ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევა იმ მოსწავლეთა დახმარება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სათანადოდ ვერ ივითარებენ ფუნდამენტურ აკადემიურ უნარებს. რემედიაცია მიზნობრივი აქტივობების საშუალებით არსებული პრობლემის შემცირებას ან სრულად გადაჭრას ნიშნავს. იგი დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემის დროულად აღმოჩენა და ჩარევა სასურველი შედეგის მიღწევას მნიშვნელოვნად აადვილებს. სარემედიაციო პროგრამის სამიზნე ჯგუფში არ შედიან ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. აღნიშნული პროგრამა იქმნება ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლის პროცესში აწყდებიან იმ ტიპის სირთულეებს, როგორიცაა – არასაკმარისი სასკოლო მზაობა, დეკოდირების პრობლემა, წაკითხულის გააზრება და სხვ.
სწავლის პროცესი ინდივიდუალურია. თუმცა არსებობს საერთო სტანდარტი საფეხურის მიხედვით, რომელსაც ყველა მოზარდი სხვადასხვა გზით აღწევს. სარემედიაციო პროგრამის დახმარება მაშინ ხდება საჭირო, როცა დიფერენცირებული მიდგომებითაც ვერ ხერხდება კონკრეტულ მოსწავლეებში საბაზისო აკადემიური უნარების განვითარება. მთავარია, დროულად განისაზღვროს პრობლემის ტიპი და დაიგეგმოს სირთულის დაძლევაზე ორიენტირებული ეფექტური ინტერვენციები.
სარემედიაციო პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებს არ უნდა შეექმნათ საფეხურით გათვალისწინებული საკლასო გაკვეთილების გაცდენის საჭიროება (დამატებითი მეცადინეობები უნდა ჩატარდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან შემდეგ). პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, რემედიატორ მასწავლებელთან ერთად, ერთვება კლასის დამრიგებელი, მოსწავლის მშობელი და სკოლის ადმინისტრაცია. პროგრამის განხორციელების ძირითადი საფეხურებია:
- მოსწავლეთა სკრინინგი და შედეგების ანალიზი;
- სამიზნე ჯგუფის დიაგნოსტირება და შედეგების ანალიზი;
- სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტება;
- სარემედიაციო პროგრამის და გაკვეთილის გეგმების შედგენა;
- სარემედიაციო გაკვეთილების ჩატარება;
- პროგრესის მონიტორინტი და შუალედური შეფასება;
- შემაჯამებელი შეფასება.
როგორც ვხედავთ, სარემედიაციო პროგრამაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა დიაგნოსტირების პროცესს. სკრინინგის ტესტის შედეგები გვიჩვენებს, თუ ვის უნდა ჩავუტაროთ ჩაღრმავებული დიაგნოსტიკური ანალიზი. დიაგნოსტიკის პროცესი ორ ნაწილად იყოფა – „წაკითხვის თანმდევი ჩანაწერები“ და „გასაუბრება კითხვის გარშემო“ (გაგება-გააზრების გადასამოწმებლად მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ რამდენიმე შეკითხვას სვამს და სწორი პასუხების რაოდენობას ინიშნავს). დიაგნოსტიკის ფაზაში ასევე შედის შედეგების ანალიზი, მშობლებთან გასაუბრება სარემედიაციო პროგრამაში ჩართვისთვის ნებართვის მისაღებად და მოსწავლეთა პორტფოლიოების შექმნა. დეტალური მონაცემების შეგროვება და სიღრმისეული ანალიზი ასევე აადვილებს რელევანტური მეთოდების/აქტივობების შერჩევას და ეფექტური გაკვეთილების დაგეგმვას.
საქართველოში სარემედიაციო პროგრამის პილოტირება 2017-2018 სასწავლო წელს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის მიზანი სკოლებში სარემედიაციო პრაქტიკის დანერგვა გახლდათ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტთან დაკავშირებული საკვანძო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სარემედიაციო მიმართულებით, კერძოდ, კითხვის/დეკოდირების საკითხებით დავინტერესდი.
საგანმანათლებლო კვლევების თანახმად, კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს აწყდება მოსახლეობის დაახლოებით 20%, მაგრამ მოსწავლეობის ასაკში სათანადო დახმარებას მხოლოდ 4% იღებს. არადა, ბავშვებს შეუძლიათ კითხვასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა, თუ მასზე ადრეულ ასაკში ვიმუშავებთ. შეიძლება გაწაფული კითხვის პრობლემა სულაც არ უკავშირდებოდეს მოზარდის გონებრივ შესაძლებლობებს. პრობლემის გამომწვევ მიზეზებად მოიაზრება წიგნთან ურთიერთობის ნაკლებობა, მწირი ფონეტიკური და/ან ენობრივ-გრამატიკული გამოცდილება, მეტყველების, სმენის ან ფონოლოგიური აღქმის პრობლემა და ა.შ.
დეკოდირება/გაშიფვრა არის სიტყვის გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად გარდაქმნა, ანუ ასოების შესაბამის ბგერებთან დაკავშირება, ბგერების სიტყვად გამთლიანება და აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება. სიტყვის დეკოდირება რამდენიმე მოქმედებას აერთიანებს: ცალკეული გრაფემების/ასოების იდენტიფიცირებას, სიტყვის გონებაში გახმოვანებას და სიტყვის კონტექსტით გათვალისწინებულ მნიშვნელობასთან დაკავშირებას. დეკოდირებას სიტყვის ცნობასაც უწოდებენ. გაწაფული კითხვის ერთ-ერთ მახასიათებლად მთლიანი სიტყვების სწრაფად ამოკითხვა მოიაზრება. აქედან გამომდინარე, „სიტყვის ცნობა“ კითხვის უნარის დაუფლების გზაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა.
დეკოდირების პრობლემა აფერხებს გაგება-გააზრების პროცესსაც, რადგან მოსწავლე მთელ ენერგიას ამოკითხვაზე ხარჯავს და შინაარსზე დაკვირვებას ვეღარ ახერხებს. რაც უფრო რთულდება ტექსტი და იზრდება მისი ზომა, პრობლემაც მძიმდება. ამიტომაცაა საჭირო სიტყვების დეკოდირების ავტომატურ რეჟიმზე (მთლიანი სიტყვების ამოკითხვა) დროულად გადასვლა.
არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი დეკოდირების პრობლემის დასაძლევად. როგორც წესი, გაწაფული მკითხველი კითხვისას რამდენიმე გასაღებს იყენებს: გრაფო-ფონემურს (ასოებსა და ბგერებს შორის შესაბამისობა), სინტაქსურს (წინადადების გრამატიკული წყობა) და კონტექსტურს (ტექსტის შინაარსობრივი მხარე). ამ ჩამონათვალიდან მოსწავლეს რომელი ,,გასაღების“ გამოყენებაც უჭირს, სწორედ იმას უნდა მოვარგოთ სარემედიაციო სტრატეგიები.
ზემოაღნიშნულ პრობლემის დასაძლევად ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი მეთოდები/აქტივობები:
- ფონოლოგიური სავარჯიშოები – აქტივობები სიტყვების დამარცვლაზე, პირველი ბგერის ამოცნობაზე, ბგერების გადაბმასა და სიტყვის ბგერებად დაშლაზე;
- „სიტყვაზე შეტევა“ – თითის გაყოლება, თავასოზე დაკვირვება, სიტყვის ნაცნობი ნაწილის ამოკითხვა, ილუსტრაციაზე დაკვირვება, კონტექსტის მიხედვით სიტყვის ამოცნობა;
- მართული კითხვის აქტივობა – მოსწავლის კითხვის დონის შესაბამისი გაბმული ტექსტების წაკითხვა;
- ნაცნობი ტექსტის განმეორებით კითხვა და/ან ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვა და შედეგის გაანალიზება;
- მკითხველთა თეატრი – შერეული ტექსტების როლებში წაკითხვა;
- გაწაფული კითხვის მოდელირება.
მოსწავლისთვის ხმამაღლა კითხვას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ალბათ ყველას გინახავთ, თუ როგორ ,,კითხულობენ“ ანბანის ცოდნის გარეშე პატარები კარგად ნაცნობ/ ძილის წინ მოსმენილ ზღაპრებს. ასეთივე ეფექტური გახლავთ დეკოდირების პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის გაწაფული კითხვის „ჩვენება“. აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს დეკოდირების პროცესის ისეთ დეტალებზე დაკვირვების საშუალებას აძლევს, როგორიცაა – სიტყვათა ერთიანობის შედეგი (შინაარსი), ინტონაციური აქცენტები, პაუზა სიტყვებს/წინადადებებს შორის და სხვ. შინაარსის აღქმის გარეშე რთულდება ტექსტის ვიზუალიზება/გონებაში გაცოცხლება. არასწორი ინტონაციით ან პაუზის გარეშე კითხვა კი ნაცნობი სიტყვების მიმართაც იწვევს გაუცხოებას. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მასწავლებლები წაკითხულის წარმოსახვას და წარმოდგენილის აღწერას/ვიზუალიზებას სთხოვენ მოსწავლეებს, მხატვრული კითხვის ელემენტებს შეიტანენ ტექსტის დამუშავების პროცესში და ა.შ.
აქვე შემოგთავაზებთ გაწაფული კითხვის ერთ-ერთ სახალისო მეთოდს/აქტივობას, რომელსაც ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში:
უცნაური ხმებით კითხვა
მეთოდი გულისხმობს ნაცნობი ტექსტის არაერთხელ წაკითხვას სხვადასხვა ხმით. მისი ხშირად გამოყენება ზრდის კითხვის მოტივაციას და აუმჯობესებს კითხვის ტექნიკას. მისი გამოყენებით მოსწავლეებს უვითარდებათ:
- გაწაფული კითხვის უნარი;
- ყურადღების კონცენტრირების უნარი;
- მოსმენისა და მეტყველების უნარები.
მუშაობის ფორმა: წყვილები, ჯგუფები, ინდივიდუალური.
რესურსი: ტექსტი, ემოციის ბარათები და ბარათების ყუთი/ქილა/ტომსიკა ან ემოციების დაფა.
მასწავლებლის მიერ დამზადებულ ემოციის ბარათებზე/დაფაზე მოცემულია სხვადასხვა ემოციის გამომსახველი ნახატები შესაბამისი სიტყვებით. ბარათების სათავსოდან ამოღების ან ემოციების დაფაზე ისრის დატრიალების შემდეგ, მოსწავლეებს ევალებათ შემხვედრი ემოციით მთლიანი ტექსტის ან მისი ერთ-ერთი მონაკვეთის წაკითხვა.
იხ. ემოციების დაფის ნიმუში
მიზნობრივი და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენების გარდა, აუცილებელია სარემედიაციო ჯგუფისთვის კომფორტული, საჭირო რესურსებით (მცირე ბიბლიოთეკა, სასწავლო და ტექნიკური რესურსი) აღჭურვილი სივრცის გამოყოფა. აქვე ორიოდე სიტყვით შევეხები ეთიკურ პრობლემებსაც. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამიზნე ჯგუფის წევრებს შეიძლება შეექმნათ, ე.წ. იარლიყის (ჩამორჩენილი, სუსტი და სხვ.) მიკერების საფრთხე. მათ თანაკლასელებს აუცილებლად გაუჩნდებათ კითხვა, თუ რატომ სჭირდება ზოგიერთ მათგანს დამატებით მეცადინეობებზე დასწრება. ამავე მიზეზით სარემედიაციო პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებსაც შეიძლება გაუჩნდეთ პროტესტის გრძნობა. მასწავლებლებს დიდი სიფრთხილე გვმართებს მსგავსი სიტუაციების რეგულირებისას. სასურველია, ისე ავუხსნათ მოსწავლეებს სარემედაციო ჯგუფის ფარგლებში გაწეული დახმარების რეალური მნიშვნელობა, რომ ფრუსტრაციის (ჯგუფის წევრების მხრიდან) და დაცინვის (ჯგუფის წევრთა თანაკლასელების მხრიდან) საფრთხე თავიდან ავირიდოთ. სავარაუდოდ, ზემოაღნიშნული პრობლემა არც წარმოიქმნება, თუ ინდივიდუალური საჭიროებების ხმამაღლა დაფიქსირებისა და ურთიერთდახმარების ტენდენციას სასწავლო პროცესის შემადგენელ ნაწილად ვაქცევთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლაში. 2017. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd).
კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. 2015. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd). მოძიებულია შემდეგ ლინკზე: https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf