ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ზაფხულის ეპილოგის ჩანაწერები

თვითმკვლელობის მცდელობის დღის წინა საღამოს, მეგობარს ვთხოვე, მაღაზიაში მიმიყვანე-მეთქი. საზარელი, აკვიატებული ფიქრების, სამყაროსგან გაძევების განცდის, დაუცხრომელი შიშების გაძლება აღარ მინდოდა. ძალიან, ძალიან მომბეზრდა ეს წამება. მარკეტში ლასლასით შევედი და მახსოვს, სადღაც ბოლოსკენ, ვიპოვე ერთჯერადი საპარსები – ერთ გზად მათაც განვიხილავდი. ორი ცალი ჩამოვხსენი და უკან მოვბრუნდი. თავში ათასი სცენარი ირეოდა – გადარჩენების და წასვლების, ფსიქოტროპულების ვერაგი ბუნდოვანება ენას და გონებას ერთდროულად მიბორკავდა – ჰოდა, ეს საპარსები ჯიბეში ჩავიდე, ჩავიდე და სანამ გამყიდველთან მივედი, მოულოდნელად გამახსენდა და ელვანაკრავივით ამოვიღე. ეგ კი ამოვიღე, მაგრამ ახალი ფიქრი ჩავიდე მათ ნაცვლად, ახალი ეკლიანი ქამარი შემოვცხე ისედაც კუთხეში მდგარ, დასჯილ გონებას – ,,აქ, ხომ კამერა იქნებოდა. კი, უეჭველი. ალბათ, ჩაწერილია, როგორ ვიდებ ჯიბეში საპარსებს და სანამ ამოვიღებ, მანამდე მოჭრიან ფირს და გაავრცელებენ: „მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი საპარსებს იპარავს“. ტვინს ობსესიის უცაბედი ობი მოედო. თან ვიცოდი, რომ სრული სიგიჟე იყო ეს ამბავი, თანაც პოსტსტრესული შფოთვითი აშლილობის ვულკანური სუნთქვა მიწვავდა ბეჭებსა და გულ-მუცელს. გამყიდველს სამჯერ ვუთხარი, რომ გზად საპარსი ჯიბეში ჩავიდე-მეთქი. ის ჯიუტად ლოგიკური ქალი გამოდგა და მერე რა, ხომ არ გაგიტანიათო, სამჯერვე მიპასუხა – მესამედ უკვე დაცვის სავარაუდოდ მოხმობის ტემბრით. მეთქი, არა, მაგრამ რადგან კამერამ გადაიღო, შეიძლება ვინმემ ჩახედოს და იფიქროს, რომ ქურდი ვარ და მპარავი – მერე სხვას დასჭირდეს და გამოაქვეყნოს. მოკლედ, როგორც კლასიკურ ქართულ ობსესიურ ანიმაციაშია მოთხრობილი, „გლახაკსა და ქილა ერბოში“ – ბოლოს „აცე, ხარო-მეთქი!“ კინაღამ დავიძახე, ანუ ფანტაზიით უკვე ციხეში ვიჯექი და, მგონი, ვადამდეც გამომიშვეს. რა თქმა უნდა, დაბრალების პანიკური ფობია, მანამდელმა საშინელმა გამოცდილებამ მიკარნახა, მაგრამ დღეს სულ სხვა რამ მაქვს სათქმელი – იმ ძირითადზეც იქნება პასუხი – შეიძლება გვიანი, მაგრამ ძალიან ცხადი და ზუსტი.

მოკლედ, გიორგი კეკელიძე, სახლში ბრუნდები თავის მოსაკლავად, ყველა ფიქრი უკვე განაწყვე საამისოდ და თან ღელავ, რამე არ დამაბრალონ, ხალხმა დაცინვა არ დამიწყონო. უცნაურია, ძალიან უცნაური. უცნაურია, მაგრამ სირცხვილის შიში სიკვდილის შიშზე ძლიერი გამოდგა – სახელის გატეხვის შიში, „ყოველსა მოსახვეჭელსა“ რომ სჯობს. და კიდევ: ეს ბავშვობაში ჩანერგილი რაღაც უცნაური და გაუგებარი პატიოსნება თუ „პატიოსნება“, როცა, მთავარი ის კი არ არის, რა გააკეთე, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი და ჩაუდენელი დანაშაულის გამო იტანჯები, თვითგვემის საფეხურებს ასკინკილათი არბიხარ და ჩამორბიხარ. განმსაზღვრელი არა მოვლენა, არამედ მისი აღქმაა – უმეტესწილად, სრულიად და უსინდისოდ გამოგონილი. ასე გვზრდიდნენ და ასეთები გადავედით დიდ გზაზე – წინასწარ დამნაშავეები და ზოგჯერ უკვე სასჯელმოხდილები. გამოვედით და არავინ გვასწავლა თავის წამოწევა, ვიდრე ცხოვრებამ კბილებში არ ჩაგვცხო სისხლიანი წიხლი.

 

შეკვეთილში, ახლა სადაც დარბაზია საკონცერტო – ჩვენ გვქონდა ყანა. მიწა ახლაც არის – ახალ გზასა და იმ დარბაზს შუა მოექცა, როგორც გრძელი ძეგლი ჩემი ზაფხულების იმ ნაწილის, მე და მამა რომ მივყვებოდით ტრაქტორს ნატანებიდან ყანისკენ და მერე სიმინდს სასუქს ვაყრიდით. მამაჩემი სწრაფად, მე ნელა და აცა-აცაბად – ხან მეტი მომდიოდა, ხან ნაკლები – მერე ზოგი სიმინდი ხმებოდა და ზოგიც ლპებოდა. „არაა მაი შენი საქმე – მეუბნებოდა მამაჩემი და ხელისგულებს მაჩვენებდა – თოხს რომ დეიჭერ ხელში, ასე დეემართება ხელებს. წიგნს რომ დეიჭერ, ქი გექნება დოცენტივით“.

 

მზე იყო უფრო ცხელი, ვიდრე მზეები არიან ხოლმე ჩვეულებრივ, და გაცილებით ახლოს. სასუქმა შემპარავი, წებოვანი წვა იცის თითებზე და სადაც თითს გაიკარებ – იქაც. იქ ოდნავ მსუბუქი, თუ ცხადია, თვალს არ მოხვდა. „წევიდეთ, ზღვაში დევიბანოთ ტანი!“ – მითხრა მამაჩემმა. ეს ძალიან მოულოდნელი სიტყვა იყო, რადგან მამაჩემს რცხვენოდა და უცნაურად ეშინოდა უმცირესი სიამოვნებისაც კი – სიგარეტს ყველაზე უარესს ეწეოდა, საჭმელს ჭამდა ცოტას, ეცვა აუცილებლად გამონაცვალი, თუნდაც ახალი ჰქონოდა მოულოდნელად და სხვა მრავალი – გასაგები და გაუგებარი თვითგვემა, რომელთა ნაწილი მეც ვიმემკვიდრევე და ზოგი სულ ახლახან დავძლიე. ზღვა კიდევ, მიუხედავად სიახლოვისა, იქაური კაცისთვის განსაკუთრებულ ადგილად ითვლება. ჰოდა, გადავიარეთ ჭილოფებით და ჭონჭყოთი გაჭედილი მინდვრები და გავედით სილიან და ნაგვით გაგუდულ ნაპირზე. მოვძებნეთ ადგილი, სადაც არავინ იყო. მამაჩემმა ცურვა არ იცოდა. მე მაშინ – ისე რა. ამიტომ უფრო ვიდექით და ვგრძნობდით, როგორ გრილდებოდა ჩამავალი მზე, და ხელები, და წელი, და კისერი, და სისხლი, და ძარღვები და პირველად ვიგრძენი, რომ შეიძლება სული მქონოდა, რადგან სხეულს შიგნით რაღაც ისეთიც გრილდებოდა, რაც ვერ ვიცანი.

 

და დღეს, მე მგონია, რომ ვისაც წარბებგაწებილს ოფლით და სასუქისგან დამწვარი ხელ-ფეხით, შეკვეთილის უკაცრიელ ზღვაში არ უბანავია, 1997 წლის 28 ივლისს, მცირე ფიქრით, რომ მერე 10-11 კილომეტრია ფეხით გასავლელი, ვიდრე ნატანებამდე და დიდი ფიქრით, რომ ირგვლივ ზღვის ნელ-თბილი კედელია და შენი ოცნებები საოცრად დაცულია ამ მღვრიე ოთახში და საოცრად მყუდრო და უშიშარი და საოცრად თამამი, რადგან იქ არავინ უსაფრდება ამ ოცნებებს, არავინ ავიწროებს, არავინ ხოცავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“