ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

„ვეფხისტყაოსანი“ დაწყებით კლასებში

0

ჩვენი ლიტერატურის მთავარი ნაწარმოები, ყველაზე ბრწყინვალე ქართული წიგნი, ჩვენი კულტურის მთავარი საფუძველი რომ პირველი დღეებიდან უნდა შევაყვაროთ მოსწავლეებს, ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით. მაგრამ ახლა მთავარი კითხვა – როგორ მოვახერხოთ ეს? რა აღარ ვცადეთ, საბავშვო „ვეფხისტყაოსანი“, ტექსტის კითხვა, ავტორის ბიოგრაფიაზე საუბარი, ილუსტრაციები და კომიქსები, ტექსტის რიტმის აყოლა და მუსიკალური კომპოზიციის შექმნა, შემდეგ კი რამდენიმე დამატებითი ტექსტი დავიხმარეთ.

აი, ეს, იქნებ თქვენც გამოგადგეთ:

  1. დიდი წიგნი

ალექსის სახლში ბევრი ძველი წიგნი აქვს. ბაბუამ უთხრა, რომ წიგნი რაც უფრო ძველია, მით უფრო ძვირფასია. ბაბუას ასი წლის წინ გამოცემული წიგნები საპატიო ადგილას უწყვია. ის მათ ძალიან უფრთხილდება.

ბებიას კი ყველაზე მეტად ერთი დიდი წიგნი უყვარს. მართლა დიდია, რა გგონია, ავტორი შოთა რუსთაველია, ხოლო გარეკანზე დიდი და ლამაზი, მოჩუქურთმებული ასოებით „ვეფხისტყაოსანი“ აწერია.

თურმე ალექსის ბებია რომ ალექსის ბაბუას გაჰყვა ცოლად, თავისი სახლიდან სწორედ ეს წიგნი წამოიღო, საჩუქრად, მზითევში. ბებია სიყვარულით შესცქერის ხოლმე დიდ წიგნს და ფურცლებს შორის ბაბუას მოწერილ წერილებს ინახავს.

ერთ დღეს ბებიამ დაათვალიერებინა კიდეც დიდი წიგნი. ზღაპრული ნახატები იყო: გმირები, მზეთუნახავები, ციხე-სიმაგრეები.

  • ეს პოემაა – უთხრა ბებიამ – პოემა მეგობრობასა და სიყვარულზე. უფ, აქ ისეთი ამბები ხდება!

ალექსის ბებიას თინა ჰქვია, თინათინი. თურმე ამ დიდი წიგნის ერთ-ერთ მთავარ გმირსაც თინათინი რქმევია.

რა წიგნი უნდა იყოს ვეფხვებზე? ძალიან აინტერესებს ალექსის. თინა ბებია წაკითხვასაც დაჰპირდა, ოღონდ როცა ბიჭი ცოტათი გაიზრდება. თუმცა იქნებ მანამდეც წაუკითხოს, იქნებ ამ საღამოსვე დაიწყონ კითხვა?

კითხვები გასააზრებლად:

  • ვინ არის ალექსის ბებიის საყვარელი „დიდი წიგნის“ ავტორი?
  • რა ჰქვია ბებიის საყვარელ წიგნს?
  • რატომ უყვარს ალექსის ბებიას ეს წიგნი?
  • როგორი ნახატები ნახა ალექსიმ იმ წიგნში?
  • რა ჰქვია ალექსის ბებიას?
  • შენ როგორ ფიქრობ, რის შესახებ არის წიგნი, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია?
  • შენ გაქვს „ვეფხისტყაოსანი“?
  • ნახატებიანია თუ არა?
  • არ გინდა, დაათვალიერო?

ტექსტი 2 – საინფორმაციო ტექსტი

ხელით გადაწერილი წიგნი

სანამ ბეჭდვას გამოიგონებდნენ, წიგნებს ხელით წერდნენ და იწერდნენ.

ამისთვის სპეციალური, „გადამწერლების“ პროფესია არსებობდა.

მათ განსაკუთრებულად ლამაზად წერა შეეძლოთ,

საუკეთესო კალიგრაფია ჰქონდათ.

კალიგრაფია – ლამაზად წერის ხელოვნებაა.

  • წარმოიდგინე, რამდენი საათი დასჭირდებოდა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერას.
  • გადავწეროთ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტრიქონი, მასალად შეგიძლია გამოიყენო:
  1. ფურცელი
  2. შენი ძველი მაისური
  3. ნეკერჩხლის ფოთოლი
  4. ქვა
  5. პაატა მამფორია
  6. მუყაო

ტექსტი 3

გზა

პაატა მამფორია

_ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.

_ რათა ერთი?

_ მაშ, რამდენი?

_ ორი.

_ რათა ორი?

_ მაშ, რამდენი? _ სამი.

_ ერთი გზა რატომ ჰქონდათ?

_ მეგობრები იყვნენ და იმიტომ.

_ რა ერქვათ მეგობრებს?

_ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი.

_ გზა საით მიდიოდა?

_ ქაჯეთის ციხისკენ .

_ ქაჯეთის ციხეში რა უნდოდათ?

_ მზეთუნახავი უნდა გამოეხსნათ ტყვეობიდან.

_ გამოიხსნეს მზეთუნახავი?

_ გამოიხსნეს და ყველამ გაიხარა.

_ დაილოცა იმათი გზა!

  • სად მიდიოდა სამი მეგობარი?
  • რატომ ჰქონდათ ერთი გზა?
  • რა ერქვათ მეგობრებს?
  • როგორ დასრულდა ეს ამბავი?

4-თამაში

აფორიზმობანა

აფორიზმი – მოკლედ, სხარტად გამოთქმული ბრძნული აზრია. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ბევრი აფორიზმია, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს და მეგობრობას გვaსწავლის.

მოდი, მოვიფიქროთ სცენები, რომელიც აფორიზმს მიესადაგება:

  1. რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!

ჩემი ვერსია:

ბიჭი მეორე ბიჭს უგდებს ბურთს.

მეორე ბიჭს ბურთი გააქვს კარში.

შენი ვერსია როგორი იქნება?

  1. გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად

ჩემი ვერსია:

ერთი ბაჭია მეორეს უწვდის გულს და მდინარეზე ხიდს აწერია „სიყვარული“.

შენ რას მოიფიქრებ?

  • მოდი, დავხატოთ აფორიზმი:
  • მოდი, აფორიზმი დავახატვინოთ ხელოვნურ ინტელექტს;
  • რომელი ვერსია უფრო ზუსტია?

შემაჯამებელი აქტივობა:

შევქმნათ „ვეფხისტყაოსნის“ დიდი მაკეტი;

მოვხატოთ ყდა სხვადასხვა მასალისგან, დავაწეროთ ავტორი, დავახატოთ.

„ვირის ხიდი“, „ხუთი თავადის ქეიფი“, „ექიმი ვირზე“ — აუდიოაღწერის ნიმუშები უსინათლო პირებისათვის

0

აუდიოაღწერა, სხვაგვარად, ვიზუალური აღწერა, არის თხრობის ფორმა, რომელსაც მიმართავენ ვიზუალური ელემენტების გადმოსაცემად კინოში, თეატრებში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ სხვადასხვა ვებპორტალებზე უსინათლო ადამიანების ინფორმირების მიზნით[1]. თხრობის ამგვარი ფორმა აქტიურად გამოიყენება მუზეუმებსა თუ ვიზუალური ხელოვნების გალერეებში, ვებგვერდებზე, რომლებსაც თან ახლავს დასურათებული მასალა. აუდიოაღწერის მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა ექმნება ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტებისა თუ სცენების შესახებ, ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით.

ვებსივრცეში ფოტოებსა თუ სხვადასხვა სურათზე აუდიოაღწერის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან უსინათლო პირებისთვის ხმოვანის სინთეზატორი ვერ გარდაქმნის ფოტოებს სურათხატებად, შესაბამისად, თუკი მათ რამდენადმე აქვს შესაძლებლობა, თვისებების ოპტიკური ამომცნობი პროგრამის (OCR) მეშვეობით მოისმინონ Sylfaen-ის შრიფტით აკრეფილი ესა თუ ის ტექსტი, ამგვარი საშუალება აღარ ეძლევათ ტექსტებზე თანადართული ვიზუალური მასალის გააზრებისთვის. არადა, მათ გარეშე ხომ შეუძლებელია ინფორმაციის სისავსით, სრულყოფილად მიღება, გადამუშავება თუ გააზრება?!

 

ავტორი – ნიკო ფიროსმანი (1862–1918)

ვირის ხიდი – 1895 წელი

ჟანრი ­– პრიმიტივიზმი

ორიგინალის ზომა: 93×117 სმ.

ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით მუშამბაზე.

სურათი ჰორიზონტალურია, ჭარბობს: შავი, თეთრი, რუხი, ბრილიანტის მწვანენარევი ლურჯი და მოყვითალო/ქარვის ფერები.

მთვარიანი მწუხრის პეიზაჟის ფონზე პატარა „ვირის ხიდის“[2] გარშემო გაშლილ სანახებში ადამიანები დგანან, დადიან, სხედან ან ქეიფობენ. ისინი სურათის ძირითად სივრცეს იჭერენ.

სურათის ზედა, მარცხენა კუთხესთან, შავში გარდამავალ მუქ მწვანე ფონზე, ბადრი მთვარეა, თეთრი და ლეგა ჰორიზონტალური ღრუბლების თავზე. ღრუბლებზევე წარმოდგენილია ოთხი დიდი, ფრთაგაშლილი ფრინველი. ღრუბლები ჰორიზონტალური ხაზით ერთვის მდინარეს, რომელშიც ჩანს ნავი სუფრით და მოქეიფე მამაკაცებით. ნავი არის სურათის ცენტრში. მის გარშემო, ორივე მხარეს, ჩანს მწვანე მაღლივი ფერდობები, რომლებიც თითქმის ბოლომდე ფარავს სურათის გვერდითა ნაწილებს და ქმნის მთისა და ზეცის, იმავდროულად, წყლისა და ცის ერთიანობას.

ამ პეიზაჟის ფონზე, მწვანე მდელოსა თუ მდინარეში, ტივსა თუ ნავზე ­— ადამიანები ქეიფობენ. სურათის ძირითადი ნაწილი მოქეიფეთა სხვადასხვა ტიპაჟებს უჭირავთ. აქვეა ცხოველებიც: ხეზე ჯაჭვით მიბმული დათვი, მისგან ოდნავ მოშორებით ასევე ჯაჭვით დაბმული ვერძი და ვიწრო ხიდზე მიმავალი ვირი, ზურგზე ხურჯინით. მთელ ამ კამპანიას ართობენ სხვადასხვა ადგილას მყოფი მუსიკოსები: მედუდუკეები, მედოლე და მეარღნეები. აქვე, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, არის ორი მოცეკვავე კინტო თავიანთი შავი, პატარა კეპიანი ქუდებით და სამოსით. სურათის ცენტრში, მდელოზე მიმტანი დგას თეთრი წინსაფრით და, უმეტესად, თეთრი ვარდების თაიგულით. მეორე მიმტანი მხარზე მოგდებული თეთრი ტილოთი და ხელში თეთრ სინზე შემწვარი დიდი ფრინველითაა წარმოდგენილი.

სურათის სიმეტრიას ქმნის მარჯვენა და მარცხენა მწვანე ბორცვებზე მდგარი მორკალული ნაგებობები, გაშლილი სუფრები და მოქეიფე ყარაჩოხელები.

სურათის მარცხენა, ქვედა ბოლოსკენ თეთრად წერია ორ ხაზად: „ვირის ხიდი“

მინაწერის გაგრძელებაზე ტივია მდინარეში, მეარღნით, 6 მოქეიფითა და ერთი მეთევზით. მათ წინ, თეთრ სუფრაზე, თეფშები, პურმარილი და ექვსი ღვინის ბოთლი უდგათ. ერთ მათგანს მომწვანო-მოცისფრო, თეთრად დატალღული მდინარიდან ანკესით დიდი თევზი ამოჰყავს. სურათზე თითქმის ყველა მოქეიფეს და ფეხზე მდგომ ადამიანს ხელები ზემოთ აქვთ აპყრობილი, ხელგაშლილობის, ღვთისადმი მადლიერების თუ ვედრების ნიშნად.

ხუთი თავადის ქეიფი, ნიკო ფიროსმანი, 1906

 ზომა — 726 × 384; მუშამბა, ზეთი.

სურათი ჰორიზონტალურია. ჭარბობს შავი, მორუხო თეთრი, მოყავისფრო-მოშავო მუქი ჭაობის მწვანე, ალისფერი და ლურჯი ხაზები.

 ცენტრში, თეთრ სუფრასთან, მაგიდის სამ მხარეს, ზამბახისებურ ფოთლოვანში ხუთი დიდგვაროვანი მამაკაცი მიმსხდარა. სუფრა გაშლილია ეზოში, თეთრი კედლის ფონზე. მაგიდის თავ-ბოლოში თავადებს ხელში ყანწები — ცხოველის რქის სამისები — უჭირავთ, სასმისები მოხატულია ოქროსფერი ცვრებით და ჰორიზონტალური ხაზებით, ოქროსფერი, დეკორირებული დაბოლოებებით.

სუფრა არ არის გადატვირთული და პერსონაჟები კარგად ჩანან.  

  • სურათის ცენტრში, პირველ პლანზე ღვინის ტიკია, იგი თითქოს ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია თავადების მოწითალო-მოყავისფრო, წვეტიანი, მაღალი ჩექმებით. 
  • სურათის მეორე პლანს თეთრი სუფრა და მის ორივე ბოლოში, ხის ღიასაზურგიან სკამებზე მსხდარი თავადები იჭერენ. სუფრაზე პირველ რიგად აწყვია: ფოთლებიანი, წითელდარაიასფერი ბოლოკის თეფში, მოგრძო სამარილე, თეფში ­­– დაჭრილი წითელდარაიასფერივე ორაგულით და ერთი შოთი; მეორე შოთი მრგვლად მოხარშულ დედალს, მოგრძო თევზებსა და ორ ღვინის ბოთლს შუა დევს; სუფრის მესამე რიგს ქმნის მესამე შოთი და წითელდარაიასფერი ღვინით სავსე ორი გამჭვირვალე ჭიქა, დოქი, რომელიც თავადების ჩექმისფერია.
  • სურათის მესამე პლანზე ზის სამი თავადი, მათ ჩოხების შიგნით წითელ-ალისფერი დარაიას[3] პერანგები, გარედან კი შავი ჩოხები აცვიათ. სამ მათგანს ყელზე ლურჯი ყურთმაჯები აქვს მოდებული, ყველა შავგვრემანია, მოკლე თმით, მკაფიოდ შავი თვალ-წარბითა და სქელი, ბოლოებდაწკეპილი ულვაშებით. სამივე მათგანის მზერა პირდაპირია.

ექიმი ვირზე, ნიკო ფიროსმანი

ნახატი ჰორიზონტალურია, მასზე ჭარბობს ნარინჯისფერი, რუხი, მწვანე, ცისა და შავი ფერები.

სურათის ცენტრში, თითქმის ქვემოდან ზედა ბოლომდე, ნარინჯისფერ მდელოზე წარმოდგენილია რუხ ვირზე ამხედრებული ექიმის პორტრეტი, ცალ ხელში დაკეცილი, შავი, გრძელი ქოლგითა და მეორე ხელში — ხის წვრილი წნელით.

ექიმს აცვია შავი, ატლასისებური სამოსი, პრიალა, შავი ფეხსაცმელი; ახურავს რუხი, ფარფლებიანი, მამაკაცის ფეტრის ქუდი, ერთი ცენტრალური მუქი ნარინჯისფერი ზოლით. ექიმის სახე ჩანს პროფილით, აქვს ვიწრო, ოვალური სახე, ნუშისებური თვალი, სწორი, პატარა ცხვირი და ჭაღარა წვერი. ექიმის მზერა ჩვენგან გვერდულია. იგი გზას გასცქერის. მისგან განსხვავებით, ჩვენკენაა მომართული ანფასში მყოფი ვირის მზერა. მას აქვს თეთრი ცხვირი, თეთრი თვალის ჭრილი და აცქვეტილი თეთრი ყურები.

სურათზე ცასა და მიწას შორის ჰორიზონტის ხაზს ქმნის მწვანე ბალახი, რომელიც გრადუალურად ერწყმის ნარინჯისფერ მიწას. ვირის სხეულზე გამოსახული ნარინჯისფერი ჰორიზონტალური, შუქის ხაზებით ნახატის ერთგვარი ტემპი იქმნება. ღია ნარინჯისფერია ექიმის ტუჩებიც, თვალის სკლერა და ქუდის ხაზი. ჰორიზონტის მწვანე ხაზს ერთვის ღია ცისფერი, რომელიც სურათის ზემოთკენ ოდნავ მკვეთრდება.

შეჯამების სახით დავძენ, რომ მსგავსი აღწერები განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს საგანმანათლებლო სივრცეებში უსინათლო ან მხედველობის დაქვეითების მქონე პირებთან მუშაობისას და მათ, აღქმის თვალსაზრისით, ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებზე ხელმისაწვდომობის მეტ შესაძლებლობას სთავაზობს.

[1] საქართველოში აუდიოაღწერის დანერგვის მცდელობა პოლონეთის მთავრობის დახმარებითა და ფონდ HumanDoc-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

[2] აუდიოაღწერისას არაა აუცილებელი ტერმინების ისტორიის გადმოცემა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვირის ხიდი — ისტორიულ ძველ თბილისში, მდმტკვარზე გადებული საცალფეხო ხიდების პოპულარული სახელი იყო, თუკი ამის საშუალებაა, შესაძლოა, თარჯიმან-მეგზურმა, ასისტენტმა ან ხელოვნებათმცოდნემ დამატებით მიაწოდოს უსინათლო პირს გალერეაში ყოფნისას. ასევე დამატებითი იქნება ინფორმაციაც, რომ XIX-XX სს. თბილისში თითქმის ერთდროულად ორი ვირის ხიდი არსებობდა. პირველი მათგანი მტკვრის ქვედა დინებაში არსებულ, ხილ-ბოსტნეულის ბაღებით ცნობილ ორთაჭალის კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა. ეს იყო კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებს გადაჰქონდათ. ამიტომ შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდი. მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად მდინარის ტოტი მოისპო, კუნძული გაქრა და ხიდიც დაანგრიეს. შემდგომში სახელი „ვირის ხიდი“ გავრცელდა ძველ მეტეხის ხიდზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. 1870 წელს მეტეხის კლდე მარჯვენა სანაპიროს ორი ხიდით დაუკავშირეს. ერთი ლითონის ხიდი ახლანდელი, 1951 წ. აშენებული ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის ადგილზე მდებარეობდა. მეორე, უფრო მცირე, ასევე ლითონის კონსტრუქციის ხიდი მის მახლობლად. დიდზე, რომელსაც ავლაბრისა ერქვა, ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი მოძრაობდა, პატარაზე კი — მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები და ამიტომ ვირის ხიდს უწოდებდნენ. 1951 წელს ახალი ხიდის გახსნის შემდეგ ვირის ხიდი აიღეს. ვირის ხიდი – ვიკიპედია (wikipedia.org)/

[3] შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი.

„მას გახელილი დარჩა თვალები“

0

(სიორენ კირკეგორის „ან-ან“ და ჯეკ ლონდონის „თამაში“)

გენიოსის ქმნილებები ცალკე სიმაღლეა, ხელშეუხებელი მოცემულობა და მოდად გადაქცევა მხოლოდ ვნებს, აკნინებს მათ. სალონური ცნობიერების იმპოზანტურობა შემოსაზღვრულია და გამაღარიბებელ/გამაფერმკრთალებელი მაღალი იდეებისა. მოდა მაღალ გრძნობებსა და აზრებს, თითქოს, აკარგვინებს სიმძაფრეს, ტრაგიზმს, სერიოზულობას. ასეთ მავნე შემოტევას ვერც დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის ნააზრევი ასცდა. მოდით, შევეცადოთ, ამ დიდი მოაზროვნის ნაწერების სწორად, სიღრმისეულად, თუმცა მოკლე ფორმატში, შეძლებისდაგვარად, გააზრებას.

ეს ის შემთხვევაა, როცა ბიოგრაფია არანაკლებ საინტერესოა ავტორზე. კირკეგორი დაიბადა 1818 წელს კოპენჰაგენში. 1840 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. მისი სამაგისტრო დისერტაცია ირონიის ცნებას ეხებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ბერლინში ისმენდა შელინგის ლექციებს. 1842 წელს დაბრუნდა კოპენჰაგენში და გარდაცვალებამდე, 1855 წლამდე, განდეგილად იცხოვრა.

კირკეგორის „ან-ან“ ცნობილი თხზულებაა, რომელიც 1843 წელს გამოქვეყნდა კოპენჰაგენში, ხოლო მისი ნაწილია „ესთეტიკურისა და ეთიკურის წონასწორობა პიროვნულობის განვითარების გზაზე“. წიგნში მითითებული იყო მხოლოდ გამომცემელი – ვიქტორ ერემიტა. კირკეგორს უყვარდა ეს ფსევდონიმი, რაც „განდეგილობაში გამარჯვებულს“ უნდა ნიშნავდეს.
წიგნის „ან-ან“ მთავარი პრობლემა არჩევანია, ანუ ის, რომ, ადრე თუ გვიან, ადამიანი ირჩევს იმას, რაც მისთვის მეტად ღირებულია. „ესთეტიკური“ გრძნობადობით განსაზღვრული წესია ცხოვრებისა, „ეთიკური“ კი მოვალეობის შეგნებით განპირობებული. ეს ორი მსოფლგაგებაცაა, რომლებზეც საუბარია თხზულებაში. აქ ცხოვრების უმაღლეს წესზე, რელიგიურზე – რ წ მ ე ნ ა ზ ე ც ა ა საუბარი.

დანიელი ფილოსოფოსის ყურადღების ცენტრში დგას ცალკეული ინდივიდის, ერთეული პიროვნების ბედი, გადაწყვეტილებები, განცდები, მისი ფიქრები სიკვდილსა თუ უკვდავებაზე, ცოდვასა თუ მონანიებაზე, წამსა და უსასრულობაზე, შიშსა და არარაობაზე, არაფრობაზე. კირკეგორის ეს თხზულება ჩვენი დროის ეგსისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთ წყაროდაა მიჩნეული.

ა რ ჩ ე ვ ა ნ ზ ე

არჩევანის წინაშე ყოველთვის როდია ადამიანი და, ცხადია, არსებობს ისეთი ცხოვრებისეული ვითარებები, რომლებთან მიმართ „ან-ან-ის“ გამოყენება სასაცილო ან თავისებურად, უგუნურებაცაა. ესააო „ჯადო სიტყვები“, გვეუბნება დიდი ფილოსოფოსი, რომელთა წარმოთქმა ასერიოზულებს და აძრწუნებს კიდეც კაცს. აი, რატომ: ეს ეხება იმას, რაც არა მარტო სერიოზული, საშიშიცაა – „არსებობს მხოლოდ ე რ თ ი მიმართება – ესაა მაშინ, როცა ერთ მხარეზეა ჭეშმარიტება, სიმართლე და სიწმინდე, მეორეზე კი – სიამოვნება და მიდრეკილებები, ბნელი ვნებები და მანკიერებანი. და მაინც სწორი არჩევანი, ამით კი საკუთარი თავის გამოცდა, დიდი მნიშვნელობის მქონეა ისეთ ვითარებებშიც კი, რომლებშიც არჩევანი უვნებელ რაიმეს ეხება“ (9).

ფილოსოფოსი ამ თხზულებაში ეშმას მიმართავს; ეს უკანასკნელი კი ისეთი „მეგობრული, უბრალო და მაცდურია“, როგორც „ძმები კარამაზოვების“ ივანთან საუბრისას.

ადამიანი არ უნდა დაშორდეს საკუთარ იდეალურ „მეს“, ანუ ღვთის ჩანაფიქრს მასზე. „სამოსელი პირველი“ მთლად არ უნდა განიძარცვოს და „გააძევოს“ საკუთარი თავიდან, დაჩაგროს, დათრგუნოს ღვთაებრივი ბუნება. აი, ერთ-ერთი მიმართვა ეშმასადმი: „ცხოვრება მასკარადიაო, ამბობ შენ და ეს აზრი ამოუწურავი მასალაა შენი სიამოვნებისა. შენი შეცნობა ვერავინ შეძლო, რადგან შენი გულალალობა მუდამ მოჩვენებითია… შენი მოქმედების მიზანი შენი დაფარულობის შენარჩუნებაა. ამ მიზანს აღწევ, რადგან შენი ნიღაბი ყველა სხვაზე საიდუმლოა. შენ, თავისთავად, ხარ არარა… შენ ხომ დაწყევლილი კაცის მდგომარეობაში ხარ, – შეწყვიტე ეს ველური რბოლა, ამოიკვეთე აბობოქრებული სურვილი განადგურებისა. – შენ ხომ გსურს, მოსპო ყველაფერი, გსურს შენი გაჩენილი შიმშილი ეჭვისა რაიმეთი დაიკმაყოფილო. ამისთვის ამზადებ შენს თავს, ამძვინვარებ საკუთარ სულს. შენ სიამოვნებით იტყვი, რომ არაფერი ძალგიძს და მხოლოდ ერთი რამ მოგანიჭებს სიამოვნებას – შვიდგზის შემოუარო ყოველივე არსებულს, ბუკს ჩაბერო და სამყაროს აღსასრულს დაელოდო. ამით შენი სული შვებას იგრძნობს, სევდაც კი დაისადგურებს მასში, შენში გაისმის ექოს ხმა: ექო ხომ მხოლოდ სიცარიელეში ისმის!“ (13).

რაც ხორცისაა, ყველა ვნებაა, ხოლო სულიერზე აქცენტირება, ხორციელზე ამაღლებით, ყველაზე დიდი მისია თუ დანიშნულებაა ადამიანური არსებობისა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც არასდროს შემოდებს „სასწორის პინაზე“ მაღალ ღირებულებებს, რადგან მათთვის არც კითხვა „ან-ან“ დაისმება არასდროს. თუმცა კაცთა სამყაროში ასე განსაზღვრულ-გამოკვეთილი როდია ყველაფერი და ვნება სიამოვნებასთან ისეა ჩაზრდილი, რომ მისგან გათავისუფლება ჭირს, მაგალითად, თამაშის ვნება, რომელზეც ასეთი ოსტატობით მოგვითხრობს ჯეკ ლონდონი თავის მოთხრობაში „თამაში“.

„თ ა მ ა შ ი“

აი, როგორ აღწერს თავისი ცხოვრების „უდიადეს“ წუთებს ჯო ფლემინგი, რომელიც ცნობილი მოკრივეა, როცა მას თვალწინ უდგება საკუთარი დარტყმების სიძლიერით დამარცხებული მოწინააღმდეგე, გაჩახჩახებული რინგი და აღტყინებულ-ეგზალტირებული მაყურებლის ხმაური: „დროს იხელთებ და ისეთს უთავაზებ, რომ თავბრუს დაახვევ, მთელი სხეულით ჩაგეჭიდება და აღარ გაგიშვებს, ვიდრე მსაჯი ძალად არ მოგაცილებს, მაშინ კი ბოლოს მოუღებ. მთელი დარბაზი თავდავიწყებით ღრიალებს და გრძნობ, რომ შენ უკეთესი ხარ, რომ წესიერად ებრძოდი და გაიმარჯვე კიდეც, იმიტომ გაიმარჯვე, რომ მასზე ძლიერი ხარ და რომ…“ (5).

ესაა ძალის კულტი, ესაა ძლიერი და საშიში დინება, რომელიც ნიადაგს აცლის ჯოს ჟენევიევასთან, შეყვარებულთან, ცხოვრებას. ესაა წამლეკავი ვნება, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს ჯოს, მკაცრსახიან, საცოლისთვის უცნობ კაცად აქცევს, მათ სიყვარულზე ძლიერია. კრივი უდიადესია ჯოსთვის, თუმცა ჟენევიევას გამოჩენის შემდეგ ამჩნევს კონფლიქტს ქალსა და კარიერას შორის, ანუ მის წინაშე ხშირად ისმება კირკეგორისეული „ან-ან“ დილემა, – „ერთიც მოუხმობდა, მეორეც და მაინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ასე იხლიჩებოდა ჯო მათ შორის და უმწეოდ მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას“ (9). ჟენევიევა ამჩნევდა ჯოს მოსაზრებათა სისწორეს, მაგრამ, როგორც ამბობს მწერალი, მათში სახარბიელოს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ ინსტინქტურად (იქნებ ეს მისი წინასწარმეტყველური წინათგრძნობაა?!) უმხედრდება თამაშს, რომელიც უბოდიშოდ, უცნაურ მეტოქესავით აშორებს ჯოს. ქალიშვილიც ებრძვის ამ უცნაურ „მტერს“, რომლისაც არა გაეგება რა, ამიტომ შიშის ზარს სცემს კრივი. ჯო კი ნატრობს, ჟენევიევამ ერთხელ მაინც ნახოს მისი რინგზე გამოსვლა. ქალიც ჯერ ზიზღით იბრუნებს სახეს, თუმცა ბოლოს თანხმდება, რადგან ჯო შეჰპირდება, რომ ეს მისი ბოლო თამაში იქნება.

ეს ორი ადამიანი, შეყვარებულები, „მუშათა კლასის წრიდან გამოსული არისტოკრატები“, საკუთარი ღირსების შეგრძნებით არიან, გარშემო გამეფებულ უწმინდურობასა და სიდუხჭირეშიც კი მშვენიერისა და დახვეწილისკენ ისწრაფვიან. გარემოსთან, რეალობასთან ერთგვარი აცდენა ამ გულღია ადამიანებს განმარტოებით, კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ უბიძგებს. მათი ზნეობრივი წესრიგი ღირებულებების პრიორიტეტს მოიაზრებს უთუოდ…

ჯო არაა სხვისთვის ტკივილის მიყენების მოსურნე ოდნავადაც კი, თუმცა თამაშის ვნებას აუტანია. მისი გარეგნობა, პორტრეტი ამაზე მეტყველებს: „ჯო თავის კუთხეს დაუბრუნდა. ახლა ის მოკრივეს სრულებით არ ჰგავდა. რა უწყინარი თვალები ჰქონდა! არც მასში და არც მის სახეში მხეცური არაფერი გამოკრთოდა, არცერთი ნაპერწკალი. სხეულიც ნაზი ჰქონდა, მშვენებასა და სინატიფეს ხომ ნუ იტყვით! ბავშვური, ჭკვიანური და კეთილი სახე. ჟენევიევა გამოუცდელი იყო; ვერ ხვდებოდა, რა იმალებოდა ჯოს გულის სიღრმეში, ფართო ნესტოებში, ხავერდოვანი კანით დაფარულ კუნთებში, ჯანსაღ ფილტვებში, ვერ ხედავდა ენერგიის, ნგრევისთვის შექმნილი ენერგიის სამალავებს! ჟენევიევასთვის ჯო დრეზდენულ ფაიფურს მიაგავდა, რომელიც ფრთხილად უნდა გადადიოდეს ხელიდან ხელში, რათა პირველი უხეში შეხებისთანავე ნამსხვრევებად არ იქცეს“ (42-43). ჯოს თამაშის ვნება თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სისხლის წყურვილში, აი, ისეთში, ესპანურ კორიდაზე რომ აქვს ეგზალტირებულ, ბრბოდ ნაქცევ ადამიანთა სიმრავლეს. ჯეკ ლონდონთანაც არის ეს „დაბნელების“ მომენტი აღწერილი: „სისხლმოწყურებული ხალხი თავგამეტებით ყვიროდა, ჟენევიევამ წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა მგლების ყმუილი“ (65).

დიახ, ჯოს თამაშის ვნება საბედისწეროა. იგი რინგზე სასიკვდილოდ ზიანდება და გარდაიცვლება იმ დღეს, როცა ქორწინება აქვს დაგეგმილი. „ასე მოეღო ბოლოს ყველაფერს: ხალიჩებს, ავეჯეულობას, პატარა დაქირავებულ ბინას, პაემანსა და მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სეირნობას, თავდავიწყებით მომხიბლაობას, მათ სიყვარულს. ყველაფერი გაანადგურა საზარელმა თამაშმა, რომელსაც ვერაფერი გაუგო ჟენევიევამ“ (71) – აქ თამაშის ის გაგებაა, ზოგადად, ქრისტიანობა რომ ცოდვად თვლის. ასეთი თამაში თუ ვნება, რომელიც შენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ემუქრება „გადაწონით“, ეშმაკის ფსონებითაა, ანუ მასთან, ბედისწერასთან თამაშია, რაც, ხშირ შემთხვევაში, სასიკვდილოა და არა მარტო ფიზიკურად…

ფართოდ გახელილ თვალებში როცა „ცა“ არ ირეკლება, ისინი მკვდარია, სამწუხაროდ.
ცხოვრებაც იმიტომ გვეძლევა, რომ მასში ყველაზე მნიშვნელოვანი გვაპოვნინოს, რომელთან „ან-ან“ არჩევანი დამღუპველია…

მაია იანტბელიძე

ციტატები წიგნებიდან: ფილოსოფიური კრებული „ლარი“, გამომცემლობა „ხელოვნება“,1991 წელი; ჯეკ ლონდონი „თამაში“, გამომცემლობა „თბილისი“, 2020

გზავნილი ბავშვებისთვის – მჯერა შენი, გენდობი და საუკეთესო მოლოდინი მაქვს შენგან

0

დანიელ პენაკი თავის წიგნში „სკოლის სევდა“ ეპილოგში წერს, თუ როგორ უყურებს მისი თითქმის ასი წლის დედა ფილმს კაცზე, რომელსაც მშვენივრად იცნობს. ეს კაცი თავად დანიელ პენაკია, მწერალი, პარიზში, საკუთარ სახლში, ბიბლიოთეკაში, უამრავი წიგნით გარშემორტყმული. დედა თითქმის მთელი დღის განმავლობაში უყურებს ფილმს საკუთარ შვილზე და ფილმის დასასრულ, ავტორის ძმას, ბერნარს ეკითხება: „შენ ფიქრობ, რომ ამ კაცს როდისმე რამე ეშველება?“.

პენაკი აგრძელებს: „საქმე ისაა, რომ სკოლაში ცუდად ვსწავლობდი და ეს ამბავი დედაჩემს დღემდე აქვს გამოყოლილი. ახლა, როცა მისი გადაბერებული გონება სულ უფრო და უფრო ხშირად ტოვებს აწმყოს ნაპირებს და შორეული არქიპელაგებისკენ გადაადგილდება, გზად შემხვედრი პირველივე რიფები იმ ტკივილსა და სადარდებელს ახსენებს, სკოლაში ჩემი სიარულის პერიოდში ასე რომ გაუშრო სისხლი“, – წერს დანიელ პენაკი დედაზე, რომელსაც მისი თქმით, შვილის მომავალი იმდენად ბუნდოვანი და უიმედო ეჩვენებოდა, რომ მის აწმყოშიც ვერ არის ბოლომდე დარწმუნებული.

„ბოლომდე დედაჩემის დაწყნარება-დაშოშმინება არაფერს შეეძლო: არც ჩემი პროფესიული ცხოვრების სტაბილურობას და არც ლიტერატურული მოღვაწეობის საქვეყნოდ აღიარებას. ვერც სხვების მონაყოლი ჰგვრიდა შვებას და ვერც ის, რასაც თავად კითხულობდა პრესაში. ცხადია, ჩემი წარმატებები ახარებდა, მსჯელობდა მათზე მეგობრებთან და საკუთარ აზრებსაც უხვად აფრქვევდა. იმასაც აღიარებდა, საწყალი მამამისი ამ ყველაფერს რომ მოსწრებოდა, მასზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად მეორე არ იქნებოდა. მაგრამ… მაგრამ მის გულში, სადაც იშვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი იმ უქნარამ და დოყლაპიამ, მოკლედ, იმ ოროსანმა, რომელიც ოდესღაც მე ვიყავი, მაინც ღრმად გაედგა ფესვები შფოთვას. ეს თავისებურად მისი სიყვარულის გამოხატულება იყო.

ბავშვებს უფროსებისგან (მშობლებისგან, მასწავლებლებისგან) სჭირდებათ დასტური და აღიარება იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი შესაძლებლობების დანახვა და გულწრფელი რწმენა, რომ ისინი ცხოვრებაში ყველაფერს შეძლებენ; რომ საკმარისად კარგები არიან და ჩვენ მათ ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯსა და მცდელობას ვუფასებთ. ჩვენი რწმენები მათ მიმართ არის ძლიერი საყრდენი, რომელზეც მალე თავადაც დააშენებენ საკუთარ ცხოვრებას, გაბედულად და საკუთარი თავის რწმენით. მაგრამ, რა მოხდება, თუ ჩვენ არ ვირწმუნებთ მათ ძალებს, ეჭვი შეგვეპარება მათ სიძლიერეში და მცდელობებსაც არ დავუფასებთ? თუ ჩვენ განუწყვეტლივ ვიშფოთებთ მათ შესაძლებლობებზე და ეჭვის თვალით დავუწყებთ ყურებას?! თუ ისინი ვერასდროს გახდებიან საკმარისად კარგები ჩვენთვის?!…

წარმოიდგინეთ, სულ პატარა, თვეების ბავშვი, ჩვენგან დაიმედებული, შექებული, როგორ ცდილობს, ისწავლოს ხოხვა და მისწვდეს სასურველ სათამაშოს. თანდათან ის მიხვდება, რომ თავისი სურვილის ასასრულებლად ფეხები უნდა დაიხმაროს, ხელებს მყარად დაეყრდნოს, მუცელი ასწიოს, გაცოცდეს და სათამაშოსაც მისწვდეს. პატარას წარმატების გამოცდილება უკვე აქვს, იცის, რომ ახლა შეუძლია წამოდგეს, უფროსები ცოტას ისევ შევაქებთ, ისევ მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკუთარ ძალებსა და კუნთებს დაეყრდნოს და ნელ-ნელა წამოდგომა შეძლოს. გავამხნევებთ და ისიც წამოდგება. შემდეგ ნელ-ნელა სიარულს შეეცდება. „ყოჩაღ, ყოჩაღ!“ – ისევ გავამხნევებთ, ისევ მოგვწონს, როცა ვხედავთ, როგორ გულწრფელად და თან, საფუძვლიანადაც სჯერა ჩვენი გამხნევების, როგორ იწყებს ძალების მოსინჯვას, ახალი გამოცდილების მიღებას და ვხედავთ, უკვე გამართულად დადის.

განვითარების ყველა ეს ეტაპი, ყველა ეს წინსვლა და მცდელობები საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოკვლევის, იმის შედეგია, რომ უფროსებმა ბავშვს შეუქმნეს ისეთი გარემო, რომელიც შემწყნარებლური იყო შეცდომების, წაქცევის, წამოდგომის, მიმართ. ამასთან ერთად გავუჩინეთ იმის განცდაც, რომ ყველაფერი გამოუვა და არ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა უიღბლო პერიოდები. ახლა უკვე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიარაღებული, უფრო მეტად თვითდაჯერებული და ჩვენით დაიმედებული, მეტად გაბედულია, იკვლიოს გარემო და საკუთარი შესაძლებლობები, გამოხატოს საკუთარი თავი, ჰქონდეს მცდელობები, რადგან იცის, რომ არსებობს თვითგამოხატვისთვის უსაფრთხო სივრცე.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მშობლების საუკეთესო მოლოდინები განაპირობებს ბავშვის აკადემიურ წინსვლასაც. არსებობს კვლევები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დადებით გავლენას ახდენს მშობელთა მაღალი მოლოდინები შვილების აკადემიურ მიღწევებზე და პირიქით, მშობლებს, რომელსაც არ სწამთ საკუთარი შვილების, როგორ აზიანებს ეს დამოკიდებულება მათი შვილების ცხოვრებას. მჯერა ჩვენს საუკეთესო მოლოდინებს, საუკეთესო წარმოდგენებსა და იმედებს შეუძლია, შეცვალოს ჩვენი შვილების ქცევა, წაახალისოს ისინი და მოტივაცია დაუბრუნოს, ამიტომ უკმაყოფილო ტონით, შეცდომებზე მითითებით, აჯობებს ხშირად ვუთხრათ – „მჯერა შენი, გენდობი და საუკეთესო მოლოდინი მაქვს შენგან“.

ქალაქი, როგორც ტექსტი

0

 

2.წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის კათოლიკური ტაძარი

ადგილი ბევრნაირია: არის ბავშვობის ადგილები, სადაც გვითამაშია, გვირბენია და რომლებსაც ღიმილიანი სევდით ვიხსენებთ; არის ადგილები, რომლებიც, უბრალოდ, გვიყვარს – იქ თავს კარგად ვგრძნობთ; არის კიდევ მშობლიური ადგილები, რომლებიც სულ ჩვენი იქნება, რაც უნდა მოხდეს; და არის, აგრეთვე, ადგილები, რომლებთანაც რაღაც მისტიკური გვაკავშირებს. ერთი ეგეთი ადგილი მეც მეგულება, ოღონდ არ ვიცი, როგორ შევძლებ, იმის მოყოლას, რაც იქ გადამხდა – ეს ამბავი ხომ ჯოჯოხეთიდან ამოსვლის ამბავია, ასეთი რამ კი ყოველდღე როდი შეგემთხვევა ადამიანს.

მოდი, ჯერ ჯოჯოხეთისას გეტყვით.

იცით, რა არის რუმინაცია?

თუ არ იცით, გისურვებთ, არასდროს გაგეგოთ და გამოგეცადოთ. ესაა ცეცხლი შენში, რომელიც შიგნიდან გწვავს და გჭამს; ცეცხლი, რომელსაც არც სითბო აქვს და არც სინათლე. ეს ბნელი ცეცხლია.

თავიდან მეგონა, ვბრაზობ-მეთქი, ვბრაზობ და გამივლის. მაგრამ გავიდა ერთი თვე, ორი, მესამე დაიწყო და მე კი ისევ ბრაზში ვიხრჩობოდი.

შემეშინდა, მაგრამ შიში გაქრა, როგორც კი შევიტყვე, რომ რაც მემართება, თურმე სრულიად ნორმალურია. ეს კი ასე მოხდა:

აღარ მახსოვს, ნარცისებზე რატომ მოვიძიე ინფორმაცია ან როგორ მივხვდი, რომ ნარცისული ძალადობა (Narcissistic Abuse) გადამხდა. თქვენ, ალბათ, არც ის იცით, ეგ რა არის. ბუნებრივიცაა – ჩვენ ხომ ჯერ იმის მტკიცება გვიხდება, ქალების უმოწყალო ხოცვა რომ ძალადობაა და ძალადობის ასეთ ნატიფ ფორმებზე მსჯელობისაგან შორსა ვართ. კი, ძალადობა შეიძლება იყოს ნატიფი, ის გამაოგნებლად, საზარლად მშვენიერი შეიძლება იყოს, იმდენად მშვენიერი, რომ წლობით ჩარჩე მასში და უფრო და უფრო ღრმად ჩაეფლო. მე ღმერთმა გადამარჩინა – ჩემი ურთიერთობა ნარცისთან ერთ წელსაც არ გაგრძელებულა.

ჰოდა, ერთი სიტყვით, ძვირფას მეგობართან, რომელიც იმ ნარცისსაც იცნობს, ბევრი საუბრის, ბევრი ძიების შემდეგ გავაცნობიერე, რაც მოხდა ჩემს თავს. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ ბრაზის შემოტევებს, მთელ დღეს რომ მაწამებს, რუმინაცია ჰქვია. ამ დროს იხსენებ ძალადობის მომენტებს, ყველა მის მანიპულაციას, სულელურ ჩხუბებს, განზრახ რომ გაგიმართავდა ხოლმე და ბრაზობ. ბრაზობ და ნანობ, რომ გაუჩუმდი; ნანობ, რომ ცხვირ-პირი არ ამოუნაყე; ნანობ, რომ ერთი გემრიელად არ გალანძღე. და ლანძღავ და ბრაზობ და ლანძღავ და კიდევ უფრო ბრაზობ და ასე – დაუსრულებლად. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამას ვერაფერს უხერხებ – მხოლოდ მოთმენა შეგიძლია, რადგან რუმინაცია – ესაა სისხლდენა ღია ჭრილობიდან, ჭრილობის მოშუშებას კი დრო სჭირდება.

ნარცისთან ურთიერთობას კიდევ ერთი უბედურება ახლავს – გიმსგავსებს. მე კი არ მინდოდა, ბრაზს გავებოროტებინე. არადა, ამის საშიშროებას ნამდვილად ვგრძნობდი.

13 თებერვალი იყო. წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის კათოლიკურ ტაძარში კლასიკური მუსიკის კონცერტი იმართებოდა. არ მახსოვს, გზად რას ვფიქრობდი. ალბათ, ისევ ბრაზი მახრჩობდა. მახსოვს, რომ საღამოს ბინდიდან ყვითელმა ტაძარმა უცნაურად ამოანათა. და როგორც მაშინ, სულ პირველად რომ გადავაწყდი ამ ეკლესიას „ფაბრიკიდან“ მომავალი, ახლაც წავიკითხე კედელზე გაკრული წარწერა: „წმინდა წირვა“. მის ქვეშ განრიგი იყო წვრილი შრიფტით, ვეღარ გავარჩიე. მარჯვენა მხარეს მაცხოვრის გამოსახულებას შევხედე, თეთრ სამოსში რომ იდგა, ხელი კი გულთან მიეტანა, რომლიდანაც თეთრი და წითელი სინათლე იღვრებოდა.

კიბეზე ავედი და შევედი ტაძარში, მაგრამ არა როგორც ტაძარში – მე იქ ბეცი მართლმადიდებლის ქედმაღლობით შევედი, რწმენით, რომ ეს არაა ჩემი ტაძარი, შესაბამისად, არც ღვთის ტაძარია (ჩემი-მეთქი, ვამბობ და სიმწრით მეცინება ჩემს მაშინდელ დამოკიდებულებაზე – არასდროს ყოფილა მართლმადიდებლური ეკლესია „ჩემი“, მე არასდროს ვყოფილვარ მისი ნამდვილი წევრი, აღმსარებელი და მაზიარებელი, მარხვის შემნახავი და მოძღვრისგან კურთხევის ამღები მრევლის ნაწილი).

ისე შევედი, პირჯვარიც კი არ გადავიწერე.

ისე შევედი, როგორც მთვრალი კაცი – უბნის მაღაზიაში ლუდის საყიდლად, ქვეყანა რომ თავისი ჰგონია და გამყიდველ გოგოს შენობით ელაპარაკება.

შევედი და პირველ რიგში დავჯექი. დავჯექი და ეგრევე ვიგრძენი, რომ სახლში ვარ – ორგანისტი ვანო სარაჯიშვილი კლავესინს აწყობდა. პატარა კლავესინი იყო, ილიაუნიში რომ მინახავს და თანხლება გაუწევია ჩემთვის, ისეთი. ინსტრუმენტების აწყობის ხმაზე უფრო კი არაფერი მემშობლიურება. საორკესტრო კონცერტების დროსაც ყველაზე მეტად ეგ ნაწილი მიყვარს, კონცერტის წინა, აწყობის. ყველა ნოტი ვიცი, რომელიც ამ დროს უნებურად ჟღერს, ყველა გადაცდომას ვგრძნობ ყურით, ყველა მეოთხედ- თუ მერვედტონიან ცდომილებას სწორი, სუფთა ნოტიდან.

ციოდა ტაძარში, ძველი შენობის სიცივე იდგა, მაგრამ კლავესინის წკრიალა ხმა მათბობდა. ასეთი საკრავია კლავესინი, ადამიანივითაა – ყოველი დაკვრის წინ უნდა აწყობა, როგორც ვიოლინოს და ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებაზე თავადაც იცვლება – იშლება და წარამარა უნდა აწყო და აწყო.

ვიჯექი, ვუსმენდი და ტაძარს ვათვალიერებდი.

გინახავთ ეს ტაძარი? საბჭოთა პერიოდში ერთადერთი კათოლიკური ტაძარი იყო, რომელიც არ დახურულა, ისე კი მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული. სიმწვანეა. ასე გგონია, კედლებიდან ბალახი აბიბინდება, გაიზრდება, მრავალ ყლორტს გამოიღებს, აკვირტდება და აყვავდება. ასე გგონია, მწვანე კედლებიდან გამოსული ყვავილები გაზაფხულის სურნელს გააფრქვევენ, თებერვლის სიცივეს გატეხენ.

ქვის თეთრი ტრაპეზიც მწვანით შემოსილა. მუქი მწვანეა საკურთხევლის გუმბათიც. გუმბათის ცენტრში მაცხოვრის თავია, მწუხარედ მარჯვნივ გადახრილი, წარწერით: „Ecce Homo“. ვუყურებ და თვალწინ ხატი მიდგება, სოფელში, ბებიასთან რომ გვაქვს. პატარა ხატია, ზუსტად ასეთი: ქრისტეს თავი მარჯვნივ დაუხრია, ეკლის გვირგვინი ადგას და თვალები კი დახუჭული აქვს, თითქოს ამდენ ბოროტებას ვეღარ უყურებსო…

კონცერტი ბახის საორგანო ტოკატითა და ფუგით (რე მინორი) დაიწყო.

პირველად მოვისმინე ტაძრისთვის დაწერილი მუსიკა ტაძარში. ორგანის მძლავრი ხმა, მისი ძველი კლავიშების ოდნავი ქშენა ბგერებს შორის – თავი იმ ხალხის ადგილას წარმოვიდგინე, ბახის ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ. ყოველკვირა ამ მუსიკას ისმენდნენ, წარმოგიდგენიათ? ამას!

იცით, რომელია ტოკატა და ფუგა რე მინორი? რა თქმა უნდა, იცით. უცნობილესი ნაწარმოებია.

მეც მეგონა, რომ ვიცოდი. მეგონა, ყურში მიტრიალებს სულ და რაღამ უნდა გამაკვირვოს-მეთქი.

არ მცოდნია. სულ სხვა მუსიკა ყოფილა.

მერე იყო კიდევ ერთი ქორალური პრელუდია, ჩემი საყვარელი – „Zion hört die Wächter singen“, მხოლოდ ორგანზე შესრულებული. ტექსტის პატარა ნაწყვეტს გაჩვენებთ:

„Zion hört die Wächter singen

Das Herz tut ihr vor Freuden springen,

Sie wachet und steht eilend auf.“[1]

რა ვიცი, მე მგონი, მაშინ მოხდა, მაშინ დამემართა ეს – გ ა მ ო ვ ი ღ ვ ი ძ ე. მერე კი იყო ჰენდელის კონცერტი რე მინორი და ბახის სონატა სოლ მინორი, რომლებიც ვანო სარაჯიშვილმა ფლეიტისტ ანდრეას ბუნინთან, მევიოლინე ვასკო კანასტრასა და ჩელისტ ალექსეი სოლონოვიჩთან ერთად შეასრულა, მაგრამ, მგონი, ამ ნაწარმოებების მოსმენისას უკვე სხვა ვიყავი.

კონცერტის დასასრულ გუნდმა იმღერა. ბოლოს მღვდელი გამოვიდა და თქვა, ჩვენ უბრალოდ ასე კი არ მოგვიწყვია ეს კონცერტი, საერთოდ, სულ ვცდილობთ, რაიმე მნიშვნელოვან ლიტურგიკულ პერიოდს დავამთხვიოთო. და აი, ხვალ დიდმარხვა იწყებაო.

დაამატა:

  • იმედი მაქვს, ეს მუსიკა დაგეხმარებათ, რომ გაიზარდოთ სულიერად, გაიზარდოთ სიყვარულში.

გამოვედი.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ღვთისმსახურებაზე ვიყავი – დიდი სიმშვიდე. უცებ იმასაც მივხვდი, რა უნდა მექნა, ამ ჩემი ტანჯვის დასასრულებლად.

ჰოდა, გადავწყვიტე. მე კი, თუ რამეს გადავწყვეტ, აუცილებლად ვასრულებ – ხასიათი მაქვს ეგეთი.

შინ მივედი და პაპის სადიდმარხვო ქადაგებას გადავაწყდი. წერდა, იმარხულეთ სიძულვილისაგან და შეიყვარეთო. იმარხულეთ ბოროტებისაგან და სიკეთე ქმენითო.

მერე როგორ მოვიქეცი, იცით? ეჰ, სიცილადაც არ გეყოფათ – ფეისბუქზე ბლოკი ავხსენი. ვიცოდი, რომ მისი სახელისა და კომენტარის ყოველი დანახვა საშინელ შიშში ჩამაგდებდა (ფსიქოლოგები რომ შფოთვას ეძახიან, აი, იმაში) და ცუდად გამხდიდა, მაგრამ მე გადავწყვიტე.

პირველად ვიმარხულე ჩემს სიცოცხლეში.

ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს ა გ ა ნ.

როგორც ბახის მუსიკის მთელი სირთულე ვიგრძენი პირველად, ისე ვიგრძენი, რა რთული რამე ყოფილა პატიება; მაგრამ ყველაზე დიდი თავისუფლებაც სწორედ იმას მოაქვს, რაც რთული შესასრულებელია.

***

წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ახლა, ზაფხულშიც, იყო კონცერტი. გამოსვლისას მე და ერთი ბიჭი დავდექით გასასვლელთან, ორივემ პირჯვარი გადავიწერეთ. მერე მე ქედი მოვიდრიკე, როგორც ბიზანტიური წესია, მან კი დასავლური წესისამებრ მარჯვენა მუხლი მოიყარა. ორივემ პატივი მივაგეთ აბსოლუტურ სიყვარულს, რომელიც ჩვენ წინ, ტაბერნაკულუმში, ერთ პაწია პურის ნაჭერში მოქცეულიყო…[2]

 

 

[1] „სიონს მოესმის მცველების სიმღერა,

გული სიხარულით შეუხტება,

იღვიძებს და საჩქაროდ დგება“.

[2] ტაბერნაკულუმი – ასე ჰქვია სანაწილეს, რომელშიც ინახება ქრისტეს სისხლი და ხორცი. კათოლიკურ ტაძარში შესვლისას სწორედ ქრისტეს მყოფობის ამ ხილული ნიშნის წინ იდრეკენ მუხლს. მუხლის მოყრა შუა საუკუნეების რაინდული ჩვეულებაა და მოწიწებას, სიყვარულსა და მუდამ უფლის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ამისგან განსხვავებით, მუხლდრეკა ყოველთვის სინანულის გამომხატველია ბიზანტიურ ტრადიციაში (თავად მუხლდრეკის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა „მეტანია“ „სინანულს“ ნიშნავს). ამიტომ ტაძარში შესვლილსას მიღებულია ქედის მოხრა მოწიწების ნიშნად, მაგრამ არა – მუხლმოყრა.

ზღვის ბალახი

0

უზარმაზარი სასტუმროს აივანზე ვზივარ და ვსაუზმობ. სასტუმრო კი დიდია, მაგრამ თავად სასაუზმე სივრცე ერთი ბეწო გაუკეთებიათ, ამიტომ დახუთული და სავსე დარბაზიდან გარეთ გამოვედი და ვცდილობ ზღვიდან მომავალი ჰაერი ღრმად შევისუნთქო. აივნის მოაჯირზე თოლია ჩამომიჯდა საქმიანად. იმხელაა, არც კი ვიცი, მართლა თოლიაა, თუ „ქარიშხალასებრთა“ ოჯახიდან (ამათ სახეობებში მთლად კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცები გამიგია).

სანამ აქ, ამ „ჩიტუნასთან“ ერთად მოვხვდებოდი, დიდი გზა გამოვიარე. ასეთ დროს სულ „ჯარისკაცის მამა“ მახსენდება და მის მსგავსად ვიწყებ საუბარს: „ვიარე, ვიარე, მანქანით ვიარე, მერე ფეხით ვიარე…“.

სინამდვილეში, თბილისიდან ჯერ სტამბულში ჩამოვედი, აქედან კი ზღვისპირა ვარნაში. არ ვიცი, მფრინავმა ასე რატომ გადაწყვიტა, მაგრამ თბილისიდან ზღვის გასწვრივ ფრენის ნაცვლად, მთიანი თურქეთისკენ, აღრისკენ, არარატის მხარისკენ აიღო გეზი. იქ კი ისეთი ქარები იყო, რომ ასეთი ნჯღრევა-რყევით მე ჯერ არ მიფრენია.

ვარნაში ახალი პროექტის ფარგლებში ჩამოვედი. შავი ზღვის წყლების ქიმიური მონიტორინგი და მისი გავლენა უნდა გამოვიკვლიოთ ე.წ. „ზღვის ბალახის“ ზრდაზე.

წარმოიდგინეთ, მწვანე მოხასხასე ბალახის ხალიჩა, ოღონდ… ზღვის ფსკერზე. ეს არ უნდა ავურიოთ ე.წ. „ცუდ“ წყალმცენარეებში. ეს უკანასკნელნი დიდი რაოდენობით ბენთოსურ მასალას იკრებენ გარშემო, წყლის ზედაპირზე მცირე ზომის წყალმცენარეების (Algae) ზრდას უწყობენ ხელს. სწორედ ეს უკანასკნელნი წარმოქმნიან ე.წ. ცოცხალ ხალიჩას წყლის ზედაპირზე, რასაც წყლის ყვავილობას უწოდებენ და ლამაზი სანახავია, მაგრამ იმის მაუწყებელიც არის, რომ ასეთი წყალი დაჭაობებისკენ არის მიდრეკილი.

ზღვის ბალახი, კი პირიქით წყალს აჯანსაღებს. შთანთქავს ნახშირორჟანგს, გოგირდწყალბადს და თავად ინტენსიური ფოტოსინთეზით ჟანგბადს აწარმოებს. ჩვენი ატმოსფეროს ჟანგბადის 70% სწორედ ზღვის ბალახის მიერ არის წარმოებული.

ქიმიური ანალიზი ზოგად სურათს იძლევა, რომლის სწორად გაშიფვრა უნდა შეგვეძლოს.

ძირითადი ანალიზები შემდეგია.

გახსნილი ჟანგბადის (DO) რაოდენობა – ჟანგბადი წყალში ჰაერთან შეხების შედეგად გადადის, ასევე წყალმცენარეების ფოტოსინთეზით გამოიყოფა. შესაბამისად, ამ მახასიათებლით ზღვის ბალახის ხარისხზე შეგვიძლია საუბარი. წყალში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა ასევე დამოკიდებულია ტემპერატურაზე, სიმღვრივის მაჩვენებელზე, მინერალიზაციაზე.

ელექტროგამტარობა – წყლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად ითვლება. დამოკიდებულია წყლის ტემპერატურასა და მინერალიზაციაზე. ზღვის წყალი ძლიერი და სუსტი ელექტროლიტების ნარევია. წყლის მინერალიზაციას ძირითადად განაპირობებს: Na+, K+, Ca2+, Cl, SO42-, HCO3–. სხვა იონები კი, მაგ. Fe3+ Fe2+, Mn2+, Al3+, NO3–, HPO4–, H2PO4– ელექტროგამტარობაზე დიდ ზეგავლენას არ ახდენენ. 

TDS ანუ, მთლიანად გახსნილი ნაწილაკები დამატებით ინფორმაციას გვაძლევს წყლის გამჭვირვალობაზე.

კიდევ ერთი გასაზომი მაჩვენებელი რედოქს პოტენციალია. მეორენაირად, მას ჟანგვა-აღდგენით პოტენციალსაც უწოდებენ. აღინიშნება Eh სიმბოლოთი, განზომილება (mV) და pH, ტემპერატურასა და მარილიანობასთან ერთად წყლის სტაბილურ მდგომარეობას ახასიათებს. ტბებსა და ზედაპირულ წყლებში მაჩვენებელი მერყეობს -0,5 დან +0.7, თუმცა ზღვის წყალში -0.6-ზე მეტი მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ასეთ დროს გოგირდის და გოგირდწყალბადის მომატებულ შემცველობაზე შეიძლება ვისაუბროთ. რედოქს მაჩვენებლით წყალი შეიძლება იყოს:

Eh >+(0,1-1,15 მეტი) – წყალში მჟანგავი გარემოა, მასში არის გახსნილი ჟანგბადი და Fe3+, Cu2+, Pb2+, Mo2+ იონები.

  • Eh -0,0-დან +0,1-მდე – გარდამავალი ჟანგვა-აღდგენითი გარემოა, არამდგრადი გეოქიმიური რეჟიმია, ჟანგბადის და გოგირდწყალბადის ცვლადი რაოდენობა, ასევე სხვადასხვა მეტალის სუსტი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები. მიუთითებს ასევე მიკროორგანიზმების და ეუთროფიკაციის პროცესის არსებობაზე.
  • Eh<0,0 -აღდგენითი გარემოა. წყალში გოგირდწყალბადის და Fe2+, Mn2+, Mo2+ მეტალების სავარაუდო არსებობაზე მიუთითებს.

ახლა თავად ზღვის ბალახს დავუბრუნდეთ. ზღვის ბალახის 60 სახეობა არსებობს და ისინი შემდეგ ოჯახებს მიეკუთვნებიან: Posidoniacea, Zosteracea, Hydrocharitaceae, Cymodoceaceae). თითოეულ მათგანს კიდევ ერთი საერთო თვისება ახასიათებთ, იოდით არიან მდიდარი.

ჰოდა, თუ მოახერხებთ და ცოტა ზღვის ბალახს მოიპოვებთ, იოდის გამოყოფას ლაბორატორიაში შეძლებთ.

დავიწყოთ.

სანამ საქმეს შევუდგებოდეთ ჩვენ მიერ მოპოვებული ზღვის ბალახი თუნუქის ქილაში უნდა დავწვათ. სჯობს ეს ამბავი ამწოვ კარადაში გავაკეთოთ. დაწვამდე ბალახი მაქსიმალურად გამოაშრეთ, რათა წვის პროცესში კალიუმის იოდიდი შევინარჩუნოთ. ზღვის ყველა ბალახი პოლისაქარიდ ფუკოიდანს შეიცავს და ამის გამო ნელა იწვება. საბოლოოდ კი შავი მასა – ზოლი დაგვრჩება. იოდი მათ შემადგენლობაში კალიუმის იოდიდის სახით გვხდება.

ზოგადად, იოდი ზღვის წყალში ნიადაგიდან შემოდის. ეს შესაძლოა ზღვის გეიზერების ან სულაც ვულკანის აქტივობამ განაპირობოს, ანდა ზღვის წყალმა რაიმე ქანები გამორეცხოს. ყველა წყაროს თანახმად, ზღვის წყალში კალიუმის იოდატი KClO3 გამოთავისუფლდება. ზღვის ბალახი კალიუმის იოდატს ცუდად ითვისებს, თუმცა ფაქტობრივად შეთვისება არც უწევს, მასში არის პლანქტონი, მიკროსკოპული ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ წყალში გამოყოფენ გოგირდშემცველ ამინომჟავა ცისტეინს. სწორედ ეს ცისტეინი ურთიერთქმედებს კალიუმის იოდატთან და გადაჰყავს კალიუმის იოდიდის ფორმაში.

KIO3+3(C3H6NO2)-SH=KI+3S+3(C3H6NO2)-OH

სწორედ, ამ იოდიდებს ითვისებს ბალახი.

ბალახის დაწვის შედეგად მიღებული შავი მასა გავხსნათ წყალში და ვადუღოთ. დუღილის პროცესი დაახლოებით ორ საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. შემდეგ ნარჩენი მასა გადავწუროთ და მიღებული სითხე გავფილტროთ. მიღებული ფილტრატიდან უნდა გამოვყოთ იოდი. ამიტომ, დავამატოთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა და წყალბადის პეროქსიდი. ენერგიულად მოვურიოთ და დაველოდოთ. ხსნარი ყვითლად შეიფერება. წარიმართება ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია:

2KI+H2SO4+H2O2=I2+K2SO4+2H2O

ანუ, გამოიყო იოდი თავისუფალი სახით. თუმცა, თუ კალიუმის იოდიდი ჭარბად გვექნება, ის შესაძლოა გამოყოფილ იოდთან შევიდეს რეაქციაში და საკმაოდ მდგრადი კომპლექსური ნაერთი მოგვცეს, რომელსაც მუქი ყავისფერი შეფერილობა ექნება. სწორედ ასეთი ფერი განვითარდება სარეაქციო არეში. მიღებული კომპლექსური ნაერთიდან იოდის გამოყოფა ბენზინის დამატებით არის შესაძლებელი. ანუ, თუ მიღებულ მუქ ყავისფერ სითხეს გადავასხამთ გამყოფ ძაბრში და დავამატებთ ბენზინის მცირე რაოდენობას, დავინახავთ, რომ ბენზინი წყალში არ გაიხსნება და სითხის თავზე მოექცევა. თუ გამყოფ ძაბრს კარგად შევანჯღრევთ, ბენზინის ფენაში მკვეთრი იისფერი განვითარდება, რომელიც თანდათან უფრო გამუქდება. ეს ნიშნავს, რომ იოდი გადავიდა მასში. შემდეგ ეს სითხე პეტრის ჯამში გადავასხათ და ბენზინის აორთქლებას დაველოდოთ. ერთი დღის შემდეგ სუფთა იოდი გვექნება.

მიღებული იოდი გავხსნათ სპირტწყალხსნარში (წყალი გამოხდილი უნდა იყოს) და დავუმატოთ მცირე რაოდენობის კალიუმის იოდიდი, რათა კვლავ მუქი ყავისფერი ხსნარი მივიღოთ (სხვათა შორის, აფთიაქში ნაყიდი იოდის ხსნარიც კალიუმის იოდიდს შეიცავს).

არადა, თავიდან მიღებულ ხსნარშიაც ხომ კალიუმის იოდიდისა და იოდის კომპლექსნაერთი იყო, რად გვინდოდა ბენზინით წვალება? უბრალოდ, ის თავდაპირველი ხსნარი სხვა მინარევებსაც შეიცავდა. ასე კი იოდის სუფთა ხსნარი მივიღეთ.

მიღებული ხსნარი შეგვიძლია სახამებელთან თვისებითი რეაქციით შევამოწმოთ. თუ დამახასიათებელი ლურჯი შეფერილობა განვითარდა, ნამდვილად იოდი გამოიყო.

ვარნადან ორი საათის სავალზე „ბულგარეთის მზიანი სანაპიროა“. ასე ჰქვია ადგილს, სადაც მხოლოდ ტურისტული კომპლექსებია და იქაურობა მართლაც მზის ნაკოცნ ნაპირს ჰგავს. ზემოთ პატარა კუნძულია, სადაც ძირითადი გზიდან ვიწრო ბილიკი ადის.

ბილიკს ავუყევი და კუნძულის სიღრმეში, ზემოთ პატარა სკვერში შევედი. ქვემოთ ზღვის ხედი იშლებოდა და ჩემკენ იოდიანი ჰაერი მოჰქონდა. მოშორებით თოლია ჩამომიჯდა. რა ვიცი, თოლია იყო? იმხელა ზომის შეიძლება „ქარიშხალას ოჯახიდანაც“ ყოფილიყო.

  • ქეთი ჰოჯამ (ქეთი მასწავლებელო) – ხელი ასე დაიკავეთ და სურათს ისე გადაგიღებთ, თითქოს ეგ თოლია ხელზე გიზით, არ გინდათ?

ჩვენი ჯგუფის თურქი პარტნიორი, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იელდა ჰოჯა წამომწეოდა და სურათის გადაღებას მთავაზობდა.

უცებ გამოვფხიზლდი.

  • მინდა, აბა არ მინდა? მოიცა, გავსწორდები, ხელს ასე დავიჭერ და ისე გადამიღე, თითქოს თოლია მიჭირავს.

რა უნდა ვიცოდეთ პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით

0

იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმართ ცნობადობის ამაღლების თვეა.  ლენტი კი ამ დაავადების სიმბოლო. ზოგადად, სხვადასხვა ორგანოს სიმსივნეს სხვადასხვა ფერის ლენტი შეესაბამება. ცნობადობის ამაღლების თვეებიც განსხვავებულია.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. შემთხვევათა 95%-ს პაპილომავირუსი იწვევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე ადგილზეა ქალების კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა შორის.

ბიოლოგიის მასწავლებლებს საშუალება აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის ბიოლოგიის სტანდარტის გათვალისწინებით დაგეგმონ გაკვეთილი, სასწავლო პროექტი, ან უბრალოდ სამიზნე ცნება ჯანმრთელობა და დაავადების დაფარვისას სხვადასხვა საკითხის სწავლების დროს მოსწავლეებში აამაღლოს ცნობადობა ამ დაავადების შესახებ, მით უფრო, რომ პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. ბიოლოგიაში მერვე კლასში განიხილება იმუნიტეტი, ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში ისწავლება ვირუსები, მეცხრე კლასში გადიან უჯრედის გაყოფის ფორმებს, მიტოზსა და მეიოზს, რომელიც მეათე კლასში კიდევ უფრო ღრმად განიხილება. შესაბამისად პაპილომა ვირუსსა და ვირუსით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბარი ასაკობრივადაც და პროგრამულადაც შეესაბამება მოსწავლის საჭიროებებს. ქვემოთ ძალიან ზოგადი ინფორმაციაა სიმსივნის, სიმსივნური უჯრედებისა და უჯრედული ციკლის მაკონტროლებელი მექანიზმის შესახებ. ტექსტი მეცხრე-მეათე კლასელების თავისებურებებზე მორგებულია, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში კლასის საათის ფარგლებში შეიძლება ეს თემა დამუშავდეს. მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნება ინფორმაცია, თუ სკოლის ექიმიც ისაუბრებს. იმ შემთხვევაში კი, თუ სკოლა ზრუნავს მშობელთა განათლებაზე, ძალიან ეფექტურია საკითხის განხილვა მოზარდების მშობლებთან, ასევე საინფორმაციო კამპანიების ჩატარება თუნდაც სკოლის თვითმმართველობის მიერ. ამით მოსწავლეებს ემპათიის უნარიც განუვითარდებათ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებიც უფრო საინტერესო გახდება მათთვის.

პირველ რიგში ისმის კითხვა: რა არის სიმსივნე?

უჯრედი გამოდის კონტროლის ზონიდან. ზოგადად, ის უსასრულოდ არ ცხოვრობს, აღწევს მდგომარეობას, როცა იყოფა მიტოზურად, ან კვდება აპოპტოზის (ეს არის უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი) გზით. სიმსივნური უჯრედები ჩვეულებრივი უჯრედებისგან განსხვავებით არ კვდებიან, უკონტროლოდ იყოფიან. სიმსივნის მრავალი გამომწვევი არსებობს, თუმცა ძირითადად უკავშირდება კანცეროგენებს, ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ დნმ-ს, პროტოონკოგენებში მომხდარი მუტაცია კი იწვევს უჯრედული ციკლის საკონტროლო მექანიზმის მოშლას. თუ საკვები საკმარისად აქვთ, სიმსივნური უჯრედები უსასრულოდ იყოფიან. ონკოლოგიური მიმართულებით განხორციელებულ კვლევებში უკვე მრავალი წელია იყენებენ ე.წ. HeLa უჯრედებს. უჯრედების შტამი აიღეს 1951 წელს, ქალისგან, რომელიც გარდაიცვალა საშვილოსნოს ყელის კიბოთი და მის უჯრედებს კი უკვდავი უჯრედები ეწოდება.

როგორ ვითარდება სიმსივნე?

კანცეროგენები იწვევენ დნმ-ის გარდაქმნას, ცვლილება ხდება იმ გენებში, რომლებიც აკონტროლებენ უჯრედულ ციკლს. ამ პროცესში ჩართულია პროტოონკოგენები, რომლებიც აინიციირებენ უჯრედების გაყოფას, და სიმსივნის სუპრესორი გენები, რომლებიც აჩერებენ გაყოფას. ეს გენები შეთანხმებულად მოქმედებენ ჩვეულებრივ შემთხვევაში, უჯრედის ციკლი გამართულად დაუბრკოლებლად მიდის და უჯრედები ნორმალურად იყოფა. სიმსივნის დროს კი პროტოონკოგენები გარდაიქმნება ონკოგენებად და იწყება უჯრედის უკონტროლო გამრავლება. როცა მუტაცია ხდება სიმსივნის სუპრესორ გენებში, ამ დროს აღარ ჩერდება უჯრედების გაყოფის პროცესი და უკონტროლო გაყოფას სიმსივნის ჩამოყალიბება მოსდევს.

როგორც ფოტოზე ჩანს, პროტოონკოგენის ონკოგენად გარდაქმნა აქსელერატორზე დაწოლას ჰგავს, სიმსივნის სუპრესორი გენის აქტივაცია კი – მუხრუჭზე. სიმსივნის განვითარების დროს კი ეს მუხრუჭები ბლოკირებულია.

როგორია სიმსივნური უჯრედები?

სიმსივნურ უჯრედებს ისეთი თვისებები აქვს, რაც მკვეთრად განასხვავებს ჩვეულებრივი უჯრედებისგან, მაგალითად, ქრომოსომების რაოდენობა უჩვეულოდ იმატებს, ბირთვის ზომა იზრდება, რასაც იწვევს მიტოზისა და ციტოკინეზის დაუსრულებლობა. ასევე შეუძლიათ ერთი ქსოვილიდან მეორეში გადასვლა და მეტასტაზების წარმოქმნა.

მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისას შეუძლია გამოიყენოს საპრეზენტაციო, საკითხავი და ვიდეო მასალები:

  1. მიტოზი და სიმსივნე;
  2. მიტოზი, სიმსივნე და ვაქცინა;
  3. დავალებები და ფოტოები;
  4. მასწავლებლის საკითხავი – რადიო თავისუფლება, ავტორი ნინო თარხნიშვილი;
  5. ვაქცინაციის მაჩვენებელი;
  6. პირადი ექიმი – მარი მალაზონია;
  7. ვაქცინაცია.

AI ჩატბოტები და კონცეპტუალური მეტაფორული „ბლენდინგი“

0

მეტაფორების ენა განსაკუთრებულია. მას შეუძლია გაგახედოს საგანთა და მოვლენათა სრულიად სხვა მხარეს. ამიტომ შემთხვევითი არ არის, როცა მეტაფორების ლექციაზე სტუდენტების განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობა ხოლმე. პერიოდულად მათ ვთავაზობ ისეთ სავარჯიშოებს, სადაც აუცილებელია განსხვავებულად ფიქრი და აზროვნება. მაგალითად, უნდა ილაპარაკონ ბუნების მოვლენების ენით, ისე რომ გამხდარიყვნენ „ადამიანი-წვიმა“, „ადამიანი-თოვა“, „ადამიანი-ნისლი“, „ადამიანი-ქარიშხალი“. ორივე კონცეპტი თანაბრად უნდა ყოფილიყო შერწყმული იმ ახალ „პიროვნებაში“. თავიდან ძალიან უჭირდათ, რადგან მეტაფორულ მეტყველებას და აღწერით მეტყველებას ურევდნენ ერთმანეთში. ეს ძალიან ჰგავდა ბავშვის ფეხის ადგმის პროცესს, ან პირველი სიტყვების წარმოთქმას…  მაგრამ ორი ლექციის შემდეგ მათ უკვე იცოდნენ: საიდან უნდა ელაპარაკათ და როგორ შეერწყათ ერთმანეთში ადამიანი-ნისლი, ადამიანი-ჩანჩქერი, ადამიანი-მცენარე და სხვა…

თუ კლასიკურად მეტაფორები განიხილება, როგორც გადატანა ერთი საგნის, მოვლენის რაიმე თვისებისა მეორეზე (ლომი ტარიელი მზე-თინათინი), ჩვენ უფრო შორს წავედით და ნიშანი და თვისება უბრალოდ კი არ გადაგვქონდა, არამედ ორ მოვლენას „ვურევდით“ ერთმანეთში და ვიღებდით მესამეს, რომელიც იყო „შერევის“ შედეგად სრულიად სხვა…  უფრო და უფრო გავართულეთ მეტაფორული წიაღსვლები და განსხვავებული იდეების შერევაც დავიწყეთ, სტუდენტებს ამის საფუძველზე ძალიან საინტერესო ბიზნეს-იდეებიც კი გაუჩნდათ…

ეს ამბავი კიდევ ერთხელ გამახსენდა, როდესაც მებიუსის ფირის მეტაფორაზე ვწერდი სტატიას. მებიუსი ხომ ერთზედაპირიანია და თუ ავიღებდით ორ საგანს ან მოვლენას და ამ ფირზე „გავუშვებდით“, ისინი, შესაბამისად, ცალ-ცალკე კი არ ივლიდნენ, არამედ შეერეოდნენ ერთმანეთს. იმავეს წერს ქართველი მკვლევარიც: „თუ მებიუსის ფირის ზედაპირზე ცალ-ცალკე წარმოვიდგენთ ლომს და ფარაონს, მაშინ, როცა ორი ზედაპირი ერთ ზედაპირად იქცევა, იოლი წარმოსადგენია სფინქსიც. იგივე ხდება ენაშიც, სადაც ერთმანეთს ერწყმის ბგერითი რეალობა და შინაარსობრივი კომპონენტები“. (მიხეილ გოგუაძე, ჟურნალი „პოლილოგი“, 1994 წელი).

შემოქმედებითი სწავლების დროს მეტაფორების  მეთოდს ხშირად მივმართავდი სხვა სპექტითაც:  ვთხოვდი სტუდენტებს, სრულიად დაუკავშირებელ ორ საგანს ან მოვლენას შორის აღმოეჩინათ 3 საერთო ნიშანი. თავიდან აქაც უჭირდათ, მაგრამ შემდეგ ეხსნებოდათ ფანტაზია.

როცა გენერაციული ჩატბოტებთან კომუნიკაციის შესწავლა დავიწყე, ეს სავარჯიშო გამახსენდა და გადავწყვიტე Chat-GPT და Claude.ai  შემემოწმებინა, რამდენად კრეატიულად ფიქრობდნენ და დავუსვი ასეთი კითხვა: გთხოვ, დამიწერო 5 საერთო მეტაფორული კავშირი  ზღვასა და კალამს შორის. და ნახეთ რა მიპასუხა Claude.ai – მ. მისი კრეატიულობა თქვენ შეაფასეთ:

„კარგი, მოდი განვიხილოთ  მეტაფორული კავშირები კალამსა და ზღვას შორის:

  1. სიღრმის გამომხატველები: კალამი სწვდება აზრების სიღრმეებს, ხოლო ზღვა – ოკეანის უფსკრულებს. ორივე საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ უჩინარ სამყაროებს – ერთი გონების, მეორე კი – წყალქვეშა სივრცის.
  2. ნაკადების შემქმნელები: კალმიდან მელანი მოედინება, ქმნის სიტყვების ნაკადს. ზღვაც ქმნის დინებებს, რომლებიც აყალიბებს ოკეანეების “ამბავს”. ორივე შემთხვევაში, ეს ნაკადები ატარებენ ინფორმაციას და ენერგიას.
  3. ჰორიზონტის გამფართოებლები: კალამი აფართოებს ცოდნისა და წარმოსახვის ჰორიზონტს, ხოლო ზღვა – ფიზიკურ ჰორიზონტს. ორივე გვიბიძგებს, გავცდეთ ნაცნობ საზღვრებს და აღმოვაჩინოთ ახალი სამყაროები.
  4. ცვალებადობის სიმბოლოები: კალმის ნაწერი შეიძლება წაიშალოს ან შეიცვალოს, ისევე როგორც ზღვა მუდმივად ცვლის სანაპიროს. ორივე გვახსენებს, რომ არაფერია მუდმივი და ყველაფერი ექვემდებარება ცვლილებას.
  5. შემოქმედების ინსტრუმენტები: კალამი ქმნის ლიტერატურულ სამყაროებს, ზღვა კი – ბიოლოგიურ ეკოსისტემებს. ორივე არის შემოქმედების წყარო, თუმცა სრულიად განსხვავებული გზებით.“

როგორც აღმოჩნდა, ჩვენმა ჩატბოტებმა მშვენივრად გაართვეს თავი ამოცანას. უფრო სიღრმისეულად ჩავეძიე და იმ მოვლენაზეც დამიწყო საუბარი, რომელიც ზემოთ აღვწერე: მეტაფორული შერევა, მის ენაზე „მეტაფორული ბლენდინგი“ დამისახელა კომუნიკაციის ერთ-ერთ საუკეთესო ენობრივ მოდელად. შეგიძლია მისცე ორი ან მეტი იდეა და ისე შეურევს და „დააბლენდერებს“, უამრავ კრეატიულ ახალ იდეას გაგიჩენს, მაგალითად, მე ვთხოვე, კვანტური ფიზიკისა და ცხოვრების მეტაფორული ბლენდინგი გაეკეთებინა და აი, ისიც:

კვანტური ცხოვრება: მეტაფორული ბლენდინგი

სუპერპოზიციის პრინციპი და ცხოვრებისეული არჩევანი

კვანტურ ფიზიკაში, სუპერპოზიციის პრინციპი გვეუბნება, რომ ნაწილაკი შეიძლება ერთდროულად იმყოფებოდეს რამდენიმე მდგომარეობაში, სანამ არ მოხდება მისი დაკვირვება.

ჩვენი ცხოვრებაც შეიძლება განვიხილოთ როგორც სუპერპოზიციაში მყოფი. ყოველ მომენტში ჩვენ ვართ პოტენციურად მრავალი შესაძლო მომავლის სუპერპოზიცია. მხოლოდ მაშინ, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას ( “ვაკვირდებით”), ეს სუპერპოზიცია იშლება და ვირჩევთ ერთ კონკრეტულ “მდგომარეობას”.

ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი და ცხოვრების არაპროგნოზირებადობა

ჰაიზენბერგის პრინციპის თანახმად, შეუძლებელია ერთდროულად ზუსტად განვსაზღვროთ ნაწილაკის პოზიცია და იმპულსი.

ცხოვრებაშიც, რაც უფრო ზუსტად ვგეგმავთ ჩვენს მომავალს (ვცდილობთ განვსაზღვროთ ჩვენი “პოზიცია”), მით უფრო ნაკლებად შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ, თუ რა მიმართულებით წაგვიყვანს ბედი (ჩვენი “იმპულსი”).

კვანტური გადახლართვა და ურთიერთობები

კვანტურ გადახლართვაში, ორი ნაწილაკი ისეა დაკავშირებული, რომ ერთის მდგომარეობის ცვლილება მყისიერად აისახება მეორეზე, მიუხედავად მათ შორის მანძილისა.

ადამიანური ურთიერთობებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც კვანტური გადახლართვა. ორი ადამიანი, რომლებიც ახლოს არიან ემოციურად, ერთმანეთზე ზემოქმედებენ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა.

კვანტური ტუნელირება და ცხოვრებისეული ბარიერების გადალახვა

კვანტურ ფიზიკაში, ნაწილაკს შეუძლია გაიაროს ბარიერი, რომელიც კლასიკური ფიზიკის თანახმად გადაულახავია.

ცხოვრებაშიც გვხვდება “შეუძლებელი” ბარიერები, რომელთა გადალახვაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია. თუმცა, ზოგჯერ ჩვენ ვახერხებთ ამ ბარიერების გადალახვას მოულოდნელი გზებით, რაც შეიძლება შევადაროთ კვანტურ ტუნელირებას.

შროდინგერის კატა და ცხოვრებისეული პარადოქსები

შროდინგერის კატის ცნობილი აზრობრივი ექსპერიმენტი გვიჩვენებს კვანტური სამყაროს პარადოქსულ ბუნებას, სადაც ობიექტი შეიძლება ერთდროულად იყოს ორ საპირისპირო მდგომარეობაში.

ცხოვრებაშიც გვხვდება სიტუაციები, სადაც ჩვენ ვიმყოფებით თითქოსდა ორ საპირისპირო მდგომარეობაში ერთდროულად – მაგალითად, როცა გვსურს ცვლილება, მაგრამ გვეშინია მისი; ან როცა გვიყვარს ვიღაც, მაგრამ ამავდროულად გვძულს.

დასკვნა

კვანტური ფიზიკისა და ცხოვრების ეს მეტაფორული ბლენდინგი გვიჩვენებს, რომ მიკროსამყაროს უცნაური და პარადოქსული ბუნება ხშირად ასახავს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კომპლექსურობასა და არაპროგნოზირებადობას. ეს ბლენდინგი გვეხმარება, ახლებურად შევხედოთ ჩვენს გამოცდილებებს და ვიპოვოთ ახალი პერსპექტივები ცხოვრებისეული გამოწვევების გასააზრებლად.

ეს მოვლენა გახლავთ კონცეპტუალური მეტაფორული ბლენდინგი, რომელიც არის  უნიკალური კოგნიტიური პროცესი, რომელიც ეფუძნება განსხვავებული იდეების, ცნებების ან სიმბოლოების კომბინაციას, რათა შეიქმნას ახალი და ინოვაციური გაგება/შინაარსები. ეს მეთოდი ეხმარება ადამიანს გააერთიანოს ცნებები სხვადასხვა სფეროდან და შექმნას მეტაფორული კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს შემოქმედებით აზროვნებას და ახლებური მიდგომების განვითარებას.

კონცეპტუალური ბლენდინგის (Conceptual Blending) იდეა, ასევე ცნობილია როგორც მენტალური ბლენდინგი, შექმნეს ჟილ ფოკონიმ (Gilles Fauconnier) და ლინგვისტმა მარკ ტერნერმა (Mark Turner) 1990-იან წლებში.  მათ ეს თეორია საფუძვლად დაუდეს კოგნიტიურ მეცნიერებებსა და ლინგვისტიკას, რათა აეხსნათ, როგორ აერთიანებს ადამიანის ტვინი სხვადასხვა ცნებებსა და იდეებს, რომ შექმნას ახალი გაგებები, მეტაფორები და ინოვაციური იდეები.

ამ ორი ავტორის ყველაზე ცნობილი ნაშრომი, რომელშიც ეს თეორია ფართოდ არის განმარტებული და განხილული, არის „The Way We Think: Conceptual Blending and the Mind’s Hidden Complexities“(2002). ამ წიგნში ისინი განიხილავენ, თუ როგორ ხდება სხვადასხვა იდეის ან ცნების კოგნიტიური შერწყმა (ბლენდინგი) და როგორ ეხმარება ეს პროცესები ადამიანებს რთული საკითხების გაგებაში და ახალი იდეების გენერირებაში.

ფოკონი და ტერნერი ასაბუთებენ, რომ ჩვენი ტვინი მუდმივად ახდენს სხვადასხვა სფეროდან აღებული ცნებების შერწყმას, რათა შექმნას ახალი მნიშვნელობები ან მეტაფორები, რომლებიც აუცილებელია  აზროვნებისა და ენის განვითარებისთვის. ეს პროცესი შესაძლოა იყოს  შეუმჩნეველი, მაგრამ ის მუდმივად მიმდინარეობს ჩვენს კოგნიტიურ აქტივობებში — სწავლაში, ლინგვისტიკაში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში.

მეტაფორული ბლენდინგის თეორია დროთა განმავლობაში განვითარდა და ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ლინგვისტიკაში, არამედ ხელოვნურ ინტელექტში, მეცნიერებასა და კრეატიულ საქმიანობებში, რადგან ის აღწერს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის ინოვაციური გაერთიანება ახალი იდეების გენერაციისთვის.

ხელოვნურ ინტელექტში (AI), მეტაფორული ბლენდინგი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით მანქანას შეუძლია გააერთიანოს მონაცემები სხვადასხვა წყაროდან, მოახდინოს ახალი იდეების გენერაცია და შეიმუშაოს კრეატიული გადაწყვეტილებები. მაგალითად, AI-ს შეუძლია ტექსტური ან ვიზუალური კონტენტის ანალიზი, რათა ერთმანეთს შეუხამოს განსხვავებული კონცეფციები და შექმნას ახალი მიგნებები, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.

AI-ის მეტაფორული ბლენდინგისას იყენებს სხვადასხვა მონაცემთა წყაროებს ან ქმნის ახალ ინოვაციურ იდეებს ბიზნესისთვის ან სამეცნიერო კვლევებისთვის. AI ცდილობს მიბაძოს ადამიანის კოგნიტიურ პროცესებს, შეურიოს განსხვავებული ცნებები და იპოვოს ახალი, კრეატიული კავშირები, რომლებიც, თავის მხრივ, დაეხმარება  ადამიანს ახალი იდეების გენერაციაში.

კონცეპტუალური მეტაფორული ბლენდინგის გამოყენება სწავლების პროცესში ხელს უწყობს სტუდენტების/მოსწავლეების კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას, აძლიერებს რთული მასალის გაგებას და ამარტივებს ინფორმაციის აღქმას სხვადასხვა სფეროებიდან. ეს მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სასწავლო მასალის მიწოდებისას, ისე სასწავლო აქტივობებში.

AI-ის მეტაფორული ბლენდინგის გამოყენება ბიზნესში

AI-ის მიერ მეტაფორული ბლენდინგის გამოყენება განსაკუთრებით საინტერესო ხდება ბიზნესში, სადაც კრეატიული გადაწყვეტილებები ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. კომპანიები უკვე იყენებენ AI-ს პროდუქტების ინოვაციური დიზაინის შესაქმნელად, მარკეტინგული კამპანიების ახალი იდეების დასაგეგმად და მომხმარებელთა ქცევის ანალიზისას. მაგალითად, ჩატბოტებს შეუძლიათ მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე შეიმუშაონ ახალი პროდუქტები, იპოვონ მარკეტინგული ნიშები, ან დაალაგონ მონაცემთა ნაკრები, რათა დააკავშირონ კომპანიების მიერ ნაკლებად შესწავლილი ელემენტები.

AI-ის უნარი, სხვადასხვა იდეებს შორის კავშირების პოვნა, უფრო ღრმა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აწვდის ბიზნესებს, რის შედეგადაც მიიღწევა პროდუქტის ან მომსახურების სრულიად ახალი ხედვა და პერსპექტივა.

 მეტაფორული ბლენდინგი ხელოვნებაში

მეტაფორული ბლენდინგის პროცესი ასევე დიდი როლს თამაშობს ხელოვნებაში. ხელოვანები, მწერლები და რეჟისორები ხშირად იყენებენ ამ ტექნიკას, რათა შექმნან უნიკალური ნამუშევრები. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეისწავლოს და დააკავშიროს განსხვავებული თემები, კულტურები და სტილები, რაც ქმნის ხელოვნების ახალ ფორმებს.

მაგალითად, AI-ს შეუძლია შექმნას უნიკალური ნამუშევრები სხვადასხვა მხატვრული სტილის შერწყმით ან დააგენერიროს ახალ ჟანრებზე დაფუძნებული ხელოვნების ნიმუშები, რაც შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის შემოქმედებითი კრეატიულობის გარეშე.

AI და მეცნიერება: მეტაფორული ბლენდინგი კვლევაში

AI-ს როლი უმნიშვნელოვანესია ახალი აღმოჩენების გენერირებაში. მეტაფორული ბლენდინგის პროცესი აქ გამოიყენება, რათა დააკავშიროს მეცნიერების სხვადასხვა თეორია ან პროცესები.  AI-ის უნარი, გააერთიანოს ინფორმაცია სხვადასხვა კვლევითი დისციპლინებიდან, მეცნიერებს აძლევს საშუალებას უკეთ გაიაზრონ, როგორაა დაკავშირებული ერთი სფერო მეორესთან.

ეს პროცესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და სხვა დისციპლინებში. მაგალითად, კვანტური ფიზიკისა და ბიოლოგიის კავშირების ანალიზი, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, AI-ს დახმარებით ახალი კვლევითი მიმართულებებისა და თეორიების დაბადების საფუძველი ხდება.

 AI-ის მენტალური ბლენდინგის მომავალი

მომავალში, უფრო განვითარებული გენერაციული AI სისტემები შეძლებენ უფრო რთული იდეების უფრო ღრმა ინტეგრირებას, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს და მანქანებს ერთად შექმნან ახალი იდეები და ინოვაციები, რომლებსაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ.

AI-მ შეიძლება ხელი შეუწყოს მეცნიერულ აღმოჩენებს, რომლებიც დაეფუძნება სხვადასხვა სფეროებს შორის მენტალურ ბლენდინგს. ამგვარი პროცესები კრეატიულ და კვლევით სამუშაოებში სასიცოცხლო როლს ითამაშებს.

ცოტა რამ „არეოპაგიტიკაზე“

0

არ არსებობს კულტურა (და რელიგიაც სააზროვნო კულტურაა), რომელიც ჰაერიდან ჩნდება. მას აუცილებლად აქვს წინარე კულტურა ბაზისად, რომლისგანაც „ამოიზრდება“ ხოლმე. ქრისტიანული კულტურისთვის ეს იყო წარმართობა, რომლისგანაც ბევრი რამ აიღო და განავითარა თუ ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ახლა გთავაზობთ მოკლე ისტორიას სამყაროს ქრისტიანული აღქმის ყველაზე საინტერესო კონცეფციისა, ჩემი აზრით. აი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი…

…ქრისტიანობამ სიმკაცრით შეუტია ძველ ბერძნულ, წარმართულ, ფილოსოფიას და ეს უკანასკნელი არჩევნის წინაშე დააყენა: ან მორჩილება, ან დავიწყება. ამიერიდან ანტიკურ ფილოსოფიას მხოლოდ ქრისტოლოგიის ნიადაგზე შეეძლო არსებობის გაგრძელება, ამიტომ საჭირო გახდა მისი გადამუშავება, სერიოზული რედაქტირება, რომ მას ქრისტიანობისთვის მისაღები ფორმა შეეძინა.

სწორედ ეს სცადა (ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით) მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში გაქრისტიანებულმა ნეოპლატონიკოსმა, რომლის შრომებიც მე-6 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში დიონისე არეოპაგელის სახელით დამკვიდრდა მკითხველთა ცნობიერებაში. ეს შრომები 532 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა წარმოადგინეს დიოფიზიტების წინააღმდეგ.

დიონისე არეოპაგელის (ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში) სახელით წარმოდგენილმა წიგნებმა დიდი საეკლესიო აღიარება მოიპოვა. ცნობილი მეცნიერების ყურადღება და ინტერესი არეოპაგიტულ წიგნებს (მასში განვითარებულ ძირითად ფილოსოფიურ იდეებს) არც მომდევნო საუკუნეებში მოჰკლებია. დამტკიცდა, რომ არეოპაგიტული წიგნების ავტორი არ შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი საუკუნის ათენის არეოპაგის მოღვაწე დიონისე, რომელიც პავლე მოციქულმა გააქრისტიანა; რადგან ე.წ. არეოპაგიტული წიგნები მე-5 საუკუნის დიდი ნეოპლატონიკოსის, პროკლე დიადოხოსის (410-485), იდეების ზეგავლენას ატარებდა და ისედაც მე-5 საუკუნის სააზროვნო სისტემას წარმოადგენდა. ასე დაიმკვიდრა ამ წიგნების ავტორმა ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სახელი.

დადგინდა, რომ არეოპაგიტულ წიგნებში პროკლესგან არა მარტო იდეები, ცნებებიცაა ნასესხები (სიკეთის აბსოლუტურობა, ბოროტების არასუბსტანციურობა, ღვთის გამოუთქმელობა და შეუმეცნებლობა, სამყაროს იერარქიის კონცეფცია და ა.შ.), ანუ ეს წიგნები მე-5 საუკუნეზე ადრე ვერ დაიწერებოდა.

არეოპაგიტულ ფილოსოფიას დიდი გავლენა ჰქონდა არა მარტო შუა საუკუნეების, არამედ აღორძინების ხანისა და ახალი დროის ფილოსოფიაზეც. ასე რომ, არეოპაგიტიკა ერთ-ერთ ხიდად გაიდო ანტიკურობასა და შუა საუკუნეებს შორის და ამ უკანასკნელზე გადმოადინა ანტიკური ფილოსოფიის გავლენა.

არეოპაგიტიკის საიდუმლო იყო ის, რომ, არაუადრეს, მე-5 საუკუნის მორე ნახევარში დაწერილი წიგნები მიეწერა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს – დიონისე არეოპაგელს, რომელიც პავლე მოციქულმა ქრისტიანად მოაქცია და რომელსაც საბერძნეთში ქრისტიანობის მქადაგებლად თვლიდნენ. ავტორის გასაიდუმლოებასაც, ცხადია, მიზანი ჰქონდა – კერძოდ, წიგნში გატარებული მაშინდელი ქრისტიანული დოგმატიკისთვის თამამი აზრები, დიონისეს ავტორიტეტის გამოყენებით, ეკლესიისთვის მისაღები გაეხადა.

არეოპაგიტიკის წიგნების საიდუმლოს ამოცნობას მრავალი თეორია მიეძღვნა, მაგრამ ძირითადი, რაც მეცნიერებამ ამ დარგში მე-20 საუკუნის 40-იან წლებამდე მიაღწია, იყო შემდეგი: 1) არეოპაგიტული წიგნები დაწერილია, არაუადრეს, მე-5 საუკუნის მე-2 ნახევრისა; 2) ამ წიგნებმა აღიარება მოიპოვა მე-6 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში (იერუსალიმის საეკლესიო კრებაზე 532 წელს); 3) ეს წიგნები წარმოიშვა სირიაში, ყველა მონაცემის მიხედვით, ღაზის რაიონში; 4) დასახელებული წიგნების ავტორი, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ეპისკოპოსი იყო.

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ქართველი მეცნიერი პროფ. შალვა ნუცუბიძე („ფსევდო-დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“ გამოაქვეყნა 1942 წელს), ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ; და მისგან დამოუკიდებლად, ცოტა მოგვიანებით, ბელგიელი პროფესორი ერნესტ ჰონიგმანი ქმნიან თეორიას, რომ არეოპაგიტული წიგნების ავტორი მე-5 საუკუნეში სირიის ქართულ მონასტერში მოღვაწე პეტრე იბერია (ქართველი).

ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ყველა სხვა თეორიაზე მყარად და მეცნიერულად მიიჩნევა, თუმცა პეტრე იბერი, თავისთავად, აღნიშნულ თეორიასთან კავშირის გარეშეც, შუასაუკუნეების აზროვნებისა და კულტურის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია. იგი ქართულ, ისევე როგორც სირიის სასულიერო კულტურაში ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა. სირია კი ბერძნული და აღმოსავლური კულტურების დამაკავშირებელი რგოლი იყო.

მოდი, მოკლედ დავახასიათოთ პეტრე იბერის საქმიანობა და პიროვნება. იგი იყო ქართველი (ანუ იბერი), მისი სახელი ერისკაცობაში იყო მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი), იბერიის მეფის ბუზმირის შვილი და ბაკურ დიდის შვილიშვილი. იგი დაბადა 411 წელს (ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია – ხოლო გარდაიცვალა 491-493 წელს). როცა წამოიზარდა, მის მასწავლებლად და აღმზრდელად მოუწვევიათ დღეს უკვე მეცნიერებისთვის კარგად ცნობილი და სახელგანთქმული ფილოსოფოსი, მითრიდატე ლაზი, შემდეგში იოანე ლაზად (ევნუხად) წოდებული.

თორმეტი წლის მურვანი, სათანადო ამალით (მასში უნდა ვივარაუდოთ მითრიდატე ლაზიც) წარგზავნილ იქნა სამეფო მძევლად კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის კეისრის, თეოდოსე მეორის, კარზე, ამ უკანასკნელის მოთხოვნით. აქ ქართველი უფლისწულის სწავლა-აღზრდას, მითრიდატე ლაზთან ერთად, ხელმძღვანელობდა თეოდოსე მეორის მეუღლე ევდოკია, რომელიც დიდად განათლებული დედოფალი ყოფილა. მურვანს დიდი ნიჭი გამოუვლენია და საუკეთესო განათლებაც მიუღია. შეუთვისებია „ყოველივე სწავლება, საეკლესიო და საფილოსოფიო“. მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი, ზაქარია ქართველი, რომელიც პეტრეს სიკვდილამდე არ განშორებია, გადმოგვცემს, რომ უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნის სიღრმითა და გონებრივი შესაძლებლობებით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. ასევე პეტრე იბერის შესახებ შემონახული სხვა ცნობის მიხედვით, იგი ბიზანტიაში ყოფნის დროს უსმენდა იმ დროის გამოჩენილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს.

მონაცემები ადასტურებს, რომ მურვანს ბიზანტიაში, მეფის კარზე, დიდი ნდობა და ავტორიტეტი დაუმსახურებია, მაგრამ, როგორც მისი ბიოგრაფები გადმოგვცემენ, მას ამქვეყნიური წარმატებები სრულებით არ აინტერესებდა, არ აინტერესებდა არც სასახლეში დამკვიდრებული მხიარულება და ფუფუნება. იგი, უმეტესწილად, იყო სევდიანი და ფიქრებში გართულს განმარტოება უყვარდა. მის ამ მოწყენილობასა თუ გულჩათხრობილობას, სამეფო კარისადმი ოპოზიციურ დამოკიდებულებას, სხვა მიზეზებთან ერთად, ალბათ სამშობლოსთან სიშორე, ეროვნული მოტივებიც აძლიერებდა.

ბიზანტიის სახელმწიფოებრივი რეჟიმითა და მისი საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო მურვანი, თავისი ამალიდან რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად (რომელთა შორის, უდავოდ, მითრიდატე ლაზი და ზაქარია ქართველიც იყვნენ), მიატოვებს ბიზანტიის კეისრის სამეფო კარს და გაიქცევა პალესტინაში, სადაც მთლიანად საეკლესიო მოღვაწეობას მიეცემა. აქ მან, როგორც გადმოგვცემს ზაქარია ქართველი, „კუალად ისწავა მუნ ენა და სწავლა ასურებრივი“.

იერუსალიმში ჩასვლისას მურვანი და მითრიდატე ლაზი აღიკვეცნენ ბერებად და სახელებიც შეიცვალეს – მურვანმა დაირქვა პეტრე, ხოლო მითრიდატემ – იოანე. ამის შემდეგ წერილობით წყაროებში ისინი მოიხსენებიან, როგორც პეტრე იბერი და იოანე ლაზი. „445 წელს პეტრე და იოანე აკურთხეს მღვდლად. პეტრეს ჯგუფმა შემოიარა მრავალი ქვეყანა ახლო და შუა აღმოსავლეთისა, ბოლოს ისინი დამკვიდრდნენ მაიუმში (ისრაელშია, ქ. ღაზის მახლობლად). აქ პეტრე ეწეოდა დიდ იდეურ-რელიგიურ მუშაობას. მან ძლიერ გაითქვა სახელი, როგორც შესანიშნავი ერუდიციისა და მძლავრი გავლენის მოღვაწემ“. 452 წელს პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს და იგი სიკვდილამდე ემსახურა ამ საქმეს. პეტრეს ავტორიტეტი ისე გაიზარდა და აღზევდა საეკლესიო იერარქიაში, რომ იგი შემდეგ თვითონვე ნიშნავდა ეკლესიის უმაღლეს მოხელეებს.

პეტრე იბერმა იერუსალიმში ააშენა ქართველთა მონასტერი და ჩამოაყალიბა სამონასტრო სასწავლებელი (უმაღლესი ტიპის სკოლა), რომელშიც მისივე ხელმძღვანელობით წარმოებდა ფართო ფილოსოფიური, სამწერლო და სხვა კულტურული ხასიათის მოღვაწეობა. აქ ქართველებთან ერთად სხვა ერის წარმომადგენლებიც სწავლობდნენ: ბერძენი ზაქარია რიტორი, სირიელი სერგი რეშაინელი და სხვა, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწავლება ქართულ და ბერძნულ ენებზე მიმდინარეობდა. პეტრეს ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართველთა კოლონია სირიაში, რომელიც პეტრეს სიკვდილის შემდეგ, მომდევნო საუკუნეებშიც, განაგრძობდა არსებობას და ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

ქრისტიანული რელიგიის ანტიკური ფილოსოფიისადმი დამოკიდებულების გარკვევაში და ქრისტოლოგიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ღვთის ბუნების“ გარკვევის საბაბით ატეხილმა დავამ მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის. ეს დავა ემპირიულად რელიგიურ-დოგმატურ ხასიათს ატარებდა, არსით კი ის სოციალურ-კლასობრივი ურთიერთობებისა და ფილოსოფიური პრობლემების რაღაცა კუთხით გადაწყვეტას ემსახურებოდა. პეტრე იბერის მოღვაწეობის ხანაში ბიზანტიის იმპერიაში, განსაკუთრებით, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბობოქრობდა სასტიკი ბრძოლა მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის. ეს რელიგიური ფორმა იყო იმ იდეოლოგიური ბრძოლისა, რომელიც წარმოიშვა მომაკვდავ მონათმფლობელობასა და ახალ ფეოდალურ ფორმაციას შორის შეტაკების საფუძველზე. ამ ბრძოლის დიდმა სიმწვავემ ბიზანტიის იმპერიის ძლიერება შეარყია და კეისარი ზენონი იძულებული გახდა, მებრძოლ მხარეთა მოსარიგებლად საგანგებო ზომებისთვის მიემართა – მან ჰენოტიკონი, მებრძოლის პარტიების გამაერთიანებელი „აქტი“, გამოსცა. მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი კეისარ ზენონის მიმართვა პეტრე იბერისადმი, რომ ჩარეულიყო მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების დავაში და მათ შესარიგებლად გამაერთიანებელი ღონისძიებები გაეტარებინა. მაგრამ პეტრემ კეისრის ამ თხოვნაზე უარი განაცხადა, რაც საგულისხმო და დამაფიქრებელი იყო. როგორც ირკვევა, ერთი მხრივ, პეტრეს პოზიცია ნეიტრალური იყო აღნიშნული დავის მიმართ, მეორე მხრივ კი, მის მოძღვრებაში, როგორც ჩანს, მოცემული იყო როგორც მონოფიზიტებისთვის, ისე დიოფიზიტებისთვის მისაღები პოზიციები. ამის გამო პეტრე იბერი მონოფიზიტად გამოაცხადეს, რაც თვით მონოფიზიტების მიერ პეტრეს მოძღრვების მონოფიზიტურად გადაკეთებამ გამოიწვია და არა პეტრეს პოზიციამ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ქართული ეკლესიის ორჭოფული დამოკიდებულება პეტრე იბერის მიმართ, რაც იმით გამოიხატება, რომ იგი მხოლოდ დროდადრო შეჰქონდათ ხოლმე წმინდანთა სიაში.

პეტრე იბერი თავისი დროის გამორჩეული მწიგნობარ-მოაზროვნე იყო. ბიოგრაფიული გადმოცემით, იმდროინდელი გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეები: ისაია, ენოსი და პეტრე ბერი ხშირად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის საკითხებზე. ქრისტოლოგიისთვის გამოსადეგობისა და მისაღებლობის თვალსაზრისით, არჩევდნენ პლატონის, არისტოტელესა და ნეოპლატონიკოსების მოძღვრებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პეტრე იბერის ზემოთ მოხსენიებული ბიოგრაფები თავიანთ თავს ერთსულოვნად მიიჩნევდნენ არა ისაიას, არა ენოსის ან სხვა რომელიმე მაღალი რანგის საეკლესიო მოღვაწის, არამედ სწორედაც პეტრე იბერის მოწაფეებად. იგივე ბიოგრაფები პეტრეს „მეორე პავლესა“ და „მეორე მოსეს“ ეპითეტებით ამკობდნენ და ამით თითქოს გვეუბნებოდნენ, რომ ეს ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის პიროვნება, რომელიც ანტიკურობასა და ქრისტიანობას აერთიანებდა ფილოსოფიური აზროვნების სფეროში და ანტიკურობის ათვისების ახალ, არეოპაგიტულ ფორმას ქმნიდა.

პეტრე იბერის განუყრელი მეგობარი, იდეურად შთამაგონებელი და მასწავლებელი, იოანე ლაზი (ევნუხი) 465 წელს გარდაიცვალა. მისმა სახელოვანმა მოწაფემ, პეტრემ, იგი დიდი პატივისცემით დაიტირა და თავის სავანეში დაასაფლავა, ხოლო მისი სახელის უკვდავსაყოფად იოანეს მოსახსენიებელ დღედ 4 ოქტომბერი დააწესა. თვითონ პეტრე იბერი 491 წლის დეკემბერში გარდაიცვალა და ისიც, როგორც პეტრეს ბიოგრაფები გადმოგვცემენ, მისი საყვარელი მოძღვრის გვერდით დაასაფლავეს. ეს გადმოცემა იტალიელმა არქეოლოგმა, ვიტჯილიო კორბომ, დაადასტურა.

როგორც აღინიშნა, არეოპაგიტული კორპუსის ნამდვილი ავტორის ძიების გზაზე უკანასკნელი ცდები იყო ნუცუბიძე-ჰონიგმანის შრომები. ამ ორი დიდი მოაზროვნის კვლევის მეთოდი და არგუმენტაცია იმდენად თანხვედრილია, მიუხედავად დროში აცდენა/დაშორებისა, რომ დასავლეთის მეცნიერებამ შესაძლებლად და საჭიროდ ცნო, ეს კონცეფცია „ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის“ სახელით აღენიშნა. ნუცუბიძესა და ჰონიგმანს მოცემული ძიების პროცესში აქვთ შეხების წერტილები და ისეთი საშუალებებიც, რომლებშიც ისინი შორდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ამ დაშორებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ თეორიისთვის, რადგან ისინი მაინც ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდიან – კერძოდ, რომ არეოპაგიტული წიგნების ნამდვილი ავტორია მე-5 საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე პეტრე იბერი.

ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიას, მომხრეების (ფ. დოლგერი, ხაიმ ვარდი, ი. სოდოროვი, ლ. მელიქსეთ-ბეგი, ს. ყაუხჩიშვილი, შ. ხიდაშელი, ს. ენუქაშვილი და სხვ.) გარდა, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც (ე. როკი, ვ. ჰაუზერი, ი. ენგბერდინგი, კ. კეკელიძე, ს. დანელია, ი. ლოლაშვილი და სხვ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის საწინააღმდეგო მოსაზრებებში, საყურადღებო და გასათვალისწინებელ არგუმენტებთან ერთად, ბევრი დებულება საკამათოა. თუმცა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის საერთოდ უარმყოფელი არგუმენტი ჯერ არავის წამოუყენებია, ხოლო ამ თეორიის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად წამოყენებული არგუმენტები საყურადღებოა და გასათვალისწინებელი.

მომდევნო წერილში მოგიყვებით პეტრე იბერის მსოფლმხედველობრივ-სააზროვნო ასპექტებზე…

 

 

 

წყარო – მაია იანტბელიძის ე.წ. რიდერი სტუდენტებისთვის…

 

 

 

როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერბულინგისგან

0

თანამედროვე სამყაროში, ინფორმაციის ნაკადი უზარმაზარი სიჩქარით ვრცელდება. სოციალური მედიისა და ინტერნეტის წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოდან რამდენიმე წამში. თუმცა, ამასთან ერთად, იზრდება დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეც. ყალბი ამბები, მანიპულირებული ფოტოები და ვიდეოები ადვილად ვრცელდება ვირუსულად, რაც შეიძლება სერიოზულ ზიანს აყენებდეს საზოგადოებას. ამიტომ, დეზინფორმაციის ამოცნობა და მასთან გამკლავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია დღევანდელ სამყაროში.

დეზინფორმაცია არის ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზნებისთვის ან სხვა ადამიანების დაზიანების მიზნით.

კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა

დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია კრიტიკული აზროვნების განვითარება. ეს მოიცავს ინფორმაციის შეფასებას, წყაროს იდენტიფიცირებას და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანის უნარს.

კიბერბულინგი და დეზინფორმაცია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ბავშვებში, რაც ემოციურ პრობლემებს იწვევს, როგორებიცაა შფოთვა, დეპრესია და დაბალი თვითშეფასება.

როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერბულინგისა და დეზინფორმაციისგან?

  1. უსაფრთხო გარემოს შექმნა:
    • ონლაინ უსაფრთხოების წესების სწავლება: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ არ გააზიარონ პირადი ინფორმაცია უცნობებთან და ყურადღება მიაქციონ, ვისთან ურთიერთობენ ინტერნეტში.
    • სანდო წყაროების ამოცნობა: ვასწავლოთ, როგორ გაარჩიონ სანდო ინფორმაცია ცრუდან.
  2. კიბერბულინგის განმარტება და პრევენცია:
    • კიბერბულინგის ნიშნების ამოცნობა: ავუხსნათ ბავშვებს, რა არის კიბერბულინგი და როგორ გამოვლენენ მას.
    • თავის დაცვის სტრატეგიები: ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი — არ უპასუხონ დამამცირებელ შეტყობინებებს და აცნობონ უფროსებს.
  3. მშობლებისა და მასწავლებლების როლი:
    • ონლაინ აქტივობის კონტროლი: მშობლებმა და მასწავლებლებმა პერიოდულად უნდა შეამოწმონ ბავშვის ონლაინ აქტივობა.
    • ღია კომუნიკაცია: შევუქმნათ ბავშვებს კომფორტული გარემო, სადაც შეძლებენ პრობლემებზე საუბარს.
  4. საზოგადოების ჩართვა:
    • სემინარებისა და ვორქშოპების ჩატარება, რომ მშობლები და მასწავლებლები უკეთ იყვნენ ინფორმირებული, როგორ დაიცვან ბავშვები.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ სადამრიგებლო საათის მასალას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ინტერნეტ მეგობრობისა და უსაფრთხოების სწავლებას:

თემა: ინტერნეტ მეგობრობა და უსაფრთხოება
მიზანი:

  • ბავშვებისთვის მარტივი ენით ავხსნათ კიბერბულინგის ცნება;
  • განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნება ონლაინ ურთიერთობების მიმართ;
  • გავაცნობიერებინოთ, რომ ინტერნეტშიც მოქმედებს ისეთივე ეთიკური წესები, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

მასალა: ფლიფჩარტი, მარკერები, წებოვანი ფურცლები, ემოციის ღიმიკალები, კომპიუტერი, პროექტორი.

აქტივობის მიმდინარეობა:

  1. საუბრის დასაწყისი:
    ვკითხოთ ბავშვებს, როგორ იყენებენ კომპიუტერს ან ტელეფონს და რას აკეთებენ ინტერნეტში. შემდეგ გავამახვილოთ ყურადღება, როგორ ირჩევენ მეგობრებს ონლაინ და რეალურ სამყაროში.
  2. მეგობრობის მნიშვნელობა:
    დავსვათ შეკითხვები: რას ნიშნავს მათთვის მეგობარი? როგორ აჩვენებენ მეგობარს, რომ ის მათთვის მნიშვნელოვანია?
  3. კიბერბულინგის განმარტება:
    ავუხსნათ, რომ ინტერნეტშიც შეიძლება არსებობდეს ნეგატიური ურთიერთობები და ზეწოლა, რაც კიბერბულინგს წარმოადგენს.
  4. როლური თამაშები:
    კლასის დაყოფა ჯგუფებად და სხვადასხვა სიტუაციების გათამაშება, სადაც თითოეული ჯგუფი შეასრულებს მჩაგვრელის, მსხვერპლის ან მეგობრის როლს.
  5. ინტერნეტში ქცევის წესების შედგენა:
    ბავშვებთან ერთად შევიმუშავოთ ონლაინ ქცევის წესები, როგორიცაა პირადი ინფორმაციის გაუზიარებლობა და დამამცირებელი ადამიანების დაბლოკვა.
  6. შემოქმედებითი აქტივობები:
    ვთავაზობთ ბავშვებს კიბერბულინგის თემაზე კომიქსის შექმნას ან ნახატის დახატვას, რაც დაეხმარებათ პრობლემის უკეთ გააზრებაში.

ამგვარი აქტივობები ბავშვებს უსაფრთხო გარემოში თავისუფალ საუბარს და ინტერნეტში პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ასწავლის.

გამოყენებული მასალა მედიაგანვითარების ფონდის კვლევები.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...