ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

პროცედურული წერა

0

რა არის პროცედურული წერა?

პროცედურული წერისას  იქმნება საინფორმაციო ტექსტი, რომელიც გვაწვდის ინსტრუქციებს, როგორ უნდა შეასრულოს მკითხველმა მარტივი პროცედურა ნაბიჯ-ნაბიჯ ფორმატში.

პროცედურული წერის  ფორმატში შეიძლება წარმოდგენილი იყოს:

  • რეცეპტი – როგორ მოვამზადოთ რამე;
  • მიმართულება – როგორ მივიდეთ ერთი ადგილიდან მეორეზე;
  • გზამკვლევი – მაგალითად, როგორ შევკრათ ფეხსაცმლის თასმები;
  • წესები – მაგალითად, სამაგიდო თამაში;
  • უსაფრთხოების პროცედურა – გეტყვით, თუ როგორ უნდა დარჩეთ უსაფრთხოდ, მაგალითად, თუ ხანძარია;
  • ინსტრუქციის სახელმძღვანელო – როგორ გამოვიყენოთ ახალი სათამაშო.

პროცედურული წერის საერთო მახასიათებლები

  • შესავალი, რომელიც ნათლად ასახავს მკითხველის ტექსტის მიზანს – ეს შეიძლება იყოს ერთი მარტივი წინადადება  ან პატარა აბზაცი;
  • დანომრილი ინსტრუქციები, რომლებიც მკითხველმა უნდა დაიცვას .
  • ბრძანებები, როგორიცაა  ,,აურიეთ ინგრედიენტები” ან ,,გააკეთეთ ეს” – ზმნები, რომლებიც კონკრეტულად ეუბნება მკითხველს, რა მოქმედება უნდა შეასრულოს იმ მომენტში;
  • მეორე პირის ენა (შემდეგ თქვენ დაამატეთ…) – აძლიერებს მოთხოვნას, რომ მკითხველმა ზუსტად შეასრულოს ინსტრუქცია;
  • აწმყო დრო – რადგან მკითხველი, სავარაუდოდ, კითხვის დროს ან ძალიან მალე აკეთებს ამ ყველაფერს;
  • პროცედურის სპეციფიკური ლექსიკა – მაგალითად, რეცეპტში გამოცხობასთან დაკავშირებული ტერმინები.

შენიშვნა: შეიძლება, ყველა პროცედურულ ტექსტს არ ჰქონდეს ასეთი მახასიათებლები, მაგრამ ძირითადად  ისინი საერთოა ბევრი ტექსტისთვის.

 

როგორ დავწეროთ პროცედურული ტექსტი (პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის)

  • ახსენი შენი მიზანი სათაურში. პროცედურული ტექსტის მთელი აზრი არის იმის ახსნა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ რაღაც. მაგალითად, „როგორ მოვხარშოთ კვერცხი“.
  • ჩამოთვალე ყველა ინგრედიენტი/აღჭურვილობა  თანმიმდევრობით.
  • ჩაწერე ყველა ნაბიჯი სწორი თანმიმდევრობით, რათა მკითხველმა შეძლოს პროცედურის სწორად შესრულება.
  • დაწერე სია. მკითხველს პირდაპირ უნდა უთხრა, რა უნდა გააკეთოს ეტაპობრივად. ჩაწერე ნაბიჯები, როგორც პუნქტები ან დანომრილი სია, რათა თანმიმდევრობა მაქსიმალურად მკაფიო იყოს.  ასევე შეგიძლია, გამოიყენო სიტყვების თანმიმდევრობა, როგორიცაა „პირველი…“ და „შემდეგ…“, რათა მკითხველმა შეძლოს, უფრო ადვილად მიჰყვეს ნაბიჯებს თანმიმდევრობით.
  • გამოიყენე მარტივი ენა. შენი მიზანია, დაეხმარო მკითხველს შეცდომის გარეშე დაასრულოს ეს პროცედურა.
  • დაურთე დიაგრამები და სურათები. ბევრი ადამიანი ვიზუალურად უკეთ აღიქვამს.  დიაგრამებს უნდა ჰქონდეს ეტიკეტირება, რათა მკითხველმა დაინახოს, როგორ უნდა გამოიყენოს  აღჭურვილობა.  შეგიძლია ვიდეოს ჩართვაც, რადგან ბევრი ადამიანისთვის ვიდეოს თვალყურის დევნება უფრო ადვილია, ვიდრე დაწერილი ტექსტის წაკითხვა.
  • ახსენი შედეგი. მკითხველმა უნდა იცოდეს, როგორი უნდა იყოს დასრულებული შედეგი, რას უნდა მიაღწიოს პროცედურის ბოლოს. ეს ნიშნავს, რომ  უნდა დაწერო შედეგის მკაფიო ახსნა. ეს უნდა იყოს პროცედურული ტექსტის ბოლოს, მას შემდეგ რაც ჩამოთვლი ყველა საფეხურს.
  • წაიკითხე, როცა დაასრულებ პროცედურული ტექსტის დაწერას. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ბოლომდე წაიკითხო და დარწმუნდე, შეძლებ თუ არა პროცედურის დასრულებას შენ მიერ დაწერილის მიხედვით? გადაამოწმე, ხომ არაფერი გამოტოვე.

პროცედურული წერა რეალურად ძალიან მარტივი პროცესია.

უმჯობესია, ახსნის დროს მოსწავლეებს ვაჩვენოთ ტექსტური ნიმუში ან ვიდეომასალა.

 

ტექსტური ნიმუში:  როგორ მოვამზადოთ  ჟელეს კანფეტი სახლში

ჟელეს კანფეტი ძალიან გემრიელია. გარდა ამისა, მისი მომზადება ადვილიც არის. ყურადღებით წაიკითხე ქვემოთ მოცემული რეცეპტი. იყიდე ამ რეცეპტის მიხედვით ყველა საჭირო პროდუქტი. შემდეგ კი შეუდექი საქმეს.

 

რეცეპტი

საჭირო პროდუქტი:

შაქარი – 150 გრამი;

ფორთოხალი – 3 ცალი;

ლიმონი – ნახევარი;

ჟელატინი – 25 გრამი;

წყალი – 4 ჩაის ჭიქა.

 

 

მომზადების წესი:

  • ჟელატინს დაასხი ცხელი წყალი.
  • ცალკე გაწურე ფორთოხალი და ლიმონი. წვენი ჩაასხი ჭიქაში.
  • ფორთოხლისა და ლიმონის დარჩენილი

ქერქი ჩაყარე ქვაბში. დაასხი ცივი წყალი, დადგი ცეცხლზე და ადუღე მხოლოდ ერთ წუთს.

  • 40-45 წუთის შემდეგ ქვაბში მხოლოდ ნახარში დატოვე. ხილის ქერქი აღარ

გჭირდება. ნახარშს დაუმატე შაქარი და ჟელატინიანი წყალი. ისევ დადგი

ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღო.

  • შემდეგ დაუმატე ფორთოხლისა და ლიმონის წვენი.
  • ჩაასხი ჟელე ფორმებში და შედგი მაცივარში 5-6 საათით.
  • გახსოვდეს, ცეცხლი ბავშვისთვის საშიშია. ამიტომ კარგი იქნება, თუ ჟელეს კანფეტს უფროსთან ერთად გააკეთებ. იმედია, გემრიელი კანფეტი გამოგივა. მთავარია ზუსტად დაიცვა ყველა მითითება.

 

ვიდეო ნიმუში როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლში

 

გამოყენებული რესურსები:

https://www.twinkl.com/teaching-wiki/procedural-writing

http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/portoxlis%20jele.pdf

 

 

ავტორიტარიზმი სკოლაში

0

ბოლო წლებია რუსეთის საჯარო სკოლებში მთელი მსოფლიოსთვის თვალშისაცემი სასწაულები ხდება. 2022 წლის სექტემბრიდან, ყოველ ორშაბათს, ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიის დასრულებისთანავე მოსწავლეები ვალდებულნი არიან დაესწრონ სპეციალურ გაკვეთილს, რომელსაც „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ (Разговоры о важном) ჰქვია. ზოგიერთი ფედერალური ტელევიზია საგანგებოდ სტუმრობს სხვადასხვა სკოლებს და ცნობილი ადამიანების მიერ ჩატარებულ საუბრებს ფირზე იწერს, რათა შემდეგ დილის გადაცემით აჩვენონ ასორმოცდაათმილიონიან აუდიტორიას.

ერთი შეხედვით, გაკვეთილებს კეთილშობილური მიზანები აქვთ. ბავშვები თავიანთი ქვეყნის ღირსშესანიშნეობებს ეცნობიან, ათვალიერებენ ბუნების უნიკალურ ძეგლთა ფოტოებს, იხსენებენ საკაცობრიო მნიშვნელობის ისტორიულ ფიგურებს, მეფეებსა თუ მეცნიერებს, პოეტებსა თუ ხელოვანებს. მოსწავლეები ეცნობიან კონსტიტუციას, სამოქალაქო ვალდებულებებს, რომლებიც მომავალში ძირითადი კანონის ძალით დაეკისრებათ. ალბათ, ყველა ქვეყანა უნდა ზრუნავდეს ადამიანებს შორის პატრიოტიზმის, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებაზე და ამ საქმეს სკოლის დაბალი საფეხურიდან უნდა იწყებდეს.

თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს უბრალო დაკვირვებით ჩანს.

მშობლების ნაწილი საიდუმლო ცნობებს აწვდის დამოუკიდებელ რუსულ მედიას. ისინი შეძრწუნებულნი არიან გაკვეთილების შინაარსიით. არაერთ სკოლაში „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ უმალვე გადაიქცა იაფფასიანი პროპაგანდის ასპარეზად. მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ორშაბათის დილას მთლიანად უთმობენ უკრაინასთან ომის თემატიკას. ცხადია, სიტყვა „ომს“ არც ახსენებენ და სასაკლაოს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ. თუმრე, ძალიან ბევრი დრო იხარჯება იმ კრიტერიუმებზე მსჯელობისთვის, რომელთა ძალითაც უკრაინელთა უდიდესი უმრავლესობის „ნაცისტურ წარმონაქმნად“ განთესვა შეიძლება. მეხუთეკლასელებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეასწავლიან სამხედრო ოპერაციის სახელგანთქმულ „გმირთა“, მეზობელი ქვეყნის ამაოხრებელთა ბიოგრაფიებს.

არაფორმალური სილაბუსის მიხედვით მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად უნდა ეძიონ პასუხები კითხვებზე: რატომ არ უნდა არსებობდეს უკრაინის სახელმწიფო? როგორ უნდა გამოვიყენოთ ყირიმის შემოერთების გამოცდილება სხვა ტერიტორიების ანექსიის დროს? როგორ დავშალოთ ევროპის კავშირის? და ა.შ.

საუბედუროდ, პროპაგანდისტული სწავლების იდეოლოგები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თეორიული და კონცეპტუალური საკითხების განსჯით. ისინი მოსწავლეთა ყურადღებას პრაქტიკულ გარემოებებზეც ამახვილებენ. მაგალითად, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, პედაგოგები „სამშობლოს დაცვის“ თემაზეც გაუთავებლად ქადაგებენ. თანამედროვე რუსეთში „სამშობლოს დაცვა“ იარაღის ხელში აღებას ნიშნავს, თანაც საკუთარი საზღვრების დაცვის მიზნით კი არა, არამედ მომიჯნავე სახელმწიფოთა გაქრობა-შემოერთების განზრახვით.

საქართველოში ყველა რუსი ერთნაირი ჰგონიათ, ფიქრობენ, რომ ხალხი ბედნიერია ოცდახუთწლიანი ავტოკრატიის საქმიანობით და წინააღმდეგობის გარეშე ემორჩილება თავსმოხვეულ წესრიგს. საქმე გაცილებით სერიოზულადაა. დემოკრატიული პრესა თითქმის ყოველთვიურად აქვეყნებს ცნობებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა პროტესტის თაობაზე. ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოში ჯერ კიდევ შემორჩნენ მასწავლებლები, რომლებიც ჰუმანიზმის, მშვიდობისა და სამშობლოს ცნებებს ერთმანეთისგან არ აცალკევებენ. ისინი „საუბრებისთვის“ გამოყოფილ დროს მათემატიკის ოლიმპიადისთვის შედგენილი დამატებითი ამოცანების ამოსახსნელად იყენებენ, პროპაგანდისტული რიტორის ნაცვლად ნოვგორიდის რესპუბლიკის გამოცდილებას მიმოიხილავენ, ომს ომად მოიხსენიებენ, მშვიდობას ნორმალური რუსეთის შექმნის წინაპირობად მიიჩნევენ და ა.შ.

ხელისუფლება ამგვარ შემთხვევებს ნაკლებად ახმაურებს, ოფიციალური პირები ცდილობენ ლოკალური რეპრესიების საშუალებით შეავიწროვონ „საუბრების“ მიმართ გულგრილად განწყობილი პედაგოგები. პატრიოტიზმის გაკვეთილების ხელშესაწყობად და ურჩი კადრების გასაკონტროლებლად დიდი ქალაქების სკოლებში მეთვალყურეობის რეჟიმი უკვე დაწესდა. ორშაბათს დილას გასამართ ღონისძიებებს სასწავლებლის ადმინისტრაციის წევრები, ქალაქის საბჭოს წარმომადგენლები და „დამსმენებიც“ ესწრებიან, მასწავლებელთა ყველა სიტყვა იწონება, მოვლენილი პირები სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებულ მოსაზრებას ადგილზევე ახშობენ.

რუსული მაგალითი საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, თუ რა არის ელემენტარული, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მეცნიერებების საჯარო სკოლებში სწავლების დროს:

  1. გაკვეთილის შინაარსზე გავლენას არ უნდა ახდენდეს პარტიული კონიუნქტურა და დღის წესრიგი;
  2. მასალა არ უნდა იყოს პროპაგანდისტული, ტექსტები მოსწავლეებს აბოლუტური, უცილობელი ჭეშმარიტების შესახებ არ უნდა მოუთხრობდნენ.
  3. მასწავლებელსა და მოსწავლეებს თემატიკაზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეთ.
  4. გაკვეთილზე აკადემიური თავისუფლების სულისკვეთება უნდა სუფევდეს, პროცესის მონაწილეებს არ უნდა ჰქონდეთ დასმენის, შევიწროვების შიში.
  5. სამშობლოს ინტერესები და ზოგადჰუმანური ღირებულებები არ შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ.

 

 

 

როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სწავლით

0

ძნელად იპოვით ისეთ მშობელს, რომელსაც არ სურს, მისი შვილი ხალისით და გატაცებით სწავლობდეს. სწავლა ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არცთუ იშვიათად ჩნდება კითხვა, როგორ დავაინტერესოთ ის სწავლით.

პატარები ადრეული ასაკიდან მიისწრაფვიან, შეიცნონ გარემომცველი სამყარო ახალი ინფორმაციის ათვისებით და ახალი ჩვევების გამომუშავებით. ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერ ახალს. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად შემეცნებისადმი ეს ბუნებრივი სწრაფვა ხშირად იკარგება, ბავშვი უხალისოდ დადის სკოლაში და არავითარ ინტერესს არ იჩენს სწავლის მიმართ. ასეთ დროს, ნაცვლად პრობლემის მოგვარებისა, სკოლა და ოჯახი ერთმანეთის დადანაშაულებას იწყებენ. პრაქტიკა მოწმობს, რომ ასეთი დაპირისპირება პრობლემას მოგვარების ნაცვლად უფრო მეტად ამძაფრებს.  სკოლასა და ოჯახს თავ-თავისი ადგილი აქვთ. ერთი მეორეს ვერ შეცვლის. საეჭვოა, სკოლამ შეძლოს იმის გაკეთება, რაც მშობლის გასაკეთებელი იყო ჯერ კიდევ ბავშვის სკოლაში შეყვანამდე, ისევე როგორც მშობელს პედაგოგებთან თანამშრომლობის გარეშე გაუჭირდება, სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოს ბავშვს.

არსებობს სტრატეგიები სწავლის მიმართ ბავშვის ინტერესის გასაძლიერებლად.

 

როგორ შევაყვაროთ ბავშვს სწავლა

* უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ კომფორტული და მშვიდი სასწავლო გარემოს შექმნაზე. სწავლა-სწავლების პროცესი ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს არ უშლის გარე გამღიზიანებლები: სტრესი, უგუნებობა, თავის ტკივილი, შიმშილი. სამეცადინოდ ბავშვი უნდა დაჯდეს გამოძინებული, დასვენებული, გამოკვებილი და კარგ განწყობაზე მყოფი.

* ვიზრუნოთ თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. თუ მოზარდს აქვს შინაგანი რწმენა, რომ ის ჭკვიანი და ნიჭიერია, სწავლის სურვილი არ გაუქრება, ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქით, რომ გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა. ნუ გავუშვებთ შესაძლებლობას ხელიდან, ვუთხრათ, თუ როგორ ვამაყობთ მისით, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ქება უნდა იყოს დამსახურებული და გამართლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ეფექტი ძალიან სწრაფად გაქრება.

* დავანახოთ ბავშვს მის სასკოლო ცხოვრებაში ჩვენი ჩართულობა. დავინტერესდეთ იმით, რაც მას აინტერესებს, მონაწილეობა მივიღოთ სასკოლო ღონისძიებებში.

* ნუ დავიზარებთ ბავშვისთვის სიურპრიზების მოწყობას. საიდუმლო არა არის, რომ რუტინა უარყოფითად აისახება მოტივაციაზე. საყვარელი საქმეც კი დროდადრო მოსაბეზრებელი ხდება მოვალეობათა შესრულების უსასრულო, ციკლური ხასიათის გამო. იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც მოსწონთ სწავლა, დროდადრო ენთუზიაზმი უქრებათ, განსაკუთრებით – დღესასწაულებისა და ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ. ასეთ დროს შევეცადოთ, გავამრავალფეროვნოთ მისი წახალისების არსენალი.

* შეძლებისდაგვარად შევასუსტოთ კონტროლი. რაც უფრო ემატება ბავშვს ასაკი, მით უფრო მეტად სჭირდება დამოუკიდებლობა და მისი საზღვრების პატივისცემა. უფროსებმა უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი; ერთი მხრივ, ვიცოდეთ, რითი ცხოვრობს ბავშვი, მეორე მხრივ კი თანდათან შევასუსტოთ კონტროლი იქ, სადაც ბავშვს თავისუფლად შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება. თუ საქმე ეხება სწავლას, უზომო კონტროლმა შესაძლოა მოზარდს საერთოდ დაუკარგოს სწავლის სურვილი. ამიტომ, ნაცვლად ქულების შემოწმებისა, ვკითხოთ, რა ისწავლა, რა გაიგო ახალი, რამ გააკვირვა, რა მოეჩვენა საკამათოდ, ანუ გამოვიჩინოთ ინტერესი არა ქულების, არამედ თავად სასწავლო პროცესის მიმართ. ბავშვისთვის ავტორიტეტული უფროსის გულწრფელი ინტერესი მისი პიროვნების მიმართ, მისი მხარდაჭერა ძლიერი სტიმულია შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.

* შევეცადოთ, ბავშვის ინტერესები დავუკავშიროთ სასკოლო საგნებს. მოზარდებს  მიაჩნიათ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა არაფერში გამოადგებათ და უბრალოდ დროს კარგავენ. კარგი იქნება, თუ ვაჩვენებთ, როგორ დაეხმარება ეს ცოდნა მომავალში, გაუადვილებს ცხოვრებას, დაეხმარება, გახდეს გარშემო მყოფთათვის საინტერესო ადამიანი. თუ ბავშვი ოცნებობს, გახდეს მწერალი, მას დასჭირდება ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა. თუ სურს, გახდეს კონსტრუქტორი – მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნა მისთვის აუცილებელია. უფრო მეტიც: მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ მოზარდს, რომ სწავლა მხოლოდ სკოლით არ შემოიფარგლება. სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება, არა იმიტომ, რომ „უნდა“ ისწავლოს, არამედ იმიტომ, რომ ეს პროცესი მართლაც ძალიან საინტერესოა.

* ვესაუბროთ ბავშვს, მოვუყვეთ ჩვენი სკოლის წლების შესახებ. ასეთი საუბრები დაგვეხმარება, გამოვიწვიოთ მასში ინტერესი სკოლის მიმართ და გავანეიტრალოთ შესაძლო შიშები. გავუზიაროთ ჩვენი მოგონებები საყვარელ მასწავლებლებზე, საყვარელ საგნებზე, სასკოლო მიღწევებზე, ოლიმპიადებში მონაწილეობაზე ან სასკოლო კონკურსებში გამარჯვებაზე. დავათვალიეროთ მასთან ერთად ჩვენი სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოები. მნიშვნელოვანია, ჩამოვუყალიბოთ მას დადებითი დამოკიდებულება სკოლის როგორც ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის მიმართ. რაც უფრო მეტად გაჟღერდება სიტყვები „სწავლა“, „განათლება“ დადებით კონტექსტში, მით უფრო გაიზრდება ბავშვის ინტერესი ახალი ცოდნის შეძენის მიმართ.

* ადრეული ასაკიდან ვუკითხოთ ბავშვს წიგნები, ჩავუნერგოთ მათი სიყვარული. ეს არის ახალი ცოდნის შეძენისათვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპი.

* გვჯეროდეს ბავშვის, მისი შესაძლებლობების.  უბრალოდ კი არ ვუმეოროთ: „შენ შეგიძლია“, „შენ გაქვს ამის უნარი“, „შენ მიაღწევ წარმატებას ცხოვრებაში“ და ა.შ., – მართლა უნდა გვჯეროდეს ამის. სხვაგვარად ბავშვი ჩვენს სიტყვებში სიყალბეს იგრძნობს. ბევრ მშობელს მართლა არ სჯერა საკუთარი შვილის, მისი შესაძლებლობების. ეს დაურწმუნებლობის გრძნობა გადაეცემა ბავშვსაც და შიშს უჩენს სასწავლო პროცესის მიმართ. შიში კი, თავის მხრივ, ბლოკავს ტვინის შემეცნებით უნარებს. ასე აღმოჩნდება ის მოჯადოებულ წრეში, საიდანაც გამოსვლა ადვილი არ არის.

დღეს მოზარდებს უწევთ უზარმაზარი მოცულობის ახალი ცოდნის ათვისება, უნარების დაუფლება და ეს ყველაფერი ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ფსიქიკას ძალიან მგრძნობიარეს და  მყიფეს ხდის. საჭიროა, ბავშვს გამუდმებით ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დავუჭერთ მხარს და არ განვიკითხავთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თვითდინებაზე მივუშვათ, თვალი დავხუჭოთ ბავშვის სიზარმაცეზე, რასაც მოისურვებს, ყველაფრის გაკეთების უფლება მივცეთ. გარკვეული წესებისადმი მორჩილება მისთვის სავალდებულო უნდა იყოს, მაგრამ იმავდროულად  ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს და თუ რამე აკრძალვას ვუწესებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვღელავთ მასზე, მის მომავალზე.

* მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, თქვას სათქმელი, ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვესაუბროთ მას, განვიხილოთ ახალი ამბები, ფილმები, ვიმსჯელოთ წაკითხულ წიგნებზე და ა.შ. საუბრის დროს ნუ დავთრგუნავთ, ნუ გავაუფასურებთ მის თვალსაზრისს, ნუ შევაწყვეტინებთ საუბარს. მნიშვნელოვანია ბავშვები იზრდებოდნენ ისეთ გარემოში, სადაც წახალისებულია საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარი თვალსაზრისის ქონა და არგუმენტირება. ყოველთვის ვთხოვოთ ბავშვს საკუთარი აზრის დასაბუთება, მაგრამ თუ გვეჩვენება, რომ არგუმენტი არ არის საკმარისად დამაჯერებელი, დელიკატურად, მეგობრულად, მშვიდად, თავაზიანად მივუთითოთ ამაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, განვუვითაროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა და, ამასთან ერთად, ლოგიკური აზროვნების უნარიც, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიპოვოთ მიდგომა, რომელიც უკეთესად იმუშავებს კონკრეტულ ბავშვთან. გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, მოთხოვნილებები, ინდივიდუალურობა და სწავლაც მისთვის სახალისო და სასიამოვნო საქმიანობად იქცევა.

ბენჯამინ ფრანკლინის “13 სათნოება”

0

მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საგნობრივი ცოდნის გადაცემისას ინტეგრირებულად შეეხოს ისეთ ღირებულებებს, რომლებიც არ ცვდება და არასოდეს ბერდება. „ერთი საკუთარი ნაკლის გაცნობიერება უფრო სასარგებლოა, ვიდრე სხვისი ათასის შეცნობა“, – ამბობდა დალაი-ლამა.

თვითგაუმჯობესებისკენ სწრაფვა მაშინაც კი სასარგებლოა, როცა ვერ აღწევს სათნოების უმაღლეს მწვერვალს. სრულყოფილებისკენ მიმავალ გზას შეუძლია, მრავალი მარშრუტი გაიაროს და ამ გზით მოგზაურობა ღირს, თუნდაც დანიშნულების ადგილამდე ვერასოდეს მიხვიდეთ.

ბენჯამინ ფრანკლინი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება და სახელმწიფო მოღვაწე, პიროვნული თვითგაუმჯობესების მგზნებარე დამცველი იყო. თავის ავტობიოგრაფიაში ფრანკლინი წერს, რომ მისი წარმატება იმ 13 ჩვევის დამსახურებაა, რომლებზეც ის მთელი ცხოვრება მუშაობდა. ფრანკლინის 13 სათნოება ქმნის უნიკალურ საფუძველს მორალური და ეთიკური განვითარებისთვის. მაგრამ როგორ გაჩნდა ეს სათნოებები და როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს კლასში მათი ეფექტურად გამოყენება?

კაცობრიობის ისტორიაში იშვიათია ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორ გამხდარიყო უკეთესი, ვისაც არ უფიქრია იმაზე, როგორ გაემარჯვა მანკიერ თვისებებზე.

თავის ავტობიოგრაფიაში ფრანკლინი ურჩევს მკითხველს, მიიღოს 13 სათნოების გამოწვევა, თუ ეძებს მორალურ სრულყოფილებას.

 

ფრანკლინის 13 სათნოება

ბენჯამინ ფრანკლინმა თავისი „13 სათნოების“ კონცეფცია ჩამოაყალიბა 1726 წელს, როდესაც მხოლოდ 20 წლის იყო. ფრანკლინმა ჰკითხა საკუთარ თავს, როგორ გაეუმჯობესებინა თავისი პიროვნება, რათა გამხდარიყო უკეთესი ადამიანი და მოქალაქე. ის მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საკუთარი თავის გაუმჯობესებას, არამედ გარემოზე პოზიტიური ცვლილების მოხდენასაც. ფრანკლინმა გამოყო 13 თვისება, რომლებშიც ხედავდა ზნეობრივი სრულყოფის გზას: მოთმინება, დუმილი, წესრიგი, მიზანდასახულობა, თავშეკავება, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა, სამართლიანობა, ზომიერება, სისუფთავე, სიმშვიდე, სიწმინდე და თავმდაბლობა.

 

ფრანკლინის სქემა

 

  ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ.
თავშეკავება არ ჭამო მოყირჭებამდე, არ სვა დათრობამდე.              
დუმილი – თქვი მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი არიდე ლაქლაქს.              
წესრიგი – ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.              
გაბედულება – მტკიცედ გადაწყვიტე, აკეთო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულე ის, რაც გადაწყვიტილია.              
თავშეკავება – ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არ გაფლანგო.              
შრომისმოყვარეობა – ნუ დაკარგავ დროს. ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული. უარი თქვი უსარგებლო ქმედებებზე.              
გულწრფელობა– არ მიაყენო ადამიანს ზიანი მავნე ტყუილით. გქონდეს სამართლიანი და სუფთა აზრები. საუბრის დროსაც ამ წესით იხელმძღვანელე.              
სამართლიანობა – ზიანს ნურავის მიაყენებ და ნუდაივიწყებ სიკეთის კეთებას, რაც შენი მოვალეობაა.              
ზომიერება – ერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად ეცადე, იყო მიმტევებელი.              
სისუფთავე – შეინარჩუნე სისუფთავე.              
სიმშვიდე – არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმადა გარდაუვალმა ამბებმა.              
სიწმინდე – იყავი ზნეობრივად წმინდა.              
თავმდაბლობა – მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.              

 

ფრანკლინი დარწმუნებული იყო, რომ ეს სათნოებები მხოლოდ პიროვნულ მომწიფებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ქმნის საზოგადოებაში ჰარმონიული თანაარსებობის საფუძველსაც.

ფრანკლინის თვითსრულყოფის გეგმა საკმაოდ მარტივი იყო: პირველ კვირას ერთ ჩვევაზე იმუშავებდა, მომდევნო კვირას – სხვაზე და ასე, სანამ 13-ვე ჩვევას არ აითვისებდა. ის ამას მთელი სიცოცხლის განმავლობაში აკეთებდა და აღრიცხავდა თავის პროგრესს.

მასწავლებლებისთვის ეს სათნოებები წარმოადგენს ღირებულ ინსტრუმენტს მოსწავლეების როგორც პიროვნული, ისე აკადემიური განვითარების ხელშეწყობისთვის. გთავაზობთ გზამკვლევს თითოეული მათგანის შემოქმედებითად და ეფექტიანად ინტეგრირებისთვის თქვენს კლასში.

 

  1. მოთმინება

ფრანკლინი მას განიხილავდა როგორც გადაჭარბების თავიდან აცილებისა და დაბალანსებული ცხოვრების გასაღებს.

გამართეთ დისკუსია სასკოლო დავალებების, თავისუფალი დროისა და სოციალური აქტივობების დაბალანსების შესახებ. ჩაატარეთ კვირეული, რომელშიც მოსწავლეები ჩაწერენ თავიანთ აქტივობებს და შეაფასებენ, როგორ იყენებენ დროს დაბალანსებულად. ერთად განიხილეთ, როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მედიის გადაჭარბებული გამოყენება ან არარეგულარული სწავლა.

 

  1. დუმილი

ფრანკლინი აფასებდა ნათქვამის მოსმენისა და რეფლექსიის მნიშვნელობას.

გამოიყენეთ დუმილის მოკლე პერიოდები, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ იმაზე, რაც ისწავლეს და ყურადღება გაამახვილონ გაკვეთილზე. გამოიყენეთ „მშვიდი რეფლექსიის დრო“ სადისკუსიო სესიების ან სასწავლო აქტივობების შემდეგ, რათა მოსწავლეებს საშუალება მისცეთ, ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

  1. წესრიგი

ასწავლეთ მოსწავლეებს სამუშაო ადგილებისა და მასალების ორგანიზების მნიშვნელობა. შეიტანეთ ამოცანები, რომლებიც ასწავლის მოსწავლეებს ეფექტურად ორგანიზებას. გამოიყენეთ ვიზუალური საშუალებები და საკონტროლო სიები წესრიგის გასაუმჯობესებლად.

 

  1. მიზანდასახულობა

ასწავლეთ მოსწავლეებს მიზნების დასახვის და მათი თანმიმდევრული მიღწევის მნიშვნელობა. დაგეგმეთ და განახორციელეთ პროექტი, რომელშიც მოსწავლეები აირჩევენ გრძელვადიან მიზანს, შეადგენენ მისი მიღწევის გეგმას და რეგულარულად განიხილავენ მას. წაახალისეთ პროგრესი და უწყვეტი გაუმჯობესება.

 

  1. თავშეკავება

იმსჯელეთ რესურსების დაზოგვისა და მასალების ეკონომიურად გამოყენების მნიშვნელობაზე. დაგეგმეთ პროექტები, რომლებიც ასწავლის მოსწავლეებს შეზღუდული რესურსების შემოქმედებით გამოყენებას. რესურსების გადამუშავების პროექტს შეუძლია, გააცნოს მოსწავლეებს ეკონომიურობის პრინციპები.

 

  1. შრომისმოყვარეობა

ფრანკლინისთვის შრომისმოყვარეობა იყო პირადი და პროფესიული წარმატების აუცილებელი კომპონენტი.

აღიარეთ მოსწავლის სიბეჯითე განსაკუთრებით შრომისმოყვარე მოსწავლეებისთვის დაჯილდოების სისტემის დანერგვით. დააწესეთ დღეები, როდესაც მოსწავლეებს შეეძლებათ წარმოადგინონ თავიანთი პროგრესი და ისაუბრონ წარმატებებზე.

 

  1. გულწრფელობა

განიხილეთ ეთიკური საკითხები და წაახალისეთ ღია კომუნიკაცია. სთხოვეთ მოსწავლეებს, გულწრფელად დაფიქრდნენ თავიანთ გამოცდილებაზე და წაახალისეთ, გულახდილად ისაუბრონ შეცდომებსა და გამოწვევებზე. ამის მხარდაჭერა შესაძლებელია როლური თამაშების ან შემთხვევების, ე.წ. ქეისების შესწავლით, რომლებშიც ასახულია პიროვნული და აკადემიური პატიოსნების მაგალითები.

 

  1. სამართლიანობა

წაახალისეთ სამართლიანობის ილუსტრირება სოციალურ საკითხებზე დისკუსიებითა და პროექტებით. დაგეგმეთ დებატები და როლური თამაშები, რომლებშიც მოსწავლეები იპოვიან გზებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. დანერგეთ კლასში სამართლიანი ჯილდოების სისტემა.

 

  1. ზომიერება

განიხილეთ ზომიერებისა და წონასწორობის მნიშვნელობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შეასრულეთ სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, თავიდან აიცილონ ექსტრემალური ქცევები და იპოვონ ჯანსაღი ბალანსი სხვადასხვა აქტივობას შორის.

 

  1. სისუფთავე

დანერგეთ სისუფთავე კლასის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყვეთ საკლასო ოთახში სისუფთავის შენარჩუნებას მოსწავლეების ჩართულობით. აუხსენით მათ, როგორ უწყობს ხელს სუფთა გარემო პროდუქტიულობასა და კონცენტრაციას და სთხოვეთ, აიღონ პასუხისმგებლობა საკლასო ოთახის მოწესრიგების ცალკეულ მხარეებზე.

 

  1. სიმშვიდე

დანერგეთ სტრესის მართვის ტექნიკა, მაგალითად, მოკლე შესვენებები გაკვეთილებზე. იმსჯელეთ მოსწავლეებთან ერთად, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მშვიდად უპასუხონ გამოწვევებს. შეიძლება ამ თვისების განმტკიცება რეგულარული ვარჯიშით.

 

  1. სიწმინდე

ეთიკის გაკვეთილებზე განიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა პირადი საზღვრები და ერთმანეთის პატივისცემა. გამართეთ დისკუსიები, რათა ასწავლოთ მოსწავლეებს თვითკონტროლისა და პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობა.

 

  1. თავმდაბლობა

ჩაატარეთ აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს თავმდაბლობის არსის გაგებაში. წაახალისეთ ისინი, დაფიქრდნენ თავიანთ წარმატებებზე და აღიარონ სხვების წვლილი და დამსახურება. დაგეგმეთ რეფლექსიის სესიები, რომლებზეც მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცოდნას და ისწავლიან მიღებული დახმარებისთვის მადლიერების გამოხატვას.

 

ამრიგად, ბენჯამინ ფრანკლინის 13 სათნოება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზნეობრივი პრინციპები; ეს არის პიროვნული ზრდისა და ეთიკური ქცევის მარადიული სახელმძღვანელო. კლასში ამ სათნოებათა ინტეგრაციით მასწავლებლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ თავიანთი მოსწავლეების პიროვნულ და მორალურ განვითარებას. მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ პატივისცემისა და რეფლექსიური სწავლის კულტურა, უფრო ადვილად მიაღწევენ აკადემიურ მიზნებს და საზოგადოების პასუხისმგებლობიან წევრებად ჩამოყალიბდებიან.

 

დამხმარე ლიტერატურა:

 

/franklin/autobiography

 

http://www.benjamin-franklin-history.org/short-biography/

 

https://denkbrocken.com/2018/09/16/benjamin-franklin-selbstpruefung/

გაკვეთილის სათაური – სკოლაში ვბრუნდები!

0

სკოლის პირველი დღეებს განსაკუთრებული მღელვარებით უმცროსკლასელები და მათი მასწავლებლები ველოდებით. გვინდა, პირველი შეხვედრა დაუვიწყარი იყოს, პირველი გაკვეთილები კი – მხიარული, დაუძაბავი, სიხარულითა და ბრჭყვიალა განწყობით სავსე.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ტექსტსა და აქტივობას, რომელიც სკოლის პირველ დღეებში გამოგადგებათ.

ტექსტი 1

მართას დღიური    

31 აგვისტო

სწავლა იწყება. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი სკოლა მომენატრა. მიხარია, რომ კლასელებსა და მასწავლებლებს ვნახავ. კარგი იყო ზაფხული, ბევრი ვითამაშე, გავირუჯე, ვიცურავე, ვიმოგზაურე. ერთი წიგნიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა. წიგნები და რვეულები  უკვე მოვიმზადე, ჩანთაც ჩავილაგე. ახალი ჩანთა აღარ ვიყიდე, რადგან შარშანდელიც ძალიან მომწონს. არც გაკვეთილების ცხრილი მიყიდია, მე თვითონ დავხატავ.

დღეს  ადრე უნდა დავიძინო, თორემ დილით გაღვიძება გამიჭირდება.

რა კარგია, უკვე მეორეკლასელი ვარ!

 

მოდი, ვილაპარაკოთ:

 

  • შენ როგორ ემზადები სკოლისთვის ?
  • დღიური მართამ 31 აგვისტოს დაწერა, როგორ ფიქრობ, რომელი თვე იქნება, როცა ის სკოლაში წავა?
  • რატომ აპირებს მართა ადრე დაძინებას?
  • შენ როდის იძინებ?
  • თავად მიდიხარ დასაძინებლად თუ მშობლები გახსენებენ, რომ ძილის დროა?
  • მართას შარშანდელი ზურგჩანთა მიაქვს სკოლაში, შენ როგორ ფიქრობ, აუცილებელია, ახალი ზურგჩანთა?

 

ტექსტი 2

სკოლისაკენ!

 

მართა  მთელი დღეა ცქმუტავს, ადგილს ვერ პოულობს, ფაციფუცობს. ხუმრობა ხომ არაა, ხვალ  სკოლა იწყება.   სკამზე მისი სამოსი ჰკიდია, ჩანთაში საყვარელი ფანქრები და კალამი უწყვია.

მაინც როდის გათენდება!

-დაიძინე, დაიძინე – ეუბნება თავის თავს- თორემ ხვალ მთქნარებას ვერაფერს მოუხერხებ.

მართას ძილი ძალიან უყვარს, თუმცა საღამოობით მაინც წუწუნებს. ზოგჯერ მშობლებთან ერთად ჯდომა და ტელევიზორის ყურება უნდა. ხანდახან გვიან დაძინების უფლებასაც რთავენ. ეს მაშინ ხდება,  როცა ვინმეს დაბადების დღეა, ან ახალი წელია და  მონატრებული ბებია ჩამოდის-ხოლმე.

ხვალ სკოლა იწყება, ამიტომ  ადრე უნდა დაიძინოს. დილით მომზადება ხომ უნდა მოასწროს? სკოლაში ხომ არ  დააგვიანებს?

ჩანთას და სამოსს წინა საღამოს იმზადებს.

დილით დრო სწრაფად გარბის და ჰაიდა, სკოლაში წასვლის დროა!

  • მოდი, ერთად ვითამაშოთ:

ორი ჩანთა

 

დავალება:

 

მართას  ორი ზურგჩანთა აქვს, ერთს-არდადეგებზე, სამოგზაუროდ იყენებს, მეორეს კი -სკოლაში. დააკვირდი ორივე ზურგჩანთას და მიპასუხე ( ზეპირად):

 

  1. რომელი ზურგჩანთაა სამოგზაურო? რომელია სკოლისთვის განკუთვნილი ზურგჩანთა?
  2. რომელი ნივთები უნდა ჩააწყო პირველ ზურგჩანთაში?
  3. რომელი ნივთები დაგჭირდება სკოლის ზურგჩანთაში ჩასალაგებლად?
  4. რომელია ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება ორივე ზურგჩანთაში ჩადო?
  5. კიდევ რა ნივთებს ჩაალაგებდი სკოლის ზურგჩანთაში?
  6. გახსენი შენი ზურგჩანთა და ჩამოთვალე, რომელი სასკოლო ნივთები წამოიღე სკოლაში?

 

 

ტექსტი 3

თინიკო და მზე

კომენტარი მასწავლებლებისათვის:

გაბრიელ ჯაბუშანურის ეს საბავშვო ლექსი ძალიან კარგი რესურსია ბავშვებისათვის დილის რუტინის, დამოუკიდებლად მომზადების  სასწავლებლად, ერთგვარი დილის განრიგია, რომელიც მრავალ სავარჯიშოდ შეგიძლიათ აქციოთ. მაგალითად:

  1. შეცვალოთ მთავარი პერსონაჟის სახელი მოსწავლის სახელით, ან თავად ჩაანაცვლონ, აქვე, ზოგიერთი, უფრო მცირე ან უფრო მეტმარცვლიანი საკუთარი სახელის ლექსში ჩასმისას ლექსის მნიშვნელოვან მახასიათებელს, რიტმს შეეხებით და იმსჯელებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ლექსის რიტმი არ დაირღვეს.
  2. ეს ლექსი შეგიძლიათ ე.წ. სმაილების, ხატულების ენაზე თარგმნოთ, მზის, გოგონას, ღიმილისა და მოქმედებების სახელების გამეორება მეტყველების შესანიშნავი საშუალება იქნება.

 

გაბრიელ ჯაბუშანური

 

* თინიკო და მზე

 

დილით ადრე იღვიძებენ

თინიკო და მზე

 

თინიკო რომ ხელ–პირს იბანს,

ხელ–პირს იბანს მზეც.

 

თინიკო რომ თმას ივარცხნის,

თმას ივარცხნის მზეც .

 

თინიკო რომ ისაუზმებს,

ისაუზმებს მზეც.

 

სკოლაში რომ მიდის თინა,

მზეც უმშვენებს გვერდს.

 

მაგრამ აი, დედაენა

ჯერ არა აქვს მზეს.

 

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • როგორ ემზადები სკოლისთვის? ჩამოთვალე მოქმედებები დაწვრილებით;
  • მარტო გამოდიხარ სახლიდან თუ ოჯახის წევრებთან ერთად?
  • დიდი დრო გჭირდება სკოლაში მისასვლელად?

 

 

 

 

 

ტექსტი 4 გაცნობა

 

 

მადსის ახალი სკოლა

 

ანე-კატარინე ვესტლის საბავშვო წიგნის „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ მიხედვით

 

 

ზარი დაირეკა და მადსი კლასში შევიდა.

-ბავშვებო, ახალი ბიჭი გვყავს კლასში, გაიცანით, მას მადსი ჰქვია – თქვა მასწავლებელმა. – აი, აქ შეგიძლია დაჯდე- უთხრა ბიჭს.-ახლა ის გვითხარი, მადს, სად ცხოვრობ?

-ტყეში- იყო პასუხი.

ამის თქმაზე ბავშვებს ერთხმად გაეცინათ.

-მაშ, არ იცი მისამართი? – ისევ ჰკითხა მასწავლებელმა.

-ჩვენი მისამართია ტყე- უპასუხა ბიჭმა-ტყეშია ჩვენი სახლი.

ძალიან კარგი -თქვა მასწავლებელმა, რამდენიმე ბიჭმა კი ჩაიცინა.

შესვენებაზე მადსი ეზოში გავიდა და სკოლის შორეულ კუთხეში დაიმალა. ეწყინა, რომ დასცინეს, თანაც ახალ სკოლაში მოიწყინა. ზარი როცა დაირეკა, ისევ კლასში ავიდა.

-სად იყავი, ბევრი გეძებეთ, შენთან თამაში გვინდოდა-უთხრა ერთმა ბიჭმა.  სხვებმაც გაუღიმეს. მადსმა შვება იგრძნო, აქაც ისეთივე ბავშვები იყვნენ, როგორიც ძველ სკოლაში.   მადსი გამხიარულდა, გახალისდა, დასვენებაზე თანაკლასელებთან ერთად  ბევრი ითამაშა.

 

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • რატომ გაიცინეს ბავშვებმა?
  • რა ეწყინა მადსს?
  • რა მოხდა მერე?
  • თქვენს კლასში არის ახალი მოსწავლე?
  • როგორ უნდა გაიცნოთ ადამიანი?
  • რა სიტყვებს ვიყენებთ ადამიანის გაცნობისას?
  • რაზე შეიძლება ვესაუბროთ ახალგაცნობილ ადამიანს?

 

ტექსტი 5

დიალოგი

 

მართა- გამარჯობა, მე მართა  ვარ, ეს ელენეა.

დიმიტრი-მე დიმიტრი მქვია.

ელენე-რა ლამაზი სახელია!

დიმიტრი-მადლობა, ელენეც ლამაზია.

მართა- რომელი სკოლიდან გადმოხვედი?

დიმიტრი- ბათუმის მეორე საჯარო სკოლიდან.

მართა-ბათუმელი ხარ?  როგორ მიყვარს ბათუმი, ხშირად ჩავდივართ-ხოლმე.

დიმიტრი-მეც მიყვარს და უკვე  ძალიან მენატრება!

ელენე-ყველაზე მეტად რა გენატრება?

-დიმიტრი-ყველაზე მეტად  ჩემი მეგობრები, ზღვა და თოლიები.

მართა-არ მოიწყინო, თოლიები მტკვრის სანაპიროზეც დაფრინავენ

-დიმიტრი-მართლა?არ ვიცოდი, თბილისშიც თუ იყვნენ.

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • როგორ დაიწყო საუბარი მართამ?
  • რომელი ქალაქიდანაა დიმიტრი?
  • რა ენატრება ყველაზე ძალიან დიმიტრის?
  • როგორ ამშვიდებს მართა?
  • გაინაწილეთ როლები და ისე წაიკითხეთ ბავშვების საუბარი.

 

დავალება

 

როგორ გავიცნოთ ერთმანეთი

 

ახალი ადამიანის გაცნობა თან მარტივია, თან რთული. მარტივი იმიტომ, რომ სულ ერთი სიტყვა გჭირდება, რთული კი იმიტომ-რომ ამ ერთი სიტყვის მოძებნა ძნელია.

 

გვასწავლე, შენ როგორ პოულობ ხოლმე საჭირო სიტყვას?

  • როგორ იწყებ საუბარს?
  • როგორ ეცნობი მეორე ადამიანს?
  • რომელ სიტყვებს იყენებ ადამიანის გაცნობისას?
  • რაზე ესაუბრები?

სასწავლო მენიუების გამოყენება უცხო ენის სწავლებაში

0

სასწავლო მენიუების გამოყენება უცხო ენის სწავლებაში არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომა, რომელიც აერთიანებს დიფერენცირებულ სწავლებას და მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას. სასწავლო მენიუები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აირჩიონ მათთვის საინტერესო დავალებები სხვადასხვა ფორმატით, რაც ხელს უწყობს უცხო ენის შესწავლას მრავალმხრივ კონტექსტში.

სასწავლო მენიუების გამოყენების უპირატესობები: 

  1. დიფერენცირებული სწავლება:

მოსწავლეებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის აქტივობების არჩევა, რაც მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებს და უნარებს შეესაბამება. უცხო ენის სწავლებისას, ეს საშუალებას იძლევა სხვადასხვა თემაზე და სხვადასხვა სირთულის დავალებებზე მუშაობა. მაგალითად, შეიძლება იყოს მენიუ, რომელიც მოიცავს ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენის, წერის ან საუბრის აქტივობებს.

  1. მოტივაციის ამაღლება:

როდესაც მოსწავლეებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, ისინი უფრო მეტად მოტივირებულნი არიან. მენიუში წარმოდგენილი აქტივობები მოსწავლეებს აძლევს თავისუფლებას აირჩიონ ის, რაც მათთვის უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომია, რაც ამაღლებს მათი მოტივაციას.

  1. სხვადასხვა სწავლის სტილების გათვალისწინება: 

სასწავლო მენიუები აერთიანებს ვიზუალურ, აუდიტორულ, კინესტეტიკურ და სხვა სწავლის სტილებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს უკეთ აითვისონ ენა მათთვის სასურველი ფორმატით. მაგალითად, ერთმა მოსწავლემ შეიძლება აირჩიოს ვიზუალური აქტივობა (მაგ. კომიქსის შექმნა), ხოლო სხვამ – წერითი (მაგ. წერილის შედგენა).

  1. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება: 

მენიუს დახმარებით, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებისთვის, არამედ მისი ანალიზისა და შემოქმედებითი გამოყენებისთვის. უცხო ენის სწავლებისას შესაძლებელია მოამზადონ პრეზენტაციები, წერონ ესეები ან შექმნან ლექსიკური სავარჯიშოები, რაც ხელს უწყობს ენის შემოქმედებით გამოყენებას.

  1. მრავალმხრივი უნარების განვითარება: 

მენიუებში წარმოდგენილი აქტივობები აერთიანებს ენის სხვადასხვა კომპონენტს – ლექსიკას, გრამატიკას, მოსმენას, საუბარს და წერას. მაგალითად, ერთ დავალებაში შეიძლება მოსწავლეებმა შექმნან დიალოგები და გააკეთონ მათი ინსცენირება, მეორეში – მოამზადონ წერილობითი ნარკვევი ან მოახდინონ პრეზენტაციის დადგმა.

მენიუს ტიპები უცხო ენის სწავლებისას: 

  1. აქტივობების მენიუ (ჩვეულებრივი მენიუ):

მოსწავლეები იღებენ დავალებების სიას და ირჩევენ მათთვის საინტერესო დავალებებს. დავალებები შეიძლება მოიცავდეს ლექსიკური ერთეულების შესწავლას, დიალოგების დაწერას, წიგნის რეცენზიის შედგენას ან ვიდეოს ჩაწერას უცხო ენაზე.

  1. საბეჭდი მენიუ (Tic-Tac-Toe მენიუ):

მოსწავლეებს ეძლევათ 3×3 განლაგებული დავალებების სია და მათ უნდა შეასრულონ სამი დავალება, ისე, რომ შეიკრას “ტიკ-ტაკ-ტოე” ხაზის ფორმატით. ეს მენიუ აერთიანებს როგორც მარტივ, ისე რთულ დავალებებს, რაც საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა თავად განსაზღვრონ სირთულის დონე.

  1. მრავალფეროვნების მენიუ:

ეს მენიუ მოიცავს აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, სადაც თითოეული აქტივობა მიმართულია ენის სხვადასხვა კომპონენტის (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა) განვითარებაზე. მაგალითად, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ აქტივობა, რომელიც მოიცავს ენის მოსმენას და შესწავლილ ტექსტზე დისკუსიის წარმოებას, ან ტექსტის შექმნას აუდიოფორმატის მიხედვით.

პრაქტიკული მაგალითი:

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ინგლისური ენის მენიუს ფარგლებში, მოსწავლეებს სთავაზობენ შემდეგ აქტივობებს:

  • სავალდებულო დავალებები:
    • ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შექმენით ტექსტი საყვარელი ქალაქის შესახებ.
    • მოსმენის აქტივობა: უყურეთ ვიდეოს და დაწერეთ მოკლე რეზიუმე.
  • არჩევითი დავალებები:
    • შექმენით პრეზენტაცია მოგზაურობის შესახებ.
    • დაწერეთ ესე თქვენი საყვარელი ფილმის გმირის ანალიზზე.
  • არასავალდებულო დავალებები:
    • შექმენით თქვენი  ქვიზი Google Forms-ში.

სასწავლო მენიუების გამოყენება უცხო ენის სწავლებაში ხელს უწყობს მოსწავლეთა უნარების მრავალმხრივ განვითარებას, აუმჯობესებს მათ მოტივაციას და ამაღლებს სწავლის პროცესის ინტერაქტიულობას. იგი საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს თავისი ინდივიდუალური გზით აითვისოს უცხო ენა და გააუმჯობესოს როგორც ენის ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარები.

გთავაზობთ, სასწავლო მენიუს თემაზე:  უნიკალური ძველი ევროპული ქალაქები და მათი ღირშესანიშნაობები

კლასი: 10

რესურსი: Focus 4, თავი 3.

  1. სავალდებულო დავალებები (ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო)

დავალება 1 :  ძველი ქალაქების მიმოიხილვა- შეისწავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის  ძველი, უნიკალური ქალაქები  და მოამზადეთ რუკა რომელზეც აღნიშნავთ თითოეული ქვეყნის ძველ, ისტორიულ ქალაქებს  ან რაიმე ღირსშესანიშნავ ადგილებს, რომლებიც უნიკალურ  ადგილებს წარმოადგენს.

დავალება 2 :   შესწავლილი ლექსიკური ერთეულების გახსენება და  ტექსტის შექმნა- გაიხსენით შესწავლილი ლექსიკა და  შექმენით ტექსტი არჩეულ ქალაქზე , შემდეგ  ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის გამოყენებით დააგენერირეთ ამ ადგილების სურათები https://dream.ai/create   -შემდეგ ეტაპზე   მოამზადეთ მულტიმედიური პრეზენტაცია, რომელშიც აღწერთ ქალაქების ღირსშესანიშნავ ადგილებს და მათ მოკლე ისტორიას, სადაც  გამოიყენებთ თქვენს მიერ აპლიკაციის დახმარებით შექმნილ სურათებს.

დავალება 3 :   შედარებითი ანალიზი –  უნიკალური ევროპული ქალაქების შედარება:

აირჩიეთ ორი ქვეყანა და დაწერეთ 150-200 სიტყვიანი ნარკვევი, რომელშიც შეადარებთ ამ ქვეყნების ღირშესანიშნავ ადგილებს, მათ ისტორიას და მნიშვნელობას ადგილობრივ კულტურაში.

  1. არჩევითი დავალებები (აირჩიეთ ერთი დავალება)

დავალება 1 : კვლევის ჩატარება: გაინაწილეთ ცალკეული ძველი ევროპული ქალაქები (მაგალითად, ლონდონი, ედინბურგი, პარიზი, რომი, პრაღა და სხვ.). ჩაატარეთ კვლევა  ამ ქალაქის  კულტურული მნიშვნელოვანების შესახებ. შემდეგ მოამზადეთ canvas -ში პრეზენტაცია ან პოსტერი და წარმოადგინეთ  კლასში.

დავალება 2:  ხელოვნების ნიმუშები –  მომავლის ქალაქის  დიზაინი: შექმენით მომავლის ქალაქის  დიზაინი, რომელიც არსებობს თქვენს წარმოსახვაში.  შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახატები, კოლაჟი, ან სამგანზომილებიანი მოდელი.

დავალება 3 : ვირტუალური ტურის შექმნა. გამოიყენეთ ონლაინ რესურსები და Google Earth  -ის გამოყენებით შექმენით ვირტუალური ტური ერთ-ერთი ძველი ევროპული ქალაქის და მისი ისტორიული ადგილების შესახებ

  1. არასავალდებულო დავალებები (დამატებით, სურვილისამებრ)

დავალება 1: ქვიზის შექმნა  ძველი ქალაქების  შესახებ : შექმენით ქვიზი, სადაც ასახავთ სხვადასხვა ქვეყნის უძველეს ქალაქების ღირშესანიშნაობების ირგვლივ არსებულ ფაქტებს Google forms- ის გამოყენებით.

დავალება 2: დოკუმენტური ფილმების ყურება და სტატისს დაწერა: მოიძიეთ თქენთვის საინტერესო ქალაქზე  არსებული დოკუმენტური ფილმები, გაეცანით მათ და დაწერეთ სტატია  სკოლის გაზეთისთვის, ან ბლოგისთვის.

დავალება 3: ლეპბუკის შექმნა –ინფორმაციის თავმოყრა. ამოარჩიეთ რამდენიმე ქალაქი, მოაგროვეთ მათზე ინფორმაცია მათი სიძველის, წარმოშობის, კულტურული  და ტურისტული პოტენციალის  მნიშვნელობის შესახებ  და ჩაალაგეთ დახარისხებული ინფორმაცია ლეპბუკში.

ამ დავალების შესრულების შემდეგ, დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა მკაფიოდ გამოიკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში:

1. მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება:

სავალდებულო, არჩევითი და არასავალდებულო დავალებები წარმოდგენილია ისე, რომ სხვადასხვა დონის და ინტერესების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ შესაბამისი აქტივობები. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ თითოეულმა მოსწავლემ იმუშაოს საკუთარი ძლიერი მხარის და საჭიროების მიხედვით.

2. პირადი განვითარება და სწავლის სტილები:

ამ დავალებაში სხვადასხვა ტიპის აქტივობები – კვლევა, დიზაინის შექმნა, ვირტუალური ტურები, ლექსიკური ტექსტები და მულტიმედიური პრეზენტაციები – შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს აირჩიონ ის სტილი, რომელიც მათთვის უფრო ეფექტურია. ვიღაც შეიძლება იყოს ვიზუალური ტიპის შემსწავლელი და ის იმუშავებს პრეზენტაციის ან დიზაინის პროექტზე, ხოლო სხვას შეიძლება წერა ან კვლევა უკეთესად გამოუვიდეს.

3. მრავალფეროვანი შემეცნებითი მოთხოვნები და შესაძლებლობები:

SOLO ტაქსონომიის გამოყენება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სხვადასხვა დონეზე შეასრულონ დავალებები – დაწყებული მარტივი ელემენტების გაგებიდან და დამთავრებული ღრმა ანალიზით და კრეატიული შედეგებით. ამ მიდგომით, ყოველი მოსწავლე პროგრესირებს საკუთარ ტემპში და შესაძლებლობებში, რაც ხელს უწყობს მათ მოტივაციას და აქტიურ ჩართულობას.

4. განვითარებული კრიტიკული აზროვნება და ინოვაციურობა:

არჩევითი და არასავალდებულო დავალებები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოხატონ საკუთარი კრეატიული და კრიტიკული აზროვნება. ისინი მუშაობენ არა მხოლოდ ინფორმაციის გადამუშავებაზე, არამედ მის ინოვაციურ წარმოდგენაზე, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

5. თანამშრომლობა და გუნდის მუშაობა:

გარდა ინდივიდუალური დავალებებისა, გუნდური პროექტების განხორციელება (მაგალითად, ვირტუალური ტურის შექმნა ან კვლევის ჩატარება) უზრუნველყოფს მოსწავლეების თანამშრომლობის უნარების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამედროვე განათლების პროცესში.

6. სწავლების პროცესის მოქნილობა და მრავალმხრივი შეფასება:

მოცემული დავალებები საშუალებას აძლევს მასწავლებელს, თითოეული მოსწავლის პროგრესი უფრო ზუსტად და მრავალმხრივად შეაფასოს. დიფერენცირებული დავალებები სთავაზობს მოსწავლეებს მრავალფეროვან გზებს თავიანთი ცოდნის დემონსტრირებისთვის, რაც ეხმარება მასწავლებელს, თითოეული მოსწავლის ძლიერ და სუსტი მხარეების დადგენაში და მათი სწავლების პროცესის პერსონალიზაციაში.

7. ცოდნის პრაქტიკული გამოყენება:

ეს დავალებები არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალებას იძლევა, არამედ ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შანსს ქმნის. მაგალითად, ვირტუალური ტურის შექმნა ან მომავლის ქალაქის დიზაინის შემუშავება აერთიანებს მრავალფეროვან ცოდნასა და უნარებს, რაც მოსწავლეებს ეხმარება რეალურ სამყაროში მიღებული ცოდნის გამოყენებაში.

    დიფერენცირებული სწავლების მიზანია, მოსწავლეებმა თავიანთი უნარების და ინტერესების მაქსიმალურად რეალიზება მოახდინონ. ეს დავალებები, დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებით, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩართულობას და მათი უნარების მაქსიმალურ განვითარებას.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო,  ჩვენო მკითხველებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!  გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას!  საინტერესო, სიხარულით სავსე  ნაყოფიერი წელი გვქონდეს!  არასდროს  გაგვინელდეს სწავლა-სწავლების სურვილი.

„ბევრი თუ ცოტა?“ პატარა ნაბიჯები დიდი მათემატიკისკენ

0

ყველა ჩვენგანი ბავშვობიდანვე ვსწავლობთ სამყაროს შეცნობას უმარტივესი შედარებებით: ეს დიდია, ეს პატარა, აქ ბევრია, აქ ცოტა. სწორედ ამ უბრალო ცნებებიდან იწყება ჩვენი მათემატიკური აზროვნების განვითარება.

„ბევრი“ და „ცოტა“ – ეს არა მხოლოდ რაოდენობების შედარების საფუძველია, არამედ უფრო რთული მათემატიკური კონცეფციების გააზრების საწყისი წერტილიც. ამ სტატიაში განვიხილავ, როგორაა შესაძლებელი ამ ცნებების საფუძველზე ავაშენოთ მოსწავლეების მათემატიკური ცნობიერება და გავხადოთ სწავლის პროცესი მხიარული და საინტერესო. წარმოგიდგენთ პრაქტიკულ გაკვეთილს, რომელიც დაეხმარება პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გააზრებაში.

თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები

თემა: რიცხვები

საკითხი: რაოდენობის შედარება (თვლის გარეშე), ბევრი/ცოტა

სამიზნე ცნება

  • მათემატიკური მოდელი: უმარტივესი გრაფიკული მოდელები (მაგალითად, წერტილების გამოყენებით) შეიძლება გამოყენებულ იქნას რაოდენობების ვიზუალურად შესადარებლად.
  • კანონზომიერება: ბავშვები ამჩნევენ, რომ ერთი ჯგუფი შეიძლება იყოს „უფრო დიდი“ ვიდრე მეორე, და ეს კანონზომიერება უნივერსალურია სხვადასხვა სახის ობიექტებისთვის.
  • ლოგიკა: ბავშვები სწავლობენ ლოგიკური დასკვნების გამოტანას: თუ ერთ ჯგუფში მეტი ობიექტია, მაშინ მეორეში ნაკლებია.

სტანდარტთან შესაბამისობა:

მათ.დაწ.(I).1 მათემატიკური ცნებების, ტერმინების და აღნიშვნების კორექტულად გამოყენება ყოფითი ან მათემატიკური პრობლემის გასააზრებლად და წარმოსადგენად;

მათ.დაწ.(I).2 რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების გასააზრებლად.

 

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, ვიზუალურად ერთმანეთს შეადარონ რაოდენობები, გამოიყენონ ტერმინები „ბევრი“, „ცოტა“, „მეტი“, „ნაკლები“ სხვადასხვა კონტექსტში და გააკეთონ დასკვნები.

 

რესურსები:

  • სხვადასხვა სათამაშოები (მანქანები, კუბიკები, ბურთები)
  • სურათები, სადაც გამოსახულია სხვადასხვა რაოდენობით ობიექტები
  • სენსორული მასალები, როგორებიცაა კუბიკები, ბურთულები, ლობიო და ა.შ

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. ახალი მასალის ათვისება:

აქცენტს ვაკეთებ ვიზუალურ აღქმაზე და შედარებაზე. ბავშვებს ვაძლევ საშუალებას, თავად გააკეთონ დასკვნები და გამოხატონ თავიანთი აზრები.

    • სათამაშოებით მანიპულირება:
      • მაგიდაზე ვაწყობ ორ გროვად სხვადასხვა სათამაშოს, ისე, რომ ერთში სათამაშოები იყოს მკვეთრად მეტი (მაგ 12) ხოლო მეორეში ცოტა (მგ 7) ისე, რომ ბავშვები დათვლის გარეშე მიხვდნენ ამას.
      • ბავშვებს ვთხოვ, განსაზღვრონ, რომელ გროვაში არის მეტი სათამაშო.

 

  • სურათებით მუშაობა:
      • ვაჩვენებ სურათებს, სადაც გამოსახულია სხვადასხვა რაოდენობის გროვა.
      • ბავშვებს ვთხოვ, შეადარონ და დაასახელონ, რომელშია მეტი ობიექტი.

 

  1. თამაში
 

ამ თამაშების დროს მნიშვნელოვანია:

  • ვიზუალიზაცია: გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა  – „ბევრი“, „ცოტა“, „მეტი“, „ნაკლები“.
  • შედარება: დაეხმარეთ ბავშვებს, შეადარონ გროვები და განსაზღვრონ, რომელში არის მეტი ან ნაკლები ობიექტი.

თამაში: „ჯადოსნური ჩანთა“

მიზანი: ბავშვებში რაოდენობების შედარების უნარის განვითარება, „ბევრი“ და „ცოტა“ ცნებების გაღრმავება.

რესურსები:

  • დიდი ჩანთა/ყუთი
  • სხვადასხვა სახის პატარა სათამაშოები ან ნატურალური მასალები (მაგალითად, ფოთლები, ქვები, მძივები)
  • ორი დიდი კონტეინერი ან კალათა

მიმდინარეობა:

  1. მომზადება:

 

o   ყუთში/ჩანთაში ვათავსებ კუბიკის სახის პატარა სათამაშოებს.

o   ვამზადებ ორ დიდ კონტეინერს ან კალათას, რომლებზეც წერია სიტყვები – „ბევრი“ და „ცოტა“.

 

  1. თამაშის წესები:

 

    • სათამაშოდ ვიწვევ ორ-ორ მოსწავლეს.
    • ბავშვები მორიგეობით იღებენ ყუთიდან თითო მუჭა საგანს.
    • თითოეულმა ბავშვმა უნდა შეადაროს თავისი მუჭა სხვა ბავშვის მუჭას და განსაზღვრონ, ვის აქვს მეტი და ვის – ცოტა.
    • შემდეგ ბავშვებმა უნდა მოათავსონ თავიანთი საგნები შესაბამის კონტეინერში: „ბევრი“ ან „ცოტა“.
    • ფოტო გაკვეთილიდან:

 

  • ეს თამაში ბავშვებს ძალიან მოეწონათ, ხალისით შეადარეს რაოდენობები. გაუმდიდრდათ მათემატიკური ლექსიკა, განუვითარდათ ვიზუალური აღქმის უნარები. ბოლოს ისიც შეამჩნიეს, რომ, სადაც ბევრ კუბიკს ათავსებდნენ, ის კონტეინერი მეტად შეივსო, ანუ უფრო ბევრი კუბიკია მასში ვიდრე მეორეში.

 

  1. ინდივიდუალური დავალებები:

ბავშვებს ვაძლევ დავალებებს, სადაც მათ უნდა შეავსონ ცარიელი ჩარჩოები კუბიკებით, ბურთულებით ან ლობიოს მარცვლებით (სენსორული მასალებით), ისე, რომ ერთ ჩარჩოში „დაალაგონ“ ბევრი ობიექტი, ხოლო მეორეში – ცოტა.

 

 

  1. დასკვნითი ნაწილი:

შეჯამება: გავიმეორეთ გაკვეთილის მთავარი იდეები სხვადასხვა ფორმით: შეკითხვებით, თამაშებით, სურათებით.

რეფლექსია: ვთხოვე ბავშვებს, გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაკვეთილის შესახებ. რა  შეიტყვეს ახალი? რა მოეწონათ ყველაზე მეტად?

დავალება სახლისთვის: ბავშვებს მივეცი მარტივი დავალება, რომელსაც შეასრულებდნენ სახლში მშობლებთან ერთად. მაგალითად, შეედარებინათ სათამაშოების, ხილის ან სხვა ნივთების რაოდენობა.

ცნებები „ბევრი“, „ცოტა“ – მათემატიკის სწავლების საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. მისი საფუძვლიანი გააზრება ეხმარება ბავშვებს, განივითარონ რაოდენობების შედარების, ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნების გამოტანის უნარები.

 

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo;
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/;
  3. მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/.

 

 

„კარგი მასწავლებელი“ ნიშნავს…

0

10 წლის ბიჭუნა ბრტყელი თავით პროფესორს სტუმრობს.

პროფესორი მათემატიკოსია. ბიჭუნას ის რუტოს დაარქმევს მათემატიკური ფესვივით დაბრტყელებული თავის ფორმის გამო. დააყოლებს – „ეტყობა ამ თავს, რომ ჭკუითაა გატენილი“…

ამ ბიჭის, დედამისისა და პროფესორის ურთიერთობაა აღწერილი იოკო ოგავას წიგნში „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ და ეს წიგნი მასწავლებლის სამაგიდო წიგნად შეიძლება იქცეს, რადგან მთავარი გმირი სწორედ ისაა, ვისზეც შეგვიძლია ვთქვათ – საუკეთესო როლური მოდელია მასწავლებლებისთვისო.

 

ბევრი მიზეზის გამოა ასე. წიგნიდან ერთ პატარა ამონარიდს მოვიშველიებ ამ მოსაზრების დასადასტურებლად: „რუტო მისთვის მეტისმეტად მაღალ მაგიდასთან გაჭიმული იჯდა… პროფესორი მოსვენებული ჩანდა, ფეხები გადაეჯვარედინებინა. აღარც ნაადრევად დასუსტებულ მოხუცს ჰგავდა, აღარც ფიქრებისგან გადაღლილ მეცნიერს. ის ახლა პატარა ბავშვის მფარველი იყო.

  • ხომ შეიძლება რიგრიგობით გამოვთვალო? მასწავლებელი გვიბრაზდება, თუ ერთ მთლიან განტოლებად არ ვაერთიანებთ.
  • რა უცნაურია! თუ ცდილობ, სწორად და უშეცდომოდ ამოხსნა, რტომ ბრაზობს?
  • არ ვიცი…“.

 

ვინ არის მასწავლებელი და როგორია კარგი მასწავლებელი? რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს? რა არის უმთავრესი, განმსაზღვრელი ამ პროფესიაში? რა თვისებებისა და უნარების გამომუშავებაა სავალდებულო? დიახ, სავალდებულო.

მაგალითად, მთამსვლელი ვერ გახდები, თუ სიმაღლის შიში გაქვს და ვერ დაძლიე. ქირურგი ვერ გახდები, თუ ზედმეტად ემოციური ადამიანი ხარ, იმპულსური, სისხლის დანახვაზე ან ექსტრემალურ სიტუაციაში პანიკაში ვარდები. მეხანძრეს ნების სიმტკიცე და გამძლეობა, ამტანობა სჭირდება ფიზიკურ მომზადებასთან ერთად. რა სჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ პროფესიაში მუშაობის უფლება ჰქონდეს?

 

ეს საფიქრალი საგულისხმო და მნიშვნელოვანია. საგნობრივ კომპეტენციასა და ბიუროკრატიულ აკადემიურ მოთხოვნებზე ამ წერილში არ ვისაუბრებ. სხვა რამ მაინტერესებს.

 

ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო სემინარს დავესწარი. მომხსენებელი გერმანელი მასწავლებელი გახლდათ 40-წლიანი გამოცდილებით.

კრისტოფ იოჰანსენი ახლა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის” წევრია, აქტიური პედაგოგიური პრაქტიკა აღარ აქვს, მასწავლებლებს ეხმარება პროფესიულ ლაბირინთებში გზის გასაგნებად. ხატოვნად, შთამბეჭდავად, დასამახსოვრებლად საუბრობს თავის გამოცდილებაზე. უსმენ და იტოვებ საფიქრალს, ასადაგებ მის ნათქვამს საკუთარ პრაქტიკასთან, ჩნდება იმპულსები, იდეები – „მე ამისგან გავაკეთებ“ – ამის მსგავსი.

სემინარზე ერთ-ერთი საკვანძო თემა იყო „თანამედროვე გამოწვევებით სავსე, შეცვლილი რეალობა – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი“.

 

ამ წერილში გიზიარებთ სემინარზე ჩანიშნულ თეზისებს:

 

ვინ არის მასწავლებელი?

მასწავლებელი არის ინიციატივის ადამიანი. ზოგადად – ცხოვრებაში და კონკრეტულად – სწავლებაში.

რას ნიშნავს ინიციატივიანი ადამიანი? ინიციატივა – ესაა შემოქმედებითობა.

სიახლის წყურვილი. ცნობისწადილი. ასეთი ადამიანის გაკვეთილი მოსაწყენი ვერ იქნება. მოსწავლეებთან ერთად უნდა იქმნებოდეს რაღაც ღირებული, ნაცვლად რუტინული გამეორებისა. ინიციატივის სრული საწინააღმდეგო მოცემულობაა რუტინა. როგორც იყო გუშინ და იმის წინ, ისევე იქნება დღეს და ხვალ. სასწავლო შინაარსების გამეორება, წიგნებიდან დასწავლა და მასალის რვეულებში გადატანა – არ ტოვებს ადგილს შემოქმედებისთვის.

მასწავლებლობა არ არის როლი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ითამაშო უცვლელად. ეს არის პროფესია, რომელიც ცვლილებების და მოქნილობისთვისაა ღია.

 

მასწავლებელი არის ინტერესიანი ადამიანი.

მას აქვს ინტერესი სამყაროსა და ადამიანის მიმართ. რას ნიშნავს ინტერესი? რაში და როგორ ვლინდება? გვაინტერესებს სიახლეები? მხოლოდ ჩვენს საგანში გვაინტერესებს თუ ზოგადად?

მნიშვნელოვანია ინტერესი სასწავლო გეგმის მიმართ. კითხვები, კითხვები, კითხვები. ინტერესიან ადამიანს თავს ვერ მოახვევ რაიმეს. ამ ყაიდის ადამიანი ხშირად უსვამს საკუთარ თავს კითხვებს, რადგან აინტერესებს: – რას მომცემს ეს გამოცდილება? რა ვისწავლე აქედან? რა დადებითი შემძინა ამ უარყოფითმა სიტუაციამ?

 

მასწავლებელი უკომპრომისოა. ეს ნიშნავს, რომ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებისაც სჯერა, რომლებიც პედაგოგიურად გამართლებულად მიაჩნია, რომლებიც მოსწავლისთვის სასიკეთოა, მტკიცედ დაიცავს. ვარ მართალი და გულწრფელი კოლეგების მიმართ? საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი? მოსწავლის წინაშე მდგომი? უფრო მარტივ და „უეკლო“ გზას ვჯერდები საქმის გასაიოლებლად თუ ძნელად სავალს ვარჩევ? თუ კომპრომისზე მივდივარ, რის საპირწონედ?

 

მასწავლებელი არ უნდა გახევდეს.

ნუ ჩარჩება წარსულში, გარდასულ, თუნდაც წარმატებულ გამოცდილებაში. მასწავლებელი ახალი სასიცოცხლო ძალებით აღსავსეა ყოველი სასწავლო წლისთვის, ყოველი გაკვეთილისთვის. ამას არაფერი აქვს საერთო მოტივაციასთან. მოტივაცია მიდის და მოდის. ეს შინაგანი მუდმივი მდგომარეობაა. რასაც გასცემ, მეტწილად იმასვე იღებ მოსწავლეებისგან.

 

მასწავლებელი ფანტაზიითა და შემოქმედებითობითაა განმსჭვალული. ამის ყოველდღიური ვარჯიში საჭიროა, სასარგებლო და აუცილებელი. შემოქმედებითობა ბუნებითადაც აქვს ადამიანს და ამასთან, ამას გაწაფვა, განვითარება სჭირდება, სახალისო ცვლილებები ყოველდღიურ რუტინაში. ახალი კადრის შესარჩევად ასეთ დავალებას მივცემდი კანდიდატს – ახლა ნახევარი საათი გაისეირნეთ აქვე, მიმდებარედ. რომ დაბრუნდებოდა სეირნობიდან, ვთხოვდი, აღეწერა ნანახი, გადმოეცა შთაბეჭდილებები. რა დაინახა? რა შეამჩნია? როგორ გადმოსცემს? რა ფორმას შეარჩევს ამის გადმოსაცემად?

 

მასწავლებელი არის გაბედული, მამაცი ადამიანი. ის დგას სიმართლის მხარეს. მოსწავლეების წინაშეც გაბედული უნდა ვიყოთ. საჭიროა გაბედულება – არცოდნის გამოვლენის, შეცდომის აღიარების.

 

მოსწავლეებთან აღმზრდელობითი, პედაგოგიური ურთიერთობისას ჩვენ გვაქვს მოლოდინი, სურვილი, რომ აი, ვასწავლი მას, გადავცემ ცოდნას, მაქვს რეაგირება მის ქმედებებზე, უსაქციელობის გამოვლენისას ჭკუას ვარიგებ და რაღაც ჯადოქრობით, რაღაც მანქანებით ბავშვი – ჰოპ, და შეიცვლება. არა მეგობრებო, ბავშვი კი არ უნდა შეიცვალოს, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. უნდა შევცვალოთ მიმართება, დამოკიდებულება, ქცევა. უმთავრესი მიზანი ესაა.

უნდა განვიმსჭვალოთ ემპათიით. მის კანში, მის ტყავში უნდა ვიგრძნოთ თავი.

 

მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარებისადმი მეტი ნდობა უნდა გამოვაცხადოთ. მათ დანამდვილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ავლენენ. დამოუკიდებელ აზროვნებაში გავარჯიშება, საფიქრალის აღძვრა, კითხვების მეშვეობით მათი პროვოცირება, ვარიაციულობაში გაწაფვა მნიშვნელოვანია. ნუ იარსებებს ერთი სწორი პასუხი. გაკვეთილზე შეიქმნას სივრცე თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნებისთვის. ნდობა ნამდვილად ქმნის განსხვავებულ მოცემულობას. ნდობით თუ ვარ განმსჭვალული მოსწავლის მიმართ, ის მეტი ალბათობით გაამართლებს მას.

 

სასწავლო გეგმებსა და სავალდებულო ცვლილებებზე

 

სასწავლო მასალა, გეგმა, გაკვეთილი უნდა მომზადდეს საუკეთესო მოსწავლის უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით. მხოლოდ ასე შევძლებთ იმის მიღწევას, რომ გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი, მხარ-თეძოზე წამოსაწოლად მოსწავლეებს არ უნდა „ეცალოთ“. „რატომ უნდა ვიყო ყურადღებით, თუკი ყველაფერი გასაგებია? თუ სააზროვნო კითხვებით არ იკვებება ჩემი აზროვნება? ჯობია, „წავუძინო“ – დაახლოებით ასეთ გადაწყვეტილებას იღებს საუკეთესო მოსწავლის შემეცნებისა და ნების განმკარგველი.

 

როცა დაფასთან მუშაობს ერთი, ხსნის მაგალითს, ფიქრობს, აზროვნებს, დანარჩენები პასიურად არიან. „განისვენებენ“, თუ ეს მუდმივად და ხშირად კეთდება, მოსწავლის ტვინი შემეცნების „ზონიდან“ გადის. მხოლოდ მაშინ შეფხიზლდება, როდესაც დაფიდან გადაწერის განკარგულებაა გაცემული, მაგრამ რას აძლევს მას დაფიდან ბრმად გადაწერა? რის გავარჯიშებაა ეს?

 

სასწავლო გეგმა არ არის ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული დოკუმენტი. ეს ცვალებადი, მოქნილი, დროის მოთხოვნების შესაბამისი და „შესწორებების მოსურნე“ რამაა. სასწავლო გეგმა, მასალა, პროგრამა აუცილებლად უნდა იცვლებოდეს დროისა და ვითარების, მოცემულობის შესაბამისად. ისტორია უმნიშვნელოვანესი დარგია. მოსწავლეებს ვაცნობთ კაცობრიობის მიღწევებს, ცივილიზაციებს, უკვე გამქრალ და გადაშენებულ კულტურებს. ამასთან – რა დროს ვუთმობთ ახლანდელ ვითარებას? თანამედროვეობას? მერე კიდევ – ისტორია გმირებსა და მამაკაცებზეა. მამაკაცების მოთხრობილია. პატრიარქალური ნარატივია მმართველებზე, მებრძოლებზე, კაცებზე. ამ „ვიწრო ფოკუსს“ დღეს შესწორება სჭირდება. აუცილებლად უნდა ისმოდეს ქალის ხმაც, უნდა მოვყვეთ ქალების ამბებიც. თუ ეს არ შევცვალეთ სასწავლო გეგმაში, თუ არ მოვიძიეთ, არ მოვისურვეთ, ისევ ერთი სქესის დომინანტობის წიაღში დავრჩებით. ეს ვეღარ იქნება თანადროული.

მასწავლებელი ისაა, ვინც გრძნობს დროის თანმდევ საჭიროებებს, ცვლის მიდგომას, მეთოდს, ვითარდება, მტკიცედ, გაბედულად იცავს მოზარდის უფლებებს, უვითარებს მას პასუხისმგებლობას, ნებელობას, ვინც მოწიწებით იღებს ბავშვს, სიყვარულით აღზრდის და თავისუფლებით აღჭურვილს უშვებს ამ საინტერესო, დიდებულ სამყაროში.

 

 

სატურნის სული

0

გადატვირთული წლის შემდეგ, როგორც იქნა ბარგი შევკარი და არდადეგებზე გავემგზავრე. გეზი თურქეთისკენ მქონდა. აქ ორი მიზანი იყო განსახორციელებელი.

პირველი, ქალაქ ესქიშეჰირში ჩემი მეგობარი ოჯახის შვილის ქორწილზე დასწრება და ამ ულამაზესი და უთბილესი ქალაქის კიდევ ერთხელ მონახულება.

მეორე, ზღვაზე წასვლა და ბევრი იოდის ჩასუნთქვა.

ზღვის მიმართ ნეიტრალურად ვარ განწყობილი.  არ ვირუჯები და არ ვცურავ. დიდი დიდი ნაპირზე წყალში ვიტყაპუნო. ესეც მალევე მბეზრდება და კიდევ რა ვაკეთო არ ვიცი. ამიტომ, ქალაქის ათვისებას ვიწყებ ხოლმე. თუმცა, ამაზე სხვა დროს მოვყვები, ახლა მთავარს დავუბრუნდეთ.

თბილისიდან მანქანით ღამის სამ საათზე გამოვედით. ეს ისეთი კომფორტული ყოფილა. სრულიად ცარიელ ტრასაზე მარტო მისრიალებ, არც საცობი და არც „მართვის უცოდინარი“ მძღოლები. აი, ისეთები, თავადაც, რომ არ უწყიან რას ჩადიან გზებზე.

გვარიანი გზა გავიარეთ და ღამე ჩორუმში დავრჩით. ჩორუმი ეძახე შენ და რამხელა და როგორი უნივერსიტეტი აქვთ, იცით? არა, შიგნით არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც გარედან ვნახე, წარმომიდგენია შიგნით რა ინფრასტრუქტურა ექნებათ.

ერთი უნდა ვთქვა, თურქეთის ყველაზე პატარა ქალაქსაც კი თავისი უნივერსიტეტი აქვს. ახალგზრდებიც სულ უფრო მეტად ილტვიან ცოდნისკენ, მაგრამ უმრავლესობა შემდეგ სპეციალობით ვერ საქმდება.

აი, მაგალითად ემრე, ვის ქორწილშიც ვიყავი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მაგრამ მაკდონალდში მენეჯერად მუშაობს. ეძება საქმე სპეციალობით და რომ ვერ იპოვა, რაც ხელთ მოხვდა, იმას აკეთებს.

ერთი პირობა, ესქიშეჰირის გულში განლაგებულ მუზეუმებშიც უმუშავია, მაგრამ იქ  ხელფასი მცირე ყოფილა.

სხვათა შორის, ქალაქს მართლაც საინტერესო მუზეუმები აქვს და აქ ჩამოსული (თან, თუ პირველად ხარ) აუცილებლად უნდა ესტუმრო. ერთი დარბაზი არქეოლოგებისაა.

ყველაზე ძველი არქეოლოგიური აღმოჩენა ტყვიისგან დამზადებული მძივებია. ბევრ მუზეუმში  და აქაც მოიძებნება ტყვიისგან დამზადებული ფიგურები, რასაც ძველი ეგვიპტელები ამზადებდნენ. ჩვ. ერამდე მეორე საუკუნეში კი რომაელებმა მისგან საკანალიზაციო სისტემა შრქმნეს. თავად ტყვიას კი წელიწადში 82 000 ტონას მოიპოვებდნენ. ლათინურად მეტალს პლუმბუმი უწოდეს, ხოლო წყალგაყვანილობას იმავე ენაზე პლუმნარუსი ერქვა.

ტყვია ბუნებაში ბევრ მინერალს წარმოქმნის. მაგ. ტყვიის კარბონატი (ცერუსიტი). ტყვიის სულფატი (ანგლეზიტი), სულფიდი (ინგლერიტი). ამ უკანასკნელის დაწვის შედეგად მიიღება ტყვიის ოქსიდი, რომლიდანაც ტყვიის აღდგენაა საჭირო.

2PbS+3O2=2PbO+2SO2

აღდგენისთვის კარგია ნახშირი, თუმცა წყალბადის გატარებაც შეიძლება.

PbO+H2=Pb+H2O

ტყვიის ლღობის ტემპერატურა 327 ცელსიუს გრადუსია, ოდნავ მეტია კალას ლღობის ტემპერატურაზე. თუმცა,  ჯარისკაცის ჩამოსხმა მისგანაც შეიძლება (https://mastsavlebeli.ge/?p=32776).  უნდა გვახსოვდეს, რომ ტყვია ტოქსიკურია და ორგანიზმს წამლავს. იწვევს გონებასუსტობას, დაუძლურებას, უნაყოფობას. ასე რომ, მისგან სათამაშოების კეთებას ჯობს  შევეშვათ.

თუმცა, თანამედროვე სათამაშოების უმრავლესობა ტყვიას შეიცავს. განსაკუთრებით ეს ფერად, იაფფასიან სათამაშოებს შეეხება. საშიშია ასაწყობი ინსტრუქტორები, თოჯინები და მანქანები, რომელთა შემადგენლობაშიც პოლივინილქლორიდია.  შეხედავ და პლასტმასაა, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ იქვე სხვადასხვა სახის ფტალატიც, ალდეჰიდიც არის და მათთან დაკავშირებული მძიმე მეტალი, ანუ ტყვია. ბავშვი ბავშვია, გემოს გაუსინჯავს, ჩაიხუტებს (კანთან მჭიდრო კონტაქტი ექნება) და შესაბამისად მათ სისხლში ტყვიის კონცენტრაცია მოიმატებს, კანზე კი ალერგიული რეაქციები.

ნებისმიერი სხვადასხვა კაშკაშა საღებავით (განსაკუთრებით, ყვითელი, სტაფილოსფერი)  მიხატულ-მოხატული ჭურჭელი, მათ შორის, ძველი წლების ანტიკვარიატიც, შესაძლოა საღებავში ტყვიას და კადმიუმს შეიცავდეს. ამიტომ, უბრალოდ უნდა შევძლოთ ასეთ ჭურჭელთან სწორი მოქცევა. გამოვიყენოთ ხილის, ტკბილეულის, თხილეულის დასალაგებლად და სუფრის გასალამაზებლად, რადგან ასეთი ჭურჭლიდან მძიმე მეტალები შესაძლოა ორგანიზმში გადმოვიდნენ, თუ:

– მათზე ცხელ საჭმელს მივირთმევთ და ან სუფრაზე დავდებთ სტუმრებისთვის გადასაღებად. მაღალი ტემპერატურა მეტალთა იონების საკვებში მიგრაციის პროვოცირებას იწვევს.

ასევე არ ივარგებს მჟავა pH-ის მქონე საკვების შემოლაგება, მაგ. დაჭრილი, კანგაცლილი ციტრუსები, პომიდვრის სალათა ან საწებელი, კომბოსტოს მწნილი ან სხვა მწნილეულობა, ძმრიანი სალათის საკმაზი და ა.შ.

ტყვია ორგანიზმიდან იოლად გამოდის. მის გამოსადევნად იყენებენ მედიკამენტებს, რომელთა შემადგენლობაშიც ჰელატები შედიან. ჰელატები შიდაკომპლექსური ან ციკლო კომპლექსური ნაერთებია. წარმოიქმნებიან პოლიდენტატურ ლიგანდებთან ლითონის იონების ურთიერთქმედებით. ჰელატები შეიცავენ ცენტრალურ იონს და მის გარშემო კოორდინირებულ ლიგანდებს. ჰელატური ნაერთი მედიცინაში ბიოდანამატად პირველად 1960 წელს გამოიყენეს. დღეს ჰელატო-თერაპია მძიმე მეტალთა გამოსადევნად გამოიყენება ორგანიზმიდან. ჰელატები მეტალის  იონებს ქიმიურად და ბიოქიმიურად ინერტულ ფორმაში გადაჰყავთ, რომელიც იოლად ტოვებს ორგანიზმს.

დღეს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის მეთოდიკა ცნობილია. რომის იმპერიაში კი არ იცოდნენ და  ტოტალურად მოწამლულები იყვნენ. ამას მოწმობს გათხრების შედეგად ნაპოვნი ნეშთების ანალიზიც. აქ უფრო ღვინო იყო დამნაშავე, ვიდრე კანალიზაცია (ზემოთ დავწერე, ტყვიის მილებს იყენებდნენ საკანალიზაციო სისტემებში თქო), რადგან მილების შიდა ნაწილი კარბონატის ფენით იყო დაფარული და ტყვია ვეღარ გადავიდოდა წყალში.  ღვინოს კი ტყვიის კასრებში აყენებდნენ, რათა დამახასიათებელი მოტკბო გემო ჰქონოდა. ამ გემოს ე.წ. ტყვიის შაქარი, ანუ ტყვიის აცეტატი აძლევდა.

ტყვიის აცეტატიდან ალქიმიკოსებმა პირველებმა მიიღეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გამხსნელი- აცეტონი.

ალქიმიკოსები ტყვიას სატურნს ადარებდნენ. აცეტონს კი სატურნის სულს უწოდებდნენ. ასევე, იმედი ჰქონდათ, რომ ტყვიას ოქროდ გადააქცევდნენ.

ზოგიერთი ექსპერიმენტი ამის იმედს აძლევდათ.

ასეთი ექსპერიმენტებიდან, პირველ რიგში, ე.წ. „ოქროს წვიმაა“ აღსანიშნავი.

 

ვამზადებთ თითო-თითო გრამ კალიუმის იოდიდის და ტყვიის ნიტრატის ხსნარებს. ჯობია თბილი წყალი გამოვიყენოთ გასახსნელად, ტყვიის ნიტრატს რამდენიმე წვეთი ძმარმჟავა დავამატოთ, რათა მისი ჰიდროლიზი შეჩერდეს. შემდეგ ეს ორივე ხსნარი, სხვა ჭურჭელში, ერთდროულად შევურიოთ ერთმანეთს. დავინახავთ ტყვიის იოდიდის ფანტელებს, რომლებიც ძალიან ლამაზად დაილექება და წვიმის შთაბეჭდილებას დატოვებს. მნიშვნელოვანია თბილი წყლის გამოყენება, რადგან ცივი ან ცხელი წყლის შემთხვევაში, ნალექი უცბად წარმოიქმნება და არავითარი „წვიმა არ მოვა“.

ოქროს ფირფიტები შეიძლება კალის ქლორიდიდანაც მივიღოთ. უნდა დავამატოთ ნატრიუმის სულფიდი. მიიღება კალის სულფიდი, რომელსაც ძველად მხატვრობაში მასიურად იყენებდნენ და სუსამის ოქროს ეძახდნენ.

მხატვრობისთვის, ასევე იყენებდნენ ტყვიის ქრომატს PbCrO4, რომელსაც ზეთის საღებავებში დღესაც შეხვდებით. შეურიეთ ერთმანეთს ტყვიის ნიტრატის და კალიუმის ბიქრომატის ხსნარები.

 

Pb(NO3)2+K2Cr2O7=PbCrO4+2KNO3

თუ შევურევთ ტყვიის აცეტატს და ნატრიუმის კარბონატს -ტყვიის ფუძე კარბონატს, იგივე ტყვიის თეთრას მივიღებთ. ადრე თეთრ საღებავებში იყენებდნენ.

ზოგიერთი ალქიმიკოსი სხვებისგან განსხვავებით, ტყვიას ოქროს მისაღებად არ განიხილავდა. მათ სწამდათ, რომ ტყვიისგან შესაძლებელი იყო ტრანსმუტაციის დამხმარე ნაერთების დამზადება და ზემოთ ხსენებული საღებავების უმრავლესობა, სწორედ ასეთი ალქიმიკოსების ბეჯითი მცდელობებით იქნა მიღებული. მიზანი, ბუნებრივია, ხელოვნება და მხატვრობა არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა.

ესქიშეჰირის გულში ხელოვნების სასტუმროა. ასეთი ორიგინალური სახელი ჰქვია და ორიგინალურადაც არის გაფორმებული. რას აღარ ნახავთ მის კედლებზე ქიმერებს, უცნაურ ყვავილებს და რაც მთავარია ზედ მთავარ კედელზე, უზარმაზარი გაშლილი ფრთებით, უცნაური არსება ასაფრენად ემზადება. ჩემი სასტუმრო ოთახის ფანჯარა ზუსტად მას უმზედრა და  განცდა მრჩებოდა, აი, ახლა აფრინდება და ზედ ჩემს ფანჯარასთან მოვა თქო.

ვიკითხე, რა არსების ფიგურაა-თქო.

-ეს სატურნის სულიაო, მომიგეს.

-სატურნის სული? ჰმ, აცეტონი ყოფილა, აფრინდება და ჰაერში გაიფანტება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...