ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მასწავლებლის გავლენის ასპექტები

მოზარდზე ბევრი რამ ახდენს ემოციურ თუ ინტელექტუალურ გავლენას. მათ შორის, რა თქმა უნდა, პედაგოგიც. არაერთი მაგალითი ვიცით ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან, როცა მათი ცხოვრებისეული არჩევანი დიდწილად სწორედ ამა თუ იმ მასწავლებლის მიბაძვამ განაპირობა. ეს გავლენა, რასაკვირველია, არ არის ყოველთვის პირდაპირი და უშუალო. პედაგოგი წინასწარ ვერც იმას განსაზღვრავს, რომელ მოსწავლეზე როგორ ემოციურ გავლენას მოახდენს. მაშასადამე, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისმა ქცევამ, ჟესტ-მიმიკამ თუ ხმის ტონალურმა გრადაციებმა შეიძლება გარკვეული ემოციური ზემოქმედება მოახდინოს მოსწავლეზე და, შესაბამისად, ან ხელი შეუწყოს მას, ან დააბრკოლოს სწავლისა და შემეცნების გზაზე.

საზოგადოდ, მოსწავლეების სიყვარული სწავლების პროცესის მამოძრავებელია, ამასთანავე, დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა. პედაგოგმა უნდა შეძლოს და არა მხოლოდ უანგაროდ, ხშირად უპასუხოდაც შეიყვაროს მოსწავლე, არამედ სრული გულგრილობის, ხანდახან სიძულვილის ბარიერიც გადალახოს და საკლასო სივრცის უარყოფით ენერგიას თავისი სიკეთის უშურველი, ბნელის სინათლედ გარდამქმნელი ძალა შეაგებოს. ამგვარად უნდა დაძლიოს თავისივე შინაგან სამყაროში წარმოშობილი დაეჭვების რთული და ნაირგვარი წინააღმდეგობაც. სხვა შემთხვევაში, ის არჩევანის სისწორეზე უნდა დაფიქრდეს და სხვა საქმე მოძებნოს, რათა ტანჯვა-წამებად არ ექცეს არა მხოლოდ გარე და უცხო სამუშაო სივრცის, არამედ საკუთარ სულიერ სამყაროში მომრავლებულ შიშის დემონებთან ბრძოლა. ამ შიშს კი უსუსურობის, პრობლემებთან ვერგამკლავების შეგრძნება წარმოშობს. „შენ ვერავის შეასწავლი წერა-კითხვას, ვიდრე თვითონ არ ისწავლი მას. მით უმეტეს, ეს ითქმის სიცოცხლის შესახებ“, – წერს მარკუს ავრელიუსი თავის ცნობილ მედიტაციურ ჩანაწერებში „ფიქრები“. სიცოცხლის სწავლა კი ურთულესია ყოველივე იმისგან, რასაც ადამიანი შეიმეცნებს. სიცოცხლის სწავლა გულისხმობს სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის როგორც არსებობის ფერადოვნების განმაპირობებლის მიღებას. „სიძულვილი უფრო იოლია, ვიდრე სიყვარული“, როგორც ჯემალ ქარჩხაძე წერს მოთხრობაში „ანტონიო და დავითი“. მასწავლებელმა ჯერ თვითონ უნდა ისწავლოს, როგორ უყვარდეს და მერე მოსწავლეებსაც გაუკვალოს აქეთ გზა, რადგან სიყვარულის გზა არასოდეს მთავრდება. „ჰამლეტის“ ერთ ეპიზოდში, რომელშიც აღწერილია მოხეტიალე მსახიობთა დასის სტუმრობა ელსინორის სასახლეში, პოლონიუსი ეუბნება ჰამლეტს: „მე ისე მივიღებ მაგათ, ხელმწიფის შვილო, როგორც ეკადრებათ“. დანიის უფლისწული კი სტუმარმასპინძლობისთვის სრულიად ჩვეულებრივ ამ წინაპირობას განსხვავებული რაკურსით შეგვახედებს. იგი ეუბნება პოლონიუსს: „უცნაურს ამბობ; ბევრად უკეთესად უნდა მიიღო. ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის ასცდება გამათრახება. შენის სახელისა და ღირსების კვალობაზედ უნდა დაუხვდე მაგათ. რაც უფრო ნაკლების ღირსნი არიან, შენი სიკეთე მით უდიდესი გამოჩნდება“ (ივანე მაჩაბლის თარგმანი). პედაგოგისთვისაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, ჰამლეტის ამ სიტყვებში მორალურ-ზნეობრივი ქცევის მთავარი პრინციპია ჩამოყალიბებული – ყველას უნდა მოექცე არა მათი, არამედ შენი ღირსებისამებრ.

ქცევის ამგვარი მაგალითი (განსაკუთრებით მაშინ, როცა უდისციპლინო მოსწავლეს თავისი არაადეკვატური, უგუნური მოქმედებით პროვოკაციულად გამოჰყავს მასწავლებელი წყობიდან) რაც უფრო ხშირად გამეორდება გაკვეთილზე, რა თქმა უნდა, მით უფრო დიდ გავლენას მოახდენს მოსწავლეებზე. ეს პედაგოგისგან დიდ სიმტკიცესა და ნებისყოფას მოითხოვს, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ ამგვარი გამოწვევების შედეგად გამოიწრთობა.

მასწავლებელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე:

  • ჩაცმის სტილით, ელეგანტურობით, გარეგნობაზე ზრუნვის ზომიერებით;
  • მეტყველების კულტურით, დახვეწილობით;
  • თავშეკავებულობით, მოთმინების უნარით;
  • ჟესტ-მიმიკით;
  • ხმის ტონალობით;
  • შეხედულებებით;
  • იუმორის გრძნობით;
  • სტერეოტიპებისადმი თავისუფალი დამოკიდებულებით;
  • ცოდნა-განათლებით;
  • ინტერესებით.

ეს სია კიდევ შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა. რა თქმა უნდა, ჩამონათვალი პირობითია. მოსწავლესაც ისეთივე სუბიექტური მზერა აქვს, როგორიც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ამიტომ მისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მასწავლებლის მკაფიოდ შესამჩნევი ხასიათის თვისება ან გარეგნული მახასიათებელი, სამაგიეროდ, ისეთი მცირე ნიუანსი თუ დეტალი შეამჩნიოს მისი ბუნებისა, რომელსაც პედაგოგი საგანგებოდ ნიღბავს.

ემოციურ გავლენას ზოგჯერ პედაგოგი სხვადასხვა სასკოლო აქტივობისთვის იყენებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზომიერება მართებს. მაგალითად, ბრუკლინელი მასწავლებელი ემილი კაპლანი ერთ საინტერესო გამოცდილებას იხსენებს – თავისდა უნებურად როგორ „აიძულა“ მეორეკლასელები, ეტირათ. მაშინ ის ახალბედა მასწავლებელი იყო და მცირე გამოცდილების გამო უნებლიე შეცდომები ხშირად მოსდიოდა. მას საგაკვეთილო გეგმაში ჰქონდა იდეების მოდელირება. წერის სწავლებისთვის დეტალებზე უნდა დაეფიქრებინა მოსწავლეები. მან ურჩია ბავშვებს, გრძნობის გულწრფელად გამოსახატავად გაეხსენებინათ ცხოვრების ის წუთები, როდესაც ბედნიერები ან მოწყენილები, გაბრაზებულები ან გახარებულები იყვნენ, მაგალითად კი საკუთარი გამოცდილება მოიყვანა: უთხრა, რომ კარგად ახსოვდა, როგორ ეტკინა გული, დანაღვლიანდა, მოიწყინა, როდესაც გაიგო, რომ ბებია მოუკვდა. შესაბამისი ჩანაწერიც გააკეთა: „ბებია გარდაიცვალა. მოწყენილი ვარ“. შემდეგ გააგრძელა, რომ დაწვრილებით დაწერდა ამ ამბის შესახებ, აღწერდა ცრემლებით სავსე თვალებს, იმას, თუ როგორ ეფერებოდა კატას ნაღვლიანი. ბავშვები უჩვეულოდ დაძაბული ყურადღებით უსმენდნენ. მოულოდნელად ერთმა მოსწავლემ ჩუმად თქვა: „პაპაჩემი გარდაიცვალა“. ეს ბავშვი თითქმის ყოველთვის ჩუმად იჯდა, ახლა კი მასწავლებლის გაკვირვებულ, კითხვით სავსე მზერას შეაგება მთრთოლვარე ხმით წარმოთქმული პასუხი: „მას ესროლეს და მოკლეს“. დუმილი ჩამოვარდა. მასწავლებელმა დაინახა, როგორ ჩამოსდიოდა მოსწავლეს სახეზე ცრემლები წვრილ ნაკადულად. მან სცადა, მოულოდნელად უარყოფითად დამუხტული სიტუაცია თანაგრძნობის გამოხატვით განემუხტა და გაკვეთილი გაეგრძელებინა, მაგრამ კლასში ახლა გოგონას ხმა გაისმა: „ბაბუაჩემი კიბოთი გარდაიცვალა“. მის მიმართაც თანაგრძნობა გამოხატა მასწავლებელმა და რომ ეგონა, შვებით ამოისუნთქა, კლასი ახმაურდა. ერთმა თქვა, რომ მისი დეიდაშვილის შვილი დაბადებამდე მოკვდა, მეორემ – დეიდა გარდამეცვალაო, მესამემ, მეოთხემ… ყველას აღმოაჩნდა ტკივილიანი გასახსენებელი. მალე კლასში თავშეუკავებელი ტირილის ხმა გაისმა, თითქოს ერთმანეთისგან გადაედოთო. ერთი ყველაზე მგრძნობიარე აცრემლებული ბავშვი კი ოთახის კუთხეში დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო. ცრემლების ღვარღვარში მასწავლებელი მიხვდა, რომ მისმა გემმა ზღვაში გეზი დაკარგა. ზარის დარეკვამდე მათ დამშვიდებას მოუნდა.

ეს ამბავი ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის შეიძლება იქცეს განსახილველ საქმედ, ე.წ. ქეისად. მსჯელობისთვის სასურველია, პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  • ქეისის „ჟანრის“ განსაზღვრა (ამ შემთხვევაში – მასწავლებლის ემოციური ზეგავლენა მოსწავლეზე, ემოციური ინტელექტის როლი სასწავლო პროცესში);
  • პრობლემის იდენტიფიცირება; რამ გამოიწვია გაკვეთილის ჩაშლა?
  • რა იყო პრობლემის გამომწვევი მიზეზი? (რა შეცდომა დაუშვა მასწავლებელმა?)
  • პრობლემის გადაჭრის გზა (რა უნდა გაეკეთებინა მასწავლებელს პრობლემის მოსაგვარებლად?).

ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი,  თავის სტატიაში,  ემოციური ინტელექტის შემდეგ ძირითად კომპონენტებს საუბრობს:

  • თვითცნობიერება – ადამიანის უნარი, სწორად გაიგოს საკუთარი ემოციები, შეაფასოს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვროს მიზნები და ცხოვრებისეული ღირებულებები;
  • თვითრეგულაცია – ემოციების კონტროლისა და იმპულსების შეკავების უნარი;
  • მოტივაცია – მიზნისკენ სწრაფვის უნარი თავად მისი მიღწევის ფაქტის გამო;
  • ემპათია – იმ ემოციების გაგების უნარი, რომლებსაც განიცდიან გარშემო მყოფები, გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ადამიანების გრძნობების გათვალისწინების, თანაგანცდის უნარი;
  • სოციალური უნარ-ჩვევები – ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი ქცევის სასურველი მიმართულებით წარმართვის უნარი.

 

თავად ემილი კაპლანს ისე ღრმად ჩაებეჭდა მეხსიერებაში ეს გაკვეთილი, რომ წლების შემდეგაც ვერ ივიწყებდა, ამიტომ ცდილობდა, გაერკვია, ერთი მხრივ:

  • იყო თუ არა დამნაშავე იმაში, რომ მოსწავლეები ატირდნენ?
  • რა ინფორმაცია მიაწოდა მან თავისი სიტყვებით, ქმედებით, რეაქციით?
  • ასაკის გაუთვალისწინებლობა ხომ არ იყო მიზეზი?

მეორე მხრივ, ამან ასწავლა, რომ სასწავლო პროცესში „გულის“ ჩართვით შეიძლება დასახული ამოცანების განხორციელება. მართლაც, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი გზა შემეცნებისა. ისედაც ხომ ცნობილია, რომ გონებასთან ერთად ადამიანი გულითაც და სულითაც შეიმეცნებს, რაც ხშირად სიტყვებით ვერც აიხსნება და ვერც გადმოიცემა. მასწავლებელი ყოველდღიურად ხვდება ბავშვების ემოციათა ნაირფერ სპექტრს, განწყობილებათა გრადაციებს. მას მართებს ამ განწყობილებათა ერთ ჰარმონიულ კონტექსტში მოქცევა, დირიჟორივით შემოკრება განსხვავებული ემოციური ფერებისა, რათა გაკვეთილს სწორედ ეს თანხმიერი ემოციურობა დაედოს უჩინარ ფონად. ეს კი ურთულესი ამოცანაა, რომელსაც ხან თავს გაართმევს მასწავლებელი, ხან კი გაუჭირდება, მაგრამ, ამასთანავე, ამ დამარცხება-გამარჯვების, იმედგაცრუებისა და ეჭვების ჭიდილში გამოიწრთობა, დაოსტატდება.

გამოცდილება თვითონ მასწავლებელსაც ასწავლის ემოციის მართვას, უპირველეს ყოვლისა, შინაგანი ემოციური დისბალანსის დაძლევას, იმას, სკოლის კარის შეღებისთანავე როგორ მოათვინიეროს გული და „მომართოს“ ისე, რომ მასში ემპათიამ იმძლავროს. აქ მისი მოსწავლეები არიან, ასეთი განსხვავებულნი, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი რამ: ისინი მისგან სწავლობენ. როგორი სკეპტიკურიც უნდა იყოს მასწავლებლის წინასწარი დამოკიდებულება, როგორც არ უნდა ეშინოდეს, რომ გავლენას ვერ მოახდენს მათ განწყობილებებზე, მაინც უნდა ეცადოს და არასოდეს დაყაროს ფარ-ხმალი.

სოციოლოგიის პროფესორი არლი რასელ ჰოხშილდი თავის წიგნში „გულის მართვა“ ფუნდამენტურად განიხილავს ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი აზრით, საკუთარი გრძნობების მართვის გზით ადამიანი სხვის ემოციებთან გამკლავებასაც შეძლებს. სწორედ მან ურჩია ემილი კაპლანს, ყველა ღონე ეხმარა, რომ თავისი მოსწავლეები „პატარა ემოციურ მენეჯერებად“ აღეზარდა. მასწავლებელს არა მხოლოდ ის ევალება, გაუგოს და თანაუგრძნოს მოსწავლეს, არამედ ისიც, რომ უარყოფითი ემოციების გადალახვაში დაეხმაროს. ეს, რა თქმა უნდა, ერთი დღის საქმე არ არის, ბევრი დრო სჭირდება იმას, რომ მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც შეძლებისდაგვარად მოახერხონ ემოციების კონტროლი. ეს აზრი შესანიშნავად ჩამოაყალიბა რუსთაველმა: „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“. მასწავლებელმა მოსწავლეებს პირადი მაგალითით საკუთარ ემოციებთან ბრძოლა კი არა, მორიგება უნდა ასწავლოს. ამგვარად, მოსწავლეები მიეჩვევიან სხვების მოსმენას, მოთმინებას, თავშეკავებას, პატიებას, თანაგრძნობას და განივითარებენ იმ უნარებს, რომლებიც მაღალი თვითშეგნების მქონე, პასუხისმგებლობიან, ჰუმანურ საზოგადოებას სჭირდება იმისთვის, რომ ღირებულებათა ფუნდამენტი არ დაიშალოს და ადამიანმა ავ-კარგის გარჩევა სამართლიანად, მიუკერძოებლად შეძლოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი