- თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო აშკარა ხდება მოსწავლის ჰოლისტური განვითარების საჭიროება – როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე ციფრული, სოციალური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების გაძლიერების კუთხით. განათლებისა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისტემურ გამოწვევებსა და მიღებულ შედეგებზე. თანამედროვე მოსწავლე ხომ სხვანაირად სწავლობს – ის აღარ სჯერდება მოსმენას ან წაკითხვას. მას სჭირდება გამოცდილება, მონაწილეობა, აღმოჩენის სიხარული და აზრის გამოხატვის საშუალება. ჰოლისტური და კონსტრუქტივისტული განათლების მოდელებიც ხაზს უსვამს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის პიროვნულ როლს (ჰოვარდ გარდნერი), შესაბამისად, პედაგოგებს გვმართებს სწავლების სტრატეგიების დიფერენცირება და მათი მორგება მოსწავლეთა აღქმის მოდალობებზე, მათ შემეცნების არხებზე. სწორედ ასეთი, მოსწავლისთვის ბუნებრივად მისაღები და შინაარსობრივად მდიდარი გამოცდილების უზრუნველსაყოფად მოხერხებულია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციაც.
საგან „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას ამ გამოწვევას პასუხობს ინტერაქციული მეთოდებისა და ციფრული რესურსების მიზნობრივი ინტეგრაცია, რომელიც მიმართულია მოსწავლის ინტერესებს, აღქმის სტილსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს მორგებული სწავლებისკენ.
„ჩვენი სააქართველოს“ სწავლების მიმართულებით, სტუდენტური პრაქტიკის ფარგლებში, ჩემი ხელმძღვანელობით, დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც გამოკვეთდა სასწავლო სივრცეებში აღნიშნული მიმართულებით არსებულ სირთულეებსა და პრაქტიკულ ასპექტებს. მიზანი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემით. ის მოიცავდა რამდენიმე ძირეულ ამოცანას:
- მოსწავლეთა ანალიტიკური და შედარებითი აზროვნების სტიმულირებას, რათა მათ შესძლებოდათ რეგიონების ერთმანეთთან შედარება ბუნებრივი და კულტურული ნიშნებით;
- ინფორმაციის სინთეზისა და ინტეგრაციის უნარის განვითარება, რაც აუცილებელია ინტეგრირებული სწავლების კონტექსტში;
- ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ელემენტების იდენტიფიკაცია და ახსნა, რაც აძლიერებს სოციალურ და სივრცით ინტელექტს;
- ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარის წახალისება, რაც ხელს უწყობს კრიტიკულ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე ორიენტირებულ აზროვნებას.
აქტივობის შინაარსი ორიენტირებული იყო საქართველოს ისტორიული წარსულის, ცალკეული მხარეების გეოგრაფიული, ბუნებრივი და კულტურულ-ეთნოგრაფიული თავისებურებების შესწავლასა და მათი შედარებითი ანალიზის უნარის განვითარებაზე.
საგან „ჩვენი საქართველოს“ VI კლასში სწავლებისას განხორციელდა სამი განსხვავებული ინტერვენცია მოსწავლეთა აღქმის სტილის გათვალისწინებით:
I – ვიზუალურ აღქმაზე ორიენტირებული ინტერვენცია
თემა – „კახეთი“
აქტივობის შინაარსი:
- ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა რეგიონის ლანდშაფტს, ეთნოგრაფიასა და კულტურას (კახელების ცხოვრების, ბუნებრივი გარემოსა და ეთნოგრაფიული ელემენტების ვიზუალური წარმოდგენა. ვიდეოს თან ახლდა ილუსტრაციული პორტრეტები, რომლებიც ასახავდა რეგიონის მოსახლეობას მათი კულტურული მახასიათებლებით);
- გაკვეთილზე ჩატარდა გუნდური ციფრული თამაში jeopardy labs-ისა და wordwall-ის ტიპზე დაფუძნებით.
ნიმუში: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი კახელი ქალისა და მამაკაცის ილუსტრაციული პორტრეტები, რომლებიც ვიზუალურად წარმოაჩენს რეგიონებისთვის დამახასიათებელ გარეგნულ თავისებურებებსა და ეთნოგრაფიულ ელემენტებს
https://drive.google.com/file/d/1mULZWU1PsVJ27GgAilV0YEyqloKgEjB2/view
შედეგები: ვიზუალურ სტიმულზე დაფუძნებულმა მეთოდებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია; მოსწავლეებში გამოიკვეთა გაცნობიერებული თავდაჯერება და მონაწილეობის ხარისხი, გაკვეთილის ეფექტიანობა; გაძლიერდა მოსწავლეთა კონცენტრაცია და თემის გააზრება; ვიზუალური მასალა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის დამახსოვრებაში.
II – სმენით აღქმას მორგებული ინტერვენცია: სწავლა-სწავლების პროცესში გამოიკვეთა მოსწავლეთა ნაწილი, რომელიც უპირატესად სმენით აღიქვამდა საგნობრივ ინფორმაციას. ამ ტიპის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა აქტივობა საქართველოს ისტორიულ წარსულთან დაკავშირებით.
თემა – „საქართველოს სახელმწიფოს ისტორია“
აქტივობა ეფუძნებოდა ისტორიულ თემაზე მომზადებულ აუდიო-ვიდეორესურსებსა და განმასხვავებელ დისკუსიებს. მოსწავლეებმა მოისმინეს ტექსტები არმაზის კულტის მნიშვნელობაზე, ბრინჯაოს ხანის ყოფასა და მიწათმოქმედების როლზე. აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობები განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მანამდე არ ამჟღავნებდნენ ინტერესს სტანდარტულ გაკვეთილებზე.
მოსწავლეებმა იმუშავეს „საქართველოს წარსულის სურათების“ შექმნაზე. გაკვეთილზე გამოყენებული ციფრული რესურსი შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველი იყო ვიდეომასალა არმაზის კულტზე, მიწათმოქმედებასა და ბრინჯაოს ხანაზე (https://drive.google.com/file/d/111oSlwo-aOIRnxuz6g0MbKXV0fTN3kUa/view), მეორე კი მოიცავდა ციფრულ პლატფორმაზე შესრულებულ ტესტს დახურული ტიპის კითხვებით. მას შემდეგ, რაც კითხვარები ინდივიდუალურად შეივსო, მოსწავლეებმა ჯგუფურად განიხილეს პასუხები და თემის ძირითადი აქცენტები.https://wordwall.net/resource/91018128/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98
შედეგები: მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს კითხვებზე, მერე კი გუნდურად გააანალიზეს შედეგები და არგუმენტირებულად იმსჯელეს სწორი და არასწორი პასუხების შესახებ. სმენითი აღქმით ძლიერი მოსწავლეები აქტიურად რეაგირებდნენ მოსმენილის შინაარსზე, ერთვებოდნენ დისკუსიებში, გამოხატავდნენ აზრებს და მოჰყავდათ არგუმენტები მოსმენილზე დაყრდნობით. გაძლიერდა მათი არგუმენტაციის, ანალიზისა და შეფასების უნარები, ასევე ისტორიული პერსპექტივით მსჯელობის უნარი; გაჩნდა დამოუკიდებელი შეფასების მცდელობებიც. მოსწავლეებმა გამოხატეს მასალასთან ემოციური კავშირი. აქტივობა ხელს უწყობდა არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ მის გააზრებას, განხილვასა და დასკვნების გამოტანასაც. აუდიომასალამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ემოციურ ჩართულობასა და თემის ღრმად გააზრებას, გაძიერდა ყურადღების კონცენტრაცია, რაც აღინიშნა რეფლექსიის ეტაპზეც.
III – ინოვაციური ინტერვენცია AI-ს გამოყენებით
აქტივობა: მოსწავლეებმა იმუშავეს, შექმნეს ტექსტური მონოლოგები ისტორიულ პირებზე, მერე კი ციფრულ ანიმაციებად გარდაქმნეს. მათ დამოუკიდებლად შეარჩიეს ანტიკური ხანის ისტორიული ფიგურები, დაწერეს ტექსტური ბიოგრაფიები და გამოიყენეს ციფრული პლატფორმები ანიმაციისთვის. შედეგად მიიღეს მოკლე ვიდეორგოლები, რომლებშიც პერსონაჟები „ლაპარაკობდნენ“ მათ მიერ შექმნილი ტექსტის საფუძველზე. აქტივობამ გააერთიანა კვლევა, ტექსტის შექმნა, ვიზუალური გამოსახულება და ციფრული პრეზენტაცია.
აქტივობისას მოსწავლეები სწავლობდნენ სახის ანიმაციის პროგრამების გამოყენებას, ხმის პარამეტრების მართვასა და ვიზუალური პრეზენტაციის სტრუქტურირებას. გარდა ტექნიკური კომპეტენციებისა, გაკვეთილი ხელს უწყობდა ტექსტის სწორად ფორმულირებას, ისტორიულ ლოგიკაზე დაფუძნებული არგუმენტაციის აგებას და შემოქმედებითი ხედვის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული აქტიურობით გამირჩეოდნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც ჰქონდათ ტექნოლოგიური მიდრეკილება და კრეატიული აზროვნება.
https://drive.google.com/drive/u/0/folders/1jfX41vEHj7r3y6iJ975-D-FccA5w4ZhZ?fbclid=IwY2xjawLrD7tleHRuA2FlbQIxMABicmlkETFuTmU4bkFTTDl3WnR1Z1VzAR7rgG67ZJwW-mhEFyLcXzkqw6W2V4lOPbjGsrGvyHtf3LA5SkOyfvCELtqgKA_aem__VerO8jQuY1xODUykn5X9w
საბოლოოდ თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა ინდივიდუალური ვიდეოპროდუქტი, რაც გახდა არა მხოლოდ შეფასების, არამედ თანატოლური გაზიარებისა და საერთო სივრცეში რეფლექსიის საფუძველიც.
შედეგები: გაძლიერდა მოსწავლეთა ტექნიკური, ტექსტური, კვლევითი და შემოქმედებითი უნარები; მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს ისტორიული პერსპექტივის გათავისება; გაძლიერდა პასუხისმგებლობის განცდა და ჯგუფური თანამშრომლობა. ამ პროცესში მოსწავლეები გრძნობდნენ პროცესის ავტორობას, რაც მოტივაციას ამაღლებდა; გაკვეთილი გახდა გაცილებით ეფექტიანი. გამოიკვეთა, რომ სწავლის ეფექტურობა იმატებს მაშინ, როდესაც ინფორმაცია მოსწავლეს მიეწოდება მისი აღქმისთვის მისაღები გზით, გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია და სტიმულირდება ინტერესსა და შემოქმედებით გამოხატვაზე დაფუძნებული სწავლა. ეს მიდგომა სავსებით ეხმიანება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს – მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, ინტეგრირებულ ცოდნას და განვითარების ინდივიდუალურ ტემპზე დაფუძნებულ პროცესს.
ნიმუში: ვახტანგ გორგასლის ილუსტრაციული პორტრეტი, შექმნილი მოსწავლის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც გადმოსცემს მეფის ხასიათსა და იმდროინდელ გარეგნულ სტილს.
სამივე ინტერვენციამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, მოტივაცია და აკადემიური შედეგები პირდაპირ კავშირშია გაკვეთილის სტრუქტურასთან, შინაარსის მიწოდების ფორმასა და პიროვნული საჭიროებების გათვალისწინებასთან.
- დაკვირვების ფურცლებზე დაფიქსირდა: მოსწავლეებმა უკეთ აითვისეს მასალა, გაუმჯობესდა ჯგუფური თანამშრომლობა, ამაღლდა თვითშეფასების ხარისხი;
- ვერბალური უკუკავშირის შედეგად გამოვლინდა: მოსწავლეებს სიამოვნებდათ მონაწილეობა, მათთვის გაკვეთილი იყო საინტერესო, შინაარსიანი და ინსპირაციული.
სწავლებაში მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და აღქმაზე მორგებული მიდგომების დანერგვა არ არის მხოლოდ ჰუმანური მიზანი – ის წარმოადგენს სწავლების ხარისხის ამაღლების გარანტიას. ინტერაქციული მეთოდები და ციფრული რესურსები ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე ხდება ცოდნის აქტიური შემოქმედი.
საგან „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას ასეთი მიდგომები განსაკუთრებულად ეფექტიანი აღმოჩნდა სხვადასხვა აკადემიური დონისა და აღქმის ტიპის მქონე მოსწავლეებისთვის. რეალურად წარმოჩნდა თითოეული მოსწავლე თავისი შესაძლებლობებითა და უნარებით, ინტერესებითა და მიდრეკილებებით.
მასწავლებლებს რეალურად შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, გადადგან ნაბიჯი შემეცნების, პასუხისმგებლობისა და თვითგანვითარების გზაზე.