მდგრადი განვითარების მიზნები მასწავლებელთათვის უცხო არ არის, თუმცა მის პრაქტიკაში დანერგვაზე ხშირად მასწავლებლები უცნაურ ამბებს ჰყვებიან ხოლმე. მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ეს არის მსოფლიო დღის წესრიგი სამყაროს მდგრადი განვითარებისათვის. გვაქვს 17 მიზანი, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დედამიწაზე ცხოვრება კვლავ შევძლოთ. ამ სტატიაში არ ვისაუბრებ მიზნების შინაარსის ან მისი შექმნის ისტორიაზე. ზოგადად, ამ მხრივ უამრავი კრიტიკა არსებობს, როგორც მისი არაამბიციურობის ასევე არარელევანტურობის თუ მათი მიღების პროცესის სიჯანსაღესთან დაკავშირებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მიზნები არსებობს და გვაჩვენებს, რამდენად კომპლექსურია სამყარო და რამდენად გადაჯაჭვულია საკითხები ერთმანეთთან, მაგ. სიღარიბის აღმოფხვრა (მიზანი 1), ხარისხიან განათლებასთან (მიზანი 4); თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, მაგ. გენდერულ თანასწორობასთან (მიზანი 5), თუ მდგრად მოხმარებასა თუ წარმოებასთან.
სულ რამდენიმე ხნის წინ, კონკრეტულად აღინიშნა კვირეული „იმოქმედე მდგრადი განვითარებისათვის“, რომლის მიზანია, ხაზი გაუსვას მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობას და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით საზოგადოების მობილიზებას.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ვთარგმნეთ (იგულისხმება განათლების კოალიცია) მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ მომზადებული დოკუმენტი, როგორ უწყობს ხელს სასკოლო კვება მდგრადი განვითარების მიზნებს. ზოგადად, სასკოლო კვების ადვოკატირების მხრივ ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებით აქტიურია და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნის პირობებში, მოკლე ვადაში ეს პროგრამა მაინც დაინერგება (მიუხედავად ხედვისა თუ სტრატეგიის არარსებობისა).
დოკუმენტი 2017 წელს არის მომზადებული და გადმოსცემს საბაზისო ინფორმაციას სასკოლო კვების თაობაზე, მაგ. რამდენი ბავშვია ჩართული სასკოლო კვების პროგრამაში, რის შემდეგაც განიხილავს კავშირებს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
მაგალითად, მეორე მიზანი, შიმშილის აღმოფხვრა პირდაპირ არის დაკავშირებული სასკოლო კვებასთან. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით (2023), მოსწავლეთა მხოლოდ 27% ახერხებს სრულფასოვნად გამოკვებას, ხოლო არასდროს იკვებება 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი – 45%-ია.
კვლევების მიხედვით, სასკოლო კვება აუმჯობესებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამცირებს ავადობას და ზრდის სწავლის უნარს. გარდა ამისა, არაერთ ქვეყანაში სასკოლო კვების დანერგვის ერთ-ერთი დანიშნულება სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა (CTC, 2021).
სასკოლო კვებასთან დაკავშირებული მეორე მიზნის შესაბამისი სამიზნეები:
2.1. შიმშილის დასრულება, ყველას ჰქონდეს უსაფრთხო, ნოყიერი და საკმარისი საკვები, განსაკუთრებით ბავშვებს, დედებს და დაუცველ ადამიანებს;
2.2 არასაკმარისი კვების ყველა ფორმის აღმოფხვრა;
2.3 სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და სურსათის მცირე მწარმოებლების შემოსავლების გაორმაგება;
2.4 სურსათის წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფა.
სასკოლო კვების პროგრამების მთავარი დანიშნულება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაა, რასაც მეოთხე მიზანი პირდაპირ უკავშირდება – ხარისხიანი განათლება. კვლევები ადასტურებს, რომ სასკოლო კვების პროგრამებს დადებითი გავლენა აქვს როგორც მოსწავლეთა კოგნიტურ განვითარებაზე, ასევე სკოლაში მათ სოციალიზაციაზე. ამავდროულად იზრდება გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი და მცირდება სკოლის მიტოვების მაჩვენებელი.
სასკოლო კვებასთან დაკავშირებული მეოთხე მიზნის შესაბამისი სამიზნეები:
4.1. 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების უზრუნველყოფა, რაც მათ შესაბამის და ქმედით სასწავლო შედეგებს მოუტანს;
4.2. 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის ადრეულ ასაკში განვითარების, ზრუნვისა და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისათვის;
4.5. 2030 წლისთვის განათლებაში უთანასწორობების აღმოფხვრა და მოწყვლადი ადამიანებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მკვიდრი მოსახლეობისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის განათლებისა და პროფესიული სწავლების ყველა დონეზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა;
4.6 2030 წლისთვის ყველა ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობის, როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ წერა‐კითხვისა და არითმეტიკის ცოდნის მიღწევის უზრუნველყოფა.
გარდა აღნიშნულისა, სასკოლო კვების პროგრამებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სიღარიბის აღმოფხვრის (1-ლი მიზანი), უთანასწორობის შემცირების (მე-10 მიზანი), გენდერული თანასწორობის (მე-5 მიზანი), ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნაში (მე-8 მიზანი).
მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ყოველ $1-ის ინვესტიციას სასკოლო კვების პროგრამაში 3-დან $10-მდე ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.
სასკოლო კვების პროგრამებს ასევე შეუძლია, შექმნას დასაქმების შესაძლებლობები და გააუმჯობესოს სკოლების მახლობლად მცხოვრები თემის საარსებო საშუალებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასკოლო კერძები ადგილობრივად არის მომზადებული. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს კონტექსტში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გაეროს ბავშვთა ფონდი. 2023. ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში – 2023. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/qDEHP;
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC). 2021. საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები. პოლიტიკის დოკუმენტი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა ლაბის პროგრამის ვებგვერდზე: https://ctcskolalab.ge/;
- მსოფლიო სასურსათო პროგრამა. 2017. როგორ უწყობს ხელს სასკოლო კვება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs): მტკიცებულებათა ერთიანობა. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.wfp.org/publications/2016-how-school-meals-contribute-sdgs.