვნახე ვიდეოჩანაწერები, სადაც ცრემლმორეული პენსიონერები პირჯვარს იწერენ გენერალისიმუსის ხატებასთან. აღმოვაჩინე მემორიალის წინ დაჩოქილი ადგილობრივებიც.

რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში ჯერ კიდევ არსებობენ დემოკრატი აქტივისტები. მათ სტალინის კომპოზიციის აღმართვის საწინააღმდეგოდ ოფიციალური პროცედურების დაცვით დაგეგმეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ პანდემიის დროს დამტკიცებული რეგულაციების დახმარებით აკრძალა მოქალაქეთა შეკრება.

რისი თქმა სურთ ოფიციალურ პირებს სტალინის უზარმაზარი ფიგურის ხელახლა აღმართვით?

იდეის ავტორთა პირველი და მთავარი გზავნილი ამგვარია: გამარჯვებულებს არ ასამართლებენ! მათი მტკიცებით, მთავარია მტრის მოგერიება, ქვეყნის საერთაშორისო საფრთხისგან დაცვა და თუ ამ მიზანს მიაღწევ, აღარავინ გაიხსენებს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მილიონობით ადამიანი დახოცე, დააავადმყოფე, გადაასახლე. მონუმენტის აღდგენის იდეოლოგთათვის გამარჯვების ფონზე ფასს კარგავს შიმშილისა და დახვრეტის ტრადიცია, რომლის დამკვიდრებაც ჩვენი თანამემამულის სახელთან არის დაკავშირებული. ტაგანსკის სადგურის ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს, რომ სტალინის კრიტიკა გამარჯვების კრიტიკაა, რაც დაუშვებელი და აკრძალულია.

გორელის მოსკოვში გამოჩენა კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. დააკვირდით მონუმენტის სახელწოდებას: „ხალხის მადლიერება წინამძღოლისა და სამხედრო მეთაურისადმი“. ავტორიტარიზმის პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ საბედისწერო მომენტში იმპერიის ბედი ერთ ადამიანზე, ფიურერზეა დამოკიდებული. ყველა ნამდვილი პატრიოტი უნდა ზრუნავდეს გემის კაპიტნის კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე, მთელი ნაციის ამოცანად უნდა იქცეს პირველი პირის ძალაუფლების საყოველთაოდ გავრცელება, მმართველს არავინ და არაფერი უნდა ზღუდავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავად სახელმწიფოს შეექმნას საფრთხე.

საინტერესოა, პარალელურად როგორ ეპყრობა კრემლი სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნას. უკვე წელიწადზე მეტია, ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მოწესრიგების მოტივით მოსკოვში დახურულია გულაგის მუზეუმი, რომელიც შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების პრაქტიკის შესახებ მოგვითხრობს. როგორც ჩანს, მუზეუმში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართვას მთელი ეპოქა დასჭირდება.

მასწავლებელი რომ ვიყო, სამოქალაქო განათლების ერთ გაკვეთილს აუცილებლად დავუთმობდი მონუმენტების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ დისკუსიას და შევეცდებოდი, მოსწავლეებთან ერთად გამეცა პასუხი კითხვაზე: რატომ იხსენებენ ტირანებს? რატომ აუფერულებენ მათი საქმიანობის ბნელ მხარეებს?

 

ბრძოლა გვარისთვის

0

ჩვენი დრო ომებისა და მტკივნეული გარდაქმნების ხანაა. ბევრს უჭირს იმედის ნაპერწკლის პოვნა და გაღვივება, ბევრი სასოწარკვეთილია და უმოქმედოდ ელის ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, ახალი სამყაროს ფორმირებას და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს დიდ საქმეებში თანამონაწილეობას.

თუმცა ჩვენ გარშემო მრავლად არიან გამონაკლისები. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს აქტიურ ქალებსა და კაცებს, რომლებიც ნებისმიერ დროსა და ვითარებაში მედგრად იბრძვიან სამართლიანობისთვის, ახალი სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისთვის, მეხსიერების პოლიტიკის იმპერიალიზმისგან გათავისუფლებისთვის.

2020 წლიდან დღემდე საქართველოს აზერბაიჯანელები უმნიშვნელოვანეს კამპანიას აწარმოებენ. კამპანიის სახელწოდებაა „გვარი დამიბრუნე“.

პლატფორმა „სალამი“ მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელთა გვარების „ოვ“ და „ევ“ სუფიქსებით დაბოლოება საბჭოთა და რუსეთის იმპერიების ნაკვალევია. მეტროპოლია ყოველთვის ცდილობდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრები არაპრივილეგირებული მოსახლეობის გაერთგვაროვნებას, მათ შორის მრავალფეროვნების ამოშანთვას, ცალკეული ეთნიკური ჯგუფების განსაკუთრებული მახასიათებლების იგნორირებას. რუსული ბიუროკრატიის პოზიცია ყოველთვის ქედმაღლური და ერთმნიშვნელოვანი იყო – ჩვენ მოვედით და ჩამორჩენილ, ველურ ხალხებს წყალობა მოვუტანეთ, ტომებად მცხოვრებ ოჯახებს გვარები მივეცით და თანამედროვე წესებს ვაზიარეთ.

საქართველოს სამხრეთსა და სხვადასხვა ეროვნულ ერთობებში გვარების წარმოშობის ისტორია ცალკე ფუნდამენტური კვლევის საგანია, ამ ურთულესი საკითხის დეტალურად განხილვას ჩვენ ვერ შევუდგებით. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ მკაფიოდ : ადამიანმა უნდა ატაროს ის გვარი, რომელთანაც თავისი კულტურითა და ისტორიული გამოცდილებით, თავისი იდენტობით არის დაკავშირებული. საქართველოს აზერბაიჯანელები რუსულ თარგზე მოჭრილ გვარებთან თავიანთი სანათესაოს, თავიანთი ერის თავგადასავალს ვერ აკავშირებენ, ამიტომ მოითხოვენ, მათი გადაკეთების უფლება მიეცეთ (მამედოვები მამადლებად რეგისტრაციას ითხოვენ, ალიევები – ალისოებად და ა.შ.).

პლატფორმა „სალამი“ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დახვეწილი და დემოკრატიული მეთოდებით მოქმედებს. მათ სპეციალური პეტიცია შექმნეს და ინიციატივის შესახებ ხელმოწერები შეაგროვეს, 2021 წელს კი 27 000 მხარდამჭერით ზურგგამაგრებული სპეციალური კანონპროექტი შეიტანეს საქართველოს პარლამენტში. სამწუხაროდ, საქართველოს აზერბაიჯანელთა მცდელობები დღემდე წარუმატებელია. სავარაუდოდ, თბილისში პრობლემის არსის გაცნობიერება უჭირთ და საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილის წუხილი მაინცდამაინც მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ. ამასთანავე, ერიდებიან მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული და რეგიონული აქტორების მიერ აღიარებული წესრიგის შეცვლას. ერთი სიტყვით, ცენტრში არავის სურს აუტკივარი თავის ატკივება.

მიუხედავად რამდენიმე წაბორძიკებისა, გვარის დაბრუნებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამემამულეები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ. მათ თავიანთი ძალისა და ენერგიის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსკენ მიმართეს. რამდენიმე კვირის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე მართლმსაჯულების სასახლეში, უპრეცედენტო განხილვა დაიწყო. პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანული თემი საკონსტიტუციო სასამართლოს ველზე ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას.

დადგა დრო, საქართველოს აზერბაიჯანელთა თავსატეხის ამოხსნაში მთელი საზოგადოება ჩაერთოს, რადგან პრობლემა მხოლოდ ერთი ჯგუფის გასაჭირს არ უკავშირდება.

რას მოიტანს გვარების რუსული სუფიქსებისგან გათავისუფლება?

აზერბაიჯანული ენა მდიდარი ენაა, მას დიდი ისტორია და ფართო შესაძლებლობები აქვს. დიდებულ ენას არ სჭირდება იმპერიული „ლინგვა ფრანკას“ დახმარება ადამიანის იდენტობისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტის – გვარის წარმოებისთვის. გვარის დაბრუნების შესაძლებლობით ქართული სახელმწიფო გამოკვეთდა აზერბაიჯანული ენის როლს, გაათავისუფლებდა მას დაქვემდებარებისგან, ორი საუკუნის წინ განსაზღვრული მეორეხარისხოვანი როლისგან.

ამასთანავე, ხაზი გაესმებოდა ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებას: ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს არაფერი აქვთ საერთო რუსებთან, ისინი არიან რუსეთში მცხოვრები თიურქულენოვანი ხალხებისგან სრულიად დამოუკიდებელი ერი. აზერბაიჯანელთა წინაპრები  საქართველოს ტერიტორიაზე იმპერიის გამოჩენამდეც არსებობდნენ, ქმნიდნენ გამორჩეულ ადათ-წესებსა და კულტურას, მათი განვითარება, იდენტობა დამპყრობელთა გარეშეც შეძლებდა განვითარებას და თავისი საზღვრების შემოხაზვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის გახლავთ, რომ საქართველოს აზერბაჯანელთა ერთი ჯგუფი სხვების ჩაურევლად, დამოუკიდებლად და თავისუფლად ცდილობს საკუთარი წარსულის გააზრებას და თვითმყოფადი ადგილის პოვნას თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.

საქართველოს აზერბაიჯანელთა გვარების წარმოშობის საკითხი შეიძლება შესანიშნავი წინაპირობა გახდეს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის გაკვეთილებზე კომპლექსური დავალების მომზადებისთვის.

ხილვების დიალექტიკა

0

„სქელტანიანი წიგნების წერა მძიმე და გამომფიტავ გიჟურ შრომად მიმაჩნია, შეშლილის ბოდვას ემგავსება, როდესაც ხუთას გვერდზეა გადაჭიმული აზრი, რომლის გადმოცემა სულ რამდენიმე წუთშიც შეიძლებოდა“ – წერს ლათინოამერიკული ლიტერატურის ფუძემდებელი ხორხე ლუის ბორხესი, რომელიც, სხვა თვალისჩინდაკარგულთა მსგავსად, შინაგანი „თვალით“ ზომავდა და აღიქვამდა სამყაროს მომნუსხველ მრავალფეროვნებას, რომლის სისავსით გადმოცემაც სრული უტოპიაა. ამიტომ ზოგი „ვერას იტყვის ვინცა გრძელად“ ფორმას არჩევს თვითგამოხატვისთვის, ზოგი მინიმალისტურად არა სიტყვაძუნწობის, არამედ ისეთი ლაკონურობისკენ იხრება, რომელიც უამრავ ფორმას, აზრს, შრეს, აღქმას იტევს, როგორც სჩვევიათ დიდოსტატებს.

სად იწყება ცხადი და სად – სიზმარი ან სადაა მათ შორის ზღვარი? ამ ურთიერთგადადინეის გამოა სწორედ, რომ ისინი ერთმანეთში გვერევა. ანარეკლია რეალობა თუ სინამდვილე წუთოსოფლის სამზღვრის გადალახვის შემდეგ მოგვეცემა? ბორხესი ამაზე წერს მოთხრობაში „წრიული ნანგრევები“, რომელშიც სამხრეთიდან ჩამოსული მდუმარე კაცი ჩანაფიქრმა იმ ტაძართან მიიყვანა, სადაც „სიზმარში ადამიანი უნდა ენახა, თანაც ისეთი სიზუსტითა და გამოწვლილვით, რომ მერე რეალურ სამყაროში შემოეყვანა“ (54). აქ რეალობა, მართლაც, სიზმარს ჰგავს: ტაძარი დანგრეული, გაუდაბურებულია და ხილულ სამყაროსთანაც, თითქოს, არაფერი აკავშირებს. კაცი თითქმის მარხულობს: ბრინჯსა და ხილეულზეა, მისი სხეული დაკმაყოფილებულია ამით და მისი ერთადერთი საზრუნავი ძილია, სიზმრები. ამ უკანასკნელში კი მას მოწაფეები ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა „გააცოცხლოს“, „გადმოიყვანოს“ ცნობიერში: „მოწაფეები გულმოდგინედ უსმენდნენ და ცდილობდნენ, მოსმენილს ბოლომდე ჩასწვდომოდნენ, თითქოს, გრძნობდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს გამოცდა, რომელიც მათგან ერთ-ერთს გამოიხსნიდა უსხეულო, ლანდად არსებობის ხვედრისგან და რეალურ სამყაროს აზიარებდა“(55). კაცი ეძებს სულს, რომელიც ღირსი იქნება სამყაროში დამკვიდრებისა, თუმცა ვერავის ირჩევს სიზმრის ეფემერულობაში. მკითხველს ჰგონია, ერთგვარი შესაქმის მოწმეა, როცა ეს ურთულესი პროცესი მფეთქავი, ბროწეულისფერი გულიდან დაიწყება, ჯერ უსქესო არსების ბუნდოვან სხეულში და ეს არაა ხანმოკლე: „სანამ პირველ წელს დაასრულებდა, ჩონჩხამდე და ქუთუთოებამდე იყო მისული. ყველაზე საწავლებელი მაინც თმის აურაცხელი ღერის წარმოდგენა გამოდგა“…სამყაროს შემოქმედია თითქოს კაცი („რომ აჯობოს ნაზარეველს?“). აქვე ერთვება საკაცობრიო გამოცდილებაც და ცოდნა, რომ გნოსტიკური კოსმოლოოგის მიხედვით, დემიურგებმა ადამი წითელი თიხისგან გამოძერწეს, თუმცა მას ფეხზე დგომის უნარი არ შესწევდა. ხოლო ჯადოქარმა ორი წელი მოანდომა, სიზმრისგან შექმნილი არსებისთვის სამყაროს საიდუმლოებები რომ გაემხილა, მისთვის ცეცხლის მსახურება შეესწავლებინა („დროდადრო უცნაური შეგეძნება გაჰკენწლავდა, თითქოს ეს ყველაფერი ერთხელ უკვე მომხდარიყო“ – ბორხესის „პარალელური დროები“, მ.ი). ცეცხლის ვაჟმა არ იცის, საიდან შეიქმნა, რადგან ჯადოქარმა სრულად წაშალა მისი მეხსიერებიდან სწავლების პერიოდი, არ იცის, რომ ნამდვილი კი არა, ვიღაცის ზმანების ნაყოფია. ნამდვილობის პრიორიტეტს ღვთის პრეროგატივად თვლის მწერალი! თუმცა, როცა ტაძარში გაჩენილი ცეცხლისკენ გაეშურება, ცეცხლი კი დაწვის, ფერფლად ქცევის მაგივრად, ალერსიანად ალოკავს, კაცს შვების, დამცირების, ტკივილისა და სასოწარკვეთის უცნაური განცდა დაეუფლება  – მიხვდება, რომ ფიქციაა, ლანდის ლანდი, ანარეკის ანარეკლი. ეს მოთხრობა ღვთის ფარული „სულთათანაა“, ჩემი აზრით…

ბორხესის სამყაროესული აღქმის ინტერპრეტაციის უცნაური მოდელია მის „ბაბილონის ლატარიაში“. აქ გვხდება მწერლისეული დროის თუ დროთა „წნული“, ანუ უდროობა თუ ყველა დრო ერთად: „როგორც ყველა ბაბილონელი, მეც ვყოფილვარ პროკონსული; როგორც ყველა – ვყოფილვარ მონაც; გამომიცდია უსაზღვრო ძალაუფლებაც, დამცირებაც, ციხეც“(62); ეს ჟღერს ასე – როგორც ადამის ყველა ჩამომავალი (მხოლოდ ქართულშია, არა, ადამს რომ დაგვაკავშირა ჩვენმა მადლიანმა ენამ ყოველი ჩვენგანი?). მოთხრობის ეს ქვეყანა გამაოგნებელია, რადგან იქ ყველას ცხოვრებას ლატარია განაგებს…„მოგებულებს წაგებულები სასამართლოში უჩიოდნენ. წაგებულები, კომპანია რომ არ გაეწბილებინათ, ციხეში ჩაჯდომას ირჩევდნენ („მცირეთა ეს სიმამაცე კომპანიის ეკლესიასტიკური, მეტაფიზიკური ძალაუფლების ჩემოყალიბების მიზეზად იქცა“(64) – ეს განზომილებათა ურთიერთგადადინების გაუგებრობის ირონიაა. ეს „ცხოვრების ლატარია“ საყოველთაო და უსასყიდლო ხდება: „შეიძლებოდა, გამარჯვებულს წილად ხვდომოდა მყუდრო საძინებლის ბინდბუნდში პაემანი ქალთან, რომელიც მობეზრებული ჰყავდა ან ვისი ნახვის იმედიც გადაწურული ჰქონდა; წარუმატებლობას კი მოთამაშეებისთვის ფიზიკური ტკივილი, ყველანაირი სირცხვილი და სიკვდილიც კი მოჰქონდა. ზოგჯერ ვინმე C-ს მკვლელობა სამიკიტნოში თუ იდუმალი აღზევება ვინმე B-სი, უბრალოდ, ოცდაათი ან ორმოცი ბილეთის ფატალური აღრევის შედეგს წარმოადგენდა“….რა არის ეს? ადამიანური პირობითობების „მორღვევის“ მცდელობა თუ ღვთაებრივი კანონზომიერებების (თუნდაც დაბადებისა და სიკვდილის) „წაშლის, გადღაბნის“ შიში? იქნებ ამისი სურვილიც?! ამიტომ ამას ვერც კამიუს აბსურდს, ალოგიკურობას დავარქმევთ, ვერც კაფკას „სასამართლოს“, რომელიც, ერთი შეხედვით, უსამართლოა, მაგრამ მასში რაღაცა წესრიგი, სიმწყობრე, მიზეზშედეგორბრიობა არის. ცოტა „იქით თუ გავიჭვრიტებით“, მომავალში, დაგვაფიქრებს სავარაუდო მოსალოდნელობები:

–წიგნების კითხვა ჯერ ნებადართულია, მაგრამ ჩიტების გადაფრენა უკვე აკრძალულია!
– ფიქრის თავისუფლებაც;
– საკუთარი აზრის ქონა და გამოხატვაც;
– სხვისი თანაგრძნობა;
– უსამართლობაზე რეაგირება;
– ნებართვის გარეშე აღტაცება;
– უსასრულო კენჭისყრა; – ცხვრება ლატარიაა!
– აქილევსისა და კუს შეჯიბრების უაზრობის დროში უსასრულობა;
– „ჩვენი ცხოვრების საკრალური უწესრიგობა მხოლოდ მემკვიდრეობაა, ტრადიციაა“;
– ბაბილონის გოდლისკენ! ქაოსისკენ! ადამიანი იმისთვისაა, რომ ღვთის წესრიგი დარღვიოს(ო) საკუთარი „წესრიგით“……..

„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ – მთხრობელი ყვითელკანიანია, ჩინელი, იუნანის მმართველის, ცუი პენის, შვილთაშვილია. აქ ჟონავს ბორხესის ირონიით კარგად შენიღბული პესიმიზმი: „წინასწარ ვჭვრეთ, რომ ადამიანები დღითიდღე უფრო საშინელ საქმეებსაც შეურიგდნენ; მალე ამქვეყნად დარჩებიან მხოლოდ მებრძოლები და ყაჩაღები. ჩემი მათდამი რჩევა იქნება: „ყველაზე უარესი ჩანაფიქრის შემსრულებელმა უნდა წარმოიდგინოს, რომ იგი უკვე აღასრულა, უნდა შთააგონოს საუთარ თავს, რომ მომავლის შეცვლაც ისევე შეუძლებელია, როგორც წასრულისა“ (99). აქაა ცხოვრება-ლაბირინთის თემა, რომელიც ცხოვრების ბორხესისეულ ერთ-ერთ ფანტასმაგორიულ მოდელს გვთავაზობს: „უსასრულოდ წარმომედგინა ლაბირინთი, რომელიც მხოლოდ რვაკუთხა მონაკვეთებსა და წრეზე მბრუნავ ბილიკებს როდი სჯერდებოდა, არამედ მოიცავდა მდინარეებს, პროვინციებს, სახელმწიფოებსა კი…ლაბირინთთა ლაბირინთად წარმომედგინა, დაკლაკნილი და სულ უფრო მზარდი ბილიკებით, წარსულსა და მომავალს რომ ერთიანებდა და რაღაც სასწაულით ვარკსვლავებამდეც კი აეღწია“ (100). სინამდვილეში, ცუი პენის ბაღი, „სადაც ბილიკები იყრებიან“, სიმბოლოთა, დროის უხილავი ლაბირინთი, ცხოვრებაა, იგივე უსასრულო, ციკლური, წრეზე მბრუნავი წიგნი, რომელშიც ბოლო გვერდი პირველს იმეორებს და ასე იძლევა საშუალებას, უსასრულოდ გაგრძელდეს. ეს დროის წრებრუნვაა? თუ თავად მარადისობა?

ჩვენ წინაშეა ბედისწერისა და განგების „ქსელი“, მოვლენათა გავითარების ვარიაციების ერთდროული დაშვება მწერლის მიერ: „ხანდახან ბილიკები ერთმანეთს კვეთენ კიდეც: მაგალითად, თქვენ ჩემთან მოდიხართ, მაგრამ წარსულის რომელიღაც შესაძლო ვარიანტში თქვენ ჩემი მტერი ხართ, სხვაში კი მეგობარი. თუკი მაპატიებთ და ჩემს უგერგილო გამოთქმას აიტანთ, შეგვიძლია რამდენიმე გვერდი ახლავე ჩავიკითხოთ“(106). ესაა სწორედ ის გრანდიოზული გამოცანა თუ იგავი, რომლის მთავარი თემაც მაინც დროა. თუმცა მწერალი-მეტაფიზიკოსი დროს არსად ახსენებს, მაგრამ ეს ჭეშმარიტად ყველაზე გამომსახველი ხერხია მისი შეხსენებისა, ხაზგასმისა. ცხოვრების ეს მოჩვენებითი ქაოტურობა, სამყაროს დაუმახინჯებელი სურათია, როგორც მას ცუი პენი ხედავდა და „ნიუტონისა და შოპენჰაუერისგან განსხვავებით, ავტორს მთლიანი, აბსოლუტური დროისა არ სჯეროდა“ (108). თუმცა დროის ბორხესისეული „სიმრავლე“, სხვა მოთხრობებშიც რომ ფუნქციონირებს, ერთმანეთისგან განშტოებული, შემხვედრი და პარალელურად მიმდინარეც, ქსელი, აბლაბუდა, რომელიც ყველა წარმოდგენით შესაძლებლობას შეიცავს. გგონიათ, შეუძლებელია ყველა დროში ერთდროულად ყოფნა? იქნებ ბორხესის ფანტასმაგორიებში ესეც შესაძლებელია?

არგენტინელი მწერლის მრავალპლანიანი თხრობის აპოკრიფულობა, ვნება, სამყაროზე ყოვლისმომცველი ცოდნის, შეგრძნებათა, ფლობისა ერთად უყრის თავს სინამდვილესა და უტოპიას, რეალურსა და გამოგონილს, გმირს, ლიტერატურას, მოვლენას. მოთხრობაში „მოღალატისა და გმირის შესახებ“ სინათლის წლისა არ იყოს, მწერალი დროის ფარდობითობის თომას მანისეულ აღქმას გვთავაზობს; თუნდაც ე.წ. პლატონის წელიწადი, ერთიანი შეგრძნება დროისა, რომელსაც ცარგვალი ანდომებს ღერძის გარშემო ერთი წრის დარტყმას (დაახლ. 26000 დედამიწური წელი). მთხრობელი ამჯერად რაინდია, ნაწარმოების „დღეს“ 1944 წლის 3 იანვარია, თუმცა გვიყვება XIX საუკუნის დასაწყისის ან შუა წლების ამბავს. რაინდი აღმოაჩენს, რომ მისი სახელოვანი წინაპრის მკვლელობის საიდუმლო სისხლის სამართლის ფარგლებს სცილდება. აქვე ძალიან საინტერესოა დროთა „შეჯახება“ თუ „გადაკვეთა“ და სხვადასხვა დროის ისტორიული და ბიბლიური გმირების პარალელების თანხვედრა (მოსე, იულიუს კეისარი…)

ბორხესის წერის სტილის მახასიათებელია ერთგვარი პაროდიზირება, რაც ასევე სპობს დროის, განზომილებათა და წარმოსახვის ჩარჩოებს („სანამ ფერგიუს კილპატრიკი ფერგიუს კილპატრიკად დაიბადებოდა, იგი თავად იულიუს კეისარი უნდა ყოფილიყო“). მწერლის ირონია და თვითირონიაა, როცა ამბობს, რომ გასაოცარია, როცა ისტორია სხვა ისტორიას იმეორებს, ხოლო სრულიად დაუჯერებელია, როდესაც ისტორია ლიტერატურას იმეორებს („სიტყვები, რომლებითაც ვიღაც მათხოვარმა ფერგიუს კილპატრიკს მისი მკვლელობის დღეს მიმართა, შექსპირის მიერ უკვე იყო ნაწინასწარმეტყველები ტრაგედია „მაკბეტში“)(138).

ცხოვრება ჩამოჰგავს მოხეტიალე თეტრის მრავალსაათიან წარმოდგენებს, აუცილებლად ათასობით მსახიობის მონაწილეობით, რომლებიც ისტორიულ მოვლენებს განასახიერებენ. იმავე ქვეყნებსა და ლანდშაფტებში, სადაც მომხდარია ეს მოვლენები. ეს არის ირონიას შეფარებული, საკმაოდ სერიოზული მცდელობები მწერლისა, სიცოცხლის, დროის „ელიფსის“ არსებობის „გულისგულის“ საიდუმლოებების წვდომისა. „დრამა, რომელიც გმირის სიკვდილით დასრულდა, უამრავ დღესა და ღამეს გრძელდებოდა“; ავტორის იმპროვიზაციებით, ქალაქი იყო თავად თეატრად ქცეული…სიკვდილის „დადგმაც“ შეიძლება (თუმცა ის, სიკვდილი, ნამდვილია), როცა პერსონაჟი გმირია, თუმცა, აქვე, მისი მოღალატეობაც მჟღავნდება. ბორხესი ხელოვნურად ქმნის სააზროვნო ქაოსს, რომ რაღაცა ჯადოქრობის იმედად იყოს, თითქოს ზღაპარში, უღრან ტყეში გაგორებული გორგლის ძაფს მიუყვებოდეს…

„იუდას ღალატის სამი ვერსია“ – გამოგონილი და ბიბლიურ-ისტორიული პიროვნებების ტანდემში, იუდა გამოყოფილია, – „კაცი, რომელიც ასე გამოარჩია უფალმა, ჩვენგან ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი საქციელი გამოწვლილვით გავარჩიოთ“, თუმცა დანტე მისთვის ცეცხლმოდებულ სამარეს გაიმეტებდაო…„იუდამ იესო ქრისტე ერთი მიზეზით გაყიდა – რათა ძე ღმერთისა ეიძულებინა საკუთარი ღვთაებრივი საწყისი გამოეაშკარავებინა და რომის ბატონობისთვის თავის დასახსნელად სახალხო აჯანყება გამოეწვია“(171); ან ეს: „იუდას ღალატი შემთხვევითი არ ყოფილა, ეს წინასწარგანზრახული ქმედება იყო…“(172); ეს იყოო მსხვერპლშეწირვა მთელი კაცობრობის სახელით. აქ მწერალი ყველაფერს ათანაბრებს თუ აკავშირებს, ეს იმავე „ალოგიკურობის“ გამიზნული „მისჯაა“ ადამიანთა მოდგმისთვის: „ქვესკნელის წესრიგი სარკეა ზესკნელის წესრიგისა; მიწიერი ფორმები ზეციურ ფორმებს შეესაბამება; კანზე აღბეჭდილი ლაქები მარადიული თანავარსკვლავედების რუკის სადარია; რაღაცა იდუმალი მანქანებით იუდა ანარეკლია იესოსი“(172). აქ „მანქანებით“ იწვევს სწორ ასოციაციას „ეშმაკის მანქანებისა“ და ეს ალბათ მწერლის „წამოცდენა“ არ არის ან თუ არის, მიზანმიმართული…იუდას ღალატის სიხარბით ახსნა ნიშნავსო, რომ ყველაზე უგერგილო და უღიმღამო მიზეზს დავყაბულდეთ. იუდა განდგომილა ყოველივე წმინდისგან, ღმერთისგან, თვითგვემისთვის (აქვე ბორელიუსის (მწერლის, მ.ი.) ირონიაა, ანუ მწერალი „უპირიპირდება“ საკუთარ თავს: რატომ თავად განდგომას არ განუდგაო?!) იუდამ ჩათვალა, რომ ღირსი არ იყო, კარგი ყოფილიყოო, მან ჯოჯოხეთისთვის გაწირა თავი, რადგან სამოთხის ღირსად მარტო ღმერთი მიაჩნდაო. ასე 2 X 2= 4 და აბსურდამდე დადის ეს დინამიკა. კიდევ მეტიც, – იუდას განღმრთობააო ეს, რაც ასე ჰგავს ნიცშეს ზეკაცობის თეორიის შემდეგ ფორმულირებას: იესო მოკვდაო იუდაში; – „ღმერთი მთლიანად განკაცდა, კაცის სიმდაბლეებით, სისაძაგლითა და უფსკრულებით. ჩვენ გამოსახსნელად შეძლო ნებისმიერის ბედი აერჩია, ვინც ისტორიის დახლართული ბადის ქსოვაში მონაწილეობდა. გამხდარიყო, მაგალითად, ალექსანდრე, პითაგორა, რიურიკი ან იესო, მან კი ყველაზე საძაგელ ბედზე შეაჩერა არჩევანი – იუდა გახდა“;  აქ საუბარია იუდას არჩევანზე, თითქოს, მას ხელეწიფებოდა, მარადისობის მდინარებაში „შეერჩია“ საკუთარი თავი. ეს „აბურდული ბილიკი“ კარგი ადგილისკენ არ მიდის. ის ნიცშემ უკვე გაიარა სიგიჟის „ჩიხამდე“. მანაც ასე აპროტესტა საკუთარი ბედის სიმუხთლეები და გენიოსი გონებისთვისაც შეუძლებელი რომ აღმოჩნდა რაიმე გამოსვლის პოვნა, ცხენის კოცნაშიღა ეძებდა ხსნასა და იმედს…აბა, ვისთვისაც უნდა მოეხმო, სწორედ მას ებრძოდა და ეგონა, დამარცხდა; არადა, ეს საბედისწერო შეცდომა იყო: დამარცხდა წუთისოფელთან, რომელიც ასეთ შეცდომებს ნაკლებად გაპატიებს…თუმცა ბორხესი, თავის უსინათლო თვალებით, ამასაც აცნობიერებდა და „ხედავდა“, როგორც ყველაზე დიდი მწერალი-ექსპერიმენტატორი, არც სითამამეს რომ უჩიოდა, არც ორიგინალურობას; თუმცა ეს სითამამეც იმ შიშის გადასაფარად სჭირდებოდა ალბათ, „სიყვარულს რომ შეიქმს“ სამყაროს ამოხსნელი იდუმალების ასეთი სკურპულოზური დიდებულებით შემოქმედისადმი…

 

ციტატები წიგნიდან – ხორხე ლუის ბორხესი „ფიქციები“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2022

 

მზევ, შინ შემოდი, ჩვენს საკლასო ოთახებსა და ჩვენს გულებში!

0

ერთი პროექტის იდეა თემაზე: მზე

რა არის ის, რის გარეშეც სიცოცხლე ვერ იარსებებდა? რა გვათბობს და გვინათებს დღეებს? რას შევყურებთ იმედით?

რა თქმა უნდა, ბავშვები ადვილად გამოიცნობენ: მზე!

აბა, გავიხედოთ ფანჯრიდან და წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა, მზე რომ არ არსებობდეს?

არც ახლა გაუჭირდებათ ბავშვებს პასუხი.

ჰოდა, მოდი, ჩვენი გაკვეთილი მზეს მივუძღვნათ. რადგან ის ასეთი დიდებული და ამაღელვებელია, რადგან მზეა ჩვენი ყოფნის მთავარი მიზეზი. რადგან დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს და ადამიანები როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც მზით ვართ მოცულები.

დავიწყოთ. მზე მითოლოგიაში.

ბავშვებს ვუყვებით, რომ ძალიან, ძალიან ძველად ადამიანებს მზე ღმერთად მიაჩნდათ, უძღვნიდნენ საგალობლებსა და ლექსებს, ჰიმნებსა და სიმღერებს.

ვაკითხებთ ხალხურ ლექსს „მზე შინა“ (https://kids.ge/poesy-verse?id=237) და ამ ლექსის მიხედვით ვსაუბრობთ. რას ნიშნავდა ჩვენი წინაპრებისთვის მზე? რატომ ეპატიჟებოდნენ სახლში? – შეიძლება, დავაწერინოთ კიდეც. შემდეგ აუცილებლად დაგვჭირდება ძველი ქართული დარბაზული სახლის ჩვენება, დედაბოძზე საუბარი და მასზე დატანებული მზის სიმბოლოს – ბორჯღალის მნიშვნელობის ახსნა. ბორჯღალზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს. აუცილებლად უნდა მოვყვეთ მზის ქალღმერთ ბარბარეზე, რომელიც იმ გველეშაპს ამარცხებს, მთვარეს რომ ყლაპავს. უნდა ვახსენოთ მზეთუნახავები და ოქროსთმიანი ვაჟები და ქალებიც, ვთქვათ, რომ ოქროს თმა მზის წყალობაა და მზესთან კავშირზე მიუთითებს.

იქნებ დავახატვინოთ კიდეც თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ტანსაცმელზე ან აქსესუარზე მზესთან დაკავშირებული სიმბოლო აქვს. შეგვიძლია, შემოვიტანოთ ზღაპრები „მზის ასული“, „დღისით მკვდარი და ღამით ცოცხალი“, რომელთა შინაარსს ისევ მზე ღვთაებას დავუკავშირებთ.

უჰ, ეს ისეთი ვრცელი თემაა, ალბათ ამოუწურავი, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ და გადავიდეთ შემდეგზე:

მზე ქართულ ლიტერატურაში.

მე დავიწყებდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობით „მზე“, სადაც მზის ყოვლისმხედველობა და ყოვლისშემძლეობა ჩანს. თან ისეთი საინტერესო დიალოგებია, შეგვიძლია, მკითხველის თეატრიც მოვაწყოთ და როლებში წავაკითხოთ:

„- დაიწყო! – თქვა ერცახუმ ყრუდ.

– რა? – დაინტერესდა მზე.

– დაბადება!

– ვისი?

– შვილების, ბადიშების: კოდორის, ფსოუს, კელასურის, მოქვის, ღალიძგის, ჩალბაშის, მაჭარას, ქეთევანას…

– სუყველა შენია? – ჰკითხა მზემ ისე, თითქოს არ იცოდა.

– ჩემი და ჩემი ძმების.

– გამრავლდით! – დალოცა მზემ.

ახლა ერცახუს გაეღიმა.

– ჩვენ პირიქითა ვართ, შემოქმედო, შვილი უამრავი გვყავს, ბადიში – ნაკლები, იმათი შვილები – კიდევ უფრო ნაკლები და ბოლოს ერთი უზარმაზარი ნაგრამი – ზღვა!“

მივაყოლოთ მუხრან მაჭავარიანის „ამოვიდა მზე“ (http://genia.ge/?p=53948), გიორგი ლეონიძის „მზე სად ჩაექანება“ (https://poetry.ge/poets/giorgi-leonidze/poems/2222.mze-sad-chaeqaneba.htm), რევაზ ინანიშვილის „გახარებული მზე“ (https://www.aura.ge/103-saskolo/8380-revaz-inanishvili–gaxarebuli-mze.html), გიორგი შატბერაშვილის „მკვდრის მზე“… წავაკითხოთ „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“ . ვისაუბროთ მზეზე როგორც ეპითეტზე, მეტაფორაზე, რუსთაველიც გავიხსენოთ, „ვეფხისტყაონის“ პირმშვენიერი მზე პერსონაჟები.

ძალიან საინტერესოა ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები მზის თემატიკაზე, დაჭრილი მზე, მოწყენილი მზე – მზე როგორც სიკეთისა და სინათლის სიმბოლო.

აუცილებლად დავაწერინოთ მოთხრობა ან ჩანახატი მზეზე, ვაქციოთ მზე მთავარ პერსონაჟად და ინსპირაციად. კარგი იქნება თუ გავიყვანთ ეზოში, მზისთვის შევახედებთ, თვალებს დავახუჭვინებთ და ვთხოვთ, თავიანთი შეგრძნებები აღწერონ: რას ვგრძნობ, როცა მზეს ვუყურებ? როცა ჩემში მისი სხივები იღვრება? იქნებ დავწერო? ან იქნებ დავხატო?

შეგვიძლია, ყველას დავახატვინოთ საკუთარი მზე და გამოფენაც მოვაწყოთ, ან დავამზადოთ მზის ბარათები, მზის წიგნები…

თავად მიხვდებით, რა სჭირდებათ თქვენს მოსწავლეებს, თქვენ გიდევთ ხელი მათ მაჯისცემაზე.

გაავრცეთ, შეცვალეთ აქ მოყვანილი იდეები, დაუმატეთ ან გამოაკელით. მე შეგნებულად არ ვწერ მსოფლიო მითოლოგიაზე, მსოფლიო მხატვრობასა თუ ლიტერატურაზე – ეს ძალიან, ძალიან ვრცელი თემაა და თავად გადაწყვიტეთ პროექტში მათი ჩართვა.

რასაკვირველია, მეცნიერებასაც უნდა შევეხოთ, ვთქვათ, რომ მზე გავარვარებული ვარსკვლავია, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს და ის ჩვენთვის სიცოცხლის წყაროა. კარგი იქნება, თუ ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს: https://youtu.be/lxpI8d5JP1Y, https://youtu.be/sVrtS5xNYdc.

აქვე – საინფორმაციო ტექსტი მზეზე: http://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade6/planetebi.pdf

http://www.reading.ge/ka/books-by-level/409-mze

შეგვიძლია, ვთხოვოთ ბავშვებს, თავადაც მოიძიონ ინფორმაცია და მოამზადონ პრეზენტაციები საინტერესო ფორმით.

ვაჩვენოთ ძალიან სახალისო ანიმაცია „მზის ჩხვლეტაზე“:

https://www.youtube.com/watch?v=1gjNoZDfek8

ბოლოს აუცილებლად მოვაწყოთ სკოლის ეზოში მზის საათი და ჩრდილებიც ალიცლიცდებიან კედლებზე, მიწაზე.

ჰოდა, მზევ, შინ შემოდი, ჩვენს გულებში შემოდი, ჩვენს ოთახებში, ჩვენს ქვეყანაში შემოდი!

მზევ, დედაო ჩვენო!

რესურსი ბიოლოგიის სწავლებისთვის

0

ბიოლოგიის სწავლება დიდი გამოწვევაა მასწავლებლისთვის. ბიოლოგიის მასწავლებელს მათემატიკური წიგნიერების უნარის გამომუშავებაზეც უხდება მუშაობა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია. მნიშვნელოვანია, განასხვაოს დამოკიდებული, დამოუკიდებელი და საკონტროლო ცვლადები. სტატიაში ძალიან მოკლედ არის აღწერილი მიდგომები და უფრო დიდი ადგილი ეთმობა სავარჯიშოებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სწავლების საბაზო საფეხურზე.

I2 სტრატეგია არის სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც მოსწავლეს ეხმარება გრაფიკების, დიაგრამების და სხვა ვიზუალური მონაცემების გაგებასა და გაანალიზებაში. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მონაცემების რაოდენობა დიდია. ის სამი ნაბიჯისგან შედგება:

პირველი ნაბიჯი: იდენტიფიცირება – რას ხედავ სქემაზე, პასუხის გაცემა ხდება ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე.

მოძებნე ცვლილება, განსხვავება – მოძებნე ყველაფერი, რაც თვალში მოგხვდება:

  • მრუდი ზრდადია თუ კლებადი;
  • პიკია თუ პლატო;
  • სად არის მონაცემები თანმიმდევრული, არათანმიმდევრული;
  • რა განსხვავებაა ხაზებს, სვეტებსა და მონაცემების წერტილებს შორის;
  • მონაცემები გაფანტულია თუ არა;
  • ამ ეტაპზე ნუ შეეცდები ახსნას.

მეორე ნაბიჯი: ინტერპრეტაცია – ,,რას ნიშნავს“?

  • მრუდი ზრდადია ნიშნავს . . . .
  • მრუდი კლებადია ნიშნავს . . .
  • ხაზი, სვეტი, წრე, სექტორი გამოსახავს, რომ . . .
  • პიკი მიუთითებს . . .
  • პლატო მიანიშნებს . . . .
  • ყველა დაკვირვებას მიუწერე ახსნა.

მესამე ნაბიჯი: დასათაურება – რას გამოსახავს გრაფიკი? ეს ნაბიჯი გამოსახავს დაკვირვებებსა და ინტერპრეტაციებს.

  • დაწერე გრაფიკის/ნახატის შინაარსის თანმიმდევრული შეჯამება. რას ხედავ და რას ნიშნავს კომენტარი გააერთიანე ერთ აბზაცში;
  • დაიწყე თემატური წინადადებით: ეს წინადადება მოკლედ აღწერს, რა დამოკიდებულებას გამოხატავს გრაფიკი;
  • გააერთიანე დაკვირვებები და ინტერპრეტაციები: „რას ხედავ“ – „რას ნიშნავს“;
  • ააგე ლოგიკური აბზაცი.

რამდენიმე რჩევა:

  • რაც უფრო ხშირად გამოიყენებ I2 სტრატეგიას, მით უფრო ბუნებრივი გახდება ის;
  • ნუ შეეცდები მთლიანი გრაფიკის ერთდროულად გარჩევას, დაყავი ის ნაწილებად;
  • კომენტარები გააკეთე პირდაპირ გრაფიკზე;
  • იმუშავე ხმამაღლა.

სამუშაო ფურცელი 1: გაარჩიე გრაფიკები

  1. ტესტის შეფასების შემდეგ მასწავლებელმა შეადგინა წრიული დიაგრამა. გააანალიზე მონაცემები და უპასუხე კითხვებს:

a) რა შეფასება მიიღო მოსწავლეების უმრავლესობამ? ____

b) მოსწავლეთა დაახლოებით რამდენმა პროცენტმა მიიღო შეფასება B ____

c) მოსწავლეთა დაახლოებით რამდენმა პროცენტმა მიიღო შეფასება A ____

d) როგორ ფიქრობ, მასწავლებლის მიერ შედგენილი დავალება რთული იყო? ახსენი პასუხი.

2. წერტილოვანი დიაგრამა გამოსახავს გაჩერებაზე მდგომი ადამიანების სიმაღლისა და ასაკის დამოკიდებულებას. დაადგინე, რომელ ადამიანს რომელი წერტილი შეესაბამება. .

  1. სვეტოვანი დიაგრამა გამოსახავს მოსწავლეების განაწილებას არჩეული საგნების მიხედვით.

ა) რომელი საგანი აირჩია ყველაზე მეტმა მოსწავლემ? ____________

ბ) რამდენმა მოსწავლემ აირჩია ქიმია? _____ ანატომია? ____

გ) რომელი საგანია ყველაზე ნაკლებად პოპულარული? ___________

4. ხაზოვანი დიაგრამა გამოსახავს მცენარის სიმაღლის დამოკიდებულებას განათების (სინათლის მოქმედების) ხანგრძლივობაზე.

a) რა სიმაღლისაა მცენარე მეშვიდე დღეს, რომელიც 3 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? _________

b) რა სიმაღლისაა მცენარე მეშვიდე დღეს, რომელიც 6 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? _________

c) რა სიმაღლისაა მცენარე მეათე დღეს, რომელიც 9 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? ________

d) რა სიმაღლისაა მცენარე მეთერთმეტე დღეს, რომელიც 1 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? ______

e) გრაფიკის მიხედვით დაადგინე, რამდენ ხანს უნდა იდგეს მცენარე სინათლეზე, რომ საუკეთესო სიმაღლის გაიზარდოს? __________

 

  1. ხაზოვანი დიაგრამა გამოსახავს სხვადასხვა სიგრძის ჭიაყელების რაოდენობას.
  2. a) რა სიგრძის ჭიაყელაა ყველზე მეტად გავრცელებული? _________
  3. b) რას უდრის ყველაზე გრძელი ჭიაყელას სიგრძე? ———–
  4. c) რამდენი ჭიაყელას სიგრძეა 6 სმ.? _______
  5. d) რამდენი ჭიაყელას სიგრძეა25 სმ? _____
  6. e) რას გამოსახავს გრაფიკის პიკი – ყველაზე გრძელი თუ საშუალო სიგრძის ჭიაყელების რიცხვს?

ექსპერიმენტული სამუშაოს დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაადგინოს საკონტროლო, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები. სამუშაო ფურცელზე მოცემულია სიტუაციები. სასურველია, მოსწავლეებმა შეადგინონ ექსპერიმენტის პროტოკოლი ან მხოლოდ ცვლადები განსაზღვრონ.

სამუშაო ფურცელი2: დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები

მაგალითი   დამოუკიდებელი ცვლადი დამოკიდებული ცვლადი
1. ერთ ძროხას აძლევდნენ ზრდის ჰორმონს, მეორეს – არა. ექსპერიმენტი გრძელდებოდა ორი წლის განმავლობაში. საკვებისა და წყლის რაოდენობა ერთნაირი იყო.
2. ერთ მკლავზე შეისხურეს კოღოსგან დამცავი საშუალება, მეორეზე არა. 2 საათის შემდეგ ორივე მკლავზე დათვალეს კოღოს ნაკბენების რაოდენობა.
3. ტოლი მასის ყურძნის ორი მტევანი მოათავსეს წყალში. პირველი სასმელ წყალში, მეორე – მარილიანში. 24 საათის შემდეგ მტევნები აწონეს.
4. ორი განსხვავებული მანქანა მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით. ორივე მანქანის მძღოლი ერთდროულად მკვეთრად ამუხრუჭებს. გაჩერების შემდეგ ზომავენ სამუხრუჭე მანძილს.
5. ბაღლინჯოები მოათავსეს კონტეინერში, რომელიც ორ, სველ და მშრალ ნაწილებად არის დაყოფილი. მკვლევრები აღრიცხავენ – რა დრო გაატარეს თითოეულ მხარეს.
6. ორმა სტეპლერმა დაამაგრა 100 ფურცელი. ერთი გაიჭედა 5-ჯერ, მეორე – 22-ჯერ.
7. ტარაკნებს შეასხურეს პესტიციდი. სამ საათში ყველა მწერი დაიღუპა.
8. ორ ყვავილს ზრდიან ერთნაირი ზომის ქოთანში, სინათლეზე. ერთს რეგულარულად რწყავენ ონკანის წყლით, მეორეს კი – მიკროტალღურ ღუმელში დამუშავებული წყლით. მათი სიმაღლე ორი კვირის შემდეგ გაზომეს.
9. ჯარისკაცს წნევას უზომავდნენ მოსვენებულ მდგომარეობაში და სტრესულ სიტუაციაში.
10. ვაშლი დაჭრეს ტოლი ზომის კუბებად. მათი ნახევარი მოათავსეს ლიმონის წვენში. ყველა ნაჭერი შეინახეს პლასტმასის კონტეინერში. 4 დღის შემდეგ დააკვირდნენ კუბების შეფერილობას.  

 

11. ოქროს თევზის სუნთქვის სიჩქარე გაზომეს ჯერ ოთახის ტემპერატურის, შემდეგ კი ცივ წყალში.
12. ბაქტერიებს ზრდიან პეტრის ჯამში. ჯამის ერთ მხარეს საკვები არე დამუშავებულია ანტიბიოტიკით, მეორე – არა. ერთი კვირის შემდეგ ორივე ნაწილში დათვალეს ბაქტერიების რაოდენობა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.biologycorner.com/2019/02/02/independent-dependent-variables/

https://www.biologycorner.com/2018/06/04/interpreting-graphs/

ირმისა – ამბავი ირმების თავისუფლებისა

0

ქუთაისელი მოქანდაკე არსენ ფოჩხუა, რომელიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრში მევიოლინეც ყოფილა, აფხაზეთში კონცერტის შემდეგ, სეირნობისას, კოლხური ბზისგან გამოთლილ გასაყიდ დანებს გადასწყდომია. მასთან ერთად მყოფ ლადო გუდიაშვილს (ქაშუეთის ტაძარს ისინი ერთად ხატავდნენ) უთქვამს, ამ დანას შენეული ჩუქურთმა დაამშვენებდაო. შეუძენიათ ის უბრალო დანა, რომელიც ბატონ არსენს ამგვარად მოუჩუქურთმებია:

სურ.1.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაიზომოს მანძილი ვიზუალური ხელოვნების ამ ნიმუშსა და ატენის სიონის ირმისგამოსახულებიან ბარელიეფებს (ახ. წ. VII ს.) შორის, მაგრამ ჩამესმის და ვხედავ, როგორ მოდენის ჩემკენ ალუზიურობისა თუ რიზომატულობის სიო გალაკტიონის ლექსის[1] სტრიქონებს: „ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს“. არსენ ფოჩხუას მიერ გამოსახულმა სცენამ შესაძლოა მისი პოეზიისკენ და უფრო შორსაც წაიყვანოს ადამიანი. წარუძღვეს მითების სამყაროსკენ, სადაც მოსწონთ, უყვართ, სწყინთ, სძულთ ან ერთი მზერისთვის სასიკვდილოდაც იმეტებენ. ერთ ამგვარ მითზე თავად გალაკტიონი გვიყვება. ეს აქტეონისა და არტემიდას მითია:

როცა აკტეონი, ძეჲ არისტეას,

ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ,

უცებ დაინახა თეთრი არტემიდა,

თავის ნიმფთა შორის იგი ბანაობდა

ძველი პართენონის მსუბუქ ნაკადებში.

შედგა აკტეონი, თვალნი დაებინდნენ.

იგი მოჯადოვდა უცხო სანახავით.

მაგრამ ის დასაჯა იმავ ღვთაებამა:

იქცა აკტეონი ირმად მშვენიერად,

ძაღლებს აკტეონი მსხვერპლად შეეწირა,

იგი დაეფლითათ ძაღლებს იმისსავეს.

ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი

შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული,

შენგნით დაწვრთნილები ყეფენ მოუსვენრად

ისევ შენთვისსავე – ავი ძაღლებია“.

არ ვიცი, ძვირფას მკითხველს რა განცდას გაუჩენს ან რას გაახსენებს ლექსის ბოლო სტროფი და მისი ლირიკული პერსონაჟი – პოეტი, რომელიც საკუთარ თავს ტუისტური ხერხით (როგორც მეორე პირს) მიმართავს, ან რამდენად გაახსენებს იგი გალაკტიონის მოღვაწეობის ისტორიულ კონტექსტს, რომელშიც შემოქმედი აქტეონის სიმძაფრით განიცდიდა გარშემო მყოფთაგან ასე უხვად გამეტებულ სასიკვდილო ჭრილობებს, მე კი ამ ამბავმა მომაგონა მიხეილ ქურდიანის პოეტური ნიმუში: „არტემიდე და აკტეონი“. ავტორს იქვე ფრჩხილებში ჩაუსვამს ქვესათაური: „ძველი ტკივილის ფრაგმენტი“. ნამდვილად წასაკითხი ტექსტია, რომლის ამონარიდს აქვე მოვიტან:

„შორით შეგნიშნე, შემოსილი შინდისფერ შუქით. შენით შეშლილი შეღამება გშვენოდა შიშველს, იდექი ისე მიმზიდველი და სრულყოფილი, როგორც შედევრში – დისონანსი სწორუპოვარი: ქალღმერთი – აღმართი, როცა აღმართი ღმერთისაკენ მიმავალს ნიშნავს… ტყე ამეტყველდა, საიდუმლო გაგანდო ჩემი… მაქციე ირმად, მე მიღალატეს მეგობრებმა, მესროლეს, მომკლეს, როცა ძაღლებს არ გავექეცი… დღეს შენი მღვიმის ცივ იატაკზე გაფენილია ჩემი ტყავი, შენ მასზე წევხარ, როგორც ეტრატზე „ოდისეას“ ერთი ფრაგმენტი“ (1972).

დიახ, ეს ტექსტი ბერძნული მითის ალუზიად შეიძლება ჩავთვალოთ და ჩვენს მოწაფეებთან ერთად საფიქრალად დავიტოვოთ საკითხი, მაინცდამაინც ირმად რატომ გადააქცია არტემისმა (რომაული ვერსიით, დიანამ) აქტეონი, როდესაც თავად იგი გამოისახებოდა ფურირმის სახით. ირმად აქცია და ერთგულ მონადირეებს მოაკვლევინა.

ქართულ მითოლოგიაში ირმის ამბავი სულ სხვაგვარად, არტემისის ამბის საპირისპიროდ იყო. ირემს დალი მფარველობდა, ჭკვიანმა და იღბლიანმა მონადირემ კი იცოდა, რომ ეს ცხოველი არ უნდა მოეკლა, რადგან იგი სასწაულმოქმედი იყო, ფეხებით ებჯინებოდა ქვესკნელს, ხოლო რქებით – ზესკნელს. სამი სკნელის შემაერთებელს, ქალღმერთის რჩეულს, მონადირე განძთან მიჰყავდა. ზოგჯერ რქებზე ჯვარიც გამოესახებოდა და დიდებასაც აპოვნინებდა. ფარნავაზის სიზმარი გავიხსენოთ ან ქართული ზღაპარი „ირმისა“, რომელშიც ირმის ძუძუნაწოვი გმირი სასწაულებს სჩადის, თავგანწირული მეგობარია და ბოროტებას ამარცხებს, ან კიდევ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, რომლის ავტორი ამაოდ არ უნდა ახსენებდეს არტემისს, რომელიც არის „ღმერთი ირმისა მოისარი“[2]. არ უნდა დაგვავიწყდეს, ოსური ნართების ეპოსიც, რომლის მიხედვით, მგლის რძეში ნაწრთობი სოსლანი ოქროსბეწვიან ირემს აჰყავს სავხოხის მაღალ მთაზე, სადაც მზის ასული აცირუხსი ცხოვრობს[3].

გუდამაყრელი მონადირე ირემს დაინახავს, მოსწევს ბოძალს, მაგრამ არ გავარდება, ირემს კი რქებზე სანთლები დაენთება. ირემი მონადირეს ცირასების მთის წვერისკენ გაუძღვება. მთაზე ირემი გაუჩინარდება, მის ნაცვლად კი მტრედი მოფრინდება, რომელიც ჩოხის წმინდა გიორგის სახებაა. მონადირე სოფელში წამოიყვანს მტრედს და წმინდა გიორგის სალოცავს დააარსებს (თსუფა: 25538).

ამ გადმოცემაში რქასანთლიან ირემს წმინდა გიორგის ცხოველად მიიჩნევენ და მისი მოკვლა კატეგორიულად აკრძალულია. ბატონი ზურაბ კიკნაძის აზრით, ნადირობა არც ბიბლიის მიხედვით ყოფილა „უფლისათვის მოსაწონი საქმიანობა. „პირველი მისი ხსენება აგრესიული ნებროთის სახელს უკავშირდება (დაბ. 10: 8-9); მეორედ მონადირეს ესავის პიროვნების სახით ვეცნობით – შეფასება აშკარად ნეგატიურია: არ არის შემთხვევითი, რომ მარჯვე მონადირე ესავი – ველების კაცი – დაწუნებულია უფლის მიერ, ხოლო იაკობი, კარვებში მცხოვრები (დაბ. 25: 27) – მოწონებულია და არჩეულია ერის მამამთავრად. უფალს იმიტომ არ მოსწონდა ნებროთი, რომ მან „დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზეო“, – აცხადებს ბატონი ზურაბი (კიკნაძე 2004: 324)[4].

მოკლედ, ქართული მითოსი სჯის ირმის მკვლელებს, მითოსური ალუზიები კი თავს ძალუმად იჩენს მხატვრულ ლიტერატურაში. ვაჟა-ფშაველას პოემა „მონადირის“  მთავარი პერსონაჟი თორღვა განთქმული მონადირეა, 399 წმინდა ცხოველი მოუკლავს. იგი ნახულობს საოცარ სიზმარს: სანადიროდ წასული, წააწყდება ირმების ჯოგს, რომელსაც ნადირთ პატრონი ქალი მწყემსავს. ჯოგიდან განაპირებული ერთი „რქამნათი“ ირემი ისე გააბრაზებს ნადირთ პატრონს, რომ იგი ცხოველს დაწყევლის: „ანაწერიმც ხარ აგრია ზეგვე თორღვაის თოფისაო“ (ვაჟა 1930: 33-34).თორღვას ასეთი სიზმარი ბევრჯერ ასცხადებია და ახლაც მოუთმენელი სიხარულით ელის მის ასრულებას, მაგრამ ეს სიზმარი ხუთი წლის წინანდელ საბედისწერო ნადირობასაც ახსენებს, როცა თორღვამ გამორჩეული („რქასანთლიანი“) ირემი მოკლა. ნადირის მოკვლისთანავე მას გამოეცხადა ხელყავარჯნიანი თეთრწვერა ბერი, რომელმაც დაწყევლა: „რაად მამიკალ ზვერია?! …ჰნახოდი, ბეჭშია შენი ცოლ-შვილი სწერია!“ (ვაჟა 1930: 36). თორღვა ნანობს დანაშაულს, ადგილის დედის სახელზე სანთლებს ანთებს, ჩოქვით შემოუვლის ნასაყდრალს, წლისთავზე კურატსაც შეუთქვამს, ოღონდ ცოდვა ეპატიოს და ხიფათი აირიდოს. უფრო მეტიც: სრულ ხუთ წელიწადს სინანულსა და თვითგვემაში ატარებს და თოფს ზედაც არ უყურებს, მაგრამ ბერიკაცის წყევლა მაინც აუხდება – ამოუწყდება ცოლ-შვილი და მარტოდმარტო დარჩება.

მე რა ვიცოდი იმ რქათი, თუ ნაკურთხ იყვნენ ღვთისანი!“ – მისი ეს სინანული კი დაგვიანებულია!

სტატია გალაკტიონის გახსენებით დავიწყე და სათქმელი მისივე ტექსტით უნდა შემოვრკალო. ხომ გვახსოვს, ერთგან რას წერს: თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარაო… უდავოა, რუსთაველის მსგავსად, ამ შედარებას ისიც დავითის ყველაზე მშვენიერი ფსალმუნიდან აიღებდა. ერთგან ვთქვი, რომ ტარიელისადმი თქმული ფრიდონის გამოსათხოვარი სიტყვები: „შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“, – ბიბლიური ალუზიაა და სათავეს დავითის ქართული თარგმანის 41-ე (მასორული რედაქციით კი 42-ე) ფსალმუნიდან იღებს[5].

იოვანე ბერაის მიერ 973-976 წლებში გადაწერილ შატბერდის კრებულში კი ამ ტროპის შემდეგი სახისმეტყველებითი კომენტარია წარმოდგენილი: „სახისმეტყუელმან თქუა ირემისაჲ, ვითარმედ ჯეკმა[6] მტერ არს გველისა. და რაჟამს იხილის და ივლტინ გუელი და შთაჴდის ჴურელად, მივიდის ირემი იგი და აღივსნის ფერდნი თჳსნი წყლითა წყაროჲსაჲთა და მივიდის ჴურელად, სადა იგი გუელი დამალულ არნ და დაასხის წყალი იგი და აღავსის ჴურელი იგი, ვიდრემდე გამოჴდის გუელი იგი და დათრგუნის ფერჴითა და მოკლის“.

ნუ დაეჭვდებით, გადამოწმებული სიმართლეა! აი, ბმულიც: https://www.youtube.com/shorts/S-jHOrYS1C8

სახისმეტყველებას უჩემოდაც ჩასწვდებოდით – ირემი მაცხოვარია და ბოროტება ვერ გაიმარჯვებსო!

ამ სტატიის სათქმელიც ის არის, „ბოროტისათვის შეკრული“ ვიყოთ და „სიკეთისათვის – უხვად გზაგახსნილი“, ხოლო ის, ვინც მტრის რისხვა-მუქარას მედგრად დაუხვდება, აქტეონზე გამძლე ირემია. მათი დამმდრეკი მონადირე ბოროტებაა, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდება. ადგილის დედა და მაცხოვარიც აქვე არიან.

სურ. 2. ფრიდა კალო, „დაჭრილი ირემი“[7].

[1]ვით არ მიყვარდეს სამშობლო ჩემი“

[2]ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. თამარ ოთხმეზურის წერილი, ფსევდონონესკომენტარებიქრისტიანთაგზამკვლევიბერძნულმითოლოგიაში“.

[3]ოსურინართები 1988:143, იხ. ღვთისო მამისიმედაშვილი: https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/civil2/document/HASH010e3ffcbf3ff582df479482;jsessionid=821AEE98B8602C83188CBE60FC04CB59?ed=1

[4]ზურაბ კიკნაძე.,ქართული ხალხური ეპოსი, გამომცემლობა „ლოგოს პრესი“, თბ., 2001.

 

[5] მარიამ გოდუაძე, წყაროსათვის ვით ირემსა, https://mastsavlebeli.ge/?p=10303

[6] ჯეკმა – (ძვ. ქართ.) ძლიერ, ფრიად.

[7]ვიზუალური გამოსახულების აუდიოაღწერა: ფრიდა კალოს ტილოზე „დაჭრილი ირემი“ გამოსახულია ირემი მხატვრის პირისახით და რქებით. იგი რუხი ფერისაა და დგას დიდი,  გამხმარი ხეების ორ რიგს შორის. ხეების მიღმა ლაჟვარდისფერი ზღვა და ღრუბლიანი ცა მოჩანს. ირემს ცხრა ისარი არჭვია, ჭრილობებიდან კი სისხლი სდის, მაგრამ არ ნებდება.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...