სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

არ უნდა გაბრაზდე, რადგან უკვე დიდი ხარ

როდესაც კლასში პირველად შევდივარ, მოსწავლეებს კითხვებს ვუსვამ და უფლებას ვაძლევ, მსგავსი კითხვები მეც დამისვან. თავდაპირველად კითხვები მარტივია, მაგალითად, საყვარელ ფერზე, წიგნზე, მოგონებაზე და ა.შ. ეს მათზე მცირე წარმოდგენის შექმნაში მეხმარება. ოღონდ არა იმის მიხედვით, რას დაასახელებენ, არამედ იმის მიხედვით, როგორ გასცემენ ჩემს კითხვას პასუხს. ზოგს უნდა, პირველმა თქვას ყველაფერი, ზოგს დაფიქრება სჭირდება, ზოგი მორცხვობს, ზოგიც ეჭვით გიყურებს და პასუხის გაცემაზე საერთოდ არ ფიქრობს. ასაკის მატებასთან ერთად სკეპტიკური გამომეტყველება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. რასაკვირველია, პირველკლასელის გულის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე, პირობითად, მეშვიდეკლასელისა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე: მოსწავლეებს, ყველაზე პატარებსაც კი, თავიანთი ხასიათი, პიროვნება და სიამაყე აქვთ. სწორედ ამიტომ უნდა ვესაუბროთ მათ როგორც თანასწორებს და არ გვეწყინოს, თუ შემთხვევით (ან არც ისე შემთხვევით) გამოხატეს, რომ არ მოვწონვართ.

ბავშვები გულწრფელები არიან. ადამიანებს ხშირად ერთმანეთი არ მოგვწონს. ეს ბუნებრივია. ამას საყვარელი წიგნის თემას შევადარებდი. ჩემთვის საყვარელი წიგნი ვიღაცამ შუა გზაზე მიატოვა, ან წაიკითხა, ახლა კი დგას და ილანძღება – ეს რა იყოო. ადამიანებთან ურთიერთობაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს: ის, ვინც მე ძალიან მომწონს, სხვას გულზე სულაც არ ეხატება. ვთქვათ, ვხვდები ახალ თანამშრომელს, ვიწყებ მასთან ურთიერთობას და უცებ აღმოვაჩენ, რომ მასთან უფრო მეტი საერთო მაქვს, ვიდრე ძველთან. ეს არ მიკვირს, რადგან დიდი ვარ და ვხვდები, რომ ადამიანური კავშირები ჩვენი პიროვნების, შესაბამისად, ინტერესების, შეხედულებებისა და გატაცებების თავსებადობით მყარდება. რასაკვირველია, მე დიდი ვარ და ჩემს ძველ თანამშრომელს არ ვეუბნები, შენ ისე კარგად ვერ გეწყობი, როგორც ამ ახალს-მეთქი. ჩვენი არათავსებადობა არც გუნდურ სამუშაოსა და ურთიერთპატივისცემაზე მოქმედებს. თუკი ვეტყვი ან თუკი იმოქმედებს, ე.ი. ბავშვობაში კარგად არ უსწავლებიათ და არ გამოუმუშავებინებიათ ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – თანამშრომლობის უნარი.

რაკი ბავშვები ძალიან გულწრფელები არიან, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, შეიძლება გაგრძნობინონ, რომ მაინცდამაინც არ მოსწონთ შენი „ვაიბი“, თუმცა ჩვენ დიდები იმისთვის ვართ, რომ ამის გამო მათზე კი არ გავბრაზდეთ, არამედ ვასწავლოთ, რომ, ჰო, არა უშავს, ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანი შეხვდებათ, რომელიც მათი ფავორიტი ვერ გახდება, თუმცა მათთან თანამშრომლობა მაინც უნდა შეძლონ. ასეთი ადამიანები ყველგან იქნებიან: სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, სამსახურშიც და სანათესაოშიც კი. ამავე დროს, აუცილებელია, მოსწავლე მივახვედროთ, რომ თავადაც შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვისი „ვაიბიც“ არ მოსწონთ, თუმცა, ისევ და ისევ, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს თანამშრომლობით ურთიერთობაში, თუკი ეს საქმეს სჭირდება. ყველა ჩვენი საუკეთესო მეგობარი ვერ გახდება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მტრები არიან.

მეორე მხრივ, რასაკვირველია, ძნელია, როცა კლასში გულანთებული შედიხარ და უცებ გრძნობ, რომ ვიღაცაზე ამან არ იმოქმედა. თუმცა შენ დიდი ხარ და უნდა მიხვდე, რომ ეს არაფერია, ამის გამო მოსწავლეზე არ უნდა განაწყენდე. მის განწყობას უფლება არ უნდა მისცე, შენზე იმოქმედოს და გაიძულოს, სხვებისგან გამოარჩიო, აითვალწუნო, ქულებით მანიპულაციას მიმართო – ასე უფრო მეტად შეიყვან ჩიხში თქვენს ურთიერთობას. ნაცვლად ამისა, უნდა სცადო და საერთო ენა გამონახო მასთან. შესაძლოა, ეს არ იქცეს დიდ სიყვარულად და შენ მაინც ვერ გახდე მისი საყვარელი მასწავლებელი, მაგრამ მან შენს მაგალითზე უნდა ისწავლოს ასეთ სიტუაციებთან მშვიდად და ცივილიზებულად გამკლავება.

და რა მოხდება, თუ გეშლება? რა მოხდება, თუ გგონია, რომ მოსწავლეს არ მოსწონხარ? გული გწყდება, ბრაზობ, მასთან მკაცრი ხდები? დარწმუნებული ხარ, რომ მას სწორედ შენი ეს განწყობა არ აფრთხობს? იქნებ იმის გამო, რომ თავიდან რაღაც გეგონა, ახლა შენი განწყობით მოქმედებ მასზე და აფიქრებინებ, რომ არაფრის გამო ამოჩემებული გყავს? მით უმეტეს, რომ ეს ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ფიქრია: „მაგ მასწავლებელს ამოჩემებული ვყავარ“. ბავშვი, რომელსაც გგონია, რომ არ მოსწონხარ ან ნამდვილად არ მოსწონხარ, ის ბავშვია, რომელიც მეორე წამს დედას ურეკავს და სთხოვს, ფეხმოტეხილი ყვავი შეიფარონ, ან ის ბავშვია, რომელიც სკოლის ეზოში შემოხეტებულ ლეკვს თავისი ბოთლიდან ასმევს წყალს, ან კიდევ ის, რომელიც შესვენებაზე პირველკლასელ დას აკითხავს, კიდევ ხომ არ ტირისო, რომელიც უამრავ სხვა რამეს აკეთებს, რომელიც უბრალოდ შენ თვალწინ არ ხდება.

„და საერთოდაც, მოსწავლესთან ბრძოლა არ უნდა წამოიწყო, რადგან ის თოთხმეტი წლისაა, შენ კი ოცდათოთხმეტის“, – წერია თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“. ჰოდა, სიმართლეა, მოსწავლესთან ომი არ უნდა წამოიწყო, რადგან შენ ოცდარაღაცის ხარ, ან ორმოცდარაღაცის, იქნებ სამოცდარაღაცისაც, ის კი ჯერ თვრამეტისაც არ გამხდარა. უბრალოდ, დაანახე მას, რომ, მიუხედავად სხვადასხვა „ვაიბისა“, შენ კარგი ადამიანი ხარ და მის პატივისცემას იმსახურებ, რადგან, პირველ რიგში, პატივს სცემ მას.

ადამიანები ხშირად ცდებიან. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. რაღაც კარგი კი ყველაშია. შენ ამას უნდა მიხვდე და არ უნდა გაბრაზდე, რადგან უკვე დიდი ხარ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“