კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

სასკოლო განათლება ძველ სამყაროში

„განათლება სწორედ ის არის, რაც შენთან რჩება იმის დავიწყების შემდეგ, რაც სკოლაში ისწავლე“.

ალბერტ აინშტაინი

 

როდის გაჩნდა პირველი სკოლა? როდის დაიწყეს ადამიანებმა სკოლის მეშვეობით ცოდნის სხვებისთვის გაზიარება? რატომ გადაწყდა, რომ აუცილებელია ცოდნის გადაცემა? ეს კითხვები განათლებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას – საგანმანათლებლო საქმიანობას შეეხება.

ადამიანები უძველეს დროშივე მიხვდნენ, რომ დაგროვილი ცოდნის გადაცემა და გაზიარება პირდაპირ იყო დაკავშირებული მომავალი თაობებისა და, საზოგადოდ, ცივილიზაციის, სახელმწიფოს, ოჯახისა და ინდივიდის გადარჩენასთან.

დღეს სასკოლო განათლება ჩვეულებრივ საქმიანობად აღიქმება. სკოლები არის ყველგან და ისინი ან ჰგვანან ერთმანეთს, ან ძირეულად განსხვავდებიან, თუმცა ფაქტია, რომ ზოგადი სასკოლო განათლება აღარ მიიჩნევა ფუფუნებად, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, თვით ევროპაშიც კი, ახალ ხილს წარმოადგენდა და ყველგან არც იყო.

არსებობს თეორია, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი სკოლები არა სწავლებისთვის, არამედ ბავშვებისა და მოხუცების რაიმე საქმით დასაკავებლად გაჩნდა – მოსახლეობის ეს ორი კატეგორია არ იყო ჩართული საერთო მეურნეობაში და საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, ტვირთს წარმოადგენდა.

ამ თეზის დასტურად შეიძლება გამოვიყენოთ ბერძნული სიტყვა „სხოლე“ (Σχολή), რაც „თავისუფალ დროს“, „უქმ დროს“ აღნიშნავს (!). მოგვიანებით სკოლის როგორც შეკრების ადგილის მთავარ ფუნქციად იქცა იმად ყოფნა, რასაც შეიძლება ეწოდოს „ფუჭი კამათების გამართვისთვის განკუთვნილი სივრცე“ ან, სხვაგვარად, „თავისუფალი დროის სწორად გასატარებელი სივრცე“. ბერძნულმა ტერმინმა ლათინიზება განიცადა და რომაულ ტექსტებში ბერძნული „სხოლა“ ლათინურ „სკოლად“ გადაიქცა, საიდანაც განაგრძო მოგზაურობა ევროპულ ენებში (ძვ. ფრანგული escole, ფრანგული école, ესპანური escuela, იტალიური scuola, ძველი მაღალი გერმანული scuola, გერმანული schule, შვედური skola, გელური sgiol, უელსური ysgol, რუსული школа).

ტერმინის ისტორიის გათვალისწინებით, – ტერმინისა, რომელიც ძველ საბერძნეთში უკვე დაიტვირთა დისკუსიის, შეკრებისა და მსჯელობის და ცოდნის გაზიარების ადგილის შინაარსით, – „სკოლა“ იმდროინდელი ცივილიზაციის ატრიბუტად ჩამოყალიბდა. უკვე ძველ ეგვიპტეში, პირველი სკოლების გაჩენასთან ერთად, ჩაითვალა, რომ ადამიანების განსწავლულობა და წერა-კითხვის ცოდნა აადვილებდა სახელმწიფო აპარატის მუშაობას და დიდ დახმარებას უწევდა მმართველებს ქვეყნის მართვაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ანტიკურ ეპოქაში, სასკოლო ადგილებში, უპირველესად, ფარაონების, ქურუმების, ჩინოვნიკებისა და შეძლებული მოქალაქეების შვილებს შეეძლოთ სიარული, უბრალო მოქალაქეთა შვილების სკოლებში მიღება მხოლოდ დიდი გასამრჯელოს ფასად იყო შესაძლებელი. ძველ ეგვიპტეში სკოლები, როგორც წესი, ტაძრებში იყო განთავსებული. საკუთრივ სასკოლო ტრადიცია ძველ ეგვიპტეში მრავალი ათასი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. წარჩინებულთა შვილების განსწავლა ქვეყნის მომავლისთვის ხდებოდა და სწორედ სკოლებში წარმოიშვა სასწავლო მასალის ჩაწერის წესი. იმ დროს მოსწავლეები სასწავლო მასალას პაპირუსის ფურცლებზე იწერდნენ. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ისტორიული წყაროები სკოლებში გამოცდების არსებობასაც ადასტურებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სასკოლო სწავლების ფორმატი ძველ ეგვიპტეში ჩაისახა.

როგორც ჩანს, სასკოლო სწავლების წესები და ტრადიცია ძველი ეგვიპტიდან შუამდინარეთში (მესოპოტამია, ევფრატისა და ტიგროსის აუზი, დღევანდელი ერაყის ტერიტორია) გავრცელდა. შუამდინარეთის სკოლები. ეგვიპტის სკოლების მსგავსად, უმთავრესად დიდ ტაძრებში იყო განთავსებული. სკოლას „ედუბას“ ეძახდნენ, რაც მესოპოტამიის მთავარი ხალხის, შუმერების ენაზე „ფირფიტების სახლს“ ნიშნავდა – მოსწავლეები წამახული ჯოხით წერდნენ თიხის ფირფიტებზე. მეცნიერები შუმერთა დამსახურებად მიიჩნევენ ენის, მმართველობის, არქიტექტურისა და სხვა დარგებში განხორციელებულ რეფორმებსა და სიახლეებს. დღეს ითვლება, რომ ის, რასაც ჩვენ „ცივილიზაციას“ ვეძახით, შუმერების შექმნილია. არქეოლოგიური კვლევების შედეგად მოპოვებული ცნობებით, შუმერთა ბავშვები, რომლებიც სკოლებში დადიოდნენ, სხვებისგან ჩაცმულობითაც განსხვავდებოდნენ და მუდამ თან დაჰქონდათ საწერი ჯოხები და ფირფიტები.

ძვ. წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულისთვის შუმერში ყალიბდება განათლების ერთგვარად იდეალური სქემა, რომელიც მოიცავს წერა-კითხვის მაღალ დონეზე ცოდნას, დოკუმენტების შედგენის უნარს, მუსიკასა და სიმღერას, მაგიის წესების ცოდნას, ზოგად ცოდნას ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში და მათემატიკური გამოთვლების წარმოების უნარს.

შუმერების ცივილიზაციამ მესოპოტამიის ნაყოფიერ ველებზე დაახლოებით ორი ათასწლეულის განმავლობაში იარსება. ძვ. წელთაღრიცხვის 2000-1700 წლებში მათი ადგილი ბაბილონელებმა დაიკავეს. გადმოცემის თანახმად, ბაბილონის დაარსება ბიბლიური ნოეს შვილიშვილს, ნიმროდს მიეწერება. მასვე უკავშირდება სახელგანთქმული ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დაწყებაც. ბაბილონის ცივილიზაციის დაცემა ძვ. წელთაღრიცხვის დაახლოებით 1600 წელს ბაბილონის ტერიტორიაზე მომთაბარე მებრძოლი ხეთების შეჭრას უკავშირდება. მიუხედავად ბაბილონის წინააღმდეგ ხეთების აგრესიული ომებისა, ახალმოსული მომთაბარეები ბაბილონურ კულტურას ეგუებიან, ბევრს სწავლობენ დამხვდურებისგან და მომავალი ოთხასი წლის განმავლობაში შუმერული და ბაბილონული ცივილიზაციების მემკვიდრენი ხდებიან. ხეთებმა ზედმიწევნით შეინარჩუნეს და შეინახეს ბაბილონის მიერ შექმნილი კულტურული და რელიგიური ძეგლები, სანამ შუამდინარეთის საზღვრებთან ძველი სამყაროს ახალი დამპყრობლები – ასირიელები გამოჩნდებოდნენ. მიუხედავად უცხო ხალხების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკისა, მშვენიერ ბაბილონს არც მათ დაუშავეს რამე და ევფრატისა და ტიგროსის ძველი ცივილიზაციების კულტურული ძეგლები შეინარჩუნეს.

სამყაროში არაფერია მუდმივი – რამდენიმე საუკუნის შემდეგ დაეცა ასირიელთა იმპერიაც. მათ ნაცვლად ბაბილონში, შუამდინარეთის ნაყოფიერ ველებზე, კვლავ ბაბილონელები ბრუნდებიან და ყალიბდება ნაბუქოდონოსორ მეორის ახალი იმპერია. ეს სწორედ ის ბიბლიური ნაბუქოდონოსორია, რომელიც თავისი მმართველობის დროს იუდეასა და პალესტინას დაიპყრობს და იქ მცხოვრებ ათასობით ებრაელს გადაასახლებს. იმ დროს ბაბილონი, სავარაუდოდ, მსოფლიოს ყველაზე დიდი და განვითარებული ქალაქი იყო, მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი