ორშაბათი, მაისი 12, 2025
12 მაისი, ორშაბათი, 2025

 ინტელის პროექტი ფიზიკაში  „ატრაქციონის ფიზიკა“

0

 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის.  სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს.

დიმიტრი უზნაძე ამბობდა: სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას

ყველა ის უნარი, რომელსაც პროექტებით სწავლება ავიარებს, გამოვყოფდი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარების, შემოქმედებითი, კრეატიული  აზროვნების, მიზნობრივი კითხვების ფორმულირებისა და დასმის, ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების,  საერთო მიზნის მისაღწევად კომპრომისისათვის მზადყოფნისა და დემონსტრირების უნარს.მათი ჩამოყალიბება, განვითარება და დახვეწა სწავლებაში პროექტების გამოყენების დროს ხდება.

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია:

აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ .

ფიზიკის სწავლება გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ალღო აუღონ კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერებების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.  ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ მომხმარებლამდე, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენოს როგორც პროფესიული წინსვლისა და წარმატების, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ და სასარგებლოდ, ამიტომ გადავწყვიტეთ სასწავლო პროცესში შემოგვეტანა ინტელის პროექტი ,,ატრაქციონის ფიზიკა’’. როცა მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება, ვაძლევ არჩევანის თავისუფლებას თავად ჩამოაყალიბონ იდეა, დაგეგმონ, განახორციელონ, გააანალიზონ პროექტი და მისი შედეგი, მე ვარ გვერდში მდგომი – ფასილიტატორი.  გარკვეული პერიოდულობით ვხვდები მოსწავლეებს მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.

სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, ვფიქრობდით,  რა შედეგზე გავიდოდით განხორციელების შემდეგ − ვინ იქნებიან შემსრულებლები, გვეყოფა ჩვენი რესურსი თუ დაგვჭირდება დახმარება?

 

ისევე როგორც სხვა პროექტები ჩვენი სასწავლო პროექტიც ძირითადად ოთხ ეტაპს მოიცავდა:

  1. პროექტის დაგეგმვა;
  2. მომზადება;
  3. განხორციელება;
  4. შედეგების წარდგენა.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ამ პროექტის მიმართ, მათ სურდათ ფიზიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ და შეექმნათ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც თავიანთ თანატოლებს სიამოვნებით გაუზიარებდნენ. დასაწყისში მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პროექტის განხორციელებისათვის გამოსაყენებელი პროგრამა შეეცვალათ მათთვის უფრო  საინტერესო აპლიკაციით, რომელიც მათ მიერ შექმნილ პროდუქტს უფრო მოერგებოდა. Ultimate Coaster 2-ის გამოყენებით მათ შექმნეს ძალიან საინტერესო ანიმაციები და ,,ამერიკული მთებით“ გვამოგზაურეს ვირტუალურ სამყაროში.

ურთიერთთანამშრომლობა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროცესის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია.გადავწყვიტეთ ჩვენი შექმნილი პროექტის შესახებ მეგობარ სკოლისათვის  მოგვეყოლა, გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება, მიგვეღო უკუკავშირი და შემდგომი მუშაობისას გაგვეთვალისწინებინა.

სასწავლო პროექტის გეგმ

სასწავლო პროექტის ავტორი:   მაია ხმიადაშვილი

პროექტის დასახელება:   ატრაქციონის ფიზიკა

პროექტის შინაარსი:    მოსწავლეები  ქმნიან  სასწავლო  პროექტს,  რომლის  მიზანია,  თემატურად  ნასწავლი მასალის  გამოყენებით  შექმნან,  სასურველი  პროგრამის  დახმარებით,  ატრაქციონის მოდელი  და  მიღებული  ცოდნა  დააკავშირონ  პრაქტიკულ  გამოყენებასთან,  რათა ყოველთვის შეძლონ არსებული ცოდნის რეალიზება.

საგანი: ფიზიკა

საფეხური/კლასი: საბაზო, მეცხრე კლასი

საგნობრივი სტანდარტი:

მიმართულება:  მეცნიერული კვლევა-ძიება. ფიზიკური მოვლენები. მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ფიზ.საბ.1. მატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით;

ფიზ. საბ.2. სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა;

ფიზ. საბ.3. ენერგიის სახეების დახასიათება და მათ ურთიერთგარდაქმნაზე არგუმენტირებული მსჯელობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა);

 

სასწავლო მიზნები

  • G-ძალის და ენერგიის კონსერვაციის გამოყენება ატრაქციონებში;
  • ატრაქციონის დიზაინის მხარდაჭერა მონაცემებისა და გრაფიკების გამოყენებით.

სწავლის შედეგები

 

  • შევიმუშავეთ უსაფრთხო  და  საინტერესო  ატრაქციონი  თემატური პარკისთვის ატრაქციონის დატესტვის შედეგებისა და გრაფიკების ანალიზით;
  • დაასაბუთეთ ატრაქციონის  დიზაინი  G-ძალის  (გრავიტაციული  ძალა)  და კინეტიკური/პოტენციური ენერგიის გამოყენებით.

რეალურ  სამყაროში გამოყენება

  • G-Force და  კინეტიკური/პოტენციური  ენერგიის  ცვლილებების  გაგება აუცილებელია მანქანებისა და ფრენისთვის გამოცდილების შესაქმნელად;
  • მიზნობრივი კითხვების  ფორმულირება  და  დასმა  სხვადასხვა  მოსაზრების გასაცნობად  და  უკეთესი  გადაწყვეტილების  მისაღებად.

 

  1. რა ხდის ატრაქციონს ამაღელვებელს?
  2. ოდესმე ყოფილხართ ატრაქციონზე?

 

  • იდეებისა და  აზრის  ნათლად  და  ეფექტურად  გამოხატვა  წერილობითი  თუ სიტყვიერი ფორმით.
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება.
  • ტექნოლოგიების გამოყენება,  როგორც  ინფორმაციის  კვლევის,  ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება.

პროექტის დასრულების საბოლოო პროდუქტი:

პრეზენტაცია, ვიდეო ანიმაციის შექმნა

 

 

პროექტის გეგმის შედგენის საშუალებით დავსახე მოსწავლეთა მიზნები და შემდგომი ნაბიჯები. შევაფასე, როგორ ახდენენ ისინი ორგანიზებასა და დროის მართვას.

მოსწავლეები  წარადგენენ  დამაჯერებელ,  შთამაგონებელ  გამოსვლას,  ვიდეო  ანიმაციის სახით გვიჩვენებენ პროექტის ანალიზს და დასკვნით ცნობებს.

მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოები და დავალებების შეფასება.

მოსწავლეები პროექტის დაწყებამდე ფლობდნენ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც  მოსწავლეთა შემდგომ წარმატებას განაპირობებდა მუშაობის პროცესში.

 

სასწავლო პროცედურები

I  ეტაპი

ვარკვევ, თუ რა იციან მოსწავლეებმა ატრაქციონ ,,ამერიკული მთების’’ შესახებ, პირველ ეტაპზე  მოიძიეს  ინფორმაცია.  მას  შემდეგ,  რაც  მოსწავლეებს  წარმოდგენა შეექმნათ, როგორ მოძრაობს ვაგონეტები, რომელზეც ადამიანები სხდებიან, ვაწვდი  შესაბამის  ინსტრუქციას,  როგორ  გამოიყენონ  პროგრამა.  როგორ  გახსნან  ახალი გვერდები, როგორ ჩასვან სურათები.

II  ეტაპი

მოსწავლეებს  ვუქმნი  ყველა  პირობას  იმისათვის,  რომ  დამაჯერებლად  და ამომწურავად გაუზიარონ სხვა ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრება და ინფორმაცია ამ პროგრამით ატრაქციონის მოდელის შექმნის შესახებ (სად მდებარეობს, რა ფართობია, როგორი  გასართობი  პროგრამა  აქვთ,  რა  მინი-ატრაქციონებია,  წარმოდგენილი  აქვთ სხვადასხვა ფასიანი მენიუ).

III   ეტაპი

მოსწავლეები  უზიარებენ  ერთმანეთს  ინფორმაციას  შემოქმედებითი  უნარების შესახებ, იზიარებენ ერთმანეთის აზრებს, რაც ხელს უწყობს მათ ურთიერთთანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებას

IVეტაპი

დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ვიდეოები, რომელზეც, ტიტრებთან  ერთად,  დატანილი  იყო  აუდიო  ინფორმაცია,  რომელიც  გათვლილი  იყო სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეზე.

 

ურთიერთთანამშრომლობა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროცესის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია. გადავწყვიტეთ ჩვენი შექმნილი პროექტის შესახებ მეგობარი სკოლისათვის  მოგვეყოლა, გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება, მიგვეღო უკუკავშირი და შემდგომი მუშაობისას გაგვეთვალისწინებინა.

 

გამოყენებული  ლიტერატურა:

  1. https://ncp.ge/– ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი;
  2. ჟურნალი ,,მასწავლებელი“ N2, 2010 წელი;
  3. ჟურნალი ,,მასწავლებელი“ სპეციალური გამოშვება, 2014 წელი;
  4. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება (სატრენინგო მასალა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.tpdc.ge , 2014 წელი.

 

 

სოციო-ემოციური უნარები და მათი აქტუალურობა ციფრულ ეპოქაში

0

21-ე საუკუნეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეპოქა. ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა მიჯაჭვულია გაჯეტებსა თუ სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე, რამაც მოსწავლეებში ემოციების დეფიციტი გამოიწვია. ჩვენ ირგვლივ ყველა, და მათ შორის მოსწავლეებიც, სამწუხაროდ,  ხდებიან უფრო და უფრო “რობოტულები” და მართულნი სხვა ფასეულობებითა თუ ღირებულებებით.

სწორედ თანამედროვე სამყაროს კომპლექსურობამ და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ცალსახად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სოციო-ემოციური უნარების განვითარება, რომელიც თითოეული მასწავლებლის ამოცანად უნდა იქცეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ჩვენგან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას დღეს ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სწავლა-სწავლების პროცესში, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს.

დავიწყოთ იმით, რომ სოციო-ემოციური სწავლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი თვითშემეცნებაა. იგი გულისხმობს საკუთარი ემოციების, პირადი მიზნებისა და ღირებულებების გაცნობიერებას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებას, პოზიტიურ აზროვნებას, ემოციებისა და ქცევების რეგულირებას, სტრესისა და კმაყოფილების მართვას, საკუთარი იმპულსებისა და ნებისყოფის კონტროლს, ასევე, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, კომუნიკაციას, მოსმენას და თანამშრომლობას.

მე, როგორც მკვლევარი მასწავლებელი, ვაანალიზებ, რამდენად აუცილებელია დღეს ამ მიმართულებით საქმიანობა და სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო აქტივობების განხორციელება. ამიტომ გადავწყვიტე, სოციო-ემოციურ უნარებზე მუშაობა ჩემს ყოველდღიურ საზრუნავად გამეხადა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციო-ემოციური უნარების დაქვეითება მოსწავლეებში განაპირობა 2019-2020 სასწავლო წლებმა, როცა ყოველი მოქალაქე, განსაკუთრებით კი მასწავლებლები დავდექით უდიდესი გამოწვევის წინაშე, რაც საგაკვეთილო პროცესების ონლაინ ეფექტურ მართვას გულისხმობდა.

სწორედ ონლაინ სწავლების დროს დავინახე ჩემს მოსწავლეებში ემოციის, ემპათიის, თანაგრძნობის დეფიციტი და დავიწყე ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. მოსწავლეების მიდრეკილება ჩაკეტილობასა და სიმარტოვისკენ ნათელი იყო. ისინი  თავს არიდებდნენ კომუნიკაციას, როგორც მასწავლებლებთან, ისე თანატოლებთან.

შევიმუშავე კითხვარი, რომლის ანალიზმა კიდევ უფრო გაამყარა და აშკარა გახადა ჩემ მიერ დანახული პრობლემა. მოსწავლეთა 80% უპირატესობას სიმარტოვეს ანიჭებდა. კითხვარის ანალიზის შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ფიზიკურ გარემოში დაბრუნებისთანავე მეზრუნა სოციო-ემოციურ სწავლებაზე.

ჩემ მიერ განხორციელებული შემდეგი ინტერვენცია გულისხმობდა სალექციო ტიპის გაკვეთილების ჩატარებას, სადაც მოსწავლეებს ვესაუბრებოდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძნობა, ემპათია და ემოციების რეგულირება იმისათვის, რომ სრულფასოვანი ადგილი დაიკავო თანამედროვე საზოგადოებაში.

სწორედ ამ წელს გაჩნდა იდეა, რომელსაც დღესაც აქტიურად ვახორციელებ. მე და ჩემი მოსწავლეები წელიწადში ერთხელ ოფიციალაურად უარს ვეუბნებით ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, გუგლის საძიებო სისტემიდან  კოპირებულ წინადადებებს, ფაქტებსა თუ ცნებებს და აქცენტებს ვაკეთებთ მხოლოდ ადამიანის ემოციურ ფაქტორებზე.

ვმართავთ ღონისძიებას, სახელწოდებით „ერთი ემოციური დღე ჩემი ცხოვრებიდან“, სადაც მოსწავლეები ღიად საუბრობენ მათი ცხოვრებიდან ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე, როცა ყველაზე დიდი გამარჯვება თუ მარცხი, წარმატება თუ წარუმატებლობა, სიხარული თუ უბედურება განიცადეს. სწორედ ამ დღეს ყველა ერთად, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც  ვმოგზაურობთ წარსულში და გულწრფელად ვიზიარებთ ერთმანეთის განცდებსა თუ ემოციებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი  აღწერილი აქტივობა? ცალსახაა, რომ მსგავსი ღონისძიება მოსწავლეებში ავითარებს სხვისი აზრის მოსმენის, გაზიარების, თანაგრძნობისა და ემპათიის უნარებს, მოსწავლეები ითავისებენ თანატოლების ემოციებსა და შეხედულებებს.

დასკვნის სახით მინდა შევაჯამო, რომ სოციო-ემოციური სწავლა დღეს მოსწავლეთა წარმატების საკვანძო ინდიკატორად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი სისტემური მიდგომები, რაშიც ყველა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვების ემოციების ამოცნობა, გრძნობების გამოხატვა კონტექსტის შესაბამისი ფორმებითა და გზებით.

თანამედროვე მკვლევრები კი სწორედ სკოლას აკისრებენ ამ პასუხისმგებლობას, რადგან სკოლა უნდა იქცეს იმ ადგილად, სადაც მოსწავლეები შეძლებენ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას, იქნება ეს საგაკვეთილო პროცესსა თუ  სასკოლო გარემოში.

 

 

მოკლე დროში უცხო ენის შესწავლის ტექნიკები

0

უცხო ენების შესწავლას დღეის მოცემულობით აღსაზრდელები იწყებენ პირველი კლასის მეორე სემესტრიდან. ფაქტობრივად, მშობლიური ენის ანბანის შესწავლის პარალელურად აღსაზრდელები შეიმეცნებენ უცხო ენის ანბანსა და ენობრივ თავისებურებებს, რაც წარმატებული სასწავლო პროცესისათვის შემოქმედებით მიდგომასა და საინტერესო მეთოდოლოგიას საჭიროებს. ამ ეტაპზე სასწავლო მიდგომები ძირითადად თამაშის პრინციპზეა აგებული, ასევე აქტიური გამოყენება აქვს სიმღერებს, რაც აღსაზრდელებს სხვა აქტივობებს შორის ყველაზე მეტად მოსწონთ. მსგავსი სასწავლო მუშაობის პრინციპები გამოყენებულია მეორე უცხო ენის გაკვეთილზეც, რომლის არჩევანსაც მოსწავლე აკეთებს უკვე დაწყებით საფეხურზე, ასევე საშუალო საფეხურზე არჩევითი მეორე უცხო ენის სტატუსით.

მეორე უცხო ენის სწავლების პროცესში დიდ დახმარებას მიწევს ის ფაქტი, რომ აღსაზრდელებს უკვე აქვთ ცოდნა ინგლისური ენის ანბანის შესახებ, ლათინურენოვანი ფუძის მატარებელი ენები ასო-ბგერების ოდენობით ერთნაირია, თუმცა კითხვის თვალსაზრისით მათ შორის დიდი სხვაობაა. ის ფაქტი, რომ ასო- ბგერები ერთნაირად იწერება, ბავშვებს უმარტივებს გერმანულ ენაში ანბანის შესწავლას. ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით აღვიქვამ. შესაძლოა, ინტერფერენციის პრობლემამ ენობრივი მსგავსების სიმარტივის პარალელურად იჩინოს თავი, ამიტომ საპრეზენტაციო პროგრამაში, თითოეულ სლაიდზე  გამოვსახავ ასოებს სათანადო სიტყვებით, დავურთავ ჩემს ხმოვან მითითებებს და ნებისმიერ დროს აღსაზრდელებს საშუალება აქვთ, პედაგოგისაგან საჭირო ინსტრუქტაჟი მიიღონ, ისე, რომ აღსაზრდელებისთვის საჭირო არ გახდეს მშობლის ან ვინმე კომპეტენტური პირის ჩარევა.

ამ მიდგომის აქტიურმა გამოყენებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა,  ,,ჩემთან ერთად“ ესწავლათ ანბანი, იგივე პრინციპით შევიმუშავე კითხვის წესების ამსახველი სლაიდი სათანადო ხმოვანი ჩანაწერებით, რამაც, მოკლე დროში, გაუმარტივა ტექსტების სწორად წაკითხვის უნარები. საილუსტრაციოდ გთავაზობთ ფოტოს (დანართიN1)

მეორე უცხო ენის გაკვეთილზე ინტენსიურად ვიყენებდი ოთხივე კომპონენტის-წერის, კითხვის, საუბრისა და მოსმენის შემცველ დავალებებს, რომელთა მეშვეობით გაკვეთილი უფრო შინაარსიანი, ნაკლებად მოსაწყენი და პროდუქტიული ყოფილიყო  უფროსი სასკოლო ასაკის აღსაზრდელებისათვის, რომლებიც გერმანულს ეუფლებოდნენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. რამდენიმე თვის ნაცვლად, მხოლოდ ერთთვიანი მუშაობით, კვირაში ორსაათიანი დატვირთვით ამ მიდგომამ აღსაზრდელებს საშუალება მისცა, დაუფლებოდნენ მეორე უცხოური ენის სიტყვის დონეს.

წინადადების დონეზე გადასასვლელად გადავწყვიტე, დიალოგი ჩამეწერა საპრეზენტაციო პროგრამაში და გამეხმოვანებინა, ამ ფორმატში შესრულებული ვიდეო შევთავაზე მოსწავლეებს დავალებად პიროვნებათა გაცნობისა და გასაუბრების მიზნით, სადაც მათ თავიანთი მონაცემებიც უნდა წარმოედგინათ და ესაუბრათ თავიანთ თავზე. ჩემ მიერ შედგენილი ეს სასწავლო რესურსი -,,თვითმასწავლებელი“- საკმარისი აღმოჩნდა, მოსწავლეებს თავიანთი მონაცემები უცხო ენაზე დიალოგის ფორმატში წარმოედგინათ. ეს აქტივობა დაეხმარა აღსაზრდელებს, გასცნობოდნენ წინადადების დონეს და მოამზადა ნიადაგი ტექსტის დონისათვის.

აღსაზრდელთა ეს შესაძლებლობები გერმანულში ჩემთვის მიმართულების მომცემი აღმოჩნდა, რა მიდგომა და თემატიკა უნდა გამომეყენებინა წარმატებით და როგორ. ამისათვის, აქტიურად გამოვიყენე ჩემ მიერ შედგენილი ტექსტები სათანადო თემატიკის ფარგლებში. კერძოდ, იმ თემატიკიდან, რომელსაც ითვალისწინებს საგნის სტანდარტი ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის და შევეცადე, თემის შინაარსი მათი საჭიროებებისათვის მომერგო, ამ მიდგომამ საჭირო ლექსიკის შესწავლის საჭიროება გამოკვეთა, თუმცა ეს არ იყო სიტყვების იძულებით დასწავლა-დაზეპირების ფორმატი, არამედ, პირიქით, ,,ალაპარაკებისათვის“ მასტიმულირებელი ფაქტორი. თემის შინაარსი სრულიად პასუხობდა მათ სურვილებსა და საჭიროებებს, ამდენად, საჭიროდ ჩათვალეს წარმოდგენილი ლექსიკის დასწავლა.

ამ ფაზაზე აღსაზრდელებს ვაწვდიდი სხვადასხვა პრინციპზე აგებულ ტექსტებს. კერძოდ, პირველი ვარიანტი გულისხმობდა შემდეგს –  თემატიკის ფარგლებში, აღსაზრდელებს მშობლიურ ენაზე უნდა ეთარგმნათ  მასწავლებლის მიერ შედგენილი ტექსტი. მეორე ვარიანტის დავალება მოიაზრებდა აღსაზრდელების ფანტაზიის მიხედვით ტექსტის შედგენას, ხოლო მესამე ვარიანტის დავალება აღსაზრდელებს სთავაზობდა მზა ტექსტებს თემატიკის ფარგლებში, რომელიც უნდა დაემუშავებინათ  ლექსიკურ და გრამატიკულ დონეზე.

ამ პრინციპით შედგენილმა ტექსტებმა აღსაზრდელებს მისცა საშუალება, მოკლე დროში საჭირო ლექსიკური და გრამატიკული ცოდნა მიეღოთ. ამ ფაზაზე სხვა უფრო საინტერესო მიდგომა გამოვიყენე მოსწავლეებთან სამუშაოდ, კერძოდ, ისინი უკვე ინტერვიუირების საშუალებით ცდილობდნენ, ერთმანეთისათვის დიალოგის ფორმატში მოეთხროთ უკვე შესწავლილი თემატიკა. ამ ფორმატში  აღსაზრდელებმა შესძლეს გაბმული დიალოგის ფორმატში ინტერვიუირება, რაც მასტიმულირებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ისინი დარწმუნდნენ, რომ მოკლე დროში შეძლეს მარტივად დაუფლებოდნენ მეორე უცხოურ ენას. ამ მიდგომის ფარგლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ინტერფერენციის პრობლემას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულ მიდგომას ხშირად ვიყენებ ყველა ასაკობრივ საფეხურზე, რადგან ის წარმატებული მიდგომაა.

 

  1. შათირიშვილი შ. გერმანული ენის გრამატიკა : V-X კლასებისათივს (ავტორი). – თბილისი, ცოდნა, 1964.
  2. Eva-Maria Jenkins- Krum, Coleen Clement, Wir Neu, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,  2018

ეკოკლუბი და  ფორმალური განათლება

0

პანდემიის შემდეგ მოსწავლეებს გაუჭირდათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, მათი მხრიდან დაინტერესება და მოტივაცია საკმარისი არ იყო სასურველი შედეგების მიღწევისთვის, თუნდაც მათთვის საინტერესო რესურსების შეთავაზებით.

საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის  საუკეთესო გამოსავალი არაფორმალური განათლების მიმართულებით, მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა  და მოქნილი სასწავლო გარემოს შექმნა იყო.  არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების გაგრძელებაა, რომელიც მოზარდებში კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს და პრაქტიკულ ცოდნაზეა ორიენტირებული. არაფორმალურ განათლებას ხშირად სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ, მაგალითად, თემთან დაკავშირებული განათლება, უწყვეტი განათლება და განათლების მეორე შანსი. არაფორმალური განათლება ხშირად ფორმალური განათლების საუკეთესო ალტერნატიულ  ვარიანტად განიხილება, რადგან მას შეუძლია უზრუნველყოს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა, სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და  ა.შ

არაფორმალური განათლების გზით მოსწავლეების ჩართულობა ეკოკლუბის ჩამოყალიბებით დავიწყე, რომლის საქმიანობა ძალზე  მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების განათლების განხორციელებისთვის,  და როგორც მოზარდებს,  ჩვენც  – მასწავლებლებს – გვაქვს პასუხისმგებლობა, ვაჩვენოთ ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა მომავალ თაობას. საკლუბო მუშაობა მოსწავლეებს მიღებული ცოდნის ყოფა-ცხოვრებაში ადაპტირებას ეხმარება, ასევე  თავდაჯერებულობას, კვლევის, სინთეზისა და ანალიზის უნარს უვითარებს.

ეკოკლუბში განხორციელებული საქმიანობები მოსწავლეებს  აძლევს საშუალებას, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ და მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობებში და საერთაშორისო პროექტებში. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩართონ თავიანთი მშობლები, ნათესავები, თემი და თანატოლები გარემოსდაცვითი აქტივობების პოპულარიზაციაში.

თავდაპირველი შეხვედრების მიზანი იყო კლუბის წევრების დაინტერესება და გამოწვევა. ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩავატარეთ სემინარები, დებატები და ლექციები მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით.  მოსწავლეების სურვილისებრ ვმასპინძლობდით სტუმრებს, რომლებიც მდგრადი განვითარების 17-ვე მიზნის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.  მოწვეულ სტუმრებს  შორის იყვნენ: განათლების ექსპერტები, სახელმძღვანელოების ავტორები, ექიმები, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, მწერლები. მათ მიერ შემოთავაზებული სემინარები, ვორქშოფები და საინფორმაციო შეხვედრები ზრდიდა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს და ხელს უწყობდა დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებას.

მოსწავლეებთან თანამშრომლობით ვახორციელებდით გარემოსდაცვით აქტივობებს: კლუბის წევრებმა სკოლის ბაღში დარგეს ხეები, დაასუფთავეს როგორც სკოლის, ასევე მიმდებარე ტერიტორიები. მათი ჩართულობით მოხდა თბილისის სხვადასხვა სკოლის გამოწვევა და ამ სკოლებში მწვანე სივრცეების მოწყობა. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარები.

განხორციელდა ვიზიტები, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. კლუბის წევრებმა მოინახულეს  ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილები: დიღმის ჭალები, პარკები, საველე ტერიტორიები, სადაც თემატური სემინარების გარდა ქმედითი  გარემოსდაცვითი აქტივობები განხორცილდა. მოსწავლეები  მეტი ხალისით ერთვებოდნენ „კეთებით სწავლებით“ პროცესში,  გამოუმუშავდათ სხვისი აზრის პატივისცემის, კვლევის და დაკვირვების უნარ-ჩვევები და ერთმნიშვნელოვნად, ბუნების მცველებად იქცნენ.

კლუბის წევრებმა, თანატოლების დახმარებით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების  მიზნით, მოაწყვეს აქციები და მსვლელობები საზოგადოებრივ ადგილებში, ამ მხრივაც მოსწავლეების დამოკიდებულებები იცვლებოდა, მუდმივად სიახლის ძიებაში იყვნენ, რადგან გარემოსდაცვითი მიმართულებით სიახლეების მიწოდება საზოგადოებისთვის მათი ყოველდღიურობა გახდა. მოსწავლეებს აღნიშნული  აქტივობების განხორციელებით  ჩამოუყალიბდათ  თავდაჯერებულობა, მაღალი მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა.

მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ,,სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა“, ,,შიმშილის აღმოფხვრა“, ,,მდგრადი მოხმარება და წარმოების“ ფარგლებში, მშობელთა ჩართულობით კლუბის წევრებმა ეკომეგობრული ჩანთების წარმოება დაიწყეს და მისი რეალიზებით დახმარების ხელი გაუწოდეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები  განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთნენ, რადგან თვითონ იყვნენ პროექტის ინიციატორები და შესაბამისად,  მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.

ეკოკლუბის წევრების მიერ დამზადებული ეკოჩანთები

ეკოკლუბის წევრების სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სკოლა სრულიად აღიჭურვა ნარჩენების დახარისხების შესაბამისი ურნებით, აღნიშნული აქტივობის განხორციელებაში კლუბის წევრებმა  მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართეს, რამაც ერთი-ორად გაზარდა მოსწავლეების პასუხიმგებლობა და მოქალაქეობრივი აზროვნება.

თანატოლებთან თანამშრომლობა სკოლის სივრცეს გასცდა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების თუ ინფორმაციის მიღების მიზნით კლუბის წევრებმა უმასპინძლეს არაქართულენოვან სკოლებს და თავადაც სტუმრად იმყოფებოდნენ მარნეულის, მუღანლოს და სართიჭალის სკოლებში. აქტიური ცხოვრების წესმა მოსწავლეებში გაზარდა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა.

საკლუბო მუშაობაში ჩართულობამ  გააქტიურა მოსწავლეები და დაეხმარა მათ  ხელახალ სოციალიზაციაში.   პრობლემა, რომლის წინაშეც პანდემიის შემდგომ  აღმოვჩნდით მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი, სწორედ არაფრომალურ განათლებაზე  ფსონის დადებით დაძლევადი აღმოჩნდა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გასულიყვნენ საკლასო სივრციდან და თავისი შესაძლებლობები და უნარები გამოევლინათ სკოლის გარეთ.  სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების ჩართვამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლისადმი ინტერესი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  შედეგების მიღწევა.

 

პროფესიული განვითარება -კოლეგებთან თანამშრომლობით

0

ყველა მასწავლებელს მსოფლიოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც  დაეხმარება პირადი პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მათი მოსწავლეების წარმატებას.მასწავლებელთა ხარისხიანი  პროფესიული განვითარება აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ საუკეთესო განათლება.პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა  მუდმივი და მდგრადი უნდა იყოს, რომელიც სკოლის მისიასა და ხედვასთან იქნება დაკავშირებული და, რაც მთავარია, ამას ერთჯერადი სახე არ უნდა ჰქონდეს.

რატომ არის უწყვეტი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის?

საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსწავლეებმა საუკეთესოდ ისწავლონ და მიაღწიონ თავიანთ პოტენციალს, არის მათთვის ხარისხიანი   განათლების მიწოდება.(Sutton Trust, 2011).ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და მხარდაჭერა შესაძლებელია პროფესიული განვითარების პროგრამების საშუალებით, რომელიც ზრდის მასწავლებელთაგან სწავლების ეფექტიანობას (Cordingley et al 2015) .

დილან უილიამის ციტატა:

„ყველა მასწავლებელს სურს,  რომ გააუმჯობესოს თავისი პრაქტიკა – არა იმიტომ, რომ ისინი საკმარისად კარგები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ უკეთესები იყვნენ“

არსებობს უამრავი კვლევა და მტკიცებულება იმის შესახებ, თუ „რა მუშაობს“ (ან სულ მცირე „რამ იმუშავა“ – ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ კვლევის კრიტიკული მომხმარებლები) და ასევე, თუ როგორ გვეხმარება მტკიცებულებებზე ინფორმირებული მიდგომები, შეცვალოს ჩვენი  შინაგანი ინსტინქტები “საუკეთესო ფსონებისკენ”.

დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში  უამრავი ბრიტანული სკოლის მთავარი საწყისი წერტილი არის EEF ( Education Endowment Foundation ქართ, განათლების ფონდი) -ის ინსტრუმენტი – სწავლებისა და სწავლის სტრატეგიები, სადაც დეტალურადაა აღწერილი სტრატეგიის გავლენის  ეფექტურობა და პროგრესის შესაძლებლობა.

ყველა სკოლას აქვს პროფესიული განვითარების გეგმა/პროგრამა, მაგრამ რა ვიცით იმაზე, თუ რა მუშაობს უკეთესად?

პროფესიული განვითარების გეგმების/პროგრამების შემუშავება და დანერგვა ეფექტურად,საკმაოდ დიდ ძალისხმევას  მოითხოვს, საჭიროა ინფორმაციის გონივრული დახარისხება , ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვა, აქტივობების  შერჩევა ისე ,რომ მარტივი აღსაქმელი და ასათვისებელი იყოს  მასწავლებლისთვის.

როგორც დევიდ ვესტონი და ბრიჯიტ კლეი ასახელებენ  ნაშრომში „დიდი სწავლების გათავისუფლება“, იმის თქმა, რომ კონფერენცია ან სესია „შესანიშნავი პროფესიული განვითარებაა“,  იგივეა, რაც იმის თქმა, რომ  პროდუქტების საყიდლებზე სიარული „შესანიშნავი კვებაა“; მაშ რა უნდა იყოს საუკეთესო  გზა? უნივერსალური ფორმულა არ  არსებობს, თუმცა ,განათლების მკვლევარი მერი კენედი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ  ”კვლევის ჩატარების მნიშვნელოვანი მიზეზი არის ეფექტური პრაქტიკის იდენტიფიცირება, რათა სხვებმა შეძლონ მათი  გაზიარება და დანერგვა.” ამისთვის გავეცნოთ დიდი ბრიტანეთის   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების   გამოცდილებას. დიდ ბრიტანეთში, INSET   (In-Service Education and Training ქართ.სამსახურში სწავლა და ტრენინგი) (პროგრამა , ეს არის რასაც ჩვენ ვუწოდებთ მასწავლებელთა მომზადების დღეებს, სკოლებს   წელიწადში ხუთი დღე აქვთ ასეთი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ან სკოლა ადგენს, ამ დღეებში სწავლა სკოლაში არ მიმდინარეობს და “სამსახურში ტრენინგის” დღეებს მოკლედ “INSET დღეებს” უწოდებენ.

ზოგიერთი საგანმანათლებლო  დაწესებულების მხრიდან    შეთავაზებულია და დანერგილია ტერმინი ,,პროფესიული სწავლა’’ და ზოგში ,,პროფესიული განვითარება’.’ ხშირად ეს მხოლოდ პროვაიდერის ან დაწესებულების არჩევანზეა დამოკიდებული – რისი მოლოდინი აქვს აუდიტორიას მათგან.

სახელების გარდა, პროვაიდერები სთავაზობენ სწავლების პროგრამების კონცეფციას. ის  გათვლილია მასწავლებლებზე, რომლებსაც აქვთ ხედვა, გააუმჯობესონ თავიანთი პრაქტიკა და დაოსტატდნენ.

თუმცა, სიფრთხილით მოვეკიდოთ ოსტატობას – თუ ჩვენ რაღაცას “დავეუფლებით”, არსებობს იმის საშიშროება, რომ ვიფიქროთ, ,თითქოს მეტი არაფერი გვაქვს სასწავლი.

ჩატარდა მრავალი კვლევა პროფესიული განვითარების მიდგომების ეფექტურობის შესახებ. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი(კენედი) აცხადებს, “ცენტრალური წინაპირობა, რომელიც ემყარება ყველა პროფესიულ განვითარებას არის ის, რომ მკვლევარმა იცის  სწავლების შესახებ ის, რაც მასწავლებლებმა არ იციან”.

პროფესიული განვითარების  გეგმის/ პროგრამის შექმნა.

 

ყველა სკოლას აქვს (ან უნდა ჰქონდეს!) პროფესიული განვითარების პროგრამები, რომლებსაც  ხშირად პირდაპირი კავშირი აქვთ საკუთარ მიზნებთან სკოლის მისიასა და  ხედვასთან.

არსებობს პროფესიული განვითარების ეროვნული სტანდარტები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი  ბრიტანეთის მთავრობის მიერ:

  1. პროფესიული განვითარება უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებასა და შეფასებაზე.
  2. პროფესიული განვითარება უნდა იყოს გამყარებული მყარი მტკიცებულებებითა და ექსპერტიზით.
  3. პროფესიული განვითარება უნდა მოიცავდეს თანამშრომლობას და ექსპერტულ გამოწვევას.
  4. პროფესიული განვითარების პროგრამები უნდა იყოს მდგრადი დროთა განმავლობაში.

ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ  :

  1. პროფესიული განვითარება პრიორიტეტული უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელობისთვის.

საბოლოო სტანდარტი არის საკვანძო – პროფესიული განვითარებისთვის პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა

გაერთიანებული სამეფოს განათლების დეპარტამენტი (DfE)  აცხადებს, რომ:

„მაღალი ხარისხის პროფესიული განვითარების დიზაინი ისეთივე რთული დისციპლინაა, როგორიც მაღალი ხარისხის სწავლების დიზაინი. ის მოითხოვს  აქტივობების პროგრამების დაკავშირებას, დაგეგმვას  და შეფასებას..

თავის სკოლებს  განათლების დეპარტამენტი სთავაზობს:

  1. განიხილეთ პროფესიული განვითარება,როგორც სტრატეგიული განვითარების ნაწილი.
  2. ეფექტიანი პროფესიული განვითარება გულისხმობს ტრენინგებს როგორც საწყის ეტაპზე, ასევე მაღალხარისხიან შემდგომ ქოუჩინგს.
  3. ახალი უნარების, ცოდნისა და სტრატეგიების დანერგვა უნდა განხორციელდეს  წინასწარი გაწერილი აქტივობებით.
  4. გააძლიერეთ სკოლის ფარგლებში ,,ექსპერტთა’’ მხარდაჭერა. გამოიყენეთ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები/ ქოუჩები.

ბრიტანეთის სკოლებმა ასევე დაიწყეს კვლევის ლიდერების დანიშვნა, რომლებიც სწავლა სწავლების  გაუმჯობესების მიზნით აწარმოებენ კვლევებს.

განათლების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მოხსენებაში იკვეთება შემდეგი:

  1. მასწავლებლებისთვის ხარისხიანი პროფესიული განვითარება ისეთივე ეფექტურია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად, როგორიც კლასში ათწლეულის გამოცდილების მქონე მასწავლებლის ყოლა.
  2. ხარისხიან პროფესიული განვითარების პროგრამებს უფრო დიდი გავლენა აქვს მოსწავლის შედეგებზე, ვიდრე სხვა ღონისძიებებს, როგორიცაა მასწავლებლის ანაზღაურება ან სასკოლო დღის ხანგრძლივობის გაზრდა.
  3. მაღალი ხარისხის პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სავარაუდოდ, შეამცირებს  სისტემიდან ახალგაზრდა კადრის გადინებას.

დავუბრუნდეთ EEF-ს და მათ რჩევებს:

  1. „საერთო მოცემულობის მიხედვით, პროფესიული განვითარება უნდა განიხილებოდეს როგორც მიმდინარე პროცესი და არა– ცალკეული მოვლენა“.
  2. „პროფესიული განვითარების აქტივობების შინაარსი ასევე უნდა იყოს თანმიმდევრული და მიზანმიმართული”.
  3. „მიზანია პროფესიული განვითარების სისტემის შექმნა, რომელიც წაახალისებს მუდმივ სწავლას და პრაქტიკაში გამოყენებას“.

პროფესიული განვითარების თვალსაზრისით კარგი მოდელია  სასწავლო ჯგუფები ან პროფესიული სასწავლო თემები, სადაც მასწავლებელი თანამშრომლობს მცირე, არაიერარქიულ კლასტერებში, რათა ფოკუსირდეს კონკრეტულ საკითხზე, მასწავლებლები მხარს  უჭერენ ერთმანეთს ქოუჩინგისა და საკლასო  დაკვირვების გზით.

სკოლებმა  უნდა იზრუნონ, რომ პროფესიული განვითარება  იყოს ინკლუზიური, ორიენტირებული და პასუხისმგებელი პერსონალის ყველა საჭიროებაზე.

პროფესიული განვითარების გეგმა(პროგრამა) უნდა იყოს ისევე გულდასმით გააზრებული და დაგეგმილი, როგორც სასწავლო საგნობრივი  პროგრამა,   უზრუნველყოფილი იყოს  ეფექტური მიდგომები.

პროფესიული განვითარების პროგრამების შეფასება

წარმატებული პროფესიული განვითარების  დიზაინის საბოლოო საკვანძო ასპექტი არის მუდმივი შეფასება – განხორციელების ციკლი, რომელიც რეგულარულად ერწყმის რეფლექსიის, უკუკავშირის და ფორმალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს, საჭიროების ან გაუმჯობესების გამოვლენილ სფეროებზე დაყრდნობით.

შეფასება უნდა იყოს სათანადო, სისტემატური და, როგორც შეფასების ნებისმიერი ფორმა შეიძლება გამოიყენონ მომავალში პოზიტიური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ხარისხობრივი ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის შესაძლებელია მასწავლებლებისგან  და სტუდენტისგან, მაგრამ პოპულარული მოდელი და ჩარჩო არის ის, რაც დახვეწილია თომას გუსკის მიერ.

გუსკიმ შემოგვთავაზა  შეფასების ხუთი დონე, რომელთაგან თითოეული იზრდება სირთულისა და სიღრმის მიხედვით და ეყრდნობა წინას.

გუსკის  შეფასების ხუთი დონე

  1. მონაწილეთა რეაქციები.
  2. მონაწილეთა სწავლა.
  3. ორგანიზაციის მხარდაჭერა და ცვლილება.
  4. მონაწილეთა მიერ ახალი ცოდნისა და უნარების გამოყენება.
  5. მოსწავლის შედეგები.

ეს უკანასკნელი არის საკვანძო და არსებითად დაკავშირებულია წარმატებასთან – როგორ იმოქმედა პროფესიული  განვითარების აქტივობამ სტუდენტებზე?

რაიმე სარგებლობა მოუტანა მათ?

დასკვნები

ფლეტჩერ-ვუდი ასკვნის, რომ “ეფექტური პროფესიული განვითარების რეცეპტი არ არსებობს”.

მთავარი არის ის, რომ  ვიფიქროთ თითქოს მასწავლებლებს შეუძლიათ მართონ საკუთარი პროფესიული  საჭიროებები და განვითარება.

ტიმპერლი და სხვები აცხადებენ:„პირველი [მითი] არის ის, რომ მასწავლებლები უნდა განიხილებოდნენ  როგორც თვითრეგულირებადი პროფესიონალები, რომლებსაც საკმარისი დრო და რესურსები  აქვთ, მოსწავლეებს კარგი მასწავლებლები სჭირდებათ. მასწავლებლები ვითარდებიან მხარდაჭერით, ინვესტიციით და რწმენით კარიერის  ყველა ეტაპზე.

და ბოლოს :

რატომ არის უწყვეტი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის?

მასწავლებელთა განვითარების შესაძლებლობა საუკეთესო საშუალებაა სტუდენტების საუკეთესო განათლების  უზრუნველსაყოფად, რაც მათ საშუალებას მისცემს მიაღწიონ თავიანთ პოტენციალს.

როგორ უნდა ჩამოვაყალიბო პროფესიული განვითარების პროგრამა?

წარმატებული პროფესიული განვითარების პროგრამის გასაღები არის ის, რომ ის უნდა იყოს მდგრადი, მხარდაჭერილი, სტრუქტურირებული და მიზანზე ორიენტირებული.

თქვენი პროფესიული განვითარების პროგრამამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი :

  1. დარწმუნდით, რომ ის საჭიროებაზე მორგებულია;
  2. დარწმუნდით, რომ ის მხარდაჭერილია;
  3. შეუსაბამეთ ის სკოლის მისიას და ხედვას;
  4. შექმენით მხარდაჭერის პოზიტიური ატმოსფერო ყველა თანამშრომლისთვის;
  5. ზოგჯერ საუკეთესო პროფესიული განვითარება კოლეგებთან საუბარია;
  6. განჭვრიტეთ კლიმატის ცვლილებები – პერსონალის ბრუნვა, დრო, ლიდერობის მხარდაჭერა; იყავი პროაქტიული;
  7. გამოყავით სივრცე და დრო სწავლის თეორიებისა და სტრატეგიების შესასწავლად;
  8. მიეცით პედაგოგიურ კვლევებს გამოყენება და სინთეზირება;
  9. ისარგებლეთ თქვენი სკოლის გამოცდილებით და რესურსით;
  10. სიფრთხილით მოვეკიდოთ ზედაპირულ ინიციატივებს .

 

წყაროები:

  1. Fletcher-Wood, H (2018); Designing Professional Development for Teacher Change; IfT.
  2. Sutton Trust (2011) Improving the impact of teachers on pupil achievement in the UK.
  3. Kennedy, Mary. (2019). How We Learn About Teacher Learning. Review of Research in Education. 43. 138-162.
  4. Cordingley, P., Higgins, S., Greany, T., Buckler, N., Coles-Jordan, D., Crisp, B., Saunders, L., Coe, R. Developing Great Teaching: Lessons from the international reviews into effective professional development. Teacher Development Trust. 2015.
  5. Timperley, A. Wilson, H. Barrar & I. Fung (2007) Teacher Professional Learning and Development: Best EvidenceSynt hesis Iteration Wellington, New Zealand: Ministry of Education.
  6. Fletcher-Wood, H and Zuccollo, J (2020); The effects of high quality professional development on teachers and students; EPI.
  7. Timperley, H; (2008); Teacher Professional Learning and Development; International Academy of Education.
  8. Guskey, T; (2000); Evaluating Professional Development; Corwin Press.
  9. Weston, D and Clay, B; (2018); Unleashing Great Teaching; Routledge (Taylor Francis).
  10. https://www.educationcorner.com/professional-development-in-education/

 

კოორდინატები სიბრტყეზე – უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთათვის 

0

მათემატიკის სწავლება უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი მეთოდის და რესურსის გამოყენებას მოითხოვს [1]. ჩვენს რეალობაში, საკმაოდ მწირია  საგნის შესწავლისთვის საჭირო რესურსები,  და თითქმის არ არის მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ხელმისაწვდომობა  ქართულ ენაზე. მეტად რთულია, ისეთი საკითხების ახსნა, რაც მოითხოვს მოსწავლისთვის ნახაზის მიწოდებას და მოსწავლის მიერ ნახაზის აგებას. ერთ-ერთი ასეთი პრობლემური საკითხია – მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყის აგება და  მასზე სასურველი წერტილის აღება.

უსინათლო მოსწავლეები ბრაილის შრიფტით წერისას იყენებენ სპეციალურ დაფას და ფანქარს (სურათი 1).

ამ დაფაში ხდება ფურცლის ჩადება და ფანქრით სასურველ ადგილას, ტაქტილური წერტილის გაკეთება. ნახაზის გაკეთება ხდება სარკული არეკვლის პრინციპის გთვალისწინებით. ვხაზავთ ისე, რომ ფურცლის ამობრუნების შემდეგ მივიღოთ სწორი ნახაზი.  ბრაილის დაფით, საკოორდინატო სიბრტყის ასაგებად საჭიროა, გავითვალისწინოთ ნახაზის გაკეთების წესები და აბსცისათა ღერძის დადებითი მიმართულება ნახაზის გაკეთებისას ავიღოთ მარცხნივ, იმის გამო, რომ კითხვისას ღერძის დადებითი მიმართულება აღმოჩნდეს მარჯვენა მხარეს.

აბსცისათა ღერძის დასახაზად უნდა გამოვიყენოთ დაფის უჯრის მეორე და მეხუთე წერტილები. რაც შეეხება ორდინატთა ღერძს, მის დასახაზად უნდა ავიღოთ დაფის უჯრის 4, 5, 6 წერტილები. სასურველი წერტილის კოორდინატის ასაღებად, ავიღოთ შესაბამისი უჯრის პირველი წერტილი (სურათი 2).

ბრაილის დაფით გაკეთებულ საკოორდინატო სიბრტყეს და მასზე აღებულ წერტილებს ის უპირატესობა აქვს, რომ აღებულ წერტილს შეგვიძლია დავაწეროთ სახელიც და კოორდინატიც. რაც შეეხება ამ რესურსის გამოყენების უარყოფით მხარეს, ესაა ის,  რომ საკოორდინატო ღერძების ერთეულოვანი მონაკვეთი სხვადასხვა ზომისაა, ის ემთხვევა ბრაილის უჯრის 2 და 3 წერტილს. ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა სახის ამოცანების გარჩევა-გააზრებაზე. მაგალითად: ვთქვათ, მოცემულია :

(−1; 5), (2; 5), (−1; 2), (2; 2) წერტილები და გვაინტერესებს ოთხკუთხედის სახე. ბრაილის დაფით გაკეთებულ ნახაზზე ამ ამოცანის შესაბამის ნახაზი იქნება განსხვავებულ გვერდებიანი მართკუთხედი, რაც არ შეესაბამება რეალურ პასუხს, კვადრატს (სურათი 2). ეს ფაქტი ხელს შეუშლის მოსწავლის მიერ ამოცანის სწორად გააზრებას. მეორე რესურსი, რომელიც გამოიყენება უსინათლო მოსწავლეებისთვის საკოორდინატო სიბრტყის ახსნისას არის სარჭიანი დაფა. ამ დაფას მოჰყვება სარჭები და სხვადასხვა ზომის რეზინები. მოსწავლემ უნდა მონიშნოს ღერძების ბოლო წერტილი და შეაერთოს რეზინით. ზედა აბზაცში განხილული ამოცანის შესაბამისი ნახაზი ასახულია სურათი 3-ზე.

სურათიდან თვალნათლივ ჩანს, რომ მიღებული ოთხკუთხედი წარმოადგენს კვადრატს. თემის ახსნისას ამ რესურსის გამოყენების უარყოფითი მხარეა ის, რომ მოსწავლეების მხრიდან მოითხოვს ნატიფი მოტორიკის განვითარების მაღალ დონეს. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ, მხოლოდ შეხების გამოყენებით სარჭის სასურველ ადგილას დამაგრება და მასზე რეზინის თოკის დახმარებით მონაკვეთების გავლება.

ამ სახის სირთულეებთან შეჯახებისას მომიწია ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამეადვილებინა მოსწავლეებისთვის თემის შესწავლა. მომეძია რესურსი, რომელიც არ საჭიროებდა მაღალი დონის მოტორულ უნარებს და ასევე სწორ, მათემატიკურად გამართული ნახაზების შესრულებაში დაგვეხმარებოდა. ამ პერიოდში სათამაშოების ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე ბურთულებიანი დაფა MagPad. ამ დაფის საშუალებით საკმაოდ იოლად გადავჭერი ბევრი პრობლემა. ეს დაფა დაეხმარა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსაც გეომეტრიული ნახაზების აღქმა-გაკეთებისთვის და აქტიურად ჩართეს უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთათვის მათემატიკის სწავლების პროცესში. მაგპადის გამოყენება საკმაოდ იოლია, მას მოჰყვება მაგნიტური ფანქარი და მისი საშუალებით ხდება დაფაში არსებული ბურთის დაფის იმ დონეზე ამოწევა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ მისი აღქმა ხელის შეხებით.

უსინათლო მოსწავლეთათვის საკოორდინატო სიბრტყის სწავლებისას, მაგპადის გამოყენება ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია. მაგნიტური ფანქრის დახმარებით ხდება OX და OY ღერძის შესაბამისი წერტილების ამოყვანა. დაფის და ბურთულების კონტრასტული ფერების გამო, აღნიშნული რესურსის გამოყენება მცირედმხედველ მოსწავლეთათვისაც  საკმაოდ მოსახერხებელია.

ამ დაფის ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ არ შეგვიძლია ღერძებზე არსებული წერტილების მონიშვნა. გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ ღერძზე მყოფი წერტილის წაშლით. მაგალითად, სურათზე მონიშნულია წერტილი (-3; 0), ისე, რომ შესაბამისი წერტილი წაშლილია ღერძიდან. ეს გზა ნაკლებ მოსახერხებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე წერტილის აღება მოგვიწევს საკოორდინატო ღერძებზე. მაგპადის გამოყენება საკმაოდ ეფექტური იყო ჩემს მოსწავლეებთან. მათ იოლად შეძლეს როგორც დაფაზე აღნიშნული წერტილის კოორდინატის სწორად დასახელება, ასევე  წერტილის კოორდინატის პოვნაც შედარებით სწრაფად და იოლად მოახერხეს.

ამრიგად, უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთათვის, მათემატიკის ისეთი თემატიკის სწავლებისას, როგორიცაა საკოორდინატო სიბრტყე, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია ისეთი რესურსის გამოყენება, როგორიცაა მაგპადი.

ლიტერატურა

  1. ც. ნიკოლაშვილი, ლ. ოგანეზოვი. სწავლების მეთოდები უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეებისთვის.           მასწავლებელთა      პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2014
  2. Guidelines and Standards for Tactile Graphics, 2010 https://www.brailleauthority.org/tg/web-manual/tgmanual.html

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მასწავლებელი, როგორც იდეების მესაკუთრე“

0

ანიმაციაში – „მასწავლებელი, როგორც იდეების მესაკუთრე“- განხილულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამის კონცეფცია, რომელიც კიბისებურია და უწყვეტ ციკლურობას ეფუძნება. ანიმაციაში თვალსაჩინოდ ჩანს, როგორ ხდება მასწავლებელი იდეების მესაკუთრე.

 

საკვანძო კომპეტენციები

0

ელზეარდ ბუფიე  ანტერპრენერი, რომლის  ქმედების  შედეგი  გრძლევადიანი და მდგრადია

მორიგი სამუშაო დღის ბოლოს, როდესაც  ჩემი მოსწავლეებისთვის გაკვეთილს ვგეგმავდი და გონებაში ვაანალიზებდი სხვადასხვა ვერსიას, ისეთს, მოსწავლისათვის სწავლისა და შემეცნების  პროცესი საინტერესო რომ  ყოფილიყო. გამიჩნდა იდეა  ერთ-ერთ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება  გადმომეტანა საკლასო ოთახში. ნებისმიერ გამოცდილებას, ადრე თუ გვიან  მოაქვს დადებითი ეფექტი.

გთავაზობთ,  გამოცდილებას, რომელიც ბუნებისმეტყველების  სწავლებისას გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების, სამეწარმეო  კომპეტენციებისა და   ღირებულებითი პედაგოგიკის  საფუძვლების დანერგვისთვის გამოადგება მასწავლებლებს.

ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონის  მოთხრობის ,, ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა’’ ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს გამოგონილი პერსონაჟის -ელზეარდ ბუფიეს, მარტოხელა მწყემსის თავდაუზოგავი და  წარმატებული იდეის განხორციელების ისტორიას – გაეშენებინა ტყე უდაბურ ადგილზე. მასთან შემთხვევით ახალგაზრდა მოგზაური ხვდება, რომელიც უნებურად მისი იდეს ხორცშესხმის მოწმე ხდება.  ელზეარდ ბუფიე, რომელიც ყოველდღე 100 მუხის  რკოს არჩევს და რგავს ხრიოკ ადგილზე, ცდილობს  სიცოცხლე  დაუბრუნოს უკაცრიელ ადგილს. წლების შემდეგ  მოგზაურს განგება კვლავ შეახვედრებს ელზეარდს, მას უწინდელი უკაცრიელი ადგილის ნაცვლად ახალგაშენებლი ტყე ხვდება. თესლი, რომელსაც მწყემსი რგავს ადამიანის ქმედების სიმბოლოა, ცუდისა და კარგისაც, რომელსაც შორსმიმავალი მიზნები და შედეგები აქვს.  სწორედ  აქ ჩანს ნათლად რამდენად დიდია ადამიანის კვალი გარემოზე, გვაფიქრებს  საკუთარ საქციელზე, მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ   და დავუტოვოთ მომავალ თაობას მსოფლიო  იმაზე უფრო ლამაზი და პერსპექტიული, ვიდრე ჩვენ გვერგო მემკვიდრეობად.

ფილმის ჩვენების შემდეგ ,მასწავლებელი  აკეთებს აქცენტს თუ რატომ არის  ტყე ცოცხალი ორგანიზმებისთვის  და ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? ნაყოფის და ხის მასალის გარდა , რომელიც  მნიშვნელოვანი ნედლეულია, მწვანე მცენარის როლი  დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებისთვის განუზომელია. აქ შესაძლებელია  ფოტოსინთეზის პროცესის კიდევ ერთხელ შეხსენება და ხაზგასმა.

ტყის ერთ-ერთი მნიშნველოვანი დაცვითი ფუნქცია  წყლის შეკავებაა. აღნიშნული საკითხის დაკავშირება სტიქიურ მოვლენებთან (წყალდიდობა, ღვარცოფი)  არის შესაძლებელი, რა დროსაც მოსწავლე მიზეზ-შედეგობრივ კავშირს კიდევ ერთხელ  დაინახავს.

ტყის გაჩეხვის ნაგატიური შედეგების  მსჯელობისას მოსწავლეებს შესაძლებელია  შევთავაზოთ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება  რა დროსაც გავააქტიურებთ კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ფილმის ჩვენების შემდგომ  მოსწავლეებს შევთავაზე გაეგრძელებინათ მოთხრობა:

  • ,, როგორ გააგრძელებდი ელზიარდის ისტორიას? როგორ განვითარდა მოვლენები?’’

მოსწავლეები აკავშირებენ  ტყის მნიშვნელობას სასიცოცლო პროცესებთან,  განვითარების შესაძლებლობასა და პერსპეტიქტივებს, შემოქმედებითი მუშაობის პროცესში მოსწავლეთა ნამუშევრებში  ელზიარდის  მიმდევრებიც კი გამოჩენილან და სხვა  გაუდაბნოებული ადგილების  გამწვანების პერსპეტივები და ურბანული განვითარების შესაძლებლობებიც გაჩენილა. წერის პროცესში  ხდება  იმ კავშირების და პარალელების გავლება, რომელიც  ასე მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების  და მისი  სხვადასხვა საგნის ჭრილში და პერსპექტივაში მოსწავლეებამდე მიტანა, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამ სტატიაში   სწავლისათვის საკვანძო კომპეტენციების ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს მინდა შევეხო და  ჩვენს ფილმთან მინდა დავაკავშირო, როგორც სასწავლო რესურსი. საკვანძო კომპეტენციები არის ის კომპეტენციები, რომლებიც ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პიროვნების გახსნისა და განვითარების, დასაქმებადობის, სოციალური ჩართულობის, ცხოვრების მდგრადი წესის, მშვიდობიან საზოგადოებაში წარმატებული ცხოვრების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და აქტიური მოქალაქეობისათვის. ეს კომპეტენციები ვითარდება მთელი სიცოცხლის მანძილზე (ადრეული ასაკიდან დაწყებული მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში) ფორმალური, არაფორმალური და თვითგანათლების მეშვეობით, მათ შორის ოჯახში, სკოლაში, სამუშაო ადგილზე, სამეზობლოსა და სხვა სათემო გარემოში. ყველა საკვანძო კომპეტენცია თანაბრად მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი ხელს უწყობს საზოგადოებაში წარმატებულ ცხოვრებას. კომპეტენციების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა კომბინაციით. ისინი ერთმანეთს ფარავს და ურთიერთდაკავშირებულია.

ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო ადგენს რვა საკვანძო კომპეტენციას:

– წიგნიერების (კითხვისა და წერის) კომპეტენცია

– მულტილინგვურობის კომპეტენცია

– მათემატიკის კომპეტენცია და კომპეტენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში

– ციფრული კომპეტენცია

– პერსონალური, სოციალური და სწავლის (learning to learn) კომპეტენცია

– მოქალაქეობის კომპეტენცია

– სამეწარმეო კომპეტენცია

– კულტურული გაცნობიერებულობისა და გამოხატვის კომპეტენცია.

ამ  ეტაპზე სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებაზე გავამახვილებ ყურადღებას , რომელიც გულისხმობს შესაძლებლობებისა და იდეების გამოყენებისა და სხვებისთვის მათი ფასეულობებად გარდაქმნის შესაძლებლობას. ის ეფუძნება კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას, ინიციატივის აღებასა და შეუპოვრობას, ასევე კულტურული, სოციალური ან ფინანსური ღირებულების მქონე პროექტების დაგეგმვისა და მართვისათვის ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას.

სამეწარმეო უნარები ეფუძნება კრეატიულობას, რომელიც მოიცავს წარმოსახვას, სტრატეგიულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრას, კრიტიკულ და კონსტრუქციულ რეფლექსიას განვითარებადი კრეატიული პროცესებისა და ინოვაციების ფარგლებში, ასევე არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ გუნდში კოლაბორაციულად მუშაობის, რესურსების მობილიზებისა (ადამიანები და საგნები) და მდგრადი საქმიანობის შესაძლებლობას. აღნიშნული მოიცავს დანახარჯებსა და ღირებულებასთან დაკავშირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების, ასევე გაურკვევლობების, ბუნდოვანებისა და რისკებისადმი გამკლავების შესაძლებლობას, როგორც დასაბუთებული (ინფორმაციაზე დაფუძნებული) გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვან ნაწილს.

ელზეარდ ბუფიე, როგორც ანტერპრენერი (ქართ, შესატყვისი,,გამრისკავი’’, ,,წამომწყები’’)

მეწარმეობა პირველ რიგში ზოგადი განათლებისათვის არის მოსწავლის გააქტიურება იმ უნარებში, რომელსაც მეწარმეობის კომპეტენციის ჩარჩო ანუ როგორც მას ვეძახით ენტრეკომპის ბორბალი მოიცავს.

ანიმაციაში ,,ადამიანი , რომელიც ხეებს რგავდა ‘’ ვხედავთ, თუ როგორ  იღებს ინიციატივას მწყემსი ცვლილებისთვის, ჩნდება იდეა და შესაძლებლობა შეიცვალოს გარემო უკეთესობისკენ, მისი მოტივაცია და შეუპოვრობა და რესურსის გონივრული მობილეზება   გადადის ქმედებაში, რასაც საბოლოოდ გრძელვადიან და მდგრად შედეგამდე მივყავართ.

ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა (Value Based Pedagogy) ერთ-ერთი საინტერესო მიდგომაა სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებისას. ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა ჰგავს სოციალურ მეწარმეობას, რადგან ორიენტირებულია საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ამ პრობლემებს მასწავლებლები და მოსწავლეები აგვარებენ თავიანთი იდეების რეალურად პრაქტიკაში განხორციელებით.

სწორედ სოციალურ, სიამოვნებისა და ჰარმონიულ ღირებულებებს ეფუძნება  ჩვენი გმირის ქმედება, რომლის მაგალითი სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ დისკუსიაში შეგვიძლია გადავიტანოთ, დიკუსიამ  შესაძლოა  გააჩინოს იდეა, იდეამ კი რესურსების მობილიზებისკენ გვიბიძგოს, ბიძგს და იმპულს  კი აუცილებლად ქმედება მოჰყვება, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ახალ ჰორიზონტებს გადაუშლის წინ.

 

გამოყენებული ლიეტრატურა:

  1. caucadoc სწავლება დოკუმუმენტური ფილმების მეშვეობით  ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტო  რედაქტორი შ. კუჭუხიძე 2013

ევროპული ჩარჩოს კომპეტენციები –  https://erasmusplus.org.ge/files/files/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91_2018.pdf

3. მეწარმეობა უნარების განვითარებისთვის  , მასწავლებელეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.  ტრენინგ მოდულის ავტორი მ. ჯინჭარაძე.2022

 

 

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

0

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო,  “განათლების  E  სახლი”, ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება,” გილოცავთ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

განათლებული, ლაღი და თავისუფალი  ადამიანები ზრდიან დამოუკიდებელი საქართველოს მომავალს!

 

„საშინელი დავალება“

0

მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ტრენინგზე ტრენერმა გუნდებად გაგვანაწილა და პატარა ბურთები დაგვირიგა. გუნდელებს ბურთები ერთმანეთისთვის უნდა გვესროლა, განსაზღვრული ხნის შემდეგ კი მათ რაოდენობას გვიზრდიდნენ: თუ თავიდან ორი ბურთით დავიწყეთ, ცოტა ხანში წრეში იმდენი ბურთი დაფრინავდა, რამდენი მასწავლებელიც ვიდექით. ეს უფრო მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა; ფაქტობრივად, ერთ წამში ბურთი სხვისთვისაც უნდა მიგეწოდებინა, სხვისი ნასროლიც ყოჩაღად დაგეჭირა და მერე ისევ გესროლა, სანამ ასევე სხვის ნასროლს დაიჭერდი.

ამ სავარჯიშოს ორი ნაწილი ჰქონდა, თუმცა ორივე ნაწილში ერთსა და იმავეს ვაკეთებდით. პირველად ტრენერმა არ გაგვიმხილა, რატომ ვიქცეოდით ასე. მეორედ გვითხრა, რა გვეშლებოდა და ამის შემდეგ, ყველას გასაკვირად, მართლაც ადვილად მოვახერხეთ ბურთების წვიმაში ორიენტირება. პირველ ჯერზე ყველა ვცდილობდით, დაგვეჭირა, ხოლო მას, დაიჭერდნენ თუ არა ჩვენს ნასროლს, აღარ ვაკვირდებოდით. ტრენერმა სწორედ ამ მაგალითზე აგვიხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა, რომ მაშინ, როცა პასუხისმგებლობას ვიხსნით იმაზე, დაიჭერს თუ არა ჩვენს ნასროლ ბურთს ჩვენი თანაგუნდელი, მთელი გუნდის საქმე ირევა და ბურთები მიმართულებას კარგავს, რადგან ვიდრე თუნდაც ერთი თანაგუნდელი ძირს დავარდნილ ბურთს მისდევს, სხვების საქმეც ფუჭდება. ამიტომ მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ დავიჭიროთ, არამედ ისიც, რომ ზუსტად ისე ვისროლოთ, სხვამაც ადვილად დაიჭიროს, ან საერთოდ არ ვისროლოთ, თუ ვხედავთ, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია წინა სვლა.

ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ ხელახლა შევუდექით თამაშს და სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით იმით, რამდენად უკეთ წარიმართა ყველაფერი. თუმცა, რასაკვირველია, მცირე გადაცდომები მაინც იყო. მაგალითად, თამაშის დასრულებისას გავაანალიზე, რომ ბოლოს, როცა აჩქარებული ტემპისგან სხეული დამეძაბა, ერთი ბურთი ხელში ჩამიბღუჯავს და ასე მჭერია გაუაზრებლად, ასე რომ, ერთხანს მხოლოდ ცალი ხელით ვთამაშობდი.

ჩემს ადგილზე დაბრუნებისას, როგორც კი ხელში ბურთი ვიგრძენი, გამეცინა და გავიფიქრე, რომ ეს მშვენიერი სავარჯიშო შეიძლებოდა ყოფილიყო არა მხოლოდ გუნდში პასუხისმგებლობისა და საქმის გადანაწილების მეტაფორა, არამედ რაღაც სხვისაც, მაგალითად, საშინაო დავალებების.

იმ მომენტში თავი ბავშვად ვიგრძენი, რომელმაც, მაგალითად, ფიზიკის პროექტზე უნდა იმუშაოს და კონკრეტული ვადაც აქვს, მაგრამ უეცრად ქიმიის მასწავლებელი ესვრის დავალებას, რომელიც სწრაფად უნდა შეასრულოს და დააბრუნოს. ამასობაში ქართულის მასწავლებელიც ესვრის თავის დავალებას, რომლის შესრულებისა და დაბრუნების შემდეგ ინგლისური ენის დავალება გამოჩნდება, მერე – ხელოვნების, ისტორიის, გერმანულის, ისტ-ის, ბიოლოგიის და ასე დაუსრულებლად. ვადა იწურება, ფიზიკის პროექტი კი ხელში ჩაბღუჯულ ბურთად რჩება და შფოთვის დონეც იმატებს.

რა მოხდება, თუ ამ ბურთს იმად განვიხილავთ, რისი გაკეთებაც ბავშვს სურს, მაგრამ რისთვისაც დროს ვერ პოულობს? მაგალითად, წიგნის კითხვად, ფილმის ყურებად ან თუნდაც მეგობრებთან ერთად თამაშად? ადვილი მისახვედრია, რომ შფოთვას გაღიზიანებაც დაემატება. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს თავიანთი შეგრძნებების ამოცნობა და მათთვის სახელების დარქმევა თითქმის არ შეუძლიათ, გამოდის, რომ ხშირად მათ პატარა თავებს დომხალისთვის ვიმეტებთ, რაც, დარწმუნებული ვარ, არავის გვინდა.

განათლების მკვლევრებისთვის დღემდე საკამათო საკითხია, საშინაო დავალებების დადებითი გავლენა მოსწავლის აკადემიურ განვითარებაზე წონის თუ არა უარყოფითს, თუმცა ხშირად ფაქტი ჯიუტია და შემდეგი წინადადებებით გველაპარაკება: „მას, დღეს ხუთზე გავდივარ სკოლიდან, დედამ უნდა მომაკითხოს, მერე მუსიკაზე მივდივარ, იქ ორი საათი უნდა დავრჩე, იცით, რა საცობებია ხოლმე? სახლში ძალიან გვიან მივალ და თუ შეიძლება, ხვალისთვის დავალება არ მომცეთ“. მუსიკა, ცეკვა, ვიოლინო, ფლეიტა, მათემატიკა, ინგლისური, კალათბურთი, ფეხბურთი… ეს სია უსასრულოა და გამოდის, რომ ბავშვები (რომლებსაც ხშირად უსამართლოდ ვაბრალებთ ეკრანზე მიჯაჭვულობის გამო უსაქმურობას) მთელი დღე ძალიან დატვირთულები არიან.

კერძო სკოლების უმეტესობა მეექვსე კლასის ჩათვლით მშობლებსა და ბავშვებს გახანგრძლივებულ სწავლებას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები ექვს საათამდე სკოლაში რჩებიან და იქვე ასრულებენ დავალებებს. ერთი მხრივ, ამ გაკვეთილების შემდგომ პერიოდს უამრავი დადებითი აქვს: ბავშვები ერთად მუშაობას სწავლობენ, დავალების შესრულებაც ალბათ უფრო სახალისო ხდება, საღამოს დროს ითავისუფლებენ და ა.შ. თუმცა ეს პერიოდი სამი ან, მაქსიმუმ, ოთხი საათია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სამ თუ ოთხ საათში ბავშვებმა დასვენებაც უნდა მოასწრონ, განტვირთვაც, თამაშიც და ჭამაც. ამ ყველაფრის შემდეგ ხშირია შემთხვევა, როცა, გახანგრძლივებულში დარჩენის მიუხედავად, აღმოჩნდება, რომ ბავშვმა კონკრეტული დავალების შესრულება ვერ მოასწრო. ერთხელ მოსწავლეს ვუთხარი, სხვა დროს წიგნები სახლში წაიღე, თუ დავალების შესრულებას აქ ვერ ასწრებ-მეთქი. სკოლიდან ფეხბურთზე წავედი და სახლში ათზე მივედიო, მიპასუხა. სახლში ათზე მეც ხშირად მივდივარ, გრძელი სამუშაო დღეები მასწავლებლების ყოველდღიურობაა (რასაც უნდა ფიქრობდნენ მათ ხშირ დასვენებებსა თუ მოკლე სამუშაო დღეებზე სხვები). ამ დროს რომ ვინმემ მითხრას, დაჯექი და ხვალინდელი დღისთვის რამე გააკეთეო, შესაძლოა, ბრაზისგან კონტროლი დავკარგო. ჰოდა, თუ მე ჩემს ასაკში არ შემიძლია გადაღლილობისგან სტრესის, შფოთვისა და გაღიზიანების კონტროლი, რატომ უნდა ვთხოვდე ამას მესამე- ან თუნდაც მეექვსეკლასელს?!

მეორე საკითხია ის, რასაც მშობლები განიცდიან, როცა მათი შვილები გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებულში არ რჩებიან და სამეცადინო მაგიდა მთელი დღე მოფენილია სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებითა და რვეულებით, რასაც თან ახლავს „დაწერე“, „წაიკითხე“, „გააგრძელე“ შეძახილები (რითაც, მაგალითად, სავსე იყო ჩემი ბავშვობა) და ღამის ათ საათზე თვალებზე მომდგარი ცრემლები, ხშირად – ტანტრუმებიც. ასეთ სიტუაციაში მშობელმა კარგად უნდაა გააკონტროლოს, შვილი ნამდვილად დავალებას წერს მთელი დღე თუ პერიოდულად მუსიკას უსმენს ან სოციალურ ქსელს ათვალიერებს, რაც, თავის მხრივ, შეიძლება სხვა კუთხითაც იყოს საყურადღებო. თუმცა, რაც უნდა იყოს, ხშირად საშინაო დავალების შესრულება მშობლებსა და შვილებს შორის უთანხმოების მიზეზადაც კი იქცევა, რაც ავტომატურად აისახება სკოლისადმი ბავშვის დამოკიდებულებაზე. მით უმეტეს, თუ საქმეს ისიც ართულებს, რომ მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრება არ მოსწონთ და მისგან მკაცრად ითხოვენ მეტს.

ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფრის თავიდათავი მასწავლებელია და მას შეუძლია აკონტროლოს, რამდენ დავალებას მისცემს მოსწავლეს. გარკვეულწილად ასეც არის, თუმცა რაოდენობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ, რა ფორმით მივაწვდით მოსწავლეებს დავალებას.

  1. საშინაო დავალების სიხშირე

ჩემს მოსწავლეებს სავალდებულო დავალებას ყოველდღე არ ვაძლევ. შესაძლოა, მივცე დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ, იმის მიხედვით, რას ითხოვს თემა. თუ დავალებას ვაძლევ ორშაბათს, ისინი იღებენ გონივრულ დროსაც – ვეუბნები, რომ დავალების ჩაბარების ბოლო ვადა იქნება ხუთშაბათი. თავიდან ამ მეთოდის მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ 45 წუთი, თუნდაც ყოველდღე, საკმარისი არ არის კონკრეტული საგნის კარგად ასათვისებლად, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მეთოდი პრაქტიკაში მოვსინჯე, ჩემი მოსწავლეების განწყობა საგრძნობლად შეიცვალა. თანაც, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ არ გვისმენენ, ბავშვებს ყველაფერი ესმით და ყველაფერს იმახსოვრებენ. მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებთ, როცა ვამბობ, რომ დღეს დავალება არ ექნებათ. უფრო პროდუქტიულებიც გახდნენ და გაკვეთილზე მეტადაც მუშაობენ. ნაწილმა დაგეგმვაც ისწავლა: თუ იცის, რომ დავალებისთვის ორი დღე აქვს, ნაწილს ერთ დღეს ასრულებს, ნაწილს – მეორე დღეს. დროის მენეჯმენტის სწავლა შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი თავიდანვე ასე აკეთებს. დანარჩენები გამოცდილებით უნდა მიხვდნენ, რომ სამუშაოს გადანაწილება სჯობს ერთდროულად შესრულებას, თუმცა თუ ვერ მიხვდებიან ან მიხვდებიან, მაგრამ ასე ვერ იმუშავებენ, არც ეს არის ტრაგედია, უამრავი წარმატებული პროექტი სწორედ ბოლო ვადის წინა საათებში ბარდება.

 

  1. არასავალდებულო დავალება

იმ დღეებში, როცა სავალდებულო დავალება მიცემული მაქვს, შემიძლია მივცე სხვა დავალებაც, რომელსაც არასავალდებულოს ვეძახი. არასავალდებულო დავალების მიცემა სავალდებულოსთან ერთადაც შეგიძლიათ. თუ სავალდებულო დავალება სამუშაო რვეულში ერთი გვერდია, არასავალდებულო შეიძლება იყოს იმავე საკითხზე ამობეჭდილი სამუშაო ფურცელი. გაოცდებით, როგორ უხარიათ იმ სამუშაო ფურცლის დანახვა, რომელსაც არასავალდებულო ჰქვია და, შესაბამისად, „საშინელ დავალებას“ არ უკავშირდება. შეიძლება, სავალდებულოზე მალეც კი დაწერონ.

P.S. არასავალდებულო დავალებას კლასში რამდენიმე ბავშვი მართებულად მიიჩნევს ნამდვილად არასავალდებულოდ და თავსაც არ ივალდებულებს, რომ შეასრულოს. ამაზე საყვედური არ უნდა წამოგცდეთ, თორემ მიხვდებიან, რომ დავალებას უბრალოდ სახელს უცვლით.

 

  1. ეკრანი და შაბათ-კვირა

სოციალურ ქსელებში გადაღლილი მასწავლებლებისთვის არსებობს ერთი საინტერესო გვერდი, რომელსაც bored teachers ჰქვია და ხშირად არის ჩემი სიცილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მახსოვს, პირველად სწორედ აქ წავიკითხე: მასწავლებლებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ჩვენს ენერგიულ ათწუთიან მონოლოგზე ეფექტური შეიძლება იუთუბის 45-წამიანი ანიმაციური ვიდეო აღმოჩნდესო. ბოლოს და ბოლოს, ჯენ ზისა და ჯენ ალფასთან – ციფრულ ეპოქაში დაბადებულ თაობებთან გვაქვს ურთიერთობა.

შაბათ-კვირა ოფიციალურად და ლეგიტიმურად დასვენების დღეებია. პარასკეობით დავალებებს იშვიათად ვაძლევ ხოლმე, რადგან არ მინდა, მომდევნო ორი დღე დავალების გახსენებისას თუნდაც სულ მცირე სტრესი იგრძნონ, თუმცა სულ არაფერიც არ შეიძლება, ამიტომ პარასკეობით დავალების გრაფაში სასარგებლო ბმულებს ვტოვებ: იუთუბი, ლაივვორკშითსი, ქუიზლეტი ან ნებისმიერი სხვა რამ, რისთვისაც 10-15 წუთიც საკმარისი იქნება. ჩვენს ჯენ ზიებსა და ჯენ ალფებს ძალიან უყვართ ეკრანთან ურთიერთობა, რაღაცების ყურება და აწყობა.

 

  1. დავალება ინტერესის გათვალისწინებით

ყველა საგანს თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა მჯერა, რომ რამდენიმე კვირაში ერთხელ მაინც შეიძლება ისეთ თემას მივადგეთ, რომელიც სახალისო დავალების მიცემის შთაგონებას მოგვცემს. ბავშვებს მრავალმხრივი ინტერესები აქვთ, ზოგს ფეხბურთი უყვარს, ზოგს – ანიმე, ზოგს – ხატვა ან ვიდეოთამაშები, თუმცა უნივერსალური რამეებიც არსებობს. მაგალითად, ყველას უყვარს მუსიკის მოსმენა. თუ ვთხოვთ, რომ გაკვეთილის თემა თავიანთ ინტერესებს დაუკავშირონ და ინსტრუქციებით მარტივად მივახვედრებთ, რა ქნან, სიამოვნებით იმუშავებენ იმაზე, რაც დავავალეთ.

მაგალითად, ერთხელ ვთხოვე, კონკრეტულ თავში ნასწავლი სიტყვებისთვის გადაეხედათ და გაეხსენებინათ, რომელიმე ეს სიტყვა რომელიმე მათ საყვარელ სიმღერაში ხომ არ იყო ნახსენები. თუ იყო, ტექსტი ამოეწერათ და სიმღერა კლასში მოგვესმინა. რამდენიმე დღის წინ კი აღმოვაჩინე, რომ 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაწერილი ერთ-ერთი სიმღერა შესანიშნავი რესურსია ქვეყნების ინგლისური დასახელებების დასასწავლად, განსაკუთრებით – კლასის იმ ნაწილისთვის, რომელიც ფეხბურთის აქტიური მაყურებელია.

„საშინელი დავალებაა!“ – გაისმის ხოლმე ზურგს უკანიდან, როცა დაფაზე დავალების წერას ვიწყებ (ეს ტერმინი პირველად მე ვახსენე, მოეწონათ და აიტაცეს. ბავშვობაში, როცა გაუთავებლად ვიჯექი წიგნებთან, დედა ჩემს საშინაო დავალებას „საშინელ დავალებას“ ეძახდა). „არ იქნება საშინელი, მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ“, – მშვიდად ვაბრუნებ პასუხს და დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ, რადგან იმის გააზრება, რომ ჩემი საგნის გამო არავინ ისტრესება, პირველ რიგში, მე მგვრის შვებას. ამასთანავე, კლასში მუდამ იქნება, სულ მცირე, ერთი მოსწავლე, რომელიც ყოველდღე გთხოვთ დამატებით ან ე.წ. არასავალდებულო დავალებას. მისთვის ამის მიცემა პრობლემა არ არის. დამატებითი დავალება სჯობს დამატებით სტრესს.

ახლა რომ ვუფიქრდები, წერილის დასაწყისში ნახსენები სავარჯიშო, ხელში ჩაბღუჯული ბურთისა და ფიზიკის პროექტის გარეშე, თავდაპირველი შინაარსითაც შეიძლება ჰგავდეს ბავშვებისთვის საშინაო დავალების მიცემას. თუ ჩვენ, მასწავლებლები და მოსწავლეები, განვიხილებით როგორც გუნდი, რომელიც ერთ მიზანზე, განათლების მიღებაზე მუშაობს, მაშინ მართებულია, საშინაო დავალების ბურთის სროლისას დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი მზადაა დაიჭიროს, რომ სხვა ბურთი ნასროლი აქვს და ჩვენ პირისპირ დგას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენც სწორად ვდგავართ, ბურთს სწორი კუთხით ვესვრით, ისეთი ძალით, რომ არც ხელიდან გაუვარდეს და არც თავზე გადაუფრინოს. ასე რამდენიმე ნაბიჯით უფრო მივუახლოვდებით მიზანს – განათლების მიღებას სტრესისა და დაძაბულობის გარეშე.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...