კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

წიგნის ყდის გაფორმება ილუსტრაციით და წარწერით

პირველ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის განსაზღვრულია სამი პერიოდი: წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდგომი.

გთავაზობთ საანბანო პერიოდის სახალისო, შემოქმედებით დავალებას, რომელიც შექმნილია პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსთვის – „მშობლიური ენის კვალზე“ (ავტორები – ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; თანაავტორი ლელა მანგოშვილი; მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას და იმავდროულად მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

რესურსები და აქტივობები იმგვარად არის შერჩეული, რომ დავალების შესრულება შეუძლია ნებისმიერ პირველკლასელს, განურჩევლად იმისა, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობს.

 

თემა: ბავშვი და გარემო

გრძელვადიანი მიზანი: სამიზნე ცნებადეკოდირება-კოდირება (შედეგები: (I). 2, 4, 6)

დავალება: წიგნის ყდის გაფორმება ილუსტრაციით და წარწერით

წარმოიდგინე, რომ ილუსტრატორი ხარ და გააფორმე წიგნის ყდა დახატე ია და გაუკეთე სათაური: „აი ია“.

 

დავალების შეფასების კრიტერიუმები

 

დავალების წარდგენისას ისაუბრე:

  • რომელ ბგერებს გამოხატავს ახლად ნასწავლი ასოები;
  • ბადის რომელ უჯრებში (ზედა, ქვედა, შუა) იწერება;
  • რამდენი ასოსგან შედგება სიტყვები; რომელია ეს ასოები;
  • რამდენი სიტყვაა შენ მიერ დაწერილ წინადადებაში.

 

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები

 

რესურსი 1. მოსწავლის რვეული გვ. 58, წიგნის ყდის ნიმუშები (შეგვიძლია, ვაჩვენოთ წიგნები)

 

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენოთ სხვადასხვა წიგნის ყდები.

  • გავიხსენოთ, რა არის ილუსტრაცია.
  • ხომ არ იცით, ვის უწოდებენ ილუსტრატორებს?
  • თქვენი აზრით, მოცემული ნიმუშებიდან რომელია წიგნის ყდა? რატომ ფიქრობთ ასე?
  • რატომ არ არის მესამე ნიმუში წიგნის ყდა? რა აკლია მას?
  • რა უნდა იყოს აუცილებლად წიგნის ყდაზე? (სათაური, ილუსტრაცია/ნახატი)

 

აქტივობა 2. მოსწავლეებს გავაცნოთ კომპლექსური დავალების პირობა და გავააზრებინოთ, რას ითხოვს დავალება მათგან.

 

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება; რა უნდა გააფორმოთ ნახატით და სათაურით?
  • რა უნდა დახატოთ და დაწეროთ?

 

რესურსი 2. მოსწავლის რვეული გვ. 58, „ი“-სა და „ა“-ზე დაწყებული სიტყვები (ირემი, ია, ატამი, აქლემი)

აქტივობა 3. „ი“-სა და „ა“-ზე დაწყებული სიტყვების ამოცნობა, ბგერებად, მარცვლებად დაშლა და სიტყვებში შესასწავლი ასოს ადგილმდებარეობის დადგენა (მაგ., სიტყვაში მერამდენე ბგერაა ა, ი, რომელია მისი წინა/მომდევნო ბგერა (ირემი ია, ატამი, აქლემი).

 

აქტივობა 4. თამაში „იპოვე ზედმეტი“ – რომელი ერთი სიტყვაა განსხვავებული?

როგორ ვიპოვოთ, რომელი სიტყვაა განსხვავებული, ზედმეტი? (ზედმეტია ია, რადგან ორმარცვლიანია. ყველა სხვა სიტყვაში არის სამი მარცვალი). როცა იპოვიან, ამის შემდეგ უჯრებში ჩაწერენ მარცვლების რაოდენობას.

 

რესურსი 3. მოსწავლის რვეული გვ. 59 (სხვა სახელმძღვანელოთი სწავლების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია, ჩანაწერი გააკეთოს დაფაზე ან ამობეჭდოს ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით).

 

აქტივობა 5. ახალ ასოზე „ნადირობა“ – სიტყვათა ჩამონათვალში მოსწავლეებს მოვაძებნინოთ „ი“ და „ა“ ასოები და შემოვახაზვინოთ.

 

რესურსი 4. მოთხრობის სათაური – „ლურჯი ია და მაია“. მოსწავლის წიგნი გვ. 136 ან დაფაზე დაწერილი.

აქტივობა 6. მოთხრობის სათაურში – „ლურჯი ია და მაია“ – ამოვაცნობინოთ „ი“ და „ა“ ასოები და დავათვლევინოთ.

  • რომელ სიტყვაში ხედავთ „ი“ და „ა“ ასოებს? რამდენი ასეთი სიტყვა იპოვეთ? მერამდენე სიტყვაა ია ამ წინადადებაში?

 

რესურსი 5. „ი“ და „ა“ ასოები (რკალები ბადის შუა ნაწილში) ფორმატის ქაღალდზე ან დაფაზე.

აქტივობა 7. დაკვირვება „ი“ და „ა“ ასოებზე, ბადის რომელ უჯრებში იწერება (ზედა, ქვედა, შუა) და რა ფორმისაა.

  • დააკვირდით, რას მოგვაგონებს ასოები „ა“ და „ი“ (რკალს, ხაზს, რგოლს)? ბადის რომელ უჯრაში იწერება (ზედა, ქვედა, შუა)?
  • თუ ამ ასოებს გადავანაცვლებთ, რას მივიღებთ?

 

რესურსი 6. მოძრავი ანბანი.

აქტივობა 8. მოსწავლეებს მოძრავი ანბანით ავაწყობინოთ სიტყვები, წინადადება და ჩვენი დახმარებით შევამოწმებინოთ:

  • არის თუ არა დაშორება სიტყვებს შორის;
  • სწორად არის თუ არა ჩასმული ასოები სიტყვაში;
  • დასმულია თუ არა წერტილი (მოძრავ ანბანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წერტილი, თუ არ აქვს, თავად მასწავლებელი გააკეთებს).

 

რესურსი 7. მოსწავლის წიგნი, გვ. 30.

აქტივობა 9. მოსწავლეები იპოვიან, რამდენჯერ წერია ტექსტში სიტყვები: „ია“ და „მაია“.

აქტივობა 10. პატარა სიტყვის პოვნა დიდ სიტყვაში (მაგ., მაია, მახე, გალია, ჭიამაია).

 

  • როგორ ვიპოვო დიდ სიტყვაში პატარა სიტყვები?

 

რესურსი 8. „ბასტიბუბუს“ ვიდეოანბანი

ასო „ი“ –

ასო „ა“ –

აქტივობა 11. მოსწავლეებს ვაჩვენოთ „ბასტიბუბუს“ ვიდეოანბანი.

აქტივობა 12. მულტისენსორული მეთოდის გამოყენებით ასოები მოხაზონ ჰაერში, გამოძერწონ პლასტილინისგან ან დაამზადონ მავთულისგან/თასმისგან.

რესურსი 9. მოსწავლის რვეული გვ.59

 

აქტივობა 13. მოსწავლეები რვეულის ბადეში ჩაწერენ ასოებს, სიტყვას და წინადადებას.

 

  • რომელი ასო წერია პირველ ხაზზე? მეორეზე?
  • რომელი ბგერები გამოხატავს ამ ასოებს?
  • ბადის რომელ უჯრაში იწერება ასო ი? ასო ა?
  • რა წერია მესამე ხაზზე? მეოთხეზე?
  • რატომ არის მეოთხე ხაზზე დაწერილი სიტყვები წინადადება? (წინადადების ბოლოს წერტილია დასმული)

 

აქტივობა 14. დაასახელე, რა ხატია და ჩაწერე პირველი ასო.

აქტივობა 15. დავალების შესრულება – მოსწავლეები რვეულში (გვ. 60) გააფორმებენ წიგნის ყდას და ჩაწერენ სათაურს. შევახსენოთ, რომ სათაურის ბოლოს წერტილის დასმა საჭირო არ არის.

  • რა უნდა დახატოთ წიგნის ყდაზე? რომელი ფერები დაგჭირდებათ?
  • სათაურში რა უნდა ჩაწეროთ? სიტყვებს შორის რამდენი უჯრა უნდა გამოტოვოთ? რატომ?

შენიშვნა: დავალების შესრულება შესაძლებელია ნებისმიერი ბადიანი რვეულის ფურცელზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი