ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

რატომ იხსენებენ ტირანებს?

ომი ბევრ რაიმეს ცვლის. სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისას ქვეყნებმა შეიძლება თავიდან ბოლომდე გადაწერონ თავიანთი ისტორია. მტრისა და მსხვერპლის ყოველდღიური მონაწილეობა რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაში ყველაფერს თავდაყირა აყენებს, საჩუქრის კონცეფციაც კი შეიძლება სრულად გადასხვაფერდეს.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის დედაქალაქში. თქვენი ქვეყანა ათას დანაშაულსა და უამრავი უდანაშაულოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ცხოვრობთ იზოლაციაში, ოლიგარქების წყალობით სიღარიბე მძლავრად გიჭერთ ხელს კისერზე და თქვენს დახრჩობას ცდილობს. რამდენიმე წამიანი ამოსუნთქვა შვებას მოგგვრიდათ, მცირედი ყურადღება და გულწრფელი მზრუნველობა სიცოცხლის იოტისოდენა ხალისს დაგიბრუნებდათ, გაგამხნევებდათ. რა შეიძლება აჩუქოს ასეთ ადამიანს მშობლიური ქალაქის მერიამ? პასუხი გაგაოგნებთ.

წელს მოსკოვის მეტრო 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსოფლიოს ყველაზე მდიდრულად მოპირკეთებული ქსელი საიუბილეო ღონისძიებების პომპეზურად წარმართვისთვის ძალას არ იშურებს. გასული წლის მიწურულს მეტროს მესვეურებმა პირობა დადეს, რომ მოსახლეობას სიურპრიზებით გაანებივრებდნენ. ჩინოვნიკებს სიტყვა არ გაუტეხავთ. ტაგანსკის სადგურზე ადმინისტრაციამ სტალინის უზარმაზარი მონუმენტი და მისი ბარელიეფი აღადგინა. სოციალურ ქსელებში ინტენსიურად ვრცელდება კადრები, სადაც მოსკოველები ყვავილებით ამკობენ დიქტატორის მიწისქვეშა ძეგლს. უამრავი ადამიანი სელფის გადასაღებად ჩერდება საჩუქრად მოხსენიებულ კედელთან. ვნახე ვიდეოჩანაწერები, სადაც ცრემლმორეული პენსიონერები პირჯვარს იწერენ გენერალი-სიმუსის ხატებასთან. აღმოვაჩინე მემორიალის წინ დაჩოქილი ადგილობრივებიც.

რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში ჯერ კიდევ არსებობენ დემოკრატი აქტივისტები. მათ სტალინის კომპოზიციის აღმართვის საწინააღმდეგოდ ოფიციალური პროცედურების დაცვით დაგეგმეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ პანდემიის დროს დამტკიცებული რეგულაციების დახმარებით აკრძალა მოქალაქეთა შეკრება.

რისი თქმა სურთ ოფიციალურ პირებს სტალინის უზარმაზარი ფიგურის ხელახლა აღმართვით?

იდეის ავტორთა პირველი და მთავარი გზავნილი ამგვარია: გამარჯვებულებს არ ასამართლებენ! მათი მტკიცებით, მთავარია მტრის მოგერიება, ქვეყნის საერთაშორისო საფრთხისგან დაცვა და თუ ამ მიზანს მიაღწევ, აღარავინ გაიხსენებს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მილიონობით ადამიანი დახოცე, დააავადმყოფე, გადაასახლე. მონუმენტის აღდგენის იდეოლოგთათვის გამარჯვების ფონზე ფასს კარგავს შიმშილისა და დახვრეტის ტრადიცია, რომლის დამკვიდრებაც ჩვენი თანამემამულის სახელთან არის დაკავშირებული. ტაგანსკის სადგურის ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს, რომ სტალინის კრიტიკა გამარჯვების კრიტიკაა, რაც დაუშვებელი და აკრძალულია.

გორელის მოსკოვში გამოჩენა კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. დააკვირდით მონუმენტის სახელწოდებას – „ხალხის მადლიერება წინამძღოლისა და სამხედრო მეთაურისადმი“. ავტორიტარიზმის პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ საბედისწერო მომენტში იმპერიის ბედი ერთ ადამიანზე, ფიურერზეა დამოკიდებული. ყველა ნამდვილი პატრიოტი უნდა ზრუნავდეს გემის კაპიტნის კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე, მთელი ნაციის ამოცანად უნდა იქცეს პირველი პირის ძალაუფლების საყოველთაოდ გავრცელება, მმართველს არავინ და არაფერი არ უნდა ზღუდავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თავად სახელმწიფოს შეექმნას საფრთხე.

საინტერესოა, პარალელურად როგორ ეპყრობა კრემლი სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნას. უკვე წელიწადზე მეტია სახანძრო ნორმების მოწესრიგების მოტივით მოსკოვში დახურულია გულაგის მუზეუმი, რომელიც შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების პრაქტიკის თაობაზე მოგვითხრობს. როგორც ჩანს, მუზეუმში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართვას მთელი ეპოქა დასჭირდება.

მასწავლებელი რომ ვიყო, სამოქალაქო განათლების ერთ გაკვეთილს აუცილებლად დავუთმობდი მონუმენტების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ დისკუსია და შევეცდებოდი მოსწავლეებთან ერთად გამეცა პასუხი კითხვაზე: რატომ იხსენებენ ტირანებს? რატომ აუფერულებენ მათი საქმიანობის ბნელ მხარეებს?

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“