კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

 „ახალი დედაენის” შესახებ

წერის სწავლება 17 სურათად)როგ

რ გვთავაზობს #ახალიდედაენა წერის სწავლებას პირველ კლასში

იმდენად კურიოზულ (პოზიტიურად რომ ვთქვათ, თორემ გაწაფული ჟურნალისტი სკანდალურ და/ან საგანგაშოსაც იტყოდა…) სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომ წერის სწავლების შესახებ გადავწყვიტეთ მეორე წერილის შემოთავაზება, თორემ ისე „ახალი დედაენის” თემატიკაზე ვაპირებდით საუბარს.

ასეთი კურიოზული სიტუაცია სამინისტროს გრიფირების კომისიის წევრებმა შექმნეს, რადგან ერთადერთი უალტერნატივო სახელმძღვანელო დაგვიდგინეს პირველკლასელებისთვის და იგი წერის სწავლებას არ ითვალისწინებს საანბანო პერიოდში (შევთანხმდეთ ამ ტერმინზეც: პერიოდს, დორის მონაკვეთს ვუწოდებთ ,,საანბანო პერიოდს”, ხოლო რესურსებს, რომლებიც ამ დროს გამოიყენება — „ საანბანო რესურსებს”, მაგალითად, „ საანბანო ტექსტებს”.)… ანუ იაკობ გოგებაშვილის ქვეყანაში კითხვა და წერა ინტეგრირებულად კი არ ისწავლება პირველ კლასში, არამედ დეზინტეგრირებულად.

სანამ საუბარს გავაგრძელებთ, მეტი სიცხადისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი ვახტანგ როდონაიას მიერ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოტანილი მიდგომის მიხედვით, პირველკლასელები წერას, ასოების გამოწერასაც კი იწყებენ მას შემდეგ, რაც ანბანის ასოების ამოცნობას, ანუ კითხვას ისწავლიან. ანუ ე. წ. საანბანო პერიოდს ისე ასრულებენ მოსწავლეები, რომ ასოებს არ წერენ… ჩვენ ამ მიდგომის კრიტიკას არ ვაპირებთ, პირიქით თავის დროზე აღვნიშნავდით კიდეც, რომ ბატონმა ვახტანგმა ასეთი მეთოდით უამრავი მოსწავლე გადაარჩინა წერით გამოწვეულ წვალებას…

რომც გავითვალისწინოთ აღნიშნული მიდგომით, ანუ წერისა და კითხვის დეზინტეგრირებულად სწავლებით, გამამართლებელი არგუმენტები (ჩვენ არ ვიზიარებთ), დღეს უკვე სხვა რეალობაა და ეს მიდგომა გადასინჯვას მოითხოვს. მაგრამ დავუშვათ, ყველანაირად ვეთანხმებოდეთ ამ არგუმენტაციას, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი მიდგომის დაშვება და სხვა მიდგომების დაუშვებლობა მიგვაჩნია კურიოზულ სიტუაციად, სხვა სიტყვები რომ არ გამოვიყენოთ…

რასაკვირველია, პირველკლასელები წერას მაინც ისწავლიან ამ მიდგომით სწავლების შემთხვევაშიც (ქართულის გაკვეთილები სულ რომც არ ჩაუტარდეთ, ბოლო-ბოლო, მათემატიკისა და ბუნების გაკვეთილზე ისწავლიან წერას), მაგრამ კარგი იქნება, თუკი მასწავლებლები თავის თავზე აიღებენ გადაწყვეტილებას და საანბანო პერიოდში მოსწავლეებს წერასაც დააწყებინებენ. იმედია, ეს გადაწყვეტილება არც გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორებს (ჩემი დიდი პატივისცემა მათ!) ეწყინებათ და არც სამინისტროს გრიფირების კომისიის წევრებს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ მათგანთან გავმართოთ ღია დისკუსია და დავუსაბუთოთ ჯერ კიდევ გოგებაშვილისეული მიდგომის – კითხვისა და წერის ინტეგრირებულად სწავლების – უპირატესობა და სარგებელი.

…ჩვენ მოვიდეთ პირველ სიტყვაზე და დავაკვირდეთ სურათებს და მიმოვიხილოთ, როგორაა წარმოდგენილი „ახალ დედაენაში” წერის კომპონენტი:

სურათი 1. ისევ „ჩიტო, ჩიტო, ნაცარა…”

გახსოვთ ,,ჩიტო, ჩიტო, ნაცარა…?” (იხ. „1-ელი წერილი ახალი დედაენის შესახებ”) ამ გენიალური ლექსის ერთ-ერთ დამუშავებად შეთავაზებული გვაქვს ლექსის როლებში (ჩიტი, მზე, ყვავილი, ბავშვი) წაკითხვა ისე, რომ ლექს-დიალოგში უნდა გამოიყენონ ბავშვების სახელები:

  • შენ გიგალობ, ნიკოლოზ
  • გაიღვიძე, ელენე
  • შენთვის მინდა, ნინი

ამით გააქტიურდება ყველა მოსწავლის სახელი ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით — მასწავლებელი მოსწავლეთა თვალწინ დაფაზე (უკეთესია დიდ ქაღალდზე, ე. წ. ფლიპჩარტზე) ჩამოწერს მათს სახელებს. მოსწავლეები აკვირდებიან სახელების დაწერის პროცესს, წერის პროცესის მეთვალყურეები არიან… ეს აქტივობა შეესაბამება პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელის პირველ საფეხურს — მასწავლებელი წერს, მოსწავლეები აკვირდებიან. (მეორე საფეხურზე მასწავლებელი წერს, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ წერის პროცესში, დაწერონ ასო/ასოები, სიტყვა/სიტყვები, წინადადება. მესამე საფეხურზე მოსწავლეები წერენ და მასწავლებელს საშუალება აქვს, დააკვირდეს მათ წერას და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მათ. ბოლოს, მეოთხე საფეხურზე კი მოსწავლეები დამოუკიდებლად ახერხებენ წერას).

(როგორც აღვნიშნავდით, მოსწავლეთა სახელები იქნება გამოყენებული ფონოლოგიური სავარჯიშოებისთვისაც, რადგან მოსწავლეთა საკუთარი სახელების ზემოთ აღწერილი საჩვენებელი წერაც კარგად გვეხმარება ფონოლოგიური უნარების სწავლება-კონტროლში: — შემდეგ ვისი სახელი დავწერო?! ნარინე. ნნნნნ… აააააააა…. ნნნნნნ…. არა, რრრრრრ….)

სურათი 2-3. წერა არა, მაგრამ წერისთვის

ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი ტანსაცმელია ასახული მე-2 ილუსტრაციაზე. მისი გამოყენება სასარგებლო იქნება ქართული ასოთგანლაგების სწავლების მიზნით. რასაკვირველია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ბავშვებს ამ ეტაპზე ეს ტანსაცმელი ასოებთან დავაკავშირებინოთ და სიტყვები ამოვაკითხვინოთ. არა! ისინი უბრალოდ აკვირდებიან ტანსაცმელს, აღწერენ მათ და გადმოსცემენ განლაგების მიხედვით: ზედა თოკებზე / ქვედა თოკებზე / შუა თოკებზე კიდია…

სავარჯიშოების რვეულში (მე-3 ილუსტრაცია) ბავშვები ამოჭრიან ამ ტანსაცმელს და დააწებებენ კიდეც შესაბამის ხაზებზე… ასეთი ვარჯიში უმტკივნეულოდ მოამზადებს ნიადაგს, პირველკლასელებმა ადვილად მიუჩინონ ადგილები უკვე ქართულ ასოებს ოთხხაზიან ბადეში.

ერთმა კოლეგამ — მადლობა მას — ისიც კი აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის ნამდვილ თოკებს მოვამზადებ საკლასო ოთახში და ნამდვილ ტანსაცმელსაც დავკიდებთ ხოლმეო…

სურათი 4. ენობრივი პრაქტიკა

მე-4 ნახატზე წარმოდგენილია წიგნის განშლა, რომელზეც შეთავაზებულია დავალება, მასწავლებელს დაეხმარონ მოსწავლეები ნაცარქექიასთვის წერილის მიწერაში. სახელმძღვანელოს ეს მონაკვეთი კვლავ წინასაანბანო პერიოდია, მეორე ქვეთავი, რომელშიც ქართული ხალხური ზღაპარი „ნაცარქექიაა” დამუშავებული სათანადო აქტივობებით და აქვეა გააქტიურებული სხვადასხვა პროფესიაც. ამ კონტექსტშია დავალებული წერილის მიწერა ნაცარქექიასთვის და ამისთვის გამოყენებულია ენობრივი პრაქტიკის მეთოდი — კითხვისა და წერის ინტეგრირებულად სწავლების ბრწყინვალე მიდგომა.

ეს აქტივობა ასე უნდა წარიმართოს: მასწავლებლისა და მოსწავლეების მიზანია, ნაცარქექიას მისწერონ წერილი, რომელშიც ურჩევენ, მუშაობა დაიწყოს რომელიმე პროფესიით. მასწავლებელი ჯერ ასეთი წერილის ნიმუშს წაუკითხავს მოსწავლეებს სამოდელო (საჩვენებელი) წაკითხვის ფორმატში — დაფაზე გაკრულ ან პროექტორით გაშვებულ ტექსტს (იხ. სახელმღვანელოსეული წერილი მე-4 ნახატზე) ხმამაღლა და ხელის გაყოლებით წაიკითხავს. შემდეგ შეკითხვების მიხედვით ისაუბრებენ წაკითხული წერილის გააზრების მიზნით და თანდათან გადავლენ საუბარზე იმის შესახებ, როგორი წერილი დაწერონ, რა უნდა მისწერონ ნაცარქექიას.

ამ საუბრისას, პირველ რიგში, ნაცარქექიას პროფესიას შეურჩევენ, შემდეგ იტყვიან, რომ მისალმება უნდა დაწერონ, თავიანთი დამოკიდებულებაც უნდა გაუზიარონ ადრესატს ზღაპრის შესახებ და ა. შ.

ამის შემდეგ მასწავლებელი წერს მოსწავლეთა თვალწინ დაფაზე ან, უკეთესია, ფლიპჩარტზე. თუ ამის მზაობა აქვთ მოსწავლეებს, მასწავლებელი ერთობლივი წერის ელემენტებსაც გამოიყენებს, ანუ რომელიმე ნაცნობ ასოს დააწერინებს კიდეც მოსწავლეებს (პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელის მეორე საფეხური). რომელი ასო შეიძლება იცოდეს მოსწავლემ წინასაანბანო პერიოდში? კვლევები ადასტურებენ, რომ ეს უმეტესად ამ მოსწავლის სახელის პირველი ასოებია ხოლმე…

მოკლედ, არათუ საანბანო პერიოდში მოსწავლეს ასოები არ დავაწერინოთ, „ახალი დედაენის” მიხედვით, წერის პროცესში ჩართულობა წინასაანბანო პერიოდშიც კი სასურველია, რაშიც დიდად გვიჭერენ მხარს ამ გამოცდილების მქონე მასწავლებლები. და, რაც მთავარია, აღტყინებით ერთვებიან მოსწავლეები და ერთიორად იმატებს მათი მოტივაცია, სწრაფვა წერა-კითხვის სწრაფად შესასწავლად.

სურათი 5. ასოთა ნაწილების წერაში ვარჯიში

 

წინასაანბანო პერიოდში ერთობ გავრცელებულია სხვადასხვა გეომეტრიული მონახაზის (გრძელი თუ მოკლე ხაზი, რკალი თუ წრე, კუთხე თუ ზიგზაგი…) წერაში ვარჯიში. ასე იყო გათვალისწინებული ჯერ კიდევ გოგებაშვილის დედაენაში და, პრაქტიკულად, ყველა შემდგომი პირველი კლასის სახელმძღვანელოში. ამასვე ითვალისწინებს სამინისტროს კომისიის მიერ წელს შერჩეული ერთადერთი სახელმძღვანელოც.

„ახალ დედაენაში” ამ ფიგურების გამოწერას ფუნქციური დატვირთვაც აქვს. შესაბამისად, ბავშვი უბრალოდ რკალს ან წრეს ან კუთხეს ან ხაზს კი არ „წერს”, არამედ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს გამოსახულებებით. რა მოსაზრებებს ვგულისხმობთ?

მოსწავლე აკვირდება შეთავაზებულ ნახატებს და შესაბამის სიტყვებში არსებული მარცვლების და/ან ბგერების შესაბამისი რაოდენობის გამოსახულებებს წერს. და ასე ფუნქციური დატვირთვით, სრულიად მკაფიო მიზნობრიობით პირველკლასელი ივითარებს ე.წ. ნატიფ მოტორიკას. ამაში თავისი დადებითი გავლენა აქვს აქვე, სხვა გვერდებზე შემოთავაზებულ გასაფერადებელ სავარჯიშოებსაც.

რაც მთავარია, როგორც გაფერადება, ასევე ფიგურებისა თუ მომავალში ასოების ამოწერა უნდა წარიმართოს მოსწავლისთვის ემოციურად მშვიდ და სახალისო გარემოში. შესაბამისად, რაიმე სახის იძულება, საწერი „გეგმის შესრულება“ უნდა გამოირიცხოს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დღეს წერის პროცესი სრულიადაც აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ათწლეულების წინ… უფრო დაწვრილებით ამის შესახებ შემდეგ ფოტოზე დაკვირვების შემდეგ ვისაუბროთ.

6. წერა თუ კითხვა?

მე-6 ილუსტრაციაზე შემოთავაზებულია „ახალი დედაენის” კიდევ ერთი ტიპის სავარჯიშო, რომელიც ასევე ცხოვრებისეული სინამდვილიდანაა აღებული — მოსწავლეებმა ტელეფონის კლავიატურაზე უნდა ჩაწერონ გამოტოვებული სამიზნე ასო. ამის შედეგად ისინი გაიწაფებიან ციფრული წერითი უნარის გამომუშავებაშიც.

ასეთი დავალებები რამდენიმე ასოზე გვაქვს შეთავაზებული. ზოგიერთ ასოზე, — მაგალითად, შ-ზე, ძ-ზე, ჭ-ზე, ჟ-ზე, თ-ზე (ხომ არ გამომრჩა რომელიმე?!) — არც გამოვა, რადგან კომბინაციით იწერება ეს ქართული ასოები გავრცელებულ კლავიატურებზე.

თუ კარგად დააკვირდებით მე-6 სურათს, შეამჩნევთ, რომ არც პირველ კლავიატურაზეა წაშლილი „ა”, რათა მოსწავლემ ჩაწეროს ეს სამიზნე ასო, და არც მეორეზე აკლია „ი”. ჰოდა, სამინისტროს კომისიამ, სრულიად სამართლიანად, შენიშნა ეს შეცდომა და დაგვაკლეს კიდეც თავისი წილი ქულები, რითაც, საბოლოოდ, წიგნის დაბლოკვა მოხდა. (რასაკვირველია, სხვა შეთავაზებულ ასოებზე სწორად გვქონდა ანალოგიური სავარჯიშოები გათვალისწინებული).

აქვე მოვინიშნოთ, რომ არსებული სახით კლავიატურის შეთავაზებაც საჭიროდ მიგვაჩნია და უნდა დარჩეს კიდე „ახალ დედაენაში”, ოღონდ ინსტრუქციამ მოსწავლისგან სამიზნე ასოს მოძებნა და შემოხაზვა უნდა მოითხოვოს. ეს მოსწავლეს დაეხმარება კლავიატურაზე ასოების სწრაფ მოძებნაში. რასაკვირველია, ეს პროცესი უნდა დაიტვირთოს ნამდვილ ციფრულ ტექნიკაზე ვარჯიშით და შესაბამისი დავალებების შეთავაზებითაც — ბოლო-ბოლო, საყოველთაო ბუკირება გვაქვს პირველკლასელებისთვის.

და თუ კარგად დავაკვირდებით, ციფრული ტექნიკის გამოყენებით წერის პროცესს, ამ პროცედურას, ადვილად შევამჩნევთ, რომ წერისთვის პირველკლასელს ასოს ამოკითხვა სჭირდება და მასზე მხოლოდ თითის დაჭერა… ამის გაცნობიერება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს კითხვისა და წერის ინტეგრირებულად სწავლების სარგებელს და კიდევ უფრო ხელოვნურად წარმოაჩენს ამ პროცესის დეზინტეგრირებას. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ სამინისტროს, რომ რეკომენდაცია მისცენ სკოლებს, ერთადერთი გრიფირებული სახელმძღვანელოს მიხედვით წარმართულ წერის სწავლებისას თავისუფლად შეიტანონ ცვლილებები, თუკი საჭიროდ მიიჩნევენ.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს ხომ ისედაც მასწავლებელზეა დამოკიდებულიო, მაგრამ, როდესაც სამინისტროს სახელით მხოლოდ ერთადერთ სწავლების წესს ენიჭება გრიფი, ვფიქრობთ, განმარტების გაკეთება აუცილებელია ღრმადპატივცემული სამინისტროს ექსპერტებისა და ზეექსპერტების მხრიდან.

 

სურათი 7. ამოწერაში ვარჯიში

დააკვირდით მე-7 ილუსტრაციის მარცხენა გვერდს: ექვსი სხვადასხვა საათი გაქვს შეთავაზებული და იქვე უნდა ჩაწეროს მოსწავლემ წინადადება — ათი საათია. წინა გვერდებზე ასევე გვაქვს შეთავაზებული ექვსი სხვადასხვა ადამიანის გაშლილი ხელები და იქ უნდა ჩაწერონ — აი ათი თითი. ვფიქრობთ, გამოიცნობდით, რომ ამაზე სამინისტროს კომისიის მხრიდან შენიშვნები მივიღეთ. ვნახოთ:

„მოსწავლემ 6-ჯერ უნდა გამოწეროს ერთი და იგივე წინადადება: „აი ათი თითი“, რაც, ალბათ, ემსახურება შესწავლილი ასოების უკეთ ათვისებას, მაგრამ, ფაქტობრივად, მოსწავლისათვის მომაბეზრებელი იქნება ერთი და იმავეს გამეორება, თანაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვისია ხელები…

„იგივე შეიძლება ითქვას სახელმძღვანელოს უკვე მომდევნო გვერდზე (სწორედ ეს გვერდია მოცემული მე-7 ილუსტრაციაზე, — გ. ჭ.) მოცემულ დავალებაზე (სხვადასხვა ფორმის საათები და ერთი და იგივე წარწერა: „ათი საათია“ – მოსწავლემ 6-ჯერ უნდა გამოწეროს ერთი და იგივე წინადადება”.

საკუთარ ნააზრევზე დაყრდნობით სამინისტროს ექსპერტები ასკვნიან, რომ:

„არ არის საჭირო მოსწავლემ 6-ჯერ გამოწეროს ერთი და იგივე წინადადება“.

და იქვე ბრძანებენ, რომ:

,,შემცირდეს გამოსაწერად მიცემული წინადადებების (ათი საათია) რაოდენობა”.

გვეგონა რა, რომ აპელაციას აზრი ჰქონდა და შეიძლებოდა ქულები მოემატებინათ, სამინისტროს კომისიის ექსპერტებს ასეთი პასუხი გავუგზავნეთ:

ასოების ამოწერა შედარებით ავთენტიკური და სახალისო მიზნით ჩვენი სახელმძღვანელოს მიგნებაა. ნაცვლად ორ-სამ ხაზზე გაყოლებყული: თთთთთთთთთთთთ… ააააააააააააააააააააააააააა…. იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი… სსსსსსსსსსსსსსსსსსსსს… ასოებისა, ჩვენ ვთავაზობთ ილუსტრაციებზე შესაბამისი ფრაზების დაწერას, რაც ერთგვარ აზრსა და ხალისს სძენს ამ რუტინას…

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სახელმძღვანელოს სარგებლობის შემთხვევაში მოსწავლეებისთვის აღარ არის საჭირო დამატებით საშინაო დავალების რვეულისა და ე.წ. წერის დედნის გამოყენება, შესაბამისად, სულაც არაა ჭარბი ჩვენს სავარჯიშოების რვეულში შეთავაზებული საწერი მოცულობა.

თუკი რომელიმე მოსწავლეთა ჯგუფისთვის ასეთი წერა მომაბეზრებელი იქნება, მასწავლებელი შესთავაზებს არჩევანს: ჩაწერეთ იმ საათის ქვეშ, რომელიც ყველაზე უფრო მოგწონთ. ამ შემთხვევაშიც მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩანაწერს აკეთებს ყველა ილუსტრაციის ქვეშ — რომელ კლასშიც არ დავტესტეთ ეს აქტივობა პირველკლასელებთან, ყველგან ასეთი შედეგი მივიღეთ“.

პასუხი იცით. არც ერთი ჩვენი შეგებებული არგუმენტი არ გაითვალისწინეს და არც ეს…

უბრალოდ, ერთადერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოს ჩავხედოთ, რომელიც სამინისტროს კომისიას მოეწონა და ამით დავასრულოთ. თუ დავიანგარიშებთ, იმ სახელმძღვანელოს მიხედვით უფრო მეტჯერ უწევთ მოსწავლეებს ახალი ასოს ამოწერა.

მე-7 სურათზე გამოსახულ მარჯვენა გვერდზე შემოთავაზებულია ე.წ.  საანბანო პოსტერი — პირველკლასელები ყოველი ასოს შესწავლისას დაამზადებენ ასეთ პოსტერებს (სავარჯიშოების რვეულის ერთი გვერდი), რომლებიც გაერთიანდება მოსწავლის მიერ შექმნილ „ილუსტრირებულ ანბანში”. სამინისტროს ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ:

„საანბანო პერიოდი სასწავლო წლის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთია. მოსწავლეებისათვის მოსაბეზრებელი იქნება იდენტურ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა, რაც უარყოფითად აისახება მათ სასწავლო მოტივაციაზე და ნაკლებად შეუწყობს ხელს სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას“.

ჩვენ მიერ შეგებებული სააპელაციო პასუხი იმის შესახებ, რომ მოსწავლეები ინტერესით მუშაობენ ასეთ დავალებაზე და, პირიქით, თავად ცდილობენ არ გამოეპაროთ ასო, რომელზეც პოსტერს არ დაამზადებენ „ჩემი ილუსტრირებული ანბანისთვის” დარჩა უდაბნოში მქადაგებლის ხმად. სამწუხაროდ…

სურათი 8. ამოცნობა და ჩაწერა

მე-8 ილუსტრაციაზე მოცემულია ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს ახალისებთ და ერთგვარ აზარტს სძენთ. ამის გამო ისინი მოტივირებულად მუშაობენ ხოლმე ასეთ დავალებებზე: ამოიცნონ არეული ასოების მიხედვით სიტყვა და ჩაწერონ, სიტყვაში გამოყენებული ასოებით შეადგინო სხვა სიტყვებიც და დაწერონ. ამ აქტივობებს ერთგვარი შეჯიბრის სახეც შეიძლება მიეცეს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის წერის პროცესს.

აქვე დავსვათ ერთი შეკითხვაც: უწყობს თუ არა ხელს ასეთი აქტივობები ანბანის შესწავლას, კითხვის პროცესს? რასაკვირველია!

სურათი 9. პასუხების ჩაწერა და ტექსტის აწყობა

მე-9 ილუსტრაციის ზედა ნაწილში მოცემულია საანბანო პერიოდის სავარჯიშო, რაც გულისხმობს  საანბანო-დეკოდირებადი ტექსტის (ასეთი ტექსტების შესახებ დაწვრილებით — შემდეგ წერილში) მიხედვით დასმულ მინი-შეკითხვებზე პასუხების ჩაწერას იმ ასოების გამოყენებით, რომლებიც უკვე ნასწავლი აქვს.

ამავე ილუსტრაციის მეორე (შუა) სავარჯიშოში მოსწავლეებმა არადეკოდირებად ტექსტში უნდა მოძებნონ და შემოხაზონ მითითებული სამიზნე ასო. ეს ტექსტი არის ფრაგმენტი მასწავლებლის მიერ უკვე წაკითხული და გააზრებული ტექსტიდან — ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. გულეურის „ჩანთა”. ეს კონკრეტული აქტივობა უფრო ასოს ამოცნობაზეა ორიენტირებული და არა დაწერაზე, მოსწავლეებმა მხოლოდ უნდა შემოხაზონ ასო, მაგრამ ასეთი ტექსტები უნდა გამოვიყენოთ უფრო განსხვავებული მიზნითაც, რაც წერას, ტექსტის შექმნას შეუწყობს ხელს.

რას ვგულისხმობთ? რას და ასეთი სამოდელო ტექსტის, რომელიც დაჭრილია წინადადებებად და სიტყვებად, დაწებება-გამთლიანებას. ანუ მოსწავლეს (ან წყვილს, ან მცირე ჯგუფს ვაძლევთ სიტყვებისა და/ან წინადადებების ბარათებს და მათ ვთხოვთ, ააწყონ იმ ტექსტის (ან ტექსტის ფრაგმენტის) ანალოგი, რომელიც დაფაზე აქვთ თვალსაჩინოდ გაკრული (ან სახელმძღვანელოში აქვთ შეთავაზებული).

სურათი 10. რებუსები და სხვა სახალისო სავარჯიშოები

მე-10 ილუსტრაციის შუა სავარჯიშოში მოსწავლეებმა რებუსები უნდა ამოიცნონ და ჩაწერონ. პირველკლასელები დიდი ინტერესით აკვირდებიან ხოლმე ასეთ სავარჯიშოებს და წერენ ამოცნობილ სიტყვებს. აღსანიშნავია, რომ აქ მიღებული სიტყვების ყველა ასო მოსწავლეებმა უკვე ისწავლეს და მათი ჩაწერა მოეთხოვებათ.

სახალისო დავალებების რიგში უნდა ვახსენოთ ისეთი დავალებებიც, რომლებიც მოითხოვს ილუსტრაციებზე (განსაკუთრებით, კომიკურ ნახატებზე) სიტყვების დაწერას, კომიქსებზე შესაბამისი ფრაზების, სიტყვების ჩაწერას. და, რაც მთავარია, ასეთი დავალებების შეთავაზება სასარგებლოა, მეტიც, მისწრებაა საანბანო პერიოდშივე.

სურათი 11. სიტყვების ჩაწერა ტექსტში/წინადადებებში

მე-11 ილუსტრაციაზე მოსწავლეებმა ლექსში გამოტოვებული სიტყვები უნდა ჩაწერონ. ასეთი სავარჯიშოები შეიძლება შესრულდეს, როგორც საანბანო, ასევე ანბანის შემდგომ პერიოდში. მთავარია, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და არ დავტვირთოთ მათი გონება.

სურათი 12. ისევ შეკითხვებზე პასუხები

მე-12 ილუსტრაციაზე უკვე ისეთი სავარჯიშო გვაქვს შეთავაზებული, რომელიც უკვე ანბანის შემდგომ პერიოდში მოითხოვს წაკითხული ტექსტის მიხედვით შეკითხვებზე პასუხების ჩაწერას. რასაკვირველია, ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ ზეპირად გაეცემა.

სურათი 13. წინადადებების დაწერა

მე-13 სურათზე შეთავაზებულია ილუსტრაციების (სიუჟეტური ბარათების) მიხედვით წინადადებების მოფიქრება და დაწერა. მოსწავლეები ჯერ მასწავლებლის დახმარებით დაათვალიერებენ ილუსტრაციებს, რომელიც გარკვეულ სიუჟეტს ასახავს. შემდეგ აღწერენ თითოეულ ილუსტრაციას, გაამთლიანებენ ამბავს და ჩაწერენ თითოეული ილუსტრაციის შესაბამის წინადადებას.

სურათი 14. ამბის დაწერა

წინა სავარჯიშოს მიხედვით შედგენილი და ჩაწერილი წინადადებების მიხედვით მოსწავლეები დაწერენ ამბავს. რასაკვირველია, მათ უკვე შეუძლიათ ამ ამბის წაკითხვაც.

სურათი 15. მოსაზრების დასაბუთება

მე-15 სურათზე შეთავაზებულია დავალება, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მოსაზრების დაწერასა და მის დასაბუთებას. ეს მოსაზრება უკავშირდება წინა დავალებების თემატიკას. რასაკვირველია, ამ დავალების შესრულებამდე მოსწავლეები ჯერ ეცნობიან ორ მოსაზრებასა და მათს დასაბუთებას, შემდეგ საუბრობენ მასწავლებლის დახმარებით და ზეპირად აყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებსა და შესაბამის არგუმენტებს. შესაძლებელია, მასწავლებელმა მიმართოს ენობრივი პრაქტიკის მიდგომას და ერთობლივი წერის ფორმატში შეასრულონ ეს დავალება.

ეს დავალება ერთგვარად კრავს და თავისი კომპლექსურობით აჯამებს მოსწავლის წერით კომპეტენციას. რასაკვირველია, მოსაზრების ჩამოყალიბება და დასაბუთება ისეთი თამასაა, რომელზე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში საშუალო საფეხურის ჩათვლით, თუმცა ამის ელემენტების შემოტანა პირველივე კლასიდან სასარგებლო იქნება.

სურათი 16-17. ამოწერაში ვარჯიში

საანბანო პერიოდში „ახალი დედაენის” სავარჯიშოების რვეულში გამოყოფილია ადგილები, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, ივარჯიშონ ასოებისა და სიტყვების ამოწერაში. ისე, რომ საჭირო აღარ გახდეს არანაირი დამატებითი რვეულები. ცხადია, სასწავლო პროცესი იმდენად ხალისითა და ინტერესით უნდა იყოს წარმართული, რომ მოსწავლეებმა ენთუზიაზმით უნდა შეასრულონ ეს დავალებები, თუმცა, იმის უფლებაც უნდა დავუტოვოთ, რომ უარი თქვან მასზე…

ზემოთ შემოთავაზებული სურათები და მათი აღწერილობები გარკვეულ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს წერის კომპონენტი პირველ კლასში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დავალებები და სავარჯიშოები გვქონდა შეთავაზებული „ახალი დედაენის” მიხედვით. ამ სახელმძღვანელოს გაცნობას კვლავ შემდეგ წერილებშიც გავაგრძელებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი