შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ვარიაციები თემაზე – „მსხვერპლი და არა სეირი“

ღალატის საფუძველიც, როგორც სხვა მრავალი ცოდვისა – ადამიანური ეგოიზმია, ჯერ თავო და თავოა, ოღონდ უკვე უღირსი ,,თავო”. თუ რაღაცისთვის თავის დავიწყება, დაკარგვა არ შეგიძლია, ვერც ჩასწვდები ქრისტეს. ცოდოა მოღალატეობისთვის განწირული ადამიანი. ვაჟა-ფშაველას წიწოლა მახსენდება, ყველას მიერ უარყოფილი (თვით ბუნებისგანაც), თვითონ მწერლის გარდა. ვაჟა მას თანაუგრძნობს. ესეც ერთგვარი თავდავიწყებაა, როცა მსგავს ცოდვას პატიობ. ესაა ის საოცარი ჰუმანიზმი, რომელიც იესოს მსხვერპლშეწირვაშიც გამჟღავნდა. იუდა კი უდიდესი ცოდვილი კაცობრიობის ისტორიაში, კაცთაგან შერისხვისათვის განწირული, საბრალო, ყველაზე დიდი ცრემლი უფლისა… ღალატი მგონია ყველაზე დიდი ცოდვა: ღვთისა, ქვეყნისა, საკუთარი თავისა თუ მოყვასისა. ღალატი ბადებს ტრაგიზმს მისი, ვისაც უღალატეს და მისიც, ვინც უღალატა.

ღალატი ბადებს მსხვერპლსაც. საყოველთაო, საზოგადოებრივი თუ პიროვნული ღალატი, –გაწირვა ვინმესი… თუმცა ამ ღალატმა ზოგიერთები გახადა ტრაგიკულები, მაგრამ გენიალურები, ბედის წინააღმდეგ ამხედრებულნი… მათ ბევრი დაითმინეს, გახდნენ ძლიერები, ქედუხრელნი და შექმნეს დიდი შემოქმედება, საკუთარი საოცარი სულების გამონაშუქით ბრწყინვალე… რომ მაშინ სევდიანებს, გაუხარლებს, დღეს ჩვენი ნაღველი განექარვებინათ, ოპტიმიზმი, მხნეობა ჩაენერგათ, არსობის ფილოსოფიური სიდიადე გადმოეცათ: ,,…და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!”, ისინი გვასწავლიან, რა არის თავისუფლება, ბრძოლა ბრძოლისათვის, აი, გამართლებაც მათი ტკივილიანი არსებობისა, ,,განწირული სულისკვეთებისა”.

გუშინ მეგობართან ვსაუბრობდი ადამიანის ემოციურ ასაკზე და გალაკტიონი, კიდევ ერთი ნაღალატევი წითისოფლისა თუ ადამიანებისგან, ბოლომდე იყო მარადი ბავშვი, რომელიც მკაცრად დავსაჯეთ, დავტანჯეთ, რადგან საქართველოში მკვდარი პოეტები უფრო უყვართ. თუმცა ღმერთი მასთან იყო მაშინაც, როცა თავს იკლავდა და მერეც, ,,ვარდისფერი გზით” მარადისობას რომ შეერთო. მისთვის აქაც და ,,იქაც” მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობდა და არსებობს. გალაკტიონი ამქვეყნად მოვიდა, რომ ჩვენც შეგვძლებოდა მოვხვედრილიყავით მისი ლექსით სამოთხეში… აქვე ვაჟაც გავიხსენოთ, აბა:

,,არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა”.

ვაჟა ძალიან ჰგავს საქართველოს, რომლის ღირსებას, სიდიდეს თუნდაც დღევანდელი გარეგნული მხარე, სოციალური ქაოსი, არ განაპირობებს. მოგონებებში მოთხრობილია, რომ ერთხელ ვაჟამ დაძენძილი ჩოხით გაიარა მოქეიფეებთან, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. მერე შესულა თავისი ძმისას, ჩოხა გამოუცვლია და ისე გაუვლია – მობრძანდი, ვაჟაო, დიდის ამბით მიუწვევიათ. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიიდან: ერთი ჩოხა ჰქონია ვაჟას, ინახავდაო. სოფელში კაცი მომკვდარა. რა ვქნათ, შიშველს ხომ ვერ დავმარხავთო? უთქვამთ ამ ღატაკზე. მიუცია ვაჟას ეს თავისი ერთადერთი ჩოხა მიცვალებულის გასაპატიოსნებლად. მოკლედ, მეგობრებო, მიწისაა სწორედაც ჩოხა და შესამოსელი, და ყოველგვარი ამქყვეყნიური სიმდიდრე და პატივი. ეს უნდა თავიდან ვისწავლოთ, რომ მთლად მატერიალისტების ქვეყნად არ ვიქცეთ. გასაგებია, რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. „მართალია, დღეს ჩვენ კაცები აღარა გვყავს და აღარა გვყავს იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრებაც აღარა გვაქვს, საკუთარი ინტერესი ჩვენის ქვეყნისა ჩვენ აღარ გვაბარია, საკუთარის აღზრდის წესით აღარ ვიზრდებით. ევროპაში თვით ცხოვრების ვითარება, თვით საზოგადოება უწყობს ხელს, რომ კაცები გამოჩნდნენ, კაცები აღიზარდნენ: იქ ყველა კაცის ღირსება ძვირად ფასობს და ყველასათვის სასიხარულო და სასიქადულოა. სიყრმიდანვე ისეთს საზოგადოებაში იზრდება ყრმა, ისეთი რამ ესმის, სკოლას თუნდ ნუ ვახსენებთ, რომ მისი გონებრივი და ზნეობრივი ნიჭი ვითარდება, ღონეს იძენს, ძლიერდება“. ეს შეფასებაა, თითქოს, დღევანდელობისა. ვაჟამ ყველაზე კარგად იცის ბედნიერებისა და თავისუფლების ფასი. ვისწავლოთ, რა იქნება, მისგან: „უბედურად ჰგრძნობს თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება… რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ვნებდეს, მით უმეტეს, საზოგადოებას. არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო. – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად – თავისუფლება და ბედნიერება სინონიმები არიან“(,,რა არის თავისუფლება”). თავისუფლება, ვაჟას აზრით, ბუნებრივი მოცემულობაა, მას ვერავინ მოგანიჭებს, თუ თავად, შენივე სული არ ააზატე, ესაა, „როგორც გაზაფხულზე ბუნება“. ესაა როგორც შეგრძნება იმ ლექსის ბოლოს, რომლითაც დავიწყე:

,,ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა…”.

ევროპა, ევროპაო, რომ გავიძახით, მისი სიყვარულიც საკუთარი თავის პატივისცემიდან იწყება, რომლის გარეშეც ვერასდროს ვისწავლით ვერც ჩვენი, ვერც სხვისი ქვეყნის, კაცობრიულის სიყვარულს და სიმდიდრეც ბევრი ფული და ამით მოგვრილი მდგომარეობა გვეგონება…
_____________
ამ ფიქრების გაგრძელებას იმით დავამთავრებ, რომ ნურავის შევჩერებივართ, გვიშველოსო, გაგვათავისუფლოსო, გაგვამდიდროსო. ჯერ ჩვენვე უნდა ვუშველოთ თავს, ვძლიოთ ჩვენი საუკუნეების ,,სნეულებას” და ერთმანეთის ,,ჭამით” შინაური თუ გარე მტრის საჯიჯგნები არ გავხდეთ.
ვაჟას, ასე დიდებულსა და ძლიერს, ჭკუა მოეკითხება, რადგან მან დრო დაამარცხა. და არ არსებობს ადამიანის ამაზე დიდი გამარჯვება……

ახლა კი ღალატი გავშალოთ ბოლშევიზმის დემონურ პროფილსა თუ აჩრდილამდე, როგორც მარად ბოროტებამდე.

საბჭოეთში არა მარტო კლავდნენ თავისუფალ ეროვნულ სულისკვეთებას (ფიზიკურადაც), არამედ ცოცხლებს თუ მერე მკვდრებს აბუჩადაც იგდებდნენ „მეფისტოფელური ხარხარით“, ასე ძარღვებში სისხლგამყინავად რომ გაისმოდა თუნდაც ყრილობებზე ხანგრძლივი ტაშის უნისონში ყრუ, შემზარავ ექოდ.

ჯერ კიდევ ჩანასახოვანი ბოლშევიზმი, „ემბრიონული“, სოციალ-დემოკრატების სახით, სრულიად ავი, ყალბი კოსმოპოლიტიზმის ეგიდით (კოსმოპოლიტიზმის ჯანსაღი გაგება ვაჟამ მოგვცა თავის „კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმში“) დაუპირისპირდა ყოველივე ეროვნულს. არც აციეს, არც აცხელეს და მიზანში ილია ამოიღეს, კაცი-უნივერსუმი, ერის ორიენტირი თუ საყრდენი იყო ის ერთი ადამიანი. ფილიპე მახარაძის დავალებით ჯერ ბინძური ჭორები გაუვრცელეს (ეს მეთოდები მერე და მერე დახვეწა საბჭოეთმა და დღემდეა ის სასიცოცხლოდ საშიში შხამი სახელმწიფო აზროვნებასა თუ სტრუქტურებში), მჩაგვრელი მებატონეაო („გლახის ნაამბობის“ ავტორს!), ხალხი აუბუნტეს და შეუსიეს. თავი კი აგრძნობინეს საოცრად მარტოსულად („რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!“), მაგრამ მის უდიდეს ავტორიტეტს რომ ვერაფერი დააკლეს, უკვე ფიზიკური განადგურება გადაწყვიტეს. ნახეს უსამშობლო გიგლა ბერბიჭაშვილი, რომ თვითონ ხელები და სახელი არ გასვროდათ და ტყვიაც დაახალეს თავად საქართველოს, როგორც ვაჟამ თქვა.

მერე კი, ეს მანქურთი მკვლელი ფილიპე მახარაძე სწორედ ილიას მიუსაფლავეს გვერდით. როგორც ვაჟას სტალინის დედა კეკე. ანუ მკვდრებს დასცინოდნენ ვერაგულად. ფილიპე მახარაძის საფლავი ბევრჯერ ააფეთქეს, რადგან ქართველი ამას ვერსდროს შეეგუებოდა – ეშმას წმინდა, საფიცარი საფლავის გვერდით!

მერე ადგებოდა გალაკტიონისნაირი და „კოლექტივო, მხარი მხარს, აბა, ჰე! აბა, ჰოო“ შაყირი რომ  მოჰბეზრდებოდა, ცალკე ზამთარში უპალტოოდ სიარული, გადმოვარდებოდა საავადმყოფოს ფანჯრიდან. კიდევ ერთი აბუჩად აგდებული დიდებულება.
ეს უკურნებელი სენია, მეგობრებო, რენეგატობისა და დღესაცაა ჩვენ თვალწინ, ფარსად თამაშდება, ტრაგი-კომედიად.

ხანდახან მგონია, რომ სწორედ ბერძნული თეატრის სცენაა ჩვენი ქვეყანა, ოღონდ სისხლი და ცრემლი ნამდვილია, არა ბუტაფორიული თუ წარმოსახვითი…
მე რაც შემეხება, სწორედ ამ სისხლისა და ცრემლის იმედიღა მაქვს ღვთის წინაშე ამ უკომპრომისო, პოლარიზებულ რადიკალიზმში, რომელშიც წლებია ვცხოვრობთ…
ჰო, ბოლშევიზმს ზოგად ბოროტებად განვიხილავ, როგორც ფაშიზმს და არა მომავლის თუნდაც 1%-იან პერსპექტივად. წარსული არ ბრუნდება! ეს ყოფიერების კანონია…

სულ ვარიდებთ თვალს, რომ ილიას ვესროლეთ… ანუ საკუთარ თავს…
უბედურება ისაა, რომ ამ „თვითმკვლელობას“ ვიქმთ განგრძობით რეჟიმში.
გამუდმებული „წიწამურია“ საქართველოს გულში, ტყვიაც გულში კი არა, სწორედაც რომ, „თავშია“ დამიზნებული!

„ვერ ვიდავითეთ“ ვერასდროს მას შემდეგ, მაგრამ რადგან ასე ზუსტი დამიზნება ვიცით, მოდი, მიზანი შევცვალოთ როგორმე, უფრო სწორად, ზუსტი და საჭირო მიზანი ვიპოვოთ…. გავიხსენოთ, რადაც გვიქნევია ხმალი, გვიღვრია სისხლი თუ ოფლი.
მოკლედ, ერთმანეთი გავიხსენოთ და რომ (უნდა) გვიყვარდეს, ისიც.
ილიას სისხლს ისე ვერ მოვიწმენდთ. ილიას ცრემლი ამას მოელის იმსოფლიდან…
„ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო… ამინ!“.

*  * *

კატეგორიათა ურთიერთგანსაზღვრულობაა, რომ მატერიალიზმი და იდეალიზმი ისეა ჩაწნეხილი, როგორც თუნდაც დემონურ-ანგელოზებრივი წუთისოფელში.

მატერიალისტურიცაა დიდებული ტაო-კლარჯეთი, ის დარჩენილი ლოდები, რომლებიც უკვე სულიერებას, უდიდეს ენერგეტიკას ასხივებს ისევ.

დიდი აშოტ კურაპალატი, პირველი კურაპალატი და პირველი ბაგრატიონი, რომლის ტრაგიზმი მატერიალურიც იყო – ის ფიზიკურად გაანადგურეს, ტაძრის საკურთხეველს დააკლეს. ამბობენ, ამაში მარტო სარკინოზების ხელი არ ერიაო (გიკვირთ?!) და დღესაც ემჩნევაო ის ქვებს მისი სისხლი (გვაპატიე, მეფეო…); სულიერია ის, რომ ამ მეფეზეც იდგა, დგას და იდგება ჩვენი ქვეყნის მომავალი!

მე არ ვიცი, როდის ვნახავ ტაო-კლარჯეთს და რა დარჩება მისგან, წყლით დაფარვის შემდეგ. ამიტომ უდიდეს ტკივილს, ცრემლს მგვრის მეჩეთად ქცეული უზარმაზარი ქრისტიანული სიწმინდის ტაძრები. ხახული, რომელსაც თითქოს უცხოეთში გადახვეწილი ქართველივით, მიწა თან წაუღიაო; ხანძთა! ოპიზა! ბანა! ეს უკანასკნელი ჩემთვის მატერიალურადაც და სულიერადაც საქართველოს სიმბოლოა: დარღვეული, მაგრამ მ ა რ ა დ ი უ ლ ი! უკვდავი იმიტომ, რომ ეს ტაძრები ჩვენის სულის ციტადელია, მისი არსი, სუნთქვა, არსებობის უზარმაზარი მოტივაცია!…

ეს ისაა, რაც მომავალში გაგვახედებს, როგორც ნივთიერი, ისე იდეალისტურ-მსოფლმხედველობრივ-ზნეობრივ-კულტურულ-მეტაფიზიკური თვალსაზრისით.
დიდება შენ, ჩემო ტანჯულო ქვეყანავ, აწ და მარადის….

 

*  * *

ყოველივე ზემოთქმული წარსული იყო. ახლა დღევანდელობაზეც ანუ ქვეყნის ღალატზე.

„ისმინე, სწავლის მძებნელო“, მინი-პიესა ცხოვრებაზე

საუფლო – მითოსი (პარადიგმულობა)

ადრესატი – დიდი კაცი (ჩინოვნიკი)

ადრესანტი – პატარა კაცი (ისე „პატარაა“, რომ მისას ვერაფერს შეამჩნევენ.)

———————————
პატარა კაცი აჰყურებს დიდს და პირზე ხელის მიდებით ცდილობს ხმა მიაწვდინოს ძლიერსა ამა ქვეყნისასა.

– აუუუუ! თქვენ ადრეგამყინვარებისა თუ პალეოლითის ხანიდან ბრძანდებით?
ჩინოვნიკს არ ესმის და დაბლა არც იხედება, რომ შეამჩნიოს მღილად, ჭიანჭველად.

– ღრმად პატივცემულო, ვხედავ, დინოზავრი ბრძანებულხართ, მაგრამ რომელი, ვერ დამიკონკრეტებთ? – პრონტოზავრი, ნოტოზავრი თუ, მაგალითად, პლესიოზავრი ან მფრინავი დინოზავრი? (ფრთები გექნებათ, ისე აკვესებთ თვალებს)…
ვერაფრით გააგონა, მაგრამ „დინოზავრმა“ დააცემინა, ჯერ ზემოთ აიხედა, მერე დაიხედა და რაღაცა მფეთქავი დინამიკაც მოხვდა თვალში, მისკენ ხელს რომ იშვერდა.
ამრეზილი მზერით და ზიზღიანი სიფრთხილით, ფეხი არ დავადგა და არ შემომჭყლიტოს სხვა ლილიპუტებივითო, ჩინოვნიკმა „ჰუმანიზმის“ ნიღაბი შეისწორა, კუსბაკნიან სათვალესთან ერთად და გაიფიქრა: „რაღაცას მეკითხება, მგონი, მაგრამ განა აქ ჩემ გარდა ვინმე სვამს კითხვებს?!“ ხმამაღლა კი ნიკაპი იმსაიმაღლეზე ასწია, რომ მის დაბლა, „წყლისაუმღვრევლად“, მდგომი არსება პატივ-მოყვრული თვალთახედვიდან არ დაეკარგა („ჩვენ ხალხის ხმა ვართ“ – ხშირად უთქვამს ისეთი მგზნებარე პათეტიკით, რომ ლამის დაუჯერებია თავადაც) და:

– ვინაო, ვინ ხართო მანდაო?!

– ელიოზი ვარ, ელიოზი!!!

რაც შეეძლო, ისეთი სიძლიერით ამოიკვნესა და როგორც იქნა გააგონა, მერე კი გააოგნა.

– როგორ?! თქვენ ცოცხალი ხართ? არ მოკვდით? ხომ უნდა გაყინულიყავით?! რატომ? რატომ არ გაიყინეთ?

– გავიყინებიიიიი, ჯერ დრო მაქვს…

ასეთი რაღაცები კი, ჩუმად თქმულიც კი, ესმით და გაიგონა დიდმა კაცმაც პატარა კაცისა.

– როდის გაიყინები?!

„პასუხი არ არის“.

…და როცა დაჟინებით ჩააცქერდა, რომ სახე დაენახა, ხოლო ამ სახის პატრონსაც უკვე შეეშინდა, – პასუხი რომ არ გავცე, სხვებივით მის სტომაქში არ აღმოვჩნდეო, გულამოყოლებით, მაგრამ ცოტა გროტესკულადაც კი, უპასუხა, რადგან ელოდა ამ კითხვას:
– „ზ ა მ თ ა რ შ ი იიიიიი“

 

თემიდა ყველგან თვალაკრულია? აქაც და „იქაც“?!

სიჩუმის ენა ვინ იცის კარგად? ის – სიჩუმე – გახდება ჩემი მყუდრო ნავსაყუდელი, იქნებ ოტია პაჭკორიას გმირივით, ლაპარაკიც უარვყო. მაგრამ არა წერა – ეს ჩემი სტიქიაა, ხსნა, თავისუფლება, სუნთქვა… მაგრამ არა კითხვა – ეს ჩემი თავშესაფარია, ზემო განზომილება, რომელსაც თუ შესწვდი, გადარჩენილი ხარ…

ლიტერატურა ასახავს ცხოვრებას, ხანდახან ნატურალისტურად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის ცხოვრება არაა, მისი გამხატვრულებული ვარიანტია. და თუ ხელოვნებამ მხატვრულობის მაღალესთეტიკური ნიშა დაკარგა, ის მდარე ასლი გახდება სინამდვილისა.
ცხოვრება? ცხოვრება ყველაზე ბნელია და სასტიკი; ყველაზე დამცინავი და გროტესკული; ყველაზე მატყუარა და ჩამშვები; ყველაზე ჭორიკანა და დამგმობი; ყველაზე მგელი „ცხვრის“ ტყავში, რომელიც ის-ისაა „შეახრამუნა“. ესაა ყველაზე მრუდე „სარკე“, რომელიც მათთვისაა, ვინც ჟანგისფერ, მიწისფერ ბლონდებს ელამი მზერით ისრუტავს, ლანდადქცეულ ოცნებებზე ბაირამობს, რომ კიდევ უფრო ჩაიძირონ ყოფის ჩოთქზე მოანგარიშე სიყალბეში, ბოლომდე დაიჯერონ, რომ ყველაზე ნაღდი ისაა, რაც ფლიდია და ბოროტი; ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც ძალადობს, ჩაგრავს; ყველაზე „მართალი“ ჭეშმარიტების უშნო ღრეჭვით შემნიღბავია…

ღალატი და მოღალატე უნდობია…

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ და მე ამ ბოლო დროს ძაღლებს მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ადამიანებს…

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც ვახსენოთ ბარემ – მათ დაამტკიცეს, რომ ,,მამულიშვილობა მსხვერპლია და არა სეირი”, ძილის მწარე ბანგიდან გამოგვაღვიძეს და კიდევ ერთხელ გაგვატარეს ,,ჩვეულებისაებრ მამულისა სლვით”, გაგვახსენეს ჩვენი საუკუნეებგამოვლილი ქვეყნის ნამდვილი სიყვარული, მისი და ჩვენი თავისუფლება, გვაპოვნინეს სამშობლო სამშობლოში. მადლობა ამ დიდებულ სულებს ამისთვის, ,,იქ” საპატიოდ მყოფებს დიდ წინაპართა გილდიაში.

9 აპრილი იყო დღე, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეროვნული სული არ მოკვდება, სანამ ასეთი ადამიანები დაიბადებიან.

მოკლული პოეტების ქვეყანაცაა საქართველო (მე დღეს ტიციანი, პაოლო, მიხეილ ჯავახიშვილი, ტერენტი გრანელი არ მიხსენებია, მაგრამ ვიგულისხმე…).

„მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი