ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა განმავითარებელი შეფასების წინ წამოწევა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაა, ამიტომ სწავლების მეთოდიკაშიც მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. განმავითარებელი შეფასება არის საგანმანათლებლო შეფასების სახეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში მოსწავლის მიერ გაგების მონიტორინგისთვის და პროგრესის შესაფასებლად იყენებენ. განმავითარებელი შეფასების ძირითადი მიზანია მუდმივი უკუკავშირის მიწოდება როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვისაც სასწავლო სტრატეგიების კორექტირებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
ცნობილია, რომ განმავითარებელი შეფასების ძირითადი მახასიათებლებია:
• უწყვეტობა: განმავითარებელი შეფასება არის არა ერთჯერადი მოვლენა, არამედ ერთიანი, უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სასწავლო პროცესთან ერთად. ის ხელს უწყობს მოსწავლის მიღწევების წარმოჩენას და მიუთითებს იმ ასპექტებზეც, სადაც მას დახმარება და მეტი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება;
• უკუკავშირი და მხარდაჭერა: განმავითარებელი შეფასების მთავარი მიზანია მოსწავლისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა, რომლებიც გაუმჯობესებას მოითხოვს. მასწავლებლები ამ უკუკავშირს იყენებენ მოსწავლის საჭიროებებისთვის სწავლების სათანადო მეთოდების მოსარგებად და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;
• შეფასების ფორმა: განმსაზღვრელი შეფასებისგან განსხვავებით (ქულების გამოყენება საერთო მიღწევების შესაფასებლად), განმავითარებელი შეფასებისას აქცენტი დაისმის სწავლაზე, წინსვლაზე, პროგრესზე და არა საბოლოო ქულის მინიჭებაზე;
• აღწერითი, მკაფიო ინსტრუქციები: განმავითარებელი შეფასებებიდან მიღებულ ინფორმაციას მასწავლებელი იყენებს სწავლების სტრატეგიების, ტემპისა და შინაარსის ცვლილებისთვის, მოდიფიცირებისთვის, რათა უკეთ დააკმაყოფილოს მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებები და შექმნას უფრო ეფექტური სასწავლო გარემო;
• მოსწავლეთა ჩართულობა: განმავითარებელი შეფასება აუცილებლად გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში. ის გამოიხატება მოსწავლეთა თვითშეფასებით და თანატოლთა შეფასებით, დისკუსიებით და ვიქტორინებით, რეზიუმიერებით და სხვა სახის აქტივობებით, სადაც შესაძლებელი იქნება პროგრესის დემონსტრირება;
• მრავალფეროვანი მეთოდები: განმავითარებელი შეფასებისას ფართოდ გამოიყენება ვიქტორინა, დისკუსია-დებატები, საგაკვეთილო ინტერაქციული აქტივობები და ა.შ. მეთოდები ორიენტირებულია საგნობრივ მოთხოვნებზე, კლასის მიღწევებსა და სასწავლო მიზნებზე.
განმავითარებელი დავალებების შესრულებისას აქტიურად გამოიყენება ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია:
• კითხვა-პასუხის რეჟიმი (პასუხი კითხვებზე: რატომ? როგორი? რანაირი? – და ა.შ.)
• დაასახელე…
• გამოყავი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები…
• მოიყვანე არგუმენტი…
• სხვადასხვა ხასიათის შემოქმედებითი პროექტები…
• კროსვორდები, რებუსები…
• შეცდომების შემცველი ტექსტები…
• შედარების ცხრილები და სხვ.
დავალებები შეიძლება იყოს ამ ტიპის:
ა) შეადგინეთ კროსვორდი ძირითად ცნებებზე დაყრდნობით:
• „მეურნეობის დარგები“, „გეოგრაფიული გარემო“, „კლიმატი“, „მეზობელი რეგიონები“, „ბუნებრივი რესურსები“…
ბ) ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „ჩვენი საქართველო“: მოსწავლეები იმეორებენ თარიღებს, ცნებებს, მოვლენებს, ფაქტებს, ისტორიული შინაარსის ცნობებს. შემდეგ ინტერესების მიხედვით იყოფიან ჯგუფებად:
• ერთი ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას, წარმოდგენას ან ვიზუალურ მასალას (რუკა, გერბი, დროშა…);
• მეორე – რამე ნაკეთობას „ძველი ქართველი ოსტატების მსგავსად“;
• სხვები გაითამაშებენ თეატრალიზებულ წარმოდგენას საქართველოს ისტორიული ყოფისთვის დამახასიათებელ რომელიმე თემაზე და ა.შ
გ) შეიძლება სათამაშო ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებაც, რომლებშიც კომპლექსურად იქნება გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მიდგომა, მაგალითად, „ჩვენი საქართველოს“ მიმართულებით მარტივი ინტერაქციული სახალისო დავალებები:
https://jeopardylabs.com/play/2022-12-17-237?fbclid=IwAR1ItENKenIEK33tsfvpDAa2peWttdnKHMwphOMFTg4-Fes_zMOxYms6pCY
https://jeopardylabs.com/play/2023-04-17-779?fbclid=IwAR3GoKFMC6H1uALfbRJ1JdJ7y-fs-D1BDFkVxabouF7soU1PW-JmvMEW2Vw
https://jeopardylabs.com/play/2023-04-17-669?fbclid=IwAR3Kwp_QDrt87JiA2JR_bGeS2u-BMLprJ8GjX3gYJTjEHroC0NI8f0pJRFQ
https://jeopardylabs.com/play/2023-04-17-407?fbclid=IwAR02MeMdKJteaiSsBFPaVNAeUf_zBQUiGvqaNGhF0zE5uBHLzTBasTTuFSs
https://jeopardylabs.com/play/2023-04-17-260?fbclid=IwAR0QSXDKLNv9ZPm_Ru6jU77AgXvI0sezR9ze3WuNaynrTAgdSI5aMngY3Oc
გ) ადაპტირებული დავალებები:
• მოამზადეთ პატარა დავალებები მოცემულ თემაზე (სუსტი მოსწავლისთვის);
• დაწერეთ ესე მოცემულ თემაზე (ყველასთვის);
• მოამზადეთ პრეზენტაცია გაკვეთილის თემის მიხედვით და წარმოადგინეთ კლასის წინაშე;
• შეადგინეთ კროსვორდი (ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის პასიური მოსწავლეებისთვისაც);
• მოამზადეთ პორტრეტი-ამოცანა (ყველასთვის) და სხვ.
განმავითარებელი შეფასება გადამწყვეტ როლს ასრულებს უფრო ეფექტური და პერსონალიზებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობაში. ის ეხმარება პედაგოგებს პრობლემების გამოვლენაში, იდენტიფიცირებასა და მიზნის შესაბამისი სწავლის მეთოდების ადაპტირებაში, ხოლო მოსწავლეებს აძლევს შანსს, თვალყური ადევნონ საკუთარ საქმიანობას, გაიგონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და ისწავლონ, „როგორ მიაღწიონ პროგრესს“.
მაგრამ განმავითარებელი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი პირობაა რეფლექსია. ის ეხმარება მოსწავლეს შედეგების დანახვაში, კორექციასა და სამომავლო გეგმის შედგენაში. ორივე მიდგომის ეფექტურად გამოყენება კი შესაძლებელს ხდის ყველა იმ მიზნის მიღწევას, რომლებსაც თანამედროვე განათლების სისტემა ემსახურება.
მეორე ნაწილი
განმავითარებელი შეფასების წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელი პირობაა მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების გააქტიურება. ამისთვის მასწავლებელი აუცილებლად მიმართავს კრიტიკული აზროვნების მრავალფეროვან ტექნოლოგიებს. ერთ-ერთ ეტაპს თავისთავად წარმოადგენს რეფლექსია.
რეფლექსია გამოცდილების, მოვლენის, სიტუაციის ან თემის შესახებ ღრმა და გააზრებული ფიქრის აქტია. ამ დროს ადგილი აქვს ინტროსპექციას, აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების კრიტიკულ გამოკვლევას; ეს არის სწავლისა და პიროვნული ზრდის საშუალება, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანებს შეუძლიათ, გააცნობიერონ თავიანთი გამოცდილება და შეაფასონ საკუთარი თავი. შესაბამისად, რეფლექსიის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია:
• ინტროსპექტივა (ლათ. „ვიხედები შიგნით”): ის გულისხმობს „შინაგან ხედვას“ და კონკრეტული მოვლენისა თუ გამოცდილების შესახებ საკუთარი აზრების, ემოციებისა და რეაქციების შემოწმებას. ის უბიძგებს ინდივიდებს, გამოიკვლიონ თავიანთი შინაგანი სამყარო, თვითშეგნება, უშუალოდ დააკვირდნენ თავიანთ ცნობიერს; ეს არის თვითდაკვირვების, საკუთარი აზრების იდენტიფიცირებისა და აღქმის გზა;
• გააზრებული ჭვრეტა: ეს არ არის მოვლენების მხოლოდ ზედაპირული გახსენება – გამოცდილების გააზრებული და ღრმა ჭვრეტაა. ის გულისხმობს დაფიქრებას სიტუაციის სხვადასხვა ასპექტსა და შედეგებზე, მათ გაანალიზებას და შესწავლას;
• ანალიზი და შეფასება: როდესაც ინდივიდი აანალიზებს თავისი ქმედების, ქცევისა და გადაწყვეტილების მიზეზებს, ის ასევე აფასებს თავის არჩევანს და განიხილავს ალტერნატიულ მიდგომებსაც, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებული და გაზიარებული ყოფილიყო;
• სწავლა და ზრდა: რეფლექსია სწავლისა და პიროვნული ზრდის ძლიერი ინსტრუმენტია. გამოცდილების ასახვით, წარმოჩენით, ინდივიდს შეუძლიათ ისწავლოს საკუთარი წარმატებებისა და შეცდომების მაგალითზე, უკეთ ჩამოაყალიბოს მომავალი გადაწყვეტილებები;
• თვითშემეცნება: რეფლექსიის საშუალებით ინდივიდი უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ თავს, უფრო ღრმად ხედავს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ღირებულებებს, რაც პიროვნული განვითარებისა და პოზიტიური ცვლილებების საფუძველია;
• პრობლემის გადაჭრა: რეფლექსია წარმოგვიდგება როგორც პრობლემის გადაჭრის ტექნიკა, რომლის საფუძველიც წარსული გამოცდილებაა;
• ცოდნის გამოყენება: რეფლექტორული აზროვნება საშუალებას აძლევს ინდივიდს, დაუკავშიროს თავისი გამოცდილება არსებულ ცოდნასა და თეორიებს. წინარე ცოდნისა და ახალი გამოცდილების ეს ინტეგრაცია აძლიერებს მასალის გაგებისა და გაცნობიერების დონეს;
• კონტექსტუალიზაცია: რეფლექსია ეფუძნება გამოცდილების ფართო კონტექსტს, რომელშიც აირეკლება გარე ფაქტორებისა და სხვადასხვა სიტუაციის გავლენა როგორც ინდივიდზე, ისე გარემომცველ სამყაროზე.
რეფლექსია ძირითადად წერილობითი და ზეპირი ფორმით ხორციელდება, მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო გზა – ფიქრის გზა: რამდენიმე წამით დაფიქრება საკუთარ გამოცდილებაზე. პედაგოგები ხშირად მიმართავენ ამ გზას მოსწავლეთა შედეგებისა და ემოციური ინტელექტის გასაუმჯობესებლად. მთავარია, რომ ინდივიდს შეუძლია, რეფლექსიით თავიის გამოცდილების, უწყვეტი სწავლისა და პროგრესის მნიშვნელობა დაინახოს, რისი წყალობითაც შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯებიც უფრო ცხადი გახდება.
საზოგადოდ, რეფლექსია და განმავითარებელი შეფასება ურთიერთდაკავშირებული ცნებებია, მაგრამ, როგორც წესი, სასწავლო პროცესთან მიმართებით მათ სხვადასხვა კონტექსტში განიხილავენ. სახელდობრ, რა ურთიერთმიმართება არსებობს ამ ორ ცნებას შორის?
I – უპირველესად, ეს არის მიზანი: რეფლექსია პირადი და ინტროსპექციული პროცესია, როდესაც ინდივიდი უღრმავდება თავის გამოცდილებას, აზრებს, ემოციებსა და ქმედებებს. ის მიზნად ისახავს საკუთარი სწავლის, ზრდისა და გამოცდილების გააზრებას და გაცნობიერებას; განმავითარებელი შეფასება კი საგანმანათლებლო შეფასების ინსტრუმენტია, რომელსაც მასწავლებლები იყენებენ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა სწავლის პროგრესისა და გაგების მონიტორინგის შესაფასებლად. მისი უპირველესი მიზანია, უზრუნველყოს მუდმივი უკუკავშირი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად;
II- დროის განაწილება: რეფლექსია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, გამოცდილების ან სასწავლო აქტივობის დაწყების წინ, მის დროს ან მის შემდეგ; განმავითარებელი შეფასება კი მუდმივი და უწყვეტი შეფასებაა, რომელიც სწავლის თანმხლები პროცესია და მიმდინარე აქტივობებთან ერთად მიმდინარეობს;
III – ფოკუსირება: რეფლექსია ფოკუსირებულია ინდივიდის აზრებზე, ემოციებსა და თვითშეგნებაზე. ის ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, საკუთარი გამოცდილებისა და პიროვნული ზრდის ღრმად გააზრება-გაცნობიერებას; განმავითარებელი შეფასება კი მოსწავლეთა სასწავლო პროგრესის მონიტორინგზე, შეფასებაზე, კონკრეტული სასწავლო მიზნების გააზრებასა და შესაბამისი პრობლემების იდენტიფიცირებაზეა აქცენტირებული;
IV – როლები/ფუნქციები: რეფლექსია ხშირად არის თვითმართული პროცესი, როცა ინდივიდები აფასებენ საკუთარ გამოცდილებასა და მოქმედებებს. ის შეიძლება ჩატარდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, მაგრამ მთავარი მონაწილე მაინც რეფლექსიაში ჩართული ინდივიდია; განმავითარებელი შეფასება კი მოიცავს როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსაც. მასწავლებლები მოსწავლის სწავლის შესაფასებლად შეიმუშავებენ განმავითარებელ შეფასებას, ხოლო მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ამ უკუკავშირის განხორციელებაში;
V – შედეგები: რეფლექსიის შედეგია პიროვნული პოტენციალის, გამჭრიახობისა და თვითშეგნების ზრდა-ამაღლება, განმავითარებელი შეფასების შედეგი კი გახლავთ უკუკავშირი, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმართვას. მაგრამ ორივე შემთხვევაში მასწავლებლები იყენებენ შედეგებს თავიანთი ინსტრუქციების შესასწორებლად, ხოლო მოსწავლეები – გაგების აქტისა და მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ამგვარი მიდგომით, რეფლექსია არის პერსონალური და ინტროსპექციული პროცესი, რომელშიც ინდივიდები ერთვებიან თვითშემეცნებისა და გაგების მოსაპოვებლად, ხოლო განმავითარებელი შეფასება საგანმანათლებლო შეფასების ინსტრუმენტია, რომელსაც მასწავლებლები იყენებენ სწავლის პროცესში მოსწავლეთა სწავლის პროგრესის შესამოწმებლად და გასაუმჯობესებლად. ორივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეფექტური სწავლისა და ზრდის ხელშეწყობაში, მაგრამ მოქმედებს სხვადასხვა დონეზე და განსხვავებული მიზნებით.
რეფლექსიისა და განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გამო საინტერესოა იმაზე დაფიქრება, მაინც რით გამოიხატება მათ შორის კავშირი; როგორ გამოიყენონ ეს კავშირები დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა; რა ფორმით გამოხატონ; როგორია ყველაზე მარტივი, მოქნილი მიდგომები.
ტრადიციულ გაკვეთილზე რეფლექსიას ძირითადად მიმართავენ ბოლოს, III ეტაპზე, როდესაც ხდება ნასწავლი მასალის გააზრება ახალ კონტექსტში. ამ დროს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა მასწავლებლის მიერ რეფლექსიის ისეთი ფორმების გამოყენება, რომლებიც ეყრდნობა ადამიანის საქმიანობის ოთხ ძირითად სფეროს:
ფიზიკურს (აქტივობა: მოვასწარი/ ვერ მოვასწარი);
სენსორულს (შეგრძნება: კომფორტულია/ არაკომფორტულია);
ინტელექტუალურს (დაფიქრება: რა გავიგე/ რა ვერ გავიგე – რა სირთულეები განვიცადე);
ემოციურს/სულიერს (გავხდი უკეთესი/ უარესი, რაღაც შევმატე/ დავაკელი საკუთარ თავს).
ამ ეტაპს არის მიბმული რეფლექსიის კლასიფიკაციაც:
განწყობისა და ემოციური მდგომარეობის რეფლექსია;
საქმიანობის რეფლექსია
სასწავლო მასალის შინაარსის რეფლექსია.
რეფლექსიის ნიმუშები
განწყობისა და ემოციური მდგომარეობის რეფლექსია
• ადამიანის ემოციური მდგომარეობის გამომსახველი ბარათების გამოყენება (მხიარული… მოწყენილი…);
• მოწონების ნიშნად ცერა თითის ჩვენება – „ზემოთ“, „ქვემოთ“;
• „მზე“ – გამომივიდა, „მზე და ღრუბელი“ – ნაწილობრივ გამომივიდა, „ღრუბელი“ – არ გამომივიდა;
• „მხიარული ჯუჯა“ – ყველაფერი კარგადაა, „მოწყენილი ჯუჯა“ – არ გამოვიდა;
• კითხვები: ვიგრძენი, რომ…, საინტერესო იყო…, გამაოცა…, გაკვეთილზე მუშაობით მე…, მე მომინდა…, ყველაზე უკეთ გამომივიდა…, ჩემი განწყობილება…, მაიძულა, მეფიქრა…, მაიძულა განზოგადება…, შეგვიძლია, შევაქოთ თანაკლასელები…
საქმიანობის რეფლექსია ძირითადად გვხვდება საშინაო დავალების შემოწმების, პროექტული საქმიანობის დასკვნით და გაკვეთილის ბოლო ეტაპებზე. ის ხელს უწყობს მიზნის მიღწევის გზებისა და მეთოდების გააზრებას, მათ შორის ყველაზე რაციონალურის პოვნას, ინდივიდუალური წვლილის წარმოჩენას დავალების შესრულებაში. მაგალითად, ამ მიზნით დაწყებით საფეხურზე ძირითადად იყენებენ მარტივი ფორმის სქემებს:
• „წარმატების კიბე“: ქვედა საფეხურზე „კაცუნას“ ხელები აქვს დაშვებული – არაფერი გამოვიდა; შუა საფეხური – „კაცუნას“ ხელები განზე აქვს გაშლილი – გამიჭირდა, ზედა საფეხური – „კაცუნას“ ხელები მაღლა აქვს აწეული – ყველაფერი გამომივიდა;
• „წარმატების ხე”: მწვანე ფოთოლი – „დავალება შეცდომების გარეშე“, ყვითელი ფოთოლი – „1 შეცდომა“, წითელი ფოთოლი – „2-3 შეცდომა“;
• „მატარებელი“: დაფაზე მიმაგრებულია მატარებელი ვაგონებით, რომლებზეც მითითებულია გაკვეთილის ეტაპები. ბავშვებს სთავაზობენ, ვაგონებში განათავსონ „ემოციები“, რომლებიც დავალებასთან დაკავშირებულ განწყობას გამოხატავს: „მხიარული სახე“ – საინტერესო იყო, „სევდიანი სახე“ – უინტერესო იყო;
• „მინდორი“: დაფაზე განთავსებულია „ყვავილოვანი მინდორი“, ყოველი ყვავილი გაკვეთილის ეტაპებს შეესაბამება (ტექსტთან მუშაობა, ფონეტიკური სავარჯიშოები და ა.შ.). იქვეა „პეპელაც“ – მოსწავლე ამაგრებს პეპელას იმ ყვავილზე (გაკვეთილის ეტაპზე), რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა;
• კითხვები: მე გამომივიდა…, მე ვისწავლე…, დღეს გაკვეთილზე მე შევძელი…, გაკვეთილმა მომცა…, გაკვეთილის დროს მე…
იგივე მიდგომები მასწავლებელმა შეიძლება არა მარტო გაკვეთილის, არამედ თემის გავლის და, საზოგადოდ, ნებისმიერი აქტივობის შესრულების დროს გამოიყენოს.
სასწავლო მასალის შინაარსის რეფლექსია
• ე.წ. „რობინის რაუნდი”: წრედ მსხდომი მოსწავლეები წარმოთქვამენ ერთ წინადადებას, ფრაზის დასაწყისს კი არჩევენ დაფაზე განთავსებული „რეფლექსიური ეკრანიდან“:
„დღეს გავიგე…, საინტერესო იყო…, ძნელი იყო…, ვასრულებდი დავალებებს…, მივხვდი, რომ…, ახლა შემიძლია…, ვგრძნობდი, რომ…, მე შევიძინე…, ვისწავლე…, მოვახერხე…, შემეძლო…, ვცდი…, გამიკვირდა…, მომცა პრაქტიკული მაგალითი…, მინდოდა…, მნიშვნელოვანი მომეჩვენა…, გაკვეთილის მასალა ჩემთვის იყო…, ახლა შემიძლია…, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…;
• „პლუს-მინუს-საინტერესოა“ (ავტორი – ედუარდ დე ბონო) – შეჯამებისთვის მოსწავლე წერილობით/ზეპირად ჩამოთვლის ყველა „პლუსს“ (რაც მოეწონა, მისაღები იყო მისთვის, ემოციური იყო), ყველა „მინუსს“ (რაც რთული, გაუგებარი, უსარგებლო აღმოჩნდა) და ყველა „საინტერესო“ საკითხს (ასევე იმასაც, რისი ინტერესიც გაუჩნდა საკითხის შესწავლის დროს);
• „სინქვეინი“ (ავტორი – ამერიკელი პოეტი ადელაიდა კრეპსი): I ხაზზე იწერება თემის განსაზღვრა; II ხაზზე წერია ორი ზედასართავი სახელი; III ხაზზე სამი სიტყვით არის ასახული ქმედება; IV ხაზზე ზედასართავი სახელის განმარტებაა ოთხი სიტყვით; V ხაზზე დახასიათებაა ხუთი სიტყვით; VI ხაზზე არსებითი სახელია, რომელიც თემის შვიდივე ხაზს აერთიანებს. ნიმუშად იხ. სურ.1:
სინქვეინი მოსწავლის პასუხი
ჩვენი საქართველო, VI კლასი – საქართველო XI საუკუნეში
– იოანე მარუშისძე;
– ჭკვიანია, გონიერი, მიზანსწრაფული
– მოაგვარებს პრობლემას, იბრძვის, ფიქრობს, აანალიზებს;
– მან ხელი შეუწყო ქვეყნის გაერთიანებას;
– ყოჩაღ!
სურ.1
• „ინსერტი“, რომელიც ივსება ეტაპობრივად. ნიმუშად იხ. სურ.2:
სურ.2.
• „კლასტერი“ – ურთიერთდაკავშირებული ცნებების ფიქსაცია. ის შეიძლება წინასწარ გაამზადოს მასწავლებელმა და მასში მონიშნოს მხოლოდ შემაჯამებელი ფრაზის ადგილი. ნიმუშად იხ. სურ. 3:
სურ.3.
• „შეჯამების ბარათები“: ნიმუშად იხ. სურ. 4, 5:
ვიცოდი გავიგე მინდა, ვიცოდე
საქართველოში არის კავკასიის მთები. კავკასიის მთები ამ რეგიონში ყველაზე მაღალი ყოფილა. უახლოესი მაღალი მთები კიდევ სად არის?
და ა.შ.
იგივე მიდგომები მასწავლებელმა წარმატებით შეიძლება გამოიყენოს განმავითარებელი შეფასების დროსაც.
რეფლექსია და განმავითარებელი შეფასება საგანმანათლებლო პროცესში ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. განმავითარებელი შეფასება აძლევს მოსწავლეებს უკუკავშირს უშუალოდ სასწავლო აქტივობების დროს, ხოლო რეფლექსია საშუალებას აძლევს მათ, ინტროსპექტულად გააანალიზონ თავიანთი პროგრესი და გაიგონ და გაიაზრონ ის ამ უკუკავშირის საფუძველზე.
ორივე პროცესის წარმართვა მასწავლებლისა და მოსწავლის კონსტრუქციულ ურთიერთობას გულისხმობს. როგორც მაიკლ ბარბერი, განათლების საკითხებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მრჩეველი მიუთითებდა, „მასწავლებლები გულდასმით გამოამუშავებინებენ მოსწავლეებს იმ უნარებს, რომლებიც მათი წარმატების პირობაა“.
საკითხის ღრმად შესწავლა გვიჩვენებს, რომ „უნარები“ პირობითი ცნებაა ან, უფრო ზუსტად, „კრებითი ცნება“, რადგან თავად უნარის გამომუშავების პროცესია ისე გააზრებული, რომ შეიძლება, ხმამაღლა ვთქვათ: თანამედროვე მასწავლებელი აღარ არის უბრალოდ ცოდნის გადამცემი, ის აღარც მხოლოდ ფასილიტატორია. ის წარმოგვიდგება უფრო როგორც „აქტივატორი“, რომელიც, ჯონ ჰეტის სიტყვებით, „არის ის, ვინც ზემოქმედებს მოსწავლის ამბიციაზე, პროვოცირებას უწევს მის აზრებს, უსვამს მნიშვნელოვან, საჭირო კითხვებს, უპირისპირდება რეალობას და აიძულებს, მიიღოს მის წინაშე არსებული გამოწვევად“.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი, „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება, სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018
2. გიორგი ნოზაძე, „კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები“ https://mastsavlebeli.ge/uploads/nozadze.pdf
3. Sir Michael Barbe. How could and should schooling look in 2030. https://brightthemag.com/how-could-and-should-schooling-look-in-2030-ff23f6d09f6c
4. რეფლექსია და სასწავლო პროცესი https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/firchxadze%20-%20refleqsia%20da%20saswavlo%20procesi%201.pdf
5. მაია ფირჩხაძე, „კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია“https://mastsavlebeli.ge/uploads/kritikuli%20azrovnebis%20ganvitarebis%20zogierti%20teqnologiebi%20da%20strategiebi.pdf
6. მაია ფირჩხაძე, „მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის აქტივაცია სწავლების მეორე საფეხურზე“. ბმული მითითებულ დროზე: https://mastsavlebeli.ge/?p=1653