ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ტროას ცხენის ამაღელვებელი ამბავი ქართულის გაკვეთილზე

კიდევ ერთ ქართულ იდიომაზე მუშაობა

როდესაც რაღაც ძალიან მაგარს და სასურველს ელოდები, საჩუქრის მისაღებად ემზადები, ამ დროს კი ხაფანგს წააწყდები, შეგიძლია, თამამად თქვა, რომ ტროას ცხენი შემოგიგორეს.

„ტროას ცხენს“ მზაკვრულ ჩანაფიქრს უწოდებენ.

რატომ? საიდან მოდის ეს გამოთქმა?

მრავალი წლის წინ, როდესაც ადამიანების ერთადერთი გასართობი ამბების მოსმენა იყო, როდესაც სიტყვებს შეეძლოთ გაცოცხლება და გონებაში ფილმის კადრებად ქცევა, ცხოვრობდა ბერძენი პოეტი ჰომეროსი.

ჰომეროსს გასაოცარი ნიჭი ჰქონდა: მის მიერ მოთხრობილი ამბები მოსმენისთანავე ცოცხლდებოდა წარმოსახვაში და მსმენელი ამ ამბების მონაწილედ იქცეოდა ხოლმე. მას შემდეგ უამრავი საუკუნე გავიდა, მაგრამ ჰომეროსის ამბებს ეს ჯადოსნური თვისება არ დაუკარგავთ, ამიტომ შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ: ჰომეროსი დიდი, ძალიან დიდი, ბუმბერაზი პოეტია!

ამ დიდმა პოეტმა თავის ერთ-ერთ პოემაში – „ილიადაში“ აღწერა სახელგანთქმული ციხე-ქალაქი ტროა, რომელიც მრავალწლიან სასტიკ ომში იყო ჩართული. ამ ომს ჰქონდა თავისი მიზეზები, ჰყავდა გმირებიც და, რაღა თქმა უნდა, იყვნენ ღმერთებიც, რომლებიც ადამიანების გვერდით იბრძოდნენ. ტროას ომის ამბების მოსაყოლად შესაძლოა ერთი წიგნიც არ გვეყოს, ამიტომ მხოლოდ ერთ ეპიზოდს მოგითხრობთ, საიდანაც შემოგვრჩა გამოთქმა „ტროას ცხენი“.

სწორედ „ტროას ცხენმა“ გადაწყვიტა ომის ბედიც. ცხენი ნამდვილი არ გეგონოთ – ეს იყო უზარმაზარი, დიდებული, გასაოცარი ხის ქანდაკება, რომლის ღრუ მუცელში რამდენიმე ადამიანის ეტეოდა.

ამ ცხენის შექმნა ბერძენი გმირის ოდისევსის იდეა ყოფილა და ოდისევსი იყო ერთი მათგანი, ვინც ცხენში დაიმალა.

ბერძნებმა ტროელებს თავი მოაჩვენეს, თითქოს ბრძოლას წყვეტდნენ, მეომრებით სავსე ხის ცხენი ქალაქის კარიბჭესთან მიუგორეს, თავიანთი ჯარი კი უკან გააბრუნეს.

ტროელებმა შვებით ამოისუნთქეს, ცხენი ღმერთების საჩუქრად ჩათვალეს და ვაი-ვაგლახით შეაგორეს ქალაქში. ისე გამოვიდა, რომ საკუთარი ხელით გაუღეს კარიბჭე მტერს.

ღამით, როდესაც ტროელებს ღრმა ძილით ეძინათ, ცხენიდან მეომრები გადმოვიდნენ, ჯარი ქალაქში შემოიყვანეს და ტროა მიწასთან გაასწორეს.

მას შემდეგ საუკუნეებმა განვლო, უამრავი ქალაქი განადგურდა და აშენდა, ტროას ცხენის ამბავმა კი ჩვენამდე მოაღწია როგორც ადამიანის ცბიერებისა და მუხანათობის სიმბოლომ.

 

ტექსტი რომ კარგად გაიაზროთ:

  1. რომელ პოემაში აღწერა ციხე-ქალაქი ტროა ჰომეროსმა?
  2. აღწერე ტროას ცხენი.
  3. ვისი იდეა იყო ტროას ცხენის შექმნა?
  4. როგორ გამოიყენეს ბერძნებმა ხის ცხენი?
  5. ამ ხერხით ომში გამარჯვება შენთვის მისაღებია? ახსენი, რატომ.
  6. ალტერნატიულ, განსხვავებულ სტრატეგიას ხომ არ შესთავაზებდი ბერძნებს ტროას ასაღებად?

ტექსტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით სცადე ჰომეროსის ბიოგრაფიის დაწერა, დახატე ჰომეროსის პორტრეტი, ბიოგრაფია დაასათაურე.

 

დახატე ტროას ცხენი, რომელშიც ბერძენი მეომრები სხედან.

 

დაუკვირდი გაბნეულ სიტყვებს, იპოვე და ამოკრიფე დაახლოებით ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვები და ოთხ სვეტად დაალაგე.

 

მუხანათური, სიმართლე, წყენა, დიდი, შენიღბული, ჭეშმარიტება, დარდი, ბუმბერაზი, სიცრუე, სინამდვილე, ნაღველი, ვეებერთელა, ცბიერება, რეალობა, იმედგაცრუება, უზარმაზარი, გიგანტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი