ერთი პროექტის იდეა თემაზე: მზე
რა არის ის, რის გარეშეც სიცოცხლე ვერ იარსებებდა? რა გვათბობს და გვინათებს დღეებს? რას შევყურებთ იმედით?
რა თქმა უნდა, ბავშვები ადვილად გამოიცნობენ: მზე!
აბა, გავიხედოთ ფანჯრიდან და წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა, მზე რომ არ არსებობდეს?
არც ახლა გაუჭირდებათ ბავშვებს პასუხი.
ჰოდა, მოდი, ჩვენი გაკვეთილი მზეს მივუძღვნათ. რადგან ის ასეთი დიდებული და ამაღელვებელია, რადგან მზეა ჩვენი ყოფნის მთავარი მიზეზი. რადგან დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს და ადამიანები როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც მზით ვართ მოცულები.
დავიწყოთ. მზე მითოლოგიაში.
ბავშვებს ვუყვებით, რომ ძალიან, ძალიან ძველად ადამიანებს მზე ღმერთად მიაჩნდათ, უძღვნიდნენ საგალობლებსა და ლექსებს, ჰიმნებსა და სიმღერებს.
ვაკითხებთ ხალხურ ლექსს „მზე შინა“ (https://kids.ge/poesy-verse?id=237) და ამ ლექსის მიხედვით ვსაუბრობთ. რას ნიშნავდა ჩვენი წინაპრებისთვის მზე? რატომ ეპატიჟებოდნენ სახლში? – შეიძლება, დავაწერინოთ კიდეც. შემდეგ აუცილებლად დაგვჭირდება ძველი ქართული დარბაზული სახლის ჩვენება, დედაბოძზე საუბარი და მასზე დატანებული მზის სიმბოლოს – ბორჯღალის მნიშვნელობის ახსნა. ბორჯღალზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს. აუცილებლად უნდა მოვყვეთ მზის ქალღმერთ ბარბარეზე, რომელიც იმ გველეშაპს ამარცხებს, მთვარეს რომ ყლაპავს. უნდა ვახსენოთ მზეთუნახავები და ოქროსთმიანი ვაჟები და ქალებიც, ვთქვათ, რომ ოქროს თმა მზის წყალობაა და მზესთან კავშირზე მიუთითებს.
იქნებ დავახატვინოთ კიდეც თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ტანსაცმელზე ან აქსესუარზე მზესთან დაკავშირებული სიმბოლო აქვს. შეგვიძლია, შემოვიტანოთ ზღაპრები „მზის ასული“, „დღისით მკვდარი და ღამით ცოცხალი“, რომელთა შინაარსს ისევ მზე ღვთაებას დავუკავშირებთ.
უჰ, ეს ისეთი ვრცელი თემაა, ალბათ ამოუწურავი, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ და გადავიდეთ შემდეგზე:
მზე ქართულ ლიტერატურაში.
მე დავიწყებდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობით „მზე“, სადაც მზის ყოვლისმხედველობა და ყოვლისშემძლეობა ჩანს. თან ისეთი საინტერესო დიალოგებია, შეგვიძლია, მკითხველის თეატრიც მოვაწყოთ და როლებში წავაკითხოთ:
„- დაიწყო! – თქვა ერცახუმ ყრუდ.
– რა? – დაინტერესდა მზე.
– დაბადება!
– ვისი?
– შვილების, ბადიშების: კოდორის, ფსოუს, კელასურის, მოქვის, ღალიძგის, ჩალბაშის, მაჭარას, ქეთევანას…
– სუყველა შენია? – ჰკითხა მზემ ისე, თითქოს არ იცოდა.
– ჩემი და ჩემი ძმების.
– გამრავლდით! – დალოცა მზემ.
ახლა ერცახუს გაეღიმა.
– ჩვენ პირიქითა ვართ, შემოქმედო, შვილი უამრავი გვყავს, ბადიში – ნაკლები, იმათი შვილები – კიდევ უფრო ნაკლები და ბოლოს ერთი უზარმაზარი ნაგრამი – ზღვა!“
მივაყოლოთ მუხრან მაჭავარიანის „ამოვიდა მზე“ (http://genia.ge/?p=53948), გიორგი ლეონიძის „მზე სად ჩაექანება“ (https://poetry.ge/poets/giorgi-leonidze/poems/2222.mze-sad-chaeqaneba.htm), რევაზ ინანიშვილის „გახარებული მზე“ (https://www.aura.ge/103-saskolo/8380-revaz-inanishvili–gaxarebuli-mze.html), გიორგი შატბერაშვილის „მკვდრის მზე“… წავაკითხოთ „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“ . ვისაუბროთ მზეზე როგორც ეპითეტზე, მეტაფორაზე, რუსთაველიც გავიხსენოთ, „ვეფხისტყაონის“ პირმშვენიერი მზე პერსონაჟები.
ძალიან საინტერესოა ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები მზის თემატიკაზე, დაჭრილი მზე, მოწყენილი მზე – მზე როგორც სიკეთისა და სინათლის სიმბოლო.
აუცილებლად დავაწერინოთ მოთხრობა ან ჩანახატი მზეზე, ვაქციოთ მზე მთავარ პერსონაჟად და ინსპირაციად. კარგი იქნება თუ გავიყვანთ ეზოში, მზისთვის შევახედებთ, თვალებს დავახუჭვინებთ და ვთხოვთ, თავიანთი შეგრძნებები აღწერონ: რას ვგრძნობ, როცა მზეს ვუყურებ? როცა ჩემში მისი სხივები იღვრება? იქნებ დავწერო? ან იქნებ დავხატო?
შეგვიძლია, ყველას დავახატვინოთ საკუთარი მზე და გამოფენაც მოვაწყოთ, ან დავამზადოთ მზის ბარათები, მზის წიგნები…
თავად მიხვდებით, რა სჭირდებათ თქვენს მოსწავლეებს, თქვენ გიდევთ ხელი მათ მაჯისცემაზე.
გაავრცეთ, შეცვალეთ აქ მოყვანილი იდეები, დაუმატეთ ან გამოაკელით. მე შეგნებულად არ ვწერ მსოფლიო მითოლოგიაზე, მსოფლიო მხატვრობასა თუ ლიტერატურაზე – ეს ძალიან, ძალიან ვრცელი თემაა და თავად გადაწყვიტეთ პროექტში მათი ჩართვა.
რასაკვირველია, მეცნიერებასაც უნდა შევეხოთ, ვთქვათ, რომ მზე გავარვარებული ვარსკვლავია, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს და ის ჩვენთვის სიცოცხლის წყაროა. კარგი იქნება, თუ ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს: https://youtu.be/lxpI8d5JP1Y, https://youtu.be/sVrtS5xNYdc.
აქვე – საინფორმაციო ტექსტი მზეზე: http://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade6/planetebi.pdf
http://www.reading.ge/ka/books-by-level/409-mze
შეგვიძლია, ვთხოვოთ ბავშვებს, თავადაც მოიძიონ ინფორმაცია და მოამზადონ პრეზენტაციები საინტერესო ფორმით.
ვაჩვენოთ ძალიან სახალისო ანიმაცია „მზის ჩხვლეტაზე“:
https://www.youtube.com/watch?v=1gjNoZDfek8
ბოლოს აუცილებლად მოვაწყოთ სკოლის ეზოში მზის საათი და ჩრდილებიც ალიცლიცდებიან კედლებზე, მიწაზე.
ჰოდა, მზევ, შინ შემოდი, ჩვენს გულებში შემოდი, ჩვენს ოთახებში, ჩვენს ქვეყანაში შემოდი!
მზევ, დედაო ჩვენო!