პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

სასწავლო გაჩერებები გაკვეთილზე

სასწავლო გაჩერებები – ეს არის სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ერთობლიობა, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და მიაღწიონ დასახულ მიზანს.

სასწავლო გაჩერებების მოწყობა შეიძლება  საკლასო ოთახში არსებული სივრცის, რესურსების და  გაკვეთილის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროცესი შემდეგნაირად შეგვიძლია წარმართოთ:

  1. მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს თითოეულ გაჩერებაზე ხვდებათ შესასრულებელი დავალების ინსტრუქცია.
  2. მოსწავლეები ერთ კონკრეტულ „გაჩერებასთან“ ატარებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს.
  3. ასრულებენ ინსტრუქციით გათვალისწინებულ სამუშაოს.
  4. დროის ამოწურვის შემდეგაც გადაადგილდებიან შემდეგ გაჩერებაზე.

ეს პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ მოსწავლეთა ყველა ჯგუფი არ შეასრულებს თითოეულ გაჩერებაზე მოცემულ დავალებას.

სასწავლო გაჩერებების მოსამზადებლად მასწავლებელს საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს გაწერილი ამგვარი გაკვეთილის გეგმა და აქტივობების ინსტრუქციები. ასევე, მომზადებული უნდა იყოს ყველა საჭირო რესურსი თუ სამუშაო ფურცელი.

განვიხილოთ როგორ შეიძლება ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეები ამ მეთოდის გამოყენებით ამუშაოს თემაზე – მიტოზი

პირველი  გაჩერება – უპასუხეთ შეკითხვას, რა არის ციტოკინეზი?

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ კითხვაზე პასუხად  შეიძლება ამდაგვარი ტექტი შექმნან – უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია ანუ დნმ ინახება ბირთვში.  მიტოზის დროს უნდა ჩამოყალიბდეს ორი ბირთვი. თითოეული ბირთვი გადადის ახალ უჯრედებში.  ორი ბირთვი იქმნება ორი მემკვიდრული ინფორმაციის შესანახად. ე.ი. ბირთვის შიგნით დნმ უნდა გაორმაგდეს ანუ წარმოიქმნას მისი ზუსტი ასლი.  ეს ხდება უჯრედული ციკლის  S ფაზაში. მიტოზის დროს დნმ ნაწილდება ორ შვილეულ უჯრედში. ციტოპლაზმის გაყოფას ეწოდება  ციტოკინეზი.   

მეორე გაჩერება – მოამზადეთ მასალა მიტოზი და ქრომოსომები

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ თემაზე მუშაობის შედეგად   შეიძლება ამდაგვარი ტექტი შექმნან- მიტოზის დასაწყისში უჯრედის ბირთვში არსებული დნმ იწყებს ცილების გარშემო დახვევას და წარმოქმნის   ქრომოსომებს. ყოველ ორგანიზმს აქვს მისთვის დამახასიათებელი (უნიკალური) ქრომოსომების რაოდენობა. ადამიანის უჯრედში დნმ დაყოფილია ქრომოსომების  23 წყვილად.  გაორმაგებული დნმ წარმოქმნის ქრომოსომებს, რომელთაგან თითოეული შედგება ე.წ. შვილეული ქრომოსომებისგან (sister chromatids), ანუ ქრომატიდებისგან. ქრომოსომას აქვს   “X”-ის ფორმა. ორი ქრომატიდი ერთმანეთს უკავშირდება  ცენტრომერით.  მიტოზის დროს გამყოფი თითისტარას ძაფებიც ცენტრომერებს უკავშირდება.  გამყოფი თითისტარა ერთმანეთს აცილებს შვილეულ ქრომატიდებს.

მესამე გაჩერება – აღწერეთ, რა პროცესია გამოსახული ამ  ვიზუალურ მასალაზე?

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ ვიზუალურ მასალაზე შესაძლოა ამდაგვარი ტექსტი შექმნან – ფოტომასალაზე კარგად ჩანს  დნმ-ის ორმაგი სპირალი რამდენჯერმე მჭიდროდ ეხვევა ცილას (2) და ქმნის ქრომოსომას (5). სურათზე გამოსახულია დახვევის პროცესის სირთულე. წითელი წერტილი მიუთითებს ცენტრომერის მდებარეობას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შვილეულ ქრომოსომებს. ასევე ცენტრომერი ის ადგილია, სადაც გამყოფი თითისტარას ძაფები ემაგრებიან ქრომოსომებს. შეგახსენებ, რომ ქრომოსომას აქვს  X ფორმა.

მეოთხე გაჩერება – აღწერეთ მიტოზის ოთხი ფაზა

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ საკითხზე შესაძლოა ასეთი ტექსტი შექმნან – მიტოზი ოთხ ფაზას მოიცავს: პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა.

  1. პროფაზა:  ქრომატინი, რომელიც გაუხნელ დნმ-ს წარმოადგენს, წარმოქმნის ქრომოსომებს. დნმ მჭიდროდ ეკვრის ცილებს. ასეთი სტრუქტურების სინათლის მიკროსკოპით დანახვა უკვე შესაძლებელია. ბირთვის გარსი იწყებს დაშლას და პროფაზის დასრულებამდე სულ ქრება. წარმოიქმნება გამყოფი თითისტარას ძაფები და ემაგრება ცენტრომერებს. ის შედგება პოლიმერიზებადი/დეპოლიმერიზებადი ცილისგან და ქრომოსომებს ეხმარება მოძრაობაში.
  2. მეტაფაზა:  ქრომოსომები ლაგდება უჯრედის ცენტრალურ სიბრტყეში, ეკვატორზე.  ქრომოსომები ერთ სწორ ხაზზე არიან განლაგებული, ერთმანეთის გვერდით.
  3. ანაფაზა:  ყოველი ქრომოსომის შვილეული ქრომატიდები ერთმანეთს შორდება გამყოფი თითისტარას ძაფის დამოკლების გამო. ქრომოსომები უჯრედის საპირისპირო პოლუსებისკენ გადაადგილდებიან.
  4. ტელოფაზა: გამყოფი თითისტარას ძაფები იშლება და ქრომოსომების გარშემო ბირთვის გარსი წარმოიქმნება (უჯრედში უკვე ორი ბირთვია).

უჯრედული ციკლის და მიტოზის ვიზუალური მიმოხილვა

ტელოფაზის შემდეგ ორივე ახალი ბირთვი შეიცავს იმდენივე ქრომოსომას, რამდენსაც შეიცავდა საწყისი უჯრედის ბირთვი. ახლა უჯრედი უკვე მზადაა ციტოკინეზისთვის, რაც სიტყვა-სიტყვით  ნიშნავს ,,უჯრედის მოძრაობას”.

ციტოკინეზის დროს ციტოპლაზმა იყოფა და საბოლოოდ მიიღება ორი იდენტური უჯრედი საკუთარი ბირთვით. ფორმირდება ახალი მემბრანა. მცენარეულ უჯრედში ასევე წარმოიქმნება ახალი უჯრედის კედელი.

მეხუთე გაჩერება –  დააკვირდით მასალას და დაასაბუთეთ  ის მცენარეულია თუ ცხოველური?

მოსწავლეთა ჯგუფმა  შესაძლოა ასეთი ტექსტით  დაასაბუთონ პასუხი – სურათზე წარმოდგენილია მცენარის უფრედების დაყოფა. მცენარის უჯრედის დაყოფა განსხვავდება ცხოველის უჯრედის დაყოფისაგან. სურათზე ჩანს, რომ უჯრედების უმრავლესობა ინტერფაზაშია.  სურათზე   კარგად ჩანს  მიტოზის სხვადასხვა ფაზაში მყოფი უჯრედები.

  გაკვეთილის მოკლე შეჯამება

მოსწავლეთა ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს უყურონ 6 წუთიან ანიმაციას და შეავსონ სქემა:

ანიმაცია – მიტოზი    https://www.youtube.com/watch?v=C6hn3sA0ip0

კითხვა პასუხი
როდის აქვს ქრომოსომას ,,კლასიკური” სახე?
შენი აზრით რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, თუ მეტაფაზის დროს ქრომოსომები არ გასწორდება?
როდის წარმოიქმნება ბირთვის გარსი? რა სირთულეები შეექმნება უჯრედს, თუ ბირთვის გარსის წარმოქმნა ადრე დაიწყება?
როგორ მდგომარეობაში ატარებს უჯრედის ,,ცხოვრების” უმეტეს ნაწილს?
საშუალოდ როგორია ეუკარიოტულ უჯრედში მიტოზის ხანგრძლივობა?

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf
  2. ბიოლოგია, ა.შათირიშვილი 2020.
  3. https://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../cbook/ბიოლოგია-8-კლასი/section/4.4/primary/lesson/მიტოზი-9577730/.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“