ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა

ეკოსისტემის დეგრადაცია გლობალური მოვლენაა. სავარაუდოდ, 2050 წლისთვის დედამიწაზე ხმელეთის 95% დეგრადირებული იქნება. 24 მილიარდი ტონა ნიადაგი უკვე ეროზიულია არარაციონალური სასოფლო-სამეურნეო გამოყენების გამო. მიწის დეგრადაცია ეკოსისტემის ისეთი სასიცოცხლო ფუნქციების მოშლის მთავარი მიზეზია, როგორიცაა, ნივთიერებების ბრუნვა და კლიმატის რეგულირება.

გაეროს სამიტზე 2020 წლის სექტემბერში, 70-ზე მეტმა მსოფლიო ლიდერმა ხელი მოაწერა „ლიდერთა დაპირებას ბუნებისთვის“, რაც ითვალისწინებდა დაბინძურების შეზღუდვას, პლასტმასის ნარჩენების დაყრის აღმოფხვრასა და გარემოსდაცვითი შეთანხმებების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. ეს კარგი ნაბიჯია, მაგრამ როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ამინა მუჰამედმა აღნიშნა ღონისძიებაზე, „იმისათვის, რომ გადავარჩინოთ პლანეტის სიცოცხლე, მეტი ამბიცია და მოქმედება გვჭირდება“.

2021 წელს დაიწყო გაეროს ეკოსისტემის აღდგენის ათწლეული, რომელიც მიზნად ისახავს პლანეტაზე დეგრადირებული ჰაბიტატების აღდგენას. ეკოლოგიური კრიზისის ფონზე, ეს დეკლარაცია არის სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემის – ბუნებრივი სამყაროს აღორძინების შანსი. გაერომ ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან ქმედებას გლობალური აღდგენითი მოძრაობის გასაძლიერებლად, როგორიცაა, ინვესტიციების გაზრდა აღდგენასა და კვლევაში, ლიდერობის გაძლიერება, ქცევის შეცვლა და მომავალი თაობის აღზრდა.

მართალია, ამბიციური გეგმაა, მაგრამ ეს უნდა გადაიზარდოს მოქმედებაში. ასეთმა დაპირებებმა შეიძლება რეალურად უარყოფითად იმუშაოს და შექმნას ილუზია, რომ რაღაც კეთდება. ხშირად არის ხოლმე უფსკრული რიტორიკასა და რეალობას შორის. იაპონიაში 2010 წელს ბუნებრივი სამყაროს დაკარგვის შესაჩერებლად შეთანხმებული იყო აიჩის ბიომრავალფეროვნების 20 მიზანი, რომლის შესრულება მსოფლიო საზოგადოებამ ფაქტობრივად ვერ შეძლო. კაცობრიობა გზაჯვარედინზეა. ზედიზედ მეორე ათწლეულია მთავრობები ვერ ასრულებენ აიჩის ბიომრავალფეროვნების 20 მიზანს. ის, რასაც ახლა მსოფლიო საზოგადოება გადაწყვეტს, გავლენას მოახდენს მომავალ თაობაზე.

ახალი კვლევები მუდმივად აჩვენებს სიტუაციის აქტუალურობას. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად (ფოკუსირებულია ტყეების განურჩეველი ჩეხის შედეგებზე), თუ დავრჩებით ამჟამინდელ ტრაექტორიაზე, 10%-ზე ნაკლები ალბათობა გვაქვს იმისათვის, რომ კატასტროფული კოლაფსის გარეშე გადავრჩეთ მომდევნო 20-40 წლის განმავლობაში.

გთავაზობთ ოთხ ძირითად მიზეზს, რატომ არის ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. თუ ჩვენ გვინდა, შევცვალოთ ეკოლოგიური კრიზისი, რომელსაც ამჟამად ვაწყდებით, და დავიცვათ ბიომრავალფეროვნება საკუთარი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის, ჩვენ უნდა ვაქციოთ დაპირებები დაუყოვნებლივ მოქმედებად და ჩვენი ეკოსისტემები გლობალურ დონეზე აღვადგინოთ.

  1. ჯანსაღი ნიადაგები ინარჩუნებენ სიცოცხლეს დედამიწაზე

ჩვენი კვების სისტემები დამოკიდებულია ჯანსაღ ნიადაგზე. მცენარეების, კულტურებისა და ტყეების აღორძინება დამოკიდებულია დეგრადირებული ნიადაგის აღორძინებაზე. ეს დამოკიდებულია ნიადაგის, მცენარეებისა და მიკრობების სიმრავლის, მათ შორის სოკოების, ბაქტერიების და ვირუსების, კომპლექსური ურთიერთობის აღდგენაზე.

სოკოები უზრუნველყოფენ აუცილებელ ეკოსისტემურ სერვისებს.

ჯანსაღი ნიადაგი ხარობს ამ მიკროსკოპული სიცოცხლის ფორმებით: ისინი აუცილებელია მცენარეთა ზრდისთვის და დაავადებებისგან თავდასაცავად. ნიადაგის დეგრადაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ეკოსისტემების არსებით ღირებულებას, არამედ ჩვენს უნარს, ვაწარმოოთ ჯანსაღი საკვები. ჩვენი ნიადაგებისა და მათი მიკრობული მეგობრების დაცვა და აღორძინება საკვანძოა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ მათზე დამოკიდებულ მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვანი სახეობებისთვის.

  1. ჩვენი ურთიერთობა ბუნებასთან მარცხდება.

ეკოსისტემის დეგრადაცია ხელს აძლევს ბუნებასთან ჩვენს წარუმატებელ ურთიერთობას: ადამიანების შეხედულებები ეკოლოგიური პირობების შესახებ მუდმივად იცვლება.

ამიტომ მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჩვენი ემოციური კავშირის აღდგენა („ბუნების კავშირი“). ადამიანები, რომლებიც გრძნობენ კავშირს ბუნებასთან, უფრო მეტად ჩაერთვებიან ისეთ ქმედებებში, როგორიცაა, ველური ბუნების დაცვა, გადამუშავება და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეს აუცილებელია იმ ეკოლოგიური და კლიმატის კრიზისის გამოსასწორებლად, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. მნიშვნელოვანია, რომ დროთა განმავლობაში ბუნებასთან კავშირი გაიზარდოს.

  1. იკარგება ძირძველი კულტურები და ცოდნა.

ძირძველი კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან. ეკოსისტემების ეროზიამ შეიძლება გამოიწვიოს კულტურის ეროზია, მათ შორის ცოდნისა და ენის ჩათვლით. ეს ცოდნა ხშირად ჰიპერ-ლოკალიზებულია და ვითარდებოდა ათასობით წლის განმავლობაში. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალი ეკოსისტემის სიჯანსაღისა და გადარჩენისთვის.

კაიაპოს ეთნიკური ჯგუფის წევრებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს B3-163 გზა, 2020 წლის აგვისტო. Ernesto Carrico/EPA-EFE

ეკოლოგიურ აღდგენას შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს პლანეტაზე ადამიანთა კულტურების მდიდარი მრავალფეროვნების შენარჩუნებას ადამიანებსა და გარემოს შორის ურთიერთობების მხარდაჭერით, რომლებიც ორმხრივად მომგებიანია. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ძირძველი მოსახლეობის უფლებებისა და საარსებო წყაროების დაცვას და ძირძველი კვლევის ხელმძღვანელობის მხარდაჭერას. ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნა უბრალოდ მონაცემთა წყაროა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. ეკოლოგიური აღდგენა უნდა განიხილებოდეს, როგორც ორმხრივი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა.

  1. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ეკოსისტემის ჯანმრთელობაზე.

ეკოსისტემების აღდგენა არსებითად არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენასთან. COVID-19-ის პანდემია, რომელმაც მთელს მსოფლიოში მილიონზე მეტი სიკვდილი გამოიწვია, მძაფრი შეხსენებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკოსისტემის დეგრადაციამ ხელი შეუწყოს ახალი პათოგენების გაჩენასა და გავრცელებას. ამ განვითარებად გლობალურ პირობებთან საბრძოლველად და მომავალი თაობების სიცოცხლის დასაცავად, ჩვენ უნდა დავიცვათ და აღვადგინოთ ჩვენი ჰაბიტატები და ბიომრავალფეროვნება.

გარდა ამისა, ბიომრავალფეროვნების დაკარგვამ შეიძლება დაგვასნეულოს. მეცნიერები იკვლევენ გარემოს, მიკრობიომსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირებს. ლანდშაფტის აღდგენის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მიკრობული ურთიერთობების აღდგენას და, შედეგად, ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ირემი ცდილობს, გაექცეს ხანძარს ბრაზილიაში, 2020 წლის სექტემბერი. Rogerio Florentino/EPA-EFE

პროფესორი ბოტანიკოსი რობინ უოლ კიმერერი (წიგნში Braiding Sweetgrass) მჭევრმეტყველურად გამოთქვამს: „როდესაც ჩვენ ვმუშაობთ დედამიწის განკურნებაზე, დედამიწა გვკურნავს“. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ მცენარეები და ცხოველები ჩვენი უძველესი მასწავლებლები არიან. Braiding Sweetgrass-ში კიმერერის მოსაზრებით, უფრო ფართო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოითხოვს დანარჩენ ცოცხალ სამყაროსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის აღიარებასა და აღდგენას.

შემდეგი ათწლეული გავხადოთ ეკოლოგიურად გარდამტეხი, რომელიც ჩვენს პლანეტას ასე ძალიან სჭირდება.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://theconversation.com/four-reasons-why-restoring-nature-is-the-most-important; https://theconversation.com/biodiversity-where-the-world-is-making-progress-and-where-its-not-146782 .

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“