სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

უძველესი სამკაულები სასწავლო რესურსად

ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი უძველესი სამკაულები მაოცებს. ისიც მიფიქრია, დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა ხალხის ესთეტიკური აღქმა. ერთი მხრივ, ადამიანი გათავისუფლდა და სულ უბრალო ნივთები შეუძლია სამშვენისად აქციოს, მეორე მხრივ, კი მშვენიერი ნივთების დასამზადებლად ფანტაზია გაღარიბდა.

ერთ დღეს ეროვნული მუზეუმის მაღაზიაში მინაბაძი სამკაულები აღმოვაჩინე. მაშინ ჭვირული ბალთების მიხედვით დამზადებული საყურეები შევიძინე. რამდენიმე თვის წინ კი ინტერნეტით სამკაულების მაღაზია „ლეგენდას“ დავუკავშირდი და ხელმისაწვდომ ფასად რამდენიმე ნივთი ვიყიდე. სამაჯური, ბეჭდები და საყურეები შინ მომიტანეს. თითოეული მუყაოს პატარა  კოლოფში იყო მოთავსებული და მოჰყვებოდა ბარათი, რომელზეც დატანილი იყო იმ სამკაულის აღმოჩენის ადგილი და საუკუნე, რის მიხედვითაც მინაბაძი იყო დამზადებული. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ კოლოფებისა და სამკაულების შესახებ საინტერესო გაკვეთილს ავკინძავდი, თუმცა, ჯერ არ ვიცოდი, რომელ ტექსტს დავუკავშირებდი.

ორ მეექვსე კლასთან საგულდაგულოდ დავამუშავე ლეონტი მროველის „ფარნავაზის ცხოვრება“. ტექსტის შესწავლისას „ლეგენდის“ სამკაულები გამახსენდა, სასწავლო რესურსად გამოვიყენე და გიამბობთ, როგორი დაუვიწყარი გაკვეთილი გამოგვივიდა.

რა დევს ყუთში?

ეს აქტივობა ჩემს პრაქტიკაში მისტერ დენიელსის (მასწავლებელი ლინდა მალალი ჰანთის წიგნში „თევზი ხეზე) მიბაძვით დავნერგე. ძალიან უყვართ გამოცნობის პროცესი. ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელადაც შესანიშნავი მეთოდია. ამასთანავე, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად შეიძლება გამოყენება, კერძოდ, როდესაც ვეკითხები, თუ რა დევს ყუთში, დღიურში ვიწერ მათ ვარაუდებს და უკუკავშირს ვაძლევ. პერიოდულად მოსწავლეების ნათქვამ სიტყვებს ვაკვირდები ხოლმე და ვხვდები, რომ ვარაუდების მიღმა სხვადასხვა ტექსტი და გაკვეთილი დგას.

მოსწავლეებს ვუთხარი, ყუთში ისეთი რამ დევს, რაც ფარნავაზს უკავშირდება-მეთქი, მათი ვარაუდები კი ამგვარი იყო:

ოქროს მონეტა, პატარა წიგნი, ისარი, სანადირო იარაღი, ნახატი ფარნავაზის სიზმრის შესახებ, განძი, საჭურველი, ხელნაკეთი ირემი, მუსიკალური ყუთი, ბრილიანტი, წერილები, ფარნავაზის ფიგურა, გვირგვინი, სათამაშო, სამაჯური, ბეჭედი, სუნამო, საყურე, კითხვები ფარნავაზის შესახებ…

როგორც ხედავთ, დამალული ნივთი რამდენიმე მოსწავლემ გამოიცნო. მერე გამომიტყდნენ, მუყაოს ჩანთაზე ეწერა სიტყვა „Jewelry” (ინგლ. სამკაული) და ასე მივხვდითო.

თუმცა, სანამ გავუმხელდი ნივთების სახელებს, მანამდე კიდევ ერთი მინიშნება შევთავაზე. იასამნისფერი გულსაკიდი ჩანთა მეექვსეკლასელმა ნინიმ მომიქსოვა. დღის სიტყვებს დავატარებ ხოლმე. ამჯერად ჩანთაში მოვათავსე პატარა ბარათზე დაწერილი სიტყვა „შუქურა“, რადგან ზანზალაკიანი საყურე წითელ შუქურასთან, სოხუმში, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოუჩენიათ და მათ საინფორმაციო ბარათების გამოკვლევამდე ამ ულამაზეს სიტყვასაც ვასწავლიდი.

გულსაკიდი ჩანთიდან ბარათზე დაწერილი სიტყვა რომ ამოვიღე, სულ დაიბნენ, რა შუაშია შუქურა და ფარნავაზის ნივთებიო. მეც ეს მინდოდა, ცოტა თავგზა ამებნია მათთვის.

სიტყვის რუკა დავხაზეთ დაფაზე და თითოეული გრაფა შევავსეთ (ახალი სიტყვა, განმარტება, სიტყვის გამოყენებით წინადადების შექმნა, ნახატი). სიტყვის გამოსაკვლევად მიტანილი მქონდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. რამდენიმემ მკითხა, ეს „ქართლის ცხოვრება“ ხომ არ არისო. სიტყვის მიგნება გაუჭირდათ და გავიხსენეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ლექსიკონი.

შუქურა – სასიგნალო შუქის გამომცემი კოშკი, რომელიც აღმართულია ზღვის ნაპირზე გემებისთვის გზის საჩვენებლად.

წინადადების გრაფაში კი ჩემი ოცნება გავაჟღერე: ვოცნებობ, მეგობრებთან ერთად რომელიმე შუქურაზე ავიდე.

ჩემი დაკვირვებით, ახალი სიტყვა მაშინ იწყებს ბავშვების გონებაში არსებობას, თუკი ცხოვრებას დავუკავშირებთ. ეს მოსაზრება რამდენიმე დღის შემდეგ ანასტასიას კლასისთვის მოფიქრებულმა აქტივობამ დამიდასტურა.

გაკვეთილის შემდეგი ეტაპი კიდევ რამდენიმე სიტყვის გაცნობა იყო: თითბერი, ვანი, აწყური, სოხუმი, ზარაკი – ისევ სამკაულის საინფორმაციო ბარათიდან.

შუქურას მსგავსად, თითოეული სიტყვა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მოვიძიეთ.

შემდეგ გამოსაძახებელი ჩხირებით ხუთი მოსწავლე დაფასთან გამოვიხმე და პატარა კოლოფები გახსნეს. კლასში სიხარულის ტალღამ გადაიარა. ამ ამაღლებულ ფონზე წაიკითხეს საინფორმაციო ბარათები. სამწუხაროდ, ყველა ნივთი ჩვენი წელთაღრიცხვით იყო დათარიღებული, მაგრამ წარმოვიდგინეთ, რომ ეს სამკაულები ფარნავაზის განძის კუთვნილება იყო და  რვაზარაკიანი საყურეები, რომლებიც სოხუმში აღმოაჩინეს, ფარნავაზმა ქუჯის გაუგზავნა, აწყურში ნაპოვნი ბეჭედი კი ქვეყნის საერისთავოებად დაყოფისას ბორჯომის რაიონში მცხოვრებ ერისთავს შეხვდა.

შემაჯამებელი აქტივობის დროც დადგა. ინსტრუქცია ამგვარი იყო: შეარჩიე რომელიმე სამკაული და აალაპარაკე. შეგიძლია, მოიფიქრო ლეგენდა ან ლამაზი ამბავი.

პირადი მაგალითისთვის ბავშვებს ჩემი დაწერილი ნოველა გავაცანი. წერისას შთაგონების წყაროდ იქცა არმაზის სამარხში ფარსმან ქველის ეპოქის ნაშთი, კერძოდ, ერთმანეთისკენ მომზირალ ცოლ-ქმრის გემის გარშემო დატანილი წარწერა: „ზევახ, სიცოცხლეო ჩემო – კარპაკი“. ეს სიტყვები ხშირად მახსენდება და პოეტური ჟღერადობა მხიბლავს. როგორც აღვნიშნე, რვაზარაკიანი საყურეები სოხუმში, წითელ შუქურასთან, იპოვეს. კარპაკის სიტყვების მოტივი ჩემს ნოველას ფონად გასდევს:

„ქარი ქროდა. ზღვის ტალღები შუქურას ეხლებოდა. კოლხეთის მეფის ასული, ნიმეა, მირბოდა. ქარი გაშლილ თმას უფრიალებდა. ნიმეას საკუთარი გულისცემა ესმოდა. შუქურასთან თორი ელოდა.

„თორ, სიცოცხლეო ჩემო!“ – მირბოდა ნიმეა და ამ სიტყვებს თილისმასავით იმეორებდა.

2000 წლის შემდეგ არქეოლოგმა გიორგი ცხვედაძემ სოხუმში, წითელ შუქურასთან, გათხრების დროს ზარაკებიანი საყურე იპოვა.“

წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ მკითხეს, გამოთქვეს ვარაუდები, რა შეიძლება მომხდარიყო… შეხვდა თუ არა ნიმეა თორის – ეს საკითხი ღიად დავტოვეთ. კარპაკის წარწერაზეც ვესაუბრე.

ჩემი მოსმენის შემდეგ გალაღდნენ და ყველამ შეასრულა წერითი დავალება.

გიზიარებთ რამდენიმეს:

ძლივს გამრეცხეს ამ მიწისგან. ახლა მე მასწავლებელთან ვცხოვრობ და უკვე პოპულარული ვარ. მთელმა 59-ე სკოლამ გამიცნო. მე მეგობრებიც მყავს: წითელი შუქურასთან აღმოჩენილი საყურე და აწყურში ნაპოვნი ბეჭედი“. – ანდრია

„გამარჯობა, მე ვარ წკრიალა საყურე, რომელსაც 8 ზარაკი ააქვს. მე როდესაც მიკეთებენ, სულ ვწკრიალებ და ვწკრიალებ. იცით, როგორ მოვხვდი სოხუმში, წითელ შუქურასთან? როცა ერთ დღეს ფარნავაზმა გადაწყვიტა ზღვაზე ემოგზაურა, განძიც წაიღო. რა იცოდა, რაში გამოადგებოდა. მე ზღვაში ტალღებმა ჩამაგდეს. რამდენიმე დღის შემდეგ  ტალღებმა სანაპიროზე გამომრიყა. აი, ასე. კარგი, წავედი, უნდა ვიწკრიალო“. – ნინი

„გამარჯობა, მე ვარ ერთი სამაჯური. მე აღმომაჩინეს სოფელ აწყურში. ის ძალიან ლამაზი სოფელია თამარ მეფის აშენებული ხიდით. იქ კიდევ არის ძველი აწყურის დიდი ციხე. რომ ამიყვანეს ხელში და გამასუფთავეს, წამიყვანეს ეროვნულ მუზეუმში“. – ნიკოლოზი

„გამარჯობა! მე თითბრისგან გაკეთებული ბეჭედი ვარ. ზემოდან ბიჭი და გოგო მაქვს ამოტვიფრული. მაინტერესებს, თუ იცით ფარნავაზ მეფის შესახებ. მე ფარნავაზის განძში ვიჯექი ოქროს და ვერცხლის მონეტებთან ერთად. ისეთი მოსაწყენი იყო იქ ჯდომა! ძლივს მეღირსა მზის სხივის დანახვა ამდენი ხნის შემდეგ. ბედნიერი ვარ, რომ ფარნავაზმა მიპოვა“. – ელენე

„თავსხმა წვიმა იყო. აწყურის ერთ-ერთ სოფელში კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მაგრამ გოგონა ამას არ უფრთხოდა და სიბნელეში თავსხმა წვიმაში მიდიოდა. არავინ იცის, სად მიდიოდა მირანდუხტი. სამკაულები ჟღარუნობდა. ერთ ხელზე მხოლოდ ერთი სამაჯური ეკეთა, მეორეზე კი – ხუთი. სახლიდან გამოპარულს ჰგავდა. შემდეგ სირბილზე გადავიდა, სიბნელეში სამაჯური დაუვარდა და სიბნელეში გაუჩინარდა“. – მარიამი

გაკვეთილის ბოლოს ნიკამ გვითხრა, აწყური ჩემი სოფელია და დღეს იქ მივდივარო. ვთხოვეთ, მოენახულებინა იქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ადგილი.

რამდენიმე დღის შემდეგ კი ანასტასიამ ყუთი მოიტანა. მინიშნებად გვითხრა, ის, რაც ყუთში დავმალე, ლელა მასწავლებელს უყვარს და ამ ნივთის ქვეშ კი კლასისთვის მოფიქრებული დავალებები გელოდებათო.

რა არ ჩამოთვალეს: წერილი, პატარა წიგნი, ლექსიანი ფურცელი, ხელნაკეთი ნივთი, გულსაბნევი, ყელსაბამი, ფოტო, ფუმფულა სათამაშო, პლასტილინით გამოძერწილი ფარნავაზი… მე ვფიქრობდი, რომ ანასტასიამ ღია საფოსტო ბარათი დამალა ყუთში. გავხსენი და ერთი შეხედვით ვერ ვიცანი, ვიდეოკამერა მეგონა. კლასს რომ ვაჩვენე, რამდენიმემ წამოიყვირა – შუქურა. დიახ, ეს იყო მშრალი პლასტილინით გამოძერწილი შუქურა, რომელიც ხის სამაგრებით მხარზე დავიმაგრე და ულამაზეს სამშვენისად იქცა.

ჩემ მიერ აღწერილი გაკვეთილის მოკლე შეჯამება ამგვარია:

  • ყუთში დამალული ნივთით ბავშვების ცნობისმოყვარეობის აღძვრა;
  • ახალი სიტყვების გაცნობა;
  • ლექსიკური მარაგის გააქტიურება;
  • შესწავლილი ტექსტის გაცოცხლება;
  • ვარაუდების გამოთქმის წახალისება;
  • წერილობითი ტექსტის შექმნა;
  • იმის ჩვენება, რომ მათზე ფიქრები ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. საბოლოოდ, თავადაც იმავეს მიბრუნებენ – ჩემზე და კლასელებზე ფიქრობენ და ქართულის გაკვეთილებს დღესასწაულად გადააქცევენ ხოლმე.

 

ამრიგად, ნებისმიერი ნივთი შეიძლება საინტერესო სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ. თავგადასავლებით სავსე ნივთები გაკვეთილებს დაუვიწყარს ხდის და მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან აქტივობებში.

მოსწავლეთა სხვა ნამუშევრები შეგიძლია იხილოთ ბლოგზე:

 

https://comreadspress.wordpress.com/2023/06/17/%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1/?fbclid=IwAR2uVIPksc39qKOcNXz6WM-3Gv9D_t-bVzMYXYq-L8ybDkCNigzX5O_FZY0

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“