ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ბრძოლა გვარისთვის

თანამედროვე ეპოქა ომებისა და მტკივნეული გარდაქმნების ხანაა. ადამიანებს ხშირად უჭირთ იმედის ნაპერწკლის აღმოჩენა და მის გაღვივებაზე ზრუნვა. ბევრი მოქალაქე სასოწარკვეთილია და უმოქმედოდ ელის ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, ახალი სამყაროს წარმოქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს დიდ საქმეებში თანამონაწილეობას.

თუმცა, ჩვენ ირგვლივ მრავლად არიან გამონაკლისები. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს აქტიურ ქალებსა და კაცებს, რომლებიც ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში მედგრად იბრძვიან სამართლიანობისთვის, ახალი სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისთვის, მეხსიერების პოლიტიკის იმპერიალიზმისგან გათავისუფლებისთვის.

2020 წლიდან დღემდე საქართველოს აზერბაიჯანელები უმნიშვნელოვანეს კამპანიას აწარმოებენ. კამპანიის სახელწოდებაა „გვარი დამიბრუნე“.

პლატფორმა „სალამი“ მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელთა გვარების „ოვ“ და „ევ“ სუფიქსებით დაბოლოება საბჭოთა და რუსული იმპერიის ნაკვალევია. მეტროპოლია ყოველთვის ცდილობდა მის ტერიტორიაზე მცხოვრები არაპრივილეგირებული მოსახლეობის გაერთგვაროვნებას, მათ შორის მრავალფეროვნების ამოშანთვას, ცალკეული ეთნიკური ჯგუფების განსაკუთრებული მახასიათებლების იგნორირებას. რუსული ბიუროკრატიის პოზიცია ყოველთვის ქედმაღლური და ერთმნიშვნელოვანი იყო – ჩვენ მოვედით და ჩამორჩენილ, ველურ ხალხებს წყალობა მოვუტანეთ, ტომებად მცხოვრებ ოჯახებს გვარები მივეცით და თანამედროვე წესებს ვაზიარეთ.

საქართველოს სამხრეთსა და სხვადასხვა ეროვნულ ერთობებში გვარების წარმოშობის ისტორია ცალკე ფუნდამენტური კვლევის საგანია, ამ ურთულესი საკითხის დეტალურად განხილვას ჩვენ ვერ შევუდგებით. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ მკაფიოდ – ადამიანმა უნდა ატაროს ის გვარი, რომელთანაც თავისი კულტურითა და ისტორიული გამოცდილებით, თავისი იდენტობით არის დაკავშირებული. საქართველოს აზერბაიჯანელები რუსულ თარგზე მოჭრილ გვარებთან თავიანთი სანათესაოს, თავიანთი ერის თავგადასავალს ვერ აკავშირებენ, ამიტომ მოითხოვენ, რომ მათი გადაკეთების უფლება მიეცეთ (მამედოვები მამადლებად რეგისტრაციას ითხოვენ, ალიევები ალისოებად და ა.შ.).

პლატფორმა „სალამი“ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დახვეწილი და დემოკრატიული მეთოდებით მოქმედებს. მათ სპეციალური პეტიცია შექმნეს და ინიციატივის შესახებ ხელმოწერები შეაგროვეს, 2021 წელს კი 27 000 მხარდამჭერით ზურგგამაგრებული სპეციალური კანონპროექტი შეიტანეს საქართველოს პარლამენტში. სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს აზერბაიჯანელთა მცდელობები წარუმატებელია. სავარაუდოდ, თბილისში პრობლემის არსის გაცნობიერება უჭირთ და საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილის წუხილი მაინცდამაინც მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ. ამასთანავე, ერიდებიან მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული და რეგიონალური აქტორების მიერ აღიარებული წესრიგის ცვლილებას. ერთი სიტყვით, ცენტრში არავის სურს აუტკივარი თავის ატკიება.

მიუხედავად რამდენიმე წაბორძიკებისა, გვარის დაბრუნებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამემამულეები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ. მათ თავიანთი ძალისა და ენერგიის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსკენ მიმართეს. რამდენიმე კვირის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე მართლმსაჯულების სასახლეში უპრეცენდენტო განხილვა დაიწყო. პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანული თემი საკონსტიტუციო სასამართლოს ველზე ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას.

დადგა დრო საქართველოს აზერბაიჯანელთა თავსატეხის ამოხსნაში მთელი საზოგადოება ჩაერთოს, რადგან პრობლემა მხოლოდ ერთი ჯგუფის გასაჭირს არ უკავშირდება.

რას მოიტანს გვარების რუსული სუფიქსებისგან გათავისუფლება?

აზერბაიჯანული ენა მდიდარი ენაა, მას დიდი ისტორია და განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. დიდებულ ენას არ სჭირდება იმპერიული „ლიგვა ფრანკას“ დახმარება ადამიანის იდენტობისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტის – გვარის წარმოებისთვის. გვარის დაბრუნების შესაძლებლობით ქართული სახელმწიფო აზერბაიჯანული ენის როლს გამოკვეთდა, გაათავისუფლებდა მას დაქვემდებარებისგან და ორი საუკუნის წინ განსაზღვრული მეორეხარისხოვანი როლისგან.

ამასთანავე, ხაზი გაესმებოდა ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებას. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს არაფერი აქვთ საერთო რუსებთან, ისინი არიან რუსეთში მცხოვრები თიურქულენოვანი ხალხებისგან სრულიად დამოუკიდებელი ერი. აზერბაიჯანელთა წინაპრები  საქართველოს ტერიტორიაზე იმპერიის გამოჩენამდეც არსებობდნენ, ქმნიდნენ გამორჩეულ ადათ-წესებსა და კულტურას, მათი განვითარება, იდენტობა დამპყრობელთა გარეშეც შეძლებდა განვითარებას და თავისი საზღვრების შემოხაზვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის გახლავთ, რომ საქართველოს აზერბაჯანელთა ერთი ჯგუფი სხვების ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად და თავისუფლად ცდილობს საკუთარი წარსულის გააზრებას და თვითმყოფადი ადგილის პოვნას თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.

საქართველოს აზერბაიჯანელთა გვარების წარმოშობის საკითხი შეიძლება შესანიშნავი წინაპირობა გახდეს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის გაკვეთილებზე კომპლექსური დავალების მომზადებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“