ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

მოქალაქეობის პროექტების განხორციელების პრაქტიკული მაგალითები

2022-2023 სასწავლო წლიდან X კლასში ახალი საგანი – „პროექტი სამოქალაქო განათლებაში“ დაინერგა. საშუალო საფეხურის საგნობრივ სტანდარტში შესაბამისი ცვლილება ხანგრძლივი ადვოკატირების კამპანიის შედეგად განხორციელდა. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია, რადგან სამომავლოდ საქართველოში შესაძლოა დაინერგოს მოსწავლეთა პორტფოლიოების წარმოებაც, რომლებშიც მათ მიერ განხორციელებული პროექტებიც აისახება. მსგავსი საგანი დაინერგა ხელოვნებისა და მუსიკის მიმართულებითაც.

მასწავლებლებისთვის პროექტული სწავლება უცხო არ არის. სასწავლო პროცესში პროექტების ინტეგრირება წლების განმავლობაში ხდებოდა როგორც სამოქალაქო განათლების, ასევე სხვა საგნობრივ დისციპლინებშიც.

დავსვათ კითხვა: რა განსხვავებაა და რა არის ძირითადი სიახლე?

ახალ საგანსა და პროექტულ სწავლებას შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ პროექტს აქვს გაწერილი სტრუქტურა, ორიენტირებულია სამიზნე ცნებებზე და აქვს მჭიდრო კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ სტანდარტთან. საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, პროექტი შეიძლება იყოს:

  • საქველმოქმედო;
  • საინფორმაციო;
  • ინფრასტრუქტურული;
  • ადვოკატირებასა და ლობირებაზე ორიენტირებული.

სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლებს შორის მცირე დაბნეულობა შეინიშნებოდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველი ფაქტორი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საგანში განმსაზღვრელი შეფასება არ დაიწერებოდა. ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია სახელმძღვანელოების არარსებობამ. ოქტომბრის ბოლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლებისთვის განკუთვნილი გრიფირებული სახელმძღვანელოების მოწოდება. აღნიშნულს მალევე დაემატა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო. უნდა ვაღიარო, რომ პირველ სემესტრში პროექტების ხარისხიანად შესრულება ვერ მოვახერხეთ.

მეორე სემესტრისთვის საფუძვლიანად მოვემზადე. სტატიაში გაგიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც X კლასში ორი პროექტის განხორციელების პროცესში დამიგროვდა. ორივე ჯგუფმა სწორედ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ შემოთავაზებული სარეკომენდაციო პროექტები შეარჩია შემდეგი სათაურებით:

  • გარდატეხის ასაკის თავისებურებები;
  • გადაწყვეტილების მიღების თავისებურებები.

სამუშაო პროცესი დაყოფილი მქონდა ეტაპებად, რაც მუშაობას და პროცესზე ზედამხედველობას აადვილებდა.

 

როგორ მოვემზადე მეორე სემესტრისთვის?

სიღრმისეულად გავეცანი შემოთავაზებულ პროექტებს, თემატიკას, მიმართულებებსა და ტიპებს. მომდევნო ეტაპზე დავაჯგუფე თემატიკის მიხედვით შემოთავაზებული პროექტები (როგორც გრიფირებული, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოდან) და მე-10 კლასის მოსწავლეებს გავაცანი. ერთი შეხვედრა დაეთმო მოსწავლეთა ინტერესების გამოკვეთას და დაჯგუფებას შერჩეული თემატიკის მიხედვით.

 

თეორიული მასალის დამუშავება

პირველი სემესტრის გამოცდილებაზე დაკვირვებით დავინახე, რომ მოსწავლეებმა ყველაზე ნაკლები დრო თეორიული მასალის დამუშავებას დაუთმეს, რამაც პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალა. მეორე სემესტრისთვის მიდგომები შევცვალე. ორი შეხვედრა/გაკვეთილი დავუთმე თეორიული მასალის დამუშავებას, რისთვისაც გამოვიყენე სხვადასხვა სახალისო აქტივობა. კერძოდ, „მსოფლიო კაფე“, „სასწავლო გაჩერებები“, სქემების შევსება, წაკითხულის შესახებ შთამბეჭდავი პრეზენტაციების მომზადება და სხვა. მიდგომების შეცვლამ გაამართლა. მოსწავლეებმა დაამუშავეს პრობლემის იდენტიფიცირებისა თუ აქტივობების განხორციელებისთვის შემოთავაზებული თეორიული მასალა.

 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიმდინარეობა

პირველ სემესტრში პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს ქაოსურად ასრულებდნენ. იგივე რომ არ განმეორებულიყო, შევთავაზე, გამოეკვეთათ აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და შეედგინათ განხორციელების კალენდარი.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეები პროექტს მაღალი მოტივაციით იწყებენ, მერე კი მოტივაცია ნელ-ნელა იკლებს. ამის თავიდან ასაცილებლად შევთანხმდით შუალედური შედეგების გაზიარების ვადებზე. საგაკვეთილო ფორმატში პროექტებზე მომუშავე ჯგუფებმა შუალედური შედეგები ერთმანეთს გაუზიარეს ორჯერ – თებერვალსა და აპრილში. ამან მოსწავლეებს საშუალება მისცა, დაენახათ, სად ჰქონდათ ჩავარდნა, რა ჰქონდათ გასაუმჯობესებელი და ა.შ.

 

ცვლილებები და დამატებები

პროექტების განხორციელების დროს, ჩემთან შეთანხმებით, ორივე ჯგუფმა გარკვეული ცვლილებები განახორციელა. გარდატეხის ასაკის თავისებურებებზე მომუშავე ჯგუფმა სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით აჩვენა თურქულენოვანი ანიმაციები. გადაწყვეტილების მიღების თავისებურებებზე მომუშავე ჯგუფმა ბოლო აქტივობად არჩევნების მოდელირება დაამატა. მოდელირებისთვის საჭირო რესურსები მივაწოდე ჩემივე პრაქტიკიდან (იხილეთ სტატია: არჩევნების მოდელირება გაცნობიერებული არჩევანისთვის).

 

შემაჯამებელი შეხვედრა

მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ შედეგების გაზიარების საშუალება ექნებოდათ. იმისთვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია და დამატებითი სტიმული ჰქონოდათ, პრეზენტაციას ფესტივალის სახე მივეცით. ბავშვებმა მოიწვიეს თანატოლები, მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული სხვა პირები.

თითქმის ხუთთვიანი მარათონის ბოლოს, ფესტივალზე, ორივე ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა შედეგები, მიგნებები და მიღწევები.

 

მოსწავლეების დამოკიდებულება

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა დამოკიდებულებისა და შედეგების გაზომვის მიზნით მცირე კვლევა ჩავატარე. გიზიარებთ რამდენიმე მოსწავლის პასუხს ღია შეკითხვებზე:

  • მე10 კლასში ახალი საგანიპროექტები სამოქალაქო განათლებაში დაგემატათ. რა შეცვალა ამ საგნმა? რით იყო გამორჩეული?

– ამ საგანმა საშუალება მომცა, თავი მეგრძნო სრულფასოვან მოქალაქედ, რომელიც ხედავს პრობლემას, აგვარებს მას და არ ელოდება, რომ მის მაგივრად მოაგვარებენ სხვები (მაგალითად, მთავრობა). პროექტმა გვასწავლა პასუხისმგებლობის აღება ლოკალურ პრობლემებზე, რომელთა მოგვარება, როგორც აღმოჩნდა, მე, არასრულწლოვან მოქალაქესაც შემიძლია. ასევე, პროექტზე მუშაობისას ხშირად მიწევდა სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაცია და მათი მოსმენა. შედეგად უფრო დავუახლოვდი ადგილობრივ მოსახლეობას, რამაც საშუალება მომცა, მეტი გამეგო იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ, ასევე პროექტში ჩამერთო დაინტერესებული პირები. გამორჩეული იყო ის, რომ არ იწერებოდა ნიშნები. რატომ? რადგან ჩვენ ამას არ ვაკეთებდით პირადი სარგებლისთვის. ჩვენ ჩართული ვიყავით როგორც აქტიური მოქალაქეები და ვაგვარებდით იმას, რაც გვაწუხებს ჩვენ და ადგილობრივ მოსახლეობას.

  • როგორ შეაფასებდით პროექტებზე მუშაობას? რამდენად მიაღწიეთ პროექტით გათვალისწინებულ მიზნებს

– ჩვენ განვახორციელეთ ორი პროექტი. პირველის მიზანი იყო უსახლკარო ცხოველების მიერ დაავადებების გადატანის რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტი მოიცავდა რამდენიმე ტრენინგის ჩატარებას ჩვენს სკოლაში და თემის ინფორმირებას. ასევე ჩავწერეთ ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო პრობლემა, მოსახლეობის აზრი და ადვოკატირების გზები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.

მეორე პროექტი ეხებოდა ახალგაზრდა მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებას. ჩვენ ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები არგუმენტის სახეებზე, იმაზე, თუ როგორ ავაგოთ დამაჯერებელი არგუმენტი, ასევე განვახორციელეთ ჯგუფური აქტივობები, რის შემდეგაც ჩავატარეთ არჩევნების სიმულაცია. მონაწილეებმა დებატების დროს გამოიყენეს მიღებული ცოდნა. არჩევნების სიმულაციის შემდეგ ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის შედეგად დავინახეთ, რომ მიზანს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო დაბრკოლებები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ უმაგრესი გამოცდილება, რომელსაც გამოვიყენებთ, რათა უკეთესად შევასრულოთ მომავალი პროექტები.

  • რა იყო თქვენი მთავარი მიღწევა

– VII-VIII კლასის მოსწავლეებს ვასწავლეთ, რა არის გარდატეხის ასაკი, რა პრობლემები უკავშირდება მას, როგორ უნდა მოიქცნენ და ვის მიმართონ სირთულეების დასაძლევად. გავაფრთხილეთ, რომ თუ დახმარება ან მხარდაჭერა დასჭირდებათ (გარდატეხის ასაკის ფსიქოლოგიური პრობლემების გამო), აუცილებლად სთხოვონ დახმარება უფროსებს, დამრიგებელს და ფსიქოლოგს.

  • რა როლი ჰქონდა მასწავლებლს პროექტების განხორციელების პროცესში?

– პროექტის განხორციელებაში მასწავლებელი ძალიან გვეხმარებოდა, მაქსიმალურად გვაწვდიდა რესურსებს და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, ცდილობდა, არ ჩარეულიყო პროექტის განხორციელების პროცესში და მოენდო ეს საქმე ჩვენთვის, რათა დამოუკიდებლად შეგვესრულებინა პროექტი და აგვეღო პასუხისმგებლობა. ეს მიდგომა ძალიან მომეწონა, რადგან მივიღეთ გამოცდილება და ვისწავლეთ ჩვენს შეცდომებზე. პროექტის ბოლოს მასწავლებელი ყოველთვის გვეკითხებოდა, რა გვიშლიდა ხელს და რას შევცვლიდით, ეს პროექტი თავიდან რომ დაგვეწყო, რაც გვეხმარებოდა, გაგვეცნობიერებინა ჩვენი შეცდომები და მომავალში უკეთ წარგვემართა სხვა პროექტი.

ჩვენი მასწავლებელი იყო ჩვენი მეურვე – გვიჩვენებდა გზას, თუ როგორ მიგვეღწია მიზნებისთვის. ძირითადად არ ჩაერია, რომ ჩვენ თვითონ გვემუშავა, მაგრამ ყველანაირი დახმარება მას ვთხოვეთ (პროექტორი, თავისუფალი კლასები და ა.შ.).

 

შეჯამება

საგანს „პროექტები სამოქალაქო განათლებაში“ ყოველკვირეულად ერთი აკადემიური საათი ეთმობა. გაკვეთილი ძირითადად პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს, გაწერილი აქტივობების განხილვას, მოსწავლეთა კითხვებზე პასუხების გაცემასა და სხვა ლოჯისტიკურ საკითხებს ეთმობოდა. პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები უმთავრესად არასაგაკვეთილო პერიოდში ხორციელდებოდა (მათ შორის -შაბათობითაც).

საგანი იმითაც არის საინტერესო, რომ თითოეულ პედაგოგს აძლევს თავისუფლების ფართო დიაპაზონს. მასწავლებელს შეუძლია, ამოვიდეს სასკოლო თემის საჭიროებიდან, თვითონ მოიფიქროს და გაწეროს სასურველი პროექტი. მთავარია, დაუკავშიროს ის მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების სამიზნე ცნებებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ სტანდარტს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი