სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

PISA 2022-ის კვლევის მიგნებები

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით 2000 წლიდან მოქმედებს. PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამდივნოს, საერთაშორისო კონტრაქტორების, ექსპერტების, მონაწილე ქვეყნებისა და ეკონომიკების თანამშრომლობის შედეგია. შეფასების კრიტერიუმები შემუშავებულია ერთობლივად და შეთანხმებულია თითოეულ მონაწილე ქვეყანასთან/ეკონომიკასთან, ხოლო შეფასება ხორციელდება ეროვნული ცენტრების მიერ. საქართველოში მას სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

საქართველო PISA-ში 2009 წელს ჩაერთო. მომდევნო შეფასებები ჩატარდა 2015, 2018 და 2022 წლებში. PISA-ს მიზანია დაადგინოს, აქვთ თუ არა 15 წლის მოსწავლეებს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით – კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ცოდნის რეპროდუცირების უნართან ერთად PISA ზომავს, რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის ექსტრაპოლაცია და მისი გამოყენება უცნობ გარემოში, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება PISA-ს 2022 წლის ციკლის მონაცემებს. პირველადი ანგარიშის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს PISA-ს 2022 წლის ციკლში საქართველოს 15 წლის მოსწავლეების შედეგები კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ეს ანგარიში ასევე ასახავს, რა გავლენას ახდენს 15 წლის მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი სწავლის შედეგებზე და რას ფიქრობენ მოსწავლეები მომავალ კარიერაზე. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კოვიდ-2019-ის პანდემიის გავლენას PISA 2022-ის მონაწილე ქვეყნების /ეკონომიკების, მათ შორის საქართველოს მოსწავლეთა მიღწევებზე.

რა არის კვლევის ძირითადი მიგნება?

 

შედეგები მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში

საქართველოს მოსწავლეები 2022 წელს მათემატიკაში წარმოდგენილნი არიან 390 ქულით, კითხვაში – 374, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში – 384 ქულით.

PISA 2022 წლის მონაცემებით, მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზისო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე.

 

შედეგები სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ტესტის ენისა და მოსწავლის სქესის მიხედვით

სკოლის ტიპის (კერძო/საჯარო) მიხედვით PISA 2022-ის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ კერძო სკოლების მოსწავლეებს სტატისტიკურად გაცილებით მაღალი ქულები აქვთ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით როგორც მათემატიკაში, ასევე კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით მათემატიკაში უკეთესი შედეგებით გამოირჩევიან თბილისელი მოსწავლეები. მათ მოსდევენ სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები. ყველაზე დაბალი შედეგები აქვთ დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

PISA 2022-ის შედეგების თანახმად, საქართველოში ბიჭები და გოგონები საშუალოდ ერთნაირად ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს, საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი ქულა მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა.

საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც გოგონების შედეგები აღემატება ბიჭებისას. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანს, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 ქვეყანას.

საქართველოში მიღწევის დონეების მიხედვით, მათემატიკაში დაბალი მაჩვენებლების წილი მსგავსია ბიჭებსა (67%) და გოგონებთან (66%), თუმცა კითხვაში ეს წილი უფრო დიდია ბიჭების შემთხვევაში (გოგონები – 59%, ბიჭები – 74% კითხვის მეორე დონეზე დაბლა). რაც შეეხება უმაღლესი შედეგების მქონე მოსწავლეებს, მათემატიკაში ბიჭების (1%) და გოგონების (1%) წილი ერთნაირია.

ტექსტის შესრულების ენის მიხედვით შეფასების სამივე სფეროში 2015-2022 წლებში სტატისტიკურად მაღალ შედეგებს აჩვენებენ ქართულენოვანი და რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეები. PISA 2022-ის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორი ჯგუფის შედეგებს. ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის მათემატიკაში სხვაობა 73 ქულაა, კითხვაში – 80, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში – 81 ქულა. აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს ჩამოთვლილი სამი სფეროდან ყველაზე დაბალი ქულები კითხვაში აქვთ.

 

შედეგები PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით

საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციოეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში, რაც ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ იმ მოსწავლეთა რიცხვში, რომლებმაც 2022 წლის ციკლში მიიღეს მონაწილეობა. ამ მოსწავლეების საშუალო მიღწევა მათემატიკაში 356 ქულას შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შეძლებული ოჯახებიდან გამოსულმა მოსწავლეებმა (სოციოეკონომიკური სტატუსის მიხედვით, ზედა 25%) მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ მოსწავლეებს (ქვედა 25%).

საქართველოს დაბალი ეკონომიკური ფენის 15 წლის მოსწავლეთა დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა. ეს მოსწავლეები შეიძლება ჩაითვალონ აკადემიურად მდგრადებად, რადგან, მიუხედავად სოციოეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლესი შედეგები აჩვენეს. შედარებისთვის, OECD-ის ქვეყნებში დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა მხოლოდ 10%-მა მიიღო მათემატიკაში უმაღლესი შეფასება და შეძლო მიღწევების ზედა 25%-ში მოხვედრა.

 

PISA 2022-ის ფაქტორები

საქართველოს მოსწავლეების სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა გაუმჯობესდა. 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ისინი ადვილად იძენდნენ მეგობრებს სკოლაში და 51%-თან აღინიშნა სკოლისადმი მიკუთვნებულობის ძლიერი განცდა (OECD-ის საშუალო მაჩვენებელია 75%). იმავდროულად, 14% სკოლაში თავს მარტოსულად, ხოლო 13% უცხოდ და გარიყულად გრძნობდა.

მოსწავლეების ცხოვრებით კმაყოფილების განცდა ბოლო წლების განმავლობაში მრავალ ქვეყანასა და ეკონომიკაში გაუარესდა. 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით. მათ ცხოვრებით კმაყოფილება 10-ქულიან სკალაზე 0-დან 4-მდე ქულით შეაფასეს.

საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც საგანმანათლებლო რესურსების შესახებ დირექტორების უკმაყოფილება სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ ანგარიშში საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც, დირექტორების აზრით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სკოლების ფიზიკური ინფრასტრუქტურის ხარისხი.

კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 2018-თან შედარებით შემცირდა ბულინგის სხვადასხვა ფორმით გამოხატულება. საქართველოს 15 წლის გოგონების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

2022 წლის PISA-ს ძირითადი სფერო იყო მათემატიკა. კითხვა წამყვანი იყო 2000, 2009, 2018 წლებში; ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 2006-სა და 2015-ში. მათემატიკაში კვლევა აფასებს ინდივიდის მიერ მათემატიკური ცოდნის გამოყენებისა და მისი ინტერპრეტაციის უნარს რეალურ სამყაროში, სხვადასხვა კონტექსტში პრობლემის გადაჭრის მიზნით. აღსანიშნავია ისიც, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მაღალ შედეგებს აღწევენ შეფასების სამივე სფეროში. რაც შეეხება შეფასებათა მახასიათებლებს გენდერის კუთხით, საქართველო 2009-2022 წლებში PISA-ს მონაწილე იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც სამივე სფეროში გოგონებს უფრო მაღალი ქულები აქვთ, ვიდრე ბიჭებს.

მომავალი პროფესიის შესახებ მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად ნაკლებია ისეთი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც იციან, რა პროფესიას აირჩევენ. 2022 წელს იმ 15 წლის მოსწავლეებს, რომლებმაც იციან თავიანთი მომავალი პროფესია, კითხვაში უკეთესი შედეგები აქვთ. სასურველ პროფესიათა რეიტინგის პირველ პოზიციაზე 2022-შიც იურისტობა რჩება, მეორე ადგილს კი პროგრამისტობა იკავებს.

წაიკითხეთ განათლების ექსპერტ ნუცა კობახიძის ინტერვიუ 2018 წლის PISA-ს კვლევის შესახებ, რომელიც ჟურნალ „მასწავლებელში“ 2019 წელს დაიბეჭდა:

PISA-ს კვლევა კრიტიკული პერსპექტივიდან და უფრო სიღრმისეულად – ინტერვიუ ნუცა კობახიძესთან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი